– მოგწამლა უკვე მაგ საქმემ! – ჩურჩულით ეჩხუბებოდა ლენა, მძინარე ბავშვი რომ არ გაეღვიძებინათ.
იმდენად ხშირად კამათობდნენ, მობეზრდა კიდეც ამ თემაზე ამდენი ლაპარაკი, მაგრამ მაინც არ აპირებდა დანებებას. – და არ მოგცემ უფლებას, გადაგიყოლოს!
– ლენ, ხომ იცი, რომ ახლა ვეღარ შევეშვები? – დემნა კი შეუფერებლად მშვიდი იყო. თითქოს, ემოციებისგან დაცალეს, ისე ხვდებოდა უკვე ყველაფერს. ხანძრის ამბავიც კი არ გაკვირვებია. ის უფრო გააკვირვებდა ალბათ, რამე რომ არ მოემოქმედებინათ. ასე, თითქოს იმედიც ეძლეოდა. სწორ კვალზე რომ არ ყოფილიყო, მის გამწარებაზე ამდენ ენერგიას არც დახარჯავდნენ.
– როდემდე, დემნა? რა უნდა მოხდეს მეტი? ხომ ხედავ, რომ ცხოვრებას გინადგურებენ? ყველანაირ გზას გიჭრიან!
– იმიტომ, რომ ფეხდაფეხ მივყვები. სულ რამდენიმე ნაბიჯიღა დამრჩა.
– და გიღირს ეს ყველაფერი ამად? ვერ ხვდები, რამდენად საშიშები არიან? ჩვენზე რატომ არ ფიქრობ? – ხმა გაებზარა საბოლოოდ. რამდენჯერაც უნდა ეკამათათ, ბოლოს მაინც აქამდე მოდიოდნენ...
– თქვენ ვერ შეგეხებიან, ლენა... – მიიხუტა აცრემლებული ცოლი. ყველაზე მეტად იმას განიცდიდა, ოჯახიც რომ გარია ამ ამბავში. სწორედ ამიტომ აღარ ჰქონდა უკან დასახევი გზა. ამ ტალახში ამოსვრილებს ვერ აცხოვრებდა. არ ყოფილა ეს ცხოვრება ისეთი, როგორსაც ელენეს დაპირდა, საკურთხეველთან მდგარი. სწორედ ამიტომ იყო ვალდებული, ყველაფერი გაეკეთებინა, ამ ჭაობიდან რომ ამოსულიყვნენ როგორმე.
– და შენ? იმ ხანძრის დროს შიგნით რომ ყოფილიყავი?
– არ ვიქნებოდი. ჩემი მოკვლა არ უნდოდათ, მხოლოდ გაფრთხილება. ნუ ნერვიულობ შენ ამაზე, თქვენ არაფერი მოგივათ, გპირდები.
– დემნა, ვერ ხვდები, რომ ჩემთვის სულერთია, მე მომივა რამე თუ შენ?! რატომ ხარ ეგოისტი?!
– ხომ იცი, რომ მიყვარხარ?
– მაშინ რატომ მართმევ საკუთარ თავს? – ახედა აცრემლებულმა. როგორ არ იცოდა, ფუჭი რომ იყო ეს საუბარი, თუმცა მაინც არ კარგავდა იმედს, ოდესმე რომ დაითანხმებდა დანებებაზე. აღარ შეეძლო გამუდმებით შიშში ცხოვრება, მისი დაკარგვის შიშში...
– ნუ გეშინია... – გაუმეორა მშვიდად და საფეთქელზე რომ შეახო ცხელი ტუჩები, აგრძნობინა, მეტად რომ აღარ სურდა ამ თემის გაგრძელება...
მუქარები კი, შეწყვეტის ნაცვლად, უფრო გახშირდა. დემნას სამსახურის შემდეგ მათი სახლის ავტოფარეხში გაჩნდა ცეცხლი. მოგვიანებით, მამამისს შეექმნა სამსახურში პრობლემები... ისე უახლოვდებოდნენ, ოჯახზე გადასვლასაც კი აღარ ერიდებოდნენ უკვე და ზედმეტად აშკარა რომ გახდა ეს ყველაფერი, მეტს ვეღარ გაუძლო ელენემ.
სამწლინახევრისა, ბაღიდან გამოიყვანა ლილუ. წამითაც არ იშორებდა გვერდიდან. უკვე შეეჩვია კიდეც მუდმივ შიშში ცხოვრებას. აღარც წარუმატებლობა აკვირვებდა, არც უცნაური დამთხვევები, მხოლოდ ის აიმედებდა, დემნა რომ ჰყავდა გვერდით. იცოდა, როგორ ძალიან რისკავდა, მხოლოდ საკუთარი თავით კი არა, შვილითაც, მაგრამ მისგან წასვლას მაინც ვერ განიხილავდა სავარაუდო ვარიანტებში. ზედმეტად უყვარდა საიმისოდ, მის გარეშე ცხოვრების გაგრძელება რომ შეძლებოდა. ვერ მიატოვებდა მხოლოდ იმიტომ, მშვიდად რომ ყოფილიყო თვითონ და წამითაც არ ეფიქრა, რა მოუვიდოდა მის საყვარელ ადამიანს.
იმ პერიოდში ისიც კი ახარებდა, ლილუზე გართულებული მშობიარობის გამო მეორე შვილზე დაფეხმძიმება რომ უჭირდა. სიგიჟემდე უნდოდა თვითონ და მიუხედავად იმისა, დემნა რომ არაფერს ეუბნებოდა, მის თვალებშიც ხედავდა მოლოდინს. უნდოდა, მაგრამ არ იცოდა, რამდენად სწორი იქნებოდა იმ სიტუაციაში მეორე, ამის პარალელურად კი, ვერ ხვდებოდა, თუ ჯერ დრო არ იყო, მაშინ ასე ძალიან რატომ განიცდიდა ყოველ ჯერზე ორსულობის ტესტზე უარყოფითი პასუხის დანახვას.
ორი ელენე ებრძოდა თითქოს მასში ერთმანეთს, საბოლოოდ კი, ორივე რომ მარცხდებოდა, ქმრის მხარზე აღმოჩნდებოდა ხოლმე ატირებული და ასეთ მომენტებში საშინლად სძულდა საკუთარი თავი. ვერ იტანდა, ყოფილიყო ასეთი სუსტი მაშინ, როცა დემნას გვერდით ძლიერი ქალი სჭირდებოდა. ვერ იტანდა, საკუთარი აზრებით დაემძიმებინა, როცა ისედაც არ აკლდა საფიქრალი. მაგრამ მის გარეშეც არ შეეძლო და ყველაზე მეტად აფასებდა იმას, საკუთარი პრობლემებით მოცული, მაინც ყურადღებით რომ უსმენდა ელენეს წუწუნს და ისე ანუგეშებდა, თითქოს, იმ მომენტში, მეორედმოსვლაც რომ დაწყებულიყო, ისიც არ იქნებოდა უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე მისი წუხილი. ეგოისტობდა, მაგრამ მხოლოდ ასეთ დროს იბრუნებდა ძველ დემნას, ზუსტად ისეთს, იმ დაწყევლილი საქმის გამოჩენამდე რომ იყო.
თუმცა, არც ერთი მუქარის დროს არ უგრძვნია ისეთი შიში, მორიგი ტესტის გაკეთებისას, ორი წითელი ხაზი რომ დაინახა და გააცნობიერა, სიხარულზე მეტად, ნერვიულობამ მოიცვა მისი სხეული. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, ძალიან დიდხანს რომ გინდა რაღაც, მაგრამ სწორედ მაშინ გეშინია საბოლოო ნაბიჯის გადადგმა, ასრულების შანსი რომ მოგეცემა. როგორ ძალიან უნდოდა მეორე, მაგრამ მაინც აჯობა პანიკამ. და ვერაფრით ახერხებდა ამ გრძნობის მოშორებას, მიუხედავად იმისა, ბოლო კვირების განმავლობაში, თითქოს ყველაფერი რომ ჩაწყნარდა.
ყოველ ღე უმეორებდა დემნა, უაზრო რომ იყო მისი შიშები და ახლა განსაკუთრებით მშვიდად უნდა ყოფილიყო. ყოველდღე ელაპარაკებოდა ჯერ კიდევ სწორ მუცელს და ისეთ სიტყვებს ეუბნებოდა მომავალ შვილს, დედა რომ უფრო დაემშვიდებინა მისი მოსმენით. უკანასკნელ კაცად მიაჩნდა საკუთარი თავი, იმას რომ ვერ ახერხებდა, პრობლემები ისე მოეგვარებინა, ოჯახს არ შეხებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ ღმერთი იყო მოწმე, თვითონ ყველაფერს აკეთებდა საამისოდ. სიმშვიდის პერიოდშიც კი არ იყო მოდუნებული. ვერ იჯერებდა ასე ერთიანად ჩაწყნარებული სიტუაციის რეალურობას და სულ ის გაცვეთილი ფრაზა ახსენდებოდა, ოკეანე რომ შტორმის წინ არის ყველაზე მშვიდი.
არც შემცდარა. მისი აზრის განმტკიცება კი სწორედ იმ დღეს დაიწყო, მანქანის საჭეს რომ მიუჯდა და სანამ ძრავას აამუშავებდა, მანამდევე მოასწრო უკანა ხედვის სარკეში მოძრაობის დაფიქსირება, თუმცა ცხვირზე აფარებულმა უცნაურსუნიანმა ქსოვილმა მანამდევე გათიშა, სანამ მოულოდნელი სტუმრის შესაჩერებლად რამის გაკეთებას მოახერხებდა...
* * *
ოფისში შესულმა ლენამ, პირდაპირ დარასელის კაბინეტისკენ რომ აიღო გეზი, უკვე ზუსტად იცოდა, რა და როგორ უნდა გაეკეთებინა. ამაყად მიაბიჯებდა და ფეხსაცმლის ქუსლის იატაკზე ყოველი შეხების შემდეგ თითო ფრაზას ამატებდა გონებაში დაწყობილი წინადადებების სიას. არ დაუშვებდა, სულელ ქერად მიეჩნია ვინმეს და ისე გამოეყენებინა, როგორც უბრალო მარიონეტი. მოთამაშის როლი უფრო ხიბლავდა თვითონ და ნელ-ნელა ნინას ნათქვამის ჭეშმარიტებაშიც რწმუნდებოდა. თუ გეთამაშებიან, დანებების ნაცვლად, ისე უნდა აჰყვე თამაშში, მანამ ვერ მიხვდნენ რომ თამაშობ, სანამ არ გაიმარჯვებ!
– შეიძლება? – ხელოვნურად დაყენებული ღიმილით შეუღო კაბინეტის კარი და ისეთი დამნაშავე მზერით გახედა, ეჭვსაც ვერ შეიტანდით მის გულწრფელობაში.
– უკვე მეგონა, რომ აღარ მოხვიდოდი. – გიორგის ხმა კი ისე გაისმა, კაცს აშკარად უნდოდა, მკაცრად გამოსვლოდა, თუმცა პირადმა გრძნობებმა შეარბილეს მისი ბრაზი.
– არც ვიცოდი, გუშინდელის შემდეგ როგორ შემოვსულიყავი შენთან...
– იმედია, მიხვდი, რომ...
– გიორგი, საშინლად მოვიქეცი! – ახედა წარბებშეჭმუხნილმა. – ისე მრცხვენია, ისე დამნაშავედ ვგრძნობ თავს, მთელი ღამე არ მძინებია! – მიაყარა სწრაფად და როცა გაახსენდა, უძილობის ამბავში ტყუილი რომ არ გამოსვლია, ძლივს შეიკავა ღიმილი. – მეც არ ვიცი, რა დამემართა!
– შენს თავს აღარ ჰგავხარ, ელე... – ამოიოხრა კაცმა და ისე ჩამოუჯდა მაგიდაზე, ზედმეტად ახლოს რომ ყოფილიყო მასთან. – არ მეგონა, ყოფილი ქმრის გვერდით მუშაობა შენზე ასე თუ იმოქმედებდა.
– გთხოვ, არ გვინდა ამაზე...
– მოხდა რამე? – სწრაფადვე შეეცვალა მზერა. როგორ არ ცდილობდა, მაგრამ მაინც ვერაფრით ახერხებდა ელენესადმი არსებული გრძნობების დაფარვას.
– ახალი არაფერი... – ჩაეღიმა „მწარედ“. – როგორც ყოველთვის, ერთსა და იმავე თემაზე ჩხუბი, დაუსრულებლად...
– ელე, ხომ იცი, შეგიძლია, რომ მენდო...
– სწორედ ამის გამო არ ვწერ განცხადებას წასვლის თაობაზე...
– რა? – აღმოხდა გაოგნებულს. – რა განცხადებას, ელენე? ხვდები მაინც, რას ამბობ?
– ნუ ღელავ, ჩემი ნებით აქედან არასდროს წავალ! ხომ იცი, აქაურობა ჩემთვის მხოლოდ სამსახური კი არა, მეორე ოჯახიცაა!
– დემნა გთხოვს წასვლას?
– მოითხოვს...
– ელენე, გაშვებით ვერ გავუშვებ, მაგრამ...
– არა, გთხოვ, აღარ გვინდა ამაზე... – გაუღიმა სწრაფადვე, როცა შეატყო, ლამის ზედმეტად რომ შეტოპა. ოქროს შუალედი უნდა დაეცვა, ეს კი არცთუ ისე მარტივი იყო.
– მაგრამ...
– გიორგი, ძალიან გთხოვ! მოვრჩეთ! შენთან სხვა საქმეზე ვარ მოსული...
– რასთან დაკავშირებით?
– გუშინდელის გამოსწორება მინდა... არ ვიცი, შევძლებ თუ არა ამას, მით უმეტეს, ჩემი სამარცხვინო საქციელის შემდეგ, მაგრამ... იქნებ დაელაპარაკო ბატონ დავითს? ძალიან გაბრაზდა?
– ვუთხარი, რომ მოულოდნელად შვილი გაგიხდა ავად და ამის გამო ვერ მოახერხე მისვლა... – ამოიოხრა და გამკიცხავად გაიქნია თავი. – შენ გამწირე, მე, ვერა...
– სწორედ ამიტომ მინდა დანაშაულის გამოსყიდვა... შეძლებ, ხელახლა რომ შეუთანხმდე ვახშამზე? მთელი დილა მის კომპანიაზე ვარკვევდი დეტალებს და...
– რას არკვევდი? – შეაწყვეტინა სწრაფადვე, რითაც უფრო მეტად მიიქცია ლენას ყურადღება.
– ძირითადად იმას, როგორ უნდა მოვახერხო მისი დარწმუნება, მაქსიმალურად ხანგრძლივი კონტრაქტის გაფორმებაზე რომ დავითანხმო! ამაში კი უფროსის დახმარება დამჭირდება. – გაუღიმა, ამჯერად გულწრფელად, რადგან ღვინიანიძეზე გასასვლელად, ნამდვილად სჭირდებოდა მისი დახმარება.
და არც დასჭირვებია დიდხანს ლოდინი. არც დემნასთვის უთქვამს, რას აპირებდა, სანამ საბოლოო პასუხს გაიგებდა, თუმცა ამის შემდეგ უფრო დაეჭვდა, ღირდა თუ არა საერთოდ თქმა. ისედაც იცოდა, მტკიცე უარს რომ მიიღებდა მისგან, ჯერ იჩხუბებდნენ, შემდეგ ერთმანეთის დარწმუნებას შეეცდებოდნენ, ბოლოს კი, მაინც ისე მოიქცეოდა, როგორც თვითონ უნდოდა. სწორედ ასეთი იყო გეგმაც, სანამ დარასელი შეხვედრის დეტალებს მოაგვარებდა, მაგრამ მოგვიანებით, უფროსის ზარმა რომ აუმღერა მობილური და გახარებულმა უთხრა, ყველაფერი მოვაგვარე, თუ შენ თანახმა იქნებიო, იმ მომენტში ვერც კი იფიქრებდა, რატომ უნდა ყოფილიყო წინააღმდეგი.
– ვერ ვხვდები, რას გულისხმობ. – და არც გიორგისთვის მორიდებია შეკითხვის დასმა.
– ცოტათი უცნაური კაცია და არ ვიცი, შენი ფიცხი ხასიათიდან გამომდინარე, რამდენად თანახმა იქნები მის წინადადებაზე...
– გიორგი, უკვე გითხარი, ყველაფერს გავაკეთებ საკუთარი დანაშაულის გამოსასწორებლად. მითხარი, რა თქვა ამისთანა, წყალქვეშა ხომალდზე უნდა ვახშამი თუ რატომ მაპარებ ასე?! – ჩაეცინა, მაგრამ პასუხის მოსმენის შემდეგ ღიმილის სურვილიც კი დაკარგა...
– ხომალდზე არა, თუმცა საკუთარ სახლში კი ნამდვილად გეპატიჟება, ხვალ, საღამოს რვაზე...
გაგრძელება იქნება პარასკევს
ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი