ნოველები

ჯეინ ეარი. თავი ოცდამეერთე/ოცდამეორე

ჯეინ ეარი. თავი  ოცდამეერთე/ოცდამეორე
მე უკ­ვე მო­გახ­სე­ნეთ, მკი­თხველო, რო­გორ მი­ვეჩ­ვიე და რო­გორ მხიბ­ლავ­და მის­ტერ რო­ჩეს­ტერი. გრძნო­ბას ვერ შე­ვიც­ვ­ლი­დი მის მი­მართ მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ არავ­ითარ ყუ­რა­დღ­ე­ბას არ მაქ­ცევ­და და მთე­ლი იმ დრო­ის მან­ძილზე ერ­თხე­ლაც არ შემ­ოუხე­დავს ჩემ­თ­ვის; ან თუნ­დაც მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ მთე­ლი მი­სი ყუ­რა­დღ­ე­ბა მხო­ლოდ იმ ახალ­გაზ­რდა დი­დებ­ულმა ლე­დიმ დაი­სა­კუ­თრა, რო­მელ­საც მე იმ­დე­ნად ვძულ­დი, რომ, თუ ჩემ ახ­ლოს ჩაი­ვლიდა, ცდი­ლობ­და, კა­ბის ქო­ბი­თაც არ შემ­ხებ­ოდა, ხო­ლო, თუ შემ­თხვევით მის შავ მბრძა­ნებლურ თვალ­თა მხედ­ველობის არე­ში მოვ­ხ­ვ­დე­ბო­დი, ის მაშ­ინვე სხვა მხა­რეს გაი­ხე­დავ­და, თით­ქოს
ისეთ საგ­ნად მი­ვაჩ­ნ­დი, რო­მელ­საც სა­ერთოდ შე­ხედვის ღი­რსად არც კი მი­იჩ­ნე­ვენ. ყო­ველ­დღიური და­კვ­ირვებით ვრწმუნ­დე­ბო­დი, რომ მის­ტერ რო­ჩეს­ტერი სწო­რედ ამ ახალ­გაზ­რდა ლე­დის შეი­რთავ­და, მაგ­რამ მხო­ლოდ ამი­ტომ ვერ შე­ვიც­ვ­ლი­დი გრძნო­ბას მის მი­მართ. მის ინ­გ­რემ­საც ამ რწმე­ნის გა­მო თა­ვი ამა­ყად ეჭ­ირა. მის­ტერ რო­ჩეს­ტერი დი­დი პატ­ივისცემ­ითა და მოკრ­ძა­ლებით ექ­ცეო­და. ყო­ველ წუთს მოწ­მე ვხდე­ბო­დი, თუ რო­გორ ეთაყ­ვა­ნებ­ოდა მას, თუმ­ცა ტრფო­ბის მე­ტად თავ­ისებური ხერ­ხი ჰქონ­და - დაუ­დევ­რობა. თით­ქოს იწ­ვევ­და ქალს და ერ­ჩივნა, მას­ვე ეძებ­ნა ვა­ჟის ყუ­რა­დღ­ე­ბა და არა - პი­რი­ქით. მაგ­რამ სწო­რედ ამ დაუ­დე­ვარ ტრფია­ლე­ბაში იყო და­მატ­ყვე­ვე­ბელი მიმ­ზიდ­ველ­ობა და ამ სია­მა­ყეში კი - დაუ­ძლე­ველი სწრაფ­ვა.

არა, ყო­ველ­ივე ამა­ში არა­ფერი იყო ისე­თი, რომ გუ­ლი გამ­ცივებ­ოდა ან სიყ­ვარ­ულზე უარი მეთ­ქვა. მაგ­რამ ზე­მოთ ნათ­ქვამი სრუ­ლი­ად სა­კ­მარისი აღმ­ოჩნდა, რომ სას­ოწა­რკ­ვეთ­ილე­ბას მივ­ცე­მო­დი. მკი­თხველი, ალ­ბათ, იფიქ­რებს, რომ ჩემს სულს ეჭ­ვიანობის გეს­ლი წამ­ლავ­და, მაგ­რამ, გა­ნა ჩემს მდგო­მა­რეო­ბაში მყოფ ქალს შე­ეძლო ეეჭ­ვია­ნა მის ინ­გ­რე­მის მსგავს მეტ­ოქე­ზე? რა­სა­კვ­ირველ­ია, არა, და არც ვეჭ­ვიანობდი, ან - ძალ­იან იშ­ვია­თად. ის ტკი­ვი­ლი, რო­მე­ლიც მა­წა­მებ­და, ძნელ­ია, ვინ­მემ სიტყ­ვით ახ­სნას. მის ინ­გ­რე­მი არ მი­მაჩ­ნდა ეჭ­ვიანობის ღი­რსად. მას იმ­დე­ნად არა­რაო­ბად ვთვლი­დი, რომ რაიმე გრძნო­ბას ვერ გამ­ოიწვევ­და ჩემ­ში. მო­მი­ტე­ვეთ ასეთი პა­რადოქსისთვის, მაგ­რამ სწო­რედ იმას ვამ­ბობ, რა­საც ვფიქ­რობ. თუმ­ცა, თვალ­წარ­მტაცი იყო, ბუ­ნებ­რიობა აკლ­და. მის ასეთ მშვენ­იე­რე­ბა­სა და ბრწყინ­ვა­ლე­ბას ლა­ქად გო­ნებ­რი­ვი გამ­ოფიტულობა და ბუ­ნებ­რი­ვი გულ­ცი­ვო­ბა აჩ­ნდა. ასეთ ნია­დაგ­ზე ვე­რა­ფერი გაი­ხა­რებ­და და აყ­ვავ­დებ­ოდა, ვე­რავ­ითარ ბუ­ნებ­რივ, გემ­რიელ ნა­ყოფს ვერ იგე­მებდით და ვერ და­ტკ­ბებოდით. ის არც კე­თი­ლი იყო და არც თა­ვი­სი სა­კუ­თარი გა­აჩ­ნდა რა­მე. წიგ­ნებ­იდან მხო­ლოდ მყვი­რა­ლა ფრა­ზებს იმეო­რებ­და. თა­ვი­სი სა­კუ­თარი აზ­რით ვე­რას­ოდეს მოგ­ხიბ­ლავ­დათ. მსჯელ­ობდა მა­ღ­ალ და წმინ­და გრძნო­ბებ­ზე, მაგ­რამ მი­სი სუ­ლის­თ­ვის თა­ნაგ­რძნობა და შებ­რა­ლე­ბა ისე­ვე უცხო იყო, რო­გორც სით­ბო და სი­მარ­თლე. აქ კი ხში­რად თავს ვერ იკ­ა­ვებ­და და უნებ­ურად გას­ცემ­და ხოლ­მე სა­კუ­თარ თავს. ალ­ბათ, ეს გა­და­ჭარ­ბებული გუ­ლახ­დი­ლო­ბით მოს­დი­ო­და. რო­გორ ღვარ­ძლსა და სი­ძულ­ვილს გამ­ოხა­ტავ­და პა­წაწ­ინა ადე­ლის მი­მართ, თუ­კი ბავ­შ­ვი შემ­თხვევით მი­უ­ახ­ლოვდებ­ოდა. უტი­ფა­რი და შეუ­რაც­ხმყოფელი სიტყ­ვე­ბით თავ­იდან იშო­რებ­და; ხან­და­ხან სას­ტუმ­რო ოთახ­იდან გა­რე­თაც კი აგ­დებ­და; ყო­ველ­თ­ვის ცი­ვად და ღვარ­ძლიანი და­ცინ­ვით მი­მარ­თავ­და. მაგ­რამ, ჩემ გარ­და, სხვი­სი თვა­ლებიც და­ჟი­ნებით, შორ­ს­მ­ჭ­ვ­რე­ტელური ალ­ღო­თი და თით­ქ­მის მაც­დუნე­ბელი ღი­მილითაც აკვ­ირდებ­ოდნენ მის ინ­გ­რე­მის ასეთ თვალ­ნათლივ გამ­ოკ­ვეთილ ხას­იათს. დი­ახ, მო­მა­ვალი საქ­მ­რო, მის­ტერ რო­ჩეს­ტერი, აკვ­ირდებ­ოდა თა­ვის სას­ურველს. გამ­უდმებით ადევ­ნებ­და თვალ­ყურს და ვე­რაგული სიფხიზ­ლი­თა და შორ­ს­მ­ხედ­ველი თვა­ლით ცხა­დად ამ­ჩნევ­და თა­ვი­სი გუ­ლის რჩე­უ­ლის ხას­იათის ყვე­ლა ნა­კლ­ოვან მხა­რეს. სწო­რედ ამის გა­მო მის­ტერ რო­ჩეს­ტერს, აშკ­ა­რა იყო, არ შე­ეძლო მის ინ­გ­რე­მის მი­მართ დი­დი გრძნო­ბა ჰქო­ნო­და. მის­ტერ რო­ჩეს­ტერის გრძნო­ბე­ბის გაშ­იფვრამ და იქ თა­ვი­სი მო­მა­ვალი სა­ცო­ლის მი­მართ სი­ცი­ვის ამ­ოკი­თხვამ ჩემს გულს აუ­ტა­ნელი ტკი­ვი­ლი მია­ყე­ნა.

ვხე­დავდი, რომ ის მხო­ლოდ ოჯა­ხუ­რი თუ რა­ღ­აც პო­ლი­ტი­კუ­რი მო­საზ­რე­ბების გა­მო ირ­თავ­და მას. მის ინ­გ­რე­მის წარ­მომავ­ლობა და მა­ღ­ალ საზ­ოგად­ოებრივ წრე­ებ­თან კავ­ში­რი მის ინ­ტე­რე­სებს, ცხად­ია, ეთან­ხმებ­ოდა. ვამ­ჩნევდი, მის­ტერ რო­ჩეს­ტერს მის­თ­ვის თა­ვი­სი გრძნო­ბა არ მიე­ძღვ­ნა. მის ინ­გ­რემ­მა კი, მთე­ლი თა­ვი­სი ფი­ზი­კუ­რი სრულ­ქ­მ­ნი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, არ იცო­და, რო­გორ უნ­და მიე­ღწ­ია გა­მარ­ჯვებისთვის და ხელთ ეგ­დო მის გულ­ში ფარ­ულად შე­ნახული გან­ძი. აი, სწო­რედ ამ მი­ზე­ზების გა­მო ვღ­ე­ლავდი, ვში­შობ­დი და შემ­ომკვ­ნეს­ოდა გუ­ლი. აი, ამი­ტომ მოს­დებ­ოდა ჩემს გულს ჩაუ­ქრობელი ცეცხ­ლი. მის ინ­გ­რემს არ შე­ეძლო მი­სი მო­ხიბ­ვ­ლა.

მას რომ გა­მარ­ჯვებისთვის მაშ­ინვე მიე­ღწ­ია, მის­ტერ რო­ჩეს­ტერიც, მორ­ჩი­ლად და გულ­წ­რ­ფე­ლად, თა­ვის გრძნო­ბას ფეხ­ქვეშ გაუ­გებ­და. მეც სა­ხეს დავ­იფა­რავდი, კედ­ლისკ­ენ მივ­ბ­რუნ­დე­ბო­დი და თავს მო­ვიკ­ლავდი მა­თი გუ­ლის­თ­ვის. მის ინ­გ­რე­მი რომ სიკ­ეთით სავ­სე, კე­თილ­შო­ბი­ლი ადამ­იანი ყო­ფი­ლი­ყო, ძლი­ე­რი გრძნო­ბე­ბით, მგზნე­ბა­რებით, სათ­ნოებ­ითა და კეთ­ილგონიე­რებით დაჯ­ილდოებული, მა­შინ მე მო­მიხ­დებ­ოდა სა­მკვ­დრო-სა­სი­ცოცხ­ლო ბრძო­ლა­ში ჩაბ­მუ­ლი ორი ვეფხ­ვის: ეჭ­ვიან­ობისა და სას­ოწა­რკ­ვეთ­ილების ჭი­დი­ლი გა­და­მე­ტა­ნა. და­ე, მათ და­ეფ­ლითათ და თვა­ლის და­ხამ­ხა­მე­ბაში მო­ეს­პოთ ჩე­მი გუ­ლი, მე მა­ინც თაყ­ვანს ვცემ­დი იმ ახალ­გაზ­რდა არ­სე­ბას, თუ მეც­ოდინებ­ოდა, რომ ის ყვე­ლას სჯობ­და თა­ვი­სი ადამ­იანური თვი­სე­ბებ­ითა და სუ­ლი­ე­რი ღი­რსებით. მა­შინ ჩე­მი სი­ცოცხ­ლის დარ­ჩენილ დღ­ე­ებ­საც სრულ სიმ­შ­ვი­დე­ში გა­ვა­ტა­რებდი. რაც უფ­რო ღრ­მად დავ­რწმუნდებოდი მის უპი­რა­ტეს­ობაში, მით უფ­რო დი­დი მოკრ­ძა­ლებით გან­ვიმსჭვა­ლებოდი მის­და­მი და მით უფ­რო აუღ­ელ­ვებ­ლად და მშვი­დად გან­ვშორდებოდი სი­ცოცხ­ლეს. მაგ­რამ, სი­ნამ­დვილეში, სულ სხვა ხდებ­ოდა: თვალ­ყურს ვა­დევ­ნებდი, რო­გორ ცდი­ლობ­და, და­ეტ­ყვე­ვებ­ინა მამაკაცის გუ­ლი, მაგ­რამ მი­სი ყო­ველ­დღიური წარ­უმა­ტებლობის მოწ­მეც ვხდე­ბო­დი, რაც ქა­ლის­თ­ვის სრუ­ლი­ად ჩაუ­წვდომელი რჩებ­ოდა. ის ვერ გრძნობ­და სა­კუ­თარ გრძნო­ბა­თა მარცხს. ამა­ოდ ოც­ნებ­ობდა, რომ თი­თო­ე­უ­ლი მის­გან ნატყორ­ც­ნი ისა­რი ნი­შან­ში მოხ­ვედ­რი­ლი­ყო. იმ დროს, რო­დე­საც, მო­ზეი­მე გან­წყობილებით თავ­ბრუდახ­ვეული, წარ­მა­ტე­ბას ამა­ყად მო­ელ­ოდა, სწო­რედ ეს სია­მა­ყე და თვითკ­მაყ­ოფილე­ბა უფ­რო და უფ­რო აშ­ორებ­და და­სახულ მი­ზანს. მოწ­მე ვხდე­ბო­დი რა ყო­ველ­ივე ამის, ვგრძნობ­დი, ამ­იერ­იდან გან­უწყვე­ტელ მღ­ელ­ვა­რე­ბა­სა და საშ­ინელ ტან­ჯვა-­წა­მე­ბაში უნ­და გა­მე­ტა­რებ­ინა დღ­ე­ები.

ვხე­დავდი მის მარცხს და ვი­ცო­დი, რო­გორ უნ­და მიე­ღწ­ია წარ­მა­ტებ­ისათვის. მის­ტერ რო­ჩეს­ტერის მკ­ერდში ნას­რო­ლი ის­რე­ბი მის­სა­ვე ფეხ­ქვეშ ცვი­ო­და. კარ­გად ვატყობ­დი, ეს ის­რე­ბი უფ­რო წრფე­ლი გრძნო­ბით სავ­სე ადამ­იანის ხელს რომ ეტ­ყორცნა, რო­ჩეს­ტერის ამაყ გულს მახ­ვი­ლი­ვით გა­ჰკ­ვეთ­და და სიყ­ვა­რუ­ლით აღ­ავ­სებ­და, მის მკ­აცრ გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბას სიყ­ვა­რუ­ლის ცეცხ­ლით აღ­აგ­ზნებ­და და დამ­ცინავ სა­ხე­ზე სით­ბოს ნა­პერ­წკ­ლებს აუ­ციმციმებ­და, მაგ­რამ უფ­რო კარ­გი და საი­ნტე­რესო იქ­ნებ­ოდა ამ ბრძო­ლა­ში სრუ­ლი­ად მშვი­დად და ყო­ველ­გვარი ია­რა­ღის გა­რე­შე გა­მარ­ჯვე­ბა.

რა­ტომ მე­ტი გავ­ლენის მოხ­დე­ნა არ შეუ­ძლია მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­ზე, რო­ცა წი­ლად ხვდა ბედ­ნიე­რე­ბა, ასე ახ­ლოს ყო­ფი­ლი­ყო მას­თან? - ვე­კი­თხებოდი ჩემს თავს. ალ­ბათ, თვი­თონ არ შეუ­ძლია ნამ­დ­ვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლი, არ გა­აჩ­ნია მის­და­მი ნამ­დ­ვი­ლი გრძნო­ბა და მის­წ­რა­ფე­ბა. მას რომ ნამ­დ­ვი­ლი გრძნო­ბა უღვ­იოდეს გულ­ში, ასე ხელ­გაშლილი არ უნ­და ფან­ტავ­დეს ძვი­რად ღი­რებულ ღი­მილს, არც ასე მო­ციმ­ცი­მე თვა­ლებით უნ­და შეს­ცქერ­ოდეს დაუ­სრულებ­ლად, არც ასე გრძნო­ბით აღ­ვ­სი­ლი უნ­და აღ­აპ­ყრობდეს თვა­ლებს ზე­ცად. ან ეს­ოდენი სიკ­ე­კლ­უცე და წე­ლის მოხ­დე­ნი­ლი რხე­ვა რა საჭ­იროა? ვფიქ­რობ­დი, წყნა­რად რომ მჯდა­რი­ყო, დაუ­სრულებ­ლად არ ეტ­იტინა და და­ჟი­ნებით არ ეც­ქირა მის­თ­ვის სა­ხეში, მის გულს უფ­რო ად­ვილად და­ატ­ყვე­ვებ­და. რა ხში­რად შემ­იმჩნევ­ია მის­ტერ რო­ჩეს­ტერის სა­ხე­ზე სულ სხვა გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბა, იმ გულ­ცივ თავ­და­ჭერ­ილობას­თან შე­და­რებით, რომ­ლი­თაც ის ახ­ლა მის ინ­გ­რე­მის და­ჟი­ნებულ თა­მაშს პას­უხობდა. ეს სხვა გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბა თავ­ისთა­ვად უნ­და წარ­მოქ­მ­ნი­ლი­ყო. მას ვე­რავ­ითარი ყალ­ბი, ხე­ლოვ­ნუ­რი გზით და წი­ნას­წარ ნა­ვა­რაუ­დევი ხრიკ­ებით ვე­რავინ გამ­ოიწვევ­და. ის მხო­ლოდ უნ­და გა­ეზ­ია­რებ­ინათ და ეპას­უხათ, რა­საც მო­ითხოვ­დ­ნენ ყო­ველ­გვარი მან­ჭვა-­გრეხის გა­რე­შე. მა­შინ ეს გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბა მეტ ძა­ლას მო­იკ­რებ­და, სით­ბო­თი და ალერ­სით აღი­ვსებ­ოდა და გულს მად­ლიანი მზის სხი­ვე­ბით გა­ათ­ბობდა. "რო­გორ მოა­ხერ­ხებს მის ინ­გ­რე­მი ას­იამოვნოს და ბედ­ნიე­რე­ბა მო­უ­ტა­ნოს მას, რო­დე­საც ჯვარს დაი­წე­რენ?" ვფიქ­რობ­დი, ის ამას ვერ მოა­ხერ­ხებ­და. გულ­წ­რ­ფე­ლად მწამ­და, რომ მის მე­უღ­ლეს შე­ეძლო ყო­ფი­ლი­ყო ყვე­ლა­ზე ბედ­ნიერი ქა­ლი ამ მზის­ქ­ვე­შეთში.

აქამ­დე ჯერ კი­დევ არა­ფერი მით­ქ­ვამს ისე­თი, რი­თაც შე­საძ­ლე­ბელი იქ­ნებ­ოდა, მსჯავ­რი და­მედო მის­ტერ რო­ჩეს­ტერის მო­მა­ვალი გეგ­მებისთვის, რომ­ლე­ბიც მის სა­ვა­რაუდო ქორ­წი­ნე­ბა­სა და ამ გზით მიღ­წეულ მა­ღ­ალ წრე­ს­თან ურ­თი­ერ­თობას ით­ვალ­ისწინებ­და. პირ­ვე­ლად, რო­დე­საც მი­სი გან­ზრახ­ვა შევ­იტყვე, გან­ცვიფრებული დავ­რ­ჩი. მე იგი ისეთ ადამ­ია­ნად არ მი­მაჩ­ნდა, რო­მელ­ზეც რაი­მე ბა­ნალური აზ­რი ასე იოლად მო­ახ­დენ­და გავ­ლე­ნას და ისიც - მე­უღლის არ­ჩევის დროს. მაგ­რამ, რაც უფ­რო მე­ტად ვმსჯე­ლობ­დი ამ სა­კი­თხზე და ამ წყვი­ლის მდგო­მა­რეო­ბა­სა და აღზ­რდას ვუკვ­ირდებოდი, მით უფ­რო ნა­კ­ლებ უფ­ლე­ბას ვაძ­ლევდი სა­კუ­თარ თავს, გან­მე­სა­ჯა ის ან მის ინ­გ­რე­მი იმის გა­მო, რომ იმ იდე­ებ­ისა და პრინ­ცი­პე­ბის მი­ხედ­ვით მოქ­მე­დებ­დნენ, რო­მელ­თაც, ეჭ­ვი არ არის, ად­რეული სიყ­მაწ­ვილიდან­ვე უნერ­გავ­დნენ. ამ კლა­სის თი­თო­ე­უ­ლი წარ­მომად­გე­ნელი ასეთ­ივე პრინ­ცი­პე­ბით ხელ­მძღ­ვა­ნელ­ობდა. ვფიქ­რობ­დი, ალ­ბათ, მი­ზე­ზიც ჰქონ­დათ, რომ ასე მტკი­ცედ იცავ­დნენ იმას, რის აზ­რსაც მე ვერ ჩავ­წ­ვ­დო­მო­დი. მეგ­ონა, მის ად­გილზე მხო­ლოდ სა­კუ­თარი გუ­ლის ძა­ხილს დავ­უგდებდი ყურს და მხო­ლოდ ისეთ ქალს შევ­ირთავდი, ვინც მეყ­ვა­რებ­ოდა. დარ­წმუნებული ვი­ყა­ვი, მთე­ლი ქვე­ყა­ნა ისე უნ­და მოქ­ცე­უ­ლი­ყო, რო­გორც მე მსურ­და და სწო­რი მეგ­ონა.

მხო­ლოდ იმას ვამ­ჩნევდი, რომ არა მარ­ტო ამ სა­კითხში, არა­მედ მრა­ვალ სხვა სა­კითხშიც მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­ისადმი დიდ ლმო­ბიე­რე­ბა­სა და შემ­წყნა­რებ­ლობას ვი­ჩენ­დი. მავ­იწყდებ­ოდა მი­სი ის ნა­კლ­ოვა­ნე­ბები, რომ­ლებ­ზეც წი­ნათ ასე ფრთხი­ლად მეჭ­ირა თვა­ლი. პირ­ვე­ლად ვცდი­ლობ­დი მი­სი ხას­იათის ყვე­ლა მხა­რე, ავ­იცა და კარ­გიც, შე­მეს­წავ­ლა, ამეწ­ონ-და­მეწ­ონა და სა­მარ­თლიანი მსჯავ­რიც გამ­ომე­ტა­ნა. მის სა­რკ­აზ­მსა და უკ­მეხ­ობაში, რო­მე­ლიც წი­ნათ თავ­ზარს მცემ­და, ახ­ლა ცუდს ვე­რა­ფერს ვხე­დავდი, ის ახ­ლა რჩე­უ­ლი საჭ­მ­ლის ცხა­რე სა­ნე­ლებ­ლად მეჩ­ვე­ნებ­ოდა. მი­სი სიცხა­რე პირს მწვავ­და, მაგ­რამ უიმი­სოდ საჭ­მელი ხომ მეტ­ისმე­ტად უგე­მუ­რი იქ­ნებ­ოდა. რაც შე­ე­ხე­ბა მის იდუ­მალ გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბას, პირ­ქუ­ში იყო ის თუ ნა­ღვ­ლიანი, მზა­კვრული თუ უნუ­გე­შო, ფრთხი­ლი და­მკვ­ირვებლის თვა­ლი ამ გრძნო­ბას მის თვა­ლებში დრო­დად­რო მა­ინც ამ­ჩნევ­და, მაგ­რამ, სა­ნამ მო­ას­წრებდით მის უც­ნა­ურ სიღრ­მეში ჩა­ხედ­ვას, სა­ნამ ნა­წი­ლობ­რივ მა­ინც აღმ­ოა­ჩენდით იქ რა­მეს, ის მსწრაფლ ქრებ­ოდა. ეს სწო­რედ ის იყო, რაც მე ასე მაძ­რწუნებ­და. თით­ქოს ვულკ­ანურ მწვერ­ვა­ლებს შო­რის და­ვე­ხე­ტებოდი; უცებ მი­წის­ძ­ვ­რა ვიგ­რ­ძე­ნი; დავ­ინა­ხე, დე­დამ­იწამ რო­გორ გა­ა­ღო პი­რი და უფ­ს­კ­რუ­ლი გამ­ოჩნდა. მის სა­ხე­ზე დრო­დად­რო ახ­ლაც ვამ­ჩნევდი ასეთ გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბას. გუ­ლი მით­რ­თო­და, მაგ­რამ არ ვღ­ე­ლავდი. იმის მაგ­ივრად, რომ თა­ვი ამერ­იდებ­ინა და გავ­ქცეოდი, ვნატ­რობ­დი, გა­მე­ბე­და, მი­ვახ­ლოებოდი და მი­სი სა­ი­დუმ­ლო ამ­ომეცნო. ამი­ტომ მეჩ­ვე­ნებ­ოდა მის ინ­გ­რე­მი ყვე­ლა­ზე ბედ­ნიერ ადამ­ია­ნად. ერთ მშვენ­იერ დღ­ეს მას შე­ეძლო ამ უფ­ს­კ­რულ­ში ჩა­ე­ხე­და და მი­სი სუ­ლის საი­დუმლოე­ბა სრუ­ლი­ად თავ­ისუფლად გამ­ოეცნო. ამას­თა­ნა­ვე, ამ საი­დუმლოე­ბა­თა ბუ­ნე­ბაც კარ­გად შე­ეს­წავ­ლა.

ამ დრო­ის გან­მავ­ლობაში, რო­დე­საც მთე­ლი ჩე­მი არ­სებით მხო­ლოდ მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­სა და მის მო­მა­ვალ მე­უღ­ლე­ზე ვფიქ­რობ­დი, მხო­ლოდ მათ ვამ­ჩნევდი, მა­თი საუ­ბარი მეს­მოდა და მათ­სა­ვე მოძ­რაო­ბას ვუთ­ვალ­თვა­ლებდი, რო­მე­ლიც დი­დი საი­დუმლოებით იყო მო­ცუ­ლი და ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნელ­ოვან გამ­ოცა­ნად იქ­ცა ჩე­მი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის­თ­ვის, ყვე­ლა და­ნარ­ჩენი სტუ­მა­რი თა­ვი­სი საქ­მით იყო გარ­თუ­ლი. ისი­ნი თავ­ისებ­ურად ერ­თობოდნენ და გან­ცხრომას ეძ­ლეო­დნენ. ლე­დი ლი­ნი და ლე­დი ინ­გ­რე­მი ერ­თად საუ­ბარს მე­დი­დუ­რი გამ­ომეტ­ყვე­ლებით გა­ნაგ­რძობდნენ, ჩალ­მით მორ­თულ თა­ვებს ხან­გამ­ოშვებით თან­ხ­მო­ბის ნიშ­ნად ერ­თიმეო­რეს უკ­რავ­დნენ და ხე­ლებს ორი მორ­თუ­ლი ტი­კი­ნის მსგავ­სად ამ­ოძრა­ვებ­დნენ; თით­ქოს სურ­დათ, უფ­რო ცხა­დად გამ­ოე­ხა­ტათ გაო­ცე­ბა, რაი­მე აზ­რის იდუ­მა­ლე­ბა ან საშ­ინელი ძრწო­ლა, იმის­და მი­ხედ­ვით, თუ საჭ­ორაო თე­მა რა სა­კითხს შე­ე­ხებ­ოდა. ლმო­ბი­ე­რი მი­სის დენ­ტი კე­თილ­შო­ბი­ლი თვი­სე­ბებით სავ­სე მი­სის ეშ­ტონს ესაუ­ბრებ­ოდა. ორი­ვე მან­დილოსანი ხან­გამ­ოშვებით თა­ვი­სი თა­ვაზ­იანი ტო­ნით და კე­თი­ლი ღი­მი­ლით მეც არ მი­ვიწყებ­და. სერ ჯორჯ ლი­ნი, პოლ­კო­ვნიკი დენ­ტი და მის­ტერ ეშ­ტო­ნი პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხებ­ზე კა­მათ­ობდნენ, საგ­რაფოს საქ­მე­ებს იხი­ლავ­დნენ და სა­სა­მართლო პრო­ცე­სების მიმ­დი­ნა­რეობის შე­სა­ხებ მსჯელ­ობდნენ. ახალ­გაზ­რდა ლორდ ინ­გ­რემს ემი ეშ­ტონთან სატ­რფიალო საუ­ბარი გა­ე­ბა. ლუ­ი­ზა ეშ­ტო­ნი ლი­ნე­ბის გვა­რის ერ­თ-ერთ ახალ­გაზ­რდა წარ­მომად­გე­ნელ­თან ერ­თად რო­ი­ალ­ზე უკ­რავ­და და მღ­ერ­ოდა. მე­რი ინ­გ­რე­მი უემო­ცი­ოდ ის­მენ­და ამა­ვე ოჯა­ხის მეო­რე ვა­ჟიშვილის ალერ­სიან საუ­ბარს. ხან­და­ხან ყვე­ლა, თით­ქოს შე­თან­ხმებ­ულიაო, შეწ­ყვეტ­და თა­ვი­სი რო­ლის შეს­რულე­ბას და მთა­ვარ მსახ­იობთა თა­მაშს აკვ­ირდებ­ოდა, რად­გა­ნაც, ბო­ლოს და ბო­ლოს, მის­ტერ რო­ჩეს­ტერი და მას­თან სა­კ­მაოდ ახ­ლოს მდგო­მი მის ინ­გ­რე­მი წარ­მოად­გენ­დნენ ამ საზ­ოგად­ოების სი­ცოცხ­ლი­სა და სუ­ლი­ე­რი ცხოვ­რე­ბის თავ­სა და ბო­ლოს. მის­ტერ რო­ჩეს­ტერს ერ­თი სა­ათ­ითაც რომ და­ეტ­ოვებ­ინა სა­დარ­ბაზო ოთა­ხი, მის სტუ­მარ­თა შო­რის მაშ­ინვე მოწყენ­ილობა შეი­მჩნეო­და. მი­სი გამ­ოჩე­ნა კი რა­ღ­აც ახალ სა­სი­ცოცხ­ლო ბიძგს აძ­ლევ­და მათ და სტუ­მარ­თა საუ­ბარში აღფ­რთოვა­ნე­ბას იწ­ვევ­და.

მი­სი ასე­თი მაც­ოცხლე­ბელი გავ­ლე­ნა ამ საზ­ოგად­ოე­ბა­ზე საგ­რ­ძ­ნო­ბი მა­შინ გახ­და, რო­დე­საც ის რა­ღ­აც საქ­მე­ებ­ზე მილ­კოტ­ში გამ­ოიძა­ხეს. რო­გორც ჩან­და, გვი­ან სა­ღ­ამ­ომდე არც უნ­და დაბ­რუნებულიყო. ნაშ­უა­დღ­ევს ცო­ტა წამ­ოწვიმა. სტუმ­რებს სა­სეირნოდ გას­ვლა ჰქონ­დათ გა­დაწ­ყვეტილი ბო­შა­თა ბა­ნა­კის სა­ნა­ხა­ვად, რო­მელ­თაც ჰე­ის გა­რეთ გა­ე­შა­ლათ კარ­ვები, მაგ­რამ წვი­მის გა­მო მგზავ­რობა გა­დაიდო. რამ­დენ­იმე ჯენ­ტლმენ­მა სა­ჯი­ნი­ბოს მი­აშ­ურა. ახალ­გაზ­რდა ყმაწ­ვი­ლი კა­ცები ქა­ლებ­თან ერ­თად საბ­ილიარდოში ბი­ლი­არდს თა­მაშ­ობდნენ. ლორ­დის ქვრი­ვე­ბი, მი­სის ინ­გ­რე­მი და მი­სის ლი­ნი, სევ­დის გა­სა­ქარ­ვებ­ლად კარ­ტით ერ­თობოდნენ. ბლანშ ინ­გ­რემ­მა ქედ­მა­ღლური დუ­მი­ლით უკ­უაგდო მი­სის ეშ­ტონისა და მი­სის დენ­ტის ცდა, რო­გორ­მე ჩა­ე­ბათ საუ­ბარში. პირ­ვე­ლად გრძნო­ბით სავ­სე მელ­ოდიას ღი­ღი­ნებ­და და რო­ი­ალ­ზეც და­უკ­რა, მაგ­რამ მა­ლე ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან რო­მელ­იღ­აც რო­მა­ნი გამ­ოიტა­ნა, უგუ­ნე­ბოდ და მოწყ­ვე­ტით დაჯ­და დი­ვან­ზე და ამ საი­ნტე­რესო წიგ­ნით შე­ე­ცა­და, მო­ლო­დი­ნის წუ­თებ­ში თა­ვი რო­გორ­მე გა­ერთო. რო­გორც მთელ სახ­ლ­ში, ისე სას­ტუმ­რო ოთახ­შიც სრუ­ლი მყუდ­როე­ბა გა­მე­ფებულიყო, მხო­ლოდ დრო­გამ­ოშვებით თუ აღ­წევ­და საბ­ილიარ­დოდან ბი­ლი­არ­დის მო­თა­მა­შე­თა მხი­ა­რუ­ლი ხმე­ბი.

ბნელ­დებ­ოდა. სა­ათის ზარ­მა ამ­ც­ნო სტუმ­რებს, რომ სა­დი­ლო­ბის დრო მო­ახ­ლოვდა და სა­ჭი­რო იყო, ტან­საც­მელი გამ­ოეც­ვა­ლათ. სწო­რედ ამ დროს პა­ტა­რა ადელ­მა, რო­მე­ლიც ჩემ გვერ­დით, სას­ტუმ­რო ოთა­ხის ფან­ჯ­რის რა­ფა­ზე და­ჩო­ქი­ლი გა­რეთ იყუ­რებ­ოდა, წამ­ოიძა­ხა:
- Voilh, Monsieur Roc­hes­ter, qui re­vi­ent!
მივ­ტ­რი­ალ­დი, მის ინ­გ­რე­მი თით­ქ­მის ად­გილიდან წამ­ოფრინდა. სხვებ­მაც თა­ვი ანე­ბეს გარ­თობას და იქით დაი­წყეს ყუ­რე­ბა. სველ ქვი­შა­ზე ერ­თდროულად ეტ­ლის ბორ­ბ­ლე­ბის ჭრი­ჭი­ნი და ცხე­ნების ფლოქ­ვე­ბის ხმა გაი­სმა. სა­ფოს­ტო ეტ­ლი თან­და­თანობით გვი­ახ­ლოვდებ­ოდა.
- რა­ტომ მო­უ­ვი­და აზ­რად ასე­თი ეტ­ლით დაბ­რუნე­ბა? - იკი­თხა მის ინ­გ­რემ­მა. - ის ხომ თა­ვი­სი შა­ვი ცხე­ნით გა­ემ­გზავ­რა და პა­ი­ლო­ტიც თან ჰყავ­და; სად არ­იან ცხე­ნი ან ძა­ღლი?

ამ სიტყ­ვე­ბით მა­ღ­ალი, გან­იერ ტან­საც­მელში გა­მოწყო­ბი­ლი მის ინ­გ­რე­მი ისე ახ­ლოს მო­ვი­და სა­რკ­მელ­თან, რომ იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხ­დი, უკ­ან და­მეხ­ია, თა­ნაც ისე­თი სის­წ­რა­ფით, რომ კი­ნა­ღ­ამ ხერ­ხე­მალი გა­დავ­იტე­ხე. იგი იმ­დე­ნად აღგ­ზნებული იყო, პირ­ვე­ლად ვერც კი შემ­ნიშნა, მაგ­რამ, თვა­ლი მომკ­რა თუ არა, ზიზღით ტუ­ჩი აი­ბზუა და მეო­რე სა­რკ­მელ­თან გა­დაი­ნაც­ვლა. ეტ­ლი გა­ჩერ­და. მე­ეტ­ლემ შემ­ოსას­ვლელ კარ­ზე ზა­რი და­რეკა და სამ­გზავრო ტან­საც­მელში ჩაც­მუ­ლი ჯენ­ტლმენი ეტ­ლიდან გად­მოვიდა. ის მის­ტერ რო­ჩეს­ტერი არ აღმ­ოჩნდა. ეს იყო მა­ღ­ალი, მოხ­დე­ნი­ლი, მა­ღ­ალი წრის უცხო მა­მა­კ­აცი.

- რა საწ­ყენ­ია! - წამ­ოიძა­ხა მის ინ­გ­რემ­მა, - შე სა­ძა­გელო მა­ი­მუ­ნო (მი­მარ­თა პა­ტა­რა ადელს), ვინ აგ­იყვა­ნა ფან­ჯ­რის რა­ფა­ზე, რომ ტყუ­ი­ლი ამ­ბები მოგ­ვი­ტა­ნო? - მე­რე გა­ჯავ­რებ­ულმა მე გად­მომხე­და, თით­ქოს დამ­ნა­შა­ვე ვყო­ფი­ლი­ყა­ვი.
დე­რე­ფანში ლა­პა­რა­კის ხმა გაი­სმა და ახალ­მო­სუ­ლიც მა­ლე შემ­ოვიდა. მან თა­ვი ლე­დი ინ­გ­რემს და­უკ­რა, ალ­ბათ, მან­დილოსან­თა შო­რის ყვე­ლა­ზე უფ­რო­სად ის მი­იჩ­ნია.

- ჩანს, უდ­როო დროს გე­ა­ხელით, ქალ­ბატონო. ჩე­მი მეგ­ობარი მის­ტერ რო­ჩეს­ტერი შინ არ დამ­იხვდა, მაგ­რამ მე­ტად შო­რე­უ­ლი მოგ­ზაუ­რობიდან დავ­ბ­რუნ­დი. ვფიქ­რობ, მას­თან ძვე­ლი და პი­რა­დი მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თობა ნე­ბას მაძ­ლევს, იმ­დე­ნად გა­ვკ­ად­ნიერ­დე, რომ მის დაბ­რუნე­ბამ­დე ამ სახ­ლ­ში დავ­ბინავ­დე.
მას მე­ტად თა­ვაზ­იანი საქ­ციელი ჰქონ­და. მის­მა აქ­ცენ­ტმა გა­მაო­ცა. ის უცხო­უ­რი არ იყო, მაგ­რამ არც მთლად ინ­გ­ლი­სურს ჰგავ­და. წლო­ვა­ნებით, შე­საძ­ლე­ბელ­ია, მის­ტერ რო­ჩეს­ტერის ხნის ყო­ფი­ლი­ყო. ასე, და­ახ­ლოებით, ოც­და­ათ­იდან ორ­მო­ცამ­დე. სა­ხე ავად­მყოფურად ფერ­მკრ­თალი ჰქონ­და; თო­რემ სხვა მხრივ, გან­სა­კუ­თრებით, პირ­ვე­ლი შე­ხედვით, მშვენ­იერი შე­სა­ხე­დაობის მა­მა­კ­ა­ცად ჩაი­თვლებ­ოდა. ახ­ლო და­კვ­ირვებით კი მის სა­ხე­ზე რა­ღ­აც უსი­ა­მოვ­ნო გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბას აღმ­ოა­ჩენდით ან, უფ­რო უკ­ეთ რომ ვთქვა, ის სი­ამ­ოვნე­ბას ვე­რაფრით გაგ­რძნობინებ­დათ; სა­ხის ნა­კვ­თები თუმ­ცა წყო­ბი­ლი ჰქონ­და, მაგ­რამ მო­დუ­ნე­ბუ­ლი, თვა­ლები დი­დი და ლა­მაზი, მაგ­რამ უსი­ცოცხ­ლო და უაზ­რო, ყო­ველ შემ­თხვე­ვაში, მე ასე მეჩ­ვე­ნებ­ოდა.

ზა­რის ხმამ ამ­ც­ნო სტუმ­რებს, რომ სა­დი­ლო­ბის დრო ახ­ლოვდებ­ოდა და ტან­საც­მელი უნ­და გამ­ოეც­ვა­ლათ. კრე­ბუ­ლი დაი­შა­ლა. სა­დი­ლო­ბის შემ­დეგ მე კვ­ლავ ვნა­ხე ახალ­მო­სუ­ლი ჯენ­ტლმენი. იგი, რო­გორც სა­კუ­თარ სახ­ლ­ში, ისე იქ­ცეო­და. მი­სი სა­ხის გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბა ახ­ლა უფ­რო არ მო­მეწ­ონა. მან თით­ქოს შე­მა­კრთო კი­დეც. წო­ნას­წორობას მოკ­ლებული და მეტ­ისმე­ტად უსი­ცოცხ­ლო ჩან­და. თვა­ლებს უაზ­როდ აქეთ-იქით აცე­ცებ­და და ეს მის სა­ხეს ძალ­იან უც­ნა­ურ გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბას აძ­ლევ­და. ასე­თი გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბა ჩემს სი­ცოცხ­ლე­ში არ მე­ნა­ხა. ეს მოხ­დე­ნი­ლი და სა­კ­მაოდ სას­იამოვნო გა­რეგნობის ადამ­იანი სრუ­ლი­ად არ მომ­წონ­და. კან­გა­და­ტკ­ეცილ, სწორ, ოვა­ლურ სა­ხე­ზე არავ­ითარი ადამ­იანური ძა­ლა არ შეი­მჩნეო­და. არც კეხ­იან ცხვირ­სა და ალ­უბლისფერ პა­ტა­რა ტუ­ჩებს შე­ეძლო გამ­ოე­ხა­ტა ვა­ჟური სიმ­ტ­კი­ცე. და­ბალი და ვიწ­რო შუბ­ლიც არ მეტ­ყვე­ლებ­და მის გო­ნე­ბა­მახ­ვილობა­ზე. გაც­იებულ, მუქ­თაფ­ლისფერ თვა­ლებში კი გრძნო­ბის ნა­ტა­მალი არ მო­ჩან­და.
ჩვეუ­ლებრივ, ისევ წყნარ კუ­თხეს მი­ვაშ­ურე, სა­დაც ჯდო­მა მიყ­ვარ­და და სტუ­მარს ბუხ­რის თავ­ზე მდგა­რი კან­დე­ლაბ­რების შუქ­ზე ვათ­ვალ­იე­რებდი, რო­მე­ლიც მის სა­ხეს სა­კ­მაოდ ანა­თებ­და. ის ბუხ­რის პი­რას სა­ვარ­ძელში იჯ­და და კი­დევ უფ­რო წინ მი­ი­წევ­და. ეტ­ყობა, სცი­ო­და. მე მას მის­ტერ რო­ჩეს­ტერს ვა­და­რებდი და, თუ სხვაო­ბა­ზე ვი­ლა­პა­რა­კ­ებთ, ეს ორი ადამ­იანი ერ­თმა­ნეთის სრუ­ლი­ად სა­პი­რის­პი­რო­ნი იყ­ვ­ნენ. წარ­მოიდგინეთ, მძი­ნა­რა ბა­ტი და ამა­ყი შე­ვარ­დენი, უწყი­ნა­რი ცხვა­რი და მი­სი­ვე მცვე­ლი, ავი, თვა­ლებ­ბრია­ლა, ბან­ჯგვლიანი ქო­ფა­კი.
მან გა­ნაც­ხა­და, მის­ტერ რო­ჩეს­ტერი ჩე­მი ძვე­ლი მეგ­ობარ­იაო. ძალ­იან უც­ნა­უ­რი მეგ­ობრობა კი უნ­და ჰქო­ნო­დათ.

ეს ძვე­ლი ან­დაზის მარ­თლაც ცოცხა­ლი თვალ­საჩ­ინოე­ბა იქ­ნებ­ოდა: "ორი უკი­დურეს­ობა ერ­თმა­ნეთს ვერ ას­ცდე­ბა".
ორი თუ სა­მი ჯენ­ტლმენი მის ახ­ლოს სა­ვარ­ძელში ჩას­ხდა და საუ­ბარი გა­ა­ბეს. ჩე­მამ­დე ამ სა­უბ­რის ნაწ­ყვე­ტებიც კი ძლივს აღ­წევ­და. პირ­ვე­ლად ძალ­იან მი­ჭირ­და რა­მე გა­მეგ­ონა, რად­გან ჩემ ახ­ლოს ლუ­ი­ზა ეშ­ტო­ნი და მე­რი ინ­გ­რე­მი ის­ხ­დ­ნენ. მა­თი ლა­პა­რა­კი საშ­უა­ლე­ბას არ მაძ­ლევ­და, ხან­და­ხან ყურ­მოკ­რუ­ლი, ნაწ­ყვეტ­-ნაწ­ყვეტი წი­ნა­და­დე­ბებ­იდან რა­მე გა­მეგ­ონა. ისი­ნი ახალ­მოსულზე მსჯელ­ობდნენ. ორი­ვე მას ლა­მაზი გა­რეგნობის მა­მა­კ­ა­ცად თვლი­და, ლუ­ი­ზამ მას სას­იყვარულო სა­ხელიც კი შე­არ­ქვა და თქვა, ვა­ღ­მერ­თებო. მე­რი კი და­ჟი­ნებით სთხოვ­და, ყუ­რა­დღ­ე­ბა მი­ექ­ცია მი­სი "ულა­მა­ზესი პი­რის მოყ­ვან­ილობისა და ასეთ­ივე ლა­მაზი ცხვი­რის­თ­ვის", რად­გან ეს ორი რამ წარ­მოად­გენ­და მის იდე­ალს სი­ლა­მაზის სრულ­ყო­ფის სა­კითხში.
- ოჰ, რა მშვენ­იერი შუბ­ლი აქვს! - წამ­ოიძა­ხა ლუ­ი­ზამ.
- რო­გო­რი სწო­რი და უხა­ზო. შუბ­ლ­შეჭ­მუხ­ვ­ნი­ლო­ბის ერ­თი ნა­კ­ვა­ლევიც კი არ­სად ეტ­ყობა, რაც ასე ძალ­იან მძულს. რა უშ­ფოთ­ვე­ლი თვალ­თა მეტ­ყვე­ლე­ბა და ღი­მი­ლი!
ბო­ლოს, ჩემ­და სას­იხარულოდ, მის­ტერ ჰენ­რი ლინ­მა ისი­ნი ოთა­ხის მეო­რე ბო­ლო­ში მი­იხ­მო, ალ­ბათ, სურ­და, სო­ფელ ჰე­ი­ში გამ­გზავ­რე­ბამ­დე სა­ბო­ლო­ოდ შე­თან­ხმებ­ულიყვნენ, რად­გან ის რამ­დენ­იმე ხნის წინ გა­დაიდო.
ახ­ლა შე­მეძლო მთე­ლი ჩე­მი ყუ­რა­დღ­ე­ბა ცეცხ­ლის პი­რას მჯდო­მი რამ­დენ­იმე ადამ­იანის სა­უბ­რის­თ­ვის და­მეთმო. მაშ­ინვე შემ­ომეს­მა, რომ ახალ­მო­სულს მის­ტერ მე­ზონს ეძახ­დნენ. ისიც გავ­იგონე, რომ ეს­-ეს არის ინ­გ­ლის­ში რო­მელ­იღ­აც ცხე­ლი ქვეყ­ნიდან ჩა­მო­სუ­ლი­ყო. უეჭ­ველ­ია, ეს იყო მი­ზე­ზიც, რომ სა­ხე ასე გა­შა­ვებ­ოდა, ცეც­ხლისკ­ენ ასე მი­ი­წევ­და და ოთახ­შიც კი ლა­ბადით იჯ­და. უცებ სიტყ­ვებ­მა: ია­მა­იკ­ა, კინ­გ­ს­ტო­ნი და სპენ­იშტაუნი - მი­მახ­ვედ­რეს, რომ ის ვეს­ტინდოეთის მკვიდ­რი იყო. ძალ­იან გა­მაო­ცა იმ ამ­ბავ­მა, რომ მას მის­ტერ რო­ჩეს­ტერი პირ­ვე­ლად იქ უნა­ხავს და გაუ­ცნია. მის­ტერ მე­ზო­ნი უამ­ბობდა მათ, თუ რო­გორ შეი­ძულა მის­მა მეგ­ობარ­მა ცხე­ლი ჰა­ვა, ქარ­იშხლები და გა­და­უღ­ე­ბელი წვი­მე­ბი ამ მხა­რეში. მი­სის ფე­იერ­ფექსის ნა­ამბობის მი­ხედ­ვით ვი­ცო­დი, რომ მის­ტერ რო­ჩეს­ტერი ბევრს მოგ­ზაუ­რობდა, მაგ­რამ მეგ­ონა, მხო­ლოდ ევ­როპა შემ­ოია­რა-­მეთქი. აქამ­დე ჯერ კი­დევ არა­ფერი ვი­ცო­დი იმის შე­სა­ხებ, რომ ის ასეთ შო­რე­ულ ქვეყ­ნებშიც მოგ­ზაუ­რობდა.

ამ მოგ­ზა­უ­რო­ბის შე­სა­ხებ ვფიქ­რობ­დი, მაგ­რამ სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნელ­მა შემ­თხვე­ვამ ფიქ­რი შე­მაწ­ყვეტ­ინა. სი­ცი­ვით აკ­ა­ნკ­ა­ლებული მის­ტერ მე­ზო­ნი კა­რის ყო­ველ შემ­თხვევით გა­ღ­ე­ბა­ზე მო­ითხოვ­და, ცეცხ­ლის­თ­ვის ქვა­ნახშირი და­ე­მა­ტებ­ინათ, თუმ­ცა მას გუ­გუ­ნი გაჰ­ქონდა და ნა­ცარში ნა­კ­ვერ­ჩხალი ჯერ კი­დევ წით­ლად ღუ­ოდა. ფა­რეშ­მა ცეც­ხლზე და­სა­მა­ტებ­ლად ქვა­ნახშირი შემ­ოიტა­ნა, გას­ვლისას მის­ტერ ეშ­ტო­ნის სკ­ამის ახ­ლოს შე­ჩერ­და და და­ბალი ხმით რა­ღ­აც უთხ­რა. ამ სიტყ­ვებ­იდან მე მხო­ლოდ ეს მო­ვის­მი­ნე: მო­ხუ­ცი ქალ­ია, თა­ვი მოგ­ვა­ბეზ­რაო.
- უთხა­რი, თუ ახ­ლა­ვე აქე­დან არ წა­ვა, სარ­დაფში ჩა­ვამ­წყვდევ, - უპას­უხა მო­სა­მარ­თლემ.
- არა, მო­ით­მი­ნეთ! - ჩა­ერ­ია პოლ­კო­ვნიკი დენ­ტი. - ნუ გა­აგ­დებთ, ეშ­ტონ, შე­საძ­ლე­ბელ­ია, ამას რა­მე საი­ნტე­რესო მოჰ­ყ­ვეს. უმ­ჯო­ბეს­ია, მან­დილოსნებს შევ­უთან­ხმდეთ, - და მან ხმა­მა­ღ­ლა გა­ნაგრძო:

- ქალ­ბატ­ონებო, თქვენ, მგო­ნი, გინ­დო­დათ სო­ფელ ჰე­ი­ში გამ­გზავ­რე­ბა ბო­შა­თა კარ­ვების სა­ნა­ხა­ვად. აი, სე­მი ამ­ბობს, რომ სწო­რედ ახ­ლა მო­სამ­სახ­ურე­თა სა­სადილოში ერ­თი მო­ხუ­ცი მი­სა­ნი ბო­შა ქალ­ია, რო­მე­ლიც თქვე­ნი უდი­დებ­ულესობის წი­ნა­შე წარ­დგე­ნას მო­ითხოვს და აც­ხა­დებს, ბედს გი­წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლებთო. გინ­დათ მი­სი ნახ­ვა?
- თქვენ, რა­სა­კვ­ირველ­ია, პოლ­კო­ვნიკო, - წამ­ოიძა­ხა ლე­დი ინ­გ­რემ­მა, - ასე­თი მდა­ბიო მაც­დუ­რის აქ შემ­ოყვა­ნას არ იკ­ად­რებთ. ახ­ლა­ვე გა­აგ­დეთ აქე­დან, რა­დაც უნ­და დაგ­იჯდეთ.
- ვე­რაფრით დავ­ითან­ხმეთ, რომ თავ­იდან მოგ­ვეშ­ორებ­ინა, ქალ­ბატონო, - უპას­უხა ფა­რეშ­მა, - ვერც ერ­თმა მსახ­ურმა ვერ შეძ­ლო მი­სი აქე­დან გაგ­დე­ბა. მი­სის ფე­იერ­ფექსიც ამ წუთ­ში იქ გახ­ლავთ და ემ­უდა­რე­ბა, წავ­იდეს, მაგ­რამ მო­ხუც­მა ქალ­მა სკ­ამი აიღო, ბუხ­რის ახ­ლოს დაჯ­და და აც­ხა­დებს, ად­გილიდა­ნაც არ დავ­იძრები, სა­ნამ იქ შეს­ვ­ლის ნე­ბას არ დამ­რთა­ვენო.
- მა­ინც რა უნ­და? - იკი­თხა მი­სის ეშ­ტონმა.
- სურს, ბატ­ონებს უმ­კი­თხაოს და მო­მა­ვალი უწი­ნას­წარ­მეტ­ყველოს. ამას­თან, ფი­ცუ­ლობს, რომ უამი­სოდ აქე­დან ფეხ­საც არ მო­იც­ვ­ლის.
- რო­გო­რია შე­სა­ხე­და­ვად? - დაი­ნტე­რეს­დნენ ლუ­ი­ზა და ემი ეშ­ტონები.
- შე­გაშ­ინებთ, ისე­თი მა­ხინ­ჯი მო­ხუ­ცია, ჭვარ­ტ­ლი­ვით შა­ვი.
- ოჰ, ნამ­დ­ვი­ლი ჯად­ოსანი ყო­ფი­ლა! - წამ­ოიძა­ხა ფრე­დერ­იკ ლინ­მა. - შემ­ოვუშვათ, რა­სა­კვ­ირველ­ია, შემ­ოვუშვათ!
- თავ­ისთა­ვად ცხად­ია, უნ­და შემ­ოვუშვათ, - კვე­რი და­უკ­რა ძმამ. - მე­რე ბევრს ვი­ნა­ნებთ, მაგ­რამ გვია­ნღა იქ­ნე­ბა, ასე­თი გა­სართობი რომ ხელ­იდან გავ­უშვათ.
- ჩე­მო ძვირ­ფა­სო ბი­ჭე­ბო, აბა, ეს რა საფ­იქრე­ბელ­ია? - იკი­თხა ლე­დი ლინ­მა.
- მე არ შემ­იძლია ვუ­ყუ­რო ასეთ უღირს გა­სართობს, - გა­იჟ­ღრ­ია­ლა მი­სის ინ­გ­რე­მის ხმამ.
- მარ­თალ­ია, დე­და, მაგ­რამ, შეგ­იძლიათ თუ არა, უნ­და აი­ტანოთ! - მო­ის­მა ბლან­შის ამა­ყად ნათ­ქვამი სიტყ­ვე­ბი და იგი რო­ი­ა­ლის წინ მდგარ მრგვალ სკ­ამ­ზე შემ­ოტრიალ­და, სა­დაც აქამ­დე ჩუ­მად იჯ­და და მო­საჩ­ვე­ნებ­ლად სხვა­დას­ხვა ნოტს სინ­ჯავ­და.
- ცნო­ბის­მოყ­ვა­რეო­ბა არ მას­ვე­ნებს, მსურს, მი­წი­ნას­წარ­მეტ­ყველოს, რა ბე­დი მო­მე­ლის. სემ, უბ­რ­ძა­ნე ერ­თი მაგ კუ­დიან ბებ­რუცუნას, შემ­ოვიდეს!

- ჩე­მო ძვირ­ფა­სო ბლანშ, გონს მო­დი.
- ვი­ცი, რა­საც ვა­კ­ე­თებ, ყვე­ლა­ფერი ვი­ცი წი­ნას­წარ­ვე, რაც უნ­და მირ­ჩი­ოს, მაგ­რამ, რო­გორც მსურს, ისე იქ­ნე­ბა. ჩქა­რა, სემ!
- დი­ახ, დი­ახ, დი­ახ! - ერ­თხმად წამ­ოიძა­ხეს ახალ­გაზ­რდა ქა­ლებ­მა და ყმაწ­ვილმა კა­ცებ­მა, - შემ­ოვიდეს, რა არაჩ­ვეუ­ლებრივი გა­სარ­თობია!
ფა­რეში გას­ვლას არ ჩქარ­ობდა.
- ის ძალ­იან მოჩხუ­ბარ­ია, - წარ­მოთქვა მან ბო­ლოს.
- წა­დი, - წამ­ოიძა­ხა მის ინ­გ­რემ­მა და ფა­რეში გავ­იდა.
სტუმ­რებს მაშ­ინვე მღ­ელ­ვა­რე­ბა და­ეუ­ფლათ, ხუმ­რო­ბი­სა და და­ცინ­ვის ჯვა­რედინი ცეცხ­ლი ღვ­იოდა და ერ­თი მხრი­დან მეო­რე­ზე გა­დად­იოდა. ფა­რეში ისევ მარ­ტო შემ­ობრუნდა.
- მას ახ­ლა არ სურს თქვენ­თან შემ­ოსვლა, - გა­ნაც­ხა­და მან.
- ამ­ბობს, არ მინ­და ამ ურ­წ­მუ­ნო ბრბოს წი­ნა­შე წარ­ვდგეო (ეს მი­სი სიტყ­ვებ­ია) და მო­ითხოვს, სა­კუ­თრად ცა­ლკე ოთა­ხი მი­ვუ­ჩი­ნო. მე­რე კი, ვი­საც სურს უმ­კი­თხაოს, სათ­ითაოდ უნ­და შევ­იდნენ მას­თან.
- აი, ხე­დავ, ჩე­მო მშვენ­იერო! - და­იწყო ლე­დი ინ­გ­რემ­მა, - მო­ხუ­ცი ჯად­ოქარი რო­გორ შემ­ოიჭრა ჩვენს უფ­ლე­ბებში. დამ­იჯე­რე, ჩე­მო ან­გელოზო, და...
- უჩ­ვე­ნეთ მას ბიბ­ლი­ო­თე­კ­ა! - სიტყ­ვა მო­უჭ­რა მი­სის ინ­გ­რემს თავ­ისმა ან­გელ­ოზმა, - მეც არ მსურს, სხვე­ბის თან­დას­წრებით ვუს­მი­ნო მას. მინ­და პი­რის­პირ შევ­ხვდე. ცეცხ­ლი ხომ ან­თია ბიბ­ლი­ო­თე­კ­აში?
- დი­ახ, ქალ­ბატონო, მაგ­რამ ეს ბო­შა ქა­ლი ისე­თი გაი­ძვე­რა­ა.
- შეწ­ყვიტე ყბედ­ობა, შე გამ­ოთაყ­ვა­ნებულო, და ისე მო­ი­ქე­ცი, რო­გორც გიბ­რ­ძა­ნებ.
სე­მი კვ­ლავ გაქ­რა. იდუ­მა­ლების მო­ლო­დინ­ში ყვე­ლას კვ­ლავ აღფ­რთოვა­ნე­ბა და­ეუ­ფლა.
- ის უკ­ვე მზად გახ­ლავთ, - თქვა მსახ­ურმა გამ­ოჩენ­ისთა­ნა­ვე, - და სურს იცო­დეს, ვინ იქ­ნე­ბა მი­სი პირ­ვე­ლი სტუ­მა­რი.
- უმ­ჯო­ბეს­ია ერ­თი ავ­ხედ­-დავ­ხედო, სა­ნამ რო­მელ­იმე მან­დილოსანი შევ­იდოდეს, - გა­ნაც­ხა­და პოლ­კო­ვნიკ­მა დენ­მა.
- უთხა­რი, სემ, რომ ერ­თ-ერ­თი ჯენ­ტლმენი იქ­ნე­ბა პირ­ვე­ლი.
სე­მი გავ­იდა და ისევ შემ­ობრუნდა.

- სერ, მან გა­ნაც­ხა­და, ჯენ­ტლმე­ნებს არ ვიღ­ებ სა­მკი­თხაოდო. ასე რომ, თავს ნუ შეი­წუხებთ მას­თან მის­ვ­ლით. ასე­ვე მან­დილოსნებს, - აქ ფა­რეშ­მა დი­დი გაჭ­ირვებით რო­გორღ­აც შე­იკ­ა­ვა ხითხი­თი და თქვა: - არა­ვის, გარ­და ახალ­გაზ­რდა გაუ­თხოვარი ქა­ლებ­ისა.
- ეშ­მა­კ­მა წა­იღოს! გემ­ოვნე­ბა კი ჰქო­ნია! - წამ­ოიძა­ხა ჰენ­რი ლინ­მა.
მის ინ­გ­რე­მი სა­დღ­ე­სას­წაულო იერით წამ­ოდგა.

- მე მივ­დი­ვარ პირ­ვე­ლი, - გა­ნაც­ხა­და მან ისე­თი მე­დი­დუ­რი ხმით, თით­ქოს მტრის წი­ნა­ა­ღმ­დეგ თა­ვი­სი ჯარ­ისკ­ა­ცებით ცეცხ­ლის ხაზ­ზე გად­იოდა, თუმ­ცა კარ­გად იცო­და, რომ გან­წი­რუ­ლი იყო.
- ოჰ, ჩე­მო ძვირ­ფა­სო, ჩე­მო საუ­ნჯევ! შე­ჩერდი, მო­ი­ფიქ­რე! - გაი­სმა დე­დის ხმა. მაგ­რამ მის ინ­გ­რემ­მა მე­დი­დუ­რი დუ­მი­ლით ჩა­უა­რა მას გვერ­დით და კარ­ში გავ­იდა, რო­მე­ლიც პოლ­კო­ვნიკ­მა დენ­ტმა გა­უღო. ყვე­ლამ გავ­იგონეთ, რო­გორ შევ­იდა მის ინ­გ­რე­მი ბიბ­ლი­ო­თე­კ­აში.
სი­ჩუ­მე ჩამ­ოვარ­და. ლე­დი ინ­გ­რემ­მა იფიქ­რა Le cas და მღ­ელ­ვა­რების გა­მო ვი­თომ­და ხე­ლების მტვრე­ვას მოჰ­ყ­ვა. მის მე­რი ყვე­ლას არ­წმუნებ­და, მე იქ შეს­ვლას ვე­რავ­ითარ შემ­თხვე­ვაში ვერ გავ­ბე­დავდიო. ემი და ლუ­ი­ზა ეშ­ტონები სულ­მო­უთ­ქ­მე­ლად კი­სკი­სებ­დნენ და ცო­ტა შეშ­ინებულები გამ­ოიყურებოდნენ.
წუ­თე­ბი ნე­ლა გად­იოდა. თხუთ­მე­ტი წუ­თი დათ­ვა­ლეს, სა­ნამ ბიბ­ლი­ო­თე­კის კა­რი კვ­ლავ გა­იღო და მის ინ­გ­რე­მი თა­ღის ქვეშ გამ­ოჩნდა.
გაი­ცინებს? რო­გორც ხუმ­რო­ბას, ისე მი­იღ­ებს? ყვე­ლას თვა­ლებში, რომ­ლე­ბიც კი მას შეჰ­ყურებ­დნენ, მო­უთ­მე­ნელი ცნო­ბის­მოყ­ვა­რეო­ბა იხა­ტებ­ოდა, მაგ­რამ მის გამ­ოხედ­ვაში ცი­ვი უარი და მი­უკ­ა­რებ­ლობა ჩან­და მხო­ლოდ. ის არც აღ­ელ­ვებული იყო, არც გა­ხა­რებული. გა­და­ჭარ­ბებული სია­მაყით, ზო­მა­ზე მე­ტად წელ­ში გა­მართული თა­ვი­სი ად­გილისკ­ენ გა­ე­მარ­თა და უხ­მოდ დაჯ­და.

- რა მოხ­და, ბლანშ? - მი­მარ­თა მას ლორ­დ­მა ინ­გ­რემ­მა.
- რა გითხ­რა, გე­ნაც­ვა­ლე? - შე­ე­კი­თხა მე­რი.
- რას ფიქ­რობ, რა შთა­ბეჭ­დილე­ბა დატ­ოვა? მარ­თლა მი­სან­ია? - ეკი­თხებ­ოდა ორი­ვე და - ლუ­ი­ზა და ემი ეშ­ტონები.
- ახ­ლა, ბატ­ონებო, - უპას­უხა მის ინ­გ­რემ­მა, - ნუ გა­და­მე­კი­დებით. ვხე­დავ, ყვე­ლა ძალ­იან დაი­ნტე­რე­სებული და გუ­ლუბ­რ­ყ­ვი­ლოდ აღ­ელ­ვებული ხართ ამ ამ­ბით. თქვენ, ყვე­ლამ, დე­და­ჩემის ჩათ­ვ­ლით, ისე­თი ხმა­უ­რი ატე­ხეთ, ალ­ბათ, გულ­წ­რ­ფე­ლად გჯე­რათ, რომ ჩვენს სახ­ლ­ში ნამ­დ­ვი­ლი მი­სა­ნი ქა­ლი იმ­ყო­ფე­ბა, რო­მელ­საც სუ­ლი ეშ­მა­კისთვის მი­უ­ყი­დია. მე კი ბო­შა მა­წან­წა­ლა მკი­თხავი ვნა­ხე. ის ძვე­ლებ­ურად ხელ­ისგულზე მკი­თხაობს და ის მითხ­რა, რა­საც, სა­ერთოდ, ასე­თი მო­ხეტ­ია­ლე მა­წან­წა­ლები ამ­ბობენ ხოლ­მე. ჩე­მი ახ­ირებული ცნო­ბის­მოყ­ვა­რეო­ბა და­კ­მაყ­ოფილებ­ულია. ახ­ლა კი, ვფიქ­რობ, მის­ტერ ეშ­ტო­ნი კარგს იზამ­და, რომ ეგ კუ­დიანი ჯად­ოქარი სარ­დაფში ჩა­ემ­წყვდია ხვალ დი­ლამ­დე, რო­გორც და­ემ­უქრა.

მის ინ­გ­რემ­მა წიგ­ნი აიღო და სა­ვარ­ძელში ღრ­მად ჩა­ეშ­ვა. ამით უარი თქვა საუ­ბარ­ზე. და­ახ­ლოებით ნა­ხე­ვარი სა­ათი თვალ­ყურს ვა­დევ­ნებდი და ამ დრო­ის გან­მავ­ლობაში ერ­თი ფურ­ცე­ლიც არ გა­დაუ­შლია. სა­ხე­ზე წამ­იე­რად რა­ღ­აც ნა­ღ­ველი გა­დაუ­რბენ­და ხოლ­მე და უკ­მაყ­ოფილე­ბა და უიმედ­ობა ეხა­ტებ­ოდა. ჩან­და, სა­კუ­თარ თავ­ზე ვე­რა­ფერი სას­იამოვნო მო­ის­მი­ნა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძალ­იან ცდი­ლობ­და, გულ­გ­რი­ლო­ბა გამ­ოეჩ­ინა, მის­მა ხან­გრძლივმა და­ნა­ღვ­ლია­ნე­ბამ და დუ­მილ­მა და­მარ­წმუნა, რომ მი­სა­ნი ქა­ლის სიტყ­ვებ­მა მას­ზე დი­დი გავ­ლე­ნა მო­ახ­დინა.
ამ დროს მე­რი ინ­გ­რე­მი, ლუ­ი­ზა და ემი ეშ­ტონები კი აც­ხა­დებ­დნენ, მას­თან მარ­ტო შეს­ვლას ვერ გავ­ბე­დავთო, თუმ­ცა ისიც ეტ­ყობოდათ, რო­გორ ძალ­იან უნ­დო­დათ მი­სი ნახ­ვა. მო­ლა­პა­რა­კ­ე­ბა და­იწყო: შუა­მავლის როლს ისევ სე­მი ას­რულებ­და. რო­დე­საც სე­მი სა­კ­მაოდ დაი­ქან­ცა აქეთ-იქით სი­ა­რულ­ით და ეს ყო­ველ­ივე სა­კ­მაოდ მოს­წონ­და კი­დეც, ავ­გულმა სი­ბი­ლამ ძლივს გა­ნაც­ხა­და თან­ხმობა, სამ­ივე ქა­ლიშ­ვი­ლი ერ­თად შე­სუ­ლი­ყო მას­თან.

მათ­მა საუ­ბარ­მა, მის ინ­გ­რე­მის საუ­ბარ­თან შე­და­რებით, დიდ ხმა­ურ­ში ჩა­ია­რა. ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან ახ­ლა ის­ტე­რი­უ­ლი კი­სკისი და უცა­ბედი წამ­ოკი­ვლების ხმა გამ­ოდიოდა. ოცი წუ­თი გავ­იდა და, თით­ქოს ში­შის­გან გონ­და­კ­არ­გულები არ­იანო, ქალ­იშვილები ისე შემ­ოცვივდნენ სა­დარ­ბაზო ოთახ­ში.
- ის შეშ­ლილია! - კი­ვი­ლით ამ­ბობდნენ ისი­ნი და ერ­თმა­ნეთს არ აც­დიდნენ. - ისე­თი რა­მე­ები გვითხ­რა! ყვე­ლა­ფერი იცის ჩვენ­ზე! - და სი­ცი­ლის­გან დაო­სებულნი, სულ­მო­უთ­ქ­მე­ლად გა­დაც­ვივდნენ სა­ვარ­ძლებში, რო­მელ­თა შე­თა­ვა­ზე­ბა ჯენ­ტლმე­ნებ­მა ძლივ­ს­ღა მო­ას­წრეს.
რო­დე­საც ყვე­ლა­ფერი კი­დევ უფ­რო დაწ­ვრილებით გამ­ოიკი­თხეს, ქალ­იშვილებ­მა გა­ნაც­ხა­დეს, რომ ბო­შა ქალ­მა ისიც კი იცო­და, რას ამ­ბობდა და აკ­ე­თებ­და თი­თო­ე­უ­ლი მათ­განი ჯერ კი­დევ ბავ­შვობაში. წიგ­ნე­ბი და ბუ­დუ­ა­რის მორ­თუ­ლო­ბაც კი ჩამ­ოეთ­ვა­ლა, რაც თი­თო­ე­ულს შინ ჰქონ­და. ის საჩ­უქრებიც კი იცო­და, რომ­ლე­ბიც რო­მელ­იმე ნა­თე­სავს ოდეს­მე ეჩ­უქებ­ინა. მა­თი აზ­რით, მან თი­თო­ე­უ­ლის ოც­ნე­ბა და ფიქ­რიც კი ამ­ოიკი­თხა. ყურ­ში ჩუ­მად ჩას­ჩურჩულა იმ ადამ­ია­ნების სა­ხე­ლები, რომ­ლე­ბიც მათ ყვე­ლა­ზე მე­ტად მოს­წონ­დათ ამ­ქვეყ­ნად და ისიც კი უთხ­რა, ვის რა იდუ­მა­ლი სურ­ვი­ლი ჰქონ­და გულ­ში ფარ­ულად შე­ნახული.

აქ კი ჯენ­ტლმე­ნები საქ­მეში ჩა­ერ­ივნენ და და­ჟი­ნებით მო­ითხო­ვეს, ქალ­იშვილებს უფ­რო ნათ­ლად ეღ­ია­რებ­ინათ ყვე­ლა­ფერი, რაც მათ საუ­ბარში სულ ბო­ლოს წარ­მოთ­ქ­მულ ორ წი­ნა­და­დე­ბას შე­ე­ხებ­ოდა. მაგ­რამ ასულ­ნი ასე­თი და­ჟი­ნებული თხოვ­ნის სა­პასუხოდ მხო­ლოდ წით­ლ­დებ­ოდნენ, ხან­და­ხან თუ წამ­ოიძა­ხებ­დნენ რა­მეს და მე­რე ისევ უცებ ჩუმ­დებ­ოდნენ. ისი­ნი მღ­ელ­ვა­რებ­ისგან თრთოდ­ნენ და მათ მო­მა­ბეზ­რე­ბელ შე­კი­თხვებ­ზე გუ­ლია­ნად კი­სკი­სებ­დნენ. ხან­ში შე­სუ­ლი მან­დილოსნები კი მა­რა­ოების ქნე­ვით თავს დას­ტრია­ლებ­დნენ და ძმარ­ში შე­ზა­ვებულ ნელ­სურნე­ლე­ბას აყ­ნოსებ­დნენ. ამას­თა­ნა­ვე, გან­უწყვეტლივ აგ­ონებ­დნენ, რო­გორ აფ­რთხილებ­დნენ და არ აძ­ლევ­დნენ ნე­ბას, ასე­თი დაუ­ფიქრე­ბელი საქ­ციელი ჩა­ედ­ინათ.
უფ­რო­სი ჯენ­ტლმე­ნები იცი­ნოდ­ნენ, ახალ­გაზ­რდები კი ძა­ლით თავს ახ­ვევ­დნენ თავ­იანთ სამ­სახურს მღ­ელ­ვა­რებ­ისა­გან ათ­რთოლებულ მშვენ­იერ ას­ულებს. ამ ჩოჩ­ქოლ­ში და იმ დრო­ის გან­მავ­ლობაში, რო­დე­საც ჩე­მი თვა­ლი და ყუ­რი მთლია­ნად იმ სა­ნა­ხაობით იყო გარ­თუ­ლი, რაც ჩემ წინ ხდებ­ოდა, ვიგ­რ­ძე­ნი, რომ ვიღ­აც იდაყ­ვზე შე­მეხო. მოვ­ტ­რი­ალ­დი და სე­მი დავ­ინა­ხე.
- თუ შეი­ძლე­ბა, მის, ბო­შა ქა­ლი აც­ხა­დებს, რომ აქ კი­დევ ყო­ფი­ლა ერ­თი ახალ­გაზ­რდა გაუ­თხოვარი ლე­დი, რო­მე­ლიც მას­თან არ შეს­ულა და იფი­ცე­ბა, რომ აქე­დან ფეხ­საც არ მო­იც­ვ­ლის, სა­ნამ ყვე­ლას არ ინახ­ულებს. ვფიქ­რობ, ეს თქვენ უნ­და იყოთ. სხვა ასე­თი აქ აღ­ა­რავინ არის. რა პა­სუ­ხი გავ­ცე?
- ოჰ, აუ­ცილებ­ლად წამ­ოვალ, - ვუ­პას­უხე მე. გამ­იხარ­და კი­დეც, რად­გან ეს მო­უ­ლოდ­ნე­ლი შე­საძ­ლებ­ლობა ჩემს აგ­ზნებულ ცნო­ბის­მოყ­ვა­რეო­ბას და­ა­კ­მაყ­ოფილებ­და. ყვე­ლასთვის შეუ­მჩნევ­ლად ოთახ­იდან გა­ვედი და კა­რი წყნა­რად მივ­ხუ­რე. ისი­ნი, ყვე­ლანი, მღ­ელ­ვა­რებ­ისგან ათ­რთოლებული სა­მი ქა­ლიშ­ვი­ლის გარ­შემო შე­კ­რებ­ილიყვნენ, რომ­ლე­ბიც ის იყო, ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან გამ­ოვიდნენ.
- თუ გნე­ბავთ, მის, - მითხ­რა სემ­მა, - მე და­გიც­დით დე­რე­ფანში. თუ შე­გეშ­ინდეთ, დამ­იძა­ხეთ და მაშ­ინვე შემ­ოვალ.
- არა, სემ, სამ­ზა­რეულოში დაბ­რუნ­დით, სრუ­ლებ­ითაც არ მეშ­ინია.
ნამ­დვილად არ მეშ­ინოდა, მაგ­რამ ძალ­იან დაი­ნტე­რე­სებული და აღ­ელ­ვებული კი ვი­ყა­ვი.


თა­ვი ოცდამეორე 

ბიბ­ლი­ო­თე­კ­აში სრუ­ლი სიმ­შ­ვი­დე დამ­ხვდა. მი­სა­ნი მო­ხუ­ცი ქა­ლი, თუ ის მარ­თლა მი­სა­ნი იყო, ბუხ­რის კუ­თხეში დად­გ­მულ სა­ვარ­ძელში მშვი­დად იჯ­და. მას წი­თე­ლი ლა­ბა­და ჰქონ­და წა­მოს­ხ­მუ­ლი და თავ­ზე რა­ღ­აც შა­ვი ეხ­ურა, უფ­რო სწო­რად, ფარ­თოფარ­ფლებ­იანი ბო­შუ­რი ქუ­დი, რო­მე­ლიც ნიკ­აპ­თან ზო­ლი­ა­ნი ცხვირ­სა­ხო­ცით შე­ე­კ­რა. მაგ­იდა­ზე ჩამ­ქრალი სან­თელი იდო. ის ცეც­ხლისკ­ენ გა­დახრილიყო და, ჩან­და, რა­ღ­ა­ცას კი­თხულობდა პა­ტა­რა შავ წიგ­ნ­ში, რო­მე­ლიც ცეცხ­ლის შუქ­ზე უფ­რო ლოც­ვე­ბის წიგნს ჰგავ­და. სიტყ­ვებს ბუტ­ბუ­ტით გამ­ოთქვამ­და თა­ვის­თ­ვის, რო­გორც კითხ­ვის დროს, ჩვეუ­ლებრივ, მო­ხუც­მა ქა­ლებ­მა იცი­ან ხოლ­მე. ჩემ შეს­ვლა­ზე კი­თხვა მაშ­ინვე არ შეუ­წყვეტ­ია. ეტ­ყობა, უნ­დო­და, სტრი­ქო­ნი ბო­ლომ­დე ჩა­ე­თა­ვებ­ინა.

შე­ვედი თუ არა, ბუხ­რისკ­ენ გა­ვეშ­ურე, ცეცხ­ლის პი­რას, ხალ­იჩა­ზე შევ­დექი და ხე­ლებს ვით­ბობ­დი. სას­ტუმ­რო ოთახ­ში ბუხ­რი­დან სა­კ­მაოდ შორს ვი­ჯე­ქი და გავ­ყინულიყავი. ბო­შა ქა­ლის და­ნახ­ვა­ზე სრუ­ლი­ად დავ­მ­შ­ვიდ­დი, რად­გან მის გა­რეგ­ნობაში ისე­თი ვე­რა­ფერი შე­ვამ­ჩნიე, რა­საც ჩე­მი სუ­ლი­ე­რი სიმ­შ­ვი­დის და­რღ­ვე­ვა შე­ეძლო. მან წიგ­ნი დახ­ურა და აუ­ჩქა­რებ­ლად მა­ღ­ლა აი­ხე­და. ქუ­დის კი­დე სა­ნა­ხევროდ ჩრდილს ჰფენ­და მის სა­ხეს, მაგ­რამ მე ის მა­ინც შე­მეძლო და­მე­ნა­ხა, რად­გან ქუ­დი ოდ­ნავ ზე­ვით ას­წია. ძალ­იან უც­ნა­უ­რი მეჩ­ვე­ნა. სა­ხის კა­ნი თით­ქოს ყავ­ისფერი თუ მეტ­ისმე­ტად შა­ვი ჰქონ­და. თეთ­რი თავ­საფრის ქვეშ, რო­მე­ლიც ნიკ­აპ­თან ჰქონ­და შე­კრული და ყბებ­საც სა­ნა­ხევროდ უფა­რავ­და, წყლის კა­ცი­ვით გა­ჩეჩილი, ყალ­ყზე მდგა­რი თმა აქა-იქ მო­უ­ჩან­და. უცებ ზე­მოთ აი­ხე­და და თვა­ლი თვალ­ში გამ­იყა­რა. მი­სი გამ­ოხედ­ვა მეტ­ისმე­ტად გა­ბედული და პირ­და­პი­რი იყო.

- კე­თი­ლი, თქვენ გინ­დათ, რომ ბე­დი გი­წი­ნას­წარ­მეტ­ყველოთ? - მკი­თხა მან ისე­თი მტკი­ცე ხმით, რო­გო­რიც გამ­ოხედ­ვა ჰქონ­და და ისე­ვე უხე­შად, რო­გორც მი­სი სა­ხის ნა­კვ­თები მეჩ­ვე­ნა.
- მე ამას დიდ მნიშ­ვ­ნელ­ობას არ მივ­ცემ, დე­დი­ლო. თუ თქვენ ეს გსი­ამ­ოვნებთ, მიმ­კი­თხა­ვეთ, მაგ­რამ ვალ­დებული ვარ, გა­გაფრთხილოთ, რომ მე მკი­თხაო­ბისა არა­ფერი მწამს.
- თქვენ­გან ასე­თი უკ­მეხ­ობა გა­სა­კვირი არ არის, ამას ვე­ლო­დი; ეს თქვე­ნი ფე­ხის ნაბ­იჯიდან გამ­ოვა­რკვ­იე, რო­დე­საც ზღურბლს გად­მოს­ც­დით.
- მარ­თლა? ძალ­იან მახ­ვი­ლი სმე­ნა გქო­ნი­ათ.
- დი­ახ, მაქვს. თვა­ლი და გო­ნე­ბაც ასე­ვე მიჭ­რის.
- ეს ყვე­ლა­ფერი თქვენს ხელ­ოვნე­ბას სჭირ­დე­ბა.
- რა თქმა უნ­და, რო­დე­საც ისე­თი ადამ­იანი შეგ­ხვდე­ბა, რო­გო­რიც თქვე­ნა ხართ. რა­ტომ არ კა­ნკ­ა­ლებთ?
- არ მცი­ვა.
- რა­ტომ არ ფით­რ­დე­ბით?
- ავად არა ვარ.
- რა­ტომ არ გჯე­რათ ჩე­მი ხელ­ოვნების?
- მე სუ­ლე­ლი არა ვარ.
მო­ხუც­მა ჯად­ოქარ­მა თა­ვი­სი ქუ­დის შე­სა­კ­რავ­ქვეშ მალ­ულად ჩაი­ხითხითა, თით­ქოს ხვიხ­ვი­ნებ­სო. შემ­დეგ მოკ­ლე შა­ვი ჩი­ბუ­ხი ამ­ოიღო, თით­ქოს მშვიდ­დებ­ოდა. შემ­დეგ მოხ­რი­ლი სხე­უ­ლი წამ­ოსწია. ჩი­ბუ­ხი პი­რი­დან გამ­ოიღო და ცეცხ­ლის­თ­ვის თვა­ლი არ მო­უ­შო­რებ­ია, ისე და­მარცვლით მითხ­რა:
- ვატყობ, გცი­ვათ კი­დეც, ავა­დაც ხართ და სუ­ლე­ლიც იქ­ნე­ბით.
- დამ­იმტკი­ცეთ, - შე­ვეს­იტყვე მეც.
- დი­ახ, სულ რამ­დენ­იმე სიტყ­ვით დაგ­იმტკი­ცებთ: გცი­ვათ იმი­ტომ, რომ სულ მარ­ტოდმარტო ხართ ამ­ქვეყ­ნად; არავ­ითარი ურ­თი­ერ­თობა არა გაქვთ ისეთ ადამ­იან­თან, რო­მელ­მაც ის ცეცხ­ლი უნ­და გა­ა­ღვივოს, რაც თქვენს სულ­ში იმა­ლე­ბა; ავა­და ხართ იმი­ტომ, რომ უძ­ვირ­ფა­სესი და უტკ­ბესი გრძნო­ბე­ბი ისეთ ადამ­იანს შეს­წირეთ, რო­მე­ლიც თქვენ­გან ძალ­იან შორს არის; სუ­ლე­ლი კი იმი­ტომ გი­წო­დეთ, რომ, თუმ­ცა ძალ­იან იტან­ჯებით, მა­ინც თავს არ იწუ­ხებთ, რომ ბედ­ნიე­რე­ბა რო­გორ­მე დაგ­იახ­ლოვდეთ; ერ­თი ნა­ბი­ჯიც კი არ გა­დაგ­იდგამთ იმ მხა­რეს, საი­თაც ის გელ­ოდე­ბათ.
მან კვ­ლავ მი­ი­ტა­ნა მოკ­ლე, შა­ვი ჩი­ბუ­ხი პირ­თან და თამ­ბაქოს მო­წე­ვა დი­დი მონ­დო­მე­ბით გა­ნა­ახ­ლა.
- თქვენ შეგ­იძლიათ ყვე­ლა­ფერი ეს უთხ­რათ თით­ქ­მის ყვე­ლას, ვინც შეგ­ხვდე­ბათ ასე გან­მარ­ტოებ­ულად მცხოვ­რე­ბი და სხვა­ზე დამ­ოკი­დებული ასეთ დი­დე­ბულ ოჯახ­ში.
- შემ­იძლია, რა­სა­კვ­ირველ­ია, ყვე­ლას ვუთხ­რა, მაგ­რამ მარ­თალი იქ­ნე­ბა თუ არა ყვე­ლასთვის?
- თუ ჩემს მდგო­მა­რეო­ბაში იქ­ნე­ბა, რა თქმა უნ­და.
- დი­ახ, სწო­რედ ასე­ა, თუ თქვენს მდგო­მა­რეო­ბაში იქ­ნე­ბა, მაგ­რამ მი­პო­ვეთ მეო­რე სავ­სებით ისეთ­ივე მდგო­მა­რეო­ბაში მყო­ფი, რო­გორ­შიც თქვე­ნა ხართ.
- ძალ­იან ად­ვილად შეი­ძლე­ბა მო­ი­ნა­ხონ ასე­თები.
- თქვენ ერ­თსაც ვერ მი­პო­ვით; თქვე­ნი მდგო­მა­რეო­ბა მთლად გან­სხვა­ვებ­ულია; თქვენ ბედ­ნიე­რე­ბას­თან სულ ახ­ლოს ხართ; თით­ქ­მის ყვე­ლა­ფერი მიღ­წეული გაქვთ; ყვე­ლა პი­რო­ბა მომ­ზა­დებ­ულია; მხო­ლოდ ერ­თი ხე­ლის გან­ძრე­ვაა სა­ჭი­რო და ყვე­ლა­ფერი ერ­თმა­ნეთს და­უკ­ავ­შირდე­ბა; ისი­ნი ერ­თმა­ნეთს შემ­თხვე­ვამ გა­ნაშ­ორა; ნე­ბა მი­ე­ცით, რომ შე­ერ­თდნენ და ნე­ტა­რე­ბაც თქვენს ხელთ იქ­ნე­ბა.
- მე ქა­რაგ­მები არ მეს­მის. ერ­თი გამ­ოცა­ნაც არ გამ­ომიცნია ჩემს სი­ცოცხ­ლე­ში.
- თუ გინ­დათ, უფ­რო გა­რკ­ვევით გე­ლა­პა­რა­კოთ, ხე­ლის­გუ­ლი მო­მე­ცით, რომ ბე­დი გი­წი­ნას­წარ­მეტ­ყველოთ.
- ვფიქ­რობ, ზედ ვერ­ცხ­ლის ფუ­ლი უნ­და იყოს, არა?
- რა თქმა უნ­და.
მე მას ერ­თი ში­ლინ­გი მი­ვე­ცი. მან ის ძვე­ლი წინ­დის ყელ­ში შეი­ნა­ხა, რო­მე­ლიც ჯი­ბი­დან ამ­ოიღო. ყულ­ფი გამ­ონა­სკ­ვა, უკ­ან­ვე ჩა­ი­დო ჯი­ბე­ში და მითხ­რა, ხე­ლის­გუ­ლი მეჩ­ვე­ნებ­ინა. მეც ასე მო­ვი­ქე­ცი. მან სა­ხე ჩემს ხელ­თან ახ­ლოს მო­ი­ტა­ნა, და­ჟი­ნებით და­აც­ქერ­და, მაგ­რამ არ შე­ხებ­ია.
- რა მშვენ­იერი ხელ­ია, - მითხ­რა მან. - არ შემ­იძლია ასეთ ხელ­ზე მკი­თხაო­ბა, ზედ ერ­თი ხა­ზიც კი არ ემ­ჩნე­ვა, მაგ­რამ იცით, რას ვამ­ჩნევ მას­ზე? ბე­დი არ გი­წერ­იათ.
- მჯე­რა თქვე­ნი, - დავ­უდას­ტურე მეც.
- არა, - გა­ნაგრძო მან, - ის თქვენს სა­ხე­ზე ყო­ფი­ლა აღ­ბეჭდილი, შუბ­ლ­ზე, თვა­ლის უპე­ებში, თვა­ლებ­სა და ტუ­ჩის კუ­თხე­ებში. დაი­ჩოქეთ და თა­ვი ას­წიეთ.

იხილეთ წინა თავები
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93