დილით კარებზე ძლიერი კაკუნის ხმა მაღვიძებს. თავიდან მგონია, რომ მუშტებს მირტყამენ, მაგრამ ძილიდან რომ გამოვდივარ, ვხვდები, რაშიცაა საქმე.
მაჟრჟოლებს. რაც უნდა ძალიან მინდოდეს ამ ხმაურის შეჩერება, ხალათით მაინც ვერ გავალ. არ ვიცი, ვინ დამხვდება იქ და ამიტომ საღამურზე ზემოდან ვიცვამ სვიტერს, შარვალშიც სწრაფად ვყოფ ფეხებს და ჯერ მისაღებ ოთახს ვიტოვებ უკან, მერე სამზარეულოს და ბოლოს კარამდეც ვაღწევ.
- ვინ არის? - ვკითხულობ, მიუხედავად იმისა, რომ ჭუჭრუტანიდან უკვე დავინახე, ვინც არის.
დუმილი.
ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და ურდულს ვწევ. მერე ისევ მისაღებში ვბრუნდები, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ თვითონაც შეძლებს კარების შემოღებას.
- გუშინ რატომ გაიქეცი ისე, თითქოს მოჩვენება დაგენახოს? - თითქოსდა მსაყვედურობს უკვე ოთახში შემოსული მამაკაცი.
- ჯერ მე დაგისვამ კითხვას, კარგი? რატომ მაქვს ისეთი შეგრძნება, რომ უკან დამდევ? ან რა უფლებით მოდიხარ ჩემთან? რადგან მარტო ვცხოვრობ, ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ შემხვედრს შეუძლია ჩემი სტუმარი გახდეს? არ გიცნობ, გესმის? შენი სახელიც კი არ ვიცი.-ოთახში თან ბოლთას ვცემ და თან გამწარებული ვჩხუბობ.
გიორგის ეღიმება. შუბლს იფხანს და კმაყოფილი იერით მაკვირდება, თითქოს რაღაცას მიმიხვდა.
- შეგრძნება კი არ გაქვს, იცი, რომ უკან დაგდევ და ისიც იცი, რატომაც მოვდივარ შენთან. მარტო ცხოვრობდი თუ არა, ეს სულაც არ მაინტერესებდა და თან არა მგონია, ყოველ შემხვედრს სახლში ეპატიჟებოდე, რადგან გუშინ ვიღაც ღიპიანი ნაცნობი გადაკოცნე, რომელიც ალბათ ადრე საქმროდ გეძლეოდა და შემდეგ ის თავის გზაზე წავიდა და შენ შენსაზე. იმას, რომ შემწვარს და მოხარშულს მიცნობ, ვერ დავიჟინებ, მაგრამ ჩემი სახელი რომ გუშინ გაიგე, ამაში დარწმუნებული ვარ. მოკლედ, ნუ შეეცდები, მიუწვდომელი იყო კაცისთვის, რომელიც ერთხელ უკვე მოგწვდა, გესმის? - მიხსნის ის და მერე იმდენად მიახლოვდება, რომ კედელთან მიმწყვდევს. - ვიცი, რომ აქ არ უნდა ვიყო, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ბევრი რამ არსებობს, რომელთა შესრულებაც შეუძლებელია!
- შენ... შეშლილი ხარ! ნამდვილი შეშლილი და თუ გგონია, რომ პელო ჩამოფრინდა ციდან და ახლა ჩემი სხეულის სახით მოგევლინა, ძალიან ცდები! მე ელენიკა ვარ, ბავშვობაც მქონდა, მოზარდობაც და სტუდენტობაც და ეს თუ ასეა, ესე იგი, შეგიძლია თავი დამანებო, გასაგებია? - თვალებს აქეთ-იქით დავატარებ ამის თქმისას და როგორღაც ვახერხებ, რომ მის მზერას არ შევეჩეხო.
როგორც კი ჩემს გამოსვლას ვასრულებ, უკან იწევს და მეც საშუალება მეძლევა, თავისუფლად გავმოძრავდე. დივანზე ვჯდები და იმ აზრის გაბუნდოვანებას ან საერთოდ უგულებელყოფას ვლამობ, რომელიც შიგნიდან მჭამს და ცდილობს, ამაყვიროს, რომ მე ელენიკა ვარ, ვახტანგის ასული და ასე დაუსრულებლად...
- პელოს შესახებ ქეთიმ გითხრა, არა? შენ რომ წამოხვედი, ვინახულე. მეგონა, შენი ნახვა მასაც ისევე გადარევდა, როგორც მე, მაგრამ არა... მთელი ღამე ვფიქრობდი, თუ როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო ეს. ისიც კი ვიფიქრე, რომ ჩემი პირადი გამოცხადება იყავი, მაგრამ მერე მივხვდი... მან ვერ დაგინახა ისე, რომ შენში პელო ამოეცნო! - ხვნეშის და თავს უკან აგდებს.
- ჩემში პელო არ არსებობს! ის, რომ მას ვგავარ, არ ნიშნავს, რომ ის ვარ... არც ის, რომ მასაც იმნაირი შოკოლადი უყვარდა, როგორიც მე... მე მინდა, რომ წახვიდე! - მტკიცედ ვამბობ და კარისკენ მივდივარ.
უცებ მიჭერს. წელზე ხელს მხვევს და თავისკენ მიზიდავს. ერთიანად ვკანკალებ. ფეხებს ვაფართხალებ და თავს ვხრი, რომ არ შევხედო. მთელი კანი მეწვის იმის წარმოდგენაზე, რომ ის მიყურებს. უკვე ვეღარ ვსუნთქავ. მის პალტოზე მაქვს ცხვირი მიჭყლეტილი და მისი სურნელი მგუდავს. ვითვლი. ერთი, ორი, სამი... ჩემი თითები ლტოლვისგან მხეცდება, ოღონდ ამას იმით გამოხატავს, რომ ეშვება. გონება ხომ ყოველთვის ყველაზე ბოლოს ითიშება. ჯერ კიდევ ვიაზრებ, რომ ის ჩემში მე ვერ მხედავს და მინდა გავიქცე, რათა აქ მხოლოდ პელო და გიორგი დარჩნენ. არ ვიცი, მე რა მემართება. ყველა უჯრედი ერთად იწყებს ფეთქვას და უკვე ვეღარ ვხვდები, რომელი დავამშვიდო, რომელი მოვთოკო და რომელი დავაბრუნო ჩვეულ მდგომარეობაში.
- გთხოვ, არ ქნა... - ბოლოჯერ ვფართხალდები და სახე ცრემლებით მისველდება იმის აღქმაზე, რომ საკუთარ თავს ამ კაცის გამო ვერ ვაკონტროლებ.
- ჩშუ... - მაჩუმებს ის და თავზე მკოცნის.
- პელოს რომ არ უნდოდეს... მას რომ არ უნდოდეს, ხომ არ მიეკარებოდი? - ახლა კი თამამად ვიხედები მისკენ, რადგან ზუსტად ვიცი, ჩემი სიტყვები მასზე იმოქმედებს.
- არა, ელენიკა, არა, მაგრამ მას... ენდომებოდა.
ცივად მიშორებს და გასასვლელისკენ მიემართება. სულში რაღაც მტკივნეულად მეღვრება, ძარღვებში კი სისხლი მეყინება. ჩემი სურვილების ვერაფერი გამიგია. ვერც ის, რა მინდა და ვერც ის, თუ რა არ მინდა. კედელს ვშორდები და ცრემლებს ვიწმენდ.
- ნახვამდის, გიორგი. - წყდება ჩემს ბაგეებს მისი სახელი და მგონია, რომ ყველაზე საშინლად და ვულგარულად ჟღერს ამ სიჩუმეში ახლა ეს.
- ნახვამდის, ელენიკა. - შემოსასვლელიდან მეპასუხება და სევდიანად მიღიმის. - არ ღირს, ხომ?
- არ ვიცი. - მხრებს სულ ოდნავ ვატოკებ იმის ნიშნად, რომ არ ვტყუი.
გიორგი კარებს აღებს და მიდის. ახლა უკვე აღარ მეშინია იმის, რომ არ მოვა. სულ, სულ წამით შემომხედა ისე, როგორც ელენიკას და მაშინაც ჩემს თვალებში თანხმობა დაინახა. ამას კი რამდენი დროც უნდა გავიდეს, რაც უნდა მომივიდეს და როგორც უნდა შემძულდეს, არ ვინანებ... ყველაზე პატარა დოზითაც კი და იცით, რატომ? იმიტომ, რომ მე დიდი ხანია მომბეზრდა იმის სინანული, რაც მომწონს!
- ამას აქ რა უნდოდა? - პირდაღებული მეკითხება გვანცა, როგორც კი მაგიდაზე აგდებს ჩანთას და სკამზე თავის მშვენიერ უკანალს დებს.
- ვისზე მელაპარაკები? - თავს ვიდებილებ და ვხვდები, რომ უჩვეულოდ კარგ განწყობაზე ვარ.
- ნეტავ, ვისზე? ვისზე და კაცზე, რომელმაც იმ დღეს მეც და შენც გვარიანად შეგვაშინა! -ბურდღუნებს და ცნობისმოყვარედ მიცქერს.
- სად შეგხვდა? - ვეძიები და ჩემს თავს ამით ვცემ.
- რა მნიშვნელობა აქვს, სად შემხვდა, ელენიკა! ერთ რამეში კი დარწმუნებული ვარ, შენთან იყო და თან ისეთი სახე ჰქონდა, ან მისგან ხარ ორსულად, ან სიყვარული აგიხსნა და შენ უარი უთხარი! - ჩემკენ იშვერს თითს და ეშმაკურად იკრიჭება.
- ღმერთო, საიდან ასეთი ფანტაზიები? უბრალოდ, ამ ქუჩაზე ბინის ყიდვა უნდა და აინტერესებს, ვინმე თუ ყიდის სადმე ახლოს. - ისე მალე ვიგონებ ტყუილს, რომ მე თვითონვე მიკვირს.
- ახლა კარგად მომისმინე, ქალბატონო! ასეთ სისულელეს რომ არ დავიჯერებ, ეს წესით, უნდა იცოდე, რადგან საკმაოდ კარგად მიცნობ და მე მგონი, ბოლო დონის გამოშტერებული არ ვარ და იმის არ მჯერა, რომ ბავშვები კომბოსტოში ჩნდებიან. მერე კიდევ ის, რომ თუ ვინმე გაიჩინე, ეს სირცხვილი სულაც არ არის, ხოლო ის, რომ ვიღაცას მოეწონე, ბუნებრივია! - არგუმენტებით მიმყარებს თავის დებულებებს და მერე თავისი ნალაქლაქით ნასიამოვნები ფეხს ფეხზე მოხდენილად იდებს.
- გვანცა, არ მინდა იმაზე ლაპარაკი, რაც სალაპარაკო არაა! დეიდაშენის სინდრომი გადმოგედო? სამაგიეროდ, მე წელიწადში ერთხელ იმაზე ფიქრი არ მიწევს, თუ რა ვაჩუქო ქმარს თუ შეყვარებულს დაბადების დღეზე და არც ყოველდღე იმაზე დარდი, რომ შეიძლება მან ვინმე სხვას გააყოლოს თვალი. - მე ჩემსას ვუმტკიცებ და მობილურს ვიღებ ხელში, ვითომდა საუბარი დასრულებულია-მეთქი.
- ნეტავ, შენ ვინ გაგიძლებს, რა... - დუდღუნებს გვანცა და თავს მანებებს.
სახლს ვატყობ, რომ დასალაგებელია და მის ძირეულ მოწესრიგებას ვიწყებ. შემოსასვლელიდან მოვყვები, რომ მერე ყველა ოთახი მოვიარო და ხალიჩას რომ ვახვევ გადასაბერტყად, დავარდნის ხმა უკან მახედებს. კუთხეში რაღაც ჯაჭვი გდია. ხელში რომ ვიღებ, ვხვდები, ჯაჭვი კი არა, მედალიონია საფირონის ცისფერი ქვით. რომ ვიაზრებ, თუ როგორი ძვირფასი ნივთი აღმოჩნდა ჩემს სახლში, გაოცებული ვიქექავ კეფას, იატაკზე ლოტოსის პოზაში ვჯდები და მედალიონს დაწვრილებით ვიკვლევ. ჯერ მარტო ისეთი ლამაზია, მის შესახებ გინდაც არ გამეგოს, მივხვდებოდი, თუ როგორი ფასეული იქნებოდა ის, მაგრამ ახლა მით უმეტეს დაბნეული და შეშინებული ვარ. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, გახარების არაფერი მეტყობა, რადგან ვიცი, რომ ამ მედალიონის ადგილი აქ არ არის.
- ვისი შეიძლება იყოს? - ტუჩებს კითხვით ვბუშტავ და ვიხსენებ, თუ ვინ იყო ბოლოს ჩემთან ან მე სად ვიყავი.
ბოლოს გვანცა იყო აქ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს მედალიონი მისი არ იქნება. ჯერ რომ ვინმეს ეჩუქა ან თუნდაც ეყიდა, ჭკუაზე არ იქნებოდა და პირველი მე მეტყოდა და სადმე რომ ეპოვა, მესაიდუმლეც მე ვიქნებოდი. როცა ადამიანი ასეთი საუნჯის პატრონი ხარ, უნდა მოუფრთხილდე და სხვის სახლში არ დატოვო. იმდენად იღბლიანი არ ვარ, რომ ვინმესთან ვყოფილიყავი, ქურთუკის ჯიბეზე ჩამომკიდებოდა და მერე სახლშივე ამომვარდნოდა. ასეთ სულელურ ვარიანტებს ელენიკა გაბაშვილი არც უნდა განიხილავდეს.
თუ გვანცასი არაა, სხვა ვის შეიძლება ეკუთვნოდეს? ღმერთო, გვანცამდე ხომ გიორგი იყო ჩემთან! ნუთუ მედალიონი მისია? ოღონდ ეს არა! ოღონდ ეს არა და იყოს ნებისმიერი სხვა რამ! თუ ახლა ეს მედალიონი პელოსი იყო, გადავირევი. შესაძლებელია, ხელში იმ მკვდარი ქალის მედალიონი მეჭიროს, რომელსაც ჩემში ხედავენ და რომელიც მგავდა როგორც გარეგნობით, ისე ხასიათით... და ახლა უკვე იოლად შემიძლია გავუგო გიორგის, რომელიც ბიბლიოთეკაში ბუტბუტებდა, შეუძლებელია, ეს უკვე ზედმეტიაო...
გაგრძელება იქნება შაბათს
იხილეთ: თავშესაფარი. ორეული (თავი 3)