ორი კვირის შემდეგ ნებისყოფამ მიღალატა, უტას მივწერე, მოტოციკლით გავისეირნოთ-მეთქი.
რომ შემხვდა, შეცვლილი მეჩვენა, თმა დაემოკლებინა.
ჩამეხუტა და კისერში მკოცნიდა დაუსრულებლად. გავისეირნეთ მოტოციკლით, მის სადარბაზომდე. ოთახში გიჟივით შემაქანა და ტანისამოსის გახდა დამიწყო. ის უაზრო სტერეოტიპი რომ არ მქონოდა თავში ჩაბეჭდილი, რომ "კაცს, რომელსაც სექსი აქვს შენთან ქორწინებამდე, აუცილებლად შენ მიტოვებას აპირებს", ალბათ არაფერი მიშლიდა ხელს, რომ მეფიქრა, ნამდვილად სიგიჟემდე ვუყვარდი.
ყველაფერი უწინდებურ კალაპოტს დაუბრუნდა, ისევ ლურჯი დივანი და მისი დედინაცვლის გემოვნებით მოწყობილი სახლი... ისევ ეს ნაცრისფერი ფარდები... იმპრესიონისტული ნახატი კედელზე, რომლის შინაარსიც არასდროს მესმოდა...
გაზაფხულზე თათიას ბავშვი შეეძინა. მასთან წავედი და ღამითაც მასთან ვაპირებდი დარჩენას, ათი საათი ხდებოდა, გუგამ რომ მომწერა.
GUGA: "ელი რას შვრები, სად ხარ?"
ELI: "თათიას ბავშვი შეეძინა და მასთან ვარ, შენ რას შვრები?"
GUGA: "ფეხბურთს ვუყურე, დავლიე ცოტა ლუდი, ახლა ვწევარ მარტო და ვეწევი"
ELI: "მარტო ყოფნას როდემდე აპირებ?"
GUGA: "ასე მირჩევნია, სანამ ისეთ ქალს არ მივაგნებ, მე რომ მჭირდება"
ELI: "ასეთი ქალი არ არსებობს, შენ რომ გჭირდება. შენ გინდა, რომ ქალი ყოველდღიურად საინტერესო იყოს. თანაცხოვრებაში ამას ვერავინ შეძლებს, გუგა. შენ თავგადასავლები გინდა მუდმივად".
GUGA: "მართალი ხარ, ასეა ზუსტად. რას ნიშნავს, რომ კარგად მიცნობ..."
ELI: "მერე, ასეთი რამე რომ ბუნებაში არ არსებობს, არ იცი?"
GUGA: "არსებობს, ელი. უბრალოდ, მე ყოველთვის ისეთი რაღაც მჭირდება, რაც მე არ მეკუთვნის, რისი უფლებაც არ მაქვს. ასეთი ვარ. ის მინდა, რაზეც ხელი არ მიმიწვდება"
ELI: "დავიჯერო, რამე არ ვიცი? რატომ არაფერს მიყვები? შენ ხომ ყველაფერი იცი ჩემს ცხოვრებაზე?"
GUGA: "მე ყველაფერი არ ვიცი და შენც ყველაფერს ვერ მიყვები, ისევე, როგორც მე არ გიყვები, ან ვერ გიყვები, ელი"
ELI: "გიყვები ყველაფერს"
GUGA: "დარწმუნებული ხარ?"
ELI: "თითქმის ყველაფერს"
GUGA: "ახლა რაღაცას გეტყვი და არ გეწყინოს, კარგი? სწორად გამიგე?!"
ELI: "ხომ იცი, რომ ყველაფერს გიგებ"
GUGA: "ოდესმე ცოლს თუ მოვიყვან, შენნაირი უნდა იყოს, შენნაირი მხიარული და საინტერესო. შენ სხვანაირი ხარ, ეშმაკუნა თვალებით... რაღაცნაირი... ხომ გესმის?!"
ELI: "საინტერესო არ ვარ, აუტანელი ვარ. თუ გინდა, უტას ჰკითხე"
GUGA: "საკუთარ თავს ვერ აფასებ. შენ სხვებს არ ჰგავხარ, ელი. მე კარგად გიცნობ და ვიცი, როგორიც ხარ"
ELI: "ვერ ამიტანდი, გუგა, მერწმუნე, აუტანლად მომთხოვნი ვარ"
GUGA: "ნუ მასწავლი, ელი, ვიცი, რასაც ვამბობ"
ხელები მიკანკალებდა. ორი აზრი არ არსებობდა იმაზე, რომ მეფლირტავებოდა. იმას ვერ ვხვდებოდი, რატომ? რატომ მე? ან უტასი რატომ არ ეშინოდა. ნეტა უტას თუ შეუნიშნავს ოდესმე ჩემს თვალებში ეშმაკუნები?! ან გუგა რას ფიქრობდა, ეს რომ მას წაეკითხა, ცხადია, გაგიჟდებოდა, მაგრამ მე ხომ უტა ამ ხნის მანძილზე გაგიჟებული არც ერთხელ არ მინახავს. საინტერესოა, თუ გიჟდება საერთოდ რამეზე, თუ ყველაფერს მშვიდი და გაწონასწორებული აგვარებს, ან მე რას ვფიქრობდი, ღიმილიანი ,,სმაილებით" რომ ვპასუხობდი მის არშიყს.
ფაქტი ის იყო, რომ მის კომპლიმენტებს გაბრწყინებული თვალებით ვკითხულობდი და იმაზე ფიქრი, რომ მართლა ასე ფიქრობდა ჩემზე, მხოლოდ მსიამოვნებდა.
GUGA: "როდის მოდიხარ თბილისში?"
ELI: "ხვალ ჩამოვალ"
GUGA: "ყავა დავლიოთ ერთად რა, მომენატრა შენთან ერთად ყავის დალევა"
ELI: "ხვალ საღამოს შემომიარე სახლში, მარტო ვიქნები და მე დაგპატიჟებ ყავაზე"
GUGA: "შენს წიგნთსაცავში?"
ELI: "არ მომწონს, ჩემი მარტოობის სავანეზე რომ აგდებით ლაპარაკობ"
GUGA: "ხვალამდე, ელი"
გაგრძელება იქნება
წინა ეპიზოდების სანახავად "ჩასქროლეთ" ქვემოთ, ან გადადით ავტორის გვერდზე