– არ წახვალ! – ვერაფრით იჯერებდა დემნა, საერთოდ რომ უწევდათ ამ თემაზე საუბარი.
მდუღარეს გადავლება იგრძნო ელენეს სიტყვების მოსმენისას და ეგონა, ტვინში სისხლი ჩაექცეოდა. ეს როგორ უნდა დაეშვა?! საკუთარი ხელით როგორ ჩაებარებინა მოსისხლე მტრისათვის საყვარელი ქალი?!
– წავალ, დემნა და ძალიან კარგად იცი ეს! – ქალი კი, ისეთი კატეგორიული იყო, ხმაზევე ეტყობოდა, რომ აზრიც არ ჰქონდა შეწინააღმდეგებას.
– ელენე, არ გაგიშვებ! – თუმცა, არც ხერგიანი კარგავდა პოზიციას. – ხვდები მაინც, რას მეუბნები?! ეგ კაცი, დიდი ალბათობით, ჩვენი შვილის მკვლელია! და შენ გინდა, მასთან მარტო გაგიშვა?!
– ზუსტად მაგიტომ უნდა წავიდე. – წარბსაც არ იხრიდა, ისე პასუხობდა. – შენ თუ ყველაფერი შეწირე ამ საქმის გამოძიებას, მეც მაქვს ამის უფლება! მით უმეტეს, რომ ასე აშკარად არაფერს დამიშავებენ.
– დაგავიწყდა, რომ არაფერს ერიდებიან?
– დემნა, მაინც წავალ! – თვალი თვალში გაუყარა და მეტი დამაჯერებლობისათვის, ყავაც მოსვა, პაუზა რომ შთამბეჭდავი გამოსვლოდა.
– მაშინ მეც წამოგყვები!
– კი, როგორ არა! – გაეცინა გულწრფელად. – ვეტყვი, დამტოვებელი არავინ მყავდა და წამოვიყვანე-მეთქი. არა მგონია, რამე იეჭვოს!
– ნუ დამცინი!
– გეკადრება?! ამხელა იურისტ კაცს დაცინვას გაგიბედავ?!
– ლენა, გეყოფა! – თვითონაც გაეცინა ბოლოს, საკუთარი ნათქვამის კომიკურობა რომ გაიაზრა. თუმცა, როგორი არაორდინარულიც უნდა ყოფილიყო ეს იდეა, ზუსტად იცოდა, ყველაფერს გააკეთებდა, თუმცა ქალს იქ მარტოს არაფრის დიდებით არ გაუშვებდა!
– მომისმინე... არაფერი მოხდება, ბიზნესპარტნიორია და წარმოდგენაც არ აქვს, მე თუ სხვა ინფორმაციასაც ვფლობ მის შესახებ. საერთოდაც, ჩვენი ურთიერთობის შესახებაც არავინ იცის. პირიქით, ჰგონიათ, რომ შენი დანახვაც არ მინდა...
– შესანიშნავია, ვერაფერს ვიტყვი!
– ნუ მაწყვეტინებ! – თვალები დაქაჩა და ისე გააგრძელა. – და ეს ასეც უნდა დარჩეს. არ გვჭირდება ახლა ზედმეტი ეჭვები.
– ელენე, მეჩვენება თუ საკუთარ საქმეს მასწავლი?!
– არაფერსაც არ გასწავლი, გეუბნები! და დამაცადე, რომ ბოლომდე ვთქვა! მოკლედ, წავალ დღეს იმ ვახშამზე და ყველაფერს მოგიყვები. მაქსიმალურად ფრთხილად ვიმოქმედებ, თუ რამე საეჭვოს შევნიშნავ, შენ გარეშე არაფერს მოვიმოქმედებ.
– და შენს იმპულსურ ხასიათს რა ვუყოთ?! – ამოიოხრა ისე, აშკარად დანებებას აპირებდა. – ლენ, გამიგე, ასეთ საფრთხეში ვერ ჩაგაგდებ!
– მორჩი საკუთარ თავზე ყველაფრის აღებას! არ მაგდებ საფრთხეში. უბრალოდ, ერთად ვცდილობთ იმ ამბის გახსნას, რომელმაც დაგვანგრია და ყველაფერი წაგვართვა.
– რაღაც იდეა მაქვს... – წარმოთქვა ჩაფიქრებულმა. ასეთი რაღაც არაერთხელ გაუკეთებიათ პროკურატურაში მუშაობისას. მართალია, ახლა ცოტათი გაჭირდებოდა, თუმცა გარისკვად ნამდვილად ღირდა.
– ყველაფერზე თანახმა ვარ! – მხრები აიჩეჩა ლენამ და სავარძლის საზურგეზე გადაწვა.
და მართლაც, ყველაფერზე იყო წამსვლელი საიმისოდ, ნამდვილი დამნაშავის ვინაობა რომ გაეგოთ. მართალია, დემნას სულ ამ თემაზე ეკამათებოდა, სულ სთხოვდა, რომ შეშვებოდა, ისიც კარგად იცოდა, როგორ საშიშ ხალხთან ჰქონდათ საქმე და იმასაც აცნობიერებდა, ერთ არასწორ ნაბიჯსაც დიდი სასჯელი რომ მოჰყვებოდა, თუმცა, ეს ის სიტუაცია იყო, როცა რისკი ვალდებულებას წარმოადგენდა. და სხვა რომ ყველაფერი დაევიწყებინა, მხოლოდ იმიტომ უნდა გაეკეთებინა ყველაფერი, რომ დედა იყო. დედა, რომელსაც ლილუ უნდა დაეცვა და დედა, რომელსაც შვილის მკვლელი უნდა დაესაჯა...
* * *
ორი დღე არ გამოჩენილა სახლში დემნა. ორი დღე ეძებდა ელენე სასოწარკვეთილი. არც შუაღამისას გეგასა და ნინას სახლში მივარდნას მორიდებია, არც ქმრის ყოფილ უფროსთან დარეკვას, ისეთ მდგომარეობაში იყო, აღარაფერი ადარდებდა, მისი პოვნის გარდა. დაგვიანებები ბოლო დროს კი სჩვეოდა, ქალაქიდან უეცარი გასვლებიც, მაგრამ გამორიცხულია, ეს გაფრთხილების გარეშე გაეკეთებინა. რა დროც უნდა ყოფილიყო, ყოველთვის ურეკავდა, რომ არ ენერვიულა. ასეთი შემთხვევა კი არასდროს ყოფილა.
ელაპარაკა კიდეც გაუჩინარებამდე. ისე უჩვეულოდ მშვიდად დაურეკა და ჰკითხა, რამე ხომ არ წამოვიღოო, ეუცნაურა კიდეც ელენეს მისი სიმშვიდე. ოდნავადაც არ ეტყობოდა ხმაზე, რამე თუ ხდებოდა. პირიქით, თითქოს, ახარებდა კიდეც რაღაც. რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი. ზედმეტად კარგად იცნობდა საიმისოდ, ეს რომ ვერ შეემჩნია. გამორიცხულია, ამ ყველაფრის შემდეგ ასე უეცრად, უმიზეზოდ და უკვალოდ გამქრალიყო.
– ელენ, პოლიციაშიც შევიტანეთ განცხადება და ყველა საავადმყოფოც გადავამოწმე. აუცილებლად გამოჩნდება... – ისე ამაოდ ცდილობდა გეგა მის დამშვიდებას, თავადაც იცოდა, არ გამოუვიდოდა, თუმცა, იმედს მაინც არ კარგავდა.
– იმათი გაკეთებულია... – იმეორებდა უემოციოდ, ერთ წერტილს მიშტერებული და ისე მონოტონურად ირხეოდა წინ და უკან, ვერც აცნობიერებდა, რას აკეთებდა.
– ელე, ცოდო ხარ, ცოტა მაინც დაიძინე, გთხოვ... ხომ იცი, ახლა არაფრით შეიძლება შენთვის ნერვიულობა... – თმაზე ხელს უსვამდა ნინა, მაგრამ არც მის სიტყვებს ჰქონდა შედეგი.
– გეგა, გეხვეწები, კიდევ ერთხელ გადაამოწმონ. გული მიგრძნობს...
– ელენ, ყველგან ეძებენ. პროკურატურაც ჩაერთო...
– ეგენი ვერ იპოვიან! – წამოიძახა გაბრაზებულმა. – ეგენი არც მოძებნიან! მაგათ აწყობთ კიდეც ეს ამბავი! შენ ხომ მაინც იცი რაც ხდება, არა? შენ ხომ იცი, გეგა?! რატომ ვერ ხვდები?!
– დედიკო, მეძინება... – შეშინებულმა წაილაპარაკა ლილუმ. ამ არეულობაში ვეღარავინ მოიცალა მისთვის და ისე საწყლად იჯდა კუთხეში, გაკვირვებისგან გაფართოებული თვალებით შესცქეროდა ატირებულ დედას და ვერ გაეგო, რატომ არ მოდიოდა მამა. არც სანდროსთან თამაში უნდოდა და ბებია-ბაბუასთანაც არაფრით დარჩა. იჯდა თავისთვის, სანამ ვეღარაფრით შეძლო მთქნარების შეკავება.
– წამოდი, საყვარელო, მე დაგაძინებ! – ხელში აიტაცა ნინამ. – იცი, როგორი საინტერესო ახალი ზღაპარი ვისწავლე? – მუცელზე უღუტუნებდა და ცდილობდა, როგორმე გაერთო, თუმცა აშკარად გრძნობდა, უადგილო რომ იყო მისი ხელოვნური მხიარულება.
– დედასთან მინდა... – ბავშვმა კი, სატირლად რომ გადმობრიცა ქვედა ტუჩი, ვეღარავინ შეძლო მისი დამშვიდება, სანამ ისევ ელენემ არ გაიყვანა დასაძინებლად.
გრძნობდა, როგორი დამნაშავე იყო ლილუსთან. როგორ ძალიანაც უნდა ყვარებოდა მამამისი, როგორი მნიშვნელოვანი ადამიანიც უნდა ყოფილიყო დემნა მხოლოდ მისთვის კი არა, მათი შვილისთვისაც, მაინც უნდა შესძლებოდა, დროებით მაინც გასცლოდა. ზედმეტად რისკავდა... არ შეიძლებოდა ასე გათამამება იმ ხალხთან, ასე აშკარად რომ აგრძნობინებდნენ საფრთხის არსებობას.
ვერ ახერხებდა, ყოფილიყო კარგი დედა და ყველაფერი დაევიწყებინა, შვილის გარდა. არ შეეძლო... უნდოდა, მთელი შეგნებით უნდოდა. უფიქრია კიდეც ამაზე. შუაღამისასაც გაღვიძებია და აღარაფერი უკლდა ადგომას, ჩემოდნის ჩალაგებას და უკანმოუხედავად კარის გახურვას, თუმცა შემდეგ გვერდით მწოლის სახეს მოკრავდა თვალს, ძილშიც რომ შეკრული ჰქონდა წარბები და ის სიმშვიდე დაეკარგა, ასე ძალიან რომ უყვარდა. ყველაფერი უაზროდ ეჩვენებოდა ამის შემდეგ - თავგანწირვაც, სადმე წასვლაც, ის ხელოვნური ბედნიერებაც, მის გარეშე რომ უნდა შეექმნა შვილისთვის. აღარაფერს ჰქონდა აზრი. იცოდა, ვერ შეძლებდა. ვერ გადააბიჯებდა. იმდენად დიდი იყო, იმდენი იყო დემნა მისთვის, ყველაფერი მოეცვა, ყველა უჯრედი, ყველა მოლეკულა. ყველგან გრძნობდა, ყველგან იყო, ჰაერიც კი მისით იყო გაჯერებული და ჯიუტად არწმუნებდა საკუთარ თავს, როგორი რთული სიტუაციაც უნდა ყოფილიყო რეალურად, მის გვერდით მაინც არ ემუქრებოდათ საფრთხე...
ეს წარმოდგენები მაშინ შეერყა ყველაზე მძაფრად, მესამე ღამეს რომ საკეტში გასაღების გადატრიალების ხმა გაიგონა და ვერც გაიაზრა, ისე სწრაფად როგორ გაჩნდა კართან ასვეტილი. სუნთქვაც კი შეეკრა, სანამ მის სახეს დაინახავდა. ვერ იჯერებდა... არ შეეძლო დაეჯერებინა, საღსალამათი რომ დაუბრუნდა და არაფერი სჭირდა. ისე აეკრა, შიგნით შემოსვლის საშუალებაც კი არ მისცა. მთელი ძალით ხვევდა მუშტად შეკრულ ხელებს და ვერაფრით ახერხებდა მოშორებას. ხარბად ისუნთქავდა მის ჰაერს და იმ მომენტში არაფერი სჭირდებოდა ბედნიერებისთვის მეტი.
– უშენოდ მოვკვდები! – უჩურჩულა კისერში თავჩარგულმა და კიდევ უფრო ძლიერად რომ მოეხვია, საბოლოოდ გატყდა დემნა.
დიდხანს ითმინა. მაქსიმალურად ცდილობდა თავის შეკავებას. არ უნდოდა ელენეს ნერვიულობა. ასეთ მდგომარეობაში ვალდებულიც კი იყო, სანერვიულო რომ აეცილებინა მისთვის. დამაჯერებელი ტყუილიც კი მოფიქრებული ჰქონდა და მზად იყო, საკუთარ თავზე აეღო ყველაფერი. ეჩხუბათ, მაგრამ რეალური მიზეზი არ გაეგო. გული ეტკინა, თუმცა არ ეთქვა, რა მოხდა რეალურად.
ბოლოს მაინც ვერ შეძლო. კბილებს ძლიერად აჭერდა ერთმანეთს, ტკივილით გამოწვეული ღმუილი რომ ჩაეხშო, მაგრამ მეტს ვეღარ გაუძლო და ლენაც იმ წამსვე მოშორდა. შეუძლებელი იყო, ვერ გაეგო.
– რა გიქნეს... – ჰკითხა სიმწრის ღიმილით, ნიკაპაკანკალებულმა. ვერც ახერხებდა გამომეტყველების დამორჩილებას, იმდენად მძაფრი იყო შიში, რომ მისი ვარაუდი გამართლდებოდა.
– არაფერი, უბრალოდ, შენ გახდი ძალიან ძლიერი! – გაუცინა და ოთახში შესვლა სცადა, წინ რომ გადაუდგა ქალი.
– დემნა, ნუ მასულელებ! რა გიქნეს! რაღაც გჭირს!
– არაფერი არ მჭირს, ლენ, ხომ მხედავ, არა? ნაკაწრიც კი არ მაქვს!
– შეიხსენი პერანგი!
– ლენა...
– ახლავე შეიხსენი პერანგი!
– მისმინე, მეც ძალიან მომენატრე, მაგრამ... – გახედა თვალებდაწვრილებულმა, თუმცა არც ამან გაჭრა. ზედმეტად ხელოვნური იყო მისი ღიმილიც, ხუმრობებიც. ან, უბრალოდ, ელენე იცნობდა საკმარისად კარგად, ეს რომ დაეჯერებინა.
აღარც დაელოდა, ისე სწრაფად შეუხსნა ღილები და ხერგიანიც მიხვდა, აზრი რომ არ ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევას. ძარღვებდაჭიმული ელოდა საყვარელი ქალის ატირებას და თავი სძულდა იმის გამო, არაფრის გაკეთება რომ არ შეეძლო ამის თავიდან ასარიდებლად. არ შეეძლო დაემშვიდებინა და ეთქვა, რომ არაფერია, ხდება ხოლმე, ვის არ მოსვლია. არ შეეძლო მოეტყუებინა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და მალე გაივლის. თვითონაც აღარ სჯეროდა უკვე ამის. ზედმეტად ცხადად მიახვედრეს, ძალიან რომ შეტოპა და დრო იყო, გაჩერებულიყო და მიუხედავად იმისა, იქიდან გამოსვლის მომენტიდანვე რომ იცოდა, მაინც არ დანებდებოდა, ელენეს მაინც ვეღარ გარევდა ამ ყველაფერში.
– ასე როგორ გაგიმეტეს... – ამოიტირა ლენამ, ვეღარაფრით რომ შეძლო ემოციების მოთოკვა და ჩაიკეცებოდა კიდეც, ალბათ, დროულად რომ არ მოესწრო ქმარს ხელის შევლება. – სპეციალურად არ დაგარტყეს სახეზე, რომ არაფერი დაგმჩნეოდა, მაგრამ მაინც არ დაგინდეს...
გაგრძელება იქნება სამშაბათს