ხელახლა დამეწყო მუცლის გაუსაძლისი ტკივილები, ღებინების შეგრძნება და უმადობა.
ნახევარ დღეს საწოლში ვატარებდი. ეკა ცდილობდა, ნიას არყოფნისას სახლში, ყურადღება მოექცია ჩემთვის.
იმ დილითაც საჭმელი შემომიტანა და ფინჯანი ჩაი. თავთან ჩამომიჯდა, მკითხა, თავს ამ დღეში რატომ ვიგდებდი, რომ ყველაფერი წინ მქონდა და ჯერ პატარა ვიყავი, რომ ზოგჯერ რაღაცის დასასრული უფრო საინტერესოს დასაწყისად შეიძლება იქცეს.
მერე გაჩუმდა, შევატყვე, რომ რაღაც ისეთის თქმას ან კითხვას აპირებდა, რომ ვერ გადაეწყვიტა, ღირდა თუ არა. ბოლოს მაინც მითხრა, უტას გამოფენაა გალერეაში და უნდა წავიდეო. მთელი დღე ვფიქრობდი, რომ სიგიჟე იყო იქ მისვლა, მაგრამ ნებისყოფამ მიღალატა, საღამოს მაინც წავედი.
გალერეის წინ ვჩერდები და შენობას გარედან ვუთვალთვალებ. ბევრი ხალხი არ ტრიალებს, თითოოროლა კაცი შედის. რამდენიმეწუთიანი ყოყმანის შემდეგ მეც შევდივარ. აქეთ-იქით არ ვიყურები. ისეთი განცდა მაქვს, მე თუ ვერ დავინახავ, თვითონაც ვერ შემამჩნევს.
რამდენიმე ნახატი მეცნობა, მაგრამ უმეტესობა მაინც ახალია. ერთ-ერთ ტილოსთან ვჩერდები და ისევ ტკივილს ვგრძნობ მუცლის არეში. მოტოციკლზე მიყრდნობილი გოგოა გამოსახული, ჩაფხუტით და მოკლე შარვლით, მაისურზე წარწერით: "Pink Floyd - The Wall". როგორ მინდა, კედლიდან ჩამოვხსნა და სახლში წავიღო. როგორ მინდა, ვიცოდე, როდის დახატა, ან გრძნობდა თუ არა რამეს, როცა ხატავდა. ვეღარ ვწყდები ნახატს, არადა, ვიცი, რომ უნდა წამოვიდე. უკან-უკან მივდივარ, ნელ-ნელა და ვიღაცას უხეშად ვეჯახები. ისევ მამამისის გაოგნებულ სახეს ვაწყდები. მგონი, იბნევა და უხერხულად მეკითხება:
- უტას ეძებ? - ვუღიმი და უარის ნიშნად თავს ვაქნევ.
ისე მოვდივარ, რომ უტა არსად მხვდება. არც მინდოდა, რომ მენახა. ჩემდა გასაოცრად, დამშვიდებული მოვდივარ. ფეხით მოვუყვები საკმაოდ გრძელ გზას გალერეიდან სახლამდე.
ყოველ ღამე იმ იმედით ვიძინებ, რომ ხვალ ახალი დღე გათენდება და უკეთესად ვიგრძნობ თავს; რომ დროსთან ერთად ნელ-ნელა დავივიწყებ ყველაფერს, მაგრამ ამაოდ...
ამ დღიდან ერთი თვის შემდეგ ნიამ ექიმთან წამიყვანა. ფიქრობდა, რომ ჩემი წონა სრულიად საგანგაშო იყო. საშინელი ანალიზები მაქვს და 47 კილოს ვიწონი, ტანსაცმლიანად, რაც იმას ნიშნავს, რომ შვიდი კილო მაქვს მოკლებული ბოლო ერთ თვეში.
- თავის მოკვლა გინდა? - მკითხა ექიმმა, ანალიზებს რომ გადახედა. - თუ ეგ გინდა, ჩათვალე, რომ თითქმის მიღწეული გაქვს მიზნისთვის. - მერე ნიას მიუბრუნდა: - ამას ფსიქოთერაპევტი სჭირდება. მე დავუნიშნავ მკურნალობას, მაგრამ კომპლექსურად თუ არ მივუდექით, შედეგი არ ექნება. არ გეცოდება ეს გოგო? - ნიაზე მანიშნა თვალით.
არ ვიცოდი, რა უნდა მეპასუხა. მერე ერთი გვერდი დანიშნულებით გაავსო და ნიას გაუწოდა.
- მიხედეთ, თორემ ანორექსია განუვითარდება. რაზე იკლავ თავს, შვილო?! - მომიბრუნდა ისევ მე და სათვალის ზემოდან გადმომხედა.
- დავლევ წამლებს. - ვუთხარი ხმადაბლა.
- ერთ კვირაში ხელახლა ჩააბარეთ ანალიზები. - უთხრა ნიას და გამოგვიშვა.
მთელი გზა ჩუმად ვიმგზავრეთ. ნია აღარაფერს მეუბნებოდა. მგონი, ცდილობდა, კიდევ უარესად არ მენერვიულა ან ხვდებოდა, აზრი რომ არ ჰქონდა. ისეთი დასუსტებული ვიყავი, ღამე გათიშულს მეძინა და ნახევარი დღეც. ერთ კვირაში განმეორებით ანალიზებზე წავედი, მაგრამ უშედეგოდ... ერთი კილოც არ მქონდა მომატებული და ექიმიც თავს ავისმომასწავებლად აქნევდა, ანალიზებს რომ უყურებდა.
- მოიყვანეთ ხვალ, გადასხმები სჭირდება და მკურნალობა. - გვითხრა იმავე ექიმმა, წინა კვირას რომ გვარიანად დამტუქსა.
- დედას უნდა ვუთხრა, სხვა გზა აღარ მაქვს. - მითხრა ნიამ და კაბინეტიდან გავიდა.
იმ დღეს საავადმყოფოში დავრჩი, გადასხმები დამინიშნა ექიმმა. დრო აქ ორჯერ ნელა გადიოდა. სანამ დავიძინებდი, წიგნი გადმოვიღე. ვიფიქრე, წავიკითხავდი ცოტას მაინც. ბოლო დროს ჩემს პრობლემებს ჩემი მხედველობის გაუარესებაც დაერთო. ექიმმა ახალი ნომერი გამომიწერა სათვალის და ისე შევეჩვიე, თითქმის აღარ ვიხსნიდი. გადაღლილობამ და სისუსტემ თავისი ქნა, წიგნზე ჩამომეძინა, ალბათ, ათ წუთში.