მხოლოდ ერთი რამ მახსოვს: როდესაც გონს მოვედი, ისეთი გრძნობა მქონდა, როგორც კოშმარული სიზმრიდან გამოფხიზლებულ ადამიანებს აქვთ ხოლმე.
ჩემ წინ მუქი შავი ზოლებით დასერილი თვალის მომჭრელი სინათლე შევამჩნიე. ჩემამდე გაურკვევლად აღწევდა ჩურჩულით წარმოთქმული სიტყვებიც, თითქოს მათ ქარისა თუ წყლის ხმაური ახშობდა. მღელვარებამ და შიშმა იმდენად შემიპყრო, ძალა არ შემწევდა, გავრკვეულიყავი, რა ხდებოდა ჩემ ირგვლივ. ცოტა ხნის მერე ვიგრძენი, რომ ვიღაც შემეხო და ისე ფრთხილად ცდილობდა, როგორმე ლოგინზე წამოვმჯდარიყავი, რომ გავოცდი. ასეთი ზრუნვა ამ სახლში არავისგან მახსოვდა. ბალიშს თუ ვიღაცის მკლავს მივესვენე და შვებით ამოვისუნთქე.
ხუთი წუთის შემდეგ ეს გაურკვევლობა გაქრა და ახლა უკვე ნათლად დავინახე საბავშვო ოთახი. ჩემს საკუთარ საწოლში ვიწექი და წითლად მოელვარე შუქიც ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლიდან გამოკრთოდა. მაგიდაზე სანთელი ენთო; ჩემს საწოლთან ახლოს ბესი შევნიშნე, თასით ხელში. იქვე, სავარძელში, ვიღაც ჯენტლმენი იჯდა ჩემკენ გადმოხრილი. ის არც გეიტსჰედის მცხოვრები იყო და არც რიდების ახლო ნათესავი. ამ სრულიად უცხო ადამიანის დანახვაზე შიში გაქრა, დავმშვიდდი და ენით გამოუთქმელი შვება ვიგრძენი. ბესის ზურგი შევაქციე (თუმცა, მისი იქ ყოფნა გაცილებით ნაკლებუსიამოვნო იყო - ებოტისთან შედარებით). უცნობი ჯენტლმენის სახეს შევცქეროდი და თვალმოუშორებლად ვათვალიერებდი. მაშინვე ვიცანი. ეს ჯენტლმენი მისტერ ლოიდი გახლდათ, მეაფთიაქე. მისის რიდი მას მოსამსახურეთა ავადმყოფობის დროს იწვევდა ხოლმე, ხოლო მას და მის შვილებს ექიმი მკურნალობდა.
- აბა, მიცანი, ვინა ვარ? - მკითხა მან. მეც მაშინვე წარმოვთქვი მისი გვარი და სახელი და ხელიც გავუწოდე. მისტერ ლოიდმა ხელი ჩამომართვა, გამიღიმა და მითხრა, მალე კარგად გახდებიო. ამ სიტყვებით ისევ ლოგინში ჩამაწვინა და ბესის მიმართა, ფრთხილად იყავი, ღამით არავინ შეაწუხოსო. მერე რამდენიმე რჩევა მისცა, უთხრა, კიდევ შემოვივლიო და, ჩემდა სამწუხაროდ, მალე დაგვტოვა. თითქოს დამცველი და მეგობარი მყავდა, სანამ ის ჩემი საწოლის ახლოს, სავარძელში იჯდა, მაგრამ, გაიხურა თუ არა კარი, ოთახში ჩამობნელდა და სევდა კვლავ მძიმე ლოდივით დამაწვა გულზე.
- ახლა მაინც არ დაიძინებთ, მის? - მკითხა ბესიმ უფრო ალერსიანად.
ძლივს გავბედე, მეპასუხა. ვშიშობდი, უხეშად არ ეპასუხა.
- ვეცდები.
- იქნებ დალიოთ ან შეჭამოთ რამე?
- არა, გმადლობთ, ბესი.
- მაშინ მეც დავიძინებ, უკვე პირველი დაიწყო. თუ ღამით რამე დაგჭირდეთ, დამიძახეთ.
რა უჩვეულო ყურადღებაა. ამან გამაბედვინა, მეკითხა.
- ბესი, რა დამემართა? ავად ხომ არა ვარ?
- მე მგონი, წითელ ოთახში ტირილისგან გული წაგივიდათ. უეჭველად მალე გამოკეთდებით.
ბესი საჯალაბოში შევიდა და გავიგონე, სარას უთხრა:
- სარა, ჩემთან დაიძინე საბავშვო ოთახში, არ შემიძლია იმ საცოდავ ბავშვთან მარტო დარჩენა. შეიძლება, დილამდე ვეღარც კი იცოცხლოს. ნეტავ, რატომ წაუვიდა გული? იქნებ მართლა მოეჩვენა რამე? მისის რიდიც მეტისმეტად შეუბრალებლად მოექცა.
სარა ბესისთან ერთად შემოვიდა. ქალები დაძინებამდე ნახევარ საათს მაინც ლაპარაკობდნენ ლოგინში ხმადაბლა. მათ ჩურჩულს აქა-იქ მოვკარი ყური და გავიგონე, რაზედაც საუბრობდნენ:
- თეთრმა ლანდმა ჩაუქროლა წინ და სადღაც გაქრა თურმე. ლანდს დიდი შავი ძაღლი მოსდევდა. კარზე სამჯერ დაუბრახუნებიათ, ეკლესიის ეზოში სინათლე სწორედ მის საფლავზე გამოჩენილა და... - ათასი ამგვარი ამბავი.
ბოლოს, ორივეს ჩაეძინა. ბუხარში ცეცხლი მინელდა და მაგიდაზე სანთელი დაიწვა. მე კი ის უგრძესი ღამე თეთრად გავათენე. სმენა, მხედველობა და გონებაც შიშმა მოიცვა, ისეთმა შიშმა, როგორიც ბავშვებმა იციან მხოლოდ.
წითელ ოთახში მომხდარ ამბავს მწვავე ტკივილი და ხანგრძლივი ავადმყოფობა არ მოჰყოლია, მაგრამ ამ შემთხვევამ იმდენად ააფორიაქა ჩემი სული, რომ სამუდამო დაღი დააჩნია ჩემს ცხოვრებას. დიახ, მისის რიდ, თქვენი წყალობით ამდენი ტანჯვა-წამება მხვდა წილად. მაგრამ ვალდებული ვარ, მოგიტევოთ, რადგანაც არ იცოდით, თუ რას იქმოდით. ალბათ, ასეთი საქციელით ცუდ თვისებებს ებრძოდით ჩემში და მათი აღმოფხვრა გსურდათ.
მეორე დღეს შუადღისას წამოვდექი ლოგინიდან. ჩავიცვი და, შალში შეფუთნილი, საბავშვო ოთახში ბუხრის წინ დავჯექი. საშინელ სისუსტეს ვგრძნობდი და წინა დღით გადატანილი სულიერი ტანჯვა დიდად მაწამებდა. ფარულად ღაპაღუპით ჩამომდიოდა ცრემლები. ყველაზე დიდი ბედნიერება კი ახლა უნდა მეგრძნო, რადგან რიდების გვარის არც ერთი წარმომადგენელი შინ არ იყო. ისინი დედასთან ერთად ეტლით წასულიყვნენ სასეირნოდ. ებოტი მეორე ოთახში რაღაცას კერავდა, ბესი იქვე მიმოდიოდა, სათამაშოებს თავის ადგილს უჩენდა, უჯრებს ალაგებდა და ხანგამოშვებით მისთვის უჩვეულო სინაზით მომმართავდა ხოლმე. თავი სამოთხეში უნდა წარმომედგინა. აქამდე, რაც უნდა გამეკეთებინა, მათგან მუდამ საყვედურებსა და უმადურობას ვიყავი ჩვეული. ასეთმა ცხოვრებამ იმდენად გამაწამა და დამქანცა, რომ ჩემ ირგვლივ გამეფებულ მყუდროებასაც კი აღარ შეეძლო დავეწყნარებინე.
ბესი სამზარეულოში ჩავიდა და ჩინური ფაიფურის თეფშით ნამცხვარი ამომიტანა. თეფშზე ნათელი ფერებით იყო დახატული სამოთხის ჩიტი ხვართქლა ბალახისა და გაუშლელი ვარდის კოკრებისგან მოწნულ ბუდეში. ეს თეფში ყოველთვის განსაკუთრებულ აღტაცებას იწვევდა ჩემში. არაერთხელ მითხოვია, ნება მოეცათ, ხელში ამეღო და კარგად დამეთვალიერებინა ეს ლამაზი სურათი. დღემდე ეს ბედნიერება არავინ მარგუნა. ახლა კი ძვირფასი თეფში მუხლებზე მედო და ბესიც ალერსიანად მთხოვდა, ნამცხვარი მეჭამა. დაგვიანებული იყო მისი დიდსულოვნება. ეს იმ ბევრ სხვა, დიდი ხნის ნანატრ სურვილებს ჰგავდა, რომელთა შესრულებაზეც ძალიან დიდხანს გვეუბნებიან უარს და, თუ ოდესმე მაინც გვისრულებენ, მათ უკვე ფასი აღარა აქვთ. ნამცხვრისთვის ხელი არ მიხლია, ჭამა არ შემეძლო. დავცქეროდი თეფშს და მეჩვენებოდა, თითქოს ჩიტის ფრთებსა და ყვავილებს ფერი დაჰკარგოდათ. ნამცხვარი გვერდზე გადავდე. ბესიმ ახლა წიგნი შემომთავაზა. წიგნის გახსენებაზე წამიერად გამოვცოცხლდი და ვთხოვე, ბიბლიოთეკიდან "გულივერის მოგზაურობა" მოეტანა. ამ წიგნს მუდამ სიამოვნებით ვკითხულობდი. მასში აღწერილი ამბები ნამდვილი მეგონა. ამიტომაც ჯადოქრულ ზღაპრებთან შედარებით, ამ წიგნისადმი უფრო დიდ ინტერესს ვიჩენდი. ამ ზღაპრებში აღწერილ ფერიებს ამაოდ დავეძებდი ფუტკარას ფოთლებზე და მაჩიტებს შორის. მათ ვერ ვპოულობდი ვერც სოკოების ძირებში და ვერც კედლებზე ასული სუროს ფოთლების საფარქვეშ.
თავები დაიდება ყოველდღე