- ჯორჯ? - განცვიფრებულს მხვდება და გაუაზრებლად ვათვალიერებ წინ ჩამოყენებულ მანქანებს და კორპუსის კუთხეებს.
- Überraschung! (სიურპრიზი!) - ჩვეული პოზიტივით მესალმება მამაკაცი.- Schauen Sie perfekt! (მშვენივრად გამოიყურები!).
პირველ რიგში, მადლობის გადახდა, მერე კი მისთვის იმავეს თქმა მსურს, რადგან თვითონაც შესანიშნავ ფორმაშია, მაგრამ რაღაც მაკავებს. კომპლიმენტს გერმანიაში ყოველ შეხვედრაზე მეუბნებოდა, მაგრამ მაშინ მხოლოდ მეგობრული შეფასება გამოსჭვიოდა მის ნათქვამში, ახლა კი გიორგის გავლენაა თუ ჩემი ქალური ქვეცნობიერი გრძნობს რაიმეს, არ ვიცი, მაგრამ მისი ეს სიტყვები მეხამუშება. ცოტა პირფერულად და დაგეგმილად მეჩვენება მისი სიტყვები. ამ უხერხულობას როგორღაც ვაგორებ და მისგან ოდნავ მოშორებით ვიწევი.
- Wir planten etwas und es nicht merken? (რამე დავგეგმეთ და არ მახსოვს?) - მხრებს ზემოთ ვქაჩავ.
- სულ ერთი თვით ვარ ჩამოსული, ისიც მხოლოდ საქმეზე და არ მინდა, ამ დრომ უშენოდ გაიაროს! - გერმანულად იმართლებს თავს ჯორჯი და ისევ და ისევ ის საზიზღარი ყვითელი ფერი იელვებს მის თვალებში.- სადმე წასვლას აპირებდი?
- Wirklich! (ნამდვილად!) - უზრდელურად გამომდის. - Aber nichts! (მაგრამ არაფერია!) Nun, was willst du? (აბა, რას ვაპირებთ?)
- In Georgien sind elenika! (საქართველოში ვართ, ელენიკა!) - ისე გამოკვეთილად ამბობს ჩემს სახელს, რომ მეცინება.
ერთმანეთი რომ გავიცანით, ჩემი სახელის თქმისას ენას იტეხდა. ''ლ'' გერმანულშიც ხშირად იხმარება და არ უჭირდა, მაგრამ ამ ''კ''- ს ვერაფერი გაუგო. ხან ელენიქაო, იმას გაიძახოდა, ხანაც საერთოდ ელნიქად მნათლავდა. მის უშედეგო მცდელობებზე მე გადაბჟირებამდე ვხარხარებდი და ზოგჯერ განგებ ამახინჯებდა ორიგინალურად ჩემს სახელს, ხასიათზე რომ მოვეყვანე.
- Das beste Mädchen, das du bist, elenika! (ყველაზე მაგარი გოგო ხარ, ელენიკა!) - მითხრა ჩემი წამოსვლიდან ცოტა ხნით ადრე.
მაშინ გადავიკისკისე და მოვეხვიე.
ახლა კი ის დრო სასტიკად მომენატრა... იმდენად მომაწვა ნოსტალგია, რომ თვალები ამიცრემლიანდა და ეს, რა თქმა უნდა, ჯორჯს არ გამოჰპარვია.
- Sind Sie in Ordnung? (ხომ კარგად ხარ?) - ხელებს თვალებიდან მაწევინებს და მეც ვრჩები გლოვას იმისას, რომ აღარაფერია ისე, როგორც ადრე.
- Ja, in der Tat. Dann trocknen die Brücke zu gehen und einige antike kaufen. (ჰო, ჰო. მაშინ მშრალ ხიდზე წავიდეთ და ანტიკვარები შევიძინოთ სამახსოვროდ.)- იდეა მომდის და მის სარგებლიანობაში მაშინვე ვრწმუნდები.- Sie sind damit einverstanden? (თანახმა ხარ?)
ჯორჯი ჩემს შემოთავაზებას საუკეთესო იდეად აღიარებს და მეც რაღა დამრჩენია, მის მანქანაში მასთან ერთად ვჯდები.
მშრალ ხიდზე ძველებურ საათს და ლამაზად მოჩუქურთმებულ ფარს ვარჩევთ და ვყიდულობთ. ჯორჯი აჟიტირებულია იმის შემდეგ, რაც ნახა. ყველაფერი ძალიან მოეწონა და გამყიდველს გერმანულად უთხრა, რომ საქართველო საუკეთესო ქვეყანა იყო, სადაც კი ემოგზაურა. ქალმა ვერაფერი გაიგო, ამიტომ მომიწია გადამეთარგმნა. ჯორჯს ჩემ გარდა თარჯიმანი არ ჰყოლია, მის მძღოლს თუ არ ჩავთვლიდით, რომელიც მანქანაში დარჩა.
- რა მითხარი, საქართველოში რის გამო ჩამოვედიო?- ვეკითხები გერმანულად, რადგან სალაპარაკო გველევა.
- ჰმმ... - უკმაყოფილოდ ფრუტუნებს ის და მშობლიურ ენაზე იწყებს მოყოლას. - ის წვეულება გახსოვს, შენი გერმანიაში ყოფნის ბოლო თვეს რომ გაიმართა? თუ ეს გახსოვს, მაშინ შეუძლებელია, ის საოცარი მედალიონი არ გახსოვდეს, მამაჩემმა რომ თავის საუკეთესო ქმნილებად ჩათვალა. არ ვიცი, რა დაინახა მასში ასეთი დევიდმა, მაგრამ ლამის გადაყვა მის დაკარგვას. ბოლო დროს ყურადღება მაგიტომ ვეღარ მოგაქციე. სულ ამ მედალიონის ამბებზე დავრბოდი. ახლა კიდევ უცებ საიდანღაც შეიტყო, რომ მედალიონი საქართველოშია და იმის გასაგებად, მართალი იყო თუ არა ეს ჭორი, საქართველოში მე გამომგზავნა. აქ რამდენიმე საჭირო კაცი ვიპოვე და ისინი დამეხმარნენ სიმართლის გარკვევაში. მოპარული მედალიონი თავდაპირველად რუსეთში წაუღიათ. ვიღაც მიხეილს შეუსყიდია. ნარკომანი ყოფილა და ერთხელაც ძილში გაპარულა. მისი სიკვდილის შემდეგ მედალიონი გამქრალა და უცებ... საიუველირო მაღაზიაში დაუნახავთ! კვალს გავყევი და... სავარაუდოდ მალე ჩემს ხელში იქნება! მამაჩემი დამშვიდდება და მეც მომასვენებს.
- was? (რა?)
ელექტროშოკის დარტყმას ვიღებ ამ ყველაფრის გაგებაზე. ნამდვილი მოულოდნელობა და ღვთის რისხვაა იმის შეტყობა, რომ ჯორჯი ჩემს კვალს მოჰყვება. ქალის, რომელიც გვერდით უდგას. ვინ იცის, ვინ არ ჩარია ამ საქმეში ან ის საჭირო კაცები რა კატეგორიის წარმომადგენლები არიან. ან მე რა მელის, ან მედალიონს? ან საერთოდ ამ ამბავში რა როლი აქვს გიორგის? რა მომივა, როცა ყველაფერი ნათელი გახდება? დედაჩემს როგორ შევხედავ თვალებში? გიორგი რას იზამს? ჯორჯი რას იტყვის? მამამისი როგორ მოგვექცევა? რა გადაწყვეტილებას მიიღებენ გერმანელები? ციხეში ხომ არ ამოვყოფ თავს? რამდენ წელს მომისჯიან? იქნებ გერმანიის საკანშიც კი მიკრან თავი? იქ როგორი წესები აქვთ? ნუთუ ახლა უკვე მე დამჭირდება თავშესაფარი? ვის შევაფარო თავი? გიორგის? კაცს, რომელიც ვერაფერში გარკვეულა?
- Ja, so wird es sein! (ჰო, ასე იქნება!)- ლამაზი წარმოდგენები ამხიარულებს მამაკაცს.
- Spät. gehen. (გვიანია. წავიდეთ.)
სახლში რომ მარტო ვრჩები, ვხვდები, ვიღაც მჭირდება. ალბათ, წარმოუდგენილია, რომ ადამიანი, რომელიც გიჟდებოდა მარტოობაზე, ახლა სხვას ნატრობს. არ მინდა, რომ ქეთი მოვიდეს და კითხვებით ამიკლოს. არც ის, რომ დედა მესტუმროს და არეულობასა და უყურადღებობაზე მეჩხუბოს. ჩემთან გიორგი უნდა იყოს. კაცი, რომლის გარეშეც უკვე შუა ქუჩაშიც კი თავს მარტოსულად ვგრძნობ.
ვერ გავუძლებ. ვეღარ გავუძლებ ამდენ ფიქრსა და შიშს. მობილურში შემოსულ ზარებს ვნახულობ და იმ ნომერზე ვრეკავ, რომლითაც ორი დღის წინ დამირეკა გიორგიმ.
- გისმენ, ელენიკა!- მეტისმეტად ოფიციალური, ''ოღონდ დროზე მოვრჩეთ ლაპარაკს'' ტონით მპასუხობს გიორგი.
- არ გცალია? - ქვედა ტუჩს სიმწრით ვიქცევ კბილებს შორის.
- მცალია, როგორ არა. რამე გინდა?- ისე უცივდება ხმა, რომ ჩემთვის ნათელია, ჩემი თავიდან მოშორება უნდა.
- რას ჰქვია, რამე მინდა თუ არა? უკვე სხვა პელო იპოვე? - ცოტაც და გულამოსკვნით ავტირდები.
- ელენიკა, რას მერჩი? დაგიშავე რამე?
- არა... ღმერთო... მაპატიე! მაპატიე, რომ შეგაწუხე! - ხელით ხელსახოცს ვწვდები და ცრემლებს ისე ვიწმენდ, ლამის სახეს ვიგლეჯავ.
- ელენიკა!
- მშვიდობით! - არაფრის თქმას აღარ ვაცდი, ისე ვთიშავ და ტახტის საზურგეს თავს გამწარებული ვანარცხებ.
- რატომ მინდა ასე მასთან... რატომ, ღმერთო! რა მინდოდა, რას გავიცანი... რატომ ნახა ჩემამდე პელო... რატომ ვგავარ მას ასე...- ყოველ სიტყვას კვნესას ვაყოლებ, მერე კი რაღაც მახსენდება და გოლიათის ნაბიჯებით გავდივარ სამზარეულოში.
კონტეინერიდან მედალიონს ვიღებ და დერეფნისკენ ვისვრი. გონს რომ ვეგები, მასთან ვიმუხლებ. საბედნიეროდ, საღსალამათია. ჯორჯი მიდგება თვალწინ. ვკივი, თითქოს გაღებული პირიდან ჩემი ნაღველი გამოფრინდებოდეს.
დამსხვრეულ ლარნაკს უდიერად ვალაჯებ და ყოველგვარი სარკეში ჩახედვისა და ჭუჭრუტანიდან გახედების გარეშე ვაღებ კარებს. გიორგი განსაკუთრებით გულჩათხრობილი და მოწყენილი მეჩვენება. აშკარად არ სიამოვნებს ჩემი განადგურებული, წაშლილი სახის დანახვა და მძიმე ნაბიჯებით შედის მისაღებში. იქაურობის დანახვაზე ცალკე ელეთ- მელეთი მოსდის და თვალებით მსაყვედურობს.
- შემთხვევით დამივარდა.- თავს ვიმართლებ და სავარძელში ვკალათდები.
გიორგი ცინიკურად იღიმის, ვითომ ნეტავ, მე რას მატყუებო და ჩემ პირდაპირ პოულობს ადგილს.
- მოიცალე?- მეც იგივენაირ მზერას ვაგებებ.
- და ვინ გითხრა, რომ მაშინ არ მეცალა?- იღუშება მიქელაძე.
- ეგ არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ნამდვილად არ გეცალა! თავს მარიდებ... არ მესმის, რანაირი ურთიერთობა გვაქვს, ვინ ვართ, რას ვაკეთებთ ან რატომ ვდებ შენ გამო ყველას და ყველაფერს უკანა პლანზე! მაინც და მაინც შენზე რატომ ვფიქრობ იმ სიტუაციაში, როცა ეს სახარბიელო სულაც არ არის და რატომ არ შემიძლია ერთ დღესაც კარი არ გაგიღო! მით უმეტეს, რომ ვხედავ, როგორ არ გადარდებ და როგორ არ მაქვს არანაირი ფასი შენთვის! როგორც არ უნდა შევიცვალო, პელო ვერ გავხდები და ვერასდროს ვერ გავხდები ისეთი, რომ...
- პელო, პელო, პელო! - ისე წამებში იქცევა მშვიდი, უგრძნობი ადამიანიდან გამძვინვარებულ მხეცად, რომ შემცბარი ოთხად ვიკეცები. - რატომ აიგივებ საკუთარ თავს ყოველთვის მასთან? რატომ გინდა, რომ სულ მას მახსენებდე? იქნებ საერთოდ აღარ მინდა, რომ მასზე ვიფიქრო? იქნებ მინდა, რომ ჩემი ახალი, პატარა, მშვიდი სამყარო შევქმნა? რა გინდა, ელენიკა? როდემდე, მითხარი? როდემდე ვითმინო შენი საყვედურები იმასთან დაკავშირებით, რომ მე ისე გიყურებ, როგორც პელოს და როდემდე აპირებ უდარდელი, თავისუფალი და უკომპლექსო ქალის როლის თამაშს, რომელშიც მეორე დღეს თავისი ნამდვილი მე იღვიძებს ქალური პრეტენზიებით და შიშებით? რა გსურს, რომ მეც შევიცვალო? რომ მეც აღარ ვიყო ის, ვინც ვარ?
იმდენად მძრავს მისი მონოლოგი, რომ მძაგდება ყველა ის მოქმედება, რაც აქამდე ჩამიდენია და ის სიტყვები, რითაც გამილანძღია თუ დამიდანაშაულებია. თავს მუხლებში ვმალავ, მაგრამ ის მხრებზე მეჯაჯგურება და სახეს ახლოს მიტანს.
- მიპასუხე, ელენიკა, გთხოვ! რატომ ხარ ჩემთან? რატომ არ მაგდებ? მიპასუხე!- ვედრება და ბრძანება ერთმანეთს შერევია გიორგის ხმაში.
- იმიტომ, რომ.... იმიტომ, რომ.... არ შემიძლია! არ გამომდის! - ვკვნესი და თითქოს საცრემლე კაპილარები ერთად მისკდება, ისე ჩანჩქერივით იწყებენ დენას. - მინდოდა, მაგრამ... ხომ ნახე, რამდენჯერ ვცადე! არ შემიძლია! რთულია, ძალიან რთული!
არ ვიცი, რატომ იწვევს ასეთ სიხარულს გიორგიში ჩემი სიტყვები, მაგრამ ისე ძლიერად მიხუტებს, რომ ჩემი ძვლების ტკაცუნი მესმის. შვების ზარები ერთმანეთს ეწყობიან და სინქრონში იწყებენ რეკვას. ახლა ყველაზე დაწყნარებულად, იმედმოცემულად და კმაყოფილად ვგრძნობ თავს. ალბათ. შეუძლებელია არსებობდეს მდგომარეობა, რომელიც უფრო მეტად ბედნიერს გამხდიდა!
ცოტა მაკლია, რომ ვკითხო, შენ თვითონ რატომ არ მიდიხარ-მეთქი, მაგრამ ვგონებ, დადუმდება და ხმას აღარ ამოიღებს, ამიტომ უნდა მოვიცადო... იქამდე, სანამ პასუხის გასაცემად მზად არ იქნება...
- იცი, ახლა რომ კარზე ზარი გაისმას, არ გამიკვირდება!- სიცილით აღვნიშნავ და ცხვირი მის მკლავზე მეჭყლიტება.- ეი, ოდნავ მოეშვი, კარგი?
გიორგი ჩემი თმების სურნელს იყნოსავს და ისეთი შეგრძნება მეუფლება, რომ გაზაფხული ვარ, რომელიც მთლიანად შეისუნთქეს, გაითავისეს, მისით შეივსნენ. ჩემს ფანტაზიაზე მეღიმება. მუხლებზე ვიწევი და მეც ზუსტად იგივენაირად ვიქცევი. თმებზე შამპუნის თუ ოდეკოლონის სუნი ასდის. არც ისე მძაფრი, მაგრამ მაინც დასამახსოვრებელი. ისევ ქვემოთ ვცურდები და მის ქანდაკებისებურ პროფილს გვერდიდან ვუჭვრეტ. აი, სიმშვიდე და ნეტარება, რომელიც აქამდე ასე სრულყოფილად არასდროს შემიგრძვნია. სადაც სიყვარულია, იქ მყუდროებაც მოიკალათებს ხოლმე, მაგრამ სამწუხაროდ, სიმყუდროვე როდი მოითხოვს აუცილებლად სიყვარულს.
- მეშინია, ძალიან მეშინია!- ვჩურჩულებ და ქუთუთოებს მაგრად ვაჭერ, რომ ცრემლები უკუვაქციო.
- რისი? - იღრუბლება მამაკაცი.
- იმის, რომ სულ, სულ პელოს ჩრდილი ვიქნები... სამუდამოდ!- ვამბობ და ღაწვები უმალ მენამება.
- შენ არ ხარ პელოს ჩრდილი... შენ სხვა ხარ... - დარწმუნებით მპასუხობს გიორგი და მის ხმასაც წამებში ეკარგება ჟღერადობა.
- ნეტავ, შევიგნებ ოდესმე კი?
- ალბათ, მაშინ, როდესაც შემიყვარებ...- ეცინება მიქელაძეს.
მეც ვიცინი, მაგრამ უგერგილოდ. უკან ვჩოჩდები და როგორც კი თავს თავისუფლად ვიგულებ, ფეხზე ვდგები. გიორგი, ცხადია, ამჩნევს ჩემ ფერიცვალებას, მაგრამ მიზეზს არ მეკითხება. არც ჩემ შეკავებას ცდილობს.
- ერთ დღესაც ასეც შეიძლება მოხდეს!- მსუბუქად ვოხრავ.- ოღონდ მანამდე კიდევ ბევრი რამაა...
- რატომ ასოცირდება ყველა ქალისთვის სიყვარული ბედნიერ დასასრულთან?- ისეთი ბავშვური ინტერესით მეკითხება, რომ ვერ ვბრაზდები.
- იმიტომ, რომ ყველგან... წიგნშიც და ფილმშიც დასასრულს სთხოვენ კაცები ქალებს ხელს და თან ეუბნებიან, რომ სიცოცხლის ბოლომდე ეყვარებათ... ალბათ ცხოვრებაშიც შეიძლება იყოს ასე, არა?
- ხომ შეიძლება ვკვდებოდეთ და მაშინ გითხრა, რომ მიყვარხარ?- ახალი სიტუაცია წარმომადგენინა მამაკაცმა.
- ჰმმმ... არ ვიცი.
- რას მიპასუხებდი? - თავისი აზრით შეპყრობილი მეკითხება გიორგი.
- მეც მიყვარხარ-მეთქი, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ, როცა სიკვდილის პირას ვიქნებით! - ვკისკისებ, ხელიდან ვუსხლტები და მამაკაცს კარს მიღმა ვტოვებ.
გაგრძელება იქნება ხუთშაბათს
იხილეთ წინა თავები ბმულზე