ჯეინ ეარი (შარლოტა ბრონტე) - Marao

ჯეინ ეარი (შარლოტა ბრონტე)

2018-12-04 11:45:36+04:00

თავი პირველი

იმ დღეს სასეირნოდ გასვლა შეუძლებელი იყო. მართალია, დილით ერთი საათი დავეხეტებოდით ფოთლებშემოძარცულ ბუჩქნარში, მაგრამ ნასადილევს (მისის რიდი ადრე სადილობდა, თუ სტუმრად არავინ ჰყავდა) ზამთრის ცივმა ქარმა დაჰბერა, ცაზე შავი ღრუბლები მოჯარა და ისეთი წვიმა წამოვიდა, რომ მისი სუსხი ძვალ-რბილში ატანდა. ასეთ ამინდში გასეირნებაზე არავის უფიქრია.

გულში ვზეიმობდი. არ მიყვარდა დიდხანს სეირნობა, ისიც ნაშუადღევს, ცივ ამინდში. ჭირის დღესავით მძულდა, როცა შებინდებისას შინ ხელფეხგაყინულები ვბრუნდებოდით; გულს სევდით მივსებდა ჩვენი აღმზრდელი ქალის, ბესის, დაუსრულებელი ბუზღუნი; იმის გახსენება კი, რომ ელიზა, ჯონი და ჯორჯიანა რიდები გარეგნულად ჩემზე ბევრად უკეთესები იყვნენ, უფრო მიმატებდა ნაღველს და საკუთარ თვალში მამცირებდა.

ელიზა, ჯონი და ჯორჯიანა ახლაც სასტუმრო ოთახში, დედის გარშემო შეკრებილიყვნენ. ქალი ბუხრის წინ, დივანზე იწვა, ირგვლივ საყვარელი შვილები ეხვია (ისინი ამჟამად არ ჩხუბობდნენ, არც ყვიროდნენ) და სახეზე ბედნიერების ღიმილი დასთამაშებდა. მისის რიდი მიკრძალავდა მათთან ახლოს ყოფნას. ეს გარემოება კი, როგორც თვითონ ამბობდა, თითქოს აწუხებდა. მისის რიდს ჩემი საქციელი არ მოსწონდა. მან განმიცხადა, რომ, ვიდრე ბესი არ შემაქებდა ან საკუთარი თვალით არ ნახავდა, რა გულმოდგინედ ვცდილობდი, მესწავლა საზოგადოებაში ქცევის წესები, მიმებაძა საუკეთესო ბავშვებისთვის, ვყოფილიყავი უფრო მხიარული, ალერსიანი, გულღია, უფრო ბუნებრივი და გამგონი, მანამდე ბავშვებს ახლოს არ გამაკარებდა. არადა, ყოველთვის მოკლებული უნდა ვყოფილიყავი იმ დიდ სიამოვნებას, რასაც დაუყვედრებლად იღებდნენ ხოლმე უზრუნველი და ბედნიერი პატარები.

- რა თქვა ბესიმ, განა რა ჩავიდინე ასეთი? - ვიკითხე მე.

- ჯეინ, არ მიყვარს, როცა მედავებიან ან წარამარა მეკითხებიან. ბავშვებს ეკრძალებათ უფროსებისადმი უკმეხი მიმართვა. დაჯექი სადმე და ვიდრე ზრდილობიან ლაპარაკს არ ისწავლი, ჩუმად იყავი.

სასტუმრო ოთახის გვერდით, პატარა სასადილო ოთახში შევიპარე. წიგნების კარადიდან ამოვირჩიე ერთ-ერთი ტომი, რომელშიც ყველაზე მეტი ნახატი იყო, ფანჯრის რაფაზე ავძვერი და იქ თურქულად ფეხმორთხმული მოვკალათდი. მერე ფანჯარაზე წითელი შტოფის ფარდები ჩამოვუშვი და გარე სამყაროსგან ორმხრივად განმარტოებული აღმოვჩნდი. მარცხნივ ალისფერი ფარდის ნაკეცები მფარავდნენ, მარჯვნივ კი კრიალა ფანჯრის მინები მიცავდნენ ნოემბრის მოსაწყენი და ცივი ამინდისგან, თუმცა უამინდობას აქ, ჩემს თავშესაფარშიც, ცხადად ვგრძნობდი. წიგნის ფურცვლისას დროდადრო ვაკვირდებოდი, თუ როგორ ნელ-ნელა ილეოდა ზამთრის ხანმოკლე დღე. შორს გაცრეცილი ღრუბლები და ნისლი გაწოლილიყო. უფრო ახლოს სველი მოლი და ქარიშხლისგან ტოტებდაწეული ბუჩქნარი მოჩანდა; მოზუზუნე ქარის ქროლით გაგულისებული წვიმა კი კოკისპირულად ასხამდა, თითქოს ყველაფრის წალეკვის სურვილს შეეპყრო.

მე კვლავ დავუბრუნდი წიგნს, ბევიკის "ბრიტანეთის ფრინველთა ისტორიას". გულახდილად რომ ვთქვა, ნაკლებად მიზიდავდა ილუსტრაციების ქვემოთ მინაწერი ტექსტის შინაარსი. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ სრულიად პატარა ვიყავი, ზოგიერთ ადგილს მაინც ვერ ვტოვებდი უყურადღებოდ. ამ ადგილებში აღწერილი იყო ზღვის ფრინველთა თავშესაფრები იმ მიყრუებულ კლდეებსა და კონცხებზე, სადაც მხოლოდ ეს ფრინველები ბუდობენ: ნორვეგიის ნაპირები, უკიდურესი სამხრეთ ლინდენეზიდან ნორდკაპამდე, სადაც უამრავი კუნძული გაფანტულა.

მხარე, სადაც ჩრდილოეთის

ოკეანე ღელავს ვრცელი,

შფოთვით უვლის კუნძულს თულის,

უშორესს და უკაცრიელს.

და იქ, სადაც ატლანტის

ოკეანე თვალუწვდენი,

ქარიშხლიან ჰებრიდებზე

მოაგორებს ტალღას ძლიერს!

ასევე უყურადღებოდ არ შემეძლო დამეტოვებინა ლაპლანდიის, ციმბირის, შპიცბერგენის, ახალი მიწის, ისლანდიისა და გრენლანდიის ყინულოვანი ნაპირების აღწერა, არქტიკული ზონის ეს ფართო ჰორიზონტი. უდაბური ადგილები და მოსაწყენი სივრცეები, მუდმივი თოვლისა და ყინვის სამყარო; გაქვავებული, ყინულოვანი, თვალუწვდენელი ადგილები, უკიდეგანო ველებს რომ მოგაგონებთ, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ზამთარს თავის სავანედ უქცევია და ყოველწლიურად ყინულის ახალ-ახალი ფენებით იფარება, ალპებივით ცამდე აზიდულა, კიდევ უფრო მაღლა მიიწევს, პოლუსს გარს ევლება და იქ გამეფებულ საშინელ სიცივეს კიდევ უფრო ამკაცრებს. ამ უსიცოცხლო თეთრ სამყაროზე საკუთარი შეხედულება შემექმნა. მართალია, ბუნდოვანი, ბავშვის გონებისთვის ნახევრად მიუწვდომელი, მაგრამ მან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. წიგნის ყოველი ახალი თავის შინაარსი და მოხატულობა იმგვარად შერწყმოდა ურთიერთს, რომ თავისებურ ელფერს აძლევდა აქაფებულ ტალღებში განმარტოებულ კლდეებს, განსაცდელში ჩავარდნილ, უკაცრიელ ნაპირზე გამორიყულ დამსხვრეულ გემს, ცივსა და ფერმიხდილ მთვარეს, წამით ღრუბელთა საფარს რომ დაუსხლტება, რათა კვლავ გადმოხედოს დაღუპულ გემს, რომელიც ზღვის ფსკერისკენ მიექანება.

ვერ გადმოგცემთ იმ გრძნობას, რასაც იწვევდა ჩემში განმარტოებული სასაფლაო, წარწერიანი საფლავის ქვა, ჭიშკარი, ორად ორი ხე, ჰორიზონტი და ჩამონგრეული კედლები, რომლებიც ერთ დროს სასაფლაოს ყორედ ჰქონია შემოვლებული. აი, ცაზე ნამგალა მთვარე ანათებს. ის საღამოს მოახლოებას გვატყობინებს. მდუმარებით მოცულ ზღვაში ქარიშხალს გადარჩენილი ორი გემი ურჩხულებს მივამსგავსე, ხოლო ის გვერდი, სადაც ეშმაკი ქურდს მოპარულ ფუთას ართმევს, სწრაფად გადავფურცლე, რადგან შიშმა ამიტანა. უფრო მეტიც, გულის კანკალით შევყურებდი შავრქიან მოჩვენებას, რომელიც მოშორებით, კლდეზე მოკალათებული, სახრჩობელის გარშემო მოფუსფუსე ხალხს ათვალიერებდა.

თითოეული სურათი თავისთავად დასრულებულ მოთხრობას წარმოადგენდა. ისინი, ჩემი ჩამოუყალიბებელი გრძნობისა და განუვითარებელი გონებისთვის ჯერ კიდევ იდუმალებით იყვნენ მოცულნი, ღრმა ინტერესს აღმიძრავდნენ, რადგან ეს მოთხრობები ისეთივე მიმზიდველი და საინტერესო მეჩვენებოდა, როგორც ის ზღაპრები, რომელთაც ბესი გვიამბობდა ხოლმე საღამოობით ზამთარში, თუკი კარგ გუნებაზე იყო. მას მაგიდა საბავშვო ოთახში შემოჰქონდა, ბავშვებს ნებას გვაძლევდა, გარს შემოვსხდომოდით. თვითონ მისის რიდის თეთრეულის მაქმანს ან საღამურ ქუდზე მოვლებულ დანაოჭებულ არშიებს აუთოებდა და თან ჩვენს დაძაბულ სმენას ხიბლავდა ძველთაძველი ზღაპრებიდან და ბალადებიდან ამოღებული სათავგადასავლო და სამიჯნურო ნაწყვეტების მოყოლით. როგორც მოგვიანებით შევიტყვე, ბესი თურმე ზოგიერთ ნაწყვეტს "პამელადან" ან ჰერცოგ ჰენრი მორლენდელის ცხოვრებიდან გვიამბობდა. მუხლებზე ბევიკის წიგნი მედო და თავს ბედნიერად ვგრძნობდი. ყოველ შემთხვევაში, ეს მაშინ ბედნიერებად მიმაჩნდა. ვშიშობდი, მყუდროება არავის დაერღვია ჩემთვის, მაგრამ ესეც მალე მოხდა - პატარა სასადილო ოთახის კარი გაიღო.

- სად ბრძანდებით, ქალბატონო? - გაისმა ჯონ რიდის ხმა. ის ერთი წამით შეჩერდა. ოთახში ვერავინ შენიშნა.

- სად ეშმაკებში წავიდა? - განაგრძო მან. - ლიზი! ჯორჯიანა! - გასძახა თავის დებს. - ჯეინი აქ არ არის. დედას უთხარით, ეს საძაგელი გომბიო, ალბათ, გარეთ დაეხეტება წვიმაში. საზიზღარი ცხოველი!

- რა კარგია, რომ ფარდა ჩამოვუშვი, - გავიფიქრე. მხოლოდ იმასღა ვნატრობდი, ჩემი თავშესაფარი არ აღმოეჩინათ. ჯონ რიდს, რა თქმა უნდა, ეს არ შეეძლო, რადგან გამჭრიახობა და ალღოს სწრაფად აღების უნარი არ გააჩნდა. ელიზამ კი, შემოყო თუ არა თავი ოთახში, მაშინვე განაცხადა:

- დარწმუნებული ვარ, ფანჯრის რაფაზე იქნება, ჯონ! - იმის შიშით, რომ საფრიდან ჯონს თვითონ არ გამოვეთრიე, მაშინვე გამოვედი.

- რა გინდა? - ვკითხე გაუბედავად და უხერხულად.

- "რა გინდა" კი არა, თქვი, რა გნებავთ, მისტერ რიდ? - შემისწორა მან. - რა მნებავს? მინდა, აქ მოხვიდე, - თვითონ სავარძელში ჩაჯდა, ხელით მანიშნა, მივახლოებოდი და მის წინ გავჩერებულიყავი.

ჯონ რიდი ამ დროს უკვე მოსწავლე იყო, დაახლოებით თოთხმეტი წლისა, ჩემზე ოთხი წლით უფროსი. მე მაშინ მხოლოდ ათი წელი შემისრულდა; ის თავისი ასაკისთვის საკმაოდ დიდი და მსუქანი ყმაწვილი გახლდათ. სახე ფართო ჰქონდა, მეტად ფერნაკლული და მუწუკებიანი, ნაკვთები კი - ჯმუხი. ჭამა ძალიან უყვარდა და სუფრაზე ყველაფერს ხარბად სანსლავდა. მისი თვალები ჭამის დროს მეტად უაზრო გამომეტყველებას იღებდა. მართალი რომ გითხრათ, დიდი უსიცოცხლო და დონდლო ვინმე იყო. იმის მაგივრად, რომ სასწავლებელში ევლო, "სუსტი ჯანმრთელობის" გამო "დედიკომ" ის ერთი თვით შინ მოიყვანა დასასვენებლად. მისი მასწავლებლის, მისტერ მაილსის თქმით, ბავშვი უფრო უკეთ იგრძნობდა თავს, თუ შინიდან შედარებით ნაკლებ ნამცხვარსა და ტკბილეულს გამოუგზავნიდნენ. მაგრამ დედის გული, აბა, ამ აზრს როგორ შეურიგდებოდა? პირიქით, მისის რიდი ფიქრობდა, რომ ჯონის სისუსტე მეტისმეტი გადაღლითა და შინაურებზე დარდით იყო გამოწვეული.

ჯონს მაინცდამაინც დიდად არ უყვარდა დედა და დები, მე კი ვძულდი. ყოველთვის მაშინებდა და უდიერად მექცეოდა. ეს ხდებოდა არა ორჯერ და სამჯერ კვირაში, ან მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ დღეში, არამედ - გამუდმებით, ყოველ წამს. ყოველ მის მოახლოებაზე შიშით ვთრთოდი; სხეულის ყოველი ნაკვთი მიცახცახებდა. იყო ისეთი წამებიც, როცა შიშისაგან გაფართოებული თვალებით შევცქეროდი, რადგან ვიცოდი, მისი მუქარისა და ცემა-ტყეპისგან არავინ დამიფარავდა.

მოსამსახურეები ვერ გამომექომაგებოდნენ, რადგან არავის სურდა ახალგაზრდა პატრონის განაწყენება; მისის რიდი კი თვალს გვარიდებდა და ყურს იყრუებდა. ჯონი მისი თანდასწრებითაც მცემდა და მლანძღავდა. უფრო ხშირად კი ეს მისგან დაფარულად ხდებოდა.

ჯონ რიდის ნება-სურვილს ყოველთვის უსიტყვოდ ვასრულებდი. ამჯერადაც მაშინვე მივუახლოვდი მის სავარძელს. რამდენიმე ხანს იმით ერთობოდა, რომ ენას მიყოფდა. ვგრძნობდი, მალე ჩამარტყამდა. გული მიკანკალებდა და მაინც ვიდექი და ველოდი. მაშინ მხოლოდ მის საზიზღარ და მახინჯ გარეგნობაზე ვფიქრობდი. მან თითქოს ამოიკითხა ჩემს სახეზე ეს აზრი და მოულოდნელად, უსიტყვოდ, ისე ძლიერად მითავაზა, რომ დავბარბაცდი. წონასწორობა რომ არ დამეკარგა, ტორტმანით სამი ნაბიჯი უკან გადავდგი.

- ეს იმისთვის, დედას ასე უხეშად რომ მიმართე, - მითხრა მან, - ესეც, ფარდის უკან რომ დაიმალე; ეს კი იმ გამომეტყველებისთვის, რომელიც ამ ორიოდე წუთის წინ შენს სახეზე ამოვიკითხე, შე ვირთხა, შენა!

მე უკვე შეჩვეული ვიყავი ჯონ რიდისგან ასეთ შეურაცხყოფას და თავში აზრადაც არ მომსვლია წინააღმდეგობის გაწევა. ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, როგორ ამეცდინა დარტყმა, რომელიც, ჩვეულებრივ, მის ასეთ საქციელს მოჰყვებოდა ხოლმე.

- რას აკეთებდი ფარდის უკან? - მკითხა მან.

- ვკითხულობდი.

- მაჩვენე წიგნი.

კვლავ ფანჯარასთან მივედი, წიგნი ავიღე და მივუტანე.

- რა ხელი გაქვს ჩემს წიგნებთან? დედა ამბობს, რომ სამოწყალოდ გინახავთ. მამაშენმა არაფერი დაგიტოვა, გროშიც კი არ გაბადია. განა შენ კეთილშობილი ადამიანების ისეთ ბავშვებთან ერთად უნდა იზრდებოდე, როგორებიც ჩვენა ვართ? შენ უნდა მათხოვრობდე. შენ იმავე საჭმელს უნდა ჭამდე, რასაც ჩვენ? ან იგივე გეცვას, რაც ჩვენ გვაცვია? ხომ იცი, დედა სამოწყალოდ გაცმევს. გასწავლი, როგორ უნდა ჩემს წიგნებში ხელის ფათური. ეს სახლიც მე მეკუთვნის და წიგნებიც. ყოველ შემთხვევაში, ამ სახლ-კარის ბატონ-პატრონი რამდენიმე ხანში მე ვიქნები. გასწი ახლა და კართან დადექი, ფანჯრისა და სარკისგან რაც შეიძლება მოშორებით.

თავდაპირველად განზრახვას ვერ მივუხვდი და კვლავ დავემორჩილე. მან წიგნი აიღო, დამიმიზნა და, ის იყო, უნდა ესროლა, რომ შეშინებულმა შევკივლე და უნებურად განზე გადავხტი. ვეღარ მოვასწარი, წიგნი მომხვდა, დავეცი, თავი კარს მივარტყი და გავიტეხე. საშინელი ტკივილი ვიგრძენი. ჭრილობიდან სისხლმა დამიწყო დენა. მალე შიში გაქრა და მხოლოდ ტკივილიღა მაწუხებდა.

- ბოროტო, საზიზღარო, მკვლელო, - გავკიოდი მე, - შენ ადამიანს კი არა, მონების სისხლისმსმელ ჯალათებს, რომაელ იმპერატორებს მაგონებ.

წაკითხული მქონდა გოლდსმიტის `რომის ისტორია" და ჩემი შეხედულებაც მქონდა ნერონზე, კალიგულასა და სხვებზე. გულში კიდეც ვამსგავსებდი მათ ჯონს, მაგრამ არასოდეს მომსვლია აზრად, ეს ხმამაღლა განმეცხადებინა.

- რაო, რაო? - დაიღრიალა მან. - ეს მე მითხარი? გაიგონეთ თუ არა, ელიზა, ჯორჯიანა? არ უნდა ვუთხრა დედას? დამაცადე, მაგრამ ჯერ...

გამხეცებული მომვარდა, ხელი ჩამავლო მხრებსა და თმებში, აღარაფერი ახსოვდა. ახლა კი ნამდვილად დავინახე მასში ჯალათი და მკვლელი. ჭრილობიდან სისხლი წვეთ-წვეთად კვლავ ჩამომდიოდა კისერზე. ტკივილი აუტანელი იყო. ამ გრძნობამ სძლია შიშს და ახლა მე მივვარდი მას გააფთრებული. არ მახსოვს, რა ჩავიდინე, მაგრამ ის კი მახსოვს, როგორ ღრიალებდა - ვირთხა, ვირთხაო. ქომაგიც მალე გამოუჩნდა. ელიზა და ჯორჯიანა მისის რიდის დასაძახებლად ზედა სართულზე გაიქცნენ. მან, ბესისა და მოსამსახურე ქალის, ებოტის თანხლებით მოირბინა. გაგვაშველეს და ყური მოვკარი სიტყვებს:

- ღმერთო ჩემო, რამ გადარია ეს ბავშვი? გინახავთ ოდესმე ასეთი სიკაპასე? - მერე გავიგონე მისის რიდმა რომ თქვა: - წაიყვანეთ და წითელ ოთახში ჩაკეტეთ.

ოთხმა ხელმა ამწია და ზედა სართულზე ამათრია.

რომანი დაიდება ყოველდღე