ნოველები

წითელი ფეხსაცმელი. თავი 1

წითელი ფეხსაცმელი. თავი 1
ნიას ცუდი წინათგრძნობა აეკვიატა. დარწმუნებული იყო, რომ ეს დღე მისთვის კატასტროფულად დამთავრდებოდა. დილა ცუდად დაიწყო. ჯერ იყო და, თავისი ახალთახალი ლამაზი პიჟამა კბილის პასტით მოთხუპნა, მერე მაკას საღამოს კაბაზე ლამის ქაფქაფა ყავა გადაეღვარა. ასეა, არ უნდა იჩქარო. მოჩქარეს მოუგვიანდესო, სწორედ ამაზეა ნათქვამი. ან კი რას ფათიფუთობს? წვეულება საღამოს რვა საათზეა, რა ანერვიულებს? მართალია, წვეულებები დიდად არ ეხატება გულზე, მით უმეტეს, როცა მისთვის უცხო საზოგადოებაში მოხვდება, მაგრამ რას იზამ, თუკი დახმარება შენს უახლოეს დაქალს სჭირდება? მაკაზე
უკეთესი ქვეყნად არავინ ჰყავს, ამიტომაც თავს ვალდებულად მიიჩნევს, მსხვერპლი გაიღოს. საუკეთესო კაბაც კი ათხოვა მეგობარმა.
მაგიდა აალაგა და საძინებელში გავიდა, რომ დიდ სარკეში კიდევ ერთხელ ჩაეხედა. ღმერთო ჩემო! ქუჩის ქალივით გამოიყურება! ოხ, მაკა, მაკა! შენ რა გითხარი! ასე უნდა გაიმეტო დაქალი? როდის იყო, ნია გამომწვევად იცვამდა! ძალიან მოღეღილია ეს კაბა, მკერდი ლამისაა, ღრმა ჭრილიდან ამოუვარდეს! თან რა მკერდი!

ნიამ ზიზღით შეათვალიერა თავისი ორეული: მაკიაჟი ძალზე მკვეთრია, პომადა - ვულგარული, რამსისქე ტუჩები გამოუჩნდა?! ამ წამწამებს რაღა დაემართა? როგორ მიწეწებია ერთმანეთს. თვითონ რა შუაშია, ტუშის ბრალია, არ უნდა ეყიდა ოთხლარიანი ნაგავი. "მაქსფაქტორისთვის" კი ოცი ლარი ვერ გაიმეტა, ჰოდა, იყოს ახლა ასე მოთხუპნული. რას დასცინებენ უცხო საზოგადოებაში? კეკელკასავით რომ გამოცხადდება ქალებისთვის სათაყვანებელ ბიზნესმენთან! რა სირცხვილია!
ამ ყოფაში იყო, რომ კარი გაიღო და ოთახში მაკა შემოვიდა. ნაცრისფერი დასდებოდა სახეზე.
- რა ქენი, მზად ხარ?
ნია დატუქსული ბავშვივით შეტრიალდა მეგობრისკენ.
- ჰო, მაგრამ საშინლად არაკომფორტულად ვგრძნობ თავს ამ კაბაში. ძალიან ჩახსნილია წინიდანაც და უკნიდანაც, - შეწუხებულს თვალები აუწყლიანდა.
- რას ამბობ, გაგიჟდი? - შეიცხადა დაქალმა, - ჩემი ყველაზე საყვარელი კაბა მოგიტანე. შენ ჩემზე დიდი მკერდი გაქვს და უფრო ლამაზი თეძოები, ამიტომაც ბევრად სექსუალურად გადგას ტანზე. პირდაპირ გხატავს, ვერ ხედავ? კაცები დაეცემიან, რომ დაგინახავენ. კახას უყვარს, როცა შენნაირი ლამაზი ქალები ტრიალებენ მის გარშემო. იცის სილამაზის ფასი. ისედაც, რომელ მამაკაცს არ მოსწონს ეს? შენ კი სიგიჟემდე ლამაზი ხარ, არაჩვეულებრივად გამოიყურები. მე თუ მკითხავ, სულელი ხარ, ნია, რა. ტყუილად არ იყენებ ასეთ გარეგნობას. შენს ადგილზე იცი, რამდენ და როგორ კაცებს შევაბამდი? აქამდე მილიონერის ცოლი გავხდებოდი!

ნიამ ღიმილი ვერ შეიკავა.
- ძალიან გამომწვევად გამოვიყურები, მაკიაჟიც არ მიხდება...
- ნუ სულელობ, მაგარ ფორმაში ხარ! იცოდე, ფრთხილად იყავი, კაცი არ დამაწერო! - ხუმრობით თითი დაუქნია დაქალმა და ლოყა ლოყაზე მიადო სიყვარულის ნიშნად.
- არ გრცხვენია? რა თავში ვიხლი შენს კაცს, სულ არ მაინტერესებს... ოჰ, რომ იცოდე, რა შარში გამხვიე... - ამოიოხრა გოგონამ და თვალები დახარა.
- კარგი რა, ნუ იგონებ რაღაცას. შენ დიდი არაფერი გევალება. ერთადერთი, რაც უნდა გააკეთო, კახას მეთვალყურეობაა. გამუდმებით მის გვერდით იტრიალე, რომ სხვა ქალებს მასთან ახლოს მისვლის საშუალება არ მისცე. იცი, როგორ ნადირობენ კახუჩაზე გოგოები? ლამისაა, ერთმანეთი დაწყვიტონ მისი გულისთვის. არ იცი, როგორ შურთ ჩემი!
- მჯერა, - ამოიკნავლა ნიამ და ამჯერად ნაძალადევად გაიღიმა.
- არ შეგაწუხებდი, სიხარულო, მაგრამ რა ვქნა, ისე ცუდად ვარ, შანსი არ არის, გარეთ გავიდე. რამ მაჭამა წუხელ ის თევზი, მთელი ღამე მაღებინებდა. ვერ ხედავ, რა ფერი მადევს? ყოველ ათ წუთში ტუალეტში გავრბივარ. კიდევ კარგი, შენთან დავრჩი, თორემ სახლამდე ვეღარც მივაღწევდი.
- ჰო, მესმოდა, მეც არ მიძინია მთელი ღამე.
- არ დაგაძინე, ფისო, ხომ? - გადაეხვია მაკა.
- შენ რა შუაში ხარ, უბრალოდ, თვალი ვერ მოვხუჭე, ვნერვიულობდი. სრულიად უცხო ხალხთან მიწევს საღამოს გატარება, არც ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე.
- კარგი რა, დაიკიდე. ისე მოიქეცი, როგორც სიტუაცია გიკარნახებს. გგონია, იქ შენზე უკეთესები იქნებიან? ყოველ მათგანს ელიტა ჰგონია თავი, ამ დროს ერთი გაუნათლებელი, ტლუ გოგოები არიან, ფულიანი მამაკაცების გამოსაჭერად საშოვარზე გამოსულნი. ეგ არის და ეგ.
- უ-უჰჰჰჰ! - დაიკვნესა ნიამ, - როგორ არ მიყვარს ასეთი რამეები!.. კარგი, კარგი, რაც არის, არის. რომელი საათია?
- ჯერ ადრეა, ნუ ნერვიულობ.

ნიამ ტუჩი მოიკვნიტა. "უფულობას რა ვუთხარი! ვალში რომ არ ვიყო მაკასთან, ხომ ამცდებოდა ეს ხათაბალა?" არადა, როგორ უთხრას უარი ასეთ მზრუნველ მეგობარს? რამე რომ დასჭირდება, გაჭირვების ტალკვესივით მუდამ მის გვერდით დგას. რა ქნას აბა, თავისი ხელფასით თავი ვერ გააქვს. სკოლაში მუშაობს ინგლისური ენის მასწავლებლად, მაგრამ კვირაში მხოლოდ ორ დღეს - ორშაბათს და ხუთშაბათს, სულ თორმეტი საათი გამოუყვეს. ეყოფა? რა თქმა უნდა, არ ეყოფა. იმ თვიდან ვნახოთ, რა იქნება. ამას წინათ მაკა ფულის სესხებაში დაეხმარა და მცირე ბიზნესი წამოიწყო - ფართი იქირავა და მეორადი ტანსაცმლის მაღაზია გახსნა. ერთი მასსავით საწყალი გოგო დააყენა გამყიდველად, დღეში შვიდ ლარს უხდის. ღმერთმა ქნას, გაამართლოს. ამიტომაც ვერ ეუბნება დაქალს თხოვნაზე უარს, თორემ რა ჯანდაბა უნდოდა ვიღაც კახუჩელასთან ერთად კაზინოში?

ეჰ, რა კარგი დრო იყო, დედა რომ ცოცხალი ჰყავდა... რა მოსაბეზრებელია მარტო ცხოვრება, არაფერი უხარია, ყველაფრის ხალისი დაკარგა. მაკა კიდევ, გადაეკიდა, ისეთი ლამაზი ხარ, გამოიყენე შენი სილამაზე რამეშიო. არ სიამოვნებს ნიას მეგობრის შეგონება. არ უნდა, მას დაემსგავსოს. მისნაირი ვერასდროს გახდება. ფულის გულისთვის შეიძლება ყველაფერზე წახვიდე? არა, ის წესიერი გოგოა, ტრადიციებზე აღზრდილი და ასეთ რამეს არასდროს გააკეთებს. ეყოფა, ერთი შეცდომა რომ დაუშვა წარსულში, თუმცა მაშინ ძალიან ახალგაზრდა იყო... მას მერე ჭკუა იასწავლა. მისთვის ეს ერთი საღამოც კი მიუღებელია, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი არაფერი ევალება. მისგან ამორალურ საქციელს არავინ მოითხოვს, მაგრამ ასე ვულგარულად გამოწყობილი რომ წავა წვეულებაზე, ხალხი რას იფიქრებს? ვაითუ, შემთხვევით ნაცნობმა დაინახოს? ხომ მოეჭრება თავი! მთელი სკოლა მასზე ალაპარაკდება!
ამის გაფიქრებაზე ცივმა ოფლმა დაასხა, შეაჟრჟოლა.

- თუ დამიჯერებ, შენი ყველა პრობლემა თავისთავად მოგვარდება, ოღონდ მომენდე, გესმის? - გააგრძელა მაკამ, - კახას მდიდარი ძმაკაცები ჰყავს, ყველა ფულიანია. მთელი ცხოვრება მათხოვარივით ხომ არ უნდა იყო?
- არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი, მაკა, გთხოვ, - საყვედური გაურია ნიამ ხმაში.
- ღმერთო ჩემო, რატომ გგონია, რომ ცუდისკენ გიბიძგებ? თუ საყვარლის გაჩენა არ გსურს, არავინ გაძალებს. იქ უცოლოებიც არიან. შენნაირ გოგოზე არც ერთი უარს არ იტყვის, დარწმუნებული ვარ. ისინი მდიდარ საცოლეებს არ ცნობენ. ფულის მეტი რა აქვთ! მათთვის პატიოსნებაა მთავარი, მოკრძალებულ, თავმდაბალ ქალებს სანთლით ეძებენ. შენ ერთ-ერთი მათგანი ხარ, შეიძლება ერთადერთიც. ჰოდა, იმოქმედე, რა!
- ჰმ, რა მიამიტი ხარ, რომ იცოდე. ვის რაში სჭირდება ჩემნაირი, რომელი მაღალი წრიდან გამოსული მე ვარ? ისეთი ქალები დადიან ქალაქში, ცაში ვარსკვლავებს ეთამაშებიან, თანაც როგორი ოჯახის შვილები! თავადაც ხომ ხვდები, რომ შენი რჩევა-დარიგება ტყუილი წყლის ნაყვაა? შენ თვითონ არ გჯერა საკუთარი ზღაპრის, ამიტომაც გთხოვ, გაჩუმდი!
- მე კი გავჩუმდები, მაგრამ ეს შენს პრობლემებს რამეს უშველის? რა ვქნა, პირადად ცუდს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ მამაკაცის ხარჯზე ვიცხოვრო. არ ვარ მართალი?
- მაგრამ ამისთვის საკუთარი სხეული არ უნდა გაყიდო. არ გეგონოს, რომ ცხოვრების წესს გიწუნებ, ეს ჩემი საქმე არ არის, მაგრამ თავად ამის მომხრე არ ვარ, ჩემთვის მსგავსი რამე მიუღებელია. მირჩევნია, მხოლოდ პურის ფული მქონდეს, ვიდრე...
ნირწამხდარმა მაკამ გაჩუმება ამჯობინა. ნია მიხვდა, რომ მეგობარს აწყენინა და მხარზე გადახვია ხელი.
- გეფიცები, შენი განსჯა ფიქრადაც არ გამივლია, მაკუშ. შენ იმდენ რამეს აკეთებ ჩემთვის, უმადურობა იქნებოდა, ეს არ დამეფასებინა. ნამდვილად არ მაქვს უფლება, გაგკიცხო ან შენიშვნა მოგცე. შენი პირადი ცხოვრება შენ უნდა განკარგო, მაგრამ მე შენნაირად არ შემიძლია და მორჩა!
- გამოდის, ჩვენ მეგობრები არ ვყოფილვართ, - დაიჩურჩულა მაკამ.
- მეგობრები რომ ვართ, იმიტომაც მივდივარ ამაღამ შენ მაგივრად. მგონი, ყველაფერი გითხარი! - თქვა ნიამ და ცივად გაუღიმა დაქალს.


***
გიგი შუბლშეჭმუხნილი გაჰყურებდა პოკერის სათამაშო მაგიდასთან შეჯგუფულ ხმაურიან კომპანიას.
- ეს კახა დევიძეა, - უჩურჩულა კაზინოს დაცვის თანამშრომელმა, თემომ, - უამრავ რამეშია ეჭვმინტანილი - ნარკოტიკები, ფულის გათეთრება, "შულერობა"... კიდევ ჩამოვთვალო?
გიგიმ უარის ნიშნად თავი გადააქნია.
- ასე თუ გააგრძელა, ნულზე დაგვსვამს. როგორ მოვიქცე? - ჩაეკითხა თემო.
- ამჯერად მე თვითონ მივხედავ, გმადლობ.
- გარუსებულ მაფიოზს, არა მგონია, ეს მოეწონოს, - ჩაიცინა ბიჭმა.
- მით უარესი მისთვის, - თავისთვის ჩაილაპარაკა გიგიმ და ადგილიდან დაიძრა.
მიუხედავად იმისა, რომ დევიძისნაირები კაზინოში უამრავ ფულს ხარჯავდნენ, გიგი ახვლედიანისთვის სულერთი არ იყო, რამდენად ბინძური ფული ტრიალებდა პრესტიჟულ სამორინეში. მით უფრო, რომ კახა თავისი აფერით განთქმული იყო მთელ რუსეთში. როცა იქ გაუგეს და თითქმის ყველა კაზინოს შავ სიაში შეიტანეს, საქართველოში გადმოინაცვლა. სხვების თვალის ასახვევად, თავიდან აგებდა და აგებდა. როცა წაგებული თანხა სოლიდურ თანხას მიაღწევდა, მერე უკვე ასტრონომიულ ციფრამდე აჰყავდა მოგება.

არა, უნდა დაატოვებინოს აქაურობა, მაგრამ ამისთვის რადიკალურ მეთოდებს, რა თქმა უნდა, არ მიმართავს. ასეთ გარეწრებთან უმჯობესია, დიპლომატიური სვლები გამოიყენო, ისე, რომ კაზინოს რეპუტაცია არ შეილახოს.

გიგი დინჯად მიიწევდა წინ. გზადაგზა იძულებული ხდებოდა, შეჩერებულიყო, რათა ნაცნობებს და მუდმივ კლიენტებს თავაზიანად მისალმებოდა, მათი თანმხლები მანდილოსნებისთვის კომპლიმენტები არ დაეშურა. ასეთ მომენტებშიც კი არ არღვევდა იგი ეტიკეტის წესებს. აი, ახლაც, ერთ-ერთი ბანკის დირექტორს ჩამოართვა ხელი, თბილად მოიკითხა, თან მის ზურგს უკან გააპარა მზერა. დევიძე და მისი კამპანია კვლავ სათამაშო მაგიდის ირგვლივ ხორხოცებდნენ. შიგადაშიგ მხურვალე აპლოდისმენტებიც ისმოდა. როგორც ჩანდა, კახა ისევ და ისევ იგებდა. მას რამდენიმე ძმაკაციც ახლდა თან, რომელთაც გვერდს ვულგარული ქალების მთელი წყება უმშვენებდა. სწორედ ისინი ქმნიდნენ აჟიოტაჟს ყოველი მომდევნო პარტიის დასასრულს. ეს კიდევ ერთი მიზეზი იყო, სასწრაფოდ გაეძევებინა დევიძე და მისი დამქაშები კაზინოდან.
რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როცა ლამაზ მანდილოსანს ხედავ, ეს დადებითად მოქმედებს საქმოსანი ადამიანების რეპუტაციაზე. მდიდარ ადამიანებს უყვართ საზოგადოებაში ლამაზ ქალებთან ერთად გამოჩენა. სწორედ მათ გამო ხარჯავენ ბიზნესმენები უამრავ ფულს, თავს აწონებენ გოგჩოებს... მაგრამ კონკრეტულ სიტუაციაში ამაზე არ იყო ლაპარაკი. გიგი არ დაუშვებს, მის სამორინეში ბორდელიდან გამოყვანილმა ქალებმა "იტასაონ"... თუნდაც ძალზე მომხიბვლელად და სექსუალურად გამოიყურებოდნენ... როგორც, მაგალითად, აი, ის...

ახვლედიანის დიდრონი შავი თვალები ახალგაზრდა გოგონას მიაჩერდა, რომელიც კახას გვერდით იდგა. იგი სხვა დანარჩენებისგან აშკარად გამოირჩეოდა. მისმა მგრძნობიარე პროფილმა მამაკაცი აღტაცებაში მოიყვანა. იგი ერთ-ერთი იმ ქალთაგანი იყო, რომელიც ყოველთვის იპყრობდა მის ყურადღებას. სწორედ ასეთები მოსწონდა. უგემოვნო მაკიაჟი, ვულგარული ვარცხნილობა და ზედმეტად გამომწვევი ცისფერი კაბა ვერაფერს აკლებდა გოგონას ბუნებრივ სილამაზეს. დასანანიც კი იყო, ასეთი მიმზიდველი არსება მისთვის არასასურველ კამპანიას რომ ახლდა თან. დევიძის ერთ-ერთ ძმაკაცს გოგონას შიშველ მხარზე ხელი გადაეხვია და ყურში რაღაცას ვნებიანად ჩასჩურჩულებდა. მამაკაცი დროდადრო თავისკენ იზიდავდა ქალს. ამ დროს მისი დეკოლტე უფრო ფართოდ იხსნებოდა და ისედაც მოშიშვლებული მკერდი კერტების გამოჩენამდე შიშვლდებოდა. როგორც ჩანს, გოგონა ამას ვერ ამჩნევდა. შეიძლება არც სურდა, შეემჩნია. ალბათ საგანგებოდაც ჩაიცვა ასე, სხვანაირად როგორ მოხვდებოდა ამათ წრეში? - გაიფიქრა გიგიმ.
ამასობაში მიუახლოვდა უსიამოვნო სტუმრების სათამაშო მაგიდას...

***
ნია მაქსიმალურად ცდილობდა, კანკალი შეეკავებინა. კახას ერთ-ერთი ძმაკაცი, გოდერძი, საშველს არ აძლევდა. მთელი საღამოს განმავლობაში გვერდიდან არ მოსცილებია, ჩაბღუჯულს დაატარებდა აქეთ-იქით. მისი ქონიანი თითები ერთი წამით არ შორდებოდა ნიას შიშველ მხრებს. ღმერთო, უშველე, რომ როგორმე დროზე გააღწიოს აქედან. უკვე გული ერევა აქაურობაზე, მთელ ამ საზოგადოებაზე! მეტის მოთმენა აღარ შეუძლია, ლამისაა, გაუსხლტეს ხელიდან ამ საზიზღარ მამაკაცს და გაიპაროს შენობიდან. არა, არა, დილიდან დაითარსა! თუმცა თავიდანვე იცოდა, რომ ამ შეხვედრიდან კარგი არაფერი მოელოდა. ამას ჯერ კიდევ მაშინ მიხვდა, როცა მაკამ იგი კახას წარუდგინა, თან დააყოლა, საღამოს ჩემ მაგივრობას ჩემი დაქალი გაგიწევსო. სწორედ ამ მიზეზით აღმოჩნდა ნია აქ. სწორედ ამიტომ ითმენს ამ ქონიანი მოზვერის ხელის ფათურს, რომელსაც, როგორც ჩანს, მთელი მსოფლიო თავისი ჰგონია. ამიტომაც იღიმება დარცხვენილი, თან წამებს ითვლის, როდის გავა დრო და გავარდება აქედან. გონებაში გამუდმებით მაკას ფრაზა უტრიალებს - "ერთადერთი, რაც გევალება, უნდა იყო სასურველი და სულ ღიმილიანი".

ისიც მთელი საღამოს განმავლობაში ცდილობდა ასეთი ყოფილიყო. არადა, ისეთ ზიზღს გრძნობდა ამ გოდერძის მიმართ, გული ერეოდა. "ღიმილიანობა" კი მოახერხა, მაგრამ მთავარი საქმე განზე დარჩა - კახას ვერ "უდარაჯა". ჯერ იყო და, გოდერძი გადაეკიდა, მერე კიდევ... ერთ-ერთმა ძალზე აქტიურმა, ქერათმიანმა ლამაზმანმა, რომელიც მაკას საყვარელს თავიდანვე არ აძლევდა მოსვენებას, ყველა გზა გადაუკეტა, კახას სიახლოვეს აღმოჩენილიყო. ბიზნესმენს კი, როგორც ჩანდა, კიდეც აწყობდა ეს. იგი მოხიბლული ჩანდა ქერა ქალით. ამიტომაც არ დაუშალა გოდერძის, ნიათი დაკავებულიყო. აბა რა, თავისი საყვარლის დაქალს ხომ არ დაუწყებდა ღლაბუცს.

ამ დროს ნიამ შეამჩნია, როგორ მიუახლოვდა დევიძეს ვიღაც მაღალი მამაკაცი და რაღაც ხმადაბლა უთხრა. ქალს სუნთქვა შეეკრა, თვალი ვერ მოაცილა უცნობს, ისე მოეწონა. მის გარუჯულ კანს საოცრად უხდებოდა მუქი თმა და შავი, დიდრონი თვალები, გრძელი, ხშირი, წამწამები, მგრძნობიარე ტუჩები, რაც კიდევ უფრო აძლიერებდა მის მამაკაცურ მიმზიდველობას. ნიას წამოახურა. წარმოსადეგი მამაკაცების მეტი რა შეხვედრია, მაგრამ სუნთქვა არასდროს შეკვრია მათ დანახვაზე, არასდროს დაინტერესებულა რომელიმე მათგანით. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც... არა, ამის გახსენებაც არ უნდა! ის საშინელება წარსულს დიდი ხანია, ჩაბარდა.

ეს კი... რაღაც სხვა, უხილავი ძალა ეწეოდა მისკენ. არა, მამაკაცური მომხიბვლელობა არაფერ შუაში იყო. უცნობის გამოხედვაში იდუმალი რამ იგრძნობოდა - მკაცრი, მაგრამ საიმედო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. სწორედ ასეთი მამაკაცის შეყვარებაზე ოცნებობდა ნია ყოველთვის. გოგონამ თავი ნერვულად გადააქნია და აბეზარი ფიქრები მოიშორა. სულელო, რაზე ოცნებობ? ამისთვის გამოგიშვეს აქ? შეეშვი ამაზე ფიქრს. ის, უბრალოდ, მომხიბვლელი მამაკაცია, მორჩა და გათავდა! შენს მდგომარეობაში მყოფი ქალისთვის არ ღირს კაცებზე ფიქრი. სჯობს, იმაზე იზრუნო, როგორ შეიკავო თავი, რომ აქედან არ გაიქცე, სანამ საღამო არ ჩამთავრდება!.. ამ ყოფაში იყო, რომ უცებ ჩოჩქოლი ატყდა. ნიამ შენიშნა, როგორი წამებში შეიცვალნენ კახა და მისი ძმაკაცები. უცნობი მათ მშვიდად ელაპარაკებოდა, ნაკვთი არ შერხევია სახეზე.

- ჩვენი კაზინო გილოცავთ მსხვილ მოგებას, ბატონებო. ახლა კი, გთხოვთ, მიიღოთ მოგებული თანხა და დაუყოვნებლივ დატოვოთ აქაურობა, - თქვა მან და გამომწვევი მზერა ესროლა კახას.
დევიძემ ალმაცერად ახედა მამაკაცს. უკმაყოფილება და განრისხება ერთდროულად აღებეჭდა სახეზე. გიგიმ იცოდა, ასე რომ იქნებოდა. ამიტომ ეშმაკობა იხმარა.
- მაპატიეთ, მაგრამ სხვა გზა არ დამიტოვეს, - დაიხარა და ხმადაბლა გადაულაპარაკა კახას, - აქაურობა უშიშროების აგენტებითაა სავსე, ისინი ყველაფერს აკონტროლებენ. მაცნობეს, რომ კაზინოში ამწუთას შავი ფული ტრიალებს, ეჭვი თქვენზე აქვთ, ამიტომ იძულებული ვარ, თავი დავიზღვიო. არ მსურს უსიამოვნებები, ხომ გესმით...

დევიძეს ხმა არ ამოუღია, უსიტყვოდ წამოდგა და ყოველგვარი შეწინააღმდეგების გარეშე გაემართა გასასვლელისკენ. გიგი არც ელოდა, ასე უცებ და ასე მშვიდობიანად თუ დათმობდნენ მოთამაშეები პოზიციებს.

მან კიდევ ერთხელ შეავლო თვალი ცისფერკაბიან გოგონას. ახლოდან იგი უფრო ლამაზი ჩანდა. ვნებიანი ღია მწვანე თვალები, პატარა ცხვირი და სქელი, ბავშვივით გაბუტული ტუჩები ძალზე სექსუალურს ხდიდა მის უზადო სხეულს. იმანაც შემოხედა. მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა. ქალის გამოხედვამ ადგილზე გააშეშა გიგი. განსაკუთრებით მისმა თვალებმა, გამჭვირვალე, წყლიანმა თვალებმა, თითქოს ორი ზურმუხტი ანათებდა შავ, აპრეხილ წამწამებს შორის. მაღალი იყო, ჩამოქნილი ტანით, ნამდვილი საჯიშე ქალის ფიგურა ჰქონდა - თეძოების მომრგვალებული მოხაზულობით, წვრილი წელით და ქათქათა მკერდით ნებისმიერ მამაკაცს დაახვევდა თავბრუს. ერთადერთი, უგემოვნო ჩაცმულობა და ძალზე მკვეთრი მაკიაჟი აფუჭებდა შთაბეჭდილებას.

მაგარი ქალია! მაგრამ რატომ უნდა დაინტერესდეს იგი მისით? აშკარაა, იგი იმ ქალთა რიცხვს ეკუთვნის, რომლებიც ფულიანი მამაკაცების ხარჯზე ცხოვრობენ, რომელთათვისაც სულერთია, რას წარმოადგენს კაცი, რომელიც არჩენს - წესიერი ბიზნესმენია, ნარკოდილერი, ბანდიტი თუ თავზეხელაღებული ნაძირალა. ასეთებისთვის მხოლოდ გატენილი საფულეა მთავარი. გიგი მსგავს ქალებს, როგორც გაფუჭებულ საქონელს, ისე აღიქვამდა და არასდროს აქცევდა მათ ყურადღებას. თუმცა, გოგონას ერთმა ჟესტმა იგი სწორედ რომ გააოცა. როცა მათ მზერა ერთმანეთს შეხვდა, ცისფერკაბიანი გაწითლდა. თითქოს იგრძნო, როგორი შთაბეჭდილებაც დატოვა მამაკაცზე.

"ქუჩის ქალი ვგონივარ, ბოზი, გათახსირებული, - გაიფიქრა ნიამ, - ან კი რა უნდა იფიქროს სხვა, როცა ამათ გვერდით მხედავს?" - შუბლი შეიჭმუხნა აცახცახებულმა და მამაკაცს თვალი აარიდა. მაკას ბრალია, სხვა არჩევანი რომ არ დაუტოვა.

დევიძე და მისი თანმხლებნი გასასვლელისკენ გაემართნენ. გოდერძის კვლავინდებურად ჩაებღუჯა ქალი, ხელს არ უშვებდა. მოღუშული კახა სალაროს მიუახლოვდა და მოგებული თანხის მიღებას დაელოდა. მოლარემ ფული გადათვალა, კონვერტში ჩაუდო და მიაწოდა, მანაც მედიდურად ჩამოართვა და კმაყოფილმა პიჯაკის გულისჯიბისკენ გააქანა.

ნია სხვებთან ერთად მიაბიჯებდა ჰოლში, თან ზურგს უკან უცნობი მამაკაცის დაჟინებულ მზერას გრძნობდა. ამის გამო რამდენჯერმე აერია ფეხი და წაიბორძიკა. "ალბათ კაზინოს დაცვის უფროსია, ამიტომაც დაუთმო ასე მშვიდად კახამ", - გაიფიქრა გოგონამ.

როცა ავტოსადგომზე გავიდნენ, ნიამ ნაბიჯი შეანელა. კარგა გვარიანად ციოდა, მას კი შილიფად ეცვა. შეაჟრჟოლა. გოდერძიმ უფრო მძლავრად მოხვია ხელი.
- მე გაგათბობ, პატარავ, - უჩურჩულა და უშნოდ გაიღრიჯა.
ნიამ ხელები მკლავებზე შემოიჭდო და უკან მიიხედა. უცნობი შესასვლელთან იდგა და მისკენ იყურებოდა. ამასობაში გოდერძიმ თავისი შავი "მერსედესი" დაქოქა და წინა სალონის კარი გამოაღო, რათა ნია გვერდით მოესვა.
- სად მივდივართ? - უმწეოდ იკითხა გოგონამ.
- სასტუმროში, - მედიდურად უპასუხა მამაკაცმა, - ნომერში გავაგრძელებთ საღამოს.
ნიამ რამდენიმე ნაბიჯით მსწრაფლ უკან დაიხია. არა, ოღონდ ეს არა! - გული გამალებით უცემდა, უმწეოდ იყურებოდა აქეთ-იქით, თითქოს მშველელს ეძებდა.
გოდერძის მისი პანიკური შიშისთვის არც მიუქცევია ყურადღება, უხეშად წაავლო მაჯაზე ხელი და თავისკენ დაქაჩა. მერე დორბლიანი ტუჩები ყურთან მიუტანა და უჩურჩულა.

- იქ საუნაა, ორთქლში ვინებივროთ. ზურგს გაგიხეხავ, ფისუნიავ! ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ შენს შიშველ სხეულს. მოდი, ჩაჯექი!
ნიას შიშისა და ზიზღისგან ცივმა ოფლმა დაასხა. ღმერთო, ეს რა ისტორიაში გაება?

გაგრძელება იქნება
ავტორი სვეტა კვარაცხელია

წყარო: /gza.kvirispalitra.ge
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
tamari
ველოდები შემდეგ თავს დასაწყისი საინტერესო იყო
19:24 / 28-03-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93