ჩემი ოცნების ასრულებისთვის არც ეს დროა სათანადო და ვერც იმაზე ვიფიქრებდი წარსულში, რომ გვერდით გიორგი მეყოლებოდა.
მამაკაცი მთელი ტანით საჭისკენაა გადახრილი და ზურგში მოკუზულა. შიგადაშიგ მისკენ ვატრიალებ თავს, მაგრამ არაფრით მომდის აზრად, თუ რა შეიძლება ვუთხრა და ისევ ჩაბნელებულ გზას ვუსწორებ თვალს. ცუდია, რომ სვანეთის ბუნებას ვერ ვხედავ, რადგან შვიდ საათზე ზამთარში თბილისშიც კი ბნელა, მთაზე ლაპარაკი არაა. ვერაფრით ვხვდები, ასე გაბედულად როგორ მართავს მანქანას. ჰო, აქ ბევრად უფრო გადართულია თავის საქმეზე, ვიდრე თიანეთში, მაგრამ მაინც ვერავინ გაბედავდა სვანეთში დღის მეორე ნახევარში წასვლას მოუმზადებლად, თუ აქ ერთხელ მაინც არ იქნებოდა ნამყოფი.
- დარწმუნებული ხარ, რომ გზა იცი და სწორედ მივდივართ?- მაინც ვამოწმებ, რადგან შიშისგან უკვე უფლი მოჟონავს ჩემი ყელიდან.
- ნუ ნერვიულობ, კარგი? მესმის, რომ არაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ არ ინერვიულო და აქ რომ ხარ და ასეთ სიტუაციაში, ჩემი ბრალია, მაგრამ უშენოდ მართლა ვერ წამოვიდოდი. თანაც... თანაც იმაზე ფიქრიც არ მინდა, რომ შეიძლება ჯორჯი იქ არ იყოს და მერე შენთან...- აღარ აბოლოვებს წინადადებას გიორგი.
- შენ არ ხარ დამნაშავე! ეს ყოველივე მე მოვინდომე! ჩემი ბრალია და ჩემივე შეცდომა მე თვითონ უნდა გამოვასწორო.- აქეთ ვიდანაშაულებ საკუთარ თავს.
- მედალიონი მე ამომივარდა შენს სახლში და საერთოდ არაფერი იქნებოდა, შენს ცხოვრებაში რომ არ გამოვჩენილიყავი.- ძლივს გასაგონად ჩურჩულებს მამაკაცი.
- ნუ ამბობ ასე! კარგია, რომ გამოჩნდი! ძალიან კარგი! მართლა!- მის ყურთან ახლოს ვამოძრავებ პირს და სულ ოდნავ მედება ტუჩი მის საფეთქელთან.
- მაპატიე.- დარცხვენილი ვიწევი უკან და საზურგეს ვეყუდები.- მანქანა არ გააჩერო! არავითარ შემთხვევაში!
- რა იცოდი, რომ ზუსტად მაგას ვაპირებდი?- იცინის გიორგი და მერე ისევ ეკრუნჩხება სახე.- ხომ ვიპოვით ჯორჯს?
- აუცილებლად, აუცილებლად ვიპოვით!
წინ დიდი გზა გვაქვს და ულაპარაკოდ დროის გასვლა ნამდვილად არ არის ადვილი საქმე, ამიტომ საბოლოოდ მაინც უწევს იმის თქმა გიორგის, თუ საიდან იცის სვანეთის გზა. თურმე მამამისს ხშირად გადმოყავდა ხოლმე თიანეთიდან შვილი მთა- მთა სვანეთში. მთელი საქართველო მოვლილი მაქვსო, სიამაყით გამომიცხადა მიქელაძემ. თურმე ოჯახის სამივე წევრს ძალიან უყვარდა მოგზაურობა. მისი დედმამიშვილებით ვინტერესდები და ვიგებ, რომ დედისერთაა. მაშინ ვრწმუნდები, რომ მის შესახებ არაფერი ვიცი. შეიძლება ეს არ იყოს ისეთი მნიშვნელოვანი, მაგრამ ვგრძნობ, რომ ძალიან მინდა ვიცოდე ცოტა რამ მაინც მის ცხოვრებასთან დაკავშირებით.
- მეც დედისერთა ვარ! დედაჩემს მეორე შვილის ყოლა არ დასცალდა...- სარკაზმი არ მშორდება მამაჩემზე საუბრისას.- ჰო, მამამ თავი დაადო და რუსეთში გადაიკარგა. ხომ ხვდები, არა? არადა ამას ბიჭი უნდოდა, ქმარი გავახაროო, დედამთილიო, მამამთილიო... აბა, ჩემი სიტუაცია მისას არ ჯობია?
- ვერ გეტყვი, არ გეტყობა ასეთი ცხოვრება რომ გქონდა-მეთქი.- უხალისოდ იღიმის გიორგი.- სულ გეშინია, რომ შენც მარტო დარჩები, მერე აღარავინ შემოგხედავს და ჰერი მარტოობავ, არა? გეშინია, რომ არავის ეყვარები, ისე მოკვდები! არ შეიძლება ასე, ელენიკა! ლამაზი ხარ, ძალიან ლამაზი... უნდა გიხაროდეს, ასეთი რომ ხარ!
გიორგისგან სიტყვა ''ლამაზი'' პირველად გავიგე. მით უმეტეს ვერც კი ვინატრებდი, რომ ეს სიტყვა ჩემთან მიმართებაში ეთქვა. სახე მეფურჩქნება, მაგრამ მერე იმის გამო ვიწყენ, რომ გიორგის არ უთქვამს, ჩემთვის ხარ ლამაზიო. ეს ხომ იმის ტოლფასია, რომ ვიღაც უცნობმა მითხრას ქათინაური.
- არაა ადვილი! აუცილებელი არაა, ცოლი გყავდეს გარდაცვლილი, რომ უბედური იყო... მე ყველა მყავს და მაინც არ ვარ ბედნიერი! დედა მყავს, დეიდაშვილი, ნათესავები, კიდევ... კიდევ...
- მე გყავარ?- თავხედურად მეჭრება გიორგი.
- ოჰ, საიდან ამდენი ამბიცია?- ნერვიულად მეცინება, რადგან სწორედ გიორგის გამო შევყოვნდი იმ წუთას.
- ჰო? დარწმუნებული ხარ?- სიცილით ცდილობს ჩემს გამოჭერას მამაკაცი.
- მოდი, გავაგრძელოთ!- ერთ კუთხეში მომწყვდეული თავის გადარჩენის ახალ ხერხს მივმართავ.- მე კითხვას დაგისვამ, მერე შენც... და თუ გამოვტოვებთ რომელიმე კითხვას, მეორე მხარეს შეუძლია კიდევ ერთი კითხვა დაგვისვას, მიმიხვდი? ამ თამაშს იყავი გულწრფელი ჰქვია.
- კარგი, იყოს ასე! აბა, სხვანაირად თავი ვერ გადაირჩინე და...- დიდსულოვნად მეთანხმება მიქელაძე.
- პირველად გოგოს რამდენი წლისამ აკოცე?- ანცად ვეკითხები.
- თოთხმეტისამ, სკოლის საპირფარეშოში.- დაუფიქრებლად მპასუხობს გიორგი, თითქოს წინასწარვე იცოდა, რა კითხვასაც დავუსვამდი.
- გოგოებისაში თუ ბიჭებისაში?
- მე კითხვას ვუპასუხე, ასე რომ, ახლა ჩემი ჯერია!- ერთ კითხვას ზედმეტად არ მასმევინებს ის.- პირველი კოცნა ჩემი იყო?
- არა!- ისტერიკულად მეცინება.
- მაშ, ვისი?
- ეს უკვე მეორე კითხვაა, არ მეთანხმები?
გიორგის ყველა გზა მოჭრილი აქვს, ამიტომ უხასიათოდ მყაბულდება.
- საზღვარგარეთ თუ ყოფილხარ?
- ერთხელ ვიყავი რუსეთში, ერთხელაც კი ბელარუსში სკოლის სპორტული ჯგუფიდან. რა ყოფილა ყველაზე უხერხული მომენტი შენს ცხოვრებაში?
- ჯორჯმა რომ დააკაკუნა კარებზე, მაშინ...- გაუბედავად ვპასუხობ, არ ვიცი, რამდენად ესიამოვნება ჯორჯის ხსენება ამ ვითარებაში.
- ჰმმ...- ზმუის და მთელ გაცოფებას და უკმაყოფილებას ამ ზმუილით გამოხატავს.
- რამდენი წლის ხარ?
- ეს რა სულელური კითხვაა! ოცდაცამეტის.- არ მოსწონს ეს უბრალო კითხვა მას.- აი, ახლა, ზუსტად ახლა რაზე ფიქრობ?
- ზუსტად ახლა იმაზე ვფიქრობდი, ნეტავ, რა კითხვას დამისვამს-მეთქი...- ძლივსძლივობით ვლუღლუღებ ქურდობაში ჩაფლავებულივით.
- სტყუი! სხვა რაღაცაზე ფიქრობდი!- ცალ წარბს მაღლა წევს მამაკაცი.
- ჰო, კარგი, კარგი... ვფიქრობდი... ვფიქრობდი... ნეტავ, რას ვიზამდი, პელოს რომ არ ვმგვანებოდი-მეთქი... შენ ხომ არც შემომხედავდი, არა?- ამის სიტყვიერად თქმისას ყელს რაღაც მიწვამს. ყბების ძვლები საშინლად მეჭიმება. გიორგისთვის ჩემი ფიქრების გამხელა სასტიკად არ მინდოდა, მაგრამ რას წარმოვიდგენდი, რომ სწორედ ამ კითხვას დამისვამდა. მუხლისთავებს ერთმანეთს მაგრად ვაბჯენ და ვგრძნობ, როგორ იცვლის ჩემში სისხლი მიმართულებას.
- არა, არ შემოგხედავდი იმიტომ, რომ არ მეცოდინებოდა, შენ რომ ელენიკა იყავი.- მხოლოდ ტკივილიღა რჩება მასში იმის მერე, რაც ამას ამბობს.
სიჩქარე მცირდება და მცირდება... თამაშს ვწყვეტთ. ამასთან დაკავშირებით აღარაფერი გვითქვამს, მაგრამ ვხდები, რაც არ უნდა გავაკეთოთ და საუბარი როგორაც არ უნდა წავიყვანოთ, ბოლოს მაინც პელოსთან მივალთ.
დარწმუნებული ვიყავი, რომ ჯორჯი სასტუმროში არ გაჩერდებოდა. ახლაც კარგად მახსოვდა, როგორ დარწმუნებით ამბობდა, რომ სვანეთი განმარტოვებისა და მამაკაცური სილამაზის გამო მოსწონდა, ამიტომ ისეთ ადგილას დაისვენებდა, სადაც მშვიდად იქნებოდა და თავისი თავის ამ ულამაზეს კუთხეში ყოფნით დატკბებოდა. მაინც ვეჭვობდი, რომ სახლს დაიქირავებდა წინასწარ და თავის ბიჭებთან ერთად იქ იქნებოდა. ისიც არ გამომრჩენია მხედველობიდან, რომ ყველაზე მეტად უშბის ხედის დანახვა და მისით შევსება უნდოდა, ამიტომ შემხვედრ სასტუმროში მე და გიორგი თხოვნით შევდივართ.
- იქნებ გვითხრათ რაიმე სასტუმრო თუა უშბას ქედზე?- ვკითხულობ გაფაციცებით.
- აბა, რა გითხრათ, ქალბატონო... სასტუმრო გრანდ ჰოტელ უშბა შესანიშნავ პირობებს შემოგთავაზებთ, მაგრამ დამსვენებლები უფრო სახლებს ქირაობენ ხოლმე... თუ თქვენს ნებაზე ყოფნა გსურთ, ეს ვარიანტი უფრო მომგებიანია. ამავე დროს პატარა სახლის მოთავსება უფრო ადვილია რთულად მისასვლელ ადგილას, ვიდრე სასტუმროს. იმასაც გეტყვით, რომ მათი მეპატრონეები ბევრად უფრო ეფოფინებიან საკუთარ საკუთრებებს და თანაც ყველა თქვენს სურვილს დააკმაყოფილებენ.- ილექსება მოპასუხე.
- ხო, ასე იქნება! ჯორჯი სწორედ ამ ვარიანტს აირჩევდა!- აღტკინებას აყოლილი ვუმტკიცებ გიორგის.
- თუ დამიჯერებთ, ახლა წასვლას არ გირჩევთ! დამსვენებლები ხართ, გზა არ გეცოდინებათ, თანაც ისედაც საშიშია ღამით...
- თქვენ ნუ ღელავთ! სვანეთში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი. მართალია ამ ბოლო დროს არა, მაგრამ გახსენებას შევძლებ.- ცოტა არ იყოს უხეშად უარყოფს მამაკაცის რჩევას მიქელაძე.- უმეტესად რომელი სახლი ქირავდება ხოლმე? იქნებ მეპატრონის სახელი გვითხრათ? სანამ ჩვენ იქ მივალთ, კი გათენდება და...
- კი არის ასეთი სახლი, ბატონო, მაგრამ... საქმე იმაშია, რომ დღეს იყო ერთი მამაკაცი ჩვენთან და მას ვურჩიეთ! გავლენიანი კაცი ჩანდა, უცხოელი იყო და თან ალბათ მდიდარი... ის სახლი თუ თავისუფალი იქნებოდა, აუცილებლად იქირავებდა! ვინ იტყვის უარს იმაზე...- აშკარა სიამაყით იძახის ის. სახლის პატრონი ან მისი ნათესავია, ანდაც იქ ყველაზე მცირე ერთი ღამე აქვს გატარებული. შენი თვალით ნანახს და შეგრძნობილს ხომ არაფერი სჯობს!
მაგრამ... მაგრამ... მნიშვნელოვან ინფორმაციას იჭერს ჩემი ყური და სიბრძნეებიც ავტომატურად უფერულდება.
- ვინ? ვინ იყო? სახელი ხომ არ იცით?
მე და გიორგი აღელვებისგან შუაში ვიქცევთ მამაკაცს.
- ინგლისურად დაველაპარაკე. ეს ენა მთლად კარგად კი არ ვიცი, მაგრამ... სახელი არ უთქვამს. მეც ვერ შევბედე კითხვა, მაგრამ თუ თქვენი ნაცნობია ან... ან... პოლიციელები ხომ არ ხართ?- ამის გაფიქრებისას შინდება და ფერი მისდის კაცს.
- არა, არა, რას ამბობთ? პოლიციელები? ჩვენ?- რადგან მართალი ვარ, უფრო მარტივად ვახერხებ გაოცებას, მაგრამ რომ იცოდეს სინამდვილეში რატომ ვეძებთ ჯორჯს, სულ აღარაფერს გვეტყოდა.
- კარგი, მაშინ... მისამართს გეტყვით.- გადაწყვეტილებას იღებს და ფურცელზე რაღაცას გვიჯღაპნის.
მადლობას ვუხდით და სასტუმროს ვტოვებთ.
ახლა უკვე ვიცით, სადაც უნდა ვეძებოთ ჯორჯი...
გაგრძელება იქნება სამშაბათს
იხილეთ: თავშესაფარი. აღიარება (თავი 12)