სტუმარი გააცილა თუ არა, მაშინვე ყველა ოთახს დაუარა ღვინიანიძემ. როგორ ვერ გაითვალისწინა, ეს რომ მოხდებოდა?! ხომ იცოდა, ის კაცი კიდევ რომ აგრძელებდა საქმის გამოძიებას, რატომ გარისკა ასე?
მართალია, დაცვის ხალხმა დაარწმუნა, არაფერი მომხდარა, შიგნით შემოღწევა წესიერად ვერც მოახერხაო, თუმცა, უფროსისგან მიღებულმა წერილმა უფრო ააღელვა, ვიდრე დაუპატიჟებელმა სტუმარმა.
საგრძნობლად უახლოვდებოდნენ უკვე. მხოლოდ მას კი არა, ყველას. ისეთ კვალზე იდგა ხერგიანი, სულ ცოტაღა აშორებდა ფინიშამდე და ხვდებოდნენ, ამჯერად მხოლოდ მუქარებით რომ ვეღარ გამოძვრებოდნენ. ერთადერთი გზა რჩებოდათ, დავითი კი, ვერაფრით ხვდებოდა, რატომ წელავდა უფროსი ასე ძალიან ამ ამბავს, როცა ერთი მარტივი მოძრაობით, სასხლეტზე თითის გამოკვრით შეეძლო ყველაფრის დამთავრება და მთავარი მტრის მოშორება.
– ყველა კამერის ჩანაწერი მჭირდება, ახლავე! – უბრძანა გადაჭრით და ისე შეიკეტა საკუთარ კაბინეტში, ჯერ კიდევ წერილზე ფიქრობდა.
„ნუ დაივიწყებ მთავარ წესს: თამაშის დასასრულებლად, მისი ბოლომდე მიყვანაა საჭირო...“
არასდროს ესმოდა ამ ადამიანის. ემორჩილებოდა, ყველაფერს აკეთებდა მისთვის, მისი უზენაესობაც ხიბლავდა და შიშსაც გვრიდა ამავდროულად, თუმცა, ზოგ საკითხში მაინც ვერ უგებდა. შემდეგ, ფიქრობდა, რომ ზედმეტად უღრმავდებოდა ყველაფერს და ცდილობდა, სხვა რამეზე გადაეტანა ყურადღება. საბოლოოდ კი, მაინც ისე გამოდიოდა, რაღაცას რომ ვერ აკეთებდა სრულყოფილად და ისჯებოდა.
ვერც ახლა გაეგო, რამ გამოიწვია წერილის გამოგზავნა. თითქოს, არაფერი შეშლია. ყველაფერი დავალების მიხედვით შეასრულა და გაუთვალისწინებელ შემთხვევასაც კი არ მისცა უფლება, საღამო ჩაეშალა. აღარ ჰქონდათ მეტჯერ გარისკვის უფლება და ძალიან კარგად ესმოდა ეს. იმასაც ხვდებოდა, უშეცდომოდ რომ უნდა მიეყვანათ დაწყებული ბოლომდე, მაგრამ, საკუთარ შეცდომას მაინც ვერსად პოულობდა.
– უფროსო... – დაკაკუნების შემდეგ შეუღო კარი დაცვის წევრმა.
– რა ხდება, დაიჭირეთ? ის იყო?
– არა, უფროსო, მანქანით გაეკიდნენ ჩვენი ბიჭები, ბოლომდე სდიეს...
– მაგრამ? – თვითონვე გააგრძელა წინადადება.
– კვალი დაკარგეს...
– ჯანდაბა! – დაიგრგვინა და მაგიდას დასცხო მუშტი. – რამდენჯერ გაგაფრთხილეთ? არ ვთქვი გასაგებად, რომ დღევანდელი შეხვედრა არავის უნდა ჩაეშალა?!
– უფროსო...
– ნუ მეკამათები! – დაუღრიალა გამწარებულმა. – არ გაბედო იმის თქმა, რომ ვიღაც შემთხვევით მოხვდა მაინცა და მაინც დღეს ჩემს სახლთან! ყველამ კარგად ვიცით, ვინც გაგექცათ!
– თუ ნებას მოგვცემთ, ახლავე წავალთ და...
– ახლა კი არა, მაშინ უნდა დაგეჭირათ, კვალი რომ აგირიათ და ამდენი ხალხი ასე გაგაცურათ! – ყელზე ძარღვებიც კი დასჭიმვოდა ამდენი ღრიალისგან. გაცოფებული იყო და ვეღარაფრით თოკავდა ემოციებს...
– მაგრამ, სახლში შემოღწევა ხომ ვერ მოახერხა...
– დიდი მადლობა! – ხელები გაშალა გამწარებულმა. – რამხელა მიღწევაა, ხედავ შენ? ვერ შემოსულა, თურმე! როგორ გაგვიმართლა! მედალი ხომ არ გადმოგცეთ ამისთვის?
ვეღარაფერი უპასუხა ბიჭმა. თავჩახრილი უსმენდა მის ღრიალს და ხვდებოდა, შეწინააღმდეგებას არც ჰქონდა აზრი. დააშავეს და სასჯელიც უსიტყვოდ უნდა მიეღოთ.
– სადაა ჩანაწერები?
– ახლავე მოიტანენ... – უპასუხა მაშინვე და რაციით რომ გადასცა, უფროსის კაბინეტში ამოიტანეთ ჩანაწერებიო, ყველაზე მეტად სწორედ იმ პასუხის ეშინოდა, რაც, რამდენიმე წამში, ღვინიანიძესთან ერთად მოისმინა.
– ყველაფერი წაშლილია... – გაიმეორა გაოგნებულმა. რეაქციაც კი აღარ ჰქონდა უკვე დავითს. თითქოს, არც გაუკვირდა. სიმწრით ეცინებოდა მხოლოდ და ბოლოს, ერთი ხელის მოსმით რომ გადაყარა ყველაფერი მაგიდიდან და გამწარებული გავარდა კაბინეტიდან, ეჭვი აღარავის შეჰპარვია, საქმე გადამწყვეტ ფაზაში რომ შევიდა.
ელენე კი, იმ დროს, მისი მასპინძელი დაცვას რომ ეჩხუბებოდა, რამდენიმე ქუჩის მოშორებით გაჩერებულ მანქანაში იჯდა და ისე ელოდებოდა დემნას გამოჩენას, სხვა ვეღარაფერზე ახერხებდა ფიქრს. მძღოლიც გაუშვა, აქედან მე თვითონ გავაგრძელებ გზასო და ახლა, სულელივით, იჯდა და ელოდებოდა ადამიანს, რომელიც, შესაძლოა, არც მოსულიყო. ჯანდაბა, დემნა, ნუთუ ასეთი ძნელი იყო, ყველაფერი რომ თავის დროზე გაეგებინებინა?!
– მოვედი! – გაუცინა მაშინვე, მანქანის კარი რომ გაუღო და დამნაშავესავით, ჩუმად ჩაჯდა შიგნით. – დიდხანს გალოდინე?
– შენ ნორმალური ხარ? – მიაყარა ლენამ ისე, დაქოქვაც კი არ აცადა. – გული გამისკდა!
– რამ გაგიხეთქა, არ იცოდი წინასწარ? – თვალი ჩაუკრა და პასუხს არც დალოდებია, ისე აამუშავა ძრავი. – შენ ის მითხარი, რა ქენი?
– დემნა, დამცინი? – ელენეს არაფრით ეთმობოდა გაბრაზებული ქალის იმიჯი. – იცი, როგორ ვინერვიულე?
– ვიცი, ამიტომ, მეც რომ არ ვინერვიულო, მითხარი, რა ქენი!
– ჯერ მივიდეთ. მე უნდა გასწავლო, ყველგან ყველაფრის ლაპარაკი რომ არ შეიძლება?
– ხო, აი, მანქანაში დაგიყენეს მოსასმენები! – დასცინა გულწრფელად.
– რა იყო, არ შეიძლება?!
– როგორ არ შეიძლება, როგორ გეკადრება!
– ნერვებს რატომ მიშლი?! ვერ გავიგე რა გინდა! – აბუზღუნდა, საბოლოოდ რომ დააბნია ხერგიანის უჩვეულო მხიარულებამ.
– ლენ, ძალიან ცუდი წარმოდგენა გაქვს ჩემზე.
– რასაც იმსახურებ, ის მაქვს!
– და არაფრით შეგიძლია, ადამიანს ბოლომდე დააცადო სათქმელის დამთავრება!
– ვინ მეუბნება ამას? – აღშფოთდა მაშინვე. – თავად დემნა სულსწრაფი ხერგიანი? ნუთუ?!
– კიდევ მე ვარ სულსწრაფი?! ხომ ხედავ, როგორ მშვიდად გელოდები, სანამ ყველაფერს მომიყვები?
– ჰო, რა თქმა უნდა, შენ რა აგაღელვებს, მე კი არ მომსდევდა ღვინიანიძის მთელი დაცვა გამწარებული!
– ეგ აღარ გამახსენო! – გადაიხარხარა გულიანად. – ეგ კაცი თუ მასეთი დაცვით დადის, კარგად ჰქონია საქმე. კვალის აღება არ იციან წესიერად.
– ბოდიში, შენნაირ გიჟებს ყოველ დღე კი არ მისდევენ!
– ჰოდა, უნდა გაეკიდონ, მუშაობა რომ ისწავლონ.
– როგორი უმადური ხარ! ვერ დაგიჭირეს და რატომ ხარ უკმაყოფილო, ვერ ვხვდები!
– ჩვენი დაცვის სამსახურის სავალალო მდგომარეობა მაღელვებს, ძვირფასო. – ჩაიფხუკუნა და მანქანა მოფარებულ ადგილას რომ გააჩერა, თავით ანიშნა, დაიწყეო.
– არ უნდა გადავიდეთ?
– ლენა, არაა მანქანაში მოსასმენები! – თვალები აატრიალა, ისევ ამ თემას რომ მიუბრუნდნენ. – შევამოწმე ყველაფერი უკვე!
– აქამდე რატომ არ მითხარი?
– დამაცადე?! თქვი ახლა, რა ქენი?
– რა ვიცი, ვივახშმეთ... – ახლა ლენამ გადაწყვიტა თამაში და ისეთი ჩვეულებრივი ტონით უთხრა, თითქოს, ვერ ხვდებოდა, რის მოსმენას ელოდებოდა დემნა რეალურად მისგან.
– გემრიელი კერძები ჰქონდა? – აჰყვა ხერგიანიც.
– ძალიან! საუკეთესო! მე მასეთი თევზი, ჯერ არსად გამისინჯავს.
– თან როგორ გიყვარს... – ვეღარაფრით შეიკავა სიცილი. კარგად იცოდა, როგორი ცუდი დამოკიდებულებაც ჰქონდა ელენეს ზღვის პროდუქტების მიმართ.
– გავგიჟდი პირდაპირ! თუმცა, დღეს მხოლოდ თევზი არ ყოფილა გასაგიჟებელი... – და, როგორც იქნა, სერიოზულ თემაზეც გადავიდა.
– ცხვარს დავკლავ, დღეს თუ ამოთქვამ, რა მოხდა!
– წერილი მოუტანეს.
– რა წერილი?
– არ ვიცი, მაგრამ დაცვის ბიჭმა შემოუტანა დალუქული. არც კი გახსნა მაგიდასთან. ბუხართან მივიდა და წაიკითხა თუ არა, მაშინვე ცეცხლში შეაგდო.
– კვალი დამალა... – ჩაეღიმა დემნას. – ესე იგი, ამიტომ ვერ გამოვიჭირეთ ტელეფონით...
– ალბათ... მაგრამ, ბოლომდე არ მითქვამს... ხელით იყო ნაწერი...
– დაინახე?
– ტექსტის გარჩევა ვერ მოვახერხე, მაგრამ...
– კალიგრაფია ხომ დაინახე? იცნობ?
– ვიცნობ... – მცირედი ყოყმანის შემდეგ, დარწმუნებით წარმოთქვა. საოცარი თვალის მეხსიერება ჰქონდა და ახლაც, მხოლოდ მას შემდეგ უპასუხა, როცა ბოლომდე აღიდგინა ნანახი გონებაში.
– და, მთავარზე რას მეტყვი?
– შენს მოულოდნელ შემოჭრაზე? – ჩაეცინა, აღელვებული ღვინიანიძე რომ გაახსენდა.
– მოულოდნელად რის გამოც შემოვიჭერი, იმაზე...
– გამოგვივიდა! – წარბები აათამაშა, ამაყი მზერის თანხლებით.
– ზუსტად იცი? ხომ არ დაგინახა?
– დემნა, შეიძლება, პროფესიონალი არ ვარ, მაგრამ ყველაფერი ზუსტად ისე გავაკეთე, როგორც მითხარი! კამერების განლაგებაც დავიმახსოვრე!
– ჩანაწერებზე უკვე ვიზრუნე, მაგრამ, შემდეგისთვის გამოგვადგება...
– ძალიან კარგი! ახლა კი, ჩართე ეგ აპარატი, თორემ, უკვე ვეღარ ვითმენ, ისე მაინტერესებს, როგორ მუშაობს ჩემი დაყანებული მოსასმენი!
გაგრძელება იქნება პარასკევს