ერთ კვირაში გუგამ მომწერა მობილურზე:
GUGA: "სად დაიკარგე? რამე ხომ არ მოხდა?"
ჯერ ვიფიქრე, არ ვუპასუხებ-მეთქი, მაგრამ მერე გადავიფიქრე და მივწერე:
ELI: "გამოდი, გავიაროთ სადმე, ოღონდ არაფერი მკითხო ისეთი, რაც გამაღიზიანებს".
მაშინვე დამთანხმდა. მიუხედავად ნიას მიმართ მისი საქციელის, მაინც არ ვიყავი ცუდად განწყობილი, უშუალო და მეგობრული იყო ყოველთვის ჩემ მიმართ და მომწონდა მასთან ერთად ყოფნა. ტერასაზე დავსხედით, როგორც ყოველთვის ახლაც ლუდის დალევა გადავწყვიტეთ და ცოტა ვიჭორავეთ. სასმელი მალე მომეკიდა და ბარიდან ბარბაცით წამოვედი. სახლამდე მიმაცილა. მართლა არაფერი უკითხავს უტაზე. ალბათ, იცოდა, რომ აღარ ვხვდებოდი. გზაზე ერთად მოვწიეთ და სადარბაზოსთან დამემშვიდობა. მასთან მეგობრობა და მის საზოგადოებაში ყოფნა მსიამოვნებდა. ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავდი იმაში, თუ უტასთან დაშორების მიუხედავად, მასთან მაინც ვიმეგობრებდი.
ოთახში რომ შევედი, უტა და ნია დამხვდნენ. არ ვიცი, რატომ, მაგრამ თავი დამნაშავედ ვიგრძენი და უხერხულად გავუღიმე.
- რატომ არ მომწერე, მოსვლას თუ აპირებდი?
- ნიასთან მოვედი. - ირონიულად გამიღიმა.
ნიამ მარტო დაგვტოვა, საწოლზე ჩამოვჯექი და ტუჩები უხერხულად მოვპრუწე.
- სად იყავი? - მკითხა და სკამის საზურგეს მიაწვა.
- გუგასთან ერთად გავისეირნე. - ვუთხარი და თვალებში ჩავხედე.
- იმავე აზრზე ხარ? შენს ბოლო გამოხტომას ვგულისხმობ.
თავი დავუქნიე მშვიდად.
- გამოსავალს რაში ხედავ?
- შენ რაში ხედავ?
- მე პრობლემასაც ვერ ვხედავ. წესით, შენ უნდა შემომთავაზო რაიმე პერსპექტივა.
- ხოდა, სანამ პრობლემას ვერ ხედავ, გამოსავლის ძიება სისულელეა.
ღრმად ჩაისუნთქა. მერე გვერდით მომიჯდა და ხელი მუხლზე დამადო.
- რა გავაკეთო? მითხარი და ვაკეთებ, ახლავე.
- მე რომ გეტყვი, მერე იმ გაკეთებულს ფასი აღარ ექნება ჩემს თვალში, უტა. მე მინდა, რომ შენ გინდოდეს.
- მე შენ მინდიხარ.
- არ მინდა, რომ მარტო ფიზიკურად გინდოდე.
- ყველანაირად მინდიხარ.
- მოდი, ცოტა ხანს დავფიქრდეთ, ცალ-ცალკე.
- და მერე რა შეიცვლება?
- არ ვიცი. - ვუთხარი და თვალებში ჩავხედე. წამოდგა და შუბლზე მაკოცა.
- ჩემთვის მნიშვნელოვანია, შენ რას გადაწყვეტ. თუ გინდა, რომ დაფიქრდე, ხელს არ შეგიშლი. - კარისკენ წავიდა და კართან მისული შემობრუნდა. - ელენე, ეს დრო იმისთვის გჭირდება ნამდვილად, რომ ჩემთან დაკავშირებით გადაწყვიტო რაიმე?
გამაცია. მგონი, ფიქრობდა, რომ ვიღაც სხვაზეც ვფიქრობდი.
- შენ სხვა მიზეზი გგონია?
- არ ვიცი, მე ამ უაზრო ცალ-ცალკე ყოფნის მიზეზი საერთოდ ვერ გამიგია.
გავიგე, მოტოციკლი როგორ დაქოქა და როგორ გავიდა ტრასაზე, მაგრამ აივნიდან არ გადამიხედია, ისედაც საშინელი მარტოობის და სიცარიელის განცდა მქონდა. როგორ მინდოდა, ეყვირა, ეჩხუბა, რამე დაეძალებინა. რა აუტანლად მშვიდი იყო ახლაც...
გაგრძელება იქნება
წინა ეპიზოდი