თითქოს ჰიპნოზის ქვეშ ვიყავი, გვერდით მომყვებოდა და მაბრუებდა. ხმას არ იღებდა, მხოლოდ ხანდახან შემომხედავდა, მე კი ჩემი მემართებოდა. უცნაურ ზემოქმედებას ახდენდა ჩემზე.
გამიკვირდა, რომ არ მაკოცა. უბრალოდ, ხელი ასწია და ლოყაზე ზურგით ჩამომისვა. მისმა ტუჩებმა კი დაიჩურჩულა:
- ღამე მშვიდობისა, ბაბი.
- ღამე მშვიდობისა, - კი არ ამოვთქვი, ამოვიკვნესე და მსუბუქი ოხვრაც მივაყოლე.
ხელი ჩამოიღო ჩემი ლოყიდან. მე თავისუფალი ვიყავი. ოთახში შევედი და კარი მოვიხურე. არ ჩამიკეტავს, მაინც ვიტოვებდი იმედს, რომ...
რომ... რომ... რომ...
არაფერიც არ მომხდარა.
ვიფიქრე, შუაღამეს ფეხაკრეფით შემოვა და საწოლზე ჩამომიჯდება-მეთქი. მერე მე, ვითომ ღრმა ძილიდან გამორკვეული, თვალებს გაოცებით გავახელ-მეთქი.
მერე ის ჩემკენ დაიხრება და ყველაფერი თავისთავად მოხდება-მეთქი.
მეთქი... მეთქი... მეთქი...
არაფერიც არ მომხდარა იმის გარდა, რომ მთელი ღამე თეთრად გავათენე...
მანამ ველოდებოდი მის გამოჩენას, სანამ მამლებმა არ იყივლეს და ცისკიდური იასამნისფრად არ შეიფერა. ვფიქრობდი, რაც იქნება, იქნება, ამ ერთხელაც გავრისკავ, თუ გამოვიდა, ხომ კარგი, თუ არადა, მერე რა მოხდა, განა ადამიანები ცოტა შეცდომას უშვებენ ცხოვრებაში? ბოლოს და ბოლოს, ცხრა წელია, თავს ვინახავ. მერედა, რისთვის? ვისთვის? ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ. განა კარგია, სექსის გარეშე, სულ მარტოობაში ცხოვრების გალევა? ჩემთვის ეს გარისკვა იქნებოდა, მისთვის - მორიგი თავგადასავალი. თვითონ არაფერს წააგებდა, მე... ან წავაგებდი, ან მოვიგებდი. სხვა თუ არაფერი, ერთი ნეტარებით სავსე ღამე მაინც შემრჩებოდა.
რამ აიძულა, ასე მოქცეულიყო? შეეშინდა, რომ ხელს ვკრავდი? არა მგონია. აშკარად გრძნობს, როგორ მიველტვი, როგორ ვთრთი მის შემოხედვაზეც კი, შეხებაზე რომ არაფერი ვთქვათ. მაშ, რა იყო მიზეზი? უმწეო ქალზე არ გაიწია? სისულელეა. იქნებ ჩემს ნათესავებთან რომ ვიყავით, ამან გააჩერა? ბიძაჩემს გაუწია ანგარიში? არ ვიცი...
ფაქტია, რომ მისი მოუსვლელობა ჩემი ღამის თეთრად გათენების და კითხვებით სავსე ფიქრების მიზეზი გახდა...
ლუი და რომა კვირა დილით დაბრუნდნენ. როგორც იქნა, ავადმყოფი გონს მოეგო და პირველმა საშიშროებამაც გაიარაო. ორივეს საშინლად დაღლილი სახე ჰქონდა. ეტყობოდათ, რომ არ სძინებიათ... ჩემსავით...
ერთად ვისაუზმეთ და მერე, ჩემდა გასაკვირად, რომამ ჯოკერის თამაშიც კი შემოგვთავაზა. მისგან ამას არ ველოდი. ერთი ხელი ვითამაშეთ წყვილებში - მე და კოკი ერთად, ლუი და რომა - ერთად. ჩვენ მოვიგეთ - ხინკლები და ლუდი სადილად.
მამიდა მაშინვე დატრიალდა და სადილზე ისეთი ხინკლები გაგვიკეთა, კოკი აღფრთოვანებას ვერ მალავდა.
- იცი? მამიდაშენი რაღაცით დედაჩემს მაგონებს, ძალიან თბილი ადამიანია, - გამენდო კოკი.
- დედაშენს? - გაოგნებულმა შევხედე, დედა ჩემთან არასდროს უხსენებია. ცოტა არ იყოს, მეხამუშა. ვერ წარმომედგინა, ოდესმე იგი პატარა ყოფილიყო.
- ცამეტი წლის ვიყავი, როცა გარდაიცვალა. რთული მშობიარობა ჰქონია და ექიმებს უთქვამთ, მეორე აღარ გააჩინოო, მაგრამ ისე უყვარდა ბავშვები, მაინც გაურისკავს. გაჩენაც ვერ მოასწრო, ისე დაიღუპა ორივე... ისიც ბიჭი იყო. - კოკი კარგა ხნით დადუმდა, მერე კი უფრო დაბალი და სევდაშერეული ხმით გააგრძელა, - სამ წლის შემდეგ მამაჩემი ხელმეორედ დაქორწინდა. თითქოს არ იყო ცუდი ქალი დედინაცვალი, მაგრამ, რატომღაც, მე ვერ შევეწყვე.
- ძალიან ვწუხვარ, - არ ვიცოდი, სხვა რა მეთქვა.
მან მხრები აიჩეჩა.
- ყველაფერი უკვე წარსულში დარჩა. მამა რომ გარდამეცვალა, ოცდაათის ვიყავი.
- და შენი დედინაცვალი?
- ის კიდევ ერთხელ გათხოვდა, - გაეღიმა, - მართალია, ქორწილში არ დამპატიჟა, მაგრამ ჩემთვის სულერთი იყო, მაინც არ წავიდოდი.
- ასეთი რთული ურთიერთობა გქონდათ?
- ჰო. ალბათ მე ვიყავი ძნელი ასატანი, მაინცდამაინც რბილი ხასიათით არასდროს გამოვირჩეოდი. მიმაჩნდა, რომ მამამ დედას უღალატა, როცა მეორე ცოლის მოყვანა გადაწყვიტა, ამიტომაც ვერ ვიტანდი ქალს, რომელმაც დედაჩემის ადგილი დაიკავა. ამასთან, ჩემს დედინაცვალს მხოლოდ მამაჩემის ქონება აინტერესებდა და არა ჩვენ.
- ნუთუ?
- დამიჯერე, არ ვაჭარბებ.
- მჯერა, მაგრამ მამაშენი ვერ ხვდებოდა ამას?
- ისე უყვარდა, რომ ამას ყურადღებას არ აქცევდა. ხომ არ შეგაწყინე თავი?
- არა, რას ამბობ. შეგიძლია ყველაფერი მითხრა, თუ რამე გაწუხებს და მისი სხვისთვის გაზიარება შვებას მოგგვრის.
ოდნავ დამცინავი მზერით გამომხედა, მაგრამ ამჯერად არ მწყენია. მივხვდი, რომ შეცოდებას ვერავისგან აიტანდა.
შუადღე გადასული იყო, რომ წამოვედით. სახლამდე მიმაცილა. რა თქმა უნდა, ყავაზე შევიპატიჟე, ახლა უკვე აღარ გამოდიოდა ცივად დამშვიდობება. არც მას უთქვამს უარი.
უკვე საღამოვდებოდა. მზის სხივები ოქროსფრად იღვრებოდა ჩემს სასტუმრო ოთახში.
- დაჯექი, მე ახლავე მოვალ, - სავარძელზე მივუთითე და საჟურნალე მაგიდა ახლოს მივუწიე, მე კი სამზარეულოში გავუჩინარდი.
როცა გორგოლაჭებიანი მაგიდა შემოვაგორე ყავის ფინჯნებით და შოკოლადის კანფეტებით, საოცარი სურათის მომსწრე გავხდი - კოკი იატაკზე ფეხმორთხმული იჯდა მუსიკალურ ცენტრთან და ჩემს დისკებს ათვალიერებდა.
- ჯაზს არ უსმენ? ერთი დისკიც ვერ ვიპოვე.
- მაპატიე, მაგრამ დიდად არ მიყვარს ჯაზი.
- როგორც ვხედავ, ბევრი რამე უნდა გასწავლო და რაღაცებს მიგაჩვიო, - ჩუმად წარმოთქვა, თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკაო.
არაფერი მითქვამს, გაჩუმება ვამჯობინე.
ბოლოს, როგორც იქნა, კლასიკური მუსიკა აირჩია და ვივალდის `ოთხი სეზონი~ ჩართო.
ვუსმენდით მუსიკას, ვსვამდით ყავას და ვსაუბრობდით. მერე მოულოდნელად შემეკითხა:
- მითქვამს შენთვის, რომ თბილისის გარეუბანში სახლს ვეძებ საყიდლად?
წამით მეტყველების უნარი დავკარგე.
- რა? რაში გჭირდება? როგორც ვიცი, უზარმაზარი სახლი გაქვს მთლად ცენტრში.
- სახლი არა, ბინა მაქვს... ექვსოთახიანი. მე კი ეზოიანი სახლი მინდა. დილით რომ ადგები, გარეთ გახვალ და ეგრევე მიწაზე დადგამ ფეხს, თან ჩიტების ჟღურტული და ყვავილების სურნელი რომ შემოგებებება.
- და მერე ბინას რას უზამ?
- ისიც მექნება და ესეც. ცუდი რითია?
- არაფრით... - დავიბენი, - უბრალოდ, მარტო კაცისთვის...
- გებევრება? - სიცილი აუტყდა.
- რა ვიცი... - უხერხულად ავიწურე მხრები.
- მაგრამ სულ მარტო ხომ არ ვიქნები? ერთხელაც შემიყვარდება ვინმე, მეც შევირთავ ცოლს, მეყოლება ბავშვები და ასე...
- მშვენიერია. ლამაზი მომავალი დახატე, მაგრამ შენ სულ საზღვარგარეთ ხარ. რომელი ცოლი გაუძლებს შენს ვოიაჟებს? - ვთქვი და გამაჟრჟოლა. გოლა გამახსენდა, თვეობით რომ ველოდებოდი მის გამოჩენას. წამით თავი კოკის ცოლად წარმოვიდგინე და თავი სწრაფად გავაქნიე, ამასთანაც სულ ლოდინმა თუ მომიწია-მეთქი.
- ამ სასტუმროს ამბავი თუ გამოგვივიდა, მერე ყველაფერი დალაგდება და ხშირი გადაკარგვაც აღარ მომიწევს.
- მართლა? - ისე გახარებულმა ვკითხე, თითქოს ჩემ გამო წყვეტდა ამგვარ საკითხებს.
- ჰო. მთავარია, როგორ წარიმართება საქმეები. შენზეც ბევრია დამოკიდებული. მართლა და, ამ გახსენებაზე, როდის შეუდგები საქმის მოკვლევას?
- ხვალიდანვე, ოღონდ რომელიმე მეწილეს უნდა შემახვედრო.
- არაა პრობლემა. ერთ-ერთი აქ არის, თბილისში, ერთად ჩამოვფრინდით. ამაღამ დაველაპარაკები და ხვალ შეგახვედრებ.
- ძალიან კარგი.
- არ გეშინია? - მოულოდნელად მკითხა.
- რისი?
- ამ საქმის.
- რატომ უნდა მეშინოდეს?
- იმიტომ, რომ ხელისუფლების მაღალი ეშელონებიდანაც არიან დაინტერესებული მაგ ტერიტორიით.
- ვიცი. ამიტომ მეც შეგეკითხები: თქვენ არ გეშინიათ?
- არა, ჩვენ არ გვეშინია, იმიტომ, რომ სიმართლე ჩვენ მხარესაა.
- მერედა, სიმართლე საკმარისია ამისთვის?
- ეს კი უკვე შენზეა დამოკიდებული. - შემომაგება პასუხად და უცნაურად გამიღიმა.
- რთული საქმე იქნება.
- ვიცი, მაგრამ ეს ბიზნესია, რომელიც წესების გარეშე თამაშს მოითხოვს.
- ბიზნესი კი არა, ომია.
- ეგრე თუ მივუდგებით, ყველაფერი ომია, სიყვარულიც კი, - კვლავ გამიღიმა.
მოულოდნელად ფეხი ფეხზე მივადე და წამსვე გავწიე, რამე არ იფიქროს-მეთქი. საბედნიეროდ, რეაქცია არ ჰქონია.
- გეგულება რამე?
- რა? - ვერ მივუხვდი და გაკვირვებული მზერა შევავლე.
- სახლი, გასაყიდი.
- სამწუხაროდ, ასეთ რამეებში დიდად გარკვეული არ ვარ, მაგრამ გავიკითხავ. კონკრეტულად რომელ უბანში გინდა?
- სულერთია. მთავარია, კომფორტული იყოს. თავიდან აშენების და რემონტის თავი არ მაქვს.
- ისე, მაკლერებთან დაკავშირება აჯობებდა, ან რომელიმე ფირმას რომ მიმართო, - ვურჩიე.
- ალბათ მართალი ხარ... ასეც მოვიქცევი.
ნეტავ პირველ დღესვე უარი მეთქვა მის შემოთავაზებულ საქმეზე. ასე უფრო გამიადვილდებოდა მასთან ურთიერთობა, ახლა რაღაცნაირად შებოჭილად ვგრძნობდი თავს. კი მარწმუნებდა, მე არ ვარ წილშიო, მაგრამ ამის ნაკლებად მჯეროდა.
- კარგი, ახლა წავალ. უკვე დროა. ზეგ ისევ მივფრინავ.
- ისევ მიფრინავ? შტატებში?
- ჰო.
- მაგრამ ახლახან არ ჩამოფრინდი?
აშკარად სიამოვნებდა ჩემი გაოცებული და შეცბუნებული სახის დანახვა.
- შემეძლო, არ ჩამოვფრენილიყავი, მაგრამ ვერ მოვითმინე.
- საქმეების გამო?
- განა მე საქმეები ვახსენე? - ტუჩები ყურთან მომიტანა და ვნებიანად მიჩურჩულა, - აბა, შენ იცი, ამაღამ მაინც გამოიძინე, ხვალ დაგირეკავ, - და ამ სიტყვებით კარს მიღმა გაუჩინარდა...
მეორე დღეს დილითვე დამირეკა და შეხვედრა თერთმეტისთვის დამითქვა, მე და ჩემი მეგობარი ოფისში მოგაკითხავთო. შევთანხმდით.
საგანგებოდ გამოვიპრანჭე, მინდოდა, ორივეზე ძლიერი შთაბეჭდილება მომეხდინა. მართალია, ჯერ კიდევ ვკოჭლობდი, მაგრამ კაბინეტში სიარული ხომ არ მომიწევდა? მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე, რასაც ზაფხულში ყოველთვის ვერიდები ხოლმე, მაგრამ ეს ის შემთხვევა იყო, როცა სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს.
ზუსტად თერთმეტზე მოვიდნენ. მისი მეგობარი სიმპათიური კაცი აღმოჩნდა, შევერცხლილი გრუზა თმითა და მუგუზალივით შავი თვალებით. მივხვდი, რომ გედი გედევანიშვილი სწორედ ეს იყო, ასაკი ემთხვეოდა, 49 წლის. ხუტა წილოსანს კი სახეზეც ვიცნობდი, მაგრამ ის, როგორც გაირკვა, საქართველოში არ იმყოფებოდა.
- ასეთი ლამაზი ქალბატონი თუ დაგვიცავს, მოგვიგია საქმე და ეგ არის, კოკი. მომწონს შენი არჩევანი, - ხელები მოიფშვნიტა გედიმ ერთმანეთის გაცნობის შემდეგ და სავარძელში ისე გაიშხლართა, უდარდელმა კაცებმა რომ იციან, ფეხებგაჩაჩხულმა.
- კარგია, სილამაზე საქმეს რომ იგებდეს, ბატონო გედი, მაგრამ სამწუხაროდ, ასე რომ არ არის? - რატომღაც, კეკლუცად გამომივიდა, რადგან გავუღიმე კიდევაც ჩემს კლიენტს, თვალებიც ავაჟუჟუნე და თავიც გვერდზე გადავხარე.
- სილამაზეს სამყაროს გადარჩენა შეუძლია, ჩემო ბაბი. ჩვენი პატარა, უმნიშვნელო საქმე რა მოსატანია ამასთან, - თავმდაბლობას `მიაწვა~ გედი.
- მოდი, დავიწყოთ. თავიდან მომიყევით ყველაფერი. მე კი გავეცანი მასალებს, მაგრამ რადგან თქვენთან შეხვედრა მოხერხდა, მირჩევნია, თავად მოგისმინოთ. ოღონდ, ზუსტად ისე მითხარით, როგორც იყო და არის. ტყუილი საქმეში არ წაგვადგება, - უცებ დავსერიოზულდი და ადვოკატის `პოზა~ დავიჭირე.
გედევანიშვილმაც დაიწყო. თუ მის მონაყოლს დავუჯერებდი, საქმის მოგებას წინ არაფერი დაუდგებოდა. საბუთები წესრიგში ჰქონდა, ყველაფერი წესის და რიგის მიხედვით იყო გაფორმებული. თანხმობა მერიას გაუცია, ამის დამადასტურებელი დოკუმენტიც ხელთ ჰქონდა.
- ძალიან კარგი. ისღა დამრჩენია, მეორე მხარის ადვოკატს შევხვდე.
- იცნობთ იმ ბიჭს?
- ვის? მათ ადვოკატს?
- დიახ.
- არა, წარმოდგენა არ მაქვს, ვინაა, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს?
- არა, ისე ვიკითხე... - თითქოს ეჭვი გაუკრთა მზერაში.
- თუნდაც ნაცნობი იყოს, სულერთია. ჩვენ ჩვენს საქმეს ვიცავთ, ისინი - თავისას. ასეთ შემთხვევაში ადვოკატები ერთმანეთის მოწინააღმდეგეები ვართ. ასე რომ...
- მესმის, მესმის, - ამოიხვნეშა გედიმ. მთელი ამ ხნის განმავლობაში კოკის სიტყვა არ დაუძრავს, მდუმარედ მომჩერებოდა, თითქოს საქმიან ნაწილში სურს ჩემი გაცნობაო.
- დღესვე დავუკავშირდები მას და შეხვედრას დავუთქვამ. იქნებ სასამართლომდე არ მივიდეს საქმე. მე მგონი, მორიგებაც შეიძლება, რას იტყვით?
- თუ არ გამწეწავენ, ყველაფერი შეიძლება, - ხელები გაშალა გედიმ დანებების ნიშნად.
- ამაზე მე ვიზრუნებ. ჯერ ის გავარკვიოთ, რის საფუძველზე ამტკიცებენ ტერიტორიის მესაკუთრეობას.
- აი, მანდაა ძაღლის თავი დამარხული. ამწუთას ეს რომ არ გეხსენებინათ, ვიფიქრებდი, ესეც მოსყიდულია და ფულის შეწერაზე წავა მხოლოდ საუბარი-მეთქი.
კოპები შევკარი.
- ძალიან გთხოვთ, სხვა დროს მსგავსი რამ არ წამოგცდეთ, ბატონო გედი. მე ჩემი საქმის პროფესიონალად მიცნობენ. სახელის გატეხა არ მჩვევია. ფულს ისედაც კარგად ვაკეთებ, ბინძური თამაშები არ მხიბლავს.
აშკარად კმაყოფილების ღიმილმა გაუნათა სახე. წამოდგა და ორივე ხელი გამომიწოდა, მეც შევაგებე მარჯვენა. მან თავის ვეებერთელა ტორებში მოიმწყვდია ჩემი თითები და თავის დაკვრით მადლობის კორიანტელი დააყენა.
- ჩემზე იყოს, ქალბატონო ბაბი. თუ ეს საქმე გამოვიდა, ამ სიკეთეს არ დაგივიწყებთ. ახალ სასტუმროში ერთი ნომერი პირადად თქვენს განკარგულებაში გადმოვა, თანაც მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
- ეს უკვე ქრთამია, ბატონო გედი, - სიცილი ვერ შევიკავე.
- თუ გავიმარჯვეთ, მერე რაც გინდათ, ის დაარქვით, ქალბატონო ბაბი, ჩემთვის სულერთია.
გასვლისას კოკი ჩემკენ შემობრუნდა. სახეზე უცნაური გამომეტყველება აღბეჭდოდა. მიყურებდა და ხმას არ იღებდა.
- რა? - წარბები ავწიე და შევაცქერდი.
- არაბუნებრივად ბუნებრივი გოგო ხარ, ვამაყობ შენით, - შეცვლილი ხმით მითხრა და თვალების დახუჭვით გამოხატა მადლიერება.
- სასიამოვნოა შენგან ამის მოსმენა, - მეც მივნაბე თვალები.
- და ხვალ საღამოს მე და გედი რესტორანში გეპატიჟებით.
- ამის უფლება არ მაქვს. მაპატიე, მაგრამ ვერა.
- რატომ? ეს კანონით არ იკრძალება და...
- სამაგიეროდ, მე ვკრძალავ. ქეიფი და დროს ტარება მერე, თუ ვიქნებით ამის ხასიათზე.
- მაშინ მე და შენ...
- მოდი, სხვა დროს განვიხილოთ ეს საკითხი, კარგი? ახლა ბევრი სამუშაო მაქვს, ასეთ რამეებზე ვერ ვფიქრობ.
- ეშმაკუნა! შენ ერთდროულად ყველაფერზე ფიქრობ, თან ისე, რომ არაფერი შეგეშლება, - დატუქსვის ნიშნად საჩვენებელი თითი დამიქნია, ტუჩებით ხმაურიანი კოცნა გამოხატა და გავიდა.
ჩემი კონკურენტი ადვოკატი ცოტნე შიუკაშვილი აღმოჩნდა, დაახლოებით ჩემი ასაკის, რომლის დაყენებული მანერები აშკარად გამაღიზიანებლად მოქმედებდა. თავის თავში დაჯერებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომელსაც ჰგონია, რომ მისი მჯობნი ქვეყანაზე არავინაა. ასეთები თავიანთ უცოდინარობას და ხეპრეობას სწორედ სარკის წინ კარგად ნავარჯიშები დაყენებული მანერებით ნიღბავენ.
- ჩემი კლიენტები წესიერი ხალხია, - თავდაჯერებული ტონით დაიწყო, როცა შევხვდი, - მათ აფერა არაფერში სჭირდებათ. აგერ არის ყველა საბუთი, რომელიც ამტკიცებს, რომ ეს ტერიტორია წლების განმავლობაში მათ მფლობელობაში ირიცხებოდა. მერე მიზეზთა გამო, რომელიც ახლა უკვე არავისთვისაა დამალული, იძულებული გახადეს, ყველაფერი, რაც გააჩნდათ, მათ შორის ეს მიწის ნაკვეთიც, სახელმწიფოსათვის ერთ ლარად მიეყიდათ. აი, ეს დოკუმენტიც, - ცოტნე რიგრიგობით მილაგებდა წინ საბუთებს.
- მაშინ გამოდის, რომ ჩემს კლიენტს ტყუილად ედავებიან. წავიდნენ და იმათგან მოითხოვონ, ვისაც ერთ ლარად მიჰყიდეს.
- იმათგან როგორ მოითხოვონ, როცა ისინი აღარ არიან ძლიერნი ამა ქვეყნისანი? დრო შეიცვალა, ახლა ადვილია სიმართლის დადგენა.
- ცოტნე, ჩვენ, მე და თქვენ, ყველაფერი კარგად გვესმის, როცა საქმე ჩვენს პროფესიას ეხება, ხომ ასეა?
ვერაფერი გაიგო, მაგრამ მაინც დამიქნია თავი. ვერ მიხვდა, საითკენ მიმყავდა საუბარი.
- ჰოდა, გულახდილად მითხარი, შენს კლიენტებს ამ ნაკვეთისგან რამე სარგებელი ოდესმე თუ ჰქონიათ?
ჩემმა შეკითხვამ აშკარად დააბნია. შევატყვე, იურისპრუდენციაში დიდი გამოცდილება არ ჰქონდა, გამოუწვავი აგურივით იყო.
- ეს რა შუაშია? - მხოლოდ იმიტომ იკითხა, რომ დრო მოეგო და შემდეგ რა ეთქვა, მოეფიქრებინა.
- ეს იმ შუაშია, რომ ამ სადავო ტერიტორიაზე არანაირი სამუშაოები არ ჩატარებულა... არასდროს... რომ არა `ქოლორთაუერი~, დღესაც ეკალ-ბარდებით იქნებოდა მოფენილი.
- დავუშვათ, ასეა, მაგრამ მერე რა? დღეს თუ არა, ხვალ ხომ შეძლებდნენ გამოყენებას?
გამეცინა.
დაელოდეთ გაგრძელებას
ავტორი სვეტა კვარაცხელია
წყარო: gza.kvirispalitra.ge