ნოველები

თუ ინანებ: გუგას ახალი გატაცება, ეპიზოდი 14

თუ ინანებ: გუგას ახალი გატაცება, ეპიზოდი  14
გაცნობიდან რამდენიმე ხანში გუგა სახლში დავპატიჟე და ნია გავაცანი.
ნიაზე უმცროსი იყო, მაგრამ ეპრანჭებოდა აშკარად. სიმართლე გითხრათ, მაშინვე იმაზე დავიწყე ფიქრი, ნიაც იმ გოგოებივით მალე არ მოებეზრებინა და მიეტოვებინა. თუმცა, ამის მიუხედავად, არაფერში ჩავერიე. ნია ჩემზე უფროსი იყო და თავად უნდა გადაეწყვიტა, ენდომებოდა თუ არა მექალთანე, მუსუსი კაცი პარტნიორად.

მართლაც წერდა აქტიურად ნიას. ხან აივანთან მოდგებოდა მანქანით და მანამდე "აღრიალებდა" სიმღერებს, სანამ რომელიმე მეზობელი გვარიანად არ გამოლანძღავდა. ნია სერიოზულად არ აღიქვამდა, ამბობდა: "ლაწირაკია" ჩემთვისო. მას
კიდევ შოკოლადები მოჰქონდა და მალ-მალე ამბობდა, ნიას ცოლად მოვიყვანო. გაცნობიდან ერთ თვეში ნიას ცოლად მოყვანაზე თუნდაც ხუმრობა არასერიოზულ საქციელად მიმაჩნდა, მით უმეტეს, რომ კარგად ვიცნობდი გუგას.

უტა იყო ალბათ მიზეზი იმის, რომ ნიას და გუგას საკმარის ყურადღებას ვერ ვუთმობდი. მასთან უფრო და უფრო მიძაბავდა ურთიერთობას ის ამბავი, რომ კვლავაც მის სექსუალურ პარტნიორად ვრჩებოდი მხოლოდ და მის ცხოვრებაში სხვა სტატუსით დამკვიდრებას ოდესმე შევძლებდი თუ არა, არ ვიცოდი. არადა, ურთიერთობის გაწყვეტა არ მინდოდა. რა მეთქვა, ჩემი აღზრდის პრინციპებს ეწინააღმდეგება ქორწინებამდე სექსი თუ მამაჩემს "გაუტყდება", სიძის სტატუსის გარეშე რომ ვწევართ ერთად-მეთქი.

მომწონდა ის, რასაც მასთან ერთად ვაკეთებდი, მასთან ერთად რომ დავდიოდი ყველგან, ბარშიც კი, სადაც მისი ძმაკაცები ღმუილით აღნიშნავდნენ ჩემთვის ყველაზე უინტერესო სფეროში - ფეხბურთში გოლის გატანას. დისკომფორტს მიქმნიდა მხოლოდ ჩემი აზრები და ფიქრები, რომლებიც გამუდმებით თან მდევდა.

დალაპარაკებას წინ არაფერი ედგა. საქმე იმაში იყო, რომ უტა სხვანაირად მოაზროვნე ბიჭების კატეგორიას მიეკუთვნებოდა. ერთხელ მითხრა: სექსი სიყვარულის ყველაზე ბუნებრივი გამოხატულებაა და არანაირი სტატუსი არ სჭირდებაო.

ერთ თვეს გასტანა ნიასა და გუგას შორის ფლირტმა. ერთი თვის შემდეგ, როცა ნია დააფიქრა გუგას გრძნობებმა, გუგამ საბოლოოდ გაიხურა ჩვენი სახლის კარი და იქ აღარც უტასთან ერთად მოდიოდა. ვერ გეტყვით, რომ ნია სასოწარკვეთილი იყო. უბრალოდ, მიჩვეული იმას, რომ ყოველდღე სიგიჟეებს აკეთებდა მისთვის, ახლა ვეღარ აეტანა მის ნაცვლად გაჩენილი სიცარიელე.

ერთხელ, ძალიან რომ დავთვერით ჩვენს ბიძაშვილებთან, ნიამ იტირა და თქვა, რომ გუგა უყვარდა. არ ვიცი, სასმელმა დააკარგვინა თავი თუ მართლა რამეს გრძნობდა მის მიმართ. რამდენჯერმე ისიც თქვა, მიზიდავდაო, მაგრამ ამაზე ფხიზელი არ ლაპარაკობდა და მგონი, რამდენიმე კვირაში საბოლოოდ მისცა ეს თემა მივიწყებას.


ნიას ისევე, როგორც ყველა დანარჩენს, სჭირდებოდა მზრუნველობა და იმის განცდა, რომ ვიღაცისთვის საჭირო იყო. ეს იყო რეალური მიზეზი იმის, რომ გუგაზე თუნდაც რამდენიმე კვირა იფიქრა.
უტა არაფერში ერეოდა. ერთხელ ვცადე, განგვეხილა გუგას უაზრო საქციელი, რომლის გამოც ჩვენი შეკრებები და გართობა დამთავრდა. ჩვენთან რომ აღარ მოდიოდა, ეს არაფერი; უტასთან რომ დავდიოდი, იქაც აღარ ჩნდებოდა. ვფიქრობდი და მეცინებოდა, უტასთვის არასდროს შემიმჩნევია, რომ ჩემთან ყოფნა მობეზრდა, თუმცაღა არაფრით მაიმედებდა, რომ საერთო მომავალი გვეწერა. სამაგიეროდ, გუგა ცოლად მოყვანას სთხოვდა ნიას და ერთ თვეში აღმოაჩინა, რომ ისიც არ აინტერესებდა.

გაგრძელება იქნება

წინა ეპიზოდების სანახავად "ჩასქროლეთ" ქვემოთ, ან გადადით ავტორის გვერდზე

FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი