– საიდან იცით, რომ „ოქროს არწივზე“ ვსაუბრობ?! – მაშინვე შეეცვალა მზერა დემნას.
ზუსტად ახსოვდა, მთელი საუბრის განმავლობაში, არც ერთხელ რომ არ უხსენებია იმ კომპანიის სახელი. ისეთმა საშინელმა წინათგრძნობამ გაჰკრა გულში, ახლა იმასაც კი დაიჯერებდა, რომ მეხსიერებამ უღალატა, ოღონდაც ის არ გამომდგარიყო სიმართლე, რაც გაიფიქრა.
– წეღან არ ამბობდი? – დაიბნა მალხაზიც.
– სახელი არ მიხსენებია.
– მოკლედ, გადაყევი შენ ამ საქმეს, რა!
– ბატონო მალხაზ, თქვენც იცოდით და...
– რა ვიცოდი, შვილო, რა ვიცოდი, აღარ ვიძიებ მე ამ საქმეს, რამდენჯერ გაგიმეორო. შევეშვით ყველა, აზრი არ აქვს, დახურავენ მალე! შენ ვერ შეგაგნებინე ერთი, უაზროდ რომ ფლანგავ დროს და უკვე ისე შეგიპყრო ამ მკვლელობამ, ისიც კი აღარ გახსოვს, რაებს ლაპარაკობ. – მიაყარა ჯიჯღინით და შემდეგ ისე გადაშალა საქაღალდე, აშკარად აგრძნობინა, საუბრის გაგრძელების სურვილი რომ აღარ ჰქონდა. – მიდი ახლა და მიხედე იმ ბანკის ამბავს.
– ორდერზე განცხადებას თქვენ დამიწერთ? – გაუღიმა ცივსისხლიანად.
– დაგიწერ. დამტოვე ახლა, სამუშაო მაქვს! – უპასუხა თავაუღებლად და უკვე ზუსტად იცოდა დემნამ, წამითაც რომ აღარ უნდა ჰქონოდა მისი იმედი.
ყელში უჭერდა უსამართლობის შეგრძნება. ისეთი საშინელი გრძნობა იყო, თითქოს მთლიანად ტალახში ამოისვარა. ის ხიდი ჩაუტყდა, თითქმის გადავლილი რომ ჰქონდა და იმ ადამიანმა ჰკრა ხელი, ვისგანაც ყველაზე ნაკლებად ელოდა. დაუფიქრებლად დაწერდა განცხადებას, აქაურობას რომ უკანმოუხედავად გასცლოდა, თუმცა, იცოდა, ასე იმ ერთადერთ გზასაც მოიჭრიდა, რაც ჰქონდა დარჩენილი. დამოუკიდებელ გამოძიებას არავინ ჩაატარებინებდა ასეთ საქმეზე. ისედაც ეჭვი ჰქონდა უკვე, ეჭვი კი არა, ფაქტობრივად, დარწმუნდა, ვიღაც მნიშვნელოვანი რომ ატრიალებდა საქმეებს და მხოლოდ თვითონ მასთან ჭიდილში ვერაფერს გახდებოდა.
ისიც აღარ იცოდა უკვე, საიდან დაეწყო, რას მოჭიდებოდა, მერამდენედ გადაეხედა ერთი და იგივე დეტალებისთვის. როგორ ამოეხსნა, როცა პირდაპირი მტკიცებულებაც კი გაუყალბეს და ჯიუტად აჯერებდნენ, წამებით მოკლულ კაცს, ხელები რომ ჩალურჯებამდე ჰქონდა გათოკილი, საკუთარივე კანის ქსოვილი რომ ჰქონდა ჩარჩენილი ფრჩხილებში.
სუნთქვააჩქარებულმა მოძებნა კონტაქტებში ნომერი. იცოდა, ზედმეტად რისკავდა, არამხოლოდ საკუთარი, იმ ადამიანის კარიერითაც, ვის გარევასაც აპირებდა ამ ამბავში, მაგრამ იმასაც ხვდებოდა, ახლა დახმარება რომ არ ეთხოვა, წინ გადადგმული ერთი ნაბიჯის სანაცვლოდ, ორით უკან დაახევინებდნენ და იქამდე აწვალებდნენ, სანამ საბოლოოდ დახურული საქმეების სტატუსი არ მიენიჭებოდა ზვიადაურის მკვლელობას. სხვა გზა არ ჰქონდა, სინდისი კი, სიცოცხლის ბოლომდე არ მოასვენებდა, მშვიდად რომ მჯდარიყო და არაფერი მოემოქმედებინა. ეს იყო ერთადერთი, რის გამოც, ნაცნობმა ხმამ რომ უპასუხა, დიდხანს აღარ უფიქრია, ისე წარმოთქვა:
– გეგა, უნდა დამეხმარო. „ოქროს არწივზე“ მჭირდება ინფორმაცია, ყველანაირი, განსაკუთრებით კი, მის დამფუძნებელზე...
* * *
– სანამ ლილუ გაიღვიძებს, უნდა წახვიდე... – ძილბურანში მყოფი, ძლივს უყრიდა ელენე სიტყვებს თავს და საყვარელი კაცის მკლავებში გახვეული ისე დუდღუნებდა, მხოლოდ ის იცოდა, აუცილებლად რომ უნდა ეთქვა, თორემ რეალურად, ყველაფერს მისცემდა, სულ ასე რომ დარჩენილიყო.
– რომ ვუთხრათ, რომ ახლა მოვედი? – ამოიოხრა დემნამ. აშკარა იყო, მასაც არ ეთმობოდა და თვალებსაც ჯიუტად არ ახელდა, რეალობას რომ არ დაჯახებოდა მტკივნეულად.
– მაშინ ჩაიცვი, გარეთ გადი და დააკაკუნე...
– ელენე, ბოდავ უკვე... – ძლივს შეიკავა თავი, ხმამაღლა რომ არ გადაეხარხარა, თუმცა, მაშინვე დააჭყიტა თვალები, კარს მიღმა ხმაური რომ მოესმა.
ისეთი დაფეთებული სახეებით წამოჯდა ორივე, თითქოს, სისხლის სამართლის დანაშაული ჩაედინათ და ცხელ კვალზე წაასწრეს. არადა, რა ჩაიდინეს ისეთი? ისედაც საკმაოდ დაიგვიანეს და ლილუსთვისაც არ იყო უცხო ის პერიოდი, მშობლების საწოლში რომ ჩაგორდებოდა ხოლმე, შუაში, იწვა გატრუნული და კმაყოფილებისგან კრუტუნებდა მათი მოფერებისას. ახლა კი, საკუთარ შვილს ემალებოდნენ ისე, როგორც მშობლებსაც არ დამალვიან თავის დროზე და ყაზარმულზე მყოფ, გამოცდილ ჯარისკაცსაც კი შეშურდებოდა, ისეთი სისწრაფით ჩაიცვა დემნამ.
– დე, შეიძლება? – თუმცა, არც ლილუ აკლებდა ტემპში და ერთი კი დააკაკუნა, თუმცა, ისე შეაღო საძინებლის კარი, კაცმა ძლივს მოასწრო აივანზე გასვლა.
– დედიკო, გაიღვიძე?! – ელენემ კი, ზედმეტად შეიცხადა და ბავშვის გაკვირვებაც გამოიწვია, თუმცა, არც დააცადა რამის თქმა, ისე სწრაფად აიყვანა ხელში, როგორმე ოთახიდან რომ გაეყვანა.
– მტრედებს არ უნდა ვაჭამოთ აივანზე? – დაეჭვებულმა გახედა ლილუმ. დილის ტრადიციად ჰქონდათ უკვე ქცეული მთელი უბნის მტრედების დაპურება, დღეს კი, აშკარად არ აპირებდნენ ამას. – მოვიტანე პური...
– დედა, ჯერ ხელ-პირი დავიბანოთ, წამოდი სააბაზანოში... – ბოლო ფრაზა, ცოტა არ იყოს, ხმამაღლა წარმოთქვა, მიმალვაში მყოფ ხერგიანსაც რომ გაეგონა და გაპარვა მოესწრო, სანამ დრო ჰქონდა.
– დავიბანე, სანამ შენთან შემოვიდოდი...
– მე ხომ არ დამიბანია, წამოდი, თან კბილები გამოიხეხე...
– კბილებიც გამოვიხეხე...
– არა უშავს, დე, კიდევ გამოიხეხე და უფრო თეთრი გექნება... – გაუღიმა და ლამის ძალით შეათრია სააბაზანოში, შემდეგ კი, ნიშანი რომ მიეცა მძევლისთვის, კარიც გააბრახუნა.
ზედმეტად სასაცილო სიტუაცია იყო, შორიდან რომ შეგეხედათ. ლილუ კი არა, დემნა და ელენე უფრო ჰგავდნენ პატარა ბავშვებს, ისე დაიპარებოდნენ წინ და უკან და უმცროს ქერას, რა თქმა უნდა, არ გამოჰპარვია, რაღაც უცნაური რომ ხდებოდა, თუმცა, მაინც ვერ მიხვდა, რა. მოგვიანებით კი, სააბაზანოდან გამოსვლისას კარზე კაკუნი რომ მოესმა და მის მიღმა მამა დახვდა, ჯერ სიხარულისგან აჭყიპინდა, შემდეგ კი, თვალდებდაწვრილებულმა აათვალიერა და ისე ჰკითხა.
– დაკუჭული პერანგი რატომ გაცვია, მამიკო? – ისე სასაცილოდ აწკიპა წარბები, პატარა ინტრიგანს ჰგავდა, ვერაფერს რომ გამოაპარებ, როგორც არ უნდა მოინდომო.
– ეტყობა მანქანაში დამეკუჭა, მამა...
– და ასე ადრე რატომ მოხვედი?
– ჰო, დემნა, რამე მოხდა, თუ ასე ადრე რამ მოგიყვანა? – ღიმილით ჰკითხა ელენემაც და ტუჩზე იკბინა სიცილის შესაკავებლად, მისი მზერა რომ დააფიქსირა.
– ჩაის დასალევად შემოგიარეთ. სახლში აღარ მქონდა და ვიფიქრე, თქვენთან ერთად ვისაუზმებდი... – წაილაპარაკა თავის ქნევით და ისე გავიდა სამზარეულოში, არც დაუსვია ლილუ.
– ანუ, ჩაი... – ლენა კი, წარბების თამაშით მიჰყვა უკან.
– ჰო, რა იყო, არ გაქვს?!
– მამა, არაფერი მომიტანე? – სასწრაფოდ ჩაერთო ლილუ, ყურადღება რომ მოაკლდა და სანამ დემნა რამეს მოიფიქრებდა, მაშინვე დაასწრეს.
– მოგიტანა, დე, მაცივარშია.
– რა მომიტანე, მამა?! – უმცროსი ხერგიანი კი, აშკარად ინტრიგნობას აგრძელებდა.
– ამმ, რა მოგიტანე?! – ხელოვნურად გაწელა, ან მინიშნება რომ მიეღო, ან კიდევ, თავისით მოეფიქრებინა, რა შეიძლებოდა ყოფილიყო მაცივარში, თუმცა, ლილუ თვალსაც არ აშორებდა და თან ისეთი მზერა ჰქონდა, სულ ცოტაც და აშკარად გამოიჭერდა ტყუილში.
– შენ რომ გიყვარს, დე... – წაეშველა ელენეც.
– რომელი?
– ნაყინი... – წამოიწყო დემნამ, თუმცა სასწრაფოდ თავი რომ გაიქნია მაჩაბელმა, მაშინვე დაამატა. – ნაყინი არა... ცივა უკვე, მამა, აღარ შეიძლება...
– შოკოლადები, ლილუ, მაგრამ ჯერ საუზმე, მანამდე ხომ იცი, არ შეიძლება!
– მამიკო, არ გაგიხარდა ჩემი მოსვლა, თუ რა გჭირს შენ?!
– გამიხარდა... – უპასუხა ისე, კიდევ აპირებდა რაღაცის დამატებას, თუმცა, ბოლო წუთს გადაიფიქრა. – სკოლაში ერთად წამიყვანთ?
– კი, დე...
– და მამა სამსახურში დაკუჭული პერანგით წავა?
– გენში აქვს! – ვეღარაფრით შეიკავა სიცილი ლენამ.
ნამდვილ პატარა დეტექტივად გადაიქცა ლილუ. მთელი საუზმის განმავლობაში არ გაუჩერებია ენა. ხან რა ეჩვენებოდა საეჭვოდ, ხან რა. არ იყო შეჩვეული ბოლო წლების განმავლობაში მშობლების ასეთ თბილ ურთიერთობას და არც ის ასვენებდა, ნინამ რომ იყვირა, შერიგდითო. თავისი პატარა, თუმცა, დიდი ადამიანივით მომუშავე ტვინით ცდილობდა, რაღაცები დაელაგებინა და გამოეცნო, მაგრამ, საბოლოოდ ის სიხარული წონიდა ყველაფერს, ისევ ერთ მაგიდას რომ უსხდნენ სამივენი და ერთად საუზმობდნენ, როგორც ადრე.
არც გზაში შეუწყვეტია ლაპარაკი. დემნას სავარძლის საზურგეზე ჰქონდა თავი ჩამოდებული და გაუჩერებლად ტიტინებდა. ისეთი აჟიტირებული იყო, დედას და მამას ერთად რომ მიჰყავდათ სკოლაში, ადგილზე მისულიც დიდხანს წრიალებდა. უნდოდა, ბევრს დაენახა, ბავშვებსაც, მასწავლებლებსაც. უნდოდა, ყველას გაეგო და სანამ მთელი ეზო არ გაივსო, არაფრით შევიდა შიგნით. ასკინკილით გარბოდა და შემდეგაც, კლასში რომ ავიდა, სანამ გამარჯობას იტყოდა, მანამ გადაეყუდა ფანჯრიდან, რომ შეემოწმებინა, უკანაც ერთი მანქანით წავიდოდნენ თუ არა. სიხარულისგან ლამის იყვირა კიდეც, რომ დაინახა, როგორ გაუღო დემნამ კარი ელენეს. თვალები უბრჭყვიალებდა და გამალებით უცემდა პაწია გული. არც არაფერი სჭირდებოდა ბედნიერებისთვის მეტი, ისიც საკმარისი იყო, მშობლები ერთად რომ დაენახა...
და იმ დღისით, მხოლოდ ლილუ არ გრძნობდა ამ ყოვლისმომცველ ბედნიერებას. ელენესაც პატარა გოგოსავით უცემდა გული და არაფერი ახსოვდა იმ ადამიანის გარდა, გვერდით რომ ჰყავდა და ასე მშვიდად მართავდა მანქანას.
– ასე ვერ მოხვალ სამსახურში... – წაილაპარაკა სასხვათაშორისოდ და პერანგზე ანიშნა.
– ჩემი ბრალია? – დემნამ კი, ისე გახედა, თითქოს მართლა ადანაშაულებდა.
– აბა, მე მოგადექი, ჩაი დამალევინე-მეთქი?!
– დაგალევინებ მე შენ ჩაის, მოიცადე, მივიდეთ ჯერ! – დაემუქრა სიცილით და მთელ დღეს ასე ერთმანეთის დაცინვაში გაატარებდნენ ალბათ, ელენეს ამღერებულ მობილურს ორივესთვის რომ არ შეეხსენებინა სამსახურის, უფრო კონკრეტულად კი, დარასელის არსებობა.
– გისმენ, გიორგი... – უპასუხა, მაქსიმალურად ოფიციალურად. ჯერ კიდევ არ გადაევლო გუშინდელზე გაბრაზებას. – მოვდივარ, გზაში ვარ უკვე. – სახეზევე ეტყობოდა, არცთუ ისე სასიამოვნო პასუხებს რომ ისმენდა, დემნა კი, ისე გაჭირვებით იკავებდა თავს, რამე რომ არ ეთქვა, საჭეს უჭერდა მთელი ძალით ხელებს, ყურადღების გადასატანად.
დიდხანს არც ლენას ულაპარაკია. ისეთმა გაღიზიანებულმა გათიშა და ჩანთაში ჩაუძახა, სანამ ხერგიანი ჰკითხავდა, თვითონვე ამოხეთქა.
– სამსახურიდან უნდა წამოვიდე!
– რა უნდა ქნა? – ეს კი, მართლა მოულოდნელი გამოდგა.
– აუტანელი გახდა!
– რამე მოხდა, ლენა? – ისე იკითხა, გულში ლოცულობდა, დადებითი პასუხი რომ არ მიეღო.
– გუშინ, სრულიად მოულოდნელად გამომიცხადა, რომ ახალი პარტნიორი გვყავს და მასთან ერთად უნდა ვივახშმო!
– ვინ ახალი პარტნიორი? – სუნთქვაც კი შეეკრა პასუხის მოლოდინში. ოღონდ ის არ იყოს, რასაც ფიქრობს. ოღონდ ის არა...
– „ოქროს არწივი“! – ქალმა კი, გაბრაზებულმა რომ უპასუხა, იმ მომენტში საერთოდ ვერ წარმოიდგენდა, დემნას ასეთი რეაქცია თუ ექნებოდა... და არც ის იცოდა სინამდვილეში, რატომ ჰქონდა ამ კომპანიის სახელს მისთვის ასეთი მნიშვნელობა...
გაგრძელება იქნება პარასკევს
ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი