სამზარეულოში გასასვლელ კარებს ოდნავ ვაღებ და ადგილზე ვშეშდები, დედას ბოლო სიტყვებს რომ ვიგებ:
- ...არ ვიცი, ელენიკას რა ვუთხრა. - შეშფოთებით ამბობს მანანა. ჩემგან ზურგით დგას და ვერ მხედავს, ნიკო კი ჯერჯერობით სადღაც სივრცეში იყურება.
ჩუმად ვხურავ კარს და ყურს მასვე ვადებ.
- იმის გასარკვევად წავიდა, ჯორჯი მართლა გაფრინდა თუ არა. იმ ნაბიჭვარმა გათქვა თავისი დამქირავებელი და უთხრა, რომელ რეისზეც ჰქონდათ დაჯავშნილი ბილეთი. - პასუხობს ნიკო.
- სულ სხვანაირად ვიცნობდი ჯორჯს. ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ. როგორ? როგორ შეიძლება ყველა ჩემს გოგონას ატყუებდეს? - განიცდის დედა და ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც სრულიად დარწმუნებული ვეთანხმები. - დიდი მადლობა, შვილო! შენ რომ არა... შენ რომ არა...
- სამადლობელი არაფერია! ელენიკას დამსახურებით მშვიდად დაძინებას შევძლებ! ის გავიგე, რაც მთელი ამ წლების განმავლობაში მჭამდა. - ხმა ეცვლება ბიჭს.
- გავალ, ელენიკას ვნახავ. - ეუბნება დედა მას და მეც ვასწრებ და ოთახში ვბრუნდები.
წამებში ისიც აღებს კარებს. გულუბრყვილოდ ვუღიმი, მაგრამ მისი ეჭვიანი მზერა იმაზე მეტყველებს, რომ კარგი მსახიობი არ ვარ.
საღამომდე არ ჩანს გიორგი. ბინდდება. გული გამალებით მიცემს მის მოლოდინში. ასე არასდროს მნდომებია მისი ნახვა. ამის მიზეზი ის არ არის, რომ ჯორჯის ამბავი გავიგო. ეს ყველაზე ნაკლებად მადარდებს, მაგრამ იმაშიც არ ვარ დარწმუნებული, რომ მასზე გაბუტვამ და გაბრაზებამ გადამიარა. ნიკო მოკრძალებულად გვიმასპინძლდება. არ შემიძლია გავუგო. ჩემთვის ძალიან რთული იქნებოდა წარსულთან ისე პირისპირ და ხანგრძლივად შეჩერება. ჩიტივით ვიკენკები და მერე ისევ იმ ოთახში შევდივარ, რომელიც ნიკომ დროებით დაგვითმო.
არც კი ვიცი, როდემდე დავრჩებით აქ. ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, თუ სად არის ამდენ ხანს გიორგი, რას აკეთებს და როგორ არის.
გასართობად ფანჯარას ვუახლოვდები და რაფაზე ვჯდები. ნიკო პირველ სართულზე ცხოვრობს. წამიერად ვიხედები უკან და კვლავ ფანჯრისკენ რომ ვტრიალდები, სიხარულისგან სახე მებადრება. შემოსასვლელში გავრბივარ, მხოლოდ ქურთუკს ვიცვამ და დედის კითხვას, სად მიდიხარო, ყურადღებას არ ვაქცევ, ისე ვეშვები ჩუსტებით კიბეებზე.
გიორგი უკვე სადარბაზოსთანაა. მიხარია, რომ მისი ნახვით მონიჭებულ აღფრთოვანებას და ბედნიერებას სახეზე სიბნელის გამო ვერ შემამჩნევს. თავს რომ მაღლა სწევს, ნაბიჯს წინ ვეღარ ვდგამ. იმის დაჟინებულ სურვილს, რომ მოვხვეოდი და აღარ მოვშორებოდი, სირცხვილი სძლევს.
მამაკაცს დაღლილი სახე აქვს. სულ ოდნავ ერხევა ბაგეები და შემდეგ ისევ უტყვი უხდება გამომეტყველება.
- როგორ ხარ? - ღიმილი მეყინება დაბნეულს.
- ოჰოო, რას მივაწეროთ შენი ასეთი დახვედრა? - ჩემს უხერხულ დგომაზე ეცინება გიორგის.
- უბრალოდ... უბრალოდ გელოდებოდი და... - უფრო მეტად მებმის ენა.
- გალოდინე? - თითქოს განგებ მეძიება მამაკაცი.
- მე? არა, მაგრამ... მხოლოდ... მხოლოდ მინდოდა მეთქვა... - ერთ წინადადებასაც კი ვერ ვუყრი თავს.
- თუ ის გაინტერესებს, ჯორჯი წავიდა თუ არა, დადებითი პასუხი მაქვს. დაზუსტებით ვერ გეტყვი, მეტად ვეღარ იხილავ-მეთქი, მაგრამ ვიმედოვნებ, აღარ შეგახსენებს თავს და ამ ამბებს, რომლის დავიწყებაც ძალიან გინდა. - მჭახედ, უსიამოვნოდ ჟღერდება მისი სიტყვები სადარბაზოს სიბნელეში.
- ეგ... ეგ რა შუაშია? ამის კითხვას სულ არ ვაპირებდი! - ვმწარდები.
- აბა, რისი თქმა გინდოდა? - ცოტა არ იყოს, შეცბუნებული მეკითხება გიორგი.
წარბებს შორის ორი ხაზი უჩნდება. ვერ ვხვდები, რაზე ფიქრობს და ეს ხასიათს მიფუჭებს.
- არაფრის. არაფრის, გიორგი. - ვპასუხობ მკვახედ და ახლაღა ვიაზრებ, რომ დიდი ხანია სახელით არ მიმიმართავს მისთვის.
თვალებში ტკივილი მიდგება. ნეტავ, რატომ ჩათვალა, რომ მხოლოდ ჯორჯის ამბავი მაინტერესებდა? ან რატომ ჰგონია, რომ ამ ყველაფრის დავიწყება მსურს? ნუთუ, რადგან ჯორჯი წავიდა, ჩვენს ურთიერთობას წერტილი დაესმება? თუ უბრალოდ მე ვერ ვიგებ, რას გულისხმობდა ის?
- კიდევ დიდხანს ვიდგეთ ამ სიბნელეში? - ღიმილით ავლებს თვალს სადარბაზოს კედლებს მამაკაცი.
- არა, არ უნდა ვიდგეთ! - მწარე ღიმილით ვჩურჩულებ და კიბეებისკენ ვბრუნდები.
პირველი ნაბიჯის გადადგმისთანავე ვგრძნობ გიორგის მზერას ჩემს ზურგზე და თვალები მიცრემლიანდება.
მეგონა, ყველა პრობლემა ჯორჯის წასვლით მოგვარდებოდა, მაგრამ მტკივნეულ რეალობას ვეჯახები. ჩვენიდან დაიწყო და ალბათ, ჩვენითვე დასრულდება. არადა, როგორ მჯეროდა, რომ რაღაც მაინც შეიცვლებოდა... რომ რაღაც მაინც იქნებოდა კარგად.
როგორც კი სახლში შევდივარ, ოთახში ვიკეტები. ისტერიკული ტირილი მივარდება. ტკივილს ვეღარ ვუმკლავდები. იმისაც კი აღარ მრცხვენია, რომ სხვის სახლში ვარ და ნიკოს უხერხულ მდგომარეობაში ვაგდებ. ლოგინზე ვიკეცავ ფეხებს და ლოტოსის პოზაში ვჯდები. არ ვიცი, რამდენი ხანი ვარ ასე. ვერც კი ვიგებ, როდის შემოდის დედა ოთახში. მხოლოდ მის შეხებაზე ვფხიზლდები.
- ელენიკა, გიორგიმ თქვა, მივდივართო. - შეპარვით მეუბნება მანანა.
- გიორგიმ? - სუნთქვა მიხშირდება.
- რამე გითხრა, ელენიკა? რა ფერი გადევს? - შინდება დედა.
- რა უნდა ეთქვა, დედა? - გიჟივით ვიქნევ მხრებს. - ანუ უნდა წავიდეთ, ხო? მან თქვა და უნდა წავიდეთ, ხო? მარტო ნიკოს სახლიდან თუ მისი ცხოვრებიდანაც?
ცრემლების უკუქცევას ვეღარ ვახერხებ. მარილიანი სითხით მევსება თვალი. მთელი სხეული ოფლით მისველდება. ალერგიული ქავილი მეწყება კვლავ.
- ელენიკა, რა მოგდის? მე ხომ უბრალოდ ვთქვი, რომ...
- არაფერია, დედა! გადით და მეც გამოვალ. - ვაწყვეტინებ უმალ და კარისკენ მივუთითებ.
დედა ჯერ ყოყმანობს, მერე კი ზურგს მაქცევს და მარტოს მტოვებს.
მანამდე გარეთ ვდგავარ, ვიდრე დედა არ ჯდება უკანა სავარძელზე, შემდეგ კი მეც მის გვერდით ვთავსდები. გიორგის გვერდით რომ დავჯდე, მაშინვე ავქვითინდები, კვლავ ვერ მოვთოკავ ნერვებს და ყველაფერს ვიტყვი, რაც კი ოდესმე გამიფიქრია. მინდა ერთხელ მაინც არ ვიყო გიორგისთვის გადაშლილი წიგნი. ხომ შეიძლება, რომ მისი წაკითხვა მეც შევძლო? რატომ არ მაძლევს ამის საშუალებას? რას მიმალავს ასეთს?
გიორგი, როგორც ჩანს, არ ელოდა ამას, მაგრამ ემოციების გაკონტროლებას მაინც ისე კარგად ახერხებს, რომ ვერავინ ვერაფერს ამჩნევს, ჩემ გარდა. ფანჯრიდან ვხედავ, როგორ დგებიან ერთმანეთის პირისპირ გიორგი და ნიკო. ამ უკანასკნელის შეკრულ მუშტსაც ვხედავ და ვნატრობ, რომ მალე ჩაჯდეს გიორგი მანქანაში. წყენის სიმწარე იმდენად ღრმაა, რომ მისი მოცილება, მოშორება ძალიან რთულია.
მანქანა ადგილიდან იძვრის და მეც თავისუფლად ვისუნთქავ ჩახუთულ ჰაერს. მინდა ფანჯარას ჩავუწიო და ფილტვები ჟანგბადით ავივსო, მაგრამ არ მსურს, რომ თუნდაც წუთით მივიქციო გიორგის ყურადღება. ამიტომ მთელი მგზავრობის მანძილზე ისე ვარ, თითქოს არც ვარსებობ.
წინა თავების სანახავად გადადით ავტორის გვერდზე