- ამის გამო ხარ აქ? - როგორც კი ჭუჭრუტანაში ჯორჯს ხედავს, მაშინვე მეკითხება გიორგი და ყბებს ერთმანეთზე გაღიზიანებული უსვამს.
- მისმინე, კარი არ უნდა გაუღო!
შემოსასვლელიდან კარი რომელიღაც ოთახში გადის და მეც იქითკენ მივათრევ მამაკაცს.
- ბოლოს და ბოლოს, თქვი, რაშია საქმე? - პირველად ვხედავ, როგორ გამოდის წყობიდან.
- იცი, რისთვის მოვიდა აქ? - ვეძიები, მაგრამ ბოლომდე ვერ ვინარჩუნებ საიდანღაც მოთითხნილ პროფესიონალურ სიმშვიდეს და პირშიც ვეღარ ვაჩერებ იმას, რაც ვიცი. - მედალიონისთვის! იმ მედალიონისთვის, რომელიც ჩემთან დაგრჩა!
გიორგი ნაკვერჩხალივით წითლდება. გვერდითა ოთახში არეული ნაბიჯებით გადის. იქიდან მტვრევის და ნივთების გადმოვარდნის ხმა მესმის. უკან გამოსულს ისეთი შეშლილი სახე აქვს, ჩემთვის ცხადი ხდება, ეძებდა და ვერ იპოვა.
- თავიდან მეგონა, განგებ დატოვე, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ასე არაა. მაშინვე ვიეჭვე, რომ მედალიონი პელოს ეკუთვნოდა... მერე კი... მერე შევხვდი... მოკლედ, მერე უკვე დავრწმუნდი და უფრო გამიჭირდა შენთვის მისი დაბრუნება! უკვე აღარ მინდოდა შენი გაშვება... არ მინდოდა, სხვა თავშესაფარი გეპოვა... - ემოციებისგან ვიბერები ამის თქმისას. - შევშინდი, რომ წახვიდოდი... რომ როგორც ყველა დაულაგებელი წყვილი, დავშორდებოდით... რომელიღაც მაინც წავიდოდა... ამის ახლაც მეშინია, მაგრამ უნდა გითხრა! პელოს მედალიონი ჯორჯის მამას ეკუთვნოდა! ერთ წვეულებაზე მოიპარეს და ჯორჯმა ახლა შეიტყო, რომ ის საქართველოში იყო... მერე კვალმა შენთან მოიყვანა! ამიტომაა აქ! დავინახე, როგორ გამოგყვა უკან და მეც გამოგედევნეთ.
თხრობას რომ ვასრულებ, ყოველი დაბრახუნების ხმას უკვე ყურთან ტყვიის გაბზუილებასთან ვაიგივებ. გიორგის ჯერ ბოლომდე ვერ აღუქვია ის ყველაფერი, რაც მოვუყევი. კიდევ კარგი, პელოს მკურნალ ექიმთან შეხვედრაზე არაფერი მითქვამს, თორემ მერე პელოს ორსულობასაც დავფქვავდი. ვიცი, გიორგის აქვს უფლება, სიმართლე იცოდეს, მაგრამ ახლა ყველაზე დიდი ეგოისტი ვარ. იქნებ მერე იფიქროს, რომ ბედნიერებას არ იმსახურებს? რომ არ აქვს უფლება, იყოს ცოცხალი, ჯანმრთელი და თან სხვა ქალთან ერთად?
- იქ მარტო ჯორჯი აღარ იქნება! კარს ყველა მხრიდან მუშტებს ურტყამენ! - შეწუხებული ვეფარები გიორგის ზურგს.
- ანუ რა გამოდის, რომ ჯორჯს ჰგონია... ჯორჯს ჰგონია, ჩვენ მედალიონი მოვიპარეთ? ეს მედალინი ხომ... ფუჰ ამის! - ბრაზისგან ლამისაა, გასკდეს მამაკაცი.- თავიდანვე ვამბობდი, რომ ის დამპალი ჯემალი ასე ტყუილად ფულებს ვერ ჩაიჯიბავდა!
- ამაზე მერე ვილაპარაკოთ! - მის დაყოლიებას ვცდილობ, რადგან კარს შემონგრევამდე აღარაფერი უკლია. - რა შეიძლება გავაკეთოთ?
- კარები გააღე! - ბევრი ფიქრის გარეშე მპასუხობს ის.
ვერაფრით ვხვდები, რა აქვს გეგმაში და არც იმას გამოვრიცხავ, რომ კარის გაღებისთანავე ყველა, ვინც გარეთ დგას, შეიძლება ისე შემოცვივდეს სახლში, რომ გადამთელონ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება...
სათნო მასპინძლის ღიმილს ვიმარჯვებ და კარებს ვაღებ.
ალბათ, იმის აღწერა ძალიან გამიჭირდება, თუ როგორ უმუქდება ზურმუხტისფერი თვალები ჯორჯს ჩემ დანახვაზე და როგორ ედება მიწის ფერი. ახლა ისაა ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც მე, საქართველოში ჩამოსული მოულოდნელად რომ მომადგა კარზე. ენას პირში ადგილს ვეღარ უძებნის, ვერც იმას იგონებს, თუ რა მკითხოს, რა მიზეზი მოუძებნოს თავის აქ სტუმრობას. მან ხომ იცოდა, რომ მე სახლში დავრჩი, მაგრამ იმის აზრზე არ არის, რომ მედალიონთან მეც კავშირში ვარ. ეს ორი რამ ჩემს წისქვილზე ასხამს წყალს. ამიტომ არც მამაკაცის უკან მდგარი ორი დაბღვერილი მუსტანგი მაბნევს და არც საგანგებო კითხვა მისაღებიდან.
- ელენიკა, ვინ არის? - ჩახშული ხმით მეძახის გიორგი.
- ჯორჯი მოვიდა, ძვირფასო! Wie hast du mich gefunden? (როგორ მიპოვე?) - თეატრალურად ვიკვირვებ და უკან ვიხევ.- kommen. (შემოდი.)
- Ich ... ich ... ich sah dich, hierher zu kommen ... Sie etwas zu erzählen. (მე... მე... დაგინახე, აქ რომ მოდიოდი... რაღაც უნდა გითხრა)! - დიდი გაჭირვებით ხსნის თავის აქ ყოფნას და მე დიდი, ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ამ ორგულობისთვის და ტყუილისთვის მკერდზე მუშტები დავუშინო.
- Ach, was? (აჰ, რა?) - არტისტულად ვინტერესდები.
- ჯორჯ? - შემოსასვლელში უკვე გიორგიც გამოდის. - ამ კრეტინს უთხარი, დროზე გაეთრიოს, თორემ ლიფტი და კიბეები აღარ დასჭირდება, ისე გადავისვრი ფანჯრიდან!
- Was hat er gesagt? (რა თქვა?) - ახლაღა ვამჩნევ, როგორ დაპარავებულა ამ რამდენიმე წუთში.
- Er war glücklich, uns zu besuchen. (გაუხარდა, რომ გვესტუმრე.) - ზედმეტად თავაზიანად ვუთარგმნი.- Kommen Sie in? (შემოხვალ?)
- Eine andere Zeit. (სხვა დროს იყოს.) - უარს მეუბნება შემოსვლაზე ის და თან შეძლებისდაგვარად შეუმჩნევლად გაცოფებულ მზერას სტყორცნის გიორგის, მაგრამ მე ისე მყავს მოქცეული მხედველობის არეალში, რომ უყურადღებოდ მისი ეს ბოღმიანი გამოხედვა არ მრჩება.
- ნახვამდის! - ისე ხმამაღლა და ხაზგასმით ამბობს გიორგი, რომ ჯორჯს იმის გადათარგმნა არ სჭირდება, თუ რა თქვა მან.
თავს ოდნავ გვიკრავს და თავის ბიჭებთან ერთად კიბეებზე ეშვება.
- დამთავრდა! - მხარზე ხელს მადებს გიორგი და ფარდაც ეშვება.
სპექტაკლმა წარმატებულად ჩაიარა!
გიორგი ყავას მიდუღებს. კანი გაწითლებული და დაფუთქული მაქვს. ასე ნერვიულობისას მემართება ხოლმე. ბავშვობიდან ალერგიული ვარ. ოღონდ ალერგია საჭმელზე კი არა, სიტუაციებზე მაქვს. წესით, ბავშვობა ყველაზე მაგარი დრო უნდა იყოს. ისეთი რაღაცის გამო შეიძლება მეცხრე ცაზე აფრინდე, რაც დიდობაში მხოლოდ ღიმილს მოგგვრიდა, მაგრამ მე ეს საკუთარ თავზე არ გამომიცდია.
ჩვეულებისამებრ, ბავშვების დანახვაზე ერთი ნატეხი პური, ყვირილი და მრავალი ცრემლი მახსენდება. ერთხელ დედას გული რომ წაუვიდა დაბალი წნევის გამო, მეზობელთან გავვარდი, მან კი სასწრაფო გამოიძახა. დედა რომ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მე სწორედ იმ მეზობლის შვილთან ერთად დამტოვეს. სწორედ მან შეამჩნია, რომ თავიდან ფეხებამდე ბორდოსფერი ვიყავი და თან სიტყვას სიტყვაზე ვერ ვაბამდი. დედა როგორც კი გონზე მოვიდა, მე მომიკითხა. საავადმყოფოში ისე წამიყვანეს, როგორც უსულო საგანი. მანანამ ასეთ დღეში რომ დამინახა, ექიმიო, იკივლა. ალერგოლოგმა ჩემი ნახვის მერე ბევრი იფიქრა და ბოლოს განაცხადა, ფსიქოლოგთან წაიყვანეთ ეს ბავშვიო. მაშინ ნათესავებით დაწყებული, მეზობლებით დამთავრებული, ყველა გაოცდა, კი მაგრამ, რა სჭირს საფსიქოლოგოო. ექიმმა ხელი ჩამკიდა და თვითონვე მიმიყვანა ერთ პატარა კაბინეტში. მაშინ მეც კი ვერ ვხვდებოდი, რომ ძალიან მიჭირდა. ცამეტი წლის გოგო იმ კითხვებს ვებრძოდი, რომელთა დასმასაც კი ვერ ვბედავდი. ფსიქოლოგი კარგი კაცი აღმოჩნდა. დამამშვიდა, ჩემი ტოლი ბავშვივით მელაპარაკა, დამიყვავა და მეც კაბინეტიდან რომ გამოვედი, კანს ნორმალური ფერი დაბრუნებოდა და თავადაც თავს უკეთესად ვგრძნობდი. მას შემდეგ, როგორც კი რამეზე დავიწყებდი ღელვას, ასეთ დღეში ვვარდებოდი. დღესაც ასე მოხდა.
- არ უნდა მოსულიყავი! თვითონაც მოვახერხებდი რამეს! - ჯერ კიდევ ბრდღვინავს მამაკაცი.
- უნდა მოვსულიყავი! - დასამშვიდებლად ვუღიმი და გვერდით ვიწევი, რომ მეორე მხარეს ის დაჯდეს. - ეს არაფერია, მალე გამივლის...
- მოიცა, ნუთუ შენ საერთოდ არ ბრაზობ იმ ნაბი*ვარზე? - იღრიჯება ჩემი ლოიალური დამოკიდებულების შემჩნევაზე.- ვიღაც ცხოველებთან ერთად მომადგა და თან ისიც იცოდა, რომ შენი შეყვარებული ვიყავი... ნუ, ასე იცის! ეს ნიშნავს, რომ ოდნავ პატივსაც კი არ გცემს! ჩემზე კი არ ვამბობ რამეს? უბრალოდ, შენთან მაინც უნდა მოსულიყო და ეთქვა, ასე და ასეაო... იქნებ პირდაპირ ხელში ვაძლევდი ამ მედალიონს?
- გიორგი, განა მე არ ვბრაზობ, მაგრამ მეც დამნაშავე ვარ, რომ არაფერი გითხარი! ბოლოს და ბოლოს, ეს მედალიონი ხომ...
- პელოსია და ეგ ვერასოდეს ეღირსება მის დაბრუნებას! - ისე გადაჭრით ამბობს გიორგი, რომ ყველა შანსი ერთიანად ქრება იმის, მედალიონი რომ დაუბრუნოს. - მხოლოდ იმიტომ, რომ ფულიანი მამიკო გაახაროს? არ მაინტერესებს, ვისი საკუთრებაა! პელოსი იყო და პელო არ ისურვებდა, რომ მას შემდეგ ჯორჯის ხელში აღმოჩენილიყო ეს მედალიონი!
- მესმის. - ვბურტყუნებ.
რომ მესმის, სწორედ ამიტომ წყდება ჩემს გულზე გადებული ხიდი. ვერასდროს დაივიწყებს. ყოველთვის ეყვარება. წელიწადში ერთხელ მაინც, როცა გამომხედავს, ის გაახსენდება. არ მინდა, ასე იყოს. არ მინდა, მისთვის წარსულის გადმონაშთი ვიყო, წარსულის მტკივნეული ნაწილი. რაც უნდა მტკიცედ დამიძახოს ელენიკა, რაც უნდა მკაფიოდ ვხედავდე მის თვალებში საკუთარ თავს, ერთხელ მაინც... წამით მაინც ვიქცევი პელოდ და ამ წამის ძებნით და შიშით მე გავნადგურდები... გადავიწვები...
- ახლა რას აპირებ? - შეპარვით ვეკითხები.
- არ ვიცი და ამაზე არც მინდა ვიფიქრო! - რაც შეიძლება, ლაკონიურად მპასუხობს და ახლაღა ჯდება ჩემ გვერდით.
- გიორგი, მე... - გამბედაობას ვიკრებ, რომ პელოს შესახებ სიმართლე ვუთხრა, მაგრამ მაინც არ მყოფნის ძალა... სიმამაცე ერთიანად მეცლება ხელებიდან და გიორგის წინაშე სულ მარტო ვრჩები.
- რისი თქმა გინდოდა?
- თუ შემიყვარებ, მეც მოვკვდები? - ხმა მითრთოლდება.
- შენ... ელენიკა, გესმის, რას ამბობ? - მრისხანებისგან ნიკაპი უკანკალებს გიორგის.
- მერე ელენიკას დაუწყებ ძებნას თუ... თუ პელოს? - სევდიანად მეღიმება.
- ამას... ამას როგორ ამბობ... გიჟი ხარ, ელენიკა! ჩემი პირადი სიგიჟე ხარ! ვერ წარმოვიდგენ ამას და... და გთხოვ, არც შენ წარმოიდგინო! არასდროს! - საშინელი წინათგრძნობით ატანილი ჩურჩულებს გიორგი და მთელი ტკივილით, მთელი სევდით და მთელი რუდუნებით მიჭერს ხელებს და თავისკენ მიზიდავს.
დილით უხმაუროდ ვაცლი მკლავს გიორგის და შემოსასვლელში გავდივარ. პელოს ოთახისკენ გახედვაზე ტანში მაციებს. მეორე მხარეს ვტრიალდები და თავს სამზარეულოში ვყოფ. აშკარაა, რომ გიორგი არ მიეკუთვნება ისეთი მამაკაცების ჯგუფს, რომლებიც მარტოხელობით ამართლებენ სახლში არეულობას და ნიჟარაში გაურეცხავი თეფშების გორას. ჩემს სახლშიც კი ვატყობდი მას, თუ როგორი სათუთად ეპყრობოდა ყველაფერს. სამზარეულო, ოთახი, რომელსაც ქალის სამფლობელოსაც კი ეძახიან, ისე იდეალურად აქვს დალაგებული, ზოგიერთ დღეს მე რომ არ მაქვს ხოლმე სახლში. ნიჟარაში საერთოდ არ არის ჭურჭელი. სამაგიეროდ, მის გვერდით საწურზე ლამაზადაა ჩამწკრივებული თეთრი თეფშები.
კედელზე სამი კარადაა მიმაგრებული. ერთ- ერთის კარებს რომ ვაღებ, სახელური თითქოს ხელს მიშანთავს. სასწრაფოდ ვწევ თითებს უკან და ქვედა ტუჩს ენით მტკივნეულად ვიწოვ. ამ სამზარეულოს დიასახლისი, თავისი დედოფალი ჰყავდა. მე არ მაქვს უფლება, აქაურობას მივეკარო, მით უმეტეს, გიორგის თანხმობის გარეშე. იმის სურვილი, რომ ყავა მოვადუღო და ისე დავხვდე, როგორც ნამდვილ წყვილებში ხდება ხოლმე, განუზომელია, მაგრამ არ ვიცი, ჩემი ასეთი ქმედება გიორგის მოეწონება თუ არა. თვალები მიცრემლიანდება. ტუჩები მარილიანი სითხით მეჟღინთება და უკან-უკან, ნაბიჯ-ნაბიჯ გამოვდივარ სამზარეულოდან.
კინაღამ გული მიმდის, მისაღების კარებთან ატუზულ გიორგის რომ ვაწყდები. ძილისგან თვალები დასიებია და ტუჩები დაბერვია. უკვე მეორედ ვხედავ ახალგაღვიძებულს. მავიწყდება ის, რაც წუთის წინ მაწუხებდა და სახეზე ღიმილი მეფინება.
- ესე იგი, მაინც ვერ მოვახერხე უხმაუროდ გამოსვლა? - ლოყები სისხლისფერი მიხდება ამის თქმისას, რადგან უხმაუროდ გამოსვლის შემდეგ რა მოხდა, ეს მხოლოდ წამიერად მიმავიწყდა.
- შენ რა, ალერგიამ ისევ არ გაგიარა? - ჩემი აფერადებული სახე აეჭვებს მამაკაცს.
- როგორ არა.- ამის გაგონებაზე უფრო ვღელდები.- გინდა... გინდა ყავა მოგიდუღო? დილით სვამ ხოლმე?
სულ ცოტა ხნით კი გავხდი გამბედავი გოგო, მაგრამ მალევე ვიფუშები და ჩემი კითხვაც მომაკვდავის ღიმილის შთაბეჭდილებას ტოვებს.
- კარგი იქნებოდა! - მპასუხობს მოშიებული გამომეტყველებით გიორგი და მეც სიხარულისგან ფრთები მესხმება.
ყველაფერს ველოდი იმის გარდა, რომ ასე უშუალოდ და ყოველგვარი გაკვირვების და აღშფოთების გარეშე მიიღებდა ჩემს სიტყვებს. არ მშორდება ის საშინელი გრძნობა, რომ არასწორად ვიქცევი, მაგრამ იმის გაჩემიანებაზე, რომ გიორგის თანხმობა მხოლოდ ყავაზე არ ნიშნავს უბრალო ''კის'', გულს მიჩქროლებს.
- მოვადუღებ, ოღონდ იმ პირობით, რომ გამომყვები და მეტყვი, რა სად დევს! არ მინდა... არ მინდა, ისეთ რამეს მოვკიდო ხელი, რაც... რაზეც არ შეიძლება! - პატარა ბავშვივით გამომდის, რომელსაც ეშინია, რომ რამეს არასწორად გააკეთებს და ეჩხუბებიან. ამიტომ წინასწარ იზღვევს თავს.
- რა თქმა უნდა, სულაც არ ვაპირებდი, რომ ასეთ სასიამოვნო პროცესში მხოლოდ შენ მიგეღო მონაწილეობა! - სრული სერიოზულობით ამბობს გიორგი და წინ იჭრება.
ბედნიერების მოზღვავებას ვგრძნობ. ჩემი გონება მხოლოდ ჩვენ ორს დაგვტრიალებს. ყველაფერი ბუნდოვანდება... მედალიონიც, პელოც, ვიღაც ჯემალიც და ჯორჯიც... ჩემთვის ესაა მთავარი! ჩემთვის მასთან გატარებული ყოველი წამი ისეთი ძვირფასია, რომ მის მეასედშიც კი არ შემიძლია ვიფიქრო სხვა რამეზე ან ვინმეზე, გიორგის გარდა!
- რა არის, ძალით სვამ? - გაოცებული ვეკითხები მამაკაცს, რომლის ფინჯანშიც ყავა ნახევრამდე მაინც ასხია, როცა მე უკვე მთლიანად მოვუღე ჩემს წილს ბოლო, თანაც უკვე კარგა ხანია. ისეთი გაწამებული და გადაღლილი სახე აქვს, თითქოს რაღაც დიდ მსხვერპლზე მიდიოდეს.
- სულაც არა! რა შემატყვე ამის? - სასწრაფოდ უარყოფს ის.
- არც არაფერი! - ირონიულად აღვნიშნავ. - დებილიც კი შენიშნავს, რომ ცოტაც და გული აგერევა!
- ჰმმ... - ისე ახველებს გიორგი, რომ ვატყობ, უნდა დრო მოიგოს. მაინც ვერ ვხვდები, რაშია საქმე. მე ხომ არაფერს ვაძალებდი. უბრალოდ, შევთავაზე ყავის დალევა და მორჩა! ის სიამოვნებით დამთანხმდა. აბა, რა ხდება?
- მიდი, ჰა! - მის ახსნას მოუთმენლად ველოდები, ამიტომ ასაჩქარებლად ვაგულიანებ.
- საქმე იმაშია, რომ... ყავას ვერ ვიტან! - საბოლოოდ ტყდება მიქელაძე და თავს დამნაშავესავით ქინდრავს.
- რა? - ყბა მიწამდე მივარდება.
- უბრალოდ...
- უბრალოდ, არ გინდოდა, გაგენაწყენებინე?- გული მიჩუყდება იმის გაფიქრებაზე, რომ ჩვენი დილის საუზმე მხოლოდ ხათრზე იყო აგებული და მისი ყოველი ღიმილი, სიტყვა და ჩემ მსგავსად აციმციმებული თვალები ერთი დიდი სიყალბე იყო.
- ნუ სულელობ! მე ხათრის გამო არაფერს ვაკეთებ! - ფეხზე იჭრება გაბრაზებული.
''იცოდი, რომ ყველაზე ადვილად ტყუილს მაშინ ამბობს ადამიანი, როცა სიმართლეს უარყოფს?''- მეხსიერების ზედაპირზე იწყებს ტივტივს ჩემივე სიტყვები.
- ასეა, ასე! - უკვე ცრემლებს წამწამებზეც ვეღარ ვაკავებ. - ისე იქცეოდი, თითქოს მართლა გსიამოვნებდა ჩემთან ერთად... ღმერთო, სულ როგორ ვტყუვდები! სულ როგორ ვაგებ ჩემი გულწრფელობით... მეგონა, მართლა მოგწონდა ეს... ასე ყოფნა! მეგონა, ბედნიერი იყავი ჩემთან ერთად ისევე, როგორც... ისევე, როგორც... მე!
ბოლოს უკვე აღარ გამომდის წინადადების აზრის შეცვლა. ეს უკანასკნელი მცდელობა იყო. აქამდეც ბევრჯერ ავუარე გვერდი ჩემს გრძნობებს, თავი დავიბრმავე, გიორგიც მოვატყუე და საკუთარი თავიც, მაგრამ ახლა... ამის აღარც სურვილი მაქვს და აღარც შესაძლებლობა! მეტად ვეღარ გავექცევი შეყვარებულ ელენიკას, მეტად ვეღარ ავიფარებ სახეზე ხელებს და ვერ ვიტყვი, რომ ეს მხოლოდ სიყვარულის ილუზიაა. მე მიყვარს გიორგი! ხო, მიყვარს! როგორც ელენიკას! როგორც ქალს, რომელიც ამ წუთას ძალიან, ძალიან უბედურია!
- შენ ცდები, ელენიკა! მწარედ ცდები! ეს იმიტომ გავაკეთე, რომ ერთად ვყოფილიყავით! რომ ძალიან მომწონდა შენთან ერთად საუზმობა და ის ატმოსფერო, რომელსაც ჩემ ირგვლივ ქმნი... ჰო, ბედნიერი ვარ შენთან და თუ ახლა ეჭვს შეიტან ჩემს სიტყვებში, გეფიცები, მეტად ვეღარც დამინახავ და ვეღარც ჩემს ხმას გაიგებ! - იმდენად ხმამაღლა ყვირის გიორგი, რომ მის ხმას ექო იმეორებს.
ვერ ვიჯერებ, რომ ის, რაც გავიგე, მართლა თქვა... რომ ყველაფერი რეალობაა.. რომ არ მესიზმრება და ის მართლაც სავსეა ბედნიერებით! მერე ვიბერები, ჩემი სული სხეულზე დიდი და მოცულობითი ხდება, იზრდება, იზრდება და უზარმაზარი ხდება! მერე ისევ ნელ- ნელა პატარავდება და საბოლოოდ ნამდვილ სხეულს უბრუნდება... მე არ მჭირდება იმის გამეორება, რაც მოვისმინე... არ მჭირდება ეჭვიანობა იმიტომ, რომ მჯერა! იმიტომ, რომ შეუძლებელია ახლა გიორგი ცდებოდეს ან იტყუებოდეს! ჰოდა, სწორედ ამიტომ იმას ვაკეთებ, რასაც მხოლოდ შეყვარებული ელენიკა თუ გაბედავდა...
ფეხის წვერებზე ვდგები და მისი ტუჩებს ჩემი ბაგეები უსწორდებიან...
გაგრძელება იქნება ხუთშაბათს