გაბრუებულები ვბრუნდებით სასტუმროში. სამივეს გონება იმ პატარა ბავშვსა და მის იმედგადაწურულ დედას დასტრიალებს. ქალმა წამოსვლის წინ ლაპარაკში ახსენა, რომ მარიამი ერქვა. უპეები საშინლად ჰქონდა გასიებული და გამობერილი. თვალებიდან ძლივს იხედებოდა. გულში რაღაც ჩამწყდა. ახლა მთელი ღამე ამაზე უნდა ვიფიქრო, თითქოს სადარდებელი მანამდე მაკლდა.
გიორგის ნორმალურად არ ველაპარაკები. იმას ვერ ვპატიობ, რომ ყოველთვის ხვდება, რა მწყინს და რა მტკივა და თითქოს განგებ სულ ასე იქცევა. მიფრთხილდება, მაგრამ ამას რომ აკეთებს, უფრო მწარედ მახსენებს ჩემს მდგომარეობას. ვიცი, რომ თუ მე არ შევცვალე რამე საკუთარ თავში, ისე არაფერი გამოგვივა, მაგრამ ჩემი ვერც ერთი ცდა შედეგს ვერ იღებს.
რომ ვაკვირდები, ჩემი გრძნობა მისდამი რაღაც მხრივ პლატონურია. მართალია, მის დანახვაზე მთელ ორგანიზმში რაღაც უცნაური ხდება და ჩვენ შორის აღძრულ ლტოლვასაც ხშირად ვერ ვუდგები წინ, მაგრამ ეს ჩვენს ურთიერთობაში იმ დოზით არ ხდება, როგორაც წარმომედგინა. გამუდმებით მასზე ვფიქრობ, მრავალი ისეთი მომენტი მიდგება თვალწინ, პომიდორივით რომ მაწითლებს, თუმცა ყოველთვის შორს ვიჭერ მისგან თავს. ესეც ერთ-ერთი სიგიჟე ჩვენი კავშირისა. ბოლოს და ბოლოს ვრწმუნდები, რომ ნორმალურს ვერაფერს ვეღირსები, თუ მასთან დავრჩები.
საზიზღარი ამინდია. წვიმს. ყინავს. დეკემბრის ბოლო დღეები ძვალ-რბილში ატანს. მალე ახალი წელი მოგვიკაკუნებს კარს. მერე შობა და სხვა დღესასწაულებიც ისევე, როგორც წინა წლებში, მაგრამ არაფერი იქნება იგივენაირად. არა, შეიძლება ისევ დედასთან შევხვდე თორმეტ საათს, პირველ იანვარს და შემდეგ დღეებსაც, მაგრამ ყოველ წუთს გიორგიზე ფიქრში გავატარებ და ეს სულაც არ მომანიჭებს სიამოვნებას სხვა შეყვარებული ადამიანის მსგავსად. გამიგია, სიყვარულს ტანჯვაც მოაქვსო, მაგრამ ჩემს შემთხვევაში, ალბათ, ''ც'' ნაწილაკი ბედნიერების შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ.
მოღუშული ცა ჩემი მდგომარეობის მეტაფორაა. თუ ადამიანებში ვერ ვპოულობ ჩემნაირს, სამყაროში ერთგვარი ორეულის პოვნა მახარებს. დაძინებამდე ფანჯარას არ ვშორდები. არ ვიცი, რას ველოდები. მით უმეტეს, რომ ის უკვე დიდი ხანია ვისწავლე, თავში კეთილი ჯადოქარი რომ არ ჩამიფრენს, თუ რა შეიძლება იყოს გამოსავალი.
საღამოს გიორგი სადღაც მიდის. დედა მას მუდამ ისე ეპყრობა, თითქოს არ არსებობდეს, ახლა კი მეც არ მაძლევს თავმოყვარეობა იმის უფლებას, რომ მისადმი ინტერესი გამოვააშკარავო. ოთახში მარტო რომ ვრჩები, მაშინვე სინანული მიპყრობს. იმის შიში მხრავს, რომ შეიძლება რამე მოუვიდეს. მასზე უზომოდ გაბრაზებული ვარ, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. სასტუმროს ჭიშკარს თვალს არ ვაშორებ, ის კი თითქოს ჯინაზე იგვიანებს. თვალებზე ცრემლები მეგლისება იმის წარმოდგენაზე, რომ თვითონ საერთოდ არ ღელავს ჩემზე. ცოტათიც არ ეშინია ჩემი დაკარგვის. სასტიკი ფიქრები მიტრიალებს გონებაში. საკუთარ აზრებს ოდნავადაც არ ვებრალები.
დედა სააბაზანოშია და იბანს. წყლის შხაპუნის ხმა გარეთ გამოდის. უსაქმურობისგან უკვე საშინლად დავიღალე. რაც უფრო მეტ დროს ვატარებ ასე, მით უფრო ვწამდები. მოულოდნელად მობილური რომ იწყებს რეკვას, არც კი ვინძრევი, იმდენად ვარ მიჩვეულ მის გამორთულ მდგომარეობას. რაც აქ მოვედით, მას შემდეგ გიორგის მითითებით აღარ ჩამირთვია. არც კი ვიცი, ვის შეიძლება ეხლო ხელი. უჩვეულო სიფრთხილით ვუახლოვდები მას, გაფარჩხული თითებით ვიღებ ხელში და სენსორს ხელს სუნთქვაშეკრული ვუსვამ.
- გამარჯობა, ელენიკა. - მეორე მხრიდან მესმის ნიკოს ხმა.
- ნიკო? ჩემი ნომერი საიდან იცი? ან... ან... მობილური... ღმერთო, შენ რა, აქ იყავი? - უცნაურ ფაქტებს ერთმანეთთან ვაკავშირებ და შეცბუნებული ვაპარებ თვალს სააბაზანოსკენ.
- ნუ შეგეშინდება, უბრალოდ ხუთ წუთში დაბლა ჩამოდი. - მომთხოვნად ჟღერს მისი სიტყვები.
- და რომ არ ჩამოვიდე?
- მე არაფერს გაძალებ.
- ჩამოვდივარ. - ვჩურჩულებ, მობილურს ადგილზე ვაბრუნებ და საკიდიდან ქურთუკს ვხსნი.
ნახევრად გახსნილი ქურთუკით გავდივარ ოთახიდან და კიდევ ერთხელ ვუსვამ საკუთარ თავს კითხვას, თუ რას ვაკეთებ.
''იმას, რასაც შინაგანი ხმა გკარნახობს!'' - ჩამძახის ალტერეგო და მეც საჩქაროდ ვეშვები კიბეებზე.
იმ ადგილას მივდივარ, სადაც აქ მოსვლის დღეს ნიკოს მანქანა ეყენა. არავინ ჭაჭანებს. ზამთარია და უკვე ერთი საათია ჩამობნელდა. საკუთარ თავზე ვბრაზდები. ნიკომ გარკვევით მითხრა, რომ ხუთ წუთში მოვიდოდა, მე კი აქ ჩამოსვლაში ორი წუთიც არ დამჭირვებია. ბეღურასავით მობუზული ვაცეცებ თვალებს. ყველა საშინელებათა ფილმი ახლა მახსენდება. შეშინებული დავცქერი ფეხსაცმელებს და თან ყურთასმენა დაძაბული მაქვს, პატარა ჩქამიც რომ არ გამომეპაროს.
მანქანის ფარების შუქი პირდაპირ თვალებში მაჭყიტებს. წინ ნაბიჯს ვდგამ, რომ შემამჩნიოს. როგორც კი ვიაზრებ, რომ ეს ავტომობილი არ მეცნობა, მანქანის კარები იღება და სინათლეზე ჯორჯის მწვანე თვალებს ნათლად ვხედავ.
- არა! - ვჩურჩულებ შეძრწუნებული და საკივლელად ვაღებ პირს, რომ უკნიდან ცხვირზე რაღაცას მაფარებენ.
ერთხელაც ვფართხალებ და ფეხები მეცელება.
პირველი, რასაც ვგრძნობ, ნესტიანი, ჩახუთული ჰაერია, ძველი ფურცლების სუნით გაჯერებული. თავს ნელა ვწევ ზევით. აუტანელ წვას ვგრძნობ სადღაც, თავის უკანა ნაწილში. უსწორმასწორო ზედაპირზე ვწევარ და მთელი სხეული მტეხს. ალბათ, აქ იმიტომ დამაგდეს, რომ ნაბიჯიც კი ვეღარ გადამედგა. ჯანდაბაშიც წასულა ნიკო, მის გამო ასეთ შარში გავეხვიე. ღმერთმა იცის, ვინმეს შეეძლება თუ არა ჩემი შველა. ისიც კი არ ვიცი, მედალიონი სად არის. შეიძლება გიორგი ჯერაც არ მისულა სასტუმროში, დედას მობილური არ აქვს. აქედან გამომდინარე, არაფრის იმედი არ უნდა მქონდეს.
წელს როგორღაც ვითრევ, მაგრამ ფეხი რაღაცაზე მიცურდება და ჩემ ირგვლივაც ისეთი ბათქა-ბუთქი იწყება, რომ თავი შუაგულ ფრონტზე მგონია. იმის მცდელობა, რომ უჩუმრად წამოვმდგარიყავი, კრახით სრულდება. გული კინაღამ მისკდება, საპირისპირო, ჩაბნელებულ მხარეს ვიღაც რომ ინძრევა. მხედველობას ვძაბავ და მამაკაცის სილუეტს ვარკვევ. მის სუსტ, არც იმდენად მამაკაცურ მხრებს თვალი რომ აღიქვამს, მაშივე ვხვდები, ვინც არის. სამწუხაროა, რომ ახლა მისი ამოცნობა მხოლოდ გარეგნობით შემიძლია, რადგან როგორც ჩანს, ხასიათით სრულიად არ ვიცნობდი.
-Wo brachte mich? (სად მომიყვანე?) - ვეკითხები ცივად და ''ნანგრევებში'' ჩაჭედილ ფეხს ვითავისუფლებ.
-Ich will es nicht, elenika. Du hast mich. (ეს მე არ მინდა, ელენიკა. შენ მაიძულე.) -სიბნელიდან მეპასუხება ის.
-Wirklich? Ist es, was es so ein Medaillon? (მართლა? განა რა არის ეს მედალიონი ასეთი?) - დანანებით ვჩურჩულებ. ათრთოლებული ბაგეები უკვე აღარ მემორჩილებიან.
-Alles. (ყველაფერი). - უსირცხვილოდ მიცხადებს, მაგრამ ხმაში სისუსტის ნოტი ერევა.
-Alles?
-დიახ, ყველაფერი. - გერმანულადვე მეთანხმება ის. - გეგმები შენ ამირიე. ჩამოვედი. ვფიქრობდი, რომ ურთიერთობა გამოგვივიდოდა და მედალიონთან ერთად გერმანიაში დავბრუნდებოდით. მართალია, ცოლად ვერ მოგიყვანდი, მაგრამ ჩემთან ცუდი ნამდვილად არ იქნებოდა. შენ კი შენი გიორგი ვერ დათმე და მისი მკვდარი ცოლი კიდევ. რაღაში სჭირდებოდა ის მედალიონი, რომელიც მთელ ჩემს მომავალს განსაზღვრავს? მამაჩემს ჩემში ეჭვი ეპარება. ჰგონია, რომ მისი ბიზნესის კარგი წინამძღოლი ვერ ვიქნები. ჩემი ბიძაშვილი დაიბარა და უთხრა, თუ გინდა, მართვის სადავეები შენ გადმოგაბარო, საქართველოში ჩადი და მედალიონი ჩამომიტანეო. სულ შემთხვევით მოვისმინე, დავასწარი და შენი ძვირფასი ქვეყნისკენ გამოვეშურე. ისიც ხელს მიწყობდა, რომ ჩემი მეგობარი იყავი, მაგრამ ვიღაც ახალგაცნობილი მარჩიე. ამას არ ველოდი!
-Nur warum? (მხოლოდ ამიტომ?) - ვეძიები.
დროის მოგებას ვცდილობ და თან იმაზე ვფიქრობ, როგორ შეიძლება შევძლო აქედან გაქცევა. ის, რომ ჯორჯი ნიადაგს სინჯავს, არ მომწონს. დამნაშავეები ყველაფერს მხოლოდ მაშინ გიყვებიან, როცა იციან, რომ მოკვდები. მკვდრები ხომ ვერ ლაპარაკობენ. ნამდვილად არ მსურს, მომავალში ისე მომიხსენიონ, როგორც გიორგის მკვდარი საყვარელი. ამის წარმოდგენაც კი მზარავს.
-ისეთი პრობლემები შემექმნა, სულ რომ არ უნდა შემქმნოდა. - იმდენად სწრაფად ლაპარაკობს, რომ გერმანული სიტყვების გარჩევა მიჭირს. - მერე დავფიქრდი, ტყუილად არანაირად არ მიღირდა ამ ყველაფრის გამოვლა! რამდენიმე დღე და პოლიცია ჩემს კვალზეც გამოვა! ვერ დამიჭერენ, მაგრამ ამ ამბავს მამა აუცილებლად გაიგებს, რაც ყველაზე მეტად არ მაწყობს! ძალიან პრინციპულია და შეიძლება ბიზნესის მცირე წილიც კი აღარ მაღირსოს. ბილეთები უკვე აღებული მაქვს და შენც ჩემთან ხარ. ბიჭებმა შეგამჩნიეს, რომ მედალიონს ყელზე ატარებ. მომეცი და წამოდი ჩემთან ერთად. დილის რეისით გავფრინდებით. შენ... შენ ვერასოდეს ამჩნევდი, რომ მომწონდი, ელენიკა? ერთხელაც არ შეგიმჩნევია?
მისი ბოლო სიტყვები პირში საზიზღარ გემოს მიჩენს. როგორ მჯეროდა მისი გულწრფელი მეგობრობის, ის კი თურმე ჩემგან სანაცვლო გრძნობას ელოდებოდა. მეგონა, უანგაროდ მეხმარებოდა, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ გასამრჯელოსაც იმედოვნებდა. გასამრჯელოს, რომელშიც სულაც არ იგულისხმებოდა ფული. მე მედალიონი უნდა მივცე და გერმანიაში გავყვე? სულ რამდენიმე საათში? ახლაღა ვაცნობიერებ, რომ მერჩივნა, ჩემი მოკვლა ჰქონოდა დაგეგმილი, ვიდრე ასეთი საშინელი რამ შემოეთავაზებინა. გიორგის ღალატს წამითაც კი ვერ ვუშვებ. მერე რა, რომ მას არ ვუყვარვარ. მე მიყვარს და საკმარისი გადავლახეთ იმისთვის, რომ მისგან წასვლა არ მინდოდეს. ნუთუ ჯორჯს ჰგონია, რომ მედალიონს ხელში ჩავუდებ და მასთან ერთად გავიპარები? ასე არ მოვიქცეოდი, აქაც რომ მქონდეს... ხო, მედალიონი აქ არ მაქვს! მან კი ახსენა, ყელზე გიკიდიაო. ეს როგორ? მე ხომ... მე ხომ მხოლოდ და მხოლოდ იაფფასიანი ვერცხლის ძეწკვი მაქვს გულზე ჩამოკიდებული, რომელიც ბავშვობაში სკოლიდან მომავალმა ვიპოვე? მას შემდეგ არ ვიშორებდი. სულ თან მქონდა ისე, როგორც თილისმა. ჯორჯს კი... ჯორჯს კი...
ევრიკა! სინათლე გვირაბის ბოლოს! მწვერვალი... თუ რაც გინდათ, ის დაარქვით, მაგრამ ერთიანად ვსახავ გადარჩენის გეგმას და ახლა მხოლოდ ის დამრჩენია, რომ ამ აყროლებულ კედლებს გავშორდე... მერე რაიმე სახარბიელო ადგილი ვიპოვო და...
და შემდეგ უკვე ვიცი, რაც უნდა ვქნა!