დავცქეროდი ჟურნალს, თან ვცდილობდი, ჩვეულებრივი გამომეტყველება შემენარჩუნებინა და, მიუხედავად იმისა, რომ ოთახში მარტო ვიყავი, არ მსურდა შემტყობოდა, სინამდვილეში როგორი ტკივილი მომაყენა ამ სურათმა.
ფოტოს წარწერას მზერით სწრაფად გადავურბინე... დაძაბული მზერით. პარლამენტარი დაქორწინებულა, ხოლო კოკი მეჯვარე ყოფილა ამ ქორწილში. გოგონა კი, რომლისთვისაც ხელი სათუთად ჩაეჭიდა, სიძის და აღმოჩნდა. ოდნავი შვება მხოლოდ იმან მაგრძნობინა, რომ გოგონას საშინლად უგემოვნო კაბა ეცვა და ძალიან ვულგარულად გამოიყურებოდა. მაგრამ განა ვინმე მიაქცევს ამისთანა რამეს ყურადღებას ჩემნაირი სულელის გარდა? მთავარია, რომ ლამაზია. ტუჩები კი აქვს დაბერილი, თუმცა ეს ხომ მოდური სვლაა, ვის არა აქვს დღეს ტუჩები დაბერილი ჩემ გარდა? ყველაზე აღმაშფოთებელი ის იყო, რომ ეს "გალიის ჩიტი" (რატომღაც, სხვა მეტსახელი ვერ შევურჩიე) მყუდროდ ჩახუტებოდა კოკის და ბედნიერად იღიმებოდა.
მაშინვე ვანდისთან დავრეკე.
- გამო რა, ჩემთან.
- რა იყო, მოხდა რამე?
- მოდი და მოგიყვები, - თითქოს დაღლილი ვყოფილიყავი, ისეთი წართმეული ხმა მქონდა.
- ახლავე გამოვდივარ, - შეშფოთდა ვანდი.
კანკალმა ამიტანა. არც ვიცოდი, რა მანერვიულებდა. ამ კაცთან ჯერ თითქმის არაფერი მაკავშირებდა. ბუნებით ეჭვიანი ყოველთვის ვიყავი, თუმცა იშვიათად ვამჟღავნებდი ამას. ახლა კი... ამწუთას კოკი აქ რომ ყოფილიყო, არავითარ შემთხვევაში არ დავმალავდი, როგორ ავივსე ბოღმით. ძლივს ერთი კაცისკენ გამიწია გულმა და იმასაც მართმევდნენ. მართმევდნენ უგემოვნო კაბით და ვულგარულობით, დაბერილი ტუჩებით და ასაკობრივი უპირატესობით. სურათზე გამოსახული გოგონა ოცი-ოცდაერთი წლის ძლივს იქნებოდა. გამხდარი იყო, სიტყვა "სიფრიფანა" ზედგამოჭრილი იყო მისთვის, ჩეხური ბროლის გამჭვირვალე ლარნაკს წააგავდა. ამ გოგოს პირველად ვხედავდი, მაგრამ ისეთი სახე ჰქონდა, ნებისმიერი რომ იტყოდა, სადღაც მყავს ნანახიო.
ვანდის მოსვლამდე ჩემი დამემართა. კარგა ხანს ვაღვარღვარე ცრემლები და, როგორც იქნა, დავმშვიდდი. ამოვარდნამდე მისული გული საგულეში ჩადგა. როცა ვანდი მოვიდა, ჩემს წინანდელ მდგომარეობას მხოლოდ ჩაწითლებული თვალები გასცემდა.
- შენ რა, იტირე? რა მოგივიდა? ვინმე მოკვდა?
- ნეტავ მომკვდარიყო...
- ვინა, კოკი? რა მოხდა?
ცრემლი კვლავ ყელში მომაწვა და ტუჩები ამიკანკალდა. სიტყვის თქმა რომ ვერ მოვახერხე, ჟურნალი ამოვატრიალე და ფოტოს საჩვენებელი თითი დავადე.
- აუჰ! ეს ვინღაა? - ვანდის შვების ოხვრა აღმოხდა, მიხვდა, რომ საგანგაშო არაფერი ხდებოდა, არც არავინ მომკვდარა და არც არავინ დაშავებულა, - ლამაზი სურათია, - თქვა და ჟურნალი დივანზე მოისროლა.
გამგმირავი მზერა ვესროლე, მან კი, თითქოს არც არაფერიო, გააგრძელა:
- ამბობენ, ამ გოგოზე ტაციობააო. ნეტავ რა მოსწონთ ამისთანა კეკელკაში?
- მართლა? მე კიდევ პირველად ვხედავ. იღბლიანი ყოფილა.
- აბა, ახლა! ეგეთები არ გამაგონო! შენ რომ გვერდით კაცი არ გყავს, ვითომ შენი უიღბლობის ბრალია?
- აბა, რისი ბრალია?
- რისი და შენი ჯიუტი ხასიათის. აქაოდა, ჩემი გოლა გვერდით არ მყავს, ჯანდაბამდის გზა ჰქონიათ კაცებსო. ნეტავ ვის რას უმტკიცებ მაგით? გგონია, გოლა თუ გაიგებს, რომ არავის ხვდები, გული აუჩქროლდება და გამოიქცევა?
- ეგ რა შუაშია...
- შუაშია, შუაში. მაგის გამო ცხოვრობ ასე მონაზონივით.
- კაი რა... - ცხვირი ჩამოვუშვი, რადგან ნაწილობრივ მართალს ამბობდა. ამაში არასდროს ვუტყდებოდი საკუთარ თავს, მაგრამ სინამდვილეში ასეც იყო.
- ეს ჟურნალი ვინ მოგართვა, ვინ გადაწყვიტა შენი გახარება?
- წეღან დათო იყო მოსული...
- რისთვის, ეს რომ ეჩვენებინა? - გაბრაზებული ვანდი ადგა, ჟურნალი დივნიდან აიღო და ახლა ოთახის კუთხისკენ მოისროლა.
- არა, ეგ მაგის ცოლმა გამომიგზავნა.
- სად ჰყავს ცოლი მაგ უბედურს, - სიცილი ვერ შეიკავა ვანდიმ.
- შენ წარმოიდგინე, ჰყავს. თავი მომჭერი, ამწუთას სახლში თუ არ ეჯდეს.
- ახლა ნუ გადამრევ! - ვანდი ჩემ წინ დასკუპდა და ნიკაპი ხელისგულზე დაიბჯინა. ისეთი ცნობისმოყვარე თვალებით მომჩერებოდა, სატირლად გამზადებულს სიცილი ამიტყდა.
- შერიგებას სთხოვს.
- ვინ, ქალო, მარინა?
- დიახაც. ხომ ხედავ, ასეთებიც ხდება.
- რა ნიშნის მოგებით მპასუხობ? ხომ არ გგონია, რომ გოლაც მარინასავით მოიქცევა?
- გამორიცხული არაფერია.
- ბაბი, თავს ნუ იტყუებ, გეხვეწები. წავიდა ის კაცი, ტუ-ტუუუ, გაფრინდა და დაივიწყე ერთხელ და სამუდამოდ. აგერ, ა, ოქროსავით კაცი და მიხედე ამას! - ვანდიმ ხელი ოთახის კუთხისკენ გაიშვირა, სადაც ჟურნალი საცოდავად ეგდო.
- ეგ კაციც ტუ-ტუ, ვერ ხედავ? - კვლავ დამრია სევდამ ხელი.
- ოჰ! ერთი რაღაც ფოტოს გულისთვის ხელი ჩაიქნიე თუ რა? ძმაკაცის დაა, ქალო, შენ რაღა მოგივიდა? წაიკითხე მაინც სტატია, შიგ რა წერია?
- არ მაინტერესებს.
- გაბრაზებული ხარ მასზე?
- არაა. - ვითომ გაოცებულმა შევხედე.
- ძალიან?
- კი, - წამომცდა და ორივეს გაგვეცინა.
- დათოზე უფრო ვარ გაბრაზებული, რას მომითრია ეს ჟურნალი? თუმცა, ეს იგივეა, ცუდი ამბის მომტან ფოსტალიონზე გაბრაზდე. რას ვერჩი? ადამიანმა პატივი მცა და მე კიდევ... ან კი რატომ ვნერვიულობ? ეს კაცი ხომ ჩემთვის არაფერს ნიშნავს, აბსოლუტურად არაფერს.
- ვითომ? - ვანდიმ თვალები მოჭუტა და ირიბად გამომხედა.
- გეფიცები. უბრალოდ, მომწონს და მორჩა.
ვანდიმ ამოიოხრა და ჟურნალის ასაღებად ოთახის კუთხისკენ დაიძრა.
სამსახურში ყველაფერი რიგზე მიდიოდა, ნელ-ნელა ჩავდექი ჩვეულ ფორმაში. კოჭიც თანდათან მირჩებოდა.
პარასკევი საღამო იყო. სამსახურიდან მამიდასთან ვაპირებდი წასვლას, თანაც ღამისთევით. ტანსაცმლით გატენილი პარკი გვერდით, სკამზე მედო. მამიდა თვითონ გამომივლიდა მანქანით, ამიტომ ოფისში შევყოვნდი, სანამ მომაკითხავდა.
სწორედ ამ დროს ვიღაცამ კარზე დააკაკუნა. გამიკვირდა, რადგან ვიცოდი, ოფისში ჩემ გარდა არავინ იყო, მაგრამ ვიფიქრე, ალბათ მამიდაჩემია-მეთქი, ამიტომაც ხმამაღლა დავიძახე:
- შემოდი, ლუი, კარი ღიაა!
მამიდას ლუიზა ჰქვია, მაგრამ ლუის ვეძახი. ის ჩემზე მხოლოდ ცხრა წლითაა უფროსი, სახელით ამიტომაც მივმართავ ხოლმე. თანაც, საუკეთესო მეგობრები ვართ.
- ჩემთვის ბევრნაირად მოუმართავთ, მაგრამ ლუი? საინტერესოა, მერამდენე ლუი ვარ? მეცხრე? მეცამეტე? - ტკივილამდე ნაცნობი ხმა მომესმა.
- გამარჯობა, კოკი, - კი არ ვთქვი, აღმომხდა, აღელვებისგან ენა გამიშრა.
- გამარჯობა, ბაბი.
მამაკაცი კარის ზღურბლზე იდგა და იღიმებოდა. ისეთი მომაჯადოებელი იყო, გონება დამებინდა.
- მამიდაჩემს ველოდი, - წავილუღლუღე.
- მამიდაშენი კაცია? - გაიხუმრა.
- არა, ლუიზა ჰქვია და შემოკლებით ლუის ვეძახი.
- ააა, ახლა გასაგებია. სამწუხაროდ, ეს მე ვარ და არა მამიდა.
- ვხედავ, - მშრალად მივუგე და გონებაში თვითკონტროლის ერთი ღილაკი გავააქტიურე, - რით გემსახუროთ?
კოკი მომიახლოვდა და ჩემი მაგიდის კიდეზე ისე უდიერად ჩამოჯდა, თითქოს ამის სრული უფლება ჰქონდა. იმდენად ახლოს იყო ჩემთან, რომ თავისი აღნაგობით მთელი ოთახი გაავსო და გადაფარა. თმა შეეკრიჭა და მოკლე თმის ფონზე თვალები კიდევ უფრო დიდრონი მოუჩანდა.
"ალბათ თავის გალიის ჩიტს ეპრანჭება", - გავიფიქრე გუნებაში.
- უკაცრავად, - ხელი მაგიდაზე მიმოფანტული ქაღალდებისკენ გავიწვდინე, ერთად მოვაქუჩე, კიდეები ყველას თანაბრად გავუსწორე და უჯრაში ჩავუძახე.
- მაპატიე, ხომ არაფერი გაგიფუჭე?
- არა, მაგრამ შეიძლებოდა გაგეფუჭებინა, - არ დავმალე, რომ არ მომწონდა მისი პოზა, ლამის თავზე რომ მაჯდა. თან უშნოდ აღლაჭუნებდა კევს, შიგადაშიგ გაბერავდა და მერე ტკაცუნით ხეთქავდა. ოხ, როგორ მინდოდა მიმელანძღა იმ მწარე-მწარე სიტყვებით, ჩემს ლექსიკონში მხოლოდ მისთვის რომ მქონდა შემონახული, მაგრამ მაქსიმალურად ვიკავებდი თავს. არ მინდოდა ეფიქრა, რომ მისი სამკვირიანი გადაკარგვით ვიყავი უკმაყოფილო.
კოკიმ ადგილი მოინაცვლა და სკამზე გადაჯდა, კევი კალათბურთელის სხარტი მოძრაობით სანაგვეში მოისროლა და დაჟინებით ჩამაცქერდა თვალებში. მისი ორაზროვანი მზერა მბურღავდა.
- რა მოხდა, ბაბი? - ხმადაბლა მკითხა.
- არაფერი, - ცივად ვუპასუხე, - უბრალოდ, არ მინდოდა საბუთები ერთმანეთში არეულიყო.
- ხელს გიშლი?
- ეს არ მითქვამს.
- ფეხი როგორ გაქვს? - რბილი, ხავერდოვანი ხმით გააგრძელა დაკითხვა.
- კარგად. გმადლობ. მირჩება უკვე.
- ცუდია, მამიდას რომ ელოდები. ვიფიქრე, ერთად ვივახშმებთ-მეთქი. - თქვა და ტუჩებზე თავისი საფირმო ღიმილი გადაიფინა.
გაოცების დამალვა არ მიცდია. სამი კვირაა, არ შემხმიანებია, მკვდარი იყო თუ ცოცხალი, კაცმა არ იცოდა, ახლა კი ოფისში დამადგა თავზე და დარწმუნებულია, რომ ყველაფერს მივაგდებ და გავეკიდები!
- მაპატიე, მაგრამ დღეს საღამოს დაკავებული ვარ, - მრავალმნიშვნელოვნად ირონიული მზერით გავხედე.
- ცუდია... ხვალ? ხვალ ხომ იქნები თავისუფალი? შაბათია.
- შაბათ-კვირას თბილისში არ ვიქნები. ახლა მამიდა მომაკითხავს და...
- ანუ მამიდასთან რჩები?
თავი დავუქნიე. თუ გულახდილი ვიქნებოდი საკუთარ თავთან, სინამდვილეში სულაც არ მსიამოვნებდა, ვახშამზე უარს რომ ვეუბნებოდი. ძალიან, ძალიან მინდოდა მასთან უფრო მეტი დრო გამეტარებინა, მაგრამ...
და მოულოდნელად გავაკეთე ის, რაც არ უნდა გამეკეთებინა და რასაც წინა დღეებში მტკიცე ფიცით შევპირდი ჩემს თავს:
- ქორწილმა როგორ ჩაიარა? - სიტყვები უნებლიეთ გამექცა, ამ შეკითხვის დასმას არ ვაპირებდი.
- ქორწილი? მე შენთან ქორწილი ვახსენე?
თავი გადავაქნიე.
- უბრალოდ, ჟურნალში წავიკითხე. შენ ხომ ცნობილი პერსონა ხარ.
- ჩემი კი არა, ჩემი ძმაკაცის ქორწილი იყო, - მხიარულად დაიჯღანა, - მე მხოლოდ მეჯვარე ვიყავი. სამი კვირაა, გვერდიდან არ მიშორებს. კიევში ვიყავით.
- რატომ, აქ რესტორნები არ გვაქვს?
- ცოლია იქაური და იმიტომ. თანაც, ბიზნესიც იქ აქვს და მეგობრების უმრავლესობაც იქ ჰყავს.
- აჰა. - ყინული გალღვა. ახლა უკვე გასაგები გახდა, რატომაც დაიკარგა.
- ეს ყველაფერი კარგი, ბაბი, მაგრამ იქნებ ამიხსნა, ჩემზე გაბრაზებული რატომ ხარ? - და წინ გადმოიხარა.
- საიდან მოიტანე? სულაც არ ვარ გაბრაზებული. არ მესმის, რაზე მელაპარაკები.
- რა თქმა უნდა, გესმის, - ორაზროვანი ღიმილისგან ტუჩები დაუწვრილდა, - მე ვახშამზე დაგპატიჟე, შენ კი სასიკვდილო დარტყმა მომაყენე. შეგეძლო, თავაზიანად გეთქვა, "არა, გმადლობთ", შენ კი... არ მეთანხმები?
- ღმერთო ჩემო! რამდენიმე თავისუფალი საათი გამოგიჩნდა და ჩემთან ვახშმობა გადაწყვიტე. ამისთვის რა, ყელზე უნდა ჩამოგეკიდო და მადლობები გიხადო? - გაცხარებულმა მივახალე და მაშინვე ენაზე ვიკბინე. მინდოდა, ბოლომდე გულგრილი დავრჩენილიყავი და რა გავაკეთე? რაც შემოვიდა, ენის წვერზე მხოლოდ ერთი კითხვა მიტრიალებდა, რატომ არ ჩანდა ეს დღეები. ჩემი თვითკონტროლის ღილაკები ერთდროულად გამოვიდა წყობილებიდან. ეს კაცი საღად აზროვნების უნარს მიკარგავდა.
- აი, თურმე როგორი წარმოდგენა გაქვს ჩემზე, - კოკიმ მაგიდას შემოუარა და უცერემონიოდ წამომაყენა სკამიდან, - ესე იგი, შენ გგონია, რომ მორიგი ტელეფონის ნომერი ხარ ჩემს უბის წიგნაკში?
მისი ძლიერი მკლავები მხრებში ჩამაფრინდა. რაღაც მომენტში ძალიან შემეშინდა, მაგრამ თავგამოდებით შევებრძოლე შიშს, რომელმაც უეცრად ერთიანად ამიტანა, თავი ამაყად ავწიე და თამამად გავუსწორე მზერა მის მზერას.
- თუ გულწრფელობას ელი ჩემგან, სწორედ ასეა.
მეგონა, გაბრაზებული დამცოფავდა, მან კი ხანგრძლივი, შემფასებლური მზერით გამომხედა.
- ბევრი ქალი უარს არ იტყოდა... - შეჩერდა და რამდენიმე წამით გააჭიანურა სათქმელი, - ვახშამზე, ღვინოზე, ფლირტზე, თანაც ყოველგვარი მოვალეობის გარეშე. არანაირი პრობლემა მამაკაცთან დაკავშირებით... ეს სწორედ ისაა, რაზეც დღეს ბევრი ქალი ოცნებობს. ძალიან ბევრი ქალი, სხვათა შორის.
- შენ ყველა კითხვაზე გაქვს პასუხი, - გულმოსულმა ჩავიბურტყუნე. ხმამ გამყიდა, ზედმეტად მიკანკალებდა, ხელისგულები კი მის მკერდზე მქონდა მიდებული, თითქოს იმ კედელს ვიჭერდი, რომელიც თავზე უნდა დამცემოდა. ვცდილობდი, უფრო ახლოს არ მომეშვა. არადა, მისი გულისცემა ჩემს მარჯვენა ხელისგულს აჩქარებულად უგზავნიდა სიგნალებს, თითქოს მორზეს ანბანით იდუმალ ტექსტს მკარნახობდა. სუნი კი... ეს ოხერი მამაკაცური სუნი, მხოლოდ მას რომ ასდიოდა, სუნამოსა და სხეულის ნარევი სურნელი, აღმაგზნებდა.
- მართლა? - იქედნურად ვიკითხე და დავაფიქსირე, რომ ძალიან, ძალიან ხმადაბლა წარმოვთქვი, თითქმის ჩურჩულით, თითქოს ინტიმურ ატმოსფეროს კიდევ უფრო ვამძაფრებდი.
ასეც მოხდა. მისი თბილი ხელი უცებ ჩემს ლოყაზე მოკალათდა. არ ვიცი, რა მოხდებოდა შემდეგ, მოულოდნელად კარი რომ არ გაღებულიყო.
- უკაცრავად... - შეცბუნებული ხმა გაისმა.
შემკრთალმა განზე გავიწიე, მაგრამ კოკიმ მოულოდნელად წელზე მომხვია ხელი და რაც შეიძლებოდა მჭიდროდ მიმიხუტა.
- ლუი, - ჩახრინწული ხმით ამოვთქვი, - ვერ შეგამჩნიე.
- ააა, ეს თქვენ ხართ, ლუიზა მამიდა? - ღიმილად დაიღვარა კოკი, ხელი შემიშვა და ჩემი ბუთქუნა მამიდასკენ გაემართა, - კოკი ლაცაბიძე, მოხარული ვარ, რომ გაგიცანით.
- ჩემთვისაც სასიამოვნოა, - დაბნეულმა ლუიმ ხელი ჩამოართვა და მე გამომხედა.
- მინდოდა ბაბისთვის სიურპრიზი მომეწყო და რესტორანში დამეპატიჟებინა, მაგრამ, სამწუხაროდ, დავაგვიანე. სამი კვირაა, თბილისში არ ვარ და მგონი, გადამეჩვია.
"თვით მომნუსხველობა" თავაზიანობად დაიღვარა. მამიდას მეტიც არ უნდოდა, ეგრევე მოიხიბლა. წლებია, ჩამჩიჩინებს, იპოვე ვინმე ნორმალური კაცი, დროზე გათხოვდიო და აჰა! ეს "აჰა" ეგრევე დაეწერა ლუის სახეზე.
- შორს იყავით წასული?
- არც ისე შორს, კიევში.
ნეტავ ლუი არ წამოეგოს მის იაფფასიან მოსახიბლ ხერხებს. ნეტავ არ წამოეგოს, - ვნატრობდი გულში, თუმცა ამაოდ. სრულიად მოულოდნელად მამიდამ სრულიად მოულოდნელი რამ თქვა:
- იცით რა? ბაბი ამ შაბათ-კვირას ჩვენთან მოდის დასარჩენად. თქვენც წამობრძანდით, ერთად უკეთეს დროს გავატარებთ. არ ინანებთ, დამიჯერეთ. ჩემი მეუღლე არაჩვეულებრივი ადამიანია, მოგეწონებათ ერთმანეთი. ოთახები მაქვს, ბავშვები დიდები არიან. ასე რომ, არ მოგერიდოთ.
- რამხელა შვილები გყავთ?
- გოგო ცხრამეტისაა, ბიჭი - ოცდასამის. ერთი სტუდენტია, მეორე არქეოლოგი.
- არქეოლოგი? რა საინტერესოა... მიპატიჟებისთვის დიდი მადლობა, მაგრამ ვფიქრობ, ცოტა უხერხულია ჩემთვის...
- რას ამბობთ, საუხერხულო არაფერია. ძალიან გაგვიხარდება, თუ გვიკადრებთ. არა, ბაბი? - ლუი აჟიტირებული იყო. ეგონა, ამით მე მასიამოვნებდა.
ისეთ ცუდ დროს შემოგვისწრო, ნებისმიერი იფიქრებდა, რომ ერთმანეთთან ვნებიანი რომანი გვაკავშირებდა.
ორი წყვილი თვალი - თაფლისფერი და ლურჯი - მამიდაჩემისა და კოკის - ერთდროულად მომაჩერდა. ერთი გულუბრყვილოდ მიყურებდა, მეორე - ეშმაკურად. კოკი აშკარად ტკბებობდა შექმნილი სიტუაციით.
- კოკის ბევრი საქმე აქვს, ლუი, სად სცალია. ჩვენსავით მოცლილი კი არ არის, - ამ სიტყვებით მამაკაცს მივაშტერდი, რომ მისთვის გასაგები ყოფილიყო.
- ხო, რა თქმა უნდა. საქმის გარეშე დღეს თავის გატანა ძნელია, - სინანულით შენიშნა მამიდამ და კიდევ ერთხელ შეავლო აღტაცებული მზერა ჩემს ახალგამოჩეკილ პოტენციურ საქმროს. ამწუთას ლუის ჩემი საქმროს არჩევის ნება რომ ჰქონოდა, უყოყმანოდ დაასახელებდა კოკის.
- ისე, თუ მართლა ხელს არ შეგიშლით, სიხარულით წამოვალ, - წარმოუდგენელი მოკრძალებით განაცხადა მამაკაცმა, - პირდაპირ აეროპორტიდან მოვდივარ, ასე რომ, ჩანთის ჩალაგებაც არ მომიწევს. თანაც, ნამგზავრისთვის სოფლის ჰაერი პირდაპირ მისწრება იქნება.
აი, ამას ჰქვია საქმის შემობრუნება! ბრაზისგან ვიგუდებოდი. რა მიამიტია ეს მამიდაჩემი? როგორ შეუძლია, ასე ბრმად დაპატიჟოს ადამიანი, რომლის შესახებ არაფერი იცის?
- უი, როგორ გამახარეთ, რომ იცოდეთ. რომანს გაგაცნობთ. ჩემი ქმარი ძალიან ნაკითხი ადამიანია, მეცნიერების ამბავი ხომ იცით.
- ა! მეცნიერია?
- ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორია, აბა რა.
- ლუი! - მამიდას ვანიშნე, ტრაბახს შეეშვი-მეთქი.
- კარგი, კარგი, აღარ გავაგრძელებ, თორემ ბაბი მომკლავს, - სიცილით შენიშნა მამიდამ და პირზე ხელი მიიფარა, რომ წინა ჩატეხილი ორი კბილი, რომელიც ჩაშავებოდა, თვალში საცემად არ გამოსჩენოდა.
- ლუი, მე ჯერ ვერ წამოვალ, ერთი საქმე მაქვს დასამთავრებელი. შენ წადი და ჩვენ მერე ერთად შემოგიერთდებით, ხომ? - მინდოდა, როგორმე მიმენიშნება მამიდასთვის, რომ ჩვენ შორის არაფერი ხდებოდა. არადა, ჭკვიანი მამიდა მყავს, პედიატრი, რომელსაც საუკეთესოდ ესმის ბავშვების ფსიქოლოგია. ვიფიქრე, მიმიხვდება-მეთქი, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ.
- მაგრამ მერე რითი წამოხვალთ? არა უშავს, დაგელოდებით.
- ჩემი მანქანით, რა პრობლემაა, - დრო იხელთა კოკიმ.
- კარგი, მაშინ... მეც ჯერ ბაზარში უნდა გავიდე, ხომ იცით, საღამოს ბაზარი იაფია ძალიან. თუ გინდა, დაგირეკავ და სადმე დაგელოდებით, ან კიდევ...
- წადი, მამიდა, წადი, ჩვენ ჩვენით წამოვალთ, - უკმაყოფილოდ გავაწყვეტინე.
- წამობრძანდით, ქალბატონო ლუიზა, მე ჩაგაცილებთ და სანამ ბაბი საქმეს მორჩება, აქვე, მისაღებში დაველოდები, - ამ სიტყვებით მამიდას კარი გაუღო, თავაზიანად გაატარა წინ და თვითონაც უკან მიჰყვა.
მოცელილივით დავეხეთქე სკამზე...
დაელოდეთ გაგრძელებას
ავტორი სვეტა კვარაცხელია
წყარო: gza.kvirispalitra.ge