შუაღამისას გამეღვიძა. წამები დასჭირდა იმის გაცნობიერებას, სად და რატომ ვიყავი. გახურებული სხეული უსიცოცხლოდ ავითრიე საწოლიდან და შუბლი გაყინულ ფანჯარას მივადე.
სიცივემ წამიერად გამიყუჩა ყოველგვარი ტკივილი, მაგრამ მხოლოდ წამიერად და შემეშინდა, რომ ჩემს არეულ ფიქრებსა და ტკივილებს გაყუჩება აღარასდროს ეწერა. ყველაზე მეტად მაინც იმის მეშინოდა, რომ ოდესღაც, ჩემივე გაკეთებული არჩევანი ცხოვრებას დამიმახინჯებდა, თუმცა გულის სიღრმეში, მგონი, სწორედ ამ დღეს ველოდი.
თავში ათასჯერ გატარებულ კადრებს ხელახლა ვატრიალებ, მერე რომელიღაც კადრს შენელებულად ვამეორებ და სისხლის თბილი ნაკადი თავიდან ფეხებისკენ მთელი ძალით მიექანება. ეს განცდა... ეს ყველაფრისგან განსხვავებული განცდაა და გულს მიკლავს იმაზე ფიქრი, რომ ოდესღაც შეიძლება ვეღარ განვიცადო.
კადრებს ვამუქებ, ყველაზე თბილ მომენტებს ვგლეჯ მოგონებებიდან და ვცდილობ, კიდევ ერთხელ ვიგრძნო იგივე... თბილი ნაკადი ისევ მუცლისკენ მიექანება და შემდეგ მთელ სხეულში იშლება. ერთიანად ცივ მინას ვეკვრი და ეს სიცივე ჩემს სხეულში აბობოქრებულ ცხელ ტალღას ერთიანად უერთდება და მამშვიდებს, წამიერად, მაგრამ მაინც...
დილით გუგამ მომწერა, საღამოს შეხვედრა შემომთავაზა, მაგრამ გასვლის თავი არ მქონდა. დილიდან უტა ამეკვიატა და მის გარდა, ვერაფერზე ვფიქრობდი. ეს ოხერი კედლებიც ყველანაირად მხოლოდ მას უკავშირდებოდა. გუგას შევთავაზე, სახლში ამოსულიყო. იმის თქმა, რომ ცუდად ვიყავი - ვერაფრით შევძელი, თანაც, ამაში საკუთარ თავსაც არ ვუტყდებოდი ჯერ.
თავი მოვიწესრიგე და გადავწყვიტე, დავმტკბარიყავი იმით, რომ თავისუფალი ვიყავი და ვისაც მინდოდა, იმას შევხვდებოდი. გუგა რომ ამოვიდა, შევეცადე, მხიარული გამომეტყველება მიმეღო. დაჯდა თუ არა, თავზე ხელი ნერვიულად გადაისვა და მაშინვე მკითხა, გუშინ რა გააკეთეო. ყველაფერი იცოდა, ეჭვი არ მეპარებოდა. წინ დავუჯექი. ორივე ხელი მომკიდა ხელებზე და ლოყასთან მიიტანა.
- მგონი, იცი უკვე. - მოკლედ ვუპასუხე.
- არ უნდა გეჩქარა. - ხმადაბლა შემომაპარა და ჩემმა რისხვამაც არ დააყოვნა. ინსტინქტურად ფეხზე წამოვიჭერი და ხელები ხელიდან გამოვგლიჯე.
- თქვენ რა, ორივემ გააფრინეთ? - ვიყვირე და თავი ვეღარ შევიკავე, მთელი დღე ნაგროვები ემოციები ტვინში მომაწვა და თვალებიდან ნიაღვარივით გადმომსკდა.
- ორივეს გხვდებოდით, გუგა. გიფიქრია, ამ დროს რას განვიცდიდი? გიფიქრია, შენიდან რომ მივდიოდი, რას ვგრძნობდი? რომ თვალის გასწორება მიჭირდა უტასთვისაც, ნიასთვისაც, ყველასთვის... მაგრამ არა... რა ძალა გადგა, ახლაც შენზე ფიქრობ... ამ წუთასაც, მიდი, მითხარი, რომ ჩემთან მაინც ვერ იქნები, რომ ჩაგქოლავენ და დაგწვავენ, გუგა, მიდი, დაიწყე მოთქმა.
- გაჩუმდი რა... - იღრიალა გუგამ. - შენ ვერ ხვდები, ხო?! იქნებ ეს შენ არ აცნობიერებ, რა გველოდება. თუ გგონია, შენ თავზე გადაგისვამს ხელს ვინმე?! უნდა ხვდებოდე, რომ ეს თავისუფალი ევროპა არაა და არც აღვირახსნილი ამერიკა. ეს საქართველოა, აქ კაცებს არაკაცობას სიცოცხლის ბოლო წამამდე არ პატიობენ. თუ აცოცხლეს, ცხადია, ეგეც იმ შემთხვევაში.
ლამის გული გამისკდეს, ისე ცუდად ვარ, რომ ლამის მოვკვდე. მგონი, ვხვდები, რა წერტილამდე მიდიან, რომ შემდეგ გიჟდებიან.
- რამდენი ხანია, რაც ფიქრობ, რომ აღვირახსნილად ვიქცევი?
- სიტყვებზე მეკიდები ახლა, ელი. იმის ახსნას ვცდილობ, რომ თქვენ წლებია ერთად ხართ და ახლა ჩვენი ურთიერთობის გამო სიგიჟე იყო თქვენი დაშორება, თან მაშინ, როცა ჩვენს ურთიერთობასაც არანაირი პერსპექტივა არ აქვს. ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ ამ გრძნობებს ჩვენში მოვკლავდით. რატომ დგამ ისეთ ნაბიჯებს,რომ თავი ცუდად ვიგრძნო?
- იმიტომ დავშორდი უტას, რომ ვთვლიდი, ჩემგან ასეთ მოქცევას არ იმსახურებდა, შენ არაფერ შუაში ხარ.
არ დამიჯერა, ცხადია. ჩემკენ წამოვიდა და შეეცადა, ჩამხუტებოდა. ახლოს არ გავიკარე.
- აზრი არ აქვს ახლა შენთან დალაპარაკებას. წავალ, შენ დაისვენე და აწონ-დაწონე ყველაფერი.
- მშიშარა ეგოისტი ხარ. - ვუთხარი და თვალებში შევხედე. ერთი წამი თვითონაც გაჩუმდა, მერე შემობრუნდა კართან მისული და ბოროტად მომახალა:
- ელი, მე იმ მდგომარეობაში არ ვარ, რომ დაგპირდე თეთრ სახლს ცისფერი დარაბებითა და დიდი ეზოთი, სადაც მწვანე მოლზე ჩვენი შვილები ითამაშებენ. უნდა ხვდებოდე.
რამდენი რამის თქმა მინდოდა. მინდოდა, მეკითხა, თვითონ თუ ხვდებოდა, რას აკეთებდა, ვნებამორეული რომ მიყვებოდა თავის გრძნობებზე; რაზე ფიქრობდა, რომ მხვდებოდა..
ყველაფერი ჯანდაბას, მაგრამ რა უფლებით მიკითხავს ახლა ლექციას ისე, თითქოს მართალი ადამიანია და უფლება აქვს, მე მასწავლოს რამე. ღმერთმა უწყის, მეც მაბრალებს ყველაფერს. იმდენი რამის თქმა მინდა, რომ უცებ ყველაფერი აზრს კარგავს და ვხვდები, რაც უნდა ვუთხრა, მაინც ვერ ვეტყვი იმას, რასაც იმსახურებს. ან იქნებ იმიტომ ვერ ვიღებ ხმას, რომ თავადაც არანაკლებ დამნაშავე ვარ და ვგრძნობ, რა სულმოკლედ მოვექეცი საკუთარ თავსაც კი.
გუგა კარს უკან უჩინარდება. ოთახი, სადაც მტოვებს, ნაცრისფერი ხდება და კედლებიდან ყრუ გუგუნი ისმის, მაგრამ ნათლად ვხედავ ნაცრისფერ ფონზე თეთრ სახლს ცისფერი დარაბებით - რომელიც არ იქნება.