დიდხანს იწრიალა, სანამ მისვლის გადაწყვეტილებას მიიღებდა.
ბოლთას სცემდა ოთახში, მოწევაც კი მოუნდა, როცა რეალურად, საერთოდ არ ეწეოდა. ხან, ჩაი აიდუღა, ხან სპორტული ტანსაცმელი გადმოიღო, სარბენად რომ ჩასულიყო, მაგრამ არაფერი მიიყვანა ბოლომდე. იცოდა, რეალურად სულ სხვა რაღაც სურდა და უბრალოდ, გონებას ატყუებდა ამ მანიპულაციებით. ცდილობდა, რამე შეეტყუებინა, ასე გაჯიუტებულს რომ არ მოეთხოვა მისთვის იმის გაკეთება, რაც თვითონაც საშინლად უნდოდა.
მოგვიანებით, მიზეზების ძებნას შეუდგა. ყველაზე მეტად ეს აწამებდა. არ შეეძლო... უკვე აღარ შეეძლო ასე უმიზეზოდ, მხოლოდ სურვილის გამო სახლში დადგომოდა ქალს, რადგან მისი ნახვა ჰაერივით სჭირდებოდა. ვერაფერი მოიფიქრა შესაფერისი. ვერც ისეთი, წასვლა რომ გადაეფიქრებინა. იცოდა, რომ დაწოლილიყო, ძილიც არ მიეკარებოდა და საერთოდ არაფერს ჰქონდა აზრი, ის თუ არ ეყოლებოდა გვერდით.
ბოლოს, მაინც დაამარცხა სურვილმა. მეტად აღარც უფიქრია, საერთოდ, ვერც კი გაიაზრა, ისე მიუჯდა საჭეს და მხოლოდ მოგვიანებით, ნაცნობ ქუჩაზე რომ გადაუხვია და მისი საძინებლიდან გამომავალ სინათლეს მოჰკრა თვალი, იგრძნო, რომ სწორად იქცეოდა. დრო იყო, დაერღვიათ საკუთარივე დაწესებული საზღვრები და გამოსულიყვნენ საკუთარივე გონების ტყვეობიდან. არ უნდა არსებულიყო მათ შორის არანაირი „მაგრამ“, არანაირი „არ შეიძლება“, საერთოდ ყველაფერი უნდა გამქრალიყო, რაც ოდნავ მაინც აშორებდათ ერთმანეთს და დაეტოვებინათ მხოლოდ ის უსაზღვრო სიყვარული, ყოვლისმომცველი და ძლიერი, სუნთქვასაც რომ უკრავდათ, როცა ერთად იყვნენ, რადგან ჟანგბადიც კი უმნიშვნელო ხდება იმ ადამიანის სიახლოვეს, ვისი არსებობაც გაცოცხლებს.
კიბე ისე აიარა, ლიფტის არსებობა არც გახსენებია. არც ზარის არსებობა ახსოვდა, მუშტად შეკრული ხელი რომ შეახო რკინის კარს სამჯერ. ნელა და თანაბარი შუალედით დააკაკუნა, ზუსტად ისე, როგორც სჩვეოდა. ზუსტად ისე, როგორც ყოველთვის აგებინებდა ელენეს, ვინ იდგა ზღურბლს მიღმა. ზღვარზე იყო უკვე. აღარ შეეძლო მეტის მოთმენა. გრძნობდა, სული ელეოდა უკვე და ერთადერთი, რაც ახლა ფილტვებში დაგროვილი ჰაერის გარეთ გამოშვებაში დაეხმარებოდა, ელენეს დანახვა იყო.
თუმცა, მის ნაცვლად ზღურბლს მიღმა სხვა ვინმე დახვდა და მხოლოდ მოგვიანებით იპოვა ქალის თვალები. ზუსტად ისე იგრძნო თავი, როგორც მაშინ, პირველად როცა მიხვდა, რომ უყვარდა და მის გარეშე ვეღარ წარმოედგინა ყოფნა. ისეთი ნაცნობი შეგრძნებები ჰქონდა, წარსულში გადავარდა თითქოს, თუმცა აწმყოშიც ისეთივე მზერით უყურებდნენ ელენეს თვალები და არც არაფერი უნდოდა მეტი.
– შენ აქ რას აკეთებ?! – უკვე მეორედ გაჟღერებულმა კითხვამ კი, მწარედ დაანარცხა და ისე მარტივად აგრძნობინა უუფლებობა, დარწმუნებული იყო, ნინას არც კი განუზრახავს მსგავსი რამ.
– მე კი არა, შენ რას აკეთებ, პატიოსანი ქალი, ამ დროს გარეთ? – გაუცინა, უხერხულობა რომ გაეფანტა და ძლივს გადაიტანა მზერა ელენედან მასზე.
– ცუდად დაძვრებით თქვენ! – ამოიოხრა, ჯერ კიდევ კარის სახელურზე ხელჩაკიდებულმა და შემდეგ ისე შეატარა დემნა შიგნით, წამითაც არ მოუშორებია ეჭვნარევი მზერა.
– სად გყავს ქმარი?
– რა იყო, თუ მაგდებ, მითხარი პირდაპირ და წავალ! – ცხვირი აიბზუა ნინამ. ისედაც ხვდებოდა, რა სიტუაციაც იყო, მაგრამ მაინც არაფრით გატყდა. გიჟდებოდა, ნერვებს რომ უშლიდა და აჯერებდა, თითქოს მართლა სწყინდა.
– ნინა, ნუ ბავშვობ!
– შენნაირი ბებერი კი არ ვარ! – თვალი ჩაუკრა და ელენეს გადახედა, ვერაფრით რომ აშორებდა თვალს მოულოდნელ სტუმარს. – მოკლედ, წავედი ახლა მე და აბა, თქვენ იცით, სძინავს ბავშვს!
– მოიცა, სად უნდა წახვიდე ამ დროს მარტო, გაგიყვან...
– ელენე, ამას რამე უქნეს თუ როდის გახდა ასეთი მზრუნველი?!
– რა უმადური ხარ, ნინელი!
– კიდევ მე ვარ უმადური, შე მართლა სვანო?! – შეიცხადა „გაბრაზებულმა“. – ასეთ ქალთან ერთად გტოვებ მარტოს და უმადურიო. დაუფასებლობაც ასეთი უნდა!
– ნუ გაილექსე! – გაეცინა დემნას. გიჟდებოდა ამ ადამიანზე. ზუსტად ისეთი იყო ახლაც, როგორიც გაიცნო წლების წინ. მხიარული, გიჟი და პოზიტივით სავსე. შეუძლებელი იყო, მის გვერდით მოგეწყინა და ყველაფერს აკეთებდა, პრობლემების დავიწყებაში რომ დაგხმარებოდა. სწორედ ამიტომაც აფასებდა ასე ძალიან.
– წავედი, წავედი, ნუ მაყოვნებთ! – წარმოთქვა ზედმეტად სერიოზულად, თუმცა ბოლოს მაინც გაეცინა. – და ამ ქალბატონს მჟავე უნდოდა რამდენიმე საათის წინ, ხოდა მიხედე! – მიაყარა ნაჩქარევად, შემდეგ კი, ისე გაიხურა კარი, აღარც დალოდებია პასუხს...
– მოდი... – ძლივს წარმოთქვა ელენემ, მარტო რომ დარჩნენ. ისეთი დაძაბული იყო, თითქოს, ყოფილ ქმარს კი არა, იმ ადამიანს ელაპარაკებოდა, ყურებამდე რომ უყვარდა წლების განმავლობაში და ვერაფერს ეუბნებოდა.
– ლენ... – აღარ დააცადა დემნამ. ისე ჩაავლო ხელი მისაღებისკენ მიმავალს, ნაბიჯის გადადგმაც ვეღარ მოახერხა ქალმა და შემდეგ, ძლიერი მკლავების შემოხვევა რომ იგრძნო მხრებზე, ზურგით კი მკერდზე მიიკრეს, გაუაზრებლად შეწყვიტა სუნთქვა.
– რას აკეთებ... – ამოთქვა ჩურჩულით, თუმცა ეს ხმაც წაერთვა, გახურებული ტუჩები რომ შეეხო კისერში.
– იცი, როგორ მენატრები? – ხერგიანი კი, ისეთი არეული ხმით ლაპარაკობდა, ისიც უკვირდა, საერთოდ როგორ უყრიდა სიტყვებს თავს. – ვეღარ ვძლებ. ვიცი, რომ საშიშია, ვიცი, რომ საფრთხეს გიქმნი, მაგრამ ზედმეტად ეგოისტი ვარ საიმისოდ, სადმე გაგიშვა... – ეუბნებოდა ნაწყვეტ-ნაწყვეტ, კოცნასა და კოცნას შორის და ოდნავადაც არ უშვებდა მკლავებს, მისკენ რომ შეტრიალებულიყო ელენე.
– მეც ის „მაგრამ“ მიყვარს ყველაზე მეტად... – ქალმა კი, სრულიად მოულოდნელად, ისეთი რაღაც უთხრა საპასუხოდ, ადგილზევე გაყინა. კარგად ახსოვდა, როდის და რა სიტუაციაში უთხრა ეს. მაშინ, მანქანაზე შემომჯდარ, დაბნეულ ლენას შუაღამით ჯვრისწერას რომ სთხოვდა, ვერც კი წარმოიდგენდა, ასეთი მომავალი თუ ელოდათ.
– გეფიცები, ვერაფრით გავძელი სახლში. გზაში მიზეზებს ვიფიქრებდი, რით უნდა გამემართლებინა ჩემი აქ მოსვლა. ეს უუფლებობა მკლავს, ლენა... არ მინდა, რომ ასე იყოს და ის კიდევ უფრო მანადგურებს, ჯერჯერობით არაფრის შეცვლა რომ არ შემიძლია...
– გადავიტანთ, დემნა... – როგორც იქნა, მოახერხა მისკენ შეტრიალება. – გავუძლებთ, ხომ იცი?
– ვერ უნდა მიტანდე წესით... – წამოიწყო ხმაშეცვლილმა. – ყველაფერი წაგართვი და ვერაფერი შეგისრულე, რასაც საკურთხეველთან დაგპირდი. არ ყოფილა ჩვენი ოჯახი ისეთი, როგორზეც ვოცნებობდით. მხოლოდ შვილი კი არა, ვგრძნობ, რომ საკუთარი თავიც წაგართვი და ამის ცოდნასთან ერთად, მაინც ვერ ვახერხებ შენზე უარის თქმას...
– ახლა კი არა, ეგ რომ მოახერხო, მაშინ წამართმევ ყველაფერს... – სახეზე მოჰკიდა ორივე ხელი, როგორმე თვალებში რომ ჩაეხედა, თუმცა ჯიუტი იყო სვანი.
– უნდა მივმხვდარიყავი, ტყუილად რომ არ დამემუქრებოდნენ...
– დემნა, შეეშვი წარსულს. – ამოიოხრა, ისევ იმავეს რომ დაუბრუნდნენ. – ახლა ვეღარაფერს შევცვლით და გთხოვ, იმ დღეებს თუ ვერ დავიბრუნებთ, მომავალს მაინც ნუ დავკარგავთ...
– იცი, როგორი ჯოჯოხეთი იყო უშენოდ? – წამიერად შეეცვალა მზერა. ისეთი არეულობა ჰქონდა სულში, თითქოს მასში ორი ადამიანი ებრძოდა ერთმანეთს და ვერც ერთი ახერხებდა საბოლოოდ გამარჯვებას.
– ვიცი... მე გაბრაზებული ვიყავი, მაგრამ მაინც მენატრებოდი. მაინც მტკიოდი, შენ კი, ისე გაიძულე წასვლა, თითქოს, ისედაც უფსკრულის პირას მყოფს, განგებ გკარი ხელი... მაგრამ, დემნა... დამიჯერე, ის ორი წელი რომ არა...
– არ გინდა. – შეაწყვეტინა, რადგან ისედაც იცოდა, რის თქმასაც აპირებდა. – დღეს აღარ გვინდა... – შუბლზე მიადო შუბლი და ღმერთმა კი არა, ელენემაც კარგად იცოდა, რად უჯდებოდა ახლა თავშეკავება.
– გინდა, ჩაი აგიდუღო? – ჰკითხა ისე, ზუსტად ისეთი ხმით, სამსახურიდან დაბრუნებულსა და დაღლილს, ტრადიციულად რომ უსვამდა ისეთ შეკითხვას, რომლის პასუხიც ყოველთვის დადებითი იყო.
– ახლა მხოლოდ შენთან მინდა, ლენა... – თუმცა, ამჯერად ის მიიღო, რისი მოსმენაც სურდა და რაც თვითონაც ყველაზე მეტად უნდოდა ახლა. ვეღარ აკონტროლებდა უკვე გრძნობებს, სურვილებს, საღ აზრსაც არაფრად აგდებდა, მისი კანის სიმხურვალეს რომ გრძნობდა და ფეხზე დგომასაც მხოლოდ იმის წყალობით ახერხებდა, ასე ძლიერად რომ ჰყავდა კაცს მიკრული.
– ლილუს სძინავს... – ამოთქვა ისე, სუნთქვას ამოაყოლა ბგერები და შემდეგ უკვე აღარაფერი ყოფილა ჩვეულებრივ. უფრო ზუსტად კი, სწორედ ისე იყო, როგორც უნდა ყოფილიყო სულ, იმ ორი წლის ჩათვლით...
იყო კოცნა, მონატრებული შეხება, არეული ნაბიჯებით და ხელის ცეცებით შეღებული საძინებლის კარი. სიცილიც იყო, კარადას რომ შეასკდნენ სიბნელეში და დაძაბულობაც, ბოლომდე რომ აპირებდნენ შეტოპვას, იმის გაცნობიერებისას. თუმცა, არც ერთი წამით ყოფილა უნდობლობა. სიბნელის მიუხედავად, ერთმანეთის თვალებში მაინც ხედავდნენ ყველაფერს, რაც ერთად ყოფნისთვის სჭირდებოდათ და აღარც ერთს უყოყმანია მეტი.
შემდეგ ორი ადამიანის არეული სუნთქვა იყო ერთ საძინებელში და ბოლოს, მკერდზე მიკრული საყვარელი, მონატრებული სხეული. არაფერი მეტი. და არაფერი ზედმეტი...
* * *
მეორე დღეს, სამსახურში რომ მივიდა ახალი დეტალებით აჟიტირებული ხერგიანი, პირდაპირ უფროსის კაბინეტისკენ აიღო გეზი, თუმცა, მისკენ მიმავალი წამითაც კი ვერ წარმოიდგენდა, მწარე რეალობას თუ შეასკდებოდა და თავზე დაეფშვნებოდა ის სამართლიანობის შეგრძნება, ყოველთვის, ყველასთან რომ ამტკიცებდა ხოლმე, ჩვენთან გამორიცხულია მიკერძოება და ყველაფერს ისე ვიძიებთ, არ აქვს მნიშვნელობა, ვის ეხება საქმეო.
მართალია, ბოლო პერიოდში ზედმეტ ინდიფერენტულობას ატყობდა, მაგრამ ფიქრობდა, მეჩვენება, სხვა საქმეებიც ბევრი აქვს და ვეღარ იცლის, ყველაფერს დეტალურად ჩაეძიოსო, თუმცა, მისი მაგიდის პირდაპირ რომ იჯდა სავარძელში და იმ პასუხის მოსმენას ელოდა, რასაც მთელი გზა წარმოიდგენდა, შედეგად კი, მხოლოდ მძიმე ამოოხვრა და დაღლილი მზერა მიიღო, ცოტა არ იყოს, გაუკვირდა...
– და ახლა, რა გინდა რომ ვქნა? – ცალწარბაწეულმა ჰკითხა ულვაშიანმა და ისე გადაწვა სავარძელში, აშკარად აგრძნობინა, უმნიშვნელო რომ იყო მისთვის ეს ყველაფერი.
– ბატონო მალხაზ, საკმაოდ საეჭვო ამბავია და იქნებ გაგვერკვია მაინც, საქმესთან კავშირშია თუ არა? – გაუღიმა, გაოგნება რომ არ დამჩნეოდა სახეზე. რას ნიშნავს, რა უნდა ვქნა?!
– დემნა, აი, მითხარი, რაში გვაინტერესებს, ვინ რამდენს და როდის ურიცხავდა ზვიადაურს? ეგ კაცი იმდენი ფულის პატრონი იყო, მიაკლა ვიღაცამ და ეგაა რა, რად უნდა ახლა ამდენი ფიქრი და ტვინის ჭყლეტა?!
– ანუ გინდათ თქვათ, რომ ამ საქმეში არაფერი გეჩვენებათ საეჭვოდ და ვერც ნარკოტიკების გასაღების ამბავს უკავშირებთ?
– ხერგიანი, ნუ შეიჭერი როლებში, ფედერალურ ბიუროში კი არ ვმუშაობთ, შვილო, საქართველოს პროკურატურაა!
– და რადგან საქართველოსია, არ შეიძლება ნარკოტიკების ბაზარი რომ გვქონდეს, თუ ხალხს მხოლოდ ფულის გამო კლავენ ჩვენთან?
– აბა, რა გგონია, იტალიური მაფია ჩაერია და კარაბინიერები გამოაგზავნეს? – აროხროხდა ისე, დემნამ აშკარად იგრძნო, როგორ დაუარა გულისრევის შეგრძნებამ. ნუთუ, სულ ასეთ ხალხში მუშაობდა და მხოლოდ ახლა გამოაჩინეს რეალური სახეები?!
– ესე იგი, არ უნდა გამოვიძიოთ?
– რა უნდა გამოიძიო, რისი მტკიცებულებაც არ გაქვს?! არც ანაბეჭდები იყო, არც ვიდეოკამერებს დაუფიქსირებია რამე. მიდი ახლა და სდიე, რამდენი უმიზნებდა ზვიადაურის ქონებას. ნახევარი საქართველო ეჭვმიტანილი გამოდის მაშინ.
– კანის ქსოვილები ხომ აღმოაჩინეს ექსპერტებმა მოკლულის ფრჩხილებში?! როგორ დავიჯერო, ამ დრომდე ვერ მოხერხდა იდენტიფიცირება?!
– თავისივე იყო ეგ, სიმწრისგან დაიკაწრა ეტყობა. რა ვიცი...
– ხელებგაკოჭილმა?
– დემნა, გამაგებინე, რა გინდა?! დახურავენ ამ საქმეს მალე, რამდენი ხანი გავიდა უკვე და ერთი რეალური ეჭვმიტანილიც კი არ გვყავს. რატომ უკირკიტებ ერთი წლის შემდეგაც ამ ამბავს, ცოტა გაქვს საქმე? აიღე ის შემთხვევა, გუშინწინ ბანკი რომ გაიტანეს და გამოიძიე. რად უნდა ახლა ამას ბევრი ლაპარაკი.
– ბატონო მალხაზ, არ ვიცი, თქვენ რას აპირებთ, მაგრამ მე ორდერი მჭირდება, ჩხრეკის ჩასატარებლად.
– არ გადამრიო! – გაეცინა წარბების თამაშით. – ვინ უნდა გაჩხრიკო?
– კომპანიები. ზვიადაურისაც კი, მისი პარტნიორისაც, ბოლო თვეებში საეჭვოდ რომ გაუჩინარდა. – უტეხი იყო ხერგიანი. რადაც უნდა დასჯდომოდა, მაინც გამოიძიებდა ამ საქმეს და მნიშვნელობა აღარ ჰქონდა უკვე, ამას როგორ მოახერხებდა.
– აბა, წარმატებას გისურვებ მაშინ!
– ანუ მაძლევთ ორდერს?
– მე კი მოგცემ, მაგრამ მაინც ვერაფერს იპოვი და ტყუილად უნდა დაკარგო დრო. შენ „ოქროს არწივს“ ეხუმრები?!
– საიდან იცით, რომ „ოქროს არწივზე“ ვსაუბრობ?!
გაგრძელება იქნება სამშაბათს