ნოველები

საქმე №109. თავი 27. მოძალადე უფროსი

საქმე №109.  თავი 27. მოძალადე უფროსი
1 / 2
Next
სახლამდე როგორ მივიდა ელენე, ვერც გააცნობიერა კარგად. მთელი გზა დემნაზე და მათ საუბარზე ფიქრობდა. კადრებივით გაურბოდა წინ ის ორი წელი, ასე რომ დაკარგეს და ყველაფრის მიუხედავად, მაინც ჯიუტად სწამდა, სწორედ იმ დროის დამსახურება იყო, ახლა მასთან ასე რომ გრძნობდა თავს.

რომ არა განშორება, ბოლოს მოუღებდნენ ერთმანეთს. ყოველ დღეს ერთმანეთის დადანაშაულებაში გაატარებდნენ. მართალია, ჩუმად, უხმოდ, უსიტყვოდ, მაგრამ მაინც. შემდეგ გრძნობებიც გაუფერულდებოდა, ვერ გაუძლებდნენ ამდენს და საბოლოოდ, ისეთი ოჯახი შერჩებოდათ, არც ერთს რომ არ
ჰქონდა ატანა. მხოლოდ შვილის გამო შენარჩუნებული ურთიერთობა, ყალბი ღიმილი ხალხის დასანახად და გულგრილობით გაციებული სახლის კედლები, რომელსაც დიდი ხნის დაკარგული ექნებოდა ის შეგრძნებები, სახლს რომ უნდა ჰქონდეს სინამდვილეში.

– ქალბატონო ელენე, სახლში მიგიყვანოთ ჯერ თუ პირდაპირ რესტორანში? – ფიქრები მძღოლის ხმამ გააწყვეტინა. მართალია, გამოუვალ მდგომარეობაში მაინც მიუჯდა საჭეს, თუმცა მას შემდეგ ის ბარიერი მეტჯერ ვეღარ გადალახა.

– რომელ რესტორანში?
– ბატონმა გიორგიმ მითხრა, რომ...
– მოიცადე! – შეაწყვეტინა და არც იცოდა, გასცინებოდა თუ არა. უკვე ყოველგვარ საზღვარს გადადიოდა დარასელი.
– უკაცრავად, მეგონა, იცოდით...
– ანუ შენ დაგაბარა, რომ პირდაპირ რესტორანში მიგეყვანე?

– მითხრა, რომ რვისთვის იქ უნდა ყოფილიყავით... – სულ დაიბნა კაცი. არადა, რომ სცოდნოდა, როგორ არაორდინარულ ხალხში უწევდა მუშაობა, ალბათ, აღარაფერი გააკვირვებდა, თუმცა, გიორგი ისეთივე სერიოზულ ადამიანად მიაჩნდა, როგორადაც ოფისის თანამშრომლების უმრავლესობას.

– მოდი, ჯერ სახლში მიმიყვანე და დანარჩენს მე თვითონ მოვაგვარებ. ეტყობა, ამომივარდა თავიდან დღევანდელი შეხვედრა... – გაუღიმა უხერხულობის გასაფანტად, თუმცა რეალურად, სულაც არ ეღიმებოდა. პირიქით, უკვე გონებაში ალაგებდა ტექსტს, რის სათქმელადაც უნდა დაერეკა დარასელისთვის, მაგრამ, არც ეს დასცალდა ბოლომდე და ლამის თვალებიდან ნაპერწკლები გაყარა, უფროსის სახელი რომ დაინახა ამღერებული მობილური ტელეფონის ეკრანზე.

– ელე...
– ახლა ვაპირებდი შენთან დარეკვას! – არ დააცადა წინადადების დასრულება.
– მაპატიე, დამავიწყდა გაფრთხილება...
– გიორგი, დიდი ბოდიში, მაგრამ ვერ წავალ იმ შეხვედრაზე, რომლის არსებობის შესახებაც ერთი საათით ადრე ვიგებ.
– მესმის, ელე, მაგრამ უნდა წახვიდე.
– რას ნიშნავს, უნდა წავიდე? ვალდებული ვარ? ნუთუ?! – საოცრად სარკასტული გაუხდა ხმა. იმდენად გაღიზიანდა, უკვე ვეღარც საზღვრავდა, უშუალო უფროსს რომ ელაპარაკებოდა და თანაც, მეტისმეტად შეუფერებლად.

– ელენე, დავით ღვინიანიძეს ხვდები, უბრალო ვინმეს კი არა!
– მაპატიე, მაგრამ ეგ სახელი და გვარი ჩემთვის ნამდვილად უბრალოა.
– ხვდები, რომ ზედმეტი მოგდის? მესმის, რომ ადრე უნდა გამეფრთხილებინე, მაგრამ ხომ არ გავიწყდება, რომ ეს შენი სამსახურია?
1 / 2
Next
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93