ნოველები

თუ ინანებ: ოჯახური დოგმა. ეპიზოდი13

თუ ინანებ: ოჯახური დოგმა. ეპიზოდი13
ყოველთვის, როცა უტას მშობლები ქალაქიდან გადიოდნენ, მე უტასთან ავდიოდი. ჩვენი სექსუალური წარმოდგენების შემდეგ კი, საღამოს, გვიან, გუგა და ზოგჯერ მისი ძმაც ამოდიოდნენ. ცხადია, ყველაფერს ხვდებოდნენ, ან რა დიდი მიხვედრა სჭირდებოდა იმას, თუ რას ვაკეთებდი მის ბინაში ყოველთვის, როცა მისი მშობლები სახლში არ იყვნენ.
საღამოობით, სახლში მისული ხშირად ვფიქრობდი, როგორ ვიქეცი უტას ,,მეგობარ გოგოდ", ფაქტობრივად ,,საყვარლად", რა ცუდად ჟღერდა ეს სიტყვა, მსუბუქი ყოფაქცევის ქალთან ასოცირდებოდა და ეს ყველაფერი მას შემდეგ, რაც პატარაობიდან ეკლესიური ცხოვრებით ვცხოვრობდი, ვესწრებოდი
შაბათ-კვირის წირვა-ლოცვას და ადრეული მოზარდობის ასაკიდან წარმომედგინა, როგორი იქნებოდა ჩემი პირველი ღამე, ცხადია მას შემდეგ, რაც მამაო აკურთხებდა ჩემი და ჩემი მეორე ნახევარის თანაცხოვრებას ეკლესიურად.

მართალია, ბოლო რამდენიმე წელი რწმენა თითქმის დაკარგული მქონდა, და ეკლესიაში მისულიც მხოლოდ სანთლის დანთებით შემოვიფარგლებოდი, ვეღარც ვლოცულობდი, განცდა მქონდა, რომ ღმერთი აღარ მისმენდა ჩემი ურწმუნოების გამო, ცხადია თუ საერთოდ არსებობდა, ან თუ უსმენდა ვინმეს. ალბათ გაგიკვირდებათ ან სანთელს რატომ ვანთებდი, ამაზე პასუხი არ მაქვს, ალბათ სადღაც, გულის სიღრმეში  მაინც მეშინოდა, რომ თუ სადმე არსებობდა, მართლაც ეს ყოვლისშემძლე არსება საბოლოოდ არ მივევიწყებინე, ესეც ბავშვობიდან მოდიოდა.

საერთოდაც თუ გაგიანალიზებიათ ოდესმე, რომ ყველაზე ძლიერი ემოციები მაინც ბავშვობის დროინდელ განცდებს უკავშირდება. ზრდასრულ ასაკში ათვისებულ ზნე- ჩვევებს ადვილად ვივიწყებთ, მაგრამ ბავშვობაში თავში ჩანერგილი აზრების ამოძირკვა სარეველა ბალახის ამოძირკვასავითაა, ვცდილობთ ამოვიგდოთ თავიდან, მაგრამ შეუძლებელია.

მაგალითად, უტასთან ჩემი ურთიერთობა - ვიცოდი,   რომ ამის სრული უფლება მქონდა, მაგრამ ყოველი სექსის შემდეგ მაინც იმაზე ვფიქრობდი, ჩემი ოჯახის წევრები როგორ შემრისხავდნენ ჩემი მრუშობის გამო, რადგან ადრეული ბავშვობიდან მესმოდა ბებოსგან, რომ ქალი რომელიც ქორწინების გარეშე "ფეხს აიშვერდა" უდავოდ ბოზი იყო და ვეღარასდროს გათხოვდებოდა. გათხოვებას თუ ვერ შევძლებდი ეს ოდნავად არ მაშინებდა, ის უფრო მაშინებდა, მამა როგორ მიიღებდა ამ ამბავს შემთხვევით რომ გაეგო.

ბავშვობასთან დაკავშირებით კიდევ ერთი, დიდი უცნაურობა მჭირდა, გაუცნობიერებლად, მაგრამ რაღაცნაირად უსაზღვროდ მახარებდა ისეთი ნივთების დანახვა, რაზეც ბავშვობაში ვოცნებობდი. საკანცელარიო მაღაზიაში შესული, ხარბი თვალებით შევყურებდი პატარა ფერად ნივთებს, ფერად ფანქრებს, პასტელებს. თუმცაღა ვიცოდი, აღარაფერში მჭირდებოდა, მაგრამ მისი დანახვა მაინც აღმიძრავდა სურვილს ყველა ერთად მეყიდა, ალბათ იმიტომ, რომ ბავშვობაში მის ყიდვას ვერანაირად ვერ ახერხებდნენ ჩემი მშობლები და მუდმივად მსგავსი საგნების ნატვრაში ვიყავი.

არასდროს მიფიქრია, რომ კაცთან მანამდე დავწვებოდი, ვიდრე მეტყოდა რომ ვუყვარდი, ჩემი აღზრდის პრინციპებს ჩემი საქციელი საბოლოოდ ასამარებდა, თანაც ამას ერთჯერადად კი არ ვაკეთებდი, ქრონიკული სახე მივეცი. იმის წარმოდგენაზე, რომ ამის შესახებ მამა ან სულაც ნია გაიგებდა ცხოვრების ხალისს ვკარგავდი და საკუთარი თავი მძულდა, ამიტომ ვცდილობდი ამაზე არასდროს მეფიქრა. ცხადია, ცხრამეტი წლისას ყველანაირი უფლება მქონდა მეცხოვრა სქესობრივი ცხოვრებით, ამერჩია სექსუალური პარტნიორი, ამის უფლებას ასაკიც მაძლევდა და ჰორმონებიც, მაგრამ თითქმის ყოველი უტასთან დარჩენა მთავრდებოდა იმით, რომ ათასნაირად შემეძლო წარმომედგინა როგორ გაანადგურებდა მამას იმის გაგება, რომ მის ქალიშვილს სექსი ჰქონდა კაცთან, რომელიც პერსპექტივაშიც კი არ განიხილავდა ჩვენს მომავალ ცოლქმრობას. იმდენჯერ დავაპირე მეკითხა, რას ფიქრობდა ყოველივე ამაზე, მაგრამ არ შემეძლო, ასე მეგონა, ამით თავს ვალდებულად ვაგრძნობინებდი და შესაბამისად ხმას არ ვიღებდი.

ერთხელ, როცა პლედი მაგრად მივიხუტე გულზე და მოვიბღუნძე, ზურგიდან მომეხუტა და მითხრა, მგონი კარგად არ ხარ ამ ბოლო დროსო, იმაზე საერთოდ არ ფიქრობდა, რომ შესაძლოა მორალურად ვნადგურდებოდი. ალბათ იმას უფრო ფიქრობდა - სიამოვნებას ვერ მანიჭებდა, ალბათ კაცური თავმოყვარეობის გამო. თუმცაღა ცდებოდა, უსაზღვრო ვნებას განვიცდიდი მის მიმართ, მასთან ერთი შეხებაც კი საკმარისი იყო, რომ თავი დამეკარგა. ის მაწუხებდა, რომ ვერ ვხვდებოდი, ჩვენი სექსი ჩემი ლამაზი უკანალის და ორი ზომა ქათქათა მკერდის დამსახურება იყო, თუ ამას გარდა სხვა გრძნობებიც ამოძრავებდა.

უტას ნათესავებთან აშკარად კარგი რეპუტაციით ვსარგებლობდი, ანდა რაში აიტერესებდათ უტასთან სექსი მქონდა, თუ მხოლოდ მოფერებით შემოვიფარგლებოდით, მთავარი იყო, რომ მათთან შეხუმრებული ვიყავი, მათი პირადი ცხოვრება კი, ჩემი თანდასწრებით განიხილებოდა, რაც მაფიქრებდა, რომ ახლობელ ადამიანად მივაჩნდი.

გუგა, ცოტა არ იყოს ჩამოუყალიბებელი ზრდასრულის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ერთ დღეს მოვიდოდა, "დააძრობდა" ვიღაც უფროსკლასელის ფოტოს და გვეუბნებოდა, რომ როგორც იქნა ვიღაც სერიოზულად მოსწონდა, მაგრამ ორ კვირაში მოვიდოდა და სტანდარტულ ფრაზას იტყოდა: "არაა, არ გამოდის, საჩემო არაა, ეგრევე დაბროზეა". ზოგზეც ამბობდა რომ "მისცა" უკვე და ახლა "ეკიდა". სიმპატიური უდავოდ იყო, მაგრამ მისი შესაფერისი გოგო რატომ არ მოიძებნებოდა არ მესმოდა. ანდა, რა ჩემი საქმე იყო მისი ინტიმური ურთიერთობები, მე არაჩვეულებრივად თბილად მეპყრობოდა და ეს სრულიად საკმარისი იყო იმისათვის რომ გვემეგობრა.

წინა ეპიზოდების სანახავად "ჩასქროლეთ" ქვემოთ. 

FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93