შავი ჯინსის შარვალსა და თეთრ მაისურში გამოწვართული ნია თეძოების რხევით შევიდა სასადილო ოთახში. გიგი სავარძელში ჩამჯდარიყო და გაზეთს კითხულობდა. იქვე შუახნის ქალი ტრიალებდა, ალბათ მოსამსახურე.
- მოდი, დაჯექი, ნათელა ყავას მოგიტანს. იქნებ ჩაი გირჩევნია? - ახვლედიანმა გაზეთი დაკეცა და მაგიდის კიდეზე დადო.
- ჩაის დავლევ.
- საჭმელი? არა მგონია, იმ ქალების რიცხვს ეკუთვნოდე, დილით პირს რომ არაფერს აკარებენ, ან მხოლოდ ხილით კმაყოფილდებიან?
ნიამ პასუხად მხოლოდ გაუღიმა.
- რატომ იღიმი, რამე ისე ვერ ვთქვი? - მამაკაცის ცივი ტონი ძაბავდა გოგონას.
- მართალი ხარ, არ ვეკუთვნი. ხილით ვერ ვნაყრდები, ამიტომ ნოყიერად ვსაუზმობ ხოლმე დილაობით, თუმცა კერძების კეთებით თავს დიდად არ ვინებივრებ. მარტო რომ ვცხოვრობ, მეზარება ჩემი თავისთვის გავისარჯო.
გიგიმ დაკვირვებით შეხედა... ალბათ შვილები რომ ჰყავდეს, არ დაიზარებდა მათთვის სადილების მომზადებას.
- შენ რომელი ინსტიტუტი გაქვს დამთავრებული? - სრულიად უადგილოდ იკითხა მამაკაცმა.
- უნივერსიტეტი, დასავლეთევროპული ენების ფაკულტეტი. რატომ მეკითხები?
- უბრალოდ, ისე... მშობლები? დედა, მამა?
- მამას არ ვიცნობ. წლისაც არ ვიყავი, დედას რომ გაეყარა და მას მერე მის შესახებ არაფერი ვიცი. დედა კი გარდამეცვალა... ხუთი წელია უკვე.
- ვწუხვარ, არ ვიცოდი... მაპატიე.
- არა უშავს. შენი მშობლები?
- არც მე მყავს მშობლები. ავარიაში დამეღუპა ორივე. მას შემდეგ დიდი ხანი გავიდა.
- ესე იგი, ორივენი ობლები ვართ?
- ასე გამოდის...
- იცი? იყო მშობელი, ჩემი აზრით, ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა. არ არის ადვილი შვილების აღზრდა. ძალიან ბევრი შრომა უნდა ჩადო. პირადად მე ქედს ვიხრი ყველა მშობლის წინაშე და ისინი გმირებად მიმაჩნია. გასაზრდელი პატარები კი არა, მერვეკლასელებს ვასწავლი სკოლაში და იმდენ ძალას მართმევს მათთან ურთიერთობა, ლამისაა, თმა გამიჭაღარავდეს.
- მაგრამ ხომ გინდა, შვილები გყავდეს?
მოულოდნელმა შეკითხვამ ნია წამით დააბნია.
- ასე მალე ალბათ, ვერა! ამისთვის ჯერ უნდა გავთხოვდე. ეს კი ადვილი არ არის...
- რატომ?
- რა ვიცი... ჯერ ვერ ვიპოვე ისეთი ადამიანი, ვინც... - და გაჩუმდა, რადგან მიხვდა, კვლავ მტკივნეულ თემას რომ უბრუნდებოდა.
- წუხელ თავში კიდევ ერთი აზრი მომივიდა და მინდა გაგანდო, იქნებ ამაზე მაინც დაფიქრდე, - თქვა გიგიმ და გამჭოლი მზერა მიაპყრო, - რას იტყვი ექვსთვიან გამოსაცდელ ვადაზე? მერე, თუ არ მოგეწონება ჩემთან ყოფნა, თავისუფლად შეგიძლია წახვიდე, არ დაგაძალებ. შენთვის ასე უფრო მოსახერხებელი იქნება?
ნიას გულმა ბაგაბუგი ატეხა.
- არ მესმის, საერთოდაც რატომ უნდა ვიცხოვროთ ერთად? არ ჯობია, დროდადრო შევხვდეთ ერთმანეთს, როგორც სხვა უამრავი წყვილი?
- არ ჯობია, პატარავ, არა. ჩვენ თითქმის ვერ ვხვდებით ერთმანეთს. ცალკე შენი სამსახური, ცალკე ჩემი... ხომ ხედავ, როგორ გვეშლება ხელი. თუ ჩემთან გადმოხვალ, ორივესთვის უკეთესი იქნება. სახლი უზარმაზარი მაქვს. ვიწროდ არ ვიქნებით. არ მესმის, ასე რატომ ჯიუტობ, თითქოს რაღაც მიუღებელს გთავაზობდე...
- რომ დაგთანხმდე... სამაგიეროდ რას მოითხოვ ჩემგან?
- გახდე ჩემი ცხოვრების თანამგზავრი და საყვარელი, რა თქმა უნდა, - წამითაც არც დაფიქრებულა, ისე უპასუხა გიგიმ, - შენ რა გეგონა?
- მაგრამ, თუ დავთანხმდები, სამსახურს არ მივატოვებ, არავითარ შემთხვევაში, მინდა ეს იცოდე. ალბათ მივიღებ შენს წინადადებას, მაგრამ მე თავისუფლება მჭირდება. ჩემს დამოუკიდებლობას არაფერზე გავცვლი, გესმის?
გიგი შეეცადა, მისი სიტყვებით გამოწვეული სიხარული როგორმე დაემალა. ჯანდაბას, იაროს იმ სამსახურში. ერთ მშვენიერ დღესაც მიხვდება, რომ მას მუშაობა არაფერში სჭირდება და თავადვე იტყვის მასზე უარს. თანაც, სადაც წავა, თან წაიყვანს. მოგზაურობას გემოს რომ გაუგებს, უბრალო მასწავლებლად მუშაობის სურვილი თავისთავად გაუქრება.
- ესე იგი, შევთანხმდით?
გიგი წინ გადმოიხარა, ხელი გამოუწოდა გოგონას და მძლავრად ჩამოართვა.
"ალბათ შევიშალე, ეს რამ მათქმევინა", - გაიფიქრა შეცბუნებულმა ნიამ, მაგრამ უკვე გვიან იყო, სიტყვებს უკან ვერ წაიღებდა, ამიტომ ნელა დააქნია თავი.
- ოღონდ, ცოტა უნდა მაცალო. მე დრო მჭირდება, რომ ამ აზრს შევეგუო, გიგი.
- რამდენი ხანი?
- ერთი კვირა... შეიძლება ორიც...
- ზუსტად ათ დღეს გაძლევ, არც მეტი და არც ნაკლები, შემდეგ კი შენი ბარგის წამოსაღებად მძღოლს გამოგიგზავნი.
- მაგრამ... რას იტყვიან შენი მეგობრები და ახლობლები?
- შენი? - გიგიმ მის კითხვას კითხვა დაუხვედრა.
- არ ვიცი და არავისთვის არაფრის თქმას არ ვაპირებ. ეს ხომ ნამდვილი ურთიერთობა არ იქნება, - ნიას ისეთი ნაღვლიანი გაუხდა გამომეტყველება, გიგიმ მისდა უნებურად მოუჭირა თითებზე ხელი.
- ცდები, პატარავ. ეს ყველაზე ლამაზი ურთიერთობა იქნება. ექვსი თვე იმიტომ გითხარი, რომ თავად დარწმუნდე ამაში. ასე რომ, ვისაც გაგიხარდება, იმას მოუყევი.
- შენც მოუყვები?
ჰო, მოუყვება, აბა რას იზამს, თუმცა იცის, რომ ეს ამბავი არავის გაახარებს.
- რა თქმა უნდა.
***
ნია მთელი კვირა ადგილს ვერ პოულობდა. ძალიან უჭირდა გადაწყვეტილების მიღება. ერთ დღეს გიგიმ გამოუარა სკოლაში და მანქანით შინ მიიყვანა. ეს უკვე საბაბი გახდა იმისა, რომ პარასკევს, სკოლაში მივიდა თუ არა, დირექტორმა დაიბარა. როგორც ჩანს, ჭორები სწრაფად გავრცელდა.
- როგორც გავიგე, მალე ჩვენგან წასვლას აპირებთ, ნია... - ამირანმა ცხვირზე დაკოსებული სათვალე შეისწორა.
- მაპატიეთ? - გაოგნებულმა წარბები შეყარა.
- თქვენ ისეთი მდიდარი კაცი გაკითხავთ, ადვილი მისახვედრია, რომ ჩვენთან დიდხანს არ დარჩებით... - ირონია გაისმა დირექტორის ხმაში.
ნია ყოველთვის დიდ პატივს სცემდა ამირანს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვერ იტანდა მას. ის სამართლიანი ადამიანი იყო და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს არასდროს იღებდა. გაუკვირდა მისგან ასეთი სიტყვების მოსმენა, მაგრამ როცა მამაკაცმა გაიღიმა, შვებით ამოისუნთქა.
- გაგეხუმრე, გოგონი. თქვენ შესანიშნავი თანამშრომელი ხართ და ნამდვილად დამწყდებოდა გული, ჩვენგან რომ წასულიყავით. ჭორებს მაინცდამაინც ყურადღებას ნუ მიაქცევთ. მალე მათ ახალი თემა გამოუჩნდებათ საჭორაოდ და შეგეშვებიან.
- გმადლობთ, ბატონო ამირან. სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ მაინტერესებს, რას ლაპარაკობენ ჩემზე.
- ზეგ ბოლო ზარია, ხომ მოხვალთ? - სხვა თემაზე გადაიტანა დირექტორმა საუბარი.
- აუცილებლად, რა თქმა უნდა.
- თქვენ გონიერი გოგო ხართ, მჯერა, რომ კარგ კარიერას გაიკეთებთ. თუ რამეში დაგჭირდებით, ჩემი იმედი ყოველთვის გქონდეთ. როცა არ უნდა დაგჭირდეთ, თამამად მომმართეთ.
- დიდი მადლობა.
- კარგი, აბა, ზეგ შევხვდებით ერთმანეთს, - თქვა მამაკაცმა, წამოდგა და ნია კარამდე მიაცილა.
***
რაც უფრო გადიოდა დრო, ნია მით უფრო იძაბებოდა. იცოდა, გიგი ჟენევაში რომ გაემგზავრა, მაგრამ მაინც ყოველ წამს ელოდა, რომ დაურეკავდა და ეტყოდა, ეს ყველაფერი შეცდომა იყო და გადავიფიქრე შენი ჩემთან წამოყვანაო... მაგრამ მეექვსე დღე რომ მიიწურა და მამაკაცმა არ დარეკა, გოგონამ არ იცოდა, გახარებოდა თუ წყენოდა.
- როგორ გაატარე გუშინდელი საღამო, ნია? - თამრიკომ, მათემატიკის მასწავლებელმა ალმაცერად აათვალიერა.
- კარგად, შენ? - გულუბრყვილოდ გაუღიმა გოგონამ.
- საინტერესო არაფერი მომხდარა. როგორ არის შენი მდიდარი მეგობარი?
ნიას სისხლი მოაწვა სახეზე.
- რაზე ლაპარაკობ, თამრიკო?
- კარგი, ერთი, თავს ნუ ისულელებ, ახლა. მას ყველა იცნობს თბილისში. შენს ადგილზე, ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებდი, რომ ამ ჯურღმულიდან გამეღწია. როცა ასეთ კაცს მოსწონხარ, რა ჯანდაბა გინდა ამ აყროლებულ სკოლაში?
- ეს ჩემი პირადი საქმეა, თამრი... ასე რომ, გთხოვ, ამ თემაზე მეტჯერ აღარ დამელაპარაკო.
- ჰო, რა თქმა უნდა... შენ ხომ ახლა ბევრად მაღლა დგახარ ჩვენზე, აღარ ხარ ჩვეულებრივი მოკვდავი... - ცხვირაწეულმა ჩაილაპარაკა თამრიკომ, შეურაცხყოფილ გოგონას ზურგი აქცია და ქუსლების პაკაპუკით სამასწავლებლოსკენ გაეშურა.
***
კვირა დღე იყო, გიგიმ რომ დაურეკა მობილურზე და სთხოვა, ჩემს მძღოლთან ერთად აეროპორტში დამხვდიო. ჟენევაში თითქმის ერთი კვირა დაჰყო და თავადაც არ ელოდა, ასე თუ მოენატრებოდა პატარა ჯადოქარი. დრო რომ არ დაეკარგა, გადაწყვიტა, პირდაპირ აეროპორტში ენახა იგი. ის დღეები ნიაც ვერ იყო მშვიდად, გამუდმებით მასზე ფიქრობდა და ერთი სული ჰქონდა, როდის ნახავდა საყვარელ ადამიანს.
მოსაცდელ დარბაზში მოუთმენლობა უფრო შეეტყო - ნერვულად ფურცლავდა მოდების ჟურნალს, თან იმაზე ფიქრობდა, რა უცნაურად შეტრიალდა მისი ბედი. რამდენიმე თვის წინ ვერც კი წარმოიდგენდა, ოდესმე ვინმეს საყვარლობას თუ დათანხმდებოდა.
- ნია!
როგორც კი მისი ხმა გაიგონა, შემკრთალი ფეხზე წამოხტა. სიხარულისგან სახე გაებადრა, უნდოდა, მივარდნოდა გიგის, ყელზე ჩამოკიდებოდა, მაგრამ ფეხები აღარ ემორჩილებოდა, თითქოს ერთ ადგილს მიელურსმაო. იდგა და უმწეოდ იღიმოდა...
გიგი ძალზე გადაღლილი ჩანდა. მართალია, საქმეები ბოლომდე მოაგვარა და ჟენევაში რამდენიმე წარმატებული კონტრაქტიც გააფორმა, მაგრამ იმდენი საქმიანი შეხვედრა და დაძაბული მოლაპარაკებები ჰქონდა მსხვილ ბიზნესმენებთან, ძალა გამოეცალა. ერთადერთი, რაც უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა, ნიაზე ფიქრი იყო. ის ყოველ წამს ახსოვდა. ამიტომაც ახლა, დაინახა თუ არა, სითბო ჩაეღვარა გულში და უნდოდა, თავისი წარმატებების შესახებ პირველად მისთვის მოეყოლა.
- აბა, როგორ ხარ? - დააშტერდა მამაკაცი.
- კარგად, - მორცხვად ახედა გოგონამ.
- მერე? ერთი კოცნა არ მეკუთვნის შენგან? - ღიმილით დაინტერესდა გიგი და უფრო ახლოს მივიდა მასთან.
ნიამ ფეხის წვერებზე აიწია და ლოყაზე აკოცა.
- და მორჩა? სულ ეს არის? - თვალები მოჭუტა, - ეს თუ იმის მაჩვენებელია, როგორც მოგენატრე, იცოდე, რომ განხიბლული ვარ.
- დაღლილი სახე გაქვს, - სიტყვა ბანზე აუგდო გოგონამ.
- მაგრამ არც ისე ძალიან, რომ ვერ დავუმტკიცო ჩემს პატარას, როგორ მაკლდა იგი...
და სანამ ნია რამეს იტყოდა, მამაკაცმა თმაში ჩააავლო ხელი და ტუჩებზე დააცხრა.
- მგონი, ცოტა შენც მოგენატრე, - თქვა მამაკაცმა და ნიკაპქვეშ ამოსდო საჩვენებელი თითი, - თვალებმა გამანდეს ეს საიდუმლო.
- შენი საქმეები როგორ არის? - ქალს ხმა უკანკალებდა.
- არა უშავს. ახლა არ მინდა ამაზე საუბარი. ერთი სული მაქვს, სახლამდე მივაღწიო, ცხელი ყავა დავლიო და შენთან ერთად ლოგინში ჩავწვე. ხომ რჩები ამაღამ ჩემთან?
- რა ვიცი... შენ ნამგზავრი ხარ, დასვენება გჭირდება... ხვალ გამოგივლი...
გიგის ერთდროულად აშინებდა და აღიზიანებდა კიდეც, ქალი წარამარა რომ ცდილობდა მათ შორის დისტანციის შენარჩუნებას. იქნებ მის არყოფნაში ვიღაცამ ურჩია, მისგან თავი შორს დაეჭირა? იქნებ მესამე ჩაერია მათ ურთიერთობაში?
- რა სისულელეა! მთელი კვირაა, ამ შეხვედრას ველოდები, შენ კი შინ წასვლას აპირებ? არაფის მოსმენა არ მსურს. შენ ახლა ჩემთან წამოხვალ, მორჩა და გათავდა!
მისი მბრძანებლური ტონი ნერვებზე შლიდა ნიას. მასაც სიგიჟემდე სურდა, თან გაჰყოლოდა და მის მკლავებში ენებივრა, მაგრამ როცა ასეთი ტონით ელაპარაკებოდა, მისი შინაგანი "მე" ბუნტს იწყებდა.
- რომ არ მიბრძანო, არ შეგიძლია? იქნედ დროა, თხოვნა ისწავლო? მე შენი მონა ხომ არ ვარ...
გიგიმ ამოიხვნეშა.
- ოოოოჰ! რა ხართ ეს ქალები. ეს წუთია, შევხვდით და უკვე რაღაც სისულელეზე ვკამათობთ. კარგი, ვაღიარებ, რომ არასწორად მოვიქეცი და კი არ უნდა მომეთხოვა, მეკითხა შენთვის, შეგეძლო თუ არა ამაღამ ჩემთან დარჩენა. ასე რომ, გეკითხები - გინდა თუ არა?
- დარწმუნებული ხარ, რომ ზედმეტად არ გადაიღალე?
- რა თქმა უნდა. ინვალიდი კი არ ვარ, საქმიანი შეხვედრიდან დავბრუნდი, - ეშმაკურად გაიღიმა, - და როგორც კი შინ მივალთ, მაშინვე დაგიმტკიცებ, რომ სულაც არ ვარ გადაღლილი.
***
გიგის საძინებელი საკმაოდ ფართო იყო, უზარმაზარი მუხის საწოლით და შინდისფერი გადასაფარებლით. ნია ინტერესით ათვალიერებდა ანტრესოლიან თეთრ კარადას და მოჩუქურთმებულ ოვალურ სარკეს, რომელშიც თითქმის მთელი ოთახი მოჩანდა.
გიგიმ ჰალსტუხი მოიხსნა, პერანგი გაიღეღა და ქალს მიუახლოვდა, ზურგს უკან დაუდგა და მძლავრად შემოხვია მკლავები.
- რას აკეთებ? - ჩურჩულით იკითხა ნიამ.
- შენ როგორ ფიქრობ? - მამაკაცის ხელები მოწყურებული ეალერსებოდა, - მინდა, თავიდან გაგიცნო, პატარავ.
მისი ხავერდოვანი ხმა თავბრუს ახვევდა ნიას. სიამოვნებისაგან თვალები მილულა და თავი უკან გადახარა, რომ მის მკერდს მიყრდნობოდა.
გიგიმ თავისკენ შემოატრიალა გოგონა და დაკვირვებით შეხედა. მოუთმენლობა და სურვილი ერთდროულად იკითხებოდა მის ზღვისფერ, წყლიან თვალებში. ნიამ თითით მისი ტუჩების კონტური შემოხაზა. მამაკაცმა ხელი დაუჭირა და ხელის მტევნები გზნებით დაუკოცნა. დაუოკებელ ლტოლვას გრძნობდა ამ ქალის მიმართ, ამიტომაც ბევრი არ უფიქრია, მოულოდნელად ხელში აიტატა და საწოლზე წამოაწვინა. ნია მძიმედ სუნთქავდა, სავსე მკერდი მადის აღმძვრელად აუდიოდა.
- ხვდები, ორივეს როგორ გვწყურია ერთმანეთი? ძალიან სექსუალური ხარ, პატარავ, ვერ ვითმენ, არ მოგეფერო.
- გიყვარს სექსუალური ქალები? ალბათ ჩემამდეც ბევრი გყოლია... - ნიას თვითონაც ძლივს ესმოდა ჩურჩულით ნათქვამი თავისივე სიტყვები.
- რა თქმა უნდა, მყოლია, მაგრამ შენ ვერც ერთი ვერ შეგედრება.
- მე კი სექსუალური გამოცდილება საერთოდ არ გამაჩნია.
- ეგ არაფერს ნიშნავს. შენ ისეთი ხარ, ნებისმიერ მამაკაცს გადარევ, მთავარი ეს არის. კმაყოფილი ხარ?
- მე კომპლიმენტი არ მითხოვია შენთვის, სიმართლის გაგება მინდოდა...
- ვფიქრობ, რაც მალე გადმოხვალ ჩემთან, მით უკეთესი იქნება, - მოულოდნელად წამოიწია მამაკაცმა და შუბლშეკრულმა დახედა თვალებმინაბულს, - ჩვენთვის აუცილებელია სადმე განმარტოება, რათა უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი. მითხარი, სად წავიდეთ, რომელი ქვეყნის ნახვას მოისურვებ პირველად?
- არ ვიცი... მაგრამ სანამ სკოლიდან არ დაგვითხოვენ, ვერსადაც ვერ წამოვალ.
- რა სისულელეა! - მამაკაცი მოიღუშა.
- ეს ჩემი ცხოვრებაა, გიგი, რა ვქნა.
- ყოველთვის ასეთი შრომისმოყვარე იყავი, თუ ჩემი გაცნობის მერე გახდი ეგეთი? - ჰკითხა და იმ წამსვე ინანა... მიხვდა, რომ ამით გოგონას ტკივილი მიაყენა.
- მე მიყვარს ჩემი სამუშაო.
- მე კი შენს მოსწავლეებზე ვეჭვიანობ. ასე მგონია, ჩემზე მეტად ისინი გიყვარს.
ნიამ გაიღიმა.
- მაგრამ ამწუთას მე მათ ვაჯობე, რადგან შენ ჩემს მკლავებში ფართხალებ. ასე რომ, გამიმკლავდი, პატარავ, - და სანამ ქალი პასუხად რამეს ეტყოდა, მისი სახე ხელებში მოიმწყვდია და ტუჩებში აკოცა...
***
თითქოს მისი მზერა იგრძნოო, ნია შეიშმუშნა. ყოველი ამოსუნთქვისას მისი მკვრივი მკერდი ვნებიანად ღელავდა. ძილშიც კი განუმეორებელი იყო. არა, უნდა აღიაროს გიგიმ, რომ ასე არასდროს არც ერთ ქალს არ მოუხიბლავს.
კიდევ ერთი რამ მოსწონდა მამაკაცს მასში, რითაც გოგონა ბევრად განსხვავდებოდა მისი ყოფილი საყვარლებისგან. მათი უმრავლესობა ძალიან პრეტენზიული იყო და გამუდმებით მოითხოვდნენ, მას რაც შეიძლება მეტი ფული დაეხარჯა მათი სიამოვნებისთვის. ნიას კი ერთხელაც არაფერი უთხოვია! ზოგი ძალიან ეშმაკი იყო, ზოგი თვალთმაქცი, თავხედიც კი, მაგრამ მიზანი ყველას ერთი ჰქონდა - დაეცალა მისი საფულე. ნია არაფრით ჰგავდა მათ.
კიდევ ერთხელ დააშტერდა მძინარეს. ნუთუ სრულიად მერკანტილურია? ნუთუ არასდროს არაფერს მოთხოვს ასეთ მდიდარ მამაკაცს? არ შეიძლება, ცდუნებამ ერთხელ მაინც არ სძლიოს. თუკი ეს ასეა, მაშინ ეს ქალი მისთვის ნამდვილი აღმოჩენა იქნება! დაიჯეროს, რომ ბედმა იშვიათი გამონაკლისი დაუშვა? უნდოდა, რაც შეიძლება მეტი გაეგო მის შესახებ. გოგონა არ გაურბოდა თავის თავზე ლაპარაკს, მაგრამ მთლად ენაწყლიანიც არ იყო. თავად არასდროს წამოიწყებდა საუბარს თავის წარსულზე, გიგის კი არ უნდოდა, ძალით გამოეტყუა მისთვის სათქმელი. არადა, ცნობისმოყვარეობა კლავდა. ოდესმე ვინმე თუ ჰყვარებია ნეტავ? ხომ წამოცდა, თბილისში ერთ ადამიანთან ერთად ჩამოვედიო... დარწმუნებული იყო, რომ ის "ერთი ადამიანი" მამაკაცი უნდა ყოფილიყო, თორემ ხომ არ დაუმალავდა... როგორი ურთიერთობა ჰქონდა მასთან? თუ მოფერებია ის ვიღაც? თუ უკოცნია?.. იქნებ სექსიც ჰქონდათ... იქნებ შეცდა, როცა ქალიშვილი ეგონა? თვითონაც არ იცოდა რატომ, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან აინტერესებდა, მაგრამ დაკითხვას ხომ არ მოუწყობდა ჯერ კიდევ შეუჩვეველ გოგონას?.. ამიტომაც თითქმის არაფერი იცოდა ამ პატარა ჯადოქრის შესახებ. რა თქმა უნდა, ვიღაც აუცილებლად იქნებოდა მის ცხოვრებაში, თუ ვიღაცები არა. ასეთ ქალს უყურადღებოდ ვინ დატოვებდა? მაგრამ ქალწული რომ აღმოჩნდა? მერე რა? ეს რას ცვლის? სიამოვნების მიღების სხვა ხერხებიც არსებობს. რა იცის გიგიმ, მის გამოჩენამდე რა ხდებოდა ნიას ცხოვრებაში? მით უმეტეს, როცა ისეთი დაქალი გყავს, როგორიც კახა დევიძის საყვარელია... სხვას არავის იცნობდა იგი მისი საახლობლოდან.
რაც იყო, იყო. მთავარია, ეს ქალი ახლა მას ეკუთვნის და მის ხელიდან გაშვებას არ აპირებს. მარცხენა ხელი ფრთხილად ასწია და ნიას გაშლილ თმას შეეხო. გოგონა კვლავ შეიშმუშნა და ნამძინარევი თვალები ოდნავ გაახილა. გიგის დანახვაზე გაიღიმა.
- "პრივეტ", - ნაზად წარმოთქვა.
პასუხად მამაკაცმა ყელზე აკოცა.
- მაპატიე, ასე ადრე რომ გაგაღვიძე, მაგრამ ადგომის დროა, ათ საათზე ოფისში უნდა ვიყო. სამაგიეროდ, ხვალ დაუვიწარ საღამოს მოგიწყობ.
გოგონამ კვლავ გაიღიმა და წამოდგა.
- სხვათა შორის, მეც მეჩქარება, ამიტომ კარგი ჰქენი, რომ გამაღვიძე, - კეკლუცად წარმოთქვა და მისკენ გადმოხრილ მამაკაცს ტუჩებით ცხვირზე შეეხო.
- გეყოფა, თორემ ვეღარ მოვითმენ, იცოდე! - ღიმილით დაემუქრა გიგი.
- მორჩა, ახლავე ავდგები! - გადაიკისკისა ნიამ და საწოლიდან გადმოხტა.
***
ერთი საათის მისულიც არ იყო შინ, მაკამ რომ დაურეკა, შენი ნახვა მინდაო... ნიას სულაც არ ეპიტნავებოდა ახლა მასთან საუბარი, მაგრამ უარი ვერ უთხრა. რამდენიმე წუთში დაქალი უკვე მის ოთახში იჯდა ფეხიფეხგადადებული.
- სად დადიხარ, რომ ვერ დაგიჭირე? - გამომცდელი მზერა ესროლა მაკამ.
- პაემანზე, - მოკლედ და დამაინტრიგებლად მოუჭრა.
- პაემანზე? ვისთან?
- გიგი ახვლედიანთან.
- ვისთან? - მაკას თვალები შუბლზე აუცვივდა გაოცებისგან, - კაზინოს მეპატრონე რომ არის?
- ჰო, რა იყო, რატომ გაგიკვირდა?
- კი მაგრამ, სად გაიცანი?
- კაზინოში.
- როდის?
- იმ საღამოს, შენს საყვარელს რომ ვდარაჯობდი.
- რაღაც არ მჯერა... შენ როგორ მოეწონე? - ჩრდილმა გადაურბინა მაკას სახეზე.
- რატომ, ასეთი შეუხედავი ვარ? - ირონიულად გაეღიმა ნიას.
- არა, ეგ არ მიგულისხმია... მაგრამ მას იმდენი ქალი ახვევია გარს... თანაც ისეთი მდიდრები და ისეთი წრის...
- გინდა მითხრა, რომ მე მისი წრის არ ვარ? სულაც არ მადარდებს ეგ.
- ალბათ ვერ არის მთლად საღ გონებაზე.
- რას გულისხმობ?
- აბა, ერთი წუთით დაფიქრდი. შენ ლამაზი ხარ, ამას ვერავინ უარყოფს. მაგრამ ერთი უბრალო მასწავლებელი ხარ და მეტი არაფერი. ის კი ცნობილი ბიზნესმენია, სუპერწარმატებული, სუპერპოპულარული მამაკაცი, რომელიც პრესტიჟულ უბანში ცხოვრობს და ფულებში ცურავს. ნია, გონს მოდი, სანამ დროა. მას შენ მხოლოდ ერთი ღამისთვის სჭირდები, მხოლოდ გასართობად და არა ხანგრძლივი ურთიერთობისთვის. ერთხელ დაწვება შენთან და მორჩა! მაშინვე მიგატოვებს!
ნიას ღიმილი პირზე შეაშრა. ისეთი შეგრძნება დაეუფლა, რომ მის წინ ამწუთას დაქალი კი არა, უცნობი ქალი იჯდა, რომელიც მორალს უკითხავდა.
- სხვათა შორის, მე უკვე ვიწექი მასთან... და არა ერთხელ და ორჯერ. თანაც, უკვე შემომთავაზა, მასთან გადავიდე საცხოვრებლად.
- არ მჯერა!
აპილპილებული მაკა ფეხზე წამოხტა და ბოღმით სავსე მზერა მიაპყრო მეგობარს.
- რაში სჭირდება გიგი ახვლედიანს შენნაირი, როცა საუკეთესო ქალებით არის გარშემორტყმული? იცი, კვირაში რამდენ ქალს იცვლის? ვერ მოთვლი! უბრალოდ, უსიამოვნებებს ეძებ, ნია და არც აგცდება, იცოდე. მერილინ მონრო ხომ არ გგონია შენი თავი? ის შენი ერთგული არასდროს იქნება, გესმის? დაიმახსოვრე ეს!
სასოწარკვეთილი გოგონა ადგილზე ჩაიკეცა...
***
"ის შენი ერთგული არასდროს იქნება, დაიმახსოვრე ეს", - წარამარა ჩაესმოდა ყურში მაკას ნათქვამი და გული ტყვიასავით უმძიმდებოდა. თუმცა, მეგობრისგან ახალი არც არაფერი მოუსმენია. მან იცოდა, რისთვისაც სჭირდებოდა იგი გიგის და მაინც თანახმა იყო, მიეღო მისი წინადადება. მერე რა, თუ ხანმოკლე გამოდგება მათი ურთიერთობა? რადგან დაიწყო, რაც იქნება, იქნება, გაგრძელდეს კიდეც... ცხოვრებაში ყველაფერს აქვს დასასრული და მათ რომანსაც ექნება. ნია ეცდება, აქედანვე შეეგუოს ამ აზრს, რომ გადამწყვეტ მომენტში მშვიდად შეხვდეს საბედისწერო განაჩენს. ახლა კი არ ღირს წინასწარ თავის მტვრევა იმაზე, ერთი კვირა გაგრძელდება მათი სასიყვარულო თავგადასავალი, ერთი თვე, თუ ერთი წელი. ჯობია, დღევანდელი დღით იცხოვროს და დატკბეს იმით, რაც ამწუთას აქვს.
ნაშუადღევს საგულდაგულოდ გამოიპრანჭა. გიგი შეჰპირდა, საუკეთესო საღამოს მოგიწყობო. ალბათ მეგობრებიც ეყოლება, ამიტომ კარგი იქნება, თავისი მომხიბვლელობით თვალს თუ დაუყენებს ყველას. ამით მაინც გამოირჩეოდეს სხვებისგან.
როცა მძღოლმა იგი გიგის სახლთან მიიყვანა, უკვე ბნელოდა. ჰოლში შესულს სამარისებური სიჩუმე დახვდა, კაციშვილი ირგვლივ არ ჭაჭანებდა. ნუთუ მარტო ნია დაპატიჟა? ამიტომ უთხრა, დაუვიწყარ საღამოს მოგიწყობო?
- ახლავე ჩამოვალ, ნი, არ მოიწყინო, - მოესმა მეორე სართულიდან მამაკაცის ხმა.
სითბო ჩაეღვენთა გულში, გაეღიმა. ჩანთა სავარძელზე მიაგდო და ბუხარს მიუახლოვდა. მოულდნელად ბუხრის თავზე დადებულმა მისალოცმა ბარათმა მიიპყრო მისი ყურადღება. ცნობისმოყვარეობამ სძლია და დახედა, რომ ტექსტი წაეკითხა. "ჩვენო საყვარელო გიგი, გილოცავთ დაბადების ოცდამეთექვსმეტე წლისთავს, ბედნიერი ყოფილიყავი. საუკეთესო სურვილებით - დათა და თინიკო".
ღმერთო, მან რომ არაფერი იცოდა? მისთვის რომ არ უთქვამს? უცებ ნაბიჯების ხმა მოისმა. შეშინებულმა ბარათი კვლავ თავის ადგილას დადო და მოტრიალდა.
ასეთ ფორმაში ნიამ პირველად ნახა იგი - ლურჯ ჯინსის შარვალსა და ამავე ფერის მაისურში გამოწყობილი. ძალიან უხდებოდა სპორტული ფორმა, დაკუნთული მკლავები უფრო ძლიერი მოუჩანდა.
- არ ვიცოდი, დაბადების დღე თუ გქონდა, - შეცბუნებულმა გაუღიმა.
- მე არასდროს აღვნიშნავ მას, ასე რომ, დაივიწყე.
- რატომ? - დაინტერესდა ნია.
გიგიმ პასუხი დაუგვიანა, მხრები აიჩეჩა მხოლოდ, მერე სიყვარულით ანთებული მზერა მიაპყრო გოგონას და თვალებით მიეფერა.
- რატომ? იმიტომ, რომ ასე მინდა, მორჩა და გათავდა, - მამაკაცს თავადაც არ მოეწონა, ისე ცივად ჟღერდა მისი ხმა.
- ეს მიზეზი არ არის. ჩემი აზრით, რაც წელი გემატება, მით უფრო წარმატებული ხდები, ეს კი საუკეთესო საბაბია იმისთვის, კარგად იქეიფო. მე ყოველთვის აღვნიშნავ ვიწრო წრეში ჩემს დაბადების დღეს. მართალია, ბრწყინვალე სუფრას ვერ ვშლი, მაგრამ ნამცხვარი ყოველთვის მაქვს, გოგოებს მოაქვთ.
- შენ გაგმართლებია.
მის ხმაში გარეულმა სარკაზზმა ერთობ შებოჭა გოგონა, მაგრამ გადაწყვიტა, არ გაბრაზებულიყო.
- რომ გეთქვა, მეც გამოგიცხობდი ნამცხვარს.
- თუ ასე ძალიან გინდა, გამოაცხვე, პატარავ, ვინ გიშლის, - თქვა მამაკაცმა, ბართან მივიდა და მარტინი ჩამოისხა.
ნიამ იგრძნო, როგორ ევსებოდა თვალები ცრემლით.
- რატომ მექცევი ასე? რამე სისულელე ვთქვი? - რაც შეიძლებოდა, მსუბუქად წარმოთქვა.
- არც მიფიქრია. უბრალოდ, რა საჭიროა ზედმეტი გარჯა, როცა საუკეთესო საკონდიტროში შემიძლია შეკვეთა მივცე და არამარტო საქართველოში, ლონდონიდან შემიძლია ჩამოვატანინო და პარიზიდანაც კი.
- ჰო, მაგრამ ეს ერთი და იგივე ხომ არ იქნება! შენ რა, არ გესმის, რომ სიყვარულით მორთმეული საჩუქარი შეკვეთილს ვერასდროს შეედრება?
- მაგრამ რა შუაშია აქ სიყვარული?
მისი სახის გამომეტყელება არა და არ დარბილდა. ნიას უკვე გაქცევა მოუნდა მისგან.
- მე.. მე მხოლოდ ის მინდოდა მეთქვა... - და მეტი ვეღარ გააგრძელა, ღაწვებზე გადმოგორებულმა ცრემლებმა შეუშალა ხელი.
ამის შემხედვარე გიგიმ სასმლიანი ჭიქა ბუხრის თავზე შემოდო, გოგონას მიუახლოვდა, მხარზე ხელი შემოხვია და მკერდზე მიიხუტა.
- რა თქმა უნდა, გამომიცხვე, პატარავ, ძალიან გამიხარდება. დარწმუნებული ვარ, უგემრიელესი გამოგივა, - დაუთბა ხმა, მაგრამ მიხვდა, რომ დააგვიანდა, ნია უკვე სლუკუნებდა.
არ უნდა მოქცეულიყო ასე. დღეს პრობლემური დღე ჰქონდა, ჟენევაში ერთ-ერთ კონტრაქტს ჩაშლა დაემუქრა და ამის გამო დილიდან უხასიათოდ იყო, თუმცა ეს არ ამართლებდა მის საქციელს. ნიამ რა დააშავა, არ უნდა მოქცეოდა ასე.
- ჰო, შენ მართალი ხარ. რაში გჭირდება ჩემი ღარიბული საჩუქრები, როცა ნებისმიერ პრესტიჟულ მაღაზიაში შეგიძლია შეიძინო ის, რაც მოგესურვება, - უსაყვედურა თვალცრემლიანმა გოგონამ, - გამიშვი ხელი, შინ უნდა წავიდე.
მამაკაცმა მაშინვე შეუშვა ხელი.
- მე შენ ვახშამზე დაგპატიჟე, თან იმაზე უნდა ვილაპარაკოთ, როდის გადმოხვალ ჩემთან, - ქალის სიამაყემ ისევ გააღიზიანა ახვლედიანი.
- ვახშმობა გადავიფიქრე. ახლა ისეთ ხასიათზე ხარ, უკეთესი იქნება, თუ მარტო დარჩები, - გაიბუტა ნია.
- არ წახვიდე... ხვალ კვლავ ჟენევაში მიწევს გამგზავრება. არ ვიცი, რამდენ ხანს დავრჩები იქ, ამიტომ შენი გადმოსვლა ჩემს ჩამოსვლამდე გადაიწევს. ისე... არ გინდა, ჩემთან ერთად წამოხვიდე? სანამ მე საქმეებს მოვაგვარებ, შენ ქალაქს დაათვალიერებ, თანამგზავრს გიპოვი, ნუ გეშინია.
ქალს არ უნდოდა მისი განაწყენება, მაგრამ მაინც ჯიუტად გადააქნია თავი.
- არ შემიძლია. სამსახურს ვერ მივატოვებ, ძალიან დაკავებული ვარ.
- შენ რა, დაგავიწყდა, რაზე მოვილაპარაკეთ? ჩემი ინტერესები შენთვის არაფერს ნიშნავს? თუ საკუთარ სამსახურს ყოველთვის ყველაფერზე წინ დააყენებ?!
- მე კომპრომისების წინააღმდეგი არ ვარ, გიგი, მაგრამ სკოლიდან ვერ გავეთავისუფლები. ახლა იქ ვარ საჭირო, ამიტომ...
- ესე იგი, არ წამოხვალ?
- ვერა, ვერ შევძლებ.
- კარგი. მაგრამ როცა დავბრუნდები, სერიოზულად დაგელაპარაკები.
რაო? სერიოზულადო? ხომ არ გადაიფიქრა? იქნებ მეტჯერ აღარ სურს მასთან შეხვედრა? არა, ახლავე უნდა გაარკვიოს, რა იგულისხმა სერიოზულ სალაპარაკოში, თორემ მის ჩამოსვლას ვერ დაელოდება, ვერ იტანს ლოდინს.
- რატომ გადავდოთ? არ ჯობია, სათქმელი ახლავე ითქვას?
გიგიმ შეამჩნია, როგორ აუთრთოლდა ნიას ტუჩები და მიხვდა, რაც აწუხებდა. "ეშინია, არ მივატოვო", - შეუმჩნევლად ჩაიღიმა. რა სისულელეა, წამითაც არ გაუვლია გულში ეს. მხოლოდ წვრილმანებზე უნდოდა ყურადღების გამახვილება, მაგრამ ახლა მაინც არაფერს ეტყვის. დაე, ცოტათი შეშინდეს, ეს სასარგებლოც იქნება ორივესთვის.
- არა, ახლა არა. როცა ჩამოვალ, მერე გეტყვი. აბა, რა გადაწყვიტე, რჩები ვახშამზე?
გულგატეხილმა ქალმა ამაყად გადახედა ბუხართან მდგომ მამაკაცს და თვალი თვალში გაუყარა.
- არ დავრჩები... კეთილ მგზავრობას გისურვებ, - მტკიცე ხმით წარმოთქვა და თავაწეული გასასვლელისკენ გაემართა.
***
ნია დილიდან უხასიათოდ იყო. დღეს უმცროსკლასელები დაითხოვეს სკოლიდან. თავის მოსწავლეებთან ერთად სკოლის ბაღში იჯდა და სევდიანად ისმენდა მათ მონაყოლს, თუმცა ფიქრებით გიგისთან იყო. რატომ არ იხდის დაბადების დღეს? როგორც ჩანს, არც სიმდიდრემ მოუტანა მას ბედნიერება და არც პრივილეგიებმა. მით უმეტეს, ბოლო ხანებში ძალიან ნაღვლიანი ჩანს. მაგრამ მეგობრები მაინც რატომ არ ულოცავენ? მათ წრეში ასე არ არის მიღებული? თუ, უბრალოდ, არ იციან?
- მასწ, ვიღაც ხელს გიქნევთ, - დაუძახა ამ დროს ერთმა მოსწავლემ.
ნიამ გაკვირვებულმა გაიხედა მარჯვნივ და... ჭიშკართან ატუზული გიგი შეამჩნია. წამით თვალთ დაუბნელდა სიხარულისგან, წამოხტა და მისკენ გაიქცა.
- გიგი! აქ საიდან გაჩნდი? მე უკვე ჟენევაში მეგონე!
- გადავდე გამგზავრება. გცალია? წავიდეთ სადმე, ყავა დავლიოთ.
მართალია, წინა საღამოს იჩხუბეს, მაგრამ ნიას ისე გაუხარდა მისი დანახვა, არაფრის გახსენება არ სურდა.
- ერთ საათში გავთავისუფლდები. დამელოდები?
- არა.
- არა? - სახე შეეცვალა გოგონას.
- არ დაგელოდები, ერთ საათში ისევ შემოვივლი, - ეშმაკურად გაიღიმა მამაკაცმა.
ქალმა შვებით ამოისუნთქა.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>