პირი ერთიანად მიშრება. თურმე, ისეთ ამბავში გამიხვევია თავი, ადამიანის მოკვლაზეც რომ არ იხევენ უკან. თან, ვინ მემუქრება ამით?
მამაჩემი. ჩემი ადგილი ასეთ სამყაროში არ არის. ჩემი ადგილი სისხლის და მკვლელობების სამყაროში არ არის, არადა, თავი ჩემივე სისულელით გავყავი ყულფში. ის ფაქტი მაკვირვებს, რომ ახლაც არ ვფიქრობ უკან დახევაზე. პირიქით, მიძლიერდება იმის სურვილი, რომ ბოლომდე დავიცვა ჯორჯისგან მედალიონი.
- ამის გამო მომკლავენ? მედალიონის გამო? - ჩემდა უნებურად მეც ვჩურჩულებ და ბადრაგისკენ მალულად ვიხედები.
- რას ამბობ, ძვირფასო. შენი ათი ათასი ლარი ვის აინტერესებს, მაგრამ უნდა იცოდე, რომ ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ამ შემთხვევაში არაფერი - ყველაფერთან.
- არ მაინტერესებს ეგ თქვენი ქურდული ფილოსოფიები! - ვუჭრი და მაგიდის კუთხეს თითებს ვუჭერ. - მედალიონი ჯორჯს აღარ ეკუთვნის თქვენი დამსახურებით. ჰოდა, ეგ შენი ჯემალი თმის ერთ ღერსაც კი ვერ ჩამომიგდებს. მშვიდობით, მამიკო!
სანამ ბადრაგი კარს გამიღებდეს, კვლავ ვავლებ კაცს წამიერ, გულდაწყვეტილ მზერას და ცხელი, მარილიანი სითხით მენამება ლოყები. თავჩაქინდრული გავდივარ გარეთ, ცრემლები რომ არ შემამჩნიონ. ექოსავით იმეორებს ალტერ ეგო ჩემს სიტყვებს:
''მშვიდობით, მამიკო!''
ახლა ის რჩება შუაგულ ტყეში მარტოდმარტო. ყველაფერი წარმავალია. ყველაფერი ცვალებადია. ზოგჯერ კი ყველაფერი არაფერია. არსებობს კანონი, რომელსაც ვერ გადახვალ. წასვლის და მოსვლის. არდაბრუნების.
იმის გაგების შემდეგ, რომ ვიღაც ჯემალი ურჩობას არ მაპატიებს და სიკვდილი მემუქრება, როგორც არ უნდა მინდოდეს, მაინც ამაზე ვფიქრობ. ავტობუსში დედას ვადებ მხარზე თავს და პატარა ბავშვივით ვსლუკუნებ. ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ჩვენი შეხვედრა ასეთი იქნებოდა. გული მკერდის ძვალზე მებჯინება. ზურგზე მოსრიალე დედის ხელიც კი არ მშველის. მამასთან არ შევიყოლე. არ მინდოდა, ენერვიულა და ყოფილი ქმრისთვის დაენახვებინა, რომ ნანობდა იმ გაჯიუტებას, რომლის შედეგადაც მამამ მიატოვა.
- რა გჭირს, ელენიკა? შენ მარტო მამაშენის გამო არ ხარ ასე... - დედობრივი ინსტინქტი კარნახობს მანანას, რომ რაღაცას ვუმალავ.
- კარგი, რა, დედა... რა უნდა მჭირდეს. - თავს ვწევ მისი მხრიდან,
- ამ ბოლო დროს არაფერს მეუბნები. სულ ჩუმად ხარ. არც ის გითქვამს, ვისთან ერთად იყავი ბაკურიანში. საერთოდ, ბაკურიანში იყავი კი? გული მტკივა, ელენიკა. შარში ხარ და რჩევასაც კი არ მეკითხები. - წყენით ამბობს დედა.
- დედა, ავტობუსში ვართ და ყველა ჩვენ გვიყურებს. - მკაცრად ვანიშნებ ავტობუსში მყოფ მგზავრებზე.
ახლა ისე მინდა, რომ ჩემს გრძნობებს იზიარებდეს, როგორც არასდროს, მაგრამ მას საფრთხეს ვერ შევუქმნი. ჩემი და გიორგის ურთიერთობის შესახებ რომ გაიგოს, ჭკუიდან გადავა. ვერ აიტანს იმას, რომ მე ქვრივ კაცთან მქონდეს კავშირი, მით უმეტეს, პელოს ქმართან. ეს მისთვის დიდი უბედურება იქნება, საკაცობრიო პრობლემა. ჯერ არ ვარ იმისთვის მზად, რომ მასაც ვებრძოლო. ერთი მყუდრო კუთხე მაინც უნდა მქონდეს, სადაც შემეძლება ვიყო დადუმებული, დედის საყვედურებს და მეზობლებში გაგონილ ამბებს ვუსმინო და მისი ხელი ვიგრძნო თმებზე.
ჩაიხანაში თბილა და ჩაის სასიამოვნო სურნელი ტრიალებს. მე და გიორგი კუთხეში ვსხდებით. წინ ჩაის ლამაზი ფინჯნები დაგვილაგეს. უნიფორმიანი გოგონა მოზრდილ ჩაიდანს დაატარებს. ამ ადგილზე აქამდე არაფერი ვიცოდი, მაგრამ დღეს ვიგებ, რომ გიორგის რამდენადაც ყავა არ უყვარს, იმდენადვე არ შეუძლია ცხოვრება ჩაის გარეშე. ისეთი გარემოა, ვითენთები. მაინც ვერ ვიშორებ უარყოფით ემოციებს. თვალი კარისკენ მიჭირავს, რომ თუ ვინიცობაა, ვინმე ჩემ მოსაკლავად შემოვარდა, თავს ვუშველო.
გაზვიადება ჩემი ცხოვრების სტილია. კარგია თუ ცუდი, აუცილებლად უნდა გავაზვიადო, გავწელო, გავფინო, მთელ ქვეყანას მოვდო. ჩემ გარშემო არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ყველაფერი დაივიწყონ, ბევრი არ იფიქრონ, გაიარონ, გამოიარონ, მოუსმინონ რადიო ''დარდიმანდს'' და შეინარჩუნონ ჯანსაღი ნერვებიც და ყოველდღიური პოზიტივიც. ასეთი ადამიანების მშურს. ალბათ, მათთან ურთიერთობა ძალიან იოლია. მიყვარს მარტივი ადამიანები, ადვილად მოსაგვარებელი საქმეები თუ გასაკეთებელი საჭმელები, მაგრამ გამოდის, რომ თავად ვართულებ ყველაფერს. მგონი, მე ის ერთადერთი ადამიანი ვარ, რომელსაც მუდამ აწუხებს თავისი უარყოფითი თვისებები და ამის პარალელურად, სხვებს აიძულებს, რომ მისი ასეთი ხასიათი მოიწონონ.
- ეს ადგილი ერთმა ჩემმა მეგობარმა, სერგიმ მომასწავლა, - მიყვება გიორგი. - ცოტა ხნის წინ ცოლი მოიყვანა. სიმართლე რომ გითხრა, ერთი შეშლილი გოგოა. ათასში ერთხელ თუ ამოიღებს ხმას და მაშინაც ისეთ სულელურ ფილოსოფიას დააბრეხვევს, მსგავს რამეზე საერთოდ რომ არ გიფიქრია. სერგიც ეგეთია. სტუდენტობისას გავიცანი. აი, მონათესავე სულები არიანო, მაგათზე უნდა თქვა! ზუსტად ერთი და იგივე რამ უყვართ, ერთი და იგივე რამაა ორივესთვის მნიშვნელოვანი და მოკლედ, რა.
- ერთმანეთი როგორ შეუყვარდათ? - ინტერესს ვიჩენ ამ ისტორიისადმი და ჩაის ვწრუპავ.
- ჩაით და ყავით. - სრულიად სერიოზული სახით მპასუხობს ის და მაღლა აზიდულ ჩემს ცალ წარბს რომ ხედავს, ეცინება. - ვერ წარმოიდგენდი, ხომ? უარეს მდგომარეობაში ვიყავი, ეგ რომ გავიგე. თურმე, ეს იდიოტი შესულა და სრულიად უცნობი გოგოს, ანუ აწ უკვე მისი ცოლის ყავა მოუსვია. იმას გაკვირვებაც კი არ გამოუხატავს. მერე თურმე ორივეს ერთად დაუსკვნიათ, რომ ყავას ჩაი უხდება და ამ ჩაიხანას ხშირად სტუმრობენ ხოლმე.
- ნუ გიკვირს! ვინმეს რომ უთხრა, როგორც გამიცანი, ნამდვილად გადაირევა, ასე რომ... - ნაძალადევად ვიღიმი და ცარიელ ფინჯანს თეფშზე ვდებ.
- უხასიათოდ ხარ. რამე გაწუხებს? არა მგონია, მამაშენის გამო იყო ასე. მგონი, ისედაც გააზრებული გქონდა ყველაფერი. - ისიც მამჩნევს უხასიათობას, რომელიც სერგის ისტორიის მოსმენის დროს გაბუნდოვანდა.
- ბევრი რამ მოხდა. - მაინც არაფერს ვეუბნები მედალიონთან დაკავშირებით. არ მინდა, სიმართლე გაიგოს. მართალია, ერთხელ უკვე დავუშვი შეცდომა მისთვის რაღაცების დამალვით, მაგრამ ამ შემთხვევაში სწორ გადაწყვეტილებად ეს მიმაჩნია.
- ამის ბრალი არ არის. - ხმაურით დებს ფინჯანს მაგიდაზე და სკამს მთელი სხეულით დაჭიმული ეყუდება. - რაღაცას მიმალავ, ელენიკა და მე ეს არ მომწონს.
- არაფერსაც არ გიმალავ! -გამწარებით ვცდილობ საიდუმლოს შენახვას. - შენ და დედაჩემს მოლანდებები გჭირთ. უბრალოდ, გადავიღალე. რა, არ შეიძლება?
- შეიძლება. - წყენა გამოსჭვივის მის ხმაში.
პირიდან ჰაერს ვუშვებ და ჩემი აცახცახებული ხელების დასამალად ჩანთაში ვიჩხრიკები. აღელვებული ვერც ვერაფრის მომიზეზებას ვახერხებ და თვალებს საბრალოდ ვაცეცებ აქეთ-იქით.
- მამაშენმა ასეთი რა გითხრა? - თითქოს გულმა უგრძნოო, ისე მეკითხება გიორგი და მეც მაშინვე ვიშიფრები.
- მითხრა, რომ მომკლავენ, თუ მედალიონს ჯორჯს არ დავუბრუნებ... - ამის ამოთქმა და ცრემლების გადმოყრა ერთია. - ოღონდ ჯორჯი კი არა, არამედ ვიღაც მამაჩემის პარტნიორი! ეტყობა მაგათ ხელში იყო თავიდან მედალიონი და მის მოპარვაშიც გარეულნი არიან. მისი სახელიც ახსენა... ჯემალიო... ჰო, ჯემალიო, ასე თქვა!
- ჯემალი? რა სახელი თქვი? გაიმეორე! - ფერი მისდის მამაკაცს.
- ჰო, რა იყო? - მაკვირვებს მისი ასეთი ფერიცვალება.
- ჯემალი პელოს ნათლია იყო, გესმის? მან აჩუქა ეს მედალიონი! მან! - კბილების ღრჭიალით ამბობს და ფეხზე იჭრება.
- რა? - ბოლომდე ვერ ვაანალიზებ მის ნათქვამს.
- სწრაფად! ჩემთან უნდა წავიდეთ. - მიცხადებს სრულ გაუგებრობაში, მაგიდაზე ფულს აგდებს, ხელს მკიდებს და ჩაიხანიდან გავყავარ.
გიორგის მოქმედებებს მის სახლში მისვლის შემდეგ მიზეზს ვეღარ ვუძებნი. შეცბუნებული ვდგავარ მისაღების კუთხეში და თვალს ვადევნებ, თუ როგორ დარბის ოთახიდან ოთახში და სხვადასხვა წვრილმანს აკვირდება. ცალ ხელში მობილური მაქვს ჩაბღუჯული. გზაში დედას ეს-ემ-ესი გავუგზავნე, რომელშიც ეწერა, რომ დღეს სახლში ვერ მივალ. ჯერ კიდევ არ ვიცი, რატომ გავაკეთე ეს, მაგრამ შინაგანი ხმა მკარნახობს, რომ შინ მისვლა ამ ღამით არ მიწერია.
- ბოლოს და ბოლოს, ამიხსნი, რა ჯანდაბას აკეთებ? - უკვე მერამდენედ მისაღებში შემობრუნებულ გიორგის პერანგის სახელოზე ვეჭიდები და თვალებით ვბურღავ.
- აქ ვიღაც იყო! თითქოს არაფერია გადაადგილებული, კარიც დაკეტილი დაგვხვდა, მაგრამ... ვიღაც იყო და ეს ვიღაც მამაშენი ვერ იქნებოდა! - საკუთარ ეჭვებში დარწმუნებული მპასუხობს და დივნის ქვეშ იხედება.
- მამაჩემთან არა მგონია, კიდევ ვინმე შეეშვათ. პაემნის საათები სრულდებოდა და თანაც, დარწმუნებული ვარ, ჩემთან შეხვედრამდე მისიანი არავინ შესულა. - ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ ვასკვნი.
- ჩემი სახლის მისამართი ჯორჯმაც იცის, მაგრამ მან უკვე ჩარია საქმეში საჭირო პირები, თვითონ თამაშგარე მდგომარეობაში იქნება. - გამორიცხვის მეთოდით მოქმედებს გიორგი. - ვინ დარჩა, ვინც ჩემს ბინას თავისუფლად მოაგნებდა?
- ჯემალი. - დაუფიქრებლად წყდება ჩემს ტუჩებს მისი სახელი.
- ჯემალი. საქართველოშია და თან ჩვენს კვალს ადგას. - ავისმომასწავებლად ჟღერს სიბნელეში გიორგის სიტყვები.
გესლიანი ხმა მკაფიოდ მიწივის ყურებში. ის იყო. კაცი, რომელიც ყველაფერს გააკეთებს საქმის მოსაგვარებლად და რომელსაც ჩემი მოკვლაც კი შეუძლია.
ავტორი სოფიკო კობლაშვილი
გაგრძელება იქნება
წინა თავები იხილეთ