გაოგნებულები შევყურებთ ერთმანეთს. არასდროს მომსვლია აზრად ის, რომ რადგან ამ სამკაულს დანახვისთანავე მედალიონი დავარქვი და მას შემდეგ სულ ასე მოვიხსენიებდით, იხსნებოდა კიდეც.
როგორც წესი, მედალიონში ფოტოებს დებენ, შვილისას, დისას ან მეუღლესთან ერთად გადაღებულს. ამჯერად, ასეთი არაფერია. ეს ფურცელია. ათასჯერ გადაკეცილ-გადმოკეცილი. სანამ გავხსნიდე, გაქვავებულ გიორგის ვუსწორებ თვალს. თითქოს ნებართვას ვითხოვ მისგან.
- ეს მედალიონი არ იხსნებოდა! ეს მედალიონი არ იხსნებოდა! არა!.. - შეშლილივით იმეორებს ერთსა და იმავეს გიორგი, მაგრამ თვითონვე ეტყობა, რომ თავის სიტყვებში დარწმუნებული აღარ არის.
- გიორგი, ეგ ვინ გითხრა? გიცდიათ კი გახსნა? ან რატომ არ იხსნებოდა? - კითხვებით ვცდილობ ჭეშმარიტებამდე მისვლას.
- ეს მედალიონი ჯემალმა პელოს რომ აჩუქა, მაშინვე ვცადეთ გახსნა. პელოს უნდოდა, ჩვენი ფოტო ჩაედო, მაგრამ არ იხსნებოდა. ჯემალმა თქვა, ჩაკეტვა-გახსნის მექანიზმი გაფუჭებული აქვს, მაგრამ ისე ძალიან ძვირფასიაო. მერე ეს აღარც გამხსენებია. - დაულაგებლად, აღელვებით მპასუხობს ის. - გახსენი! ახლავე! სწრაფად!
კიდურებს ძლივს ვიმორჩილებ. ფურცელს ვშლი, გიორგის ვაჩეჩებ ხელში და კარისკენ ვდგამ ნაბიჯს.
- დარჩი! წამიკითხე! - უკნიდან მესმის გიორგის სიტყვები.
ფრთხილად ვტრიალდები. თვალები მიცრემლიანდება და საშინლად მეწვის. ახლა არაფრის წაკითხვა არ შემიძლია. გიორგის ფურცელს ვართმევ და თავს დიდ ძალას ვატან, პირველი ასო მაინც რომ ამოვიკითხო.
- მე მოვკვდი, გიორგი...
''მე მოვკვდი, გიორგი!
ცოცხალი რომ ვიყო, შენ ეს მედალიონი ხელში არ გეჭირებოდა და ვერც ჩემს წერილს იპოვიდი. უკვე წარმომიდგენია, როგორ მომიახლოვდები, შეეხები ჩემს გაყინულ ყელს და ძლივძლივობით, ათრთოლებული ხელებით მომხსნი მედალიონს. არ ვიცი, მაშინვე თუ მერე, რამდენიმე დღის, თვის შემდეგ აღმოაჩენ, რომ იხსნება, მაგრამ ასე იქნება თუ ისე, მაინც უნდა გთხოვო პატიება. მაპატიე, რომ შემეძლო და შენთან ყოფნაზე უარი ვთქვი. მაპატიე, გიორგი, მაგრამ ჩემს შვილს ვერ მოვკლავდი. მერე რა, რომ შანსი თითქმის არ იყო. მერე რა, რომ ერთგვარად თავს ვიკლავდი. ვიცოდი, რომ შენ ჩვენს შვილს არ შეიძულებდი. ხო, შეიძულებდი და არა შეიძულებ, რადგან დღეს გავიგე, რომ ჩემი უკანასკნელი იმედი აღარ არსებობს... ჩემგან აღარაფერი დაგრჩება, გიორგი. ვტირი, მაგრამ თან ბედნიერი ვარ. ბედნიერი ვარ, რომ ის, რაც ვიცხოვრე, შენთან ვიცხოვრე.
ასე ტყუილად არ უნდა ვკვდებოდე, გიორგი. მენანება ჩემს ხელებზე ამონასუნთქი ჰაერი. მე მოვკვდი. ვიღაცამ კი უნდა იცოცხლოს. ვიღაცა ჩემსავით უდროოდ არ უნდა მოსწყდეს ამქვეყნიურ ბედნიერებას. იმ ვიღაცასთან გამომშვიდობება მის საყვარელ ადამიანებს არ უნდა მოუწიოთ, მათაც არ უნდა იტირონ, იმ ვიღაცის დედაც არ უნდა შეიმოსოს შავად! არა, გიორგი! არ დაუშვა ეს!
მიყვარხარ, გიორგი და საკუთარ თავს ვერ ვპატიობ, რომ ასეთ საშინელ ტკივილს გაყენებ. თუ ბედნიერებას ვეღარ იპოვი, თუ სიმშვიდეს დაკარგავ, შენგან შორს ყოფნა განსაკუთრებით გამიძნელდება.
მე მინდა, რომ კარგად იყო, გიორგი.
ძალიან კარგად.
მშვიდობით!
შენი პელო.''
...გიორგის ღმუილზე წერილი ხელიდან მივარდება. ცრემლებშემშრალს თვალი კარებზე მიშეშდება. კარის გაღების ხმაც ნათლად მესმის.
''თუ ბედნიერებას ვეღარ იპოვი, თუ სიმშვიდეს დაკარგავ, შენგან შორს ყოფნა განსაკუთრებით გამიძნელდება." - პელოს ხმა ჩამესმის გონებაში და ვგრძნობ, როგორ ტოვებს ის სახლს.
პელოს პარფიუმერიის სურნელიც ერთიანად ორთქლდება.
ქარი ზათქით ეჯახება ფანჯრებს.
უკვე მერამდენე ფინჯან ყავას ვსვამ. პირში მომწარო, მწკლარტე გემო მიტრიალებს. ვერაფრით შევდივარ მისაღებში. ასე მგონია, გიორგი მიყვირებს და მეტყვის, რომ მარტო ყოფნა უნდა. სამზარეულოშიც ვეღარ ვჩერდები. კედლებს ვაწყდები უკვე მოუთმენლობისგან. რომ ვერ მაპატიოს? საკუთარი თავი რომ დაიდანაშაულოს და რომ შემიძულოს? ღმერთო, როცა ვთვლი, რომ ყველა ცუდი უკან მოვიტოვეთ, მაშინ ახალი სატკივარი რატომ მიჩნდება? ეს რა კანონზომიერებაა? თავიდანვე იმიტომ დავუმალე გიორგის პელოს ორსულობის ამბავი, რომ ზუსტად ასეთ რეაქციას ველოდი მისგან. პელო წერდა, მინდა ბედნიერი იყოო, მაგრამ იქნებ გიორგის მისდამი სიყვარულმა არ მისცეს იმის უფლება, რომ იყოს ბედნიერი, ოღონდ სხვასთან? ამდენი ფიქრისგან თავი მისკდება. გული გამალებით მიცემს. ალბათ, გამოვა და როგორც იცის ხოლმე, ისე მშვიდად, დალაგებულად ამიხსნის, რატომ ვერ ვიქნებით ერთად, რატომ არ უნდა იღიმოდეს და რომ პელოს სიკვდილის შემდეგ ის ბედნიერებას არ იმსახურებს. მეც გავჩუმდები, თავს დავუქნევ და ოთახიდან გავიძურწები.
საზიზღარი წარმოდგენებისგან ნაბიჯების ხმა მათავისუფლებს. სასწრაფოდ ვდგები სკამიდან ისე, როგორც მორჩილი მოსწავლე კლასში მასწავლებლის შემოსვლისას. გიორგის თვალები ჩასიებული აქვს. სულაც აღარ ჰგავს იმ მომღიმარ, იუმორით აღსავსე კაცს, ცოტა ხნის წინ ჩემთვის ღვინით გამასპინძლებას რომ არ აპირებდა.
ვიძაბები. უკვე აღარ ვიცი, მის მზერას სად გავექცე.
- დაჯექი, ელენიკა. - ჩურჩულებს და სკამზე მითითებს.
ყველაფერს ველოდი, ამის გარდა. სკამზე ისე ვეშვები, რომ თავს წამითაც არ ვწევ ზევით. ვხედავ, როგორ ირღვევა ჩვენ შორის დისტანცია. გიორგი სკამს სწევს და მაგიდის მეორე მხარეს ჯდება.
- მე ვიცოდი, გიორგი. ვიცოდი და არ გითხარი. - დიდი ძალისხმევის შემდეგ ვღერღავ და აღარ ვაგრძელებ, რომ არ ამეტიროს.
გიორგი დუმს. ვფიქრობ, აი, ახლა ამოხეთქავს, აი ახლა-მეთქი, მაგრამ მსგავსი არაფერი ხდება, ამიტომ შედარებით ვმშვიდდები.
- შენ... არ ბრაზდები? - დაეჭვებული ვეკითხები და წელში შეთამამებული ვსწორდები.
- არა, ელენიკა, არ ვბრაზდები. ვიცი, რატომაც გააკეთე ეს და ამიტომ. გეგონა, ამ გზით რეალობისგან დამიცავდი? მწარე რეალობისგან? გეგონა, თუ გავიგებდი იმის შესახებ, რომ პელომ ჩვენი შვილის გამო გაწირა თავი, ისევ ჭაობში ჩავეფლობოდი და ჩაბნელებულ სახლში ჩავიკეტებოდი?
- ხო, ასე მეგონა. - სლუკუნით ვპასუხობ.
- სულ მღრღნიდა ეჭვი, რომ რაღაც ისე ვერ იყო. ეს წერილი რომ არ მენახა... - რაღაცის თქმას აპირებს გიორგი, მაგრამ მე არ ვაცდი.
- ეს არაფერს ცვლის, გიორგი! შენი ბრალი არაა! - ვკივი, ხელებს მისკენ უმიზეზოდ ვიშვერ და მერე ამ ინსტინქტური ქმედების გამო ვწითლდები კიდეც.
- სიკვდილამდე დავინახე, რომ რაღაცას წერდა. მე რომ შევუსწარი, ფურცელი სადღაც მიმალა. მაშინ იყო, ''ტრიუმფალურ თაღს'' რომ კითხულობდა. ამიტომაც ვფიქრობდი, რომ წერილი წიგნში ჩადო, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. უბრალო ბარათი იყო, მეტი არაფერი. პელომ ეს წერილი იმიტომ დატოვა, რომ ყველაფრისთვის წერტილი თვითონ დაესვა. იცოდა, როგორ გამაწვალებდა ფიქრი და მრავალი ეჭვი და სწორედ ამიტომ... ვერ გამიმეტა. - ისეთ რამეს ამბობს გიორგი, შეშფოთება სახეზე მეყინება.
- რა? ანუ...
- იმით, რომ ბედნიერება მისურვა, იმით, რომ ჩემი კარგად ყოფნა სურს, არ გავუთავისუფლებივარ, არც მისი დავიწყების ნება მოუცია... არ ვიცი, ამით რა გააკეთა, ელენიკა, მაგრამ ზუსტად მაშინ ვიპოვეთ ეს წერილი, როცა ძალიან მჭირდებოდა... ძალიან მჭირდებოდა იმის გაგონება, რომ არასწორად არ ვიქცევი, - მინმარტავს მამაკაცი და თვალებში ალისფერი სხივი ენთება.
უნებურად მეფინება ღიმილი.
დამტვერილ, დამტვრეულ ქოხში სითბო იბუდებს. ჩემს თავშესაფარში. ჩვენს თავშესაფარში.
საავადმყოფოში წამლების სუნია გაბატონებული. თეთრ დერეფანს მივუყვებით. წინ ექთანი მიგვიძღვება. პალატებიდან ბავშვების ტირილის ხმა ისმის. ჭერზე მიმაგრებული მანათობელი ნათურები თვალებს მჭრიან, მაგრამ ეს აღარ მიქმნის პრობლემას. თავისუფლად შემიძლია ვიცხოვრო თუნდაც მკვეთრ სინათლეზე. ჩემი ძველი მეგზური, ჩუმი, დაბალი სინათლე უკვე დიდი ხანია ჩამომრჩა. წინ გავიჭერი. სითბოსკენ და ბედნიერებისკენ.
- აი, აქ არიან! -გვეუბნება ექთანი და კარებს გვიღებს.
მე და გიორგი წამიერად ერთმანეთს ვავლებთ მზერას. მამაკაცი მუჭს შლის. ხელში მედალიონი უჭირავს. გამამხნევებლად ვუღიმი. ჩვენ სწორად ვიქცევით. ეს მედალიონი ჩვენთვის რამდენიმე ათასია, ვიღაცისთვის კი შეიძლება სიცოცხლის გაგრძელების შანსი იყოს.
საწოლზე მშვენიერთმიანი ანაა მისვენებული. სძინავს, შუბლი კი ტკივილისგან აქვს შეჭმუხნული. დედა გვერდით უზის. მარიამს სახე ცრემლებით აქვს დასველებული. გული მეჩხვლიტება, მაგრამ ამავე დროს, სიხარულს ვგრძნობ, რომ შეიძლება მის ტირილში გათენებულ ღამეებს წერტილი დაესვას.
- გამარჯობა, მარიამ. - ჩურჩულით ესალმება გიორგი და ქალიც ფხიზლდება.
- თქვენ? გიორგი და... და ელენიკა, ხო? - ჩვენს სახელებს იხსენებს მარიამი და ცრემლებს საჩქაროდ იწმენდს.
- ანა როგორ არის? - ვეკითხები მოუთმენლად.
- ნუთუ ჩემი შვილი იმიტომ უნდა მოკვდეს, რომ დედამისმა საჭირო ფული ვერ იშოვა? ნუთუ ამიტომ? - სადღაც ჩვენ მიღმა იხედება მარიამი, თვალებში სიმწრის ცრემლები უბრწყინავს. - თქვენ... თქვენ აქ რა გინდათ?
- ჩვენ იმიტომ მოვედით, რომ... - ვიწყებ ორჭოფობით და გიორგის ვკრავ მხარს.
გიორგი უსიტყვოდ აძლევს ქალს მედალიონს. თვლის ბრწყინვალება აკვირვებს და ამასთან ერთად, ანერვიულებს ქალს. ყელზე მყესები ეჭიმება. თვალს დამნაშავეებივით ვარიდებთ.
- ეს... ეს რა არის? - გაკვირვებული გვეკითხება და თან პერიფერიული მზერით შვილისკენ იხედება.
- დიახ, ეგ არის. - ვპასუხობ და კარისკენ ვტრიალდები.
კარის მოხურვას ვაპირებ, მარიამის ჩამწყდარი, მადლიერი ხმა რომ მესმის:
- მადლობა! დიდი მადლობა!
აღარაფერს ვამბობთ. პალატიდან გამოვდივართ და თეთრ კედლებს შორის მივსეირნობთ. კმაყოფილი ვარ. ისეთი კმაყოფილი, მეტი რომ არ შეიძლება. აღტყინებასა და აჟიტირებას ვეღარ ვუმკლავდები.
''შენ - სავსე, მე - ცარიელი...''
ცარიელი? რატომ მეგონა, რომ ბოლო სიტყვები სწორედ ეს იქნებოდა? რატომ ვგრძნობ ახლა თავს გაბერილად, ამოვსებულად, სულჩაბერილად?
გიორგის ვუბრუნდები. სახე მინათებს. მინდა რაღაც ვუთხრა, მაგრამ არ ვიცი, რა.
- ყველაფერი კარგადაა? - ღიმილით მეკითხება გიორგი.
- ყველაფერი კარგადაა! - დაუფიქრებლად ვპასუხობ და ქუჩიდან მონაბერ, მზის ჯერ კიდევ უძლური სხივებით გაჟღენთილ ჰაერს ვეგებები.
დ ა ს ა ს რ უ ლ ი!