– ელენე, დამშვიდდი, გთხოვ... არაფერია...
– როგორ დავმშვიდდე! როგორ დავმშვიდდე დემნა, შეხედე, რა დღეში ხარ! რანაირად არის ეს არაფერი, მთელ სხეულზე სილურჯეები და სისხლჩაქცევები გაქვს! ან საერთოდ როგორ მოხვედი სახლამდე ასეთ მდგომარეობაში?! – ტიროდა, ისტერიკის პირას მყოფი და ისე უსვამდა აკანკალებულ თითებს, ცდილობდა, კიდევ უფრო არ ეტკინა.
– ლენა, გეყოფა! არ შეიძლება შენთვის ნერვიულობა, დამშვიდდი...
– გაჩერდი! – წამოდგა გამწარებული. – არ შეიძლება, მაგრამ მითხარი, როგორ არ ვინერვიულო? მოგკლავენ! ბოლოს მაგაზეც აღარ დაიხევენ უკან და მოგკლავენ! საკუთარი თავი თუ არ გეცოდება, მე რატომ მექცევი ასე? ხომ დამპირდი, დემნა?! ხომ დამპირდი, რომ გულს არასდროს მატკენდი. არასდროს დამტოვებდი მარტო! ხომ მითხარი, რომ გასჭირშიც ჩემ გვერდით იქნებოდი! ახლა რატომ მტოვებ!
– ელენე, ახლა შენ ისტერიკა...
– ნუ მაჩერებ! – დაუყვირა ისე, ხვდებოდა, ახლა რომ ერთიანად არ ამოეღო ყველაფერი, გაიგუდებოდა. – არ მოგცემ უფლებას, საკუთარი თავი წამართვა! გამოგაფხიზლებ! რადაც არ უნდა დამიჯდეს, დაგანახებ, რომ მათზე მნიშვნელოვანი ოჯახია! და დაგვკარგავ, ამ საქმეს თუ არ შეეშვები!
– გთხოვ...
– არა, დემნა! საკმარისია! ყოველთვის გიგებდი, ყველაფერში გვერდით გედექი, მაგრამ ახლა, მართლა საკმარისია! არ შემიძლია ველოდო, როდის დამიკაკუნებენ და მეტყვიან, ძალიან ვწუხვარ, ქალბატონო, მაგრამ თქვენი მეუღლის გვამი იპოვესო! არ შემიძლია ლილუს ყოველ ღამე ვატყუო, რომ მამა კარგადაა და აუცილებლად მოვა, როცა დაიძინებს. შენზე უკეთ არავინ იცის, ასე შორს სხვა რომ არავინ წამოგყვებოდა! და ახლა, ვალდებული ხარ, შენც წამომყვე!
– დამშვიდდი, ძალიან გთხოვ. ნუ ნერვიულობ ასე. დამშვიდდი, ნუ ტირი და ისე ვილაპარაკოთ, ლენა. მაშინებ უკვე! – ხვდებოდა, რომ აღარაფერს ჰქონდა აზრი. საბოლოოდ, მაინც მივიდნენ იქამდე, რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა. და ისიც იცოდა, ყველაფერში მართალი რომ იყო ელენე. ერთი სიტყვაც არ უთქვამს არასწორი. თვითონ იქცეოდა ჯიუტი ბავშვივით და დრო იყო, შეეწყვიტა იმ სათამაშოს გამო ტირილი და ფეხების ბაკუნი, რომელსაც აღარ დაუბრუნებდნენ...
– დამპირდი...
– ლენ...
– დამპირდი, რომ აქედან წავალთ. წავიდეთ გერმანიაში! ხომ გაქვს იქ სახლი! წავიყვანოთ ლილუ და წავიდეთ! იქ ვიყოთ, სანამ ყველაფერი არ ჩაწყნარდება. გთხოვ, დემნა. საკუთარი ოჯახისთვისაც იბრძოლე ისე, როგორც იმ საქმისთვის იბრძვი. დამპირდი!
– წავიდეთ... – ამოიოხრა ბოლოს. სხვა გზა აღარ ჰქონდა. მეტად, ვეღარ გარისკავდა. – ბოლო დეტალებს დავასრულებ, სხვას...
– არა! არავითარი დეტალები!
– ელენე, გპირდები, რომ წავალთ!
– ხვალვე!
– ხვალვე არ გამოვა და იცი ეს ძალიან კარგად... საბუთებიც მოსაწესრიგებელი გვაქვს, ექიმთანაც მისასვლელი ხარ, ძალიანაც რომ მინდოდეს, მაინც ვერ წავალთ ხვალ...
– დემნა, კიდეც დაგვიშავებენ რამეს მანამდე...
– ვერაფერს დაგიშავებენ. გპირდები. ყველაფერს მოვაგვარებ, საქმეს დავხურავ და შემდეგ, მე, შენ, ლილუ და ჩვენი პატარა, ერთად გავფრინდებით გერმანიაში. დამიჯერე...
– შენი მჯერა... – ამოიოხრა ღიმილით, თუმცა, აწყლიანებული თვალები ოდნავადაც არ უღიმოდნენ. – იმათი. არა. – დაამატა ბოლოს და ისე გავიდა საძინებელში, აღარც დალოდებია, კიდევ უპასუხებდა თუ არა რამეს...
* * *
დიდხანს არ დასჭირვებია მომზადება. არ უნდოდა გადაჭარბება და არც იმას აპირებდა, ზედმეტად ჩვეულებრივად ჩაეცვა. ოქროს შუალედი უნდა დაეცვა, ოფიციალურსა და სექსუალური ქალის იმიჯს შორის.
სიმართლე ითქვას და, სძულდა საკუთარი გარეგნობით მანიპულირება. არასდროს, არც ერთი ადგილი არ მოუპოვებია ამის დამსახურებით და ყოველთვის ბრაზდებოდა, როცა ახალმისულს, ცერად გახედავდნენ და მის გონებრივ შესაძლებლობებზე მეტად, ფიზიკურს აფასებდნენ... ვერც იმას იტანდა, უტვინო, ქერა ბარბიდ რომ წარმოედგინათ და სათანადოდ არ აფასებდნენ. ასეთებს ყოველთვის ასწავლიდა, ყველა მითი რეალობას რომ არ შეესაბამება და დაჯერების წინ, გააზრებაა საჭირო.
ზედმეტი ხმაურის გარეშე, სარკასტული ღიმილითა და ირონიით გაჯერებული ფრაზებით ახერხებდა ისეთი შთაბეჭდილებას დატოვებას, მეორედ რომ აღარ გასჩენოდათ მასთან უშნოდ გახუმრების სურვილი და საკუთარი ადგილი სცოდნოდათ.
ახლა კი, ცოტა არ იყოს, შებოჭილად გრძნობდა თავს. ის უნდა გაეკეთებინა, რასაც სხვებში ვერ იტანდა. ეთვალთმაქცა და ენა კბილებს შორის მოექცია, როცა მწარე რეპლიკა მოადგებოდა.
შავი კაბა ჩაიცვა ბოლოს. ზომიერი დეკოლტეთი, ზომაზე მეტად შეხსნილი გვერდით. „პრადას“ ფეხსაცმელი შეუხამა და მაკიაჟიც ისეთი გაიკეთა, კაცი რომ დაებნია. ღიმილი არ შორდებოდა სახიდან, მის გამომეტყველებას რომ წარმოიდგენდა. პირველი შეხვედრა ისეთი ჰქონდათ, ოდნავადაც არ დაინდო და ახლა, ალბათ გააკვირვებდა, ასეთი ქალური ელენეს ნახვა.
სწორედ ეს უნდოდა თვითონაც! მართვის სადავეების ხელში აღება და ყველაფრის საკუთარი სურვილისამებრ წარმართვა. და ალბათ, არც გაუჭირდებოდა, მით უმეტეს, დემნას მოფიქრებული გეგმის დახმარებით.
ზოგჯერ, უკვირდა კიდეც, როგორ იგონებდა ასეთ ჩახლართულ ამბებს. თვითონაც უყვარდა გამოცანები, რებუსები, კვანძების გახსნა, მაგრამ ის, რასაც მისი ქმარი აკეთებდა, მეტისმეტი იყო. ეს შემთხვევაც მოწმობდა ამას და მართალია, ცოტათი ღელავდა დაკისრებული დავალების გამო, მაგრამ ამ რისკზეც მზად იყო, მიზნის მისაღწევად.
არ დაუგვიანია. დათქმულ დროს მივიდა ზუსტად და არც ხელოვნური ღიმილი აუკრავს, ღვინიანიძის კარზე რომ დააკაკუნა. საერთოდ არ შეცვლია გამომეტყველება. ერთადერთი, შინაგანად ღელავდა საშინლად, თორემ გარეგნულად, ეჭვსაც ვერ შეიტანდით, რამეს თუ გეგმავდა.
შავ კაბასა და თეთრ წინსაფარში გამოწყობილმა ახალგაზრდა ქალმა გაუღო კარი და ისე შეატარა, არც უკითხავს ვინაობა. აშკარა იყო, ყველანი რომ ემზადებოდნენ მის დასახვედრად და ამაში მაშინაც დარწმუნდა, მისაღებში ელეგანტურ კოსტიუმში გამოწყობილი ღვინიანიძე რომ გამოეცხადა.
– არ გეტყვით, რომ შესანიშნავად გამოიყურებით, რადგან ეს, თავადაც კარგად გეცოდინებათ! – უთხრა, გამარჯობის ნაცვლად და ისე გაუღიმა, მაშინვე დაუკარგა ამ შეხვედრას ოფიციალური სახე.
– კომპლიმენტებიც საინტერესო გცოდნიათ! – და არც ელენე ჩამორჩა. დავითს თუ ეგონა, სიტყვაში აჯობებდა, ძალიან ცდებოდა...
– თქვენ ჯერ კიდევ არ იცით, ელენე, როგორ საინტერესო პიროვნებასთან გაქვთ საქმე! – უპასუხა, ცალი წარბის აწევით და ფორმიან გოგოს რაღაც გადაულაპარაკა, ლენას კი, იდაყვში მოხრილი ხელი გაუწოდა. – ნება მომეცით...
– დავით, ძალიან გთხოვთ, იქნებ ეს ოფიციალური ტონი მოგვეშორებინა?!
– როგორც იქნა! – გაეცინა კაცს. – შვებით ამოვისუნთქე. ვცდილობდი, როგორმე შემომეპარებინა...
– არ არის არაფრის შემოპარება საჭირო! – ორაზროვნად ჩაეცინა მაჩაბელსაც. – ერთმანეთს პირდაპირ უნდა ვუთხრათ სათქმელი. ბოლოს და ბოლოს, ერთად მოგვიწევს მუშაობა!
– ანუ, დანებდი...
– ანუ, ვერაფერი ვიპოვე საეჭვო!
– ძალიან კარგი... არ მიყვარს, როცა პარტნიორებთან დაძაბული ურთიერთობა მაქვს... – გაუღიმა და მისაღებში, ორისათვის გაშლილ მაგიდასთან მიაცილა.
ისეთი სახლი ჰქონდა, მცირე დეტალებშიც კი ჩანდა, როგორ უყვარდა საკუთარ სიმდიდრეზე ხაზის გასმა. არაფერი იყო უბრალო, არაფერი ჩვეულებრივი. ალბათ, დანა – ჩანგალიც კი ვერცხლის ეწყო და ძლივს იკავებდა ელენე თავს, სახეზე რომ არ შემჩნეოდა რამე. რა თქმა უნდა, არ ელოდა, ასეთი დონის ბიზნესმენი ქოხში რომ იცხოვრებდა, მაგრამ ზომიერება უყვარდა ყველაფერში, რასაც, ღვინიანიძე, აშკარად უარყოფდა.
– ჩვენი დაზავების აღსანიშნავად, დღეს მთელს ევროპაში საუკეთესო თევზზე გეპატიჟები!
– ანუ, მხოლოდ საკუთარ თავს არ აფასებ გადაჭარბებულად! – გაეცინა ლენას. არაფერი ეტყობოდა ამ თევზს განსაკუთრებულის. მით უმეტეს, რომ დიდად არც უყვარდა. არა, ხომ შეიძლებოდა, ასე დამოუკიდებლად არ შეერჩია მენიუ?!
– არა, ჩემო ელენე, მე ყველაფერს რეალურად ვაფასებ! მათ შორის, იმ ხალხსაც, ვინც მემსახურება!
– დარწმუნებული ვარ, ბევრ რამეში გეხმარება...
– ნამდვილად. არ მიყვარს ფუჭი იმედების დასახვა და არც უაზრო პესიმიზმი მახასიათებს. არც ამპარტავანი ვარ და არც თავმდაბალი. ვერავის შევეწინააღმდეგები, როცა მაქებს, რადგან რეალურად, ამას ვიმსახურებ. მთელი ჩემი კარიერა ჩემი დამსახურებაა. ყველაფერი, რაც გამაჩნია, ჩემი დამსახურებაა! ისიც კი ჩემი დამსახურებაა, არავინ რომ არ დამხმარებია!
– რაღაცით გავხართ შენ და გიორგი ერთმანეთს... – ტექნიკურად გადაიტანა თემა, მისთვის საინტერესოზე. კიდევ ცოტახანს რომ ესმინა ღვინიანიძისთვის, ალბათ, მეტს ვეღარ გაუძლებდა და პირში მიახლიდა ყველაფერს.
– ალბათ, ამიტომაც გვესმის ასე კარგად ერთმანეთის...
– სიმართლე გითხრა, მე შენს შესახებ აქამდე არაფერი ვიცოდი ჩემი უფროსისგან. ანუ, იმას ვგულისხმობ, რომ წარმოდგენაც არ მქონდა, შენნაირი მეგობარი თუ ჰყავდა.
– ბევრი იცი, გიორგის მეგობრების შესახებ? – სასხვათაშორისოდ შენიშნა კაცმა და ისე მოსვა თეთრი ღვინო, მზერა არ მოუშორებია ლენასთვის.
– ჩვენ მხოლოდ თანამშრომლები არ ვართ... ვმეგობრობთ კიდეც.
– ვიცი, ელენე.
– სწორედ მის გამო ვარ აქაც.
– ვერ მიგიხვდი...
– შემეშალა თქვენთან. ორივესთან... საკუთარ პრობლემებზე გაბრაზებულმა, ნერვები ვერ მოვთოკე და შეცდომა დავუშვი...
– ყოფილი ქმარი... – ჩაეცინა დავითს. – ძნელია ისეთი ადამიანის გვერდით მუშაობა, ვინც შენი ცხოვრებიდან გააქრე. ხომ ასეა?
– საშინელი! სამსახურიდან წასვლასაც კი ვაპირებდი...
– რას ამბობ!
– გიორგისთვის არ მითქვამს, მაგრამ სერიოზულად ვფიქრობდი ამაზე. აუტანელია ეს ყველაფერი ჩემთვის! მუდმივი კონტროლი, ყველასა და ყველაფერზე ეჭვიანობა... არ შემიძლია...
– ეჭვიანობა?
– არ მინდა ჩემი პრობლემები მოგახვიო თავს... – ისე დახარა თვალები, დემნას რომ მისი მსახიობობა დაენახა, მოსაბრუნებელი გახდებოდა იმდენს იცინებდა. ზედმეტად შეიჭრა როლში და თვითონაც ძლივს იკავებდა სიცილს.
– ელე, მგონი, ეს ვახშამი ჩვენი დამეგობრების აღსანიშნავია. თუ, ვცდები? შეგიძლია, მენდო...
– ძალიან მეუხერხულება. გეფიცები, არ გამიკვირდება, აქაც რომ მომადგეს და სცენები გამართოს! ისე მრცხვენია გიორგისთან. წარმოუდგენლად იქცევა დემნა! ჯერ კიდევ ვერ შეიგნო, რომ მასთან შვილის გარდა აღარაფერი მაკავშირებს. ეჭვიანობით რომ ვერაფერს გახდა, სისულელეების მოგონებაც კი დაიწყო, თითქოს, ჩემს უსაფრთოებაზე ზრუნავს.
– ვერაფერი გავიგე... – საერთოდ დაიბნა კაცი. არც ელოდა ამ კუთხით საუბრის წარმართვას, თუმცა, რადგან თვითონაც აწყობდა, გაღრმავების საშუალება მისცა.
– რაღაც საქმეს იძიებდა წლების წინ... დღემდე იმაზე ფიქრობს და ყველა წარმატებულ ბიზნესმენში პოტენციურ დამნაშავეს ეძებს...
– რთული შემთხვევაა... – გაეცინა, მაგრამ ლენამ კარგად დააფიქსირა, როგორ შეეცვალა სახე. – რატომ არაფერს ჭამ? არ გიყვარს თევზი?!
– როგორ არა... – გაუღიმა და ნაძალადევად წაიღო პირისკენ მომცრო ლუკმა. – გემრიელია...
– ხომ გეუბნებოდი! ჰოდა, მოდი, ჩვენი ურთიერთობის დალაგების სადღეგრძელოც შევსვათ... – გააგრძელა ომახიანად და ის იყო, ელენეს ბოკლისათვის საკუთარი უნდა მიეჭახუნებინა, უცნაური ხმაური რომ ატყდა ეზოში.
ჯერ, სიგნალიზაცია ჩაირთო, შემდეგ, დაცვის ბიჭებმა დაიწყეს წინ და უკან სირბილი, ბოლოს კი, ძაღლებიც რომ აყეფდნენ, ღიმილი სახეზე შეეყინა ღვინიანიძეს. ბოდიშის მოხდით დატოვა ელენე და ისე სწრაფად გაუჩინარდა, ალბათ, გული უგრძნობდა, ზედმეტად სერიოზულად რომ იყო საქმე.
– ჯანდაბა, დემნა, ჯანდაბა! – აბურტყუნდა ქალი. – ესეც შენი გეგმა! არანორმალური!
წინ და უკან მოჰყვა სიარულს, ანერვიულებული და არც შეუმჩნევია, როდის დაბრუნდა მასპინძელი. ხელის გულებიც კი გაუოფლიანდა დაძაბულობისგან და დავითის ხელი რომ იგრძნო მხარზე, ისე შეხტა, ცოტაც და, წამოიკივლებდა კიდეც.
– როგორ შემაშინე! – გულზე მიიდო ხელი, ფერდაკარგულმა. – რა მოხდა, მშვიდობაა?
– მაპატიე, არ მინდოდა შენი შეშინება.
– მშვიდობაა? – დაძაბულმა გაუმეორა ის შეკითხვა, რომლის პასუხიც აინტერესებდა ახლა ყველაზე მეტად. ოღონდ ის არ იყოს, რაც ჰგონია... ოღონდ ეს გეგმა არ ჩაუვარდეთ!
– ნუ ღელავ, ელენე, თავიდანვე ვიზრუნე იმაზე, ჩიტიც რომ ვერ შემოფრინდეს ჩემს სახლში უნებართვოდ!
– არ თქვა, რომ...
– ნუ ღელავ. ყველაფერი მოაგვარეს. არ ვიცი ვინ იყო და აუცილებლად გავიგებ, მაგრამ უკვე ვაფასებ მის ამბიციებს! – ჩაეცინა კმაყოფილს. – დიდი გამბედაობა სჭირდება, დავით ღვინიანიძეს შეუვარდე სახლში!
– დაიჭირეთ? – ჰკითხა და ძლივს გადააგორა ყელში ნერწყვი. ჯანდაბა, დემნა!
– დაიჭერენ. ჩვენ კი, მოდი, ვახშამი გავაგრძელოთ და გთხოვ, თავს ნუ დაიღლი იმაზე ფიქრით, რაც არ გეხება. და ნურც ინერვიულებ, რადგან გახსოვდეს, იმ ადამიანს, ვინც ჩამაბარეს, ნებისმიერ ფასად დავიცავ.
– ჩაგაბარეს?
– არ გინდა... თავადაც ხვდები ყველაფერს... – უპასუხა ორაზროვნად, თუმცა, ალბათ, წარმოდგენაც არ ჰქონდა, რამდენ რამეს ხვდებოდა ელენე სინამდვილეში. და რამდენ რამეს გაიგებდნენ კიდევ, გეგმას რომ ხარვეზების გარეშე ემუშავა...
გაგრძელება იქნება პარასკევს
ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი