ნოველები

უცხო ქვეყანა

 უცხო ქვეყანა
ეს ყველაზე ხანგრძლივი და დამღლელი მგზავრობა იყო ჩემს ცხოვრებაში. თუმცა, ვაღიარებ, ძალიან საინტერესო. ხშირად მიფიქრია, როგორია ცხოვრება ქალაქისგან მოშორებით, უზარმაზარი მთებით გარშემორტყმულ ადგილას, სადაც ყველაფერზე თავად უნდა იზრუნო. მოიყვანო მოსავალი, მოუარო პირუტყვს… ყოველდღე შეჰყურებდე ცას მიბჯენილ უკიდეგანო მყინვარწვერს და გასცქეროდე უსასრულო ჰორიზონტს… იცხოვრო იქ, სადაც სიჩუმეს მხოლოდ ძაღლის ყეფა, ძროხების ზმუილი, ცხენების ფლოქვების ხმაური და აქა-იქ, ბავშვების შეძახილები არღვევს…
სევდიანი მეჩვენა მთებში ქალების ცხოვრება. ისინი თითქმის არსად დადიან. მთელ დღეებს საკუთარ სახლებში ატარებენ. კლდეზე შეფენილი
უცნაური ქვის სახლების სახურავებზე სხედან და ცხვრის მატყლს ჩეჩავენ, რომ შემდეგ ხალიჩები მოქსოვონ… მუდამ ჩაფიქრებული სახეები აქვთ კავკასიელ ქალებს. ვინ იცის, იქნებ ყოველდღიურ საქმეში ჩაფლულები ვეღარც აღიქვამენ, თუ რა სილამაზეა მათ ირგვლივ…

მგზავრობამ ძალიან დამქანცა. გზის დიდი ნაწილი კლდეზე გადიოდა. აღმართს დაღმართი ცვლიდა, დაკლაკნილ ოღროჩოღრო ბილიკზე ცხენებსაც ძალიან უჭირდათ გავლა. ბევრჯერ მოგვიწია ეტლიდან ჩამოსვლა. ჩემი მეუღლე მონუსხული შესცქეროდა ყაზბეგის მთებს. უფსკრულის ნახვამაც ბავშვივით გაიტაცა, ბინოკლი ამომაღებინა ჩანთიდან და ძალიან დიდხანს იცქირებოდა ქვემოთ. ცდილობდა, უძირო უფსკრულის ფსკერი დაენახა. უცნაურია მთა. შუადღეს მზე ისე აცხუნებს, სუნთქვა გიჭირს, ხოლო როგორც კი მთებს მოეფარება, სიცივე ძვალ-რბილში ატანს.

ვატყობ, ჩემი მეუღლეც დაიღალა მგზავრობით. ამ ციებ-ცხელებამაც გათანგა და თბილ მოსასხამში გახვეულს, ეტლის მონოტონურ ჯანჯღარში მშვიდად ჩაეძინა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ცოტა არ იყოს, მაშფოთებს. დროდადრო ფერი წაუვა და შუბლს ცივი ოფლის წვეთები უნამავს…

თბილისამდე რამდენჯერმე, პატარა სასტუმროებში ვჩერდებოდით. ძირითადად ხმელ საწოლზე მიწევდა ძილი. ასე მეგონა, ვეღარასოდეს ჩამოვაღწევდით ქალაქში. მაგრამ როგორც იქნა, მცხეთას გავცდით და რკინიგზას მივადექით. ლიანდაგი უნდა გადაგვეკვეთა. ეტლი შლაგბაუმთან გაჩერდა და გარეთ გავიხედე. შორიდან შემზარავი ხმაური გაისმა, რომელიც სწრაფად გვიახლოვდებოდა, თითქოს მთები უნდა ჩამოიშალოსო. ჰაერს ნავთობის სუნი მოჰყვა. რამდენიმე წამში ორმოცდარვა ნავთობის ვაგონმა ჩაგვიარა წინ და მიწა ააზრიალა. ხმაური განელდა და ბოლოს მთლიანად მიწყდა. შლაგბაუმი გაიხსნა და გზა გავაგრძელეთ. ჩემი მეუღლე ინტერესით ათვალიერებდა ტფილისს, რომელიც შორიდან მოჩანდა.

ქალაქის თავზე უცნაური ბუღი იდგა…

გზად ფოსტამ ჩაგვიარა. კურიერი ეტლზე იჯდა და ზურნაში უბერავდა. მეუღლემ ჩალისფერი შლაპა მოიხადა და თავი დაუკრა. კურიერმაც სალმით გვიპასუხა და გზა განაგრძო. რაც უფრო მეტად ვუახლოვდებოდით ტფილისს, მით უფრო მეტი ხალხი გვხვდებოდა. ზოგი ცხენზე იჯდა, ზოგიც ხურჯინებით დატვირთულ სახედარს მიერეკებოდა. გვხვდებოდნენ ეტლები, ფორნები, ფეხით მოსიარულეები, რომელთა შორის ძალიან უცნაურად ჩაცმული, მთვრალი მამაკაცებიც იყვნენ. მათ ფართო შავი შარვლები და შავი პერანგები ეცვათ. ქამარზე წითელი აბრეშუმის ხელსახოცები შეებნიათ. მათი სიარულის მანერაც ძალზე უჩვეულო იყო. აქამდე, რაც კი კავკასიელი მამაკაცები მინახავს, ყველანი წელში ამაყად გამართულნი, თავაწეულნი და მხრებგაშლილნი დადიოდნენ. ამ უცნაურ შავოსნებს კი საჯდომი უკან გაებზიკათ, წელი ჩაეტეხათ და ოდნავ წინ გადახრილები, უცნაურად დაიარებოდნენ.

ქალაქში სწრაფად ჩამობნელდა. ქვით მოკირწყლულ ქუჩებში ერთმანეთთან მჭიდროდ მდგარი, ხის აივნიანი სახლები გამოჩნდა. საოცარი ჩუქურთმები ამშვენებდა აივნის მოაჯირებს. ფართო აივნებზე აქაურებს ხის ტახტები დაედგათ და ზედ ჭრელ-ჭრელი ხალიჩები გადაეფარათ. უცნაურად ჩაცმული ქალები ისხდნენ და ქუჩას გადმოჰყურებდნენ. გამვლელ-გამომვლელს ათვალიერებდნენ. ერთ ქალს ხელში ჩონგურიც კი ეკავა და თავის ენაზე რაღაცას მღეროდა.

სახლებში ლამპებს ანთებდნენ. ჩემი ქმარი ხარბად ათვალიერებდა ყველას და ყველაფერს. მე კი ერთი სული მქონდა, როდის მივაღწევდით სასტუმრომდე.

მეეტლემ ხელით გვანიშნა, რომ თითქმის მივედით. მოედნიდან ვიწრო ქუჩაზე გადაუხვია. ძალიან ლამაზი შენობა გამოჩნდა. გარე ფასადს სწორკუთხოვანი სვეტები ამშვენებდა. თაღის ქვეშ ქალის პატარა თავები გამოექანდაკებინათ. შენობას პატარა, ლამაზი აივნები და წარწერა ჰქონდა: – სასტუმრო „გრანდ ოტელი“. არ ვიცი, რატომ დამიტოვა ამ შენობამ მისტიკური განცდა. სადღაც გულიც კი დამწყდა, რომ იქ არ გავჩერდით…

ჩვენი ეტლი რამდენიმე მეტრში გაჩერდა და როგორც იქნა, გადმოვედით. სასტუმრო „ლონდონი“ არანაკლებ ლამაზი აღმოჩნდა. მეუღლემ მეეტლეს ფული გადაუხადა და ბარგის გადმოზიდვა დავიწყეთ. – ეშმაკმა დალახვროს, თითქმის ყველაფერი წამოვიღე და მთავარი დამრჩა, – პალტო…

სასტუმროს ვესტიბიულში შევედით და გული გამიჩერდა. ასეთი სილამაზე იშვიათად მინახავს… მოხატული კედლები და მარმარილოს კიბე წრიულად მიუყვებოდა მომრგვალებულ კედლებს და მაღლა იკარგებოდა.

– თქვენი გვარი? – გვკითხა შვეიცარმა.

– პედერსენი. – უპასუხა მეუღლემ. დავრეგისტრირდით. სასტუმროში სულ ოცდარვა, დიდებული ნომერი იყო. საუკეთესო ოთახები ათი მანეთი ღირდა, მაგრამ ჩვენ შედარებით იაფიანი ოთახი ვიქირავეთ სხვენში. ოთახში ჭრელი ხალიჩა ეფინა. როგორც ჩანს, ამ ქვეყანაში ყველა ოჯახში მოიძებნება ასეთი ხალიჩა. საწოლები რბილი აღმოჩნდა, ქათქათა თეთრეულს ძალიან სასიამოვნო სუნი ჰქონდა. პატარა მაგიდაზე შანდალი, ნავთის ლამპა და წყლით სავსე ბროლის გრაფინი იდგა. ბარგის ამოლაგება დავიწყე, მაგრამ მეუღლეს ძალიან შიოდა და საჭმელად ჩასვლა მთხოვა.

დარბაზის შუაგულში უზარმაზარი ჭაღი დაეკიდათ. სალონში თეთრი როიალი იდგა. მაგიდაზე უცხოური ჟურნალ-გაზეთები ეწყო. როგორც ჩანს, აქ სტუმრები უცხოურ პრესას ეცნობოდნენ. კავკასიის გზამკვლევს გადავავლეთ თვალი. ქალაქში ას სამოცი ათასი მცხოვრებია.

შვეიცარი ფრანგულად საოცრად სწრაფად საუბრობდა. რესტორანში ჩავედით და მაგიდასთან დავსხედით.

– რას შეჭამ, ბერგლიოტ? – მკითხა მეუღლემ. მენიუს გადავხედე. ადგილობრივი კერძების ნაცვლად ბრიტანული კერძები დამხვდა. “ოისტერი”, “ნეკნები”, “ბივშტექსი”, “ორაგულის წვნიანი ზაფრანით”… არჩევანი ბივშტექსზე შევაჩერე და კერძის მოლოდინში იქაურობას მოვავლე თვალი. ჩემს ქმარს განსაკუთრებულად მოეწონა „შჩი“. თითქმის ყველგან მაგას უკვეთავდა. მე შემწვარი ცხვრის ხორცი მომეწონა, მთებში რომ გაგვასინჯეს. სასტუმროში მომუშავე ადამიანები საოცრად თავაზიანები აღმოჩნდნენ. ვახშამიც არაჩვეულებრივი იყო. ნომერში დავბრუნდით. მეგონა, დაღლილს მკვდარივით დამეძინებოდა, მაგრამ სიცხისაგან მთელი ღამე ვბორგავდი. დროდადრო ჩამთვლემდა, მერე ისევ მეღვიძებოდა. დილის ხუთ საათზე ავდექი და ფანჯრიდან გავიხედე. საოცარია, მგონი, კავკასიელებს არასოდეს სძინავთ… არადა, ჯერ კიდევ ბნელა და მაინც ისმის შორიდან მათი ლაპარაკი.

ლამპა ავანთე და მეუღლის ჩანთა გავხსენი, იმ იმედით, რომ გაზეთს ვიპოვი. ხელში მისი წიგნაკი შემრჩა. საწერ მაგიდასთან დავბრუნდი და კითხვა დავიწყე.

– უცნაურია. ჩანაწერებში ისეთი რამ უწერია, რაც პირველად მესმის… როდის წავიდა მთების სანახავად ცხენით? ან რატომ დამიმალა? – ვიგრძენი, როგორ მომაწვა სიბრაზე. აწყლიანებული თვალებით დავცქეროდი დღიურს, თითქოს მისგან ველოდი პასუხს…

– ბერგლიოტ… რატომ არ გძინავს? – მეუღის ხმამ გამომაფხიზლა.

– ვინ პოლიციელს შეხვდი გზაში? – ვეცადე, ხმაში სიმკაცრე შემერია.

– პოლიციელს? – კითხვა დამიბრუნა.

– არ არის ღირსეული საქციელი, ასე უხეშად მომატყუო. მთებში შენი გამგზავრებისაც არ მჯერა! და საერთოდ, ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრ ზედმეტ წვრილმან დეტალს აღწერ…

ვხედავ, როგორ აევსო მოთმინების ფიალა.

– მე ქალაქში გავისეირნებ! – მარტო ეს თქვა და ადგა. სწრაფად ჩაიცვა და ოთახიდან გავიდა. ასე იცის, კამათს ყოველთვის გაურბის… ისევ მარტო დავრჩი საკუთარ ფიქრებთან. სასტუმრო ჯერ კიდევ თვლემდა.

– „შესანიშნავი დასაწყისია უცხო ქვეყანაში, ბერგლიოტ ბეხ!“ – ვუთხარი საკუთარ თავს და დღიური დავხურე. ალბათ ნანობს, რომ წამომიყვანა. მახსოვს, ერთხელ თქვა კიდეც, რომ მწერლისთვის უცხო ქალაქში მოგზაურობა თანამგზავრთან ერთად ზედმეტი ტვრთია. ჩვენ ხომ სულ რაღაც ერთი წელია, რაც დავქორწინდით…

სევდა შემომაწვა. ტანისამოსი დავაბინავე. ამასობაში გათენდა კიდეც და ოთახი ფანჯრიდან შემოჭრილმა ქუჩის ხმაურმა გაავსო. მოსაცმელი შემოვიცვი და ოთახის კარი გამოვიკეტე. გუშინ შვეიცარმა გვითხრა, ათი ათასი მანეთი რომ დაგრჩეს ნომერში და კარი ღია დატოვო, კაციშვილი ხელს არ მოკიდებსო, მაგრამ სიფრთხილე მაინც უნდა გამოვიჩინო. ისედაც ცოტა ფული გვაქვს…

სასაუზმოდ სასტუმროს რესტორანში ჩავედი. ახლა ცხელი ყავა თუ მიშველიდა მხოლოდ. სასადილო ოთახი ნელ-ნელა ივსებოდა სტუმრებით. აუჩქარებლად ვისაუზმე და გარეთ გავედი. მტვრიან ქუჩაში ბევრი ხალხი მიმოდიოდა. ძირითადად ვირებს მიერეკებოდნენ, რომლებსაც ორივე მხარეს ჭრელი ხურჯინები ეკიდათ. ალბათ სავაჭროდ მიდიოდნენ. აქაურები ინტერესით მათვალიერებენ, მე კი მათ…

სასტუმროს წინ რომ ბაღია, იქით გავემართე. ბაღი თითქმის ცარიელი იყო. ალბათ სეირნობის დრო არავის აქვს. ცოტა ხანს დავრჩი. სუფთა ჰაერი მესიამოვნა. მერე ისევ ნომერში დავბრუნდი. ვესტიბიულში მეუღლეს შევეჩეხე. შეშფოთებული მზერა ჰქონდა, ალბათ შეეშინდა, მარტო რომ წავედი… ქალაქში მასთან ერთად გასეირნება შემომთავაზა. მეც დავთანხმდი.

ყოველგვარი მეგზურის გარეშე გავედით ქალაქში. ქუჩები თითქოს დიდი არაფერი: მაღაზიები სარკეებიანი ფანჯრებით, თეატრი ვარიეტე. ქალებსაც და მამაკაცებსაც ევროპულად ეცვათ. კონკები დაქროდნენ, მაგრამ აზიური კვარტალი თითქოს სხვა სამყარო იყო. აქ არც ფართო ქუჩები შეგვხვედრია, არც კონკები, მარტო ვიწრო, მიხვეულ-მოხვეული საფეხმავლო გასასვლელები, ჩიხები, კიბეები სახლიდან-სახლამდე. დახლებთან სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები ისხდნენ და ათასგვარ საინტერესო რამეს ყიდდნენ. შუადღემ მოაწია და ძალიან ჩამოცხა. ვცდილობდით, სახლის სახურავების ჩრდილს შევფარვოდით და ისე გვევლო. ქუჩაში ხმაური იყო. ცხენები, ძაღლები და ვირები ადამიანებთან ერთად ირეოდნენ. სამჭედლოებს ჩავუარეთ. მჭედლები რკინას ადნობდნენ, ჭედავენ, მეტალზე ჩაქუჩის კაკუნს ყურთასმენა მიჰქონდა. აქვე იყვნენ მკერავებიც. მეტალის კაკუნი მალე საკერავი მანქანების მონოტონურმა ხმამ შეცვალა. მკერავებიც, როგორც მჭედლები, თავიდან-ფეხამდე შეიარაღებულები იყვნენ და აუტანელ სიცხეში თავზე ბეწვის ქუდები ეხურათ.

დახლების თვალიერებას შევყევით. აბრეშუმის ნაჭრები, ნაქარგები, ხალიჩები, იარაღი, სამკაული… ვგრძნობდი, თვალები როგორ მიჭრელდებოდა ამ ჭრელ-ჭრელი სპარსული ხალიჩების შემხედვარეს. მეუღლეს გავხედე. როგორც ჩანს, მასაც ასტკივდა თვალები და მზერა გაძვალტყავებულ ცხენზე გადაიტანა, რომელიც თაკარა მზის ქვეშ იდგა, ზურგზე ჭრილობები ჰქონდა და უამრავი ბუზი ესეოდა. ცხენი იდგა უძრავად და ყურსაც არ იბერტყავდა. ორივეს ერთმა აზრმა გაგვიელვა თავში და თითქმის ერთდროულად გავემართეთ საბრალო პირუტყვისაკენ. ჩემმა ქმარმა ჯოხიანი ხელი ჰაერში ასწია და ბუზებს მოუქნია. ბუზები შავი ღრუბელივით წამოიშალნენ, ცოტა ხანს ჰაერში დატრიალდნენ და ისევ ჭრილობას დააცხრნენ ხარბად.

– ალბათ ვერაფერს გრძნობს.
– ჩაილაპარაკა მეუღლემ დანანებით და გზა გავაგრძელეთ. არ ვიცი, რატომ ამოიჩემა ეს უბანი. როგორც წიგნაკში ჩაიწერა, ალბათ იმიტომ, რომ მას არაფერი საერთო არ აქვს მის სამყაროსთან. ალბათ არ არის კარგი საქციელი, ქმრის დაუკითხავად, ღამღამობით რომ ვკითხულობ ჩანაწერებს, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია. თავს ვერაფერს ვუხერხებ. მაინტერესებს, სად დადის და რას აკეთებს მაშინ, როცა მე არ ვარ მასთან ერთად.

ჩვენი ფანჯარა ყაბახის ქვედა ხეივნების მხარეს გადიოდა. ეს ის ბაღია, სადაც ჩამოსვლის მეორე დღეს გავისეირნე. ფანჯრიდან მოჩანდა იმ კუნძულის ნაწილიც, რომელზეც ჩემი მეუღლე თავის დღიურებში ახსენებდა. უცნაურია, ჩემთან არც ის სამხედრო კლუბი უხსენებია, სადაც კონიაკის დასალევად შედის. სხვები ქაღალდს თამაშობენ, ეს კი რუმინელ მევიოლინეებს უსმენს… თან, კუნძულის შესახებ ცდილობს ინფორმაცია მოიძიოს.

ფანჯრიდან გავხედე „მადათოვის კუნძულს“. როგორც ჩანს, დროდადრო ნაგავს წვავენ. საშინელი კვამლი ამოდის და როცა ნიავია, დამწვრის სუნიც მოაქვს.

კვლავ მარტო დავრჩი ნომერში. გადავწყვიტე, სამკითხველო დარბაზში ჩავსულიყავი. თეთრ როიალზე ახალგაზრდა მამაკაცი უკრავდა. როგორც მივხვდი, ფრანგი უნდა ყოფილიყო. დარბაზში მის გარდა კიდევ ექვსი ადამიანი იყო. მაგიდასთან ისხდნენ, მუსიკას უსმენდნენ და უცხოურ პრესას ეცნობოდნენ. ცოტა ხანში ის ენაწყლიანი შვეიცარი შემოვიდა. ჩემთან მოვუხმე და კუნძულის შესახებ გამოვკითხე. ბევრი არაფერი იცოდა. მხოლოდ ის მითხრა, რომ კუნძულის ერთ მხარეს ნაგავსაყრელი იყო და მეორეზე – ხის საამქრო, რომელიც ვინმე ჯაგეტიანს ეკუთვნოდა. შვეიცარმა სიცილით დასძინა, რომ ჯაგეტიანს ტყუპი ვაჟი ჰყავდა და ქონების გაყოფაზე რომ არ ეჩხუბათ, თურმე აქვე ახლოს ორი ერთმანეთის იდენტური სახლი აუშენა.

სადილამდე ორი საათი რჩებოდა. მეუღლის მოსვლამდე გადავწყვიტე, საკუთარი თვალით მენახა კუნძული. ჯერ ვიფიქრე, შვეიცარისთვის მეთხოვა გაყოლა, მაგრამ მერე გადავიფიქრე. არ მინდა, ეს ამბავი მეუღლემ გაიგოს. არა, ეს საერთოდ არავინ არ უნდა გაიგოს…

კუნძული მდინარე მტკვრის შუაგულში იყო ამოზრდილი. პატარა ხიდს გავუყევი. ხალხს ამ ხიდით ნაგავი გადაჰქონდა, ხელის ურიკებით ნაგვით სავსე გოდრებს მიაგორებდნენ. ზოგს კი ვირისთვის აეკიდა და წკეპლით მიერეკებოდა.

საამქრო საკმაოდ ბინძური იყო. ვიწრო საბუხრე მილიდან ჭვარტლი ამოდიოდა და ჰაერს წამლავდა. მის გარშემო დიდი ხის მორების კონსტრუქცია იყო. იქვე ორ ფარდულს მოვკარი თვალი, სადაც როგორც შვეიცარმა მითხრა, მენაგვეები უნდა ცხოვრობდნენ. ნაგავსაყრელი აღარ იწვოდა, მაგრამ ჯერ კიდევ ხრჩოლავდა. კუნძულის მეორე ნაწილზე გაველურებული ვენახი იყო. უცნაურმა შიშმა ამიტანა და ჩქარი ნაბიჯით დავბრუნდი ხიდისკენ.

სადილამდე მეუღლეც დაბრუნდა და მკითხა, რას ვაკეთებდი. ვუთხარი, რომ დარბაზში ვიჯექი და მერე ბაღში გავისეირნე.

– ცოტა ხანს წამოვწვები – თქვა და ხელჯოხი საწოლის გვერდით, კედელზე მიაყუდა. გაუხდელად წამოწვა და ხელები თავქვეშ ამოიდო.

– შენ სად იყავი? რამე საინტერესო ნახე? – ვკითხე და სკამზე ჩამოვჯექი.

– მტკვრის წყალს გავუსინჯე გემო… მგონი აქაურობას ვერასოდეს დავივიწყებ… იცი, იმ უცნაურ კუნძულზე ფიქრი ვერაფრით ამოვიგდე თავიდან. სულ ვფიქრობ, რას უნდა ნიშნავდეს ეს მყრალი ადგილი ქალაქის შუაგულში? ანდა, ეს ვენახი ნაგავსაყრელზე? როგორ უნდ აიმეზობლოს ამ ორმა რამემ ერთად? ყურძენი ამ მხარეში ხომ სრულიად განსაკუთრებული რამ არის…

– მართლაც საინტერესოა… თავად ნახე კუნძული?

– გუშინ გადავედი, რომ კარგად დამეთვალიერებინა. საიდან არის ამდენი ჭვარტლი, ძნელი სათქმელია. ზვარში შევაბიჯე. დაბურულ ლერწებში ძლივს მივიკვლევდი გზას. ნაპირამდე ძლივს გავაღწიე, ვხედავ, ვიღაც კაცი ზის… თავზე შლაპა ახურავს, მხრებზე პიჯაკი აქვს მოგდებული. ზის და წყლის დინებას აკვირდება. ალბათ ფეხის ხმა გაიგო და დაიძახა. არც კი გამოუხედავს, ალბათ ნაცნობი ვეგონე.

– მერე?

– ჩავახველე. გამოიხედა და შეცბა. მძიმედ ადგა და პიჯაკის სახელოებში ხელები გაუყარა. უცნაურად დამაკვირდა. უცბად, კიდევ ერთი კაცი წამოგვადგა. სველი თმა ჰქონდა, შუაზე გადაყოფილი. ჩემმა დანახვამ დააბნია. ხან მე მიყურებდა, ხან იმ მეორეს… მეტად უხერხული სიტუაცია ჩამოვარდა. რაღაც ბოდიშის მაგვარი ჩავიბურდღუნე და ზვარში შევბრუნდი.

– გამოგყვა?

– არა. ფარდულთან გამოვედი. ორი გაზინთილი მუშა იდგა. ალბათ გაუკვირდათ ჩემი იქ დანახვა. არა, ამ კუნძულზე ისევ უნდა გადავიდე. არის იქ რაღაც უცნაურობა, კაცს ტვინს რომ გაუბურღავს. ვენახი, საამქრო, ის ორი კაცი წყლის პირას. ერთ პატარა ფართზე მეტად ბევრი რამ ეტევა, ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული.

– უდავოდ საინტერესო ამბავია, მაგრამ მალე ბაქოში მივდივართ…

– მართალი ხარ, ბერგლიოტ! ცოტა დრო რჩება. ვეცდები, რამე გავიგო.

***

მომდევნო დღეებში ისევ შფოთიანი ქუჩები, აზიური უბანი, კონკა, თეატრი, სავაჭრო დახლები, დუქანი… დავდიოდით ქალაქში, სადაც არავინ გვიცნობდა. ჩემმა მეუღლემ რატომღაც არ ისურვა ვინაობის გამხელა და ინკოგნიტოდ არჩია ყოფნა.

– ბერგლიოტ, ქუჩაში შემთხვევით ის კაცი შემხვდა, კუნძულზე რომ გადავეყარე. მხატვარი ყოფილა, ჰაფეზ-ხუდოჟნიკი… ხაფო მხატვარს ეძახიან თურმე. – ოთახში შემოსვლისთანავე დაიწყო ამბის მოყოლა.

– გიცნო?

– მიცნო და ყავაზე დამპატიჟა თავისთან სახლში. ნახატები დამათვალიერებინა. ყავას ვსვამდით, ვიღაც მამაკაცები რომ შემოვიდნენ ოთახში და სახეზე შევატყვე, ჩემი იქ დანახვა არ ესიამოვნათ…

– მერე, რა ქენი?

– რაღას ვიზამდი, ყავის სმა შევწყვიტე და წამოვედი. იცი, ბერგლიოტ ბეხ, ჩემო მზრუნველო ცოლო, მე აუცილებლად დავწერ წიგნს, სადაც დაწვრილებით აღვწერ ჩემს შთაბეჭდილებებს ამ „ზღაპრულ ქვეყანაზე“…

– მე კი სიამოვნებით წავიკითხავ მას იმდენჯერ, რამდენჯერაც გამახსენდება ეს უცხო ქვეყანა, სადაც შენთან ერთად ვიმოგზაურე. და ყოველთვის მადლიერი ვიქნები ღმერთის, რომ მარგუნა ბედნიერება, გავმხდარიყავი დიდებული მწერლის, კნუტ ჰამსუნის ცოლი.

ინსპირაცია: – კნუტ ჰამსუნის “ზღაპრული ქვეყანა”
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93