ყველაფერი ზუსტად ისე გააკეთეს, როგორც დემნამ დაგეგმა. არ იყო მარტივი.
არც უსაფრთხო. უფრო პირიქით, თვითონვე თვლიდა საკუთარ თავს დამნაშავედ, ოჯახს და საყვარელ ადამიანებს ამხელა შარში რომ ხვევდა, მაგრამ ისიც კარგად იცოდა, ეს ის შემთხვევა იყო, როცა გარისკვის გარეშე ვერაფერს მიაღწევდა. სული ეყინებოდა, როცა წარმოიდგენდა, როგორ იყო ლილუ მათ გვერდით. კბილების ერთმანეთზე ძლიერად დაჭერაც კი არ შველოდა ტკივილის გასაქრობად. ტვინში სისხლი ექცეოდა, როცა უშვებდა, რომ შეიძლებოდა მისთვის რამე დაეშავებინათ და ეს ყველაფერი კვლავ მისი მიზეზით მომხდარიყო.
არ თვლიდა თავს კარგ მამად. თავიდან, შეიძლება, მაგრამ ავარიის შემდეგ ზუსტად იცოდა, კარგთან მიახლოებულიც რომ არ ყოფილა არასოდეს. შვილს კი, მაინც უმიზეზოდ უყვარდა. ზოგჯერ ეშინოდა კიდეც ამ გრძნობის. ეშინოდა, რომ მხოლოდ „მამა“ უყვარდა, რადგან უნდა ყვარებოდა, ინსტინქტი იყო მისი სიყვარული, შემდეგ კი, როცა გაიზრდებოდა ყველაფერს გაიაზრებდა, ამ ყველაფერს ის დამოკიდებულება ჩაანაცვლებდა, რომელსაც იმსახურებდა დემნა რეალურად.
წამითაც არ შეუხედავს ლილუს მისთვის, როგორც დამნაშავისთვის. პირიქით, ელენეს უფრო მკაცრად სჯიდა ზოგჯერ, მას უფრო სტკენდა გულს იმის გამო, უმამოდ რომ დატოვა, ვიდრე რეალურ დამნაშავეს. ამასაც აცნობიერებდა ხერგიანი და კიდევ უფრო უმძაფრდებოდა სინდისის ქენჯნა.
ზოგჯერ ზედმეტად რთული ასატანი იყო ყველაფერი. არსებობაც კი. უნდებოდა, საერთოდ დაეკარგა მეხსიერება, მოწყვეტოდა იმ ყველაფერს, ერთხელ და სამუდამოდ ამოეყვინთა ამ ჭაობიდან და როგორმე მოეხერხებინა საკუთარი სახის დაბრუნება.
არ გამოსდიოდა.
გამოსწორების ნაცვლად, უფრო და უფრო, ზედმიწევნით სრულყოფილად ანადგურებდა ყველაფერს, საკუთარივე ხელით ნაშენებსა და შექმნილს. ანადგურებდა ოჯახს, ახლობლებს, ნებისმიერს, რასაც დემნა ხერგიანის სახელი და გვარი უკავშირდებოდა.
ახლა კი, საბოლოო წერტილის დასმის დრო დამდგარიყო უკვე და ზუსტად იცოდა, საკუთარი თავის გაწირვაც რომ დასჭირვებოდა, შეეწირებოდა, მაგრამ მაინც დაამთავრებდა. სხვანაირად არ შეიძლებოდა. სხვანაირად არ გამოვიდოდა. და ძალიანაც რომ ნდომებოდა, სხვანაირად, უბრალოდ, ვეღარ შეძლებდა ცხოვრების გაგრძელებას...
- მზად ვარ... - ელენეს ხმამ გამოიყვანა ფიქრებიდან და კიდევ ჩამოეშალა შიგნით რაღაც, საყვარელი ქალი შეშინებული რომ დაინახა. მაქსიმალურად ცდილობდა ამის დამალვას, მაგრამ დემნა ზედმეტად კარგად იცნობდა საიმისოდ, ეს რომ გამოსვლოდა.
- ლენ, თუ დარწმუნებული არ ხარ...
- დარწმუნებული ვარ! - შეაწყვეტინა მაშინვე. - გამომივა. მე ყველაფერს გავაკეთებ, მთავარია, იმათ არ ჩაშალონ გეგმა.
- გეგმა კი არა, დაიმახსოვრე, მთავარია, შენც და ლილუ მშვიდობით გამოხვიდეთ იქიდან. თუ შეატყობ, რომ რამე ცუდად წავა, ერთი წამითაც აღარ გააგრძელო. გაიგე? - ორივე ხელით დაუჭირა სახე და ისე უთხრა, წამითაც არ მოუშორებია მზერა მისი თვალებისთვის. ეს ყოველთვის ჭრიდა, მაგრამ ახლა აღარ იყო დარწმუნებული. თითქოს, დანაღმულ ველზე იდგნენ და ერთი არასწორად გადადგმული ნაბიჯისთვისაც კი, სიცოცხლით მოუწევდათ პასუხისგება.
- შენ იქ იქნები და არაფერი მოხდება... - მაინც არ გატყდა ელენე. მისთვისაც ისეთივე მნიშვნელოვანი გახდა ეს საქმე, განსაკუთრებით კი, ბოლო პერიოდში. აქამდე თუ გაგონებაც არ უნდოდა და მაქსიმალურად არიდებდა თავს, ბოლოს მიხვდა, პრობლემას კი არ უნდა გაქცეოდა, უნდა ებრძოლა მის მოსაგვარებლად.
- კი, მე იქ ვიქნები და არამარტო მე, მაგრამ ამის გამო არ უნდა გარისკო. გახსოვდეს, რომ მთავარი შენ და ლილუ ხართ.
- დემნა...
- მე ვერ შევძელი ჩვენი შვილის გადარჩენა, მაგრამ შენ უნდა შეძლო, ლენა... - გაუღიმა სევდიანად და ერთი წინადადებით უთხრა ყველაფერი, ერთ მზერაში ჩაატია სათქმელის მთელი სიმძიმე და აღარც სჭირდებოდა რამის დამატება. - დამპირდი, რომ არ გარისკავ.
- ნუ ლაპარაკობ ასე... - ამოიოხრა ქალმა, როცა მიხვდა, დათანხმების გარდა, სხვა რომ აღარაფერი დარჩენოდა.
- შენ და ლილუ კარგად იქნებით. - გაუღიმა კიდევ ერთხელ და მოწყვეტით აკოცა ტუჩის გვერდით. - ყველაფერი ზუსტად ისე იქნება, როგორც უნდა ყოფილიყო, რომ არა ეს დაწყევლილი საქმე. ორივე დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებთ და...
- ნუ მემშვიდობები! - შეაწყვეტინა თვალებგაფართოებულმა, როცა მიხვდა, საითაც მიჰყავდა საუბარი. - არც კი გაბედო! დემნა, გაფრთხილებ, მე იქიდან შენ გარეშე არ წამოვალ!
- უნდა დამპირდე.
- არა!
- ლენა, ლილუს გამო უნდა გააკეთო.
- შენ გარეშე არ წამოვალ! - მტკიცედ იდგა თავის პოზიციაზე, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, ბოლოს მაინც მოუწევდა დანებება.
- ლილუს ხელს მოკიდებ და უკანაც აღარ მიიხედავ იმ ადგილისკენ.
- დემნა, ნუ მექცევი ასე... - ამოიტირა საწყლად, წინააღმდეგობა რომ ვეღარ გაუწია. რა უნდა ექნა?! შვილით უნდა გაერისკა თუ ქმრით?! რომლის სიცოცხლე უნდა დაედო სასწორზე, ყველაფერი კარგად რომ დასრულებულიყო? აუტანელი იყო უკვე ეს სიტუაცია, ვეღარ უძლებდა მეტს. სძულდა, მუდმივად არჩევანი რომ უნდა გაეკეთებინა და ახლაც კი, სხვა გზა რომ აშკარად აღარ ჰქონდათ, მაინც ვერ იღებდა გადაწყვეტილებას.
- დამპირდი. - კაცი კი, ისეთი დამამშვიდებელი, რბილი ტონით ესაუბრებოდა, თითქოს ძილის წინ ლამაზ ზღაპარს უყვებოდა და ცდილობდა, ყველაფერი ცუდი დაევიწყებინა, რაც გადაიტანეს.
- გპირდები... - ბოლოს კი, მაინც ამოთქვა, თან ისე, ჯერ კიდევ რომ არ იყო დარწმუნებული საკუთარ სიტყვებში, თუმცა, ერთი კი ნამდვილად იცოდა, რაც არ უნდა მომხდარიყო, ლილუ მაინც უნდა გადაერჩინა. ის ერთადერთი იყო, რომელიც მართლა უსამართლოდ, ყოველგვარი მიზეზის გარეშე ეწირებოდა ამ ყველაფერს და ვერც ერთი დაუშვებდა, მათ გამო ბავშვს რომ რამე მოსვლოდა...
* * *
მარტო წავიდა სამსახურში ელენე. ბოლოს მიღებულ წერილში ყველაფერი გარკვევით ეწერა და მეტად გარისკვა ნამდვილად აღარ შეიძლებოდა. მთელი ღამე ლაპარაკობდნენ ის და დემნა. გეგაც, თავის მხრივ, ცდილობდა დახმარებას, თუმცა, როგორი გენიალური გეგმაც არ უნდა მოეფიქრებინათ, გარისკვა მაინც არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლებოდა. სასწორზე პატარა ბავშვის სიცოცხლე იდო და ვერც ერთი იქნებოდა ისეთი გამბედავი, საქმის მოსაგვარებლად, შვილი ოდნავ საფრთხეში მაინც რომ ჩაეგდო.
- უფროსი გიბარებთ კაბინეტში! - მისაღებშივე შეხვდა დეა. კარგად იცოდა, სამსახურში სამუშაოდ რომ არ მიიყვანდნენ, მაგრამ ასე აშკარა დახვედრასაც არ ელოდა. ვერც იმას იფიქრებდა, მისი მდივნის ნაცვლად, ის ადამიანი თუ შეეგებებოდა, ასე ძალიან რომ აღიზიანებდა ყველაფრით.
- ვიცი. - მოუჭრა ცივად და ზედაც არ შეუხედავს, ისე გაემართა დარასელის კაბინეტისკენ. აი, ამ ადამიანში კი, ნამდვილად შეცდა.
ვერაფრით იფიქრებდა, ასეთ საქმეზე თუ იქნებოდა წამსვლელი. ყოველთვის დადებითად იყო გიორგის მიმართ განწყობილი. მეგობრობდნენ კიდეც და თავიდან, სანამ ფლირტზე გადავიდოდა უფროსი, ეგონა, რომ ეს გრძნობა გულწრფელი იყო. ახლა კი... მთელ სხეულზე ეკლები აყრის, როცა ახსენდება, კინაღამ რომ ყველაფერი მოუყვა იმ ღამეს, ატირებულს დასამშვიდებლად რომ მიაკითხა სახლში. არა, მაინც როგორ თამაშობდა ასე კარგად?!
- შეიძლება? - მხოლოდ დაკაკუნების შემდეგ შეყო კაბინეტში თავი.
- დამელოდე, გამოვალ. - დარასელმა კი, გულგრილად უპასუხა და კაბინეტში შესვლის უფლებაც კი არ მისცა.
სისხლი ეყინებოდა, დრო რომ გადიოდა და ლილუზე სიახლე არ ჰქონდათ. მოუთმენლად დადიოდა წინ და უკან დერეფანში და უკვე არც ის ადარდებდა, თანამშრომლები უცნაურად რომ უყურებდნენ, არც ის, დიდი ალბათობით, დღეს რომ ყველაფერი დასრულდებოდა. მთავარი ახლა მხოლოდ ის იყო, შვილი ენახა და გულში ჩაეკრა, შემდეგ კი, თუნდაც თვითონ ვერც გამოეღწია იქიდან, უკვე არც დარდობდა ამაზე.
- შეგვიძლია წავიდეთ! - ზურგსუკან მოესმა გიორგის მბრძანებლური ტონი და თავი ძლივს შეიკავა მწარე რეპლიკის გაკეთებისგან. ისიც ხომ იცნობდა ლილუს?! ეთამაშებოდა, ეფერებოდა. მართალია, ბავშვს არასდროს მოსწონდა, მაგრამ მაინც სულ ცდილობდა, კარგი ურთიერთობა ჰქონოდა. როგორ შეეძლო ასე ახლოს მისულიყო იმ ხალხთან, ვისაც ცხოვრება წაართვა?! და როგორ ვერ მიხვდა ელენე ამდენი ხნის განმავლობაში მის მიზანს?!
- სად მივდივართ?
- ძალიან კარგად იცი, სადაც. - ჩაეცინა ირონიულად. - არაა საჭირო უაზრო კითხვების დასმა. ისედაც ბევრი დრო დავკარგეთ.
- გიორგი... - მიუბრუნდა შეცვლილი სახით. - რატომ იქცევი ასე? შენ ხომ ასეთი არ ხარ? - თვალი თვალში გაუყარა, ეს რომ ეთქვა და მკლავზეც კი შემოხვია თითები. ეგონა, მისი სასოწარკვეთილი მზერა მაინც მოალბობდა, მაგრამ რეაქციაც არ ჰქონია, ისე ამოიოხრა, ისევ ბევრს ლაპარაკობო და თვითონვე წაიყვანა ავტოსადგომისკენ.
წინააღმდეგობის გაწევას აზრიც არ ჰქონდა, მანქანაში ჩაჯდომამდე მხოლოდ ჩანთის კი არა, ტანსაცმლის შემოწმებაც რომ მოინდომა. დამნაშავესავით ამოუტრიალა ჯიბეები და ცოტა არ იყოს, გაუკვირდა კიდეც, ჯიპიესი რომ არსად დახვდა.
- შენი ქმარი პირდაპირ აპირებს გამოყოლას და იმიტომ არ გამოგიშვა შეიარაღებული თუ მართლა დაჭკვიანდით?!
- შენ გგონია, რომელიმე გავრისკავდით, როცა საქმე ჩვენი შვილის სიცოცხლეს ეხება? - შეუღრინა გაღიზიანებულმა და კიდევ ერთხელ გამოიწვია გიორგის გამხიარულება. არა, ეს კაცი ნამდვილი მანიაკია!
- ხელები გამოწიე, უნდა შეგიკრა. - გაუცინა ცალყბად და არც ამას დასჯერდა, უკანა სავარძელზე რომ მოათავსა, თავზე შავი ნაჭერიც კი ჩამოაფარა, სრული ეფექტისათვის, გზის დამახსოვრება რომ ვერ მოეხერხებინა.
თავი მძაფრსიუჟეტიანი ფილმის მთავარი გმირი ეგონა, მაგრამ იმაში კი ეჭვი ეპარებოდა, გადარჩებოდა თუ არა ფილმის ბოლოს. შვილის გამო სიცოცხლის გაწირვაზეც არ დაიხევდა უკან, მაგრამ საკუთარ თავზე მაინც ებრაზებოდა, რამდენიმე წამით, თუმცა, მაინც საკმარისად რომ მოადუნა ყურადღება საიმისოდ, მათთვის ლილუს წაყვანის შესაძლებლობა რომ მიეცა. როგორ ვერ გათვალეს?! არც კი დაუშვიათ, ბავშვს თუ შეეხებოდნენ. გეგმაც, ერთი შეხედვით, უნაკლო ჰქონდათ, ისიც კი ეგონათ, ერთი ნაბიჯით რომ უსწრებდნენ, სინამდვილეში კი, თვითონ გაბმულან თავიანთ დაგებულ ხაფანგში და ეს ამწარებდა ყველაზე მეტად.
მანქანის მოძრაობით ხვდებოდა, ზედმეტად უსწორმასწორო გზაზე რომ მიდიოდნენ და არც იმის დათვლა დავიწყებია, რამდენჯერ და რა მიმართულებით შეუხვიეს. მართალია, მობილური თან არ ჰქონდა და ვერც სხვა საშუალებით მოახერხებდა დემნასთან დაკავშირებას, მაგრამ მაინც საჭირო ინფორმაცია იყო და ჯობდა, ყველაფერი დაემახსოვრებინა, გაქცევის აუცილებლობის შემთხვევაში, სწორი გზა რომ სცოდნოდა.
- ბავშვი არ შეაშინო, არ გვითქვამს, რა ხდება! - სასხვათაშორისოდ მიუგდო გიორგიმ, სანამ მანქანას გააჩერებდა, შემდეგ კი, უხეშად წაუჭირა მკლავში ხელი და ისე გადაიყვანა. ჰმ, აქეთ ასწავლიდა ჭკუას, როგორ უნდა მოქცეულიყო საკუთარ შვილთან!
- შენი თქმა არ სჭირდება ლილუს, რამეს რომ მიხვდეს! - შეუღრინა მაშინვე და არც ის შეუმჩნევია, როგორ ეტკინა ხელები, კაბელების დასაჭერი რომ შეუხსნა კაცმა.
სიმწრით ეცინებოდა უკვე, ისეთ სიტუაციაში იყო. მძევლად ჰყავდათ აყვანილი და არც უნდოდათ ამის აღიარება. აბსურდში გადადიოდა უკვე ეს ყველაფერი და თვითონაც ვერ ხვდებოდა, როგორ ახერხებდა მოთმინების შენარჩუნებას.
თუმცა, მაშინ კი მიხვდა, მიყრუებულ შენობაში შესულმა, შვილი რომ დაინახა და ლილუც, თვალებანთებული, მაშინვე მისკენ გაიქცა. ისე ძლიერად ჩაიკრა გულში, შეეშინდა კიდეც, ბავშვისთვის რამე არ ეტკინა, მაგრამ ყველაფერი დაავიწყდა მაშინ, მისი სურნელი რომ იგრძნო, ხელები რომ შემოხვია და პატარამაც, ისე გულწრფელად ჰკითხა, დედიკო, რატომ დამტოვე ამდენ ხანს მარტოო, გაუაზრებლად მიაყენა საშინელი ტკივილი.
- როგორ ხარ, დე? ხომ კარგად ხარ? - ჰკითხა აცრემლებულმა და მაქსიმალურად ეცადა, თავი ხელში აეყვანა. ნამდვილად არ ღირდა ბავშვის შეშინება, მით უმეტეს, ასეთ მდგომარეობაში.
- მომბეზდა აქ ჯდომა. - ცხვირი აიბზუა და შემდეგ გაბრაზებულმა შეხედა დავითსა და გიორგის. - მოსაწყენები არიან, ლაპარაკიც კი ეზარებათ.
- მარტოები ხართ, დედიკო? - ჰკითხა შემპარავად, მაგრამ ღვინიანიძე მაშინვე მიუხვდა და მანამ დაუძახა ლილუს, სანამ რამის თქმას მოასწრებდა.
- საკმარისია, აქ სათამაშოდ არც ერთი მოსულხართ!
- აი, ხომ გეუბნებოდი! - კიდევ ერთხელ დაიჯღანა ლილუ და მორჩილად დაუბრუნდა საკუთარ ადგილს.
- ელენე, ბევრი დრო არ გვაქვს. კარგად იცი, რაც უნდა გააკეთო.
- ჯერ გაცვლა. - მოუჭრა მკაცრად. დაკონკრეტებაც არ უნდოდა, შვილი რომ არ შეეშინებინა, თუმცა, სანამ ოდნავი გარანტია მაინც არ ექნებოდა, არაფრის გაკეთებას არ აპირებდა ისე.
- ჯერ საქმე. ხომ ხვდები, რომ პირობების წაყენების სიტუაციაში ნამდვილად არ ხარ?! - ჰკითხა წარბაწეულმა, თუმცა, მაშინვე შეეცვალა მზერა, ნაბიჯების ხმა რომ გაისმა ახლოს.
- რა ხდება, რას აკეთებთ?! - შემდეგ კი, ალაპარაკდა კიდეც ის ამოუცნობი, იდუმალი პიროვნება, ამდენ ხანს ჩრდილში ყოფნას რომ ამჯობინებდა და ელენეს, ნაწილობრივ მოეშვა კიდეც, ხმა რომ ვერ იცნო. უფროსიც რომ ვინმე ნაცნობი აღმოჩენილიყო, გაგიჟდებოდა კიდეც, ალბათ. ისიც ვერ გადახარშა ბოლომდე, საკუთარი შვილის მკვლელებთან ასე ახლოს რომ იყო და ის საერთოდ ჭკუიდან გადაიყვანდა, საქმის დამკვეთთანაც თუ ჰქონდა ურთიერთობა.
- ბოდიშს გიხდით, ახლავე გადავალთ საქმეზე. - სწრაფადვე უპასუხა გიორგიმ, მაგრამ ელენე ისევ ისე იდგა, როგორც წუთის წინ.
- მე ჩემი სათქმელი უკვე ვთქვი. სანამ გაცვლა არ მოხდება, თითსაც არ გავანძრევ.
- აი, ვის ჰგავს ეს ბავშვი! - თვალები აატრიალა უცხო კაცმა და ლილუს გადახედა. - ჯიუტი!
- მე კი არ ვარ ჯიუტი, თქვენ ხართ მოსაწყენები! - ატლიკინდა მაშინვე უმცროსი ხერგიანი, დედა რომ გვერდით დაიგულა. მართალია, არც ისე უჭირდა ლაპარაკი, მაგრამ ახლა სულ სხვა გაბედულება ჩანდა მის ხმაში.
- წაიყვანეთ, თორემ უკვე ნერვებს მიშლის! - დაიღრინა გაღიზიანებულმა, ჩაფსკვნილმა, საკმაოდ ასაკიანმა, გადაპარსული თმითა და შავი ულვაშით.
- დედასთან მინდა, არსადაც არ წავალ!
- ლილუ, დე, სახლში უნდა წაგიყვანონ...
- მე შენთან მინდა!
- მომეცით უფლება, ბავშვს ცალკე დაველაპარაკო. - გახედა მთავარს. მის ფონზე დარასელიცა და ღვინიანიძეც ისე უსუსურად გამოიყურებოდნენ, აზრიც არ ჰქონდა მათთან დალაპარაკებას.
- როგორ მომაბეზრეთ თავი! - კაცმა კი, მართლა დაღლილმა ამოიგმინა. აშკარად ლილუმ დაუკარგა მოსვენება, ისეთი გაღიზიანებული იყო. - გიორგი, გაიყვანე ოთახში და გარეთ დაელოდე.
- კი მაგრამ, ბატონო თამაზ...
- მეპასუხები?!
- უკაცრავად... - სწრაფად ჩახარა თავი, შემდეგ კი, ისეთი მბრძანებლური ხმით უთხრა ელენეს, უკან გამომყევითო, თითქოს, თვითონ ყოფილიყო უფროსი.
სასაცილოდაც კი გამოიყურებოდა ამ მდგომარეობაში და ალბათ, ამის აღნიშვნასაც არ მოერიდებოდა ქალი სხვა სიტუაციაში, მაგრამ ახლა სასწრაფოდ სჭირდებოდა ლილუსთან განმარტოებით დარჩენა, ყველაფერი რომ მოეგვარებინა.
ნამდვილად არ იყო დემნა სულელი და ისიც გათვლილი ჰქონდა, ყველანაირად რომ შეამოწმებდნენ ქალს, სანამ მანქანაში ჩასვამდნენ. ისიც იცოდა, გადამცემის პოვნის შემთხვევაში რა შარში გაეხვეოდნენ, მაგრამ, ლენასთან შეთანხმებით, მაინც გარისკვა ამჯობინა და თან გულში ლოცულობდა, ჯვარში რომ უყენებდა ჯიპიესსა და მოსასმენს. სხვა გზა უბრალოდ მართლა არ ჰქონდათ და ორივემ ერთხმად გადაწყვიტა, ჯობდა გაერისკათ, ვიდრე სულ უმოქმედოდ ყოფილიყვნენ.
- ორ წუთს გაძლევთ, მალე! - მოუჭრა გიორგიმ, სანამ ოთახში შეუშვებდა. - კართან ვიქნები!
- არ იყო დამატება საჭირო! - წაისისინა ელენემ, მაგრამ მეტად აღარ გაუგრძელებია, სწრაფადვე მიუბრუნდა ლილუს.
- დედიკო, რა ხდება? რამე დავაშავე?
- არა, დე. რას ამბობ. - ძლიერად ჩაიკრა შვილი გულში. - შენ რა უნდა დაგეშავებინა, დედა. მითხარი, ცუდად ხომ არ მოგექცა რომელიმე? ხომ არ გაგაბრაზეს?
- არა, მაგრამ დამღალეს. არც მეთამაშნენ, არც მელაპარაკნენ. თავისთვის ბურტყუნებდნენ რაღაცებს.
- რამე გაიგონე? ხომ არ იცი, რაზე ლაპარაკობდნენ?
- ჩემთან არ ულაპარაკიათ. - სასაცილოდ გაბუსხა ტუჩები. აშკარა იყო, მასაც აინტერესებდა და ბრაზდებოდა პატარა ჭორიკანა, გაურკვევლობაში რომ იყო.
- კარგი, დედა, არ იდარდო შენ მაგაზე. მე ცოტა ხანს კიდევ უნდა დავრჩე და არ ინერვიულო, კარგი? შენ წაგიყვანენ ბებოსთან და მეც მალე მოვალ. კარგი, დე?
- მარტოს ჩამსვამენ ავტობუსში? - შიშით გაუფართოვდა თვალები.
- არა, დედა, თვითონ წაგიყვანენ. არ იტირო, კარგი?
- რატომ უნდა ვიტირო? - დაიჯღანა სასაცილოდ. - არ მეშინია. არც ვინერვიულებ.
- დაუჩქარეთ! - საუბარი შეაწყვეტინათ გიორგის ხმამ და კარზე ბრახუნმა. - წასვლის დროა.
- მამასთან არ მიმიყვანენ?
- მამა სამსახურშია, პატარავ. საღამოს გნახავთ ორივე, შევთანხმდით?
- მაშინ, წვნიანს არ შევჭამ!
- არ შეჭამო. - გაეცინა, ნებისმიერ სიტუაციაში ამაზე რომ უწევდათ საუბარი და კიდევ ერთხელ ჩაიკრა შვილი.
არც იცოდა, ექნებოდა თუ არა კიდევ მასთან ჩახუტების შანსი. შესაძლოა, უკანასკნელადაც კი ხედავდა და არ უნდოდა, ბავშვს რამე ეგრძნო. თავს ვერ აპატიებდა, ოდნავ მაინც რომ შეეშინებინა. ზედმეტსაც ვერაფერს ეტყოდა, ზუსტად იცოდა, გიორგი ერთ სიტყვასაც რომ არ გამოტოვებდა მათი საუბრიდან, თუმცა, დამშვიდება ნამდვილად შეეძლო და ვალდებულიც კი იყო, ეს გაეკეთებინა.
კისერში აკოცა და ძლივს შეიკავა ცრემლები, გაშვება რომ გარდაუვალი გახდა. ზუსტად ისეთი სუნი ჰქონდა ლილუს ახლაც, როგორიც ახალშობილს. ისეთივე რბილი და ფუმფულა კანი, ნაზი და პრიალა. ისეთივე მრგვალი თვალები და ჭკვიანური მზერა. იცოდა, ყველა დედას განსაკუთრებული რომ ეგონა საკუთარი შვილი და ადრე ეცინებოდა კიდეც, როცა პატარაზე ამბობდნენ, ძალიან ჭკვიანია, ყველაფერი ესმისო, მაგრამ, რაც ლილუ ეყოლა, პირველივე დღეს იგრძნო, ეს მოცუცქნული არსება ისეთი თვალებით უყურებდა, შეუძლებელი იყო, მართლა არ მიმხვდარიყო, რას ეუბნებოდა დედა.
გამომშვიდობებისასაც ასეთივე მზერა ჰქონდა, დაკვირვებული და ჭკვიანური. წამითაც არ ჩანდა მის თვალებში შიში და ეს ამშვიდებდა ქალს ყველაზე მეტად. თვითონ როგორ გაუძლებდა. როცა ეცოდინებოდა, შვილი რომ სამშვიდობოს ჰყავდა, უფრო მშვიდად იქნებოდა თვითონაც და არც წინააღმდეგობის გაწევას მოერიდებოდა, როცა დასჭირდებოდა.
ოთახიდან გასვლამდე სწრაფადვე მოიხსნა ჯვარი და შემდეგ ისე ოსტატურად ჩაასრიალა ხელიდან, ვინმეს რომ დაენახა, ეჭვიც არ შეეპარებოდა, რომ გაუწყდა და იმიტომ დაუვარდა ძირს. იცოდა, დარასელი თუ სათანადოდ ჭკვიანი არ გამოდგა, უფროსი მაინც აუცილებლად შეამოწმებდა დეტალურად და ზედმეტად სახიფათო იყო უკვე თან ტარება. საჭირო ინფორმაციას დემნა ისედაც მიიღებდა და მოსასმენიც მაქსიმალურად ძლიერი დააყენეს, სხვა ოთახიდანაც რომ მოეხერხებინა ხმის ჩაწერა.
- ლილუს გიორგი წაიყვანს და მასთან იქნება, სანამ საქმეს არ დავასრულებთ. - მოულოდნელად გამოუცხადა ულვაშიანმა.
- ასე არ შევთანხმებულვართ!
- როდის შევთანხმდით საერთოდ?
- ხომ იცით, რომ მე გჭირდებით? - ეცადა, მოლაპარაკებაზე გადასულიყო. იცოდა, მუქარა და ფეხების ბაკუნი მათთან არ გაჭრიდა, ამიტომ ჯობდა, ისევ მშვიდად ეთქვა თავისი სათქმელი.
- ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ხომ არ ანიჭებ საკუთარ თავს?
- ბატონო თამაზ, მე არ ვიცი, თქვენ როგორ ერკვევით, მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცი, მაგ საბუთებს ჩემ გარდა რომ ვერავინ მოაწესრიგებს. სანამ თქვენ ინტრიგებს ხლართავდით, არც მე ვმჯდარვარ უსაქმურად.
- რას გულისხმობ?
- ყველაფერი ავრიე. - გაუღიმა სარკასტულად და სრული ეფექტისთვის, წამწამების აფახულებაღა აკლდა, მაგრამ მაინც შეიკავა თავი. - და თან ისე, დამერწმუნეთ, უძლიერესი სპეციალისტიც რომ მოიყვანოთ, მართალია, გამოასწორებს შეცდომებს, მაგრამ, სულ მცირე, ორი დღე მაინც დასჭირდება. თქვენ კი, არა მგონია, ამდენი დრო გქონდეთ.
- და შენ ამბობდი, რომ ყველაფერი წესრიგში იყო, არა? - ელენეზე გაბრაზებულმა, გიორგის დაუღრიალა თამაზმა და აშკარა იყო, ზუსტად ის ეფექტი მოახდინა ქალის სიტყვებმა, როგორიც ჰქონდა დაგეგმილი.
- ბავშვის თანდასწრებით ნუ ყვირით, თუ შეიძლება. - გაუღიმა კიდევ ერთხელ. - და მისამართი ჩაიწერეთ, დედაჩემთან რომ წაიყვანოთ. - შემდეგ კი, მხოლოდ მცდელობა ჰქონდა, კაცის ხელნაწერი რომ დაენახა და არც იცოდა, გამოუვიდოდა თუ არა, მაგრამ იმდენად დააბნია თამაზი თავისი სიმშვიდით, მანაც დაუფიქრებლად აიღო ფურცელი და კალამი და კიდევ ერთხელ დაარწმუნა, ის რომ იყო ნამდვილი უფროსი. ზუსტად ისეთი ნაწერი ჰქონდა, როგორი კალიგრაფიითაც იყო დაწერილი წერილები.
- ძალიან სწრაფად ნუ ატარებთ მანქანას, საშიშია! - გიორგისაც გასძახა, სანამ ლილუსთან ერთად გავიდოდა და შემდეგ ძლივს შეიკავა თვითკმაყოფილი ღიმილი, მისი გამწარებული სახის დანახვისას.
დასასრული წაიკითხეთ სამშაბათს