"მეცხრე ფლიგელი" - ასე ჰქვია ქართულ დეტექტიური ჟანრის რომანს (თრილერს), რომლის ავტორი გახლავთ ახალგაზრდა მწერალი, თეა ინასარიძე.
აღწერა: ლუ ფოტოგრაფია. ის სამყაროს კამერის ობიექტივიდან უყურებს. რეალობა ისეთი მოსწონს, როგორიც მის ფოტოებზეა - ფერადი, ლამაზი და განსაკუთრებული, მაგრამ ყველაფერი მაშინ იცვლება, როდესაც ღამის კლუბში იდუმალებით მოცულ მამაკაცს გაიცნობს და აღმოაჩენს, რომ გაუცნობიერებლად ძალიან სახიფათო თამაშში ჩაერთო.
საიდუმლოს გაგების სურვილი მას მეცხრე ფლიგელში მიიყვანს...
სახლი ცოტა მივალაგე. მერე რძე დავისხი და სასტუმრო ოთახში დივანზე დავჯექი. ფეხები ავიკეცე და კედლის საათს გავხედე, - შვიდის ნახევარია. სწორად ვიქცევი, რომ არ მივდივარ? 100%-ით რომ ვიყო დარწმუნებული, მშვიდად ვიქნებოდი, ახლა კი მოუსვენრად ვარ.
ტელევიზორი ჩავრთე. ერთ-ერთი ქართული ჯგუფის ახალი კლიპი გადიოდა. ძალიან მომეწონა სიტყვები:
"გზებს და ხიფათებს არ ვეძებ არსად,
თვითონ ჩემს სულში ირხევიან ბეწვის ხიდები
და როგორც ქარში ანთებულ ასანთს,
შენთან შეხვედრის უნებართვო წამს ვუფრთხილდები".
ნეტავ დრო რომ გავა, ხომ არ ვინანებ, რომ არ წავედი შეხვედრაზე? ისე, არასოდეს არ უნდა გაუშვა ხელიდან ისეთი რამ, რაც ძალიან იშვიათად ხდება….
უცბად მივხვდი, რომ ჯობია გააკეთო ზედმეტი, ვიდრე არ გააკეთო არაფერი!
***
კარი ფრთხილად მომიხურა. მანქანას უკნიდან შემოუარა და თვითონაც ჩაჯდა. უხმოდ შევიკარი ღვედი. მისკენ
გახედვასაც ვერ ვბედავდი. პარალიზებული ვიყავი...
მანქანა დაქოქა და დავიძარით. წარმოდგენა არ მქონდა, სად მივყავდი. პირდაპირ ვიყურებოდი და ქუჩებს ვერ ვცნობდი. თითქოს ჩემი მეხსიერებიდან ამოიშალა ყველა არსებული მისამართი და ბავშვობიდან ჩემთვის კარგად ნაცნობი ადგილებიც უცხო გახდა.
- რატომ არ მეკითხები, სად მიმყავხარ? - აუღელვებლად მკითხა. ჩემკენ არც გამოუხედავს. მისმა ხმის ტემბრმაც მომნუსხა. ნერწყვი გადავყლაპე, რომ ყელში გაჩხერილი უხილავი ბურთი როგორმე სადღაც ქვემოთ ჩამეგორებინა.
- გინდა, რომ გკითხო? - ხმა ძლივს ამომივიდა.
- კითხვაზე კითხვით პასუხი პასუხის არქონაზე მეტყველებს! - ისევ არ შემომხედა, ისე გამცა პასუხი.
- ან მიანიშნებს იმაზე, რომ კითხვა უადგილო იყო.…
- ჩემი არ გეშინია? - მკითხა ცოტა ხნის შემდეგ. როგორც იქნა, თავი მისკენ მივატრიალე...
***
სიმარტოვეს ძალიან მივეჩვიე. თითქოს ბავშვობა გამოვტოვე, სამაგიეროდ დამოუკიდებელი გავხდი. ყოველთვის ვცდილობდი პრაგმატულად მემოქმედა და ჩემი ყოველი ნაბიჯი კარგად ამეწონ-დამეწონა.
აქამდე ამ თვისებას ჩემი ხასიათის მთავარ კომპონენტად მივიჩნევდი, მაგრამ ახლა დავფიქრდი. - ასე იმიტომ ხომ არ ვიქცეოდი, რომ საკუთარი თავი წინასწარ დამეცვა? დამეცვა, რომ დანაკარგი აღარ განმეცადა. იქნებ ამდენ მცდელობაში საკუთარი თავი დავკარგე? - ვინ იცის....
დიდ ოთახში მოვხვდი, რომლის დიზაინიც გემოვნებით იყო გაკეთებული. ოთახის სიღრმეში ულამაზესი დიდი ბუხარი მოჩანდა. ერთ ზომაზე დაჭრილი შეშა კედელში სპეციალურად დატანებულ ხვრელებში იყო შეწყობილი, ბუხრის წინ კი ღრუბელივით თეთრი ფუმფულა ხალიჩა ეგო.
სასტუმრო ოთახში ავეჯი არ იდგა. ძალიან გამიკვირდა. როგორც ჩანს, ეს სახლი ან ახლა იყიდეს, ან ყიდიან. ხალიჩას შემოუარა, კედლიდან შეშა გამოიღო და ბუხრის ანთება დაიწყო. ნეტავ თუ აპირებს ხმის ამოღებას?
არ დამელაპარაკება?..
თხელი კაბა მეცვა და შემცივდა.
- როგორ მოგმართო? - ვკითხე და ხალიჩის გვერდის ავლით ბუხართან მივედი. ჩაკუზულმა ქვემოდან ამომხედა.
- ჩვეულებრივ, შენობით!
- იუმორის გრძნობას ვაფასებ, მაგრამ რაღაცნაირად ხომ უნდა მოგმართო? რამე სახელი მითხარი, თუ გინდა მოიგონე, ჩემთვის სულერთია.…
- მართლა?
- მართლა!
- კარგი... დავუშვათ, გიორგი მქვია!
მგონი, ჩემს სხეულში ყოველი ნერვის დაბოლოება გაასმაგებული ძალით გადასცემდა ჩემს ტვინს მის თითოეულ შეხებას … - ორი ურთიერთსაპირისპირო ენერგია რომ დაეჯახება ერთმანეთს, ისე იყო ჩვენს შემთხვევაშიც. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ახალი სარკმელი გაიხსნა ჩემში და დიდი ხნის დაგროვილი ენერგია ძლიერი ნაკადით გამოიჭრა გარეთ.…
მისი წვერი სახეს ოდნავ მიკაწრავდა, მაგრამ ესეც კი მსიამოვნებდა. უცებ ხელები გამიშვა და შემომხედა.
- ლუ, შენ, ალბათ, სულ სხვა გარემოსა და ვითარებაში წარმოიდგენდი ამ მომენტს. მინდოდა, როდესაც ჩვენ შორის ეს წუთი დადგებოდა, შენთვის...…
პირზე ხელი მივაფარე.
- ჩვენ ვაქციოთ ეს დრო შესაფერისად.…
მატრასზე ჩავიმუხლე, შანდალი გვერდით მოვიდგი და ტუბუსი გავხსენი, დახვეული დიდფორმატიანი ფურცელი
ამოვიღე და გავშალე. შენობის ნახაზი იყო. სანთელი მივანათე. შენობა ძველებურ სასახლეს ჰგავდა და ცხრა ნაწილად იყო დაყოფილი. ერთ-ერთი ძალიან ჰგავდა კოშკს და წითელი ფანქრით "მეცხრე ფლიგელი" ეწერა. ქვემოთ გამოსახული ნახაზი დახურულ სივრცეს ჰგავდა, ბევრი გასასვლელ-გამოსასვლელით.
საინტერესოა, რისი ნახაზი უნდა იყოს?
- უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვი, რომ ჯერ არავის გაუმართლებია ჩემი იმედი. თუმცა მეც არ ვიცი, რისი იმედი მაქვს. კონკრეტულს კი არ ვეძებ რამეს. არც ვიცი, რა და სად მოვძებნო. საერთოდ, არაფერი ვიცი და ესაა, ალბათ, ჩემი მთავარი პრობლემა. მეტი უნდა ვიცოდე საკუთარ სურვილებზე, უნდა ვისწავლო საკუთარი თავის მოსმენა.
- იმიტომ, რომ აქამდე არ გიფიქრია და არა გაქვს გაცნობიერებული, რა გინდა! რისი პოვნა გინდა, მგონი, ვხვდები.
- რას?
- შენ ეძებ ადამიანს, მამაკაცს, რომელიც შენს ცხოვრებაში განსაკუთრებულად შემოვა,… მოულოდნელად შემოიჭრება! გააკეთებს იმას, რასაც ვერ წარმოიდგენდი, გაგაოცებს, აგაფორიაქებს, დაგაინტრიგებს, თავს დაგაკარგვინებს...
აივნის კარი გააღო და გავიდა. მეც გავყევი. მტრედებს გაეღვიძათ და კარადიდან ცაცხვის ხეზე გადაფრინდნენ, რომელიც ჩემი აივნის წინ იდგა. ხეზე რამდენიმე ადგილას ჩიტის ბუდის მსგავსი რაღაც იყო ტოტებში გახლართული.
ეს ადრეც შემიმჩნევია და ძალიან მიკვირდა, რას უნდა ნიშნავდეს ერთ ხეზე ხუთი თუ ექვსი მოზრდილი ბუდე, რომელსაც ფრინველები ახლოსაც არ ეკარებიან. იმ სიზმრებშიც სწორედ ეს ხე მესიზმრებოდა.
- ამ ბუდეებს ხედავ? რამხელებია... არ შეიძლება იქ დაიძინონ ამ მტრედებმა და არ დააბინძურონ ჩემი აივანი?..
- ეგ ფითრია! - მიპასუხა და მოაჯირს დაეყრდნო.
- რა არის?
- ფითრი... პარაზიტი მცენარეა. სხვადასხვა ფოთლოვან და წიწვოვან ხეზე პარაზიტობს. ძალიან შხამიანი ნაყოფი აქვს. საქართველოში მარტო ეს, თეთრი ფითრია გავრცელებული.…
- ზოგი ადამიანიც ასე არ არის?.. პარაზიტივით სხვის ხარჯზე ცხოვრობს.…
ჩემკენ შემობრუნდა და შემომხედა.
- გახსოვს, ბედნიერების რეცეპტზე რომ მკითხე?.. რატომ დამისვი ეგ შეკითხვა? - ვკითხე მოულოდნელად.
- ადამიანი ბედნიერია იმდენად, რამდენადაც სურს, რომ ბედნიერი იყოს. ყველას უნდა ბედნიერი იყოს, მაგრამ არც ერთ ადამიანს არ შეუძლია ზუსტად განსაზღვროს, რას ნიშნავს ბედნიერება, იმიტომ, რომ ის თვითონ ადამიანშია. ზოგი მხოლოდ ცხოვრების ბოლოს ხვდება, რომ თავს იტყუებდა და სჯეროდა, რომ ბედნიერი იყო. სინამდვილეში არ ყოფილა,… ბედნიერება გონების განწყობის მიხედვით
მოდის. ამიტომ ეძებე ის შენში და არა სხვაგან. გახსოვდეს, რომ დრო არავის უცდის და რაც მეტ დროს დაუთმობ ბედნიერების ძებნას იქ, სადაც არ არის, მით უფრო ნაკლები დრო დაგრჩება იმისთვის, რომ ბედნიერებით ისიამოვნო...
ჩემს ოთახში შევედი, ბარგი შესასვლელშივე დავტოვე და ფანჯარა გამოვაღე. მინდოდა იმ საუცხოო სურნელს ჩემს ოთახშიც შემოეღწია და ყოველი კუთხე-კუნჭული მოეცვა. ჩემი ფანჯარა ბაღს უკანა მხრიდან გადაჰყურებდა. სწორედ იმ მხარეს, სადაც ცამდე აზიდული კვიპაროსები იდგა. მარჯვნივ აუზი ჩანდა, მარცხნივ - ჩოგბურთის კორტი. წინ, კვიპარისებს შორის, ოდნავ მოჩანდა კოშკი, რომელსაც მხოლოდ ერთი პატარა სარკმელი ჰქონდა. ნეტავ ეს ხომ არ არის მეცხრე ფლიგელი? ნეტავ რა უნდა იყოს მანდ?..
- რას ნიშნავს არაცნობიერი ცდუნება და ფარული გზავნილი?
- აი, მაგალითად, როგორ უნდა მოახდინო გავლენა ადამიანზე ისე, რომ ვერაფერს მიხვდეს. არაცნობიერი აღქმა ისეთი სიგნალების გადაცემის შედეგად წარმოიქმნება, რომლებიც მიმღებისთვის ცნობიერად აღქმადი არ არის. ასეთი გზავნილები გავლენას ახდენს ადამიანის ფიქრის სტილზე, გრძნობებზე, ქცევაზე. ადამიანი გაუთვითცნობიერებლად ინახავს ინფორმაციას, რომლის შესახებაც
რეალურად არაფერი იცის. მიუხედავად ამისა, ამ ინფორმაციას მის ქცევაზე ზემოქმედება შეუძლია; ანუ ეს სიგნალები ადამიანის გონებაში ცნობიერად ვერ აღიქმება და შესაბამისად, ქვეცნობიერ გზავნილს წარმოადგენს, რაც ნიშნავს, რომ შენ შესაძლოა იღებდი გზავნილებს და რეაგირებდი ისე, რომ ვერც კი აცნობიერებდი მათ არსებობას.
მიხვდი? არ ვიცი, სხვანაირად როგორ აგიხსნა, მოკლედ, ოცდამეხუთე კადრის ეფექტივითაა.
***
არაცნობიერი ადამიანის ფსიქიკის ნაწილია, რომელშიც განდევნილი სურვილები, მისწრაფებები, გრძნობები და მოგონებები ინახება. პიროვნების დიდი ნაწილი მასში ღრმადაა ჩაძირული და თუ ადამიანის ქცევის გაგება გინდა, ჯერ მისი არაცნობიერი უნდა გამოააშკარაო.
ყდის ფოტო Indigo Fleur