სახლამდე როგორ მივიდა ელენე, ვერც გააცნობიერა კარგად. მთელი გზა დემნაზე და მათ საუბარზე ფიქრობდა.
კადრებივით გაურბოდა წინ ის ორი წელი, ასე რომ დაკარგეს და ყველაფრის მიუხედავად, მაინც ჯიუტად სწამდა, სწორედ იმ დროის დამსახურება იყო, ახლა მასთან ასე რომ გრძნობდა თავს.
რომ არა განშორება, ბოლოს მოუღებდნენ ერთმანეთს. ყოველ დღეს ერთმანეთის დადანაშაულებაში გაატარებდნენ. მართალია, ჩუმად, უხმოდ, უსიტყვოდ, მაგრამ მაინც. შემდეგ გრძნობებიც გაუფერულდებოდა, ვერ გაუძლებდნენ ამდენს და საბოლოოდ, ისეთი ოჯახი შერჩებოდათ, არც ერთს რომ არ ჰქონდა ატანა. მხოლოდ შვილის გამო შენარჩუნებული ურთიერთობა, ყალბი ღიმილი ხალხის დასანახად და გულგრილობით გაციებული სახლის კედლები, რომელსაც დიდი ხნის დაკარგული ექნებოდა ის შეგრძნებები, სახლს რომ უნდა ჰქონდეს სინამდვილეში.
– ქალბატონო ელენე, სახლში მიგიყვანოთ ჯერ თუ პირდაპირ რესტორანში? – ფიქრები მძღოლის ხმამ გააწყვეტინა. მართალია, გამოუვალ მდგომარეობაში მაინც მიუჯდა საჭეს, თუმცა მას შემდეგ ის ბარიერი მეტჯერ ვეღარ გადალახა.
– რომელ რესტორანში?
– ბატონმა გიორგიმ მითხრა, რომ...
– მოიცადე! – შეაწყვეტინა და არც იცოდა, გასცინებოდა თუ არა. უკვე ყოველგვარ საზღვარს გადადიოდა დარასელი.
– უკაცრავად, მეგონა, იცოდით...
– ანუ შენ დაგაბარა, რომ პირდაპირ რესტორანში მიგეყვანე?
– მითხრა, რომ რვისთვის იქ უნდა ყოფილიყავით... – სულ დაიბნა კაცი. არადა, რომ სცოდნოდა, როგორ არაორდინარულ ხალხში უწევდა მუშაობა, ალბათ, აღარაფერი გააკვირვებდა, თუმცა, გიორგი ისეთივე სერიოზულ ადამიანად მიაჩნდა, როგორადაც ოფისის თანამშრომლების უმრავლესობას.
– მოდი, ჯერ სახლში მიმიყვანე და დანარჩენს მე თვითონ მოვაგვარებ. ეტყობა, ამომივარდა თავიდან დღევანდელი შეხვედრა... – გაუღიმა უხერხულობის გასაფანტად, თუმცა რეალურად, სულაც არ ეღიმებოდა. პირიქით, უკვე გონებაში ალაგებდა ტექსტს, რის სათქმელადაც უნდა დაერეკა დარასელისთვის, მაგრამ, არც ეს დასცალდა ბოლომდე და ლამის თვალებიდან ნაპერწკლები გაყარა, უფროსის სახელი რომ დაინახა ამღერებული მობილური ტელეფონის ეკრანზე.
– ელე...
– ახლა ვაპირებდი შენთან დარეკვას! – არ დააცადა წინადადების დასრულება.
– მაპატიე, დამავიწყდა გაფრთხილება...
– გიორგი, დიდი ბოდიში, მაგრამ ვერ წავალ იმ შეხვედრაზე, რომლის არსებობის შესახებაც ერთი საათით ადრე ვიგებ.
– მესმის, ელე, მაგრამ უნდა წახვიდე.
– რას ნიშნავს, უნდა წავიდე? ვალდებული ვარ? ნუთუ?! – საოცრად სარკასტული გაუხდა ხმა. იმდენად გაღიზიანდა, უკვე ვეღარც საზღვრავდა, უშუალო უფროსს რომ ელაპარაკებოდა და თანაც, მეტისმეტად შეუფერებლად.
– ელენე, დავით ღვინიანიძეს ხვდები, უბრალო ვინმეს კი არა!
– მაპატიე, მაგრამ ეგ სახელი და გვარი ჩემთვის ნამდვილად უბრალოა.
– ხვდები, რომ ზედმეტი მოგდის? მესმის, რომ ადრე უნდა გამეფრთხილებინე, მაგრამ ხომ არ გავიწყდება, რომ ეს შენი სამსახურია?{{ArticleSplitCont}}
– ჩემს სამსახურში შედის უცნობ ადამიანთან ვახშამზე წასვლა? სხვა რამესაც ხომ არ დამავალებდი, უფრო რომ დავაინტერესო ჩვენთან თანამშრომლობით? – გამოსცრა გამწარებულმა და მანქანა სახლთან რომ გაჩერდა, მძღოლს გადაულაპარაკა, დღეს თავისუფალი ხარ, აღარსად ვაპირებ წასვლასო, ეს ყველაფერი კი ისე გააკეთა, ოდნავადაც არ უცდია, გიორგისთვის დაემალა.
– რატომ ართულებ? რა არის ამაში შეურაცხმყოფელი? – მოთმინების ფიალა აევსო დარასელსაც. პირველად აბედინებდა თანამშრომელს ამდენს და ცოტა არ იყოს, მის თავმოყვარეობასაც ეხებოდა უკვე ეს საკითხი.
– ერთი მიზეზი მაინც დამისახელე, რატომ უნდა წავიდე!
– იმიტომ, რომ შენი ვალდებულებაა! – აშკარად გაიმკაცრა ხმა, სხვანაირად რომ ვერაფერს გახდა.
– ჩემი ვალდებულება ანგარიშების გაკეთება, ფინანსური მხარის შემოწმება, რისკების გათვლა და ასეთი საქმეებია. ჩემგან არ უნდა გესწავლებოდეს, ეკონომისტს რომ არაფერი ესაქმება ისეთ საქმიან შეხვედრებზე, სადაც მხოლოდ პარტნიორის მოსახიბლად დადიან! – ჩასძახა გამწარებულმა. არა, ისეთი შეუგნებელი იყო, რომ მართლა არ ესმოდა თუ რაღაცის გამო ასე უხდიდა ლენას სამაგიეროს?!
– ელენე, ამ დრომდე მე ვარ შენი უფროსი და ის იქნება შენი საქმე, რასაც მე დაგავალებ! – ზედმეტად ნელა და მბრძანებლური ტონით, ლამის დამარცვლით წარმოთქვა გიორგიმ და შემდეგ ისე გაუთიშა, ხმის ამოღებაც არ დააცადა. მხოლოდ შეტყობინებით გაუგზავნა რესტორნის მისამართი და ალბათ, ჯობდა კიდეც, რომ საუბრისას არ უთხრა, რადგან ისე გამოვიდა ლენა წყობიდან, ცოტა დააკლდა, მობილური კედელს რომ არ შემოაფშვნა.
რა უფლებით ელაპარაკება ასე?! გასაგებია, რომ უფროსია. ისიც გასაგებია, ბრძანებების გაცემის უფლება რომ აქვს და თუ მის კომპანიაში მუშაობა სურს, ვალდებულია, დაემორჩილოს. თეორიულად ეს ყველაფერი კარგად ესმოდა, მაგრამ შინაგანი პროტესტის გრძნობას ვერაფერს უხერხებდა და იმაზეც კი თანახმა იყო, თანამდებობა დაეტოვებინა, მაგრამ არავის მისცემდა უფლებას, საკუთარი კომპეტენციისთვის გადაეჭარბებინა. საკმაოდ რეალურად აფასებდა საკუთარ თავს და ისიც კარგად იცოდა, საკუთარი საქმის პროფესიონალი რომ იყო. სტაბილური სამსახურის დროსაც კი ჰქონდა სხვა ორგანიზაციებიდან შეთავაზებები და არც იმაში ეპარებოდა ეჭვი, უსამსახუროდ რომ არ დარჩებოდა. თავისუფლად შეეძლო ბევრად მაღალანაზღაურებადი და საინტერესო საქმის კეთება, მაგრამ “The D Corporation”-ში უკვე ისე გრძნობდა თავს, როგორც სახლში. კოლექტივსაც ადვილად შეეგუა და ამ დრომდე არც ჰქონია სხვაგან გადასვლის სურვილი. მაშინაც კი არ თქვა სამსახურზე უარი, დემნა რომ დაუსვეს ცხვირწინ, თუმცა ახლა ისე მიდიოდა საქმე, უკვე განცხადების დაწერაზეც კი ფიქრობდა.
– დე, რა გჭირს? – გაკვირვებულმა აათვალიერა ლილუმ.
– რა მჭირს? – დააბნია მოულოდნელმა შეკითხვამ. სიმართლე ითქვას და, შვილსაც არ ელოდა ამ დროს სახლში. ფორტეპიანოს გაკვეთილზე უნდა ყოფილიყო წესით და გაუკვირდა კიდეც მისი სახლში დახვედრა. – და შენ რატომ ხარ სახლში?
– სიურპრიზი! – მოულოდნელად კი, ყველაფერი ნათელი გახდა, როცა სამზარეულოდან ჯერ ნინას ხმა მოესმა, შემდეგ კი, მისი ფიზიონომიაც დალანდა ფქვილიანი ხელებითა და წინსაფრით. – გადავწყვიტე, რომ მოგენატრე და შენთან მოვედი!
– და თან ბავშვს გაკვეთილი გააცდენინე! – თვალები დაუბრიალა, თუმცა მაინც თბილად გადაეხვია თავის ქნევით.
– მაგიტომაც ვუყვარვარ ლილუს ყველაზე მეტად, სულ იმას რომ ვუსრულებ, რაც უნდა. ხო ასეა, ლუ? – თვალი ჩაუკრა კართან ატუზულ პატარა მეტიჩარას და ეს უკანასკნელიც ისე დაეთანხმა, წამითაც არ უფიქრია.
– ერთნაირი ჭკუის ხართ ორივე! – გაეცინა საბოლოოდ და ჯერ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებიდან ჩამოქვეითდა, შემდეგ კი, ისე შეტანტალდა სამზარეულოში, ჯერ კიდევ არ გადაევლო დარასელზე გაბრაზებას.
– რა გჭირს შენ? – ნინა კი, მაშინვე მიუხვდა, ყველაფერი რიგზე რომ არ იყო.
– ახლა რომ რამე ცივი არ დავლიო, მოვკვდები!
– ოჰო! – წარბები აათამაშა წინსაფრიანმა და ლილუ ტექნიკურად მოიშორა, მობილური ათხოვა, თუ გინდა ითამაშეო.
– ანანასის წვენი მინდა... – ელენე კი, ისეთი გართული იყო მაცივრის თვალიერებით, ვერც შენიშნა მისი ათამაშებული წარბები.
– ცივ მჟავესაც შეჭამდა კაცი... არა?
– ეგეც შეიძლება... – უპასუხა დაუფიქრებლად, ნინას კი, მეტი არც სჭირდებოდა საკუთარი რეპერტუარის გასაგრძელებლად.
– კარგი მჟავი კიტრი... გემრიელი...
– ჰმმ, არ იქნებოდა ურიგო...
– ახლა გავგიჟდები! – აკივლდა მოულოდნელად და მხოლოდ ამით აიძულა ლენას დედამიწაზე დაბრუნება. – უკვე მოასწარით?!
– რა გჭირს? – გახედა გაკვირვებულმა. ადგილზე ცქმუტავდა და ფქვილიან ხელებს სასაცილოდ უსვამდა ერთმანეთს. ამ მომენტში ლილუზე უფრო პატარასავით იქცეოდა და ისეთი სასაცილო იყო, ვერაფრით აღიქვამდით მის ქცევას სერიოზულად. – რა მოვასწარით?
– ასე უნდა ვიგებდე, შენ და დემნა რომ შერიგდით? – ნინა კი, არაფრით ეშვებოდა. იმხელა ხმაზე გაჰკიოდა, მეორე ოთახიდან უმცროსი ხერგიანიც გამოვარდა გაფართოებული თვალებით.
– შენ და მამა შერიგდით?!
– საიდან მოიტანეთ? – ელენე კი, კუთხეში მიმწყვდეულივით გამოიყურებოდა. ბოლომდე ჯერ თვითონაც არ იცოდა, შერიგდნენ თუ ურთიერთობის რომელ სტადიაზე იყვნენ, ნინამ კი, ლამის მეზობლებიც შეუყარა მისივე გამოგონილი ახალი ამბის სახარებლად.
– აბა, რა ცივი წვენი და მჟავე კიტრი მოგინდა ამ შუა შემოდგომაზე?!
– დე, მართლა შერიგდით? დღეს ჩვენთან მოვა? – ლილუს აციმციმებული თვალები ყველაზე ძვირფასი იყო ლენასთვის და ყველაფერს დათმობდა, შვილი სულ ასეთი ბედნიერი რომ დაენახა, თუმცა ახლა საშინლად აწუხებდა, თვითონვე რომ უნდა ჩაექრო მისი ბედნიერება.
– დედიკო, სხვა რაღაცის თქმა უნდოდა ნინას...
– არ მოვა?
– ლილუ, გინდა ახალი ტურების გახსნა გასწავლო მაგ თამაშში? – ნინამაც სცადა ჩადენილის გამოსწორება, თუმცა უარესი გამოუვიდა.
– თუ ჩემ გარეშე გინდათ ლაპარაკი, ისედაც გავალ. – გაიბუსხა უმცროსი ქერა. ზოგადად, არ ახასიათებდა გაბუტვები, რადგან ისედაც ყოველთვის იმას იღებდა, რაც სურდა. ზედმეტად ანებივრებდა ყველა, მაგრამ რაც უნდა გაეკეთებინათ მისთვის, მაინც ყოველთვის ის უნდოდა, რაც არ შეიძლებოდა, ამის მისაღწევად კი, ერთადერთი ხერხი, სწორედ გაბუტვა იყო.
– დედიკო, არ გეწყინოს რა...
– არ მეწყინება. მამასთან დამირეკე, დღევანდელი ამბები უნდა მოვუყვე... – ჩაიდუდღუნა და შემდეგ, დედის მობილურიც რომ დაისაკუთრა, ისე გავიდა, აღარაფერი უთქვამს მეტი.
– შენ მოგკლავ! – ელენე კი მაშინვე ნინას მიუბრუნდა.
– რა ჩემი ბრალია?! ცალკე გეგამ მითხრა, შეცვლილი დადის ამ ბოლო დროს ჩემი მეჯვარეო, ახლა შენ მოქანდი და პირდაპირ მაცივარში შევარდი. რა უნდა მეფიქრა?!
– იმის გარდა ყველაფერი, რაც იფიქრე!
– რატომ რა, არ შეიძლება? პირველი იქნება თუ მეორე? – მიაყარა დაუფიქრებლად და ვერც მიხვდა, ამის თქმისას როგორ ატკენდა გულს. მხოლოდ მოგვიანებით გაიაზრა, სახე რომ წაეშალა მაჩაბელს და რამდენიმე წამს ვეღარაფერი უპასუხა.
– არ შევრიგებულვართ, ნინა. – წარმოთქვა სწრაფად და შემდეგ ისე გავიდა საძინებელში, აშკარა იყო, თავის არიდება რომ უნდოდა.
– ლენ, მაპატიე, რა... ხომ იცი, არც მიფიქრია...
– ვიცი, არ ინერვიულო. – დამამშვიდებლად დაუსვა მხარზე ხელი. – არაფერია, მართლა...
– ძალიან ცუდად გამომივიდა. ხომ დავინახე, რა რეაქციაც გქონდა...
– ნინა, მართლა არა უშავს! გაღიზიანებული ვარ უბრალოდ და ამის ბრალია...
– რამე მოხდა?
– მოხდა... – ამოიოხრა და შემდეგ ისე გააჟღერა ხმამაღლა, გონებაში საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ რომ არ ჰქონდა ჩამოყალიბებული... – სამსახურიდან მოვდივარ!
გაგრძელება იქნება სამშაბათს