თათული ღვინიანიძე მკითხველმა რომანით - „აღიარება ხელისგულზე“ გაიცნო, რომელიც 2018 წლის ბესტსელერია.
თათული ლიტერატურული კონკურსის - „გახდი ბესტსელერის ავტორი 2017"-ის გამარჯვებულია.
***
- გაუცნობიერებლად, მაშინაც კი, თუ თვალით არასდროს გინახავს და ხელით არასდროს შეხებიხარ შენს შვილს, გიყვარს, უპირობო და უცნაური სიყვარულით, რომელიც უწინ არავის მიმართ გიგრძვნია. გიყვარს, ვინც უნდა იყოს, როგორიც უნდა დაიბადოს და რამხელა ტკივილიც უნდა მოგაყენოს.
- აბორტი გადაიფიქრე?
-კი. ძალიან მრცხვენოდა, რომ ტყუპების მოშორება აზრად გავივლე. ზოგს სჯერა, რომ ოცდაორ კვირამდე შეგიძლია, სურვილისამებრ, მოსპო ემბრიონი, რადგან ადამიანი არ არის. თავიდან არავინ ეჭვობს, რომ მასზე ფიქრი მთელი ცხოვრება თან გაჰყვება. ფეხმძიმობისას ხვდები, რომ ვაგინა მხოლოდ სექსისთვის არ გაქვს; მკერდი შენი შვილის სიცოცხლის ელექსირის მარაგია; ხელები ციხე-სიმაგრეა შენი პატარასთვის, განსაცდელს რომ აარიდო ან ავადმყოფი გულში ჩაიკრა. ხოლო ფეხებს შვილების საწოლთან მიჰყავხარ და ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა შენთვის.
***
რაც უფრო სულელი ხარ, მით უფრო მარტივად ცხოვრობ. ყველა განსაცდელის საწყისი ფიქრია... ფიქრი, რომელსაც ვერ აკონტროლებ, რომელიც წარსულში გაბრუნებს და შენს სამარცხვინო საქციელებს ნეხვივით სახეზე გისვამს. შენი ცოდვები ყარს. ამ სუნს ვერსად წაუხვალ, რამდენჯერაც უნდა ჩამოიბანო, რადგან ჯერ საკმარისად არ გიტირია, არ გიტანჯია.
***
- ყველა, ვისაც ვეძმაკაცები, ჩემი ნამდვილი მეგობარი არ არის.
- ადამიანებს იყენებ...
- ისინიც მიყენებენ. უფრო სწორად, თავს ვაყენებინებ, თუ მაწყობს.
***
ანდრო მტრულად შეათვალიერა. აშკარად არ მოეწონა. უფრო სწორად, ძალიან მოეწონა, კონკურენტად მიიჩნია და სწორედ მაგიტომ ერთი ნახვით შეიძულა.
- შეიძლება ცალკე ვილაპარაკოთ? - მივმართე.
- არა მგონია, რამე გვქონდეს სალაპარაკო.
- ცდები. - ხელკავი გამოვდე და მასთან ერთად თვალს მოვეფარე.
- ე.ი შეყვარებულია... - ძალით ჩაიცინა.
- მგონი... ერთად ვცხოვრობთ, მაგრამ პირდაპირ არასდროს გვილაპარაკია ჩვენი ურთიერთობის სტატუსზე.
- კარგია კაცისთვის ურთიერთობა ვალდებულებების გარეშე... - ცინიკურად წაისისინა.
- გეყოფა!
- გამაგებინე, როგორ არ იცი, შეყვარებულები ხართ თუ არა, როცა სექსი გაქვთ?
- გაიზრდები და მიხვდები.
- არა, გმადლობ, არ მინდა, რომ მივხვდე. მე არც პასუხისმგებლობების მეშინია, შენი ბიჭისგან განსხვავებით, არც - სტატუსის. მის შემთხვევაში კი ყველაფერი გასაგებია, მაგრამ შენ რა სარგებელს იღებ მაგ ურთიერთობისგან?
- ყველაფერს ხეირისთვის არ აკეთებენ ადამიანები. შეიძლება, უბრალოდ, გსიამოვნებდეს ვინმესთან ყოფნა. დაგავიწყდა, როგორი ცოლის მოყვანა გინდოდა?
- შენნაირის... უბრალო გოგოსი.
- უბრალო გოგოსთან ყოფნა რა სარგებელს მოგიტანდა?
- თავისუფლებას.
***
მოულოდნელად, შენობაში ორი ჟურნალისტი შემოვარდა. ჯადოქრებივით არსაიდან გამოჩენა იდეალურად ეხერხებათ. მიკროფონები ეჭირათ ხელში... მიკროფონები, რომლებითაც სულ სიმართლე უნდა ელაპარაკათ; მიკროფონები, რომლებითაც ხალხის ხმა ხელისუფლებამდე უნდა მიეწვდინათ; მიკროფონები, რომლებითაც ამავე ხალხისთვის საზოგადოებრივ პრობლემებსა და კანონდარღვევებზე უნდა მოეთხროთ. ერთი შეხედვით, კეთილშობილური საქმე - მათი ნამდვილი მისია და დანიშნულება - რეიტინგული სიუჟეტებისა და სიახლეების ძიებისას, მაყურებლის ხაფანგად იქცა. დიახ, ისინი ადამიანების ემოციებზე თამაშობდნენ! თითქმის ვერავინ, ჩემი ჩათვლით, ვერ გადის ჟურნალისტიკის ბეწვის ხიდზე, განდიდების სურვილის ხრამში ცვივდებიან და ეგოს ეწირებიან: აბა, პროდიუსერმა შემაქოსო.. ჩემს სიუჟეტზე საყოველთაო აჟიოტაჟი ატყდესო.
წიგნის შეძენა შეგიძლიათ „ბიბლუსის“ წიგნის მაღაზიათა ქსელში.