იაგო თვალაბეიშვილი ლიტერატურული კონკურსის - „გახდი ბესტსელერის ავტორი 2018"-ის ერთ-ერთი გამარჯვებულია. იაგო ჟიურის რჩეული გახდა. მისი სადებიუტო რომანი - „ტრანსმუტაცია“ შეგიძლიათ შეიძინოთ „ბიბლუსის“ წიგნის მაღაზიათა ქსელში.
- „მაგრა არ მევასება რა ეს ფიქრი, ტვინს გიღლის და ცხოვრებას არ გაცლის.“
- „ის, რაც ერთი შეხედვით შემზარავი ჩანს, სინამდვილეში შეიძლება სრულიად უწყინარი და თან, რაც ყველაზე მთავარია, სასარგებლო აღმოჩნდეს!“
- „საერთოდ ხო ასეთია ცხოვრება, ზოგს უხარია, ზოგს - არა, ზოგისთვის კიდე ყველაფერი სულერთია.“
- „თურმე აღმართს აუცილებლად დაღმართი მოსდევს და პირიქით. ასე ყოფილა მამაზეციერისგან დაწესებული.“
- „მანქანებს რას ვერჩი, როცა ქვეითად მოსიარულეები უარესები არიან: გლადიატორებივით დარაზმულები დააბიჯებენ, დააბიჯებენ კი არა, მწყობრი ნაბიჯით დარბიან: რაზ, დვა, რაზ, დვა, ტრი. ტიპები გვერდითაც არ იყურებიან და სახეებზე მხოლოდ ზიზღი ახატიათ. აი, თუ მოხდა საოცრება და შემოგხედეს, ეგრევე გრძნობ, რა ხოშიანად ეზიზღები. არადა, არ იცი, რა დაუშავე ან რა გაუფუჭე. უბრალოდ ესე, ეზიზღები და მორჩა რა.“
- „თუ ამბობენ ზუსტად, იმენა მაგის გამო ვიპრანჭებით, რო საკუთარ თავებს ვასიამოვნოთო, ან მაგრა იტყუებიან, ან კიდე მაგარი ნარცისები არიან და თავში ბლომად ქარი უქრით.“
- „იმ სურნელს რა ჯობია, წვიმაგადავლილი ასფალტი და მიწა რო აფრქვევს ხოლმე ქალაქში.“
- „ვერ ვიტან ექიმებს, რაღაცნაირი უგულო ხალხია, ტირილის კი არა, ღიმილის ფასიც დაკარგული აქვთ.“
- „ხალხი ირეოდა და ხალხი ფუსფუსებდა, ღრუბელთა შორის კი ისე იწვა მთვარე, როგორც დატყვევებული ვამპირის ცხედარი ვერცხლის კუბოში. მთვარე. რახანია მთვარე არ შემინიშნავს. ანდა, რა დროს მთვარეა. მეც ვიტყვი ხოლმე, მარა არა უშავს, საერთოდ, არაფერს უშავს ამქვეყნად.“
- „თბილისი გაზაფხულის საღამოს მღვრიე ბურუსში გახვეულიყო მართლა. მარა მარტო ბურუსი არ ყოფილა, ქალაქის მტვერი და სიბინძურეც იქნებოდა ალბათ, საშველად რო მაღლა ასულიყო და პლანეტიდან გაქცევას ლამობდა.“
„იაგო თვალაბეიშვილის „ტრანსმუტაცია“ სრულიად მოულოდნელი რომანია. წარმოიდგინეთ კაფკა და მისი „გარდასახვა“, ანუ „მეტამორფოზა“ - ადამიანი გახდა მწერი, ანუ ბიოლოგიურ კიბეზე ჩავიდა. ბუნების მბრძანებლის სტატუსიდან სამყაროს სარდაფში ჩავიდა. ახლა ავიღოთ ეს სახელგანთქმული კაფკა, გადავაბრუნოთ და მივიღებთ „ტრანსმუტაციას“ - ადამიანი ხდება მანქანა.
პირველ პირში დაწერილ რომანში უნივერსიტეტში სწავლაზე გულაცრუებულ და მთლიანად კომპიუტერულ თამაშებზე გადართულ მთხრობელს ეტლში ჩამჯდარი ძმა და გულმოდგინედ მომეცადინე და ჰყავს. მთხრობელის უსაქმურობა მშობლებს აღიზიანებს, გაღიზიანებული მშობლები კი - მთხრობელს. მთხრობელის მოქმედებები სულ უფრო და უფრო ავტომატური ხდება, დის მუდმივი მეცადინეობა და ყურსაცვამებიც ავტომატიზმში გადადის, ხეიბარი ძმაც მექანიკურად ამთავრებს ხოლმე უფროსი ძმის წამოწყებულ კომპიუტერულ თამაშებს, მშობლები კი პირდაპირ მანქანებად გადაიქცევიან.
მშობელი-მანქანები ემსახურებიან შვილებს, მოაქვთ და მოაქვთ ფული, თავისთვის არაფერს ითხოვენ, სანამ არ გადაიწვებიან. მთხრობელი მშობლების რემონტს შეუდგება და ამ საქმის ბიზნესად ქცევას შეეცდება. ნიჭიერი ავტორის დაუოკებელი ფანტაზია, ერთი შეხედვით, მსუბუქი ტონებით ხატავს დღევანდელი სამყაროს სარკასტულ და ტრაგიკულ პორტრეტს." - ლევან ბერძენიშვილი, ლიტერატორი, კონკურსის ჟიურის წევრი.