ნოველები

საქმე №109. თავი 42. მძევალი, ანუ შვილი, დედის სანაცვლოდ

საქმე №109. თავი 42. მძევალი, ანუ შვილი, დედის სანაცვლოდ
ყველაზე მეტად, გეგას სახლში მისვლის და ელენეს დანახვის ეშინოდა ხერგიანს. ეშინოდა, რომ ისევ მოუწევდა იმავეს გადატანა, რაც ერთხელაც არ ჰქონდა ჯერ ბოლომდე გადატანილი. ეშინოდა, რომ ისევ ვერაფერს გააკეთებდა, როცა ქალი მისგან შორს ყოფნას მოისურვებდა. ისევ ვერ შეეწინააღმდეგებოდა, როცა ეტყოდა, რომ შვილი მის გამო მოსტაცეს. ისევ ვერ შეძლებდა რამის გაკეთებას და საბოლოოდ გადაიჩეხებოდა იმ უფსკრულში, საკუთარივე ხელით რომ გაითხარა საგულდაგულოდ.

ყბებს ერთმანეთზე აჭერდა გამწარებული და ვერაფრით ახერხებდა გონების მოკრებვას. ვერც მამის მზერას უძლებდა, თვალებგაშტერებული რომ იყურებოდა
მანქანის ფანჯრიდან და სიტყვას არ ძრავდა.

არაფერი იცოდნენ მშობლებმა. საქმის კი არა, ელენესა და დემნას დაშორების შესახებაც არაფერი იცოდა ვინმემ, თავად ამ ორის გარდა. საერთოდ არ საუბრობდნენ ამ თემაზე. არც იმ მუქარებზე და უკუღმა დატრიალებულ ცხოვრებაზე. ერთხელაც არ უკითხავს ვახოს, რა იყო ამის მიზეზი. არც ერთხელ მოუთხოვია პასუხი იმისთვის, რაც უსიტყვოდ იცოდა, რომ მისი შვილის ბრალი იყო. არ სჭირდებოდა ვინმესგან ამის მოსმენა, ერთი შეხედვითვე შეატყო ყველაფერი, მაგრამ მაშინაც კი არ უთქვამს რამე. ახლა კი... ახლა უმცროს ხერგიანს უნდოდა, თუნდაც ყველანაირი ლანძღვა მოესმინა მისგან, ოღონდ ასეთი სიჩუმით არ დაესაჯა მამას.

– ნინას და გეგას სახლში უნდა წავიდეთ. – ბოლოს, ისევ თვითონ დაარღვია სიჩუმე.

– შვილო, აგვიხსნი ბოლოს და ბოლოს, რა ხდება? – ამოიტირა მანჩომ. ძალიან დაღლილი იყო უკვე ამ გაურკვევლობით.

– გთხოვ, დედა, ახლა არა...

– აბა, როდის?! – დაიგრგვინა ვახომ. – როდის, დემნა, რომ მოვკვდებით შენზე ნერვიულობით, მერე მოხვალ საფლავებთან და იქ მოგვიყვები ყველაფერს?!

– მამა...

– საკმარისია უკვე! გავიგეთ ყველამ, რაღაც საშინელებაში რომ გაეხვიე. ერთხელაც არ ამოგვიღია ხმა. ერთხელაც არ მიკითხავს შენთვის რამე. ერთხელაც არ უსაყვედურია დედაშენს ამის გამო შენთვის! მაგრამ ახლა მართლა საკმარისია!

– ლილუ გაიტაცეს, მამა... – გახედა ისე, აგრძნობინა, ახლა სხვა რამეზე ფიქრიც კი რომ არ შეეძლო, არამცთუ ლაპარაკი.

და ეცადა, ყველანაირი ხმა დაებლოკა გონებაში, სანამ დანიშნულების ადგილამდე არ მივიდოდნენ. ფიზიკურად არ შეეძლო რამის მოსმენა. გაგიჟდებოდა ბოლოს. მეტს ვეღარ გაუძლებდა და ისე გადაიწვებოდა, ისე გაეთიშებოდა ტვინი, უმოქმედობით დასჯიდა საკუთარ თავს. ახლა კი, ეს ყველაზე ნაკლებად სჭირდებოდათ. ერთადერთი, რაც უნდა გაეკეთებინა, ის იყო, რომ შვილი ეპოვა და შემდეგ თუნდაც საკუთარი სიცოცხლის გაღება დასჭირვებოდა საამისოდ, საბოლოოდ მოეშორებინა ის კიბო ოჯახისთვის, ასე სწრაფად რომ ავრცელებდა მეტასტაზებს და ყველაფერს ჭამდა.

შენელებული კადრივით ხედავდა ყველაფერს, გეგას სახლის კარზე რომ დააკაკუნა. პირი უშრებოდა და ხელები მუშტად ჰქონდა შეკრული, იმდენად ეშინოდა ყველაფრის გამეორების. მთელ სხეულს დაეპატრონა ეს საშინელი გრძნობა და მხოლოდ ღმერთმა უწყის, რის ფასად უჯდებოდა თითოეული ნაბიჯის გადადგმა იმ ოთახისკენ მიმავალს, სადაც ლენა ელოდებოდა...

– დემნა! – მაგრამ სრულიად საპირისპირო რეაქცია რომ მიიღო, უფრო კონკრეტულად კი, მისი დანახვისთანავე ატირებული ცოლი, ძლიერად ჩაეკრა და ხელები მოხვია, ცოტა არ იყოს, დაიბნა კიდეც...
– ვიპოვი... – ერთ სიტყვად უთხრა ყველაფერი, რის გაგებასაც ამ ოთახში მყოფთაგან მხოლოდ ეს ორნი შეძლებდნენ.
– ვიცი. – და ელენეს ხმაც არასდროს ყოფილა ასეთი მტკიცე აქამდე. მთელი არსებით სჯეროდა იმის, რასაც ამბობდა და წამითაც არ აყენებდა ეჭვქვეშ იმას, რომ დემნა მართლა ყველაფერს გააკეთებდა ლილუს საპოვნელად.
– არ დაურეკავთ, არც შეტყობინება გამოუგზავნიათ, არც წერილი. მოსასმენებიც კი არ მოუხსნიათ. – ანგარიში ჩააბარა გეგამ.
უკვე აღარავინ ერიდებოდა ამ თემაზე საუბარს სხვების თანდასწრებით. ნინა წინ და უკან დადიოდა გაუჩერებლად, ბოლთას სცემდა და ლაპარაკიც კი არ შეეძლო, იმდენად ღელავდა. ეს მისთვის ნერვიულობის გამოვლინების უმაღლეს ფორმას წარმოადგენდა და პატარა სანდროც კი ხვდებოდა, რამდენად ცუდად იყო ყველაფერი. 

– ცალკე დავილაპარაკოთ... – ანიშნა ხერგიანმა, მაგრამ ელენეც მაშინვე წამოიჭრა ფეხზე.
– გამორიცხულია! ეს მხოლოდ შენ არ გეხება, დემნა. ამჯერად მარტოს არ დაგტოვებ! არ მოგცემ უფლებას, საკუთარი თავი დაიდანაშაულო ისევ! ყველანი ერთად მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ლილუსაც დაგვიბრუნებს და არც ვინმეს დააზიანებს.
– ლილუს დავიბრუნებთ, ლენა, მაგრამ...
– დემნა, გეყოფა! – საუბარში ჩაერთო უფროსი ხერგიანიც. – მორჩა, არ ხარ მარტო და უნდა შეიგნო!
– მამა...
– ეს ბიჭი გამაგიჟებს! – ამოხეთქა ნინამაც. – ამდენ ხანს რომ მიმალავდით, არაფერს ვამბობდი. არც ის შევიმჩნიე, ელენეც უჩემოდ რომ ჩაერთო საქმეში. ხმა არ ამომიღია არაფერზე, მაგრამ დროა, ეს ყველაფერი დასრულდეს! ვიღაცამ უნდა შეაჩეროს ისინი, ასე თავხედურად, ყველაფერს ფეხქვეშ რომ თელავენ და მაინც სუფთად გამოდიან.
– პოლიციაში ვერ დავრეკავთ, სანამ თვითონ არ გამოვლენ კონტაქტზე... – თავი გაიქნია გეგამ.

– ვერ შევაფასეთ სათანადოდ... არ უნდა გამერისკა ასე... აღარ უნდა მეთამაშა...
– დემნა, გთხოვ... – ხელზე ხელის მოჭერით აგრძნობინა ელენემ, წამითაც რომ არ თვლიდა დამნაშავედ.
– გეგა, საბუთებში არაფერია? ხომ ნახე ასლები? იქნებ მე ვერ დავინახე და რამე მინიშნება ჩადეს? – დაიმედებულმა გახედა მეგობარს, მაგრამ გულის სიღრმეში, ისედაც იცოდა, რა პასუხს მიიღებდა.
– საერთოდ არაფერია და მგონია, ჩვენ კი არა, ისინი აგვყვნენ თამაშში.
– დაგვაცადეს, სანამ გეგმებს დავაწყობდით და ამასობაში, ყველაფერი გააკეთეს... – ჩაეცინა დემნას და სიმწრით გადაიქნია თავი.
– მაინც ვერ ვხვდები, ასე ჩუმად როგორ იმოქმედეს. სულ ხუთი წუთის დატოვებული მყავდა ოთახში... – ამოიოხრა ელენემ და ქმარმა, ძლიერად რომ მიიკრა მხარზე, ყველანაირ სიტყვაზე უკეთ ამ ჟესტით ანუგეშა.

– არ არის შენი ბრალი, შვილო, ხომ ხედავ, როგორ მოქმედებენ... – დაამშვიდა მანჩომაც. – ჩვენც ვერ გავიგეთ, ხანძარი როგორ გაჩნდა. საეჭვოც კი არაფერი მომხდარა და შემდეგ, რამდენიმე წამში მოედო ცეცხლი ყველაფერს.
– ნაბიჭვრები... – წაისისინა ნინამ. – არა, თავი ვინ ჰგონიათ?!
– ნამდვილად არ აფასებენ საკუთარ თავს გადაჭარბებულად, ნინ... – გახედა დემნამ. – ისე პროფესიონალურადაა შესრულებული ყველაფერი, ჩვენი ბრალი უფროა, ამდენის უფლება რომ მივეცით...
– მთავარია, ბავშვს არაფერი დაუშავონ...
– არ დაუშავებენ. – დარწმუნებულმა წარმოთქვა და ყველამ იგრძნო, წამითაც არ ეპარებოდა ეჭვი საკუთარი სიტყვების ჭეშმარიტებაში. – არ დავუშვებ, რომ თითი მაინც დააკარონ...
– მოიცადეთ! – წამოიძახა მოულოდნელად ელენემ და კარისკენ გააპარა მზერა. – კაკუნია! – შემდეგ კი, ისე გავარდა, არც დალოდებია სახლის პატრონებს. – ჯანდაბა!
– რა მოხდა? – მიჰყვა დემნაც.
– ასეც ვიცოდი! ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა!
– ლენა!
– წერილია! ზუსტად იმ ხელწერით, ღვინიანიძეს რომ მიუტანეს მაშინ!

– არ გახსნათ, მოიცადეთ! – მიუახლოვდათ გეგაც. – მეეჭვება, მაგრამ შესაძლოა, ანაბეჭდები მაინც დარჩენილიყო...
– მაგის ილუზიაც კი არ მაქვს! – სწრაფადვე გაიქნია თავი ქალმა და აღარ დალოდებია, ისევე გახსნა კონვერტი.
არც ხერგიანს გაუწევია წინააღმდეგობა. იცოდა, აზრი არ ჰქონდა ექსპერტიზის ლოდინს და იმ დასკვნის წაკითხვას, რაც წერილის პოლიციისთვის ჩაბარებამდეც ეცოდინებოდათ. ტყუილად მოუწევდათ დროის კარგვა და მიუხედავად იმისა, როგორც წესი, კანონების უზენაესობას რომ ყოველთვის აღიარებდა და პოლიციისადმიც დადებითად იყო განწყობილი, მაინც მათ გარეშე მოქმედება ამჯობინა.
– „ვერ გავიგე, ბავშვი რომელს უფრო გგავთ... მამასავით ჭკვიანია, თუმცა, დედასავით მოხერხებული. სამწუხაროა, მშობლების გამო თუ მოუწევს პასუხისგება... – ხმამაღლა დაიწყო ლენამ წერილის კითხვა. – აჯობებს, თუ უფროსების საქმეში არ ჩავრევთ და იმას გავესაუბრებით, ვინც ჩვენ გაცურებას ეცადა...“

– შენ გიბარებენ! – დაასკვნა დემნამ.
– კი მაგრამ, ელენე რაში სჭირდებათ? – ვერ მიუხვდა გეგა. – შენთან აქვთ საქმე, ეს რა შუაშია! თუ დამუქრება უნდათ, ლილუ ისედაც ჰყავთ, რაღაც სხვაშია საქმე!
– კონტრაქტებში... – ღიმილით წაილაპარაკა მაჩაბელმა. – ფინანსური მხარე უნდა მოვუგვარო, სუფთად რომ შეძლონ ყველაფრის გაკეთება.
– რაღაც აბსურდულია... – დაიბნა ნინაც. – არ გამოდის ლოგიკური...
– გამოდის. ჯერ ყველაფერს გამაკეთებინებენ, შემდეგ დემნას დაემუქრებიან, რომ თუ საქმეს არ შეეშვება, მომკლავენ. ბოლოს კი, რაც უნდა მოხდეს, მაინც არ დამტოვებენ ცოცხალს!
– წაიკითხე წერილი ბოლომდე! – შეუღრინა ხერგიანმა, უსიამოვნო თემებზე რომ წავიდა საუბარი.
– „ნუ გააცდენ სამსახურს, შვილებს მშობლების კომპიუტერში თამაში უყვართ...“
– მინიშნება დაგვიტოვეს! – წამოიძახა გეგამ. – ელენეს სამსახურის კომპიუტერში დატოვეს მისამართი, ან იქიდან წაიყვანენ.
– სხვა არაფერი წერია. – ამოიოხრა ქალმაც. – თუ იმას არ ჩავთვლით, რომ, რა თქმა უნდა, პოლიციას რომ არ უნდა გავაგებინოთ...
– ასეც მოვიქცევით!

– ანუ?
– ანუ შენ ყველაფერს ისე გააკეთებ, როგორც აქ წერია, მე კი, ზედმეტად ჯიუტი აღმოვჩნდები საიმისოდ!
– დემნა, ბავშვი მათ ხელშია... – შეყოყმანდა მაინც, სანამ დათანხმდებოდა, თუმცა ხერგიანმა ისე გადაჭრით წარმოთქვა, სისულელე იქნებოდა მის სიტყვებში ეჭვის შეტანა.
– ჰოდა, თვითონვე მიგვიყვანენ დანაშაულის ადგილას, ის პოლიცია კი, რომელსაც არ ჩავრევთ, სრულიად მოულოდნელად გამოჩნდება მათ ასაყვანად!


გაგრძელება იქნება პარასკევს

ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი

იხილეთ ასევე:




FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ტატა
როგორ მომწონს ეს ისტორია.ცოტა დიდი თავი უკეთესი იქნებოდა :)
22:44 / 15-08-2017
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93