გიგი ღიმილით გასცქეროდა მიმავალს. მთელი დღის განმავლობაში უამრავი საქმიანი შეხვედრისა და დაძაბული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, ნიაზე ფიქრი აეკვიატა და მის ყოველ გახსენებაზე სითბო ეღვრებოდა სხეულში. ერთი სული ჰქონდა, როდის მოსაღამოვდებოდა და ნახავდა გოგონას. არც კი ახსოვს, ასე ვნებიანად ბოლოს როდის აღაგზნო ქალმა. დარწმუნებული იყო, იგი საწოლში არაჩვეულებრივი პარტნიორი იქნებოდა, მაგრამ არ ჩქარობდა. ჯერ ცოტას გააწვალებს, წაეთამაშება, აიძულებს, გაამძაფროს მისი სურვილები, რათა ნიასაც ისევე მოუნდეს შეხვედრა, როგორც მას... აი, ახლა გოგონა წავიდა და გიგი მიხვდა, როგორ აუმაღლდა განწყობილება. მომხდარით კმაყოფილმა ფართოდ გაიღიმა...
ჩქარი ნაბიჯებით მიმავალმა ნიამ ტუჩები მოიკვნიტა. საერთოდ რა აზრი აქვს ამ კაცზე ფიქრს? როგორი თავდაჯერებულია, ზემოდან უყურებს, მბრძანებლობს კიდეც მასზე. წარმოგიდგენია?! რა ჰგონია, რადგან მდიდარია, ნიას თავის ჭკუაზე ტარებას შეძლებს? არაფერი გამოუვა, ვის რაში სჭირდება მაგის ფული!.. გონების კარნახის მიუხედავად, ოცნებები ნიას მაინც გიგისკენ ეწეოდა. იმის გაფიქრებაც კი, კიდევ ერთხელ ენახა იგი, მოსვენებას უკარგავდა. იცოდა, ცდუნებას ვერ გაუძლებდა, როგორც უნდა ეცადა და მოენდომებინა. რა მოხდება, ხვალ ადრე დაკეტოს მაღაზია და მასთან შეირბინოს? რამეს მოიმიზეზებს. "შენ ხომ გინდა მისი ნახვა. უბრალოდ, შეხედავ და მორჩა, მაშინვე გამობრუნდები და მეტი არაფერი", - ეჩურჩულებოდა თავის თავს, მაგრამ იმავ წუთს შინაგანი ხმა საწინააღმდეგოს უმტკიცებდა. მხოლოდ შეხედოს, ერთხელ შეავლოს თვალი!.. ნუთუ მხოლოდ ეს უნდა? მატყუარა! უფრო მეტი უნდა, ვიდრე თვალის შევლება. ამიტომაც აჯობებს, გონებას მოუხმოს და ცდუნებას არ აჰყვეს! - ნაღვლიანმა ღიმილმა გადაურბინა ბაგეებზე.
თვალწინ დაუდგა საუცხოო ავტომობილი, რომლითაც წუხელ შინ მიგრიალდა. და ამისთანა კაცისგან სიყვარულს ითხოვს? კიდევ რა უნდა! ეს ხომ გამორიცხულია. ვინ იცის, გიგის მისნაირი რამდენი გამოუყენებია, მერე კი მიუტოვებია. მას მხოლოდ გასართობად სჭირდება ნია. ეგღა აკლია ასეთ კაცს, სერიოზულად იფიქროს მისნაირ უბრალო გოგოზე. ეჰ... ნუთუ ვერ შეძლებს, თავიდან ამოიგდოს მასზე ფიქრი? მაგრამ უნდა კი? არა, არ უნდა. პირიქით, სიამოვნებს კიდეც, ასე რომ იტანჯება. იგი ყველაფერზე თანახმაა, თუნდაც ერთი ღამის სექსზეც. რა არის ცუდი იმაში, რომ მასაც სურს, ცხოვრებისგან სიამოვნება მიიღოს? ერთხელ იბადება ადამიანი ქვეყანაზე, სანამ უნდა ელოდოს, ვინმე როდის გამოჩნდება და ცოლად შეირთავს? და მერე რა? არავინ იცის, როგორი იქნება ის "ვინმე". რა გარანტია აქვს, რომ მასსავით უფულო და ვალებით გატენილი არ შეხვდება?.. არანაირი. ჰოდა, გაიხაროს, ერთხელ მაინც გაიხაროს ამ უფერულ ყოფაში. ვინ იცის, იქნებ ისე მოეწონოს ახვლედიანს, რომ დიდი ხნით გაგრძელდეს მათი ურთიერთობა? იქნებ ფინანსურადაც დაეხმაროს და ვალებიც გაასტუმრებინოს? არა, რა სისულელეა, ამას ვერაფრით ვერ იზამს, მოკვდება და არ გააკეთებს, მორჩა!
***
ის იყო, შინ მივიდა და ტანსაცმელი გამოიცვალა, რომ კარი ხმაურით გაიღო და მაკა ქარიშხალივით შემოიჭრა.
ნია გახევდა, დაქალის გამოჩენას ამწუთას სულ არ ელოდა.
- პრივეტ, - მაკამ ჩანთა მაგიდაზე შემოდო, სკამზე დაჯდა და ფეხი ფეხზე გადაიდო, - როგორ არის საქმე?
- რა ვიცი, ძველებურად, შენკენ?
- ჯერჯერობით ისე რა, მაგრამ ვიცი, ყველაფერი გადასარევად იქნება, ამაში ორი აზრი არ არსებობს, ოღონდ შენი დახმარება დამჭირდება.
- რაში? - ნიას ხმა გაუცივდა, ცუდმა წინათგრძნობამ დარია ხელი.
- იცი, რა ხდება, ნიი? - შეპარვით დაიწყო, - მართალია, კახასთან ურთიერთობა დავალაგე, მაგრამ უმნიშვნელო პრობლემები მაინც დამრჩა.
- რა მოხდა, აღარ იტყვი? - ნიას საერთოდ არ ედარდებოდა მათი ურთიერთობის აწეწვა-დალაგების დეტალები, მაგრამ გული უგრძნობდა, რაღაც ავისმომასწავებელი ელოდა. სხვა შემთხვევაში, ასე შორიდან არ მოუვლიდა მაკა მთავარ სათქმელს.
- საქმე იმაშია, რომ კახუჩელა ცოტა განერვიულებულია იმ საღამოს გამო.
კაზინოს გახსენებამ ნია პანიკაში ჩააგდო.
- ის არ არის მიჩვეული, როცა ქალები არაფრად აგდებენ. შენ უარი უთხარი მის საუკეთესო მეგობარს სასტუმროში გაყოლაზე. ამაზე ძალიან გაბრაზდა - ვიღაც ხომ არ ვიყავი, ჩემთვის ეთქვაო. გოდერძი თურმე ჭკუაზე არ არის, ისე მოეწონე. კიდევ ერთხელ შემახვედრეთ ის გოგოო, გაიძახის. ამიტომ ახლა უნდა ადგე და ჩემთან ერთად წამოხვიდე. უარი რომ მითხრა, დავიღუპები. ხომ იცი, მე სხვა შემოსავალი არაფერი მაქვს, კახუჩელა მარჩენს. ერთად რომ არ მივიდეთ, სამუდამოდ დამკარგავს, გესმის? გთხოვ, წამომყევი, რა.
- მე მას ყველაფერი ავუხსენი და გამიგო, - გაფითრებულმა ნიამ ნერწყვი ძლივს გადაყლაპა, - რა საჭირო იყო, კახასთან დამეწყო თავის გამართლება?
- მაგრამ შენ მაინც არასასიამოვნოდ მოიქეცი, ხომ მართალია? იცი? კახა ძალიან ჭირვეულია, პატარა ბავშვივით... რასაც მოისურვებს, უნდა შეუსრულონ, თორემ მტრისას, თუ გაბრაზდა... დღეს კაპიკი არ მომცა, ისე იყო გაცოფებული შენ გამო. კი არ იცის, რომ... რომ შენ...
- რომ მე კაცებში არ დავდივარ, არა? - წარბები შეყარა ნიამ.
- ჰო, ეგ არ მითქვამს, მაგრამ ნუ გეშინია, მე შენ გვერდით ვიქნები, ვერავინ ვერაფერს დაგაძალებს, ოღონდ წამოდი. აგერ ნახავ, რამდენ ფულს დახარჯავს ჩვენი სიამოვნებისთვის, შენც გაგისწორდება.
- მაპატიე, მაგრამ არ შემიძლია...
- რა არ შეგიძლია?
- პირველ რიგში, შენთან ერთად წამოსვლა და მეორეც... მე ვერ ვიცხოვრებ იმ წესით, როგორითაც შენ ცხოვრობ. ეს ჩემთვის მიუღებელია. ზოგს შეუძლია, ზოგს არა. ვიცი, დავალებული ვარ შენგან, მაგრამ მაინც უარი უნდა გითხრა.
- ისინი მდიდრები არიან, გესმის? დამიჯერე, მათთან ურთიერთობით ბევრს მოიგებ. ვიცი, რომ წესიერი ხარ, მაგრამ რა მოგიტანა შენმა წესიერებამ დღემდე? ვალების მეტი არაფ...
- იმის გამო, რომ შენი ვალი მაქვს, ჩემთვის არასასურველ მამაკაცს არ დავუწვები, - ცივად შეაწყვეტინა ნიამ, - და მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს!
- ტყუილად აჭკნობ შენს სილამაზეს, სიხარულო. ოცდაცხრა წლის ხარ, ხომ არ დაგავიწყდა? ოცდაათის გახდები და მერე არც არავის მოუნდები, დამიჯერე! გგონია, მე მეხალისებოდა ასეთი ცხოვრება? გგონია, ჩემთვის ადვილი იყო ამ ნაბიჯის გადადგმა? მაგრამ ნელ-ნელა შევეჩვიე და მივხვდი, არც ისე ძნელი ყოფილა. არაფერს ვნანობ, რადგან სიცოცხლის გემო ახლაღა შევიგრძენი. შენი აზრით, ყოველთვის ასეთი მომხიბვლელი იქნები? გგონია, სილამაზე მარადიულია? ცდები...
- არავითარ შემთხვევაში!
- ნია...
- არა, მაკა, არა! მაპატიე, მაგრამ არ შემიძლია. მაგ კაცებთან ერთად არსად არ მსურს წასვლა. ვიცი, შენი ვალი რომ მაქვს და...
- ჩემი არა, კახასი...
- რა-ა? - გოგონას ხმა ჩაეხრინწა.
- ის ფული, შენ რომ გასესხე, კახას გამოვართვი. ასე რომ, მისი გმართებს...
ნიას შეაკანკალა. აი, თურმე რა ყოფილა! სად დაუგეს მახე! გამოდის, სამი ათასი დოლარი დევიძეს უნდა დაუბრუნოს! სასოწარკვეთილმა თვალები დახუჭა. იცინოს თუ იტიროს? რა კარგად ჰქონია საქმე?! არჩევანის უფლებას არ უტოვებენ! ვნახოთ, ვინ - ვის!
- არ შემიძლია, - მტკიცედ თქვა ბოლოს.
- რას ნიშნავს "არ შემიძლია"? - აწრიალდა მაკა.
- იმას, რომ მე სხვა მამაკაცს შევხვდი, რომელსაც მოვწონვარ და რომელიც მომწონს. მას ვერ დავაღალატებ.
- მართლა? ვინ არის, არ მეტყვი?
ნიამ მოკლედ აუხსნა, რაც მოხდა იმ ღამეს კაზინოში და როგორ გაიცნო გიგი და სანამ თვალებგაფართოებული მაკა რამეს ეტყოდა, დაასწრო.
- ამიტომ, უბრალოდ, არ შემიძლია და მორჩა. ძალიან გთხოვ, მარტო დამტოვე და არაფერი მითხრა! - ნიას ხმა ისე კატეგორიულად ჟღერდა, გაოგნებული მაკა წამოდგა, მიხარია, თუ ასე გაგიმართლაო, ჩაილაპარაკა ნირწამხდარმა და უკანმოუხედავად გავიდა ოთახიდან.
***
გავიდა ორი დღე... სამი... ხუთი... გავიდა ორი კვირა... ნია არავის შეუწუხებია. არც მაკასგან ისმოდა რამე და არც გიგისგან. დაქალი სულაც არ ედარდებოდა, მაგრამ ახვლედიანზე ფიქრი მოსვენებას უკარგავდა. გული დაუმძიმდა, ჭამის მადა გაუქრა. წამი არ გავიდოდა, მისი სახე არ დადგომოდა თვალწინ. მზად იყო, ნებისმიერი სისულელე ჩაედინა, ოღონდ კიდევ ერთხელ ენახა იგი. ყველაფრის ხალისი დაკარგა, ვერაფერს დაუდო გული.
ბოლო იმდენად აებნა თავგზა, გადაწყვიტა, კაზინოში მისულიყო მის სანახავად. ხომ დაპატიჟა? ხომ უთხრა, ჩემთვის ყოველთვის სასურველი სტუმარი იქნებიო? ჰოდა, მიიღოს და უმასპინძლოს!
გამოპრანჭულმა ტაქსი გააჩერა და აფორიაქებულმა მძღოლს კაზინოს მისამართი უკარნახა.
ღმერთო, რას აკეთებს! სად მიდის, რომ მიდის? სურს კი ახვლედიანს მისი ნახვა? იქნებ საერთოდ გადაავიწყდა მისი არსებობა? არა, რას იფიქრებდა ნია, რომ თვითონ დაუწყებდა მამაკაცს ძებნას? სადამდე დავიდა მისი ქალური სიამაყე! მიიღებს კი გიგი? მცირე იმედი მაინც უთბობდა სულს, იმედი იმისა, რომ მამაკაცი ზრდილობის გამო მაინც არ ეტყოდა უარს, საღამო მის გვერდით გაეტარებინა.
ტაქსიმ ოქროსფერი ნათურებით აციმციმებულ კაზინოსთან ჩამოსვა. ნიას მუხლები მოეკვეთა, როცა კართან მისულს შვეიცარმა გზა გადაუჭრა.
- უკაცრავად, ქალბატონო, ვისთან მიბრძანდებით?
შვეიცარის შეკითხვა თავაზიანად ჟღერდა, მაგრამ ნია მიხვდა, რომ იგი სულაც არ აპირებდა მის შენობაში შეშვებას.
გოგონა დაბნეული მიაჩერდა ფორმიან მამაკაცს.
- მე... მე მარტო ვარ, - გაუბედავად წარმოთქვა.
- ვწუხვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში ვერ შეგიშვებთ...
- რატომ? დიდი ხანია, თვრამეტის აღარ ვარ, - აღშფოთება გამოთქვა.
შვეიცარმა მსუბუქად აიჩეჩა მხრები.
- ვწუხვარ, მაგრამ თანმხლების გარეშე ვერ გაგატარებთ, ასეთია ჩვენი შიდაგანაწესი.
- ღმერთო ჩემო, ასე უცხოეთშიც კი არ იქცევიან! რას ჰგავს ეს ყველაფერი? - ნიამ იგრძნო, როგორ წამოუპილპილდა სახე.
ახლა იგი სრულიად განსხვავებულად გამოიყურებოდა, ვიდრე იმ საღამოს. ერთადერთი შავი კაბა, რომელიც გააჩნდა, კოხტად მორგებოდა ტანზე და.. წითელი ფეხსაცმელი, რომელიც გიგიმ უსახსოვრა. არც მკვეთრი მაკიაჟით ჰქონდა სახე დამძიმებული.
- მე... ერთხელ უკვე ვიყავი აქ... - შეეცადა, მშვიდად ეთქვა.
მამაკაცი არ განძრეულა.
- მაპატიეთ, არ შემიძლია. თუ გნებავთ, ტაქსის გამოგიძახებთ.
- ერთი წუთით! - ნიამ უკანასკნელი შანსი გამოიყენა, - იცით? მე ბატონმა ახვლედიანმა მთხოვა, მოვსულიყავი... თუ გინდათ, ჰკითხეთ.
შვეიცარმა დაეჭვებით შეავლო თვალი. ერთხანს უყურა, ყოყმანობდა, დაეჯერებინა თუ არა ამ ლამაზმანის ნათქვამი. როგორც იქნა, შეირხა.
- გთხოვთ, დამელოდოთ, ახლავე გავარკვევ. რა გქვიათ?
- ნია.
მამაკაცმა მობილური ამოიღო და დარეკა.
- ბატონო გიგი, თქვენთან გოგონაა მოსული, ნია, - შვეიცარი ყურადღებით უსმენდა ბოსს, თან ნიას თვალს არ აცილებდა.
- მობრძანდით, ბატონი გიგი გელოდებათ, - ღიმილად დაიღვარა შვეიცარი და კარი ფართოდ გამოაღო.
ნიამ შვებით ამოისუნთქა და შენობაში შეაბიჯა.
მარმარილოს კიბიდან შავ კოსტიუმში მამაკაცი მოიჩქაროდა მასთან შესახვედრად, მაღალი, მხრებში გაშლილი.
- შენ მოხვედი... - სულ ეს იყო, რაც თქვა.
ნიას იმწამსვე დაავიწყდა იმ მიზეზების ჩამოთვლა, რისთვისაც აქ აღმოჩნდა. იმდენად ააღელვა გიგის დანახვამ, ყველაფერი გადაავიწყდა ამქვეყნად.
შიშით ახედა მამაკაცს. არა, იგი არც მოქუფრულა, არც გაბრაზებულა, არც ის უცდია გაეხსენებინა, ვინ იყო ნია და არც იმაზე გაბრაზებულა, თავისი ფეხით რომ გამოცხადდა მის კაზინოში. ამის მაგივრად მამაკაცი მიუახლოვდა, ისე ალერსიანად ჩახედა თვალებში, თითქოს ის მართლა სასურველი სტუმარი ყოფილიყო.
- ჰო, - უპასუხა ნიამ.
გიგი მის თითებს ფრთხილად დაწვდა, ტუჩებთან მიიტანა და ოდნავ შეეხო, თან მზერას არ აცილებდა შავი და უძირო თვალებით.
- წავედით, - ხავერდოვანი ხმით წარმოთქვა ახვლედიანმა, ნიას თითები თავის თბილ მუჭში მოიმწყვდია და დარბაზისკენ გაუძღვა.
როგორც იქნა, გიგიმ გამარჯვების გემო შეიგრძნო. ის ზეიმობდა. მიუხედავად ყველაფრისა, მართალი აღმოჩნდა, თუმცა ამ ჯიუტმა გოგონამ კარგა ხანს ალოდინა... ორი გრძელი კვირა დასჭირდა, რომ აქ მოსასვლელად ძალა ეპოვა. ზედიზედ ორი კვირა მტკიცედ არწმუნებდა მამაკაცი თავის თავს, რომ ნიას ნებისმიერ დროს შეიძლებოდა შემოეღო კაზინოს კარი... და მაშინ გიგი აუცილებლად მიიღებდა იმას, რაც ასე ძალიან სურდა. არადა... დღესაც რომ არ გამოჩენილიყო, იგი თავად აპირებდა მასთან მისვლას.
და აი, ნია აქ არის. ახვლედიანი კვლავ აღივსო იმ მძაფრი სურვილით, რომლის განელებაც სულ უფრო და უფრო უძნელდებოდა. ქალმა ალოდინა, მაგრამ ამან უარესად აუშალა საღერღელი.
ამასთან, დღეს საოცრად ელეგანტურად გამოიყურებოდა, ფერებიც გემოვნებით შეეხამებინა, რაც მის ბუნებრივ სილამაზეს უსვამდა ხაზს. გრძელი, სრიალა თმა აეწია და ყელ-კისერი მოეღერებინა. მაკიაჟის შერჩევაც სცოდნია, ბაცი ცისფერი ჩრდილები უფრო დიდრონს აჩენს მის წყლიან თვალებს. რა ლამაზია! მის სახეს არ სჭირდება არც ტონალური კრემი და არც მშრალი პუდრი. მხოლოდ თხელი ფენა პომადა უსვია ტუჩებზე. ამ პომადას ერთი კოცნით მოაცილებს. მერე კი... მაგრამ არა ახლა. საღამო მხოლოდ იწყება. არ ღირს, დააჩქაროს მოვლენები. ჯერ მისი ცქერით დატკბება, დაე, კიდევ ერთხელ მოაჯადოოს ნიას სილამაზემ. ჯერ მთელი რიგი რიტუალები უნდა შეასრულოს.
გიგიმ გოგონა ბართან მიიყვანა და ნაზად გაუღიმა.
- შამპანურს დალევ?
ნიამ უხერხულად დაუქნია თავი, მიუხედავად იმისა, რომ შამპანურს ვერ სვამდა. საკმარისი იყო, ერთი ყლუპი მაინც მოესვა, რომ მერე მთელი ორი დღე ძმარავდა.
- გმადლობ, რომ მოხვედი, - ალერსიანად უთხრა მამაკაცმა და სასმლით აშიშინებული ბოკალი მიაწოდა, - თუ გინდა, კონიაკს მოგიტან, ვიცი, ეს არ გიყვარს.
გოგონას ხელი აუკანკალდა, უარის ნიშნად თავი გადააქნია.
- დღევანდელ საღამოს გაუმარჯოს, - ჩურჩულით გააგრძელა გიგიმ.
ნია ხმას არ იღებდა. თითქოს მეტყველების უნარი წაერთვა. სასმელი ოდნავ მოსვა და იგრძნო, ცივმა ბუშტუკებმა როგორ აუთრთოლა სხეული, როცა სისხლს შეერია.
- შენ არაჩვეულებრივი ხარ, განუმეორებელი... ისეთი ლამაზი... - აღტაცებული მზერა მის სიტყვებს ადასტურებდა.
- დიდი მადლობა, - ყურებამდე გაწითლებულმა თვალები დახარა.
- ვფიქრობ, უმშვენიერესი, დაუვიწყარი საღამო გველის, - მომნუსხველი ღიმილით წარმოთქვა ახვლედიანმა.
ამ ღიმილმა თავბრუ დაახვია ნიას. თითქოს ბედნიერების ტალღა დაეჯახა, ისე შეტორტმანდა. ასეთი მამაკაცი ნებისმიერი ქალისთვის შეუცვლელი დასაყრდენი იქნება. წამითაც არ აშორებს გამჭოლ მზერას, რომელიც სასმელზე მეტად ათრობს.
- მაშ ასე, როგორც იქნა, მოხვედი, - ხმადაბლა თქვა გიგიმ, როცა ბარიდან გამოვიდნენ, - რატომ მალოდინე ამდენ ხანს?
გოგონამ პასუხის გაცემა ვერ შეძლო და უხერხულად აიწურა მხრები.
- თუმცა, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, - დაამატა, როცა შეამჩნია მისი რეაქცია, - შენ აქ ხარ და მთავარი ეს არის.
ნელა გაემართნენ დარბაზის სიღრმისკენ.
- მითხარი, - მამაკაცს უცებ დაუსერიოზულდა ხმა, - უკვე მოახსენე შენს დაქალს, რომ მსგავს დახმარებას მომავალში აღარ აღმოუჩენ? იმედია, მეტჯერ არ დამჭირდება შენი გაფრთხილება და კახას გვერდით არ გიხილავ... არასდროს.
ნიამ თავდაჯერებით დაუქნია თავი.
- არა, ნამდვილად აღარ მინდა, მათთან რამე საერთო მქონდეს. ამას წერტილი უკვე დაესვა.
- ჰოდა, ძალიანაც კარგი.
კახას ხსენებაზე ნიას წამით ჩრდილმა გადაურბინა. "ხომ არ ვუთხრა, რა პრობლემაც მაქვს? იქნებ აჯობებს იცოდეს, რომ დევიძის ფული მმართებს და ამის გამო მაკა მოსვენებას არ მაძლევს?" - გაიფიქრა. მაგრამ მეორე წუთს სითამამე არ ეყო, სიმართლე ეთქვა, მისი დაკარგვის შეეშინდა. დღევანდელი საღამო - ეს ოცნება იყო, ხანმოკლე, მაგრამ მშვენიერი ოცნება და ამ ოცნებაში ნია ხელიხელჩაკიდებული მიაბიჯებდა მსოფლიოში საუკეთესო მამაკაცთან ერთად. ის უღიმოდა, ხოლო მის უცნაურად მოელვარე თვალებში იდუმალი სურვილი იმალებოდა...
ნიას არ შეეძლო ამ ოცნების ერთი ხელის მოსმით განადგურება.
თუმცა, რა? ისედაც იცის, რომ ეს ოცნება წამიერია. ხვალინდელი დილა გათენდება და კვლავ მწარე რეალობის წინაშე აღმოჩნდება. ის მხოლოდ ამ საღამოს, რამდენიმე საათით არის პრინცესა, რომელიც ბრწყინავს, ხვალ კი ისევ კონკიად გადაიქცევა.
ამასობაში მრგვალ, "რულეტკის" სათამაშო მაგიდას მიუახლოვდნენ. გიგი ქალს დაჯდომაში მიეხმარა, თვითონ კი მის ზურგს უკან დაიკავა ადგილი და ხელებით სკამის საზურგეს დაეყრდნო. ნია გრძნობდა, როგორ უხურდა სხეული.
მამაკაცმა ხელისგულზე დაყრილი ჟეტონები მიაწოდა.
- ნომერი ამოირჩიე, - შესთავაზა.
ნიამ დაუფიქრებლად დაასახელა ციფრი, მან კი ფსონი დადო. გოგონა სუნთქვაშეკრული შეჰყურებდა წრეზე დატრიალებულ ბორბალს... მაგრამ არ გაუმართლა, ბურთულა სხვა ციფრზე გაჩერდა. ნიას შერცხვა. კრუპიემ კვლავ შესთავაზა ფსონის დადება. მანაც კიდევ ერთი დადო. ამჯერად თავისი დაბადების დღე აირჩია, თუმცა კვლავ წააგო.
- ახლა შენ, - მორცხვად ახედა მის უკან მდგარ გიგის.
მამაკაცმა გაიღიმა, წინ გადმოიხარა და ჟეტონების მთელი კვადრატი დადო ფსონზე. ნია თვალს არ აშორებდა მორბენალ ბურთულას, დაძაბულმა თითები მომუჭა და შედეგის მოლოდინში მზერა დაძაბა. ცოტაც და... ბურთულა სწორედ იმ ფოსოში ჩავარდა, რომლის ნომერიც გიგიმ აირჩია.
ნიას გაეღიმა, მოერიდა ემოციების ხმამაღლა გამოხატვას, თორემ ტაშსაც შემოჰკრავდა.
- გინდა, კიდევ სცადო? - მხარზე გიგის ხელის შეხება იგრძნო და გააჟრჟოლა.
- არა, საკმარისია, თორემ ყველაფერს წავაგებ, არ ვარ იღბლიანი...
- მაშინ წავედით, მაღლა ავიდეთ. იქ, ტერასაზე, არაჩვეულებრივი ხედია, მთელი თბილისი მოჩანს. ხომ გინდა, ნახო? - პასუხს არც დაელოდა, ხელი ჩასჭიდა და თან გაიყოლა.
***
ხედი მართლაც თვალწარმტაცი იყო. აქედან ღამის თბილისი ხელისგულივით მოჩანდა. ნიავს საიდანღაც ყვავილების სურნელი მოჰქონდა, რაც უფრო რომანტიკულს ხდიდა გარემოს. ამას დამატებული ვარსკვლავებით მოჭედილი ცაც და... სრული იდილია იყო შექმნილი განმარტოებისთვის. თბილი სიო ნაზად უწეწავდა აწეულ თმას.
გიგი მიუახლოვდა, გვერდიდან ოდნავ შეეხო და მკლავი მოხვია... ნია გაირინდა. სიგიჟემდე სურდა, მიყრდნობოდა მის ძლიერ მკერდს და მისი მამაკაცური ძალა მეტად შეეგრძნო, მაგრამ არ შერხეულა, რაღაც უშლიდა ხელს, რაღაც უხილავი... არ უნდა, ასე ადვილად ხელმისაწვდომი გახდეს, ამან შეიძლება უცებ გაანელოს მისი გრძნობები და ამ რომანტიკულმა ურთიერთობამ ხიბლი დაკარგოს.
მაგრამ იმის ძალაც არ შესწევდა, შეეჩერებინა გიგი, რომელიც უკვე მოიწევდა მისკენ.
- აი, თურმე სად ხარ! - გაისმა უცებ ვიღაცის ბოხი ხმა.
ნია მოულოდნელობისგან შეხტა, გიგიმ კი დინჯად ჩამოიღო ხელი მისი მხრიდან და მძიმედ მიტრიალდა.
- სულხან... მიხარია შენი ნახვა... - თავაზიანად მიმართა მოსულს.
შუახნის მამაკაცმა ხელი ღონივრად ჩამოართვა.
- აბა? რა ქენი, ჩემს წინადადებაზე იფიქრე?
- რა თქმა უნდა. კარგი იდეაა გოლფ-კლუბი, მაგრამ როგორ გგონია, გაამართლებს? ქართველებს გოლფი არ იზიდავთ.
- მერე რა, სასტუმროს უკან უზარმაზარი აუთვისებელი ფართი გაქვს, შეიძლება გარისკვა. რა გინდა, ფართი - შენი, ფული - ჩემი. უცხოელებზე გავთვალოთ.
- კარგი, ხვალ კიდევ ერთხელ შევხვდეთ და მოვილაპარაკოთ.
სულხანი ორივეს ღიმილით დაემშვიდობა, ხელს არ შეგიშლითო, ჩაილაპარაკა და გავიდა.
- მაპატიე, - დაიჩურჩულა ახვლედიანმა.
- ნუ მებოდიშები, მერე რა. სულაც არ მიფიქრია შენი "მითვისება", შენ ყველას ეკუთვნი, - ეშმაკურად ჩაიღიმა ნიამ.
გიგის შავი თვალები აუელვარდა.
- მაგრამ მშვენივრად გამოგდის... - აღიარა მამაკაცმა და მის თითებს გაეთამაშა, - მითხარი, ამწუთას რა უფრო გსურს? კვლავ სცადო ბედი "რულეტკასთან"? კონიაკი? იქნებ ვახშამი? ან სულაც... - და მის მზერაში ანთებულმა მზერამ ნია აიძულა, გაწითლებულიყო, - აქ დარჩენა და კიდევ ცოტა ხანს ამ პეიზაჟით ტკბობა? მითხარი, როგორი უნდა იყოს შენი იდეალური სამყარო, რას ისურვებდი?
- იდეალური სამყარო არ არსებობს, - უპასუხა ათრთოლებულმა და შორს გაიხედა.
- არსებობს... აი, აქ, - მტკიცედ თქვა გიგიმ და საჩვენებელი თითი საფეთქელზე მიუკაკუნა.
ნიამ მექანიკურად გადასწია თავი უკან. კიდევ ერთხელ შეაშინა მისმა მიკარებამ.
- მითხარი... - არ ეშვებოდა მამაკაცი.
- ამის ახსნა ორი სიტყვით შეუძლებელია.
- შენც შეეცადე, ორზე მეტი სიტყვით ამიხსნა.
- იქნებ ჯერ გვევახშმა? - გამოსავალს მიაგნო გოგონამ.
- მშვენიერია, რახან ასე გსურს, ასე იყოს, - გიგის ტუჩები ღიმილმა გაუპო, გოგონა წინ გაატარა და ერთობ კმაყოფილი უკან მიჰყვა...