ნოველები

წითელი ფეხსაცმელი. თავი 12

წითელი ფეხსაცმელი. თავი 12
საღამომ შედარებით მშვიდად ჩაიარა. ისე ივახშმეს, არც მაკა უხსენებიათ და არც ნიას პრობლემები. მოულოდნელად გიგი ზაფხულის გეგმებზე ალაპარაკდა. - არ გინდა, სადმე დასასვენებლად გავემგზავროთ? - ჰკითხა მამაკაცმა და გამომცდელი მზერა შეავლო.
- დასასვენებლად? სად? - წარბები აზიდა ნიამ, არ ელოდა ასეთ შეკითხვას.
- რა ვიცი, მაგალითად, რომელიმე ზღვისპირა კურორტზე, მაგალითად, თურქეთში... ან...
- იქ ერთხელ უკვე ვიყავი, - მორცხვად ჩაილაპარაკა გოგონამ, - და ვიცი, რომ ძალიან კარგია.
- რა თქმა უნდა, არაჩვეულებრივია. ვფიქრობ, კარგ დროს გავატარებდით...
- არ ვიცი... მაგაზე არ მიფიქრია... - თვალი აარიდა ნიამ.
გიგის პასუხი არ ესიამოვნა. ერთხელ უკვე იყო იქ... თავის შეყვარებულთან ერთად? ეს ის კაცია, ვისთან ერთადაც აქ ჩამოვიდა საცხოვრებლად? რა ურთიერთობა ჰქონდა მასთან?.. და მიხვდა, ეჭვის ჭია კვლავ როგორ შეუძვრა გულში. ადრე არასდროს უეჭვიანია სხვა ქალებზე. ახლა კი...
იმის გაფიქრებაც კი, რომ ოდესმე შეიძლებოდა ნიას სხვა კაცის მკლავებში ენებივრა, გულს უკლავდა, საშინლად აღიზიანებდა. არადა, როცა პირველად დაწვა მასთან, ქალწული იყო. ამაში გიგი ღრმად არის დარწმუნებული. მაშინ რა გამოდის? სხვა რა სახის ურთიერთობა უნდა ჰქონოდა იმ იდუმალ პარტნიორთან? თავი გადააქნია, რომ აბეზარი ფიქრები თავიდან მოეშორებინა.
ნია ვერ ხვდებოდა, რა ხდებოდა მამაკაცის თავს. ამიტომ წამოდგა და მაგიდის ალაგებას შეუდგა.
- რას აკეთებ, გაგიჟდი? - შეიცხადა გიგიმ და მაჯა დაუჭირა.
- ავალაგებ, მაინც არაფერს ვაკეთებ, - კეკლუცად გაიღიმა გოგონამ.
- შეეშვი, აქაურობას ჰყავს ამლაგებელიც და დამლაგებელიც... მითხარი, რატომ არ გინდა, თურქეთში გამომყვე?
ნიას ალმურმა აჰკრა, უსიამოვნო შეგრძნებამ დარია ხელი.
- მე უკვე ვიყავი იქ. ვფიქრობ, სხვაგან უკეთეს დროს გავატარებდი.
- ვისთან ერთად იყავი?

რატომ ეკითხება? ეჭვიანობს? რაში აინტერესებს, ვისთან ერთად იყო? მისთვის რა მნიშვნელობა აქვს, ნიას ადრე ჰყავდა თუ არა სხვა მამაკაცი?
არადა, გიგისთვის ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მას უნდოდა, ყველაფერი სცოდნოდა ამ ქალის შესახებ, ყველა წვრილმანი, ისიც კი, მოფერებია თუ არა ადრე სხვა მამაკაცი.
- ადამიანთან, რომელიც წავიდა ჩემი ცხოვრებიდან და არასდროს დაბრუნდება. თუმცა, მისი გახსენება ყოველთვის დიდ ტკივილს მაყენებს, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელი გავიდა, - სევდიანად ჩაილაპარაკა ნიამ.
გიგი გამომცდელად მისჩერებოდა.
- თუ არ ვცდები, სწორედ მასთან ერთად ჩამოხვედი თბილისში საცხოვრებლად, არა?
- ჰო... მაგრამ რაში გჭირდება ამის გამოკითხვა?
- იმიტომ, რომ სრულებით არ გიცნობ, პატარავ. მინდა, რაც შეიძლება მეტი გავიგო შენზე.
გოგონამ თავი დახარა.
- ჩემს ცხოვრებაში ისეთი საინტერესო არაფერი ყოფილა, რომ შენი ყურადღების ღირსი გახდეს, დამიჯერე. მე ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ, არაფრით სხვებისგან გამორჩეული. ერთადერთი ღირებული ჩემს ცხოვრებაში, ეს შენ ხარ, გიგი.
- ნუთუ? - ირონია გაისმა მამაკაცის ხმაში, - რატომ ლაპარაკობ ასე, პატარავ?
- იმიტომ, რომ ეს სიმართლეა.
- საინტერესოა, რატომ გავხდი შენთვის ასეთი განსაკუთრებული?
მისი საუბრის ტონით ნია მიხვდა, რომ საშიშროება ისევ ახლოვდებოდა. არა, არაფრით დაუშვებს, რომ გიგიმ მისი გრძნობების შესახებ შეიტყოს. ამით სამუდამოდ დაკარგავს მას. ახვლედიანს მისთვის შეყვარება არ უთხოვია. მას მხოლოდ ის სურდა, ნია დამყოლი, უპრეტენზიო და საწოლში ვნებიანი ყოფილიყო. სიყვარულზე არ ყოფილა ლაპარაკი.
- გიგი, იცი? მე... მე...
ქალის ხმა ყრუდ გაისმა. იგრძნო, ცრემლები როგორ ჩამოუგორდა ღაწვებზე.
ამის დანახვაზე მამაკაცი წამოხტა და ქალს მიეჭრა.
- პატარავ! რა გჭირს? ნუ ტირი, გთხოვ, არ მინდოდა შენი წყენინება!
ნიამ ამოიოხრა.
- მაპატიე... არ მინდოდა შენთვის ტკივილი მომეყენებინა. რა ცუდი საღამო გამოგვივიდა, რა არის ეს! - შეწუხდა იგი და ნიას ხელები გულზე მიიხუტა.
ხმა ისე დაუთბა, გოგონას უარესად აუჩუყდა გული და ხმამაღლა ატირდა.
- გიგი... რომ იცოდე... შენ ყველაზე კარგი ხარ... საუკეთესო მამაკაცი ხარ მთელ მსოფლიოში, - ჩურჩულით წარმოთქვა და მის მკერდში ჩარგო ცრემლით დანამული პირ-ცხვირი.
- მორჩი, აღარ იტირო, გესმის? ამისთვის კი არ ხარ ჩემთან, შენ მე სხვა რამეში მჭირდები, წამომყევი, - ბოლო სიტყვები ვნებიანად წარმოთქვა მამაკაცმა, ქალს წელზე ხელი მოხვია, ჰაერში აიტაცა და სასიამოვნო ტვირთიანად საძინებლისკენ აიღო გეზი.


***
გიგი საჩუქრებით ხშირად ანებივრებდა ნიას. მამაკაცი არაფერს იშურებდა გოგონასთვის, ყიდულობდა ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, სამკაულებს, ჩანთებს, აქსესუარებს... თუმცა თავად არასდროს გამოუთქვამს პრეტენზია, ეს არ მაქვს, ის არ მაქვს, რა ჩავიცვა, არ ვიციო... ბიზნესმენი უყოყმანოდ ხარჯავდა მისი სიამოვნებისთვის ფულს. თავადაც სიამოვნებდა ამის გაკეთება. უნდოდა, დარწმუნებულიყო, რომ ძვირად ღირებული სამოსი ქალის ბუნებრივად უზადო სილამაზეს კიდევ უფრო ბრწყინვალეს გამოაჩენდა. და ასეც იყო. სადაც უნდა ყოფილიყო, ყველგან ყველასგან გამოირჩეოდა გარეგნობითაც და ჩაცმის სტილითაც. მის დანახვაზე ახვლედიანს სუნთქვა ეკვროდა ხოლმე. თუმცა ნიას ნაკლებად სიამოვნებდა ასეთი ყურადღება. იცოდა, რომ ამით უფრო და უფრო დამოკიდებული ხდებოდა მამაკაცზე.
რა თქმა უნდა, სიამოვნებით წავიდოდა მასთან ერთად თურქეთში დასასვენებელად, მაგრამ... მაინც უარის თქმა მოუწევს. ამ ქვეყანასთან ფრიად უსიამოვნო მოგონებები აკავშირებს. გიგისთან ერთად ქვეყნის დასალიერამდეც წავა, რადგან მის გვერდით ყოფნა ერთი დიდი კმაყოფილებაა. იგი არასდროს ყოფილა ასეთი ბედნიერი. მაშინაც კი, როცა დედა ცოცხალი ჰყავდა. როცა პირველად ჩამოვიდა თბილისში, გუმანით მიხვდა, რომ ცხოვრება მას მძიმე გამოცდას მოუწყობდა. სამწუხაროდ, არ შემცდარა.

ახლა რეალურ ზღაპარში ცხოვრობს, თუმცა დარწმუნებულია, რომ ეს ზღაპარი ჰეფი ენდით არ დამთავრდება. სულ მალე გამოჩნდება ის მორიგი ბედნიერი ფერია, რომელიც გიგის ცხოვრებას გაულამაზებს. ნია კი სხვა ყოფილების ბედს გაიზიარებს და წარსულში დარჩება. ერთადერთი, რაც ექნება - მხოლოდ ტკბილი მოგონებები... და კიდევ, უზარმაზარი ვალი, რომელიც აუცილებლად უნდა გადაიხადოს.
კიდევ კარგი, ჰორიზონტზე არც მაკა ჩანს და არც კახა. ალბათ არ არიან თბილისში. როგორც ჩანს, დევიძემ საყვარელი დასასვენებლად საზღვრებს გარეთ გაიყვანა. ნეტავ, მაკას მაინც აეწყობოდეს ცხოვრება და არ მიატოვებდეს ის საზიზღარი კაცი! ნიას სულით და გულით სურდა, მაკას გამართლებოდა პირადულში, მიუხედავად იმისა, რომ მეგობრის ცხოვრების წესი არ მოსწონდა.

რა ცუდია, რომ გიგიმ სიმართლე არ იცის, მას ჰგონია, რომ ნია საბოლოოდ გათავისუფლდა მაკას და კახას ვალდებულებებისგან. არადა, რამხელა ვალი აქვს აკიდებული. რას იზამს, რომ გაიგოს? როგორ მოიქცევა? ღმერთო! ძალიან განრისხდება ალბათ და მაშინვე ხელს აიღებს ნიაზე! არა, ამას როგორ ეტყვის! არასდროს! უამისოდაც მალე დამთავრდება ყველაფერი.

ეჰ... ნეტავ შეეძლოს, სამუდამოდ მოინადიროს მისი გული. ნეტავ, როგორ ახერხებენ სხვა ქალები ამას? არ შეიძლება, ვინმემ ასწავლოს, როგორ შეინარჩუნოს საყვარელი მამაკაცი და გამუდმებით მისი დაკარგვის შიში არ აწუხებდეს? სულ ასე ხომ არ უნდა სტკიოდეს გული? ნია ყველაფერზე თანახმაა, ოღონდ რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს მათი რომანი. გოგონას ყველაფერი მოსწონს მისი - აღნაგობა, თვალები, ტუჩები, ცხვირი, გამოხედვა, ღიმილი, ხასიათი... აღარაფერს ამბობს იმაზე, როგორია იგი საწოლში და როგორი მოფერება იცის...
ამავდროულად, სულაც არ სიამოვნებს, ასე რომ იხარჯება ახვლედიანი მისთვის, თუმცა საჩუქარზე უარს არასდროს ამბობს. არა იმიტომ, რომ ვალდებულად თვლიდა, მისი საყვარელი ასე მოქცეულიყო. არც იმიტომ, რომ მდიდრული სამოსით სავსე გარდერობი ჰქონოდა. არა, უბრალოდ, ესმოდა, რომ რაც უფრო დიდხანს იქნებოდა თვალისმომჭრელ ფორმაში, მით მეტხანს დაიტოვებდა გიგი თავისთან.
სწორედ ამიტომ ირგებდა ყოველდღე სხვადასხვა კოსტიუმს, ამიტომ დადიოდა სილამაზის სალონებში და გამუდმებით ზრუნავდა თავის გარეგნობაზე. გიგის გარშემო ხომ ყოველთვის მოვლილი და "დაცემა" ქალები ტრიალებდნენ. საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ვერ შეძლებს, შეეჯიბროს რომელიმეს. ნებისმიერს შეუძლია, როცა მოინდომებს, მაშინ წაართვას ნიას იგი.

ერთადერთი გამოსავალი, რაც დროებით მაინც გაანელებდა ქალის ტკივილს, გიგის შემოთავაზებაზე დათანხმება იყო. ამას გრძნობდა ნია, ამიტომ ერთ საღამოსაც, როცა მორიგი ვახშმის შემდეგ ლოგინში ჩაწვნენ და ერთმანეთის ალერსით იჯერეს გული, სიბნელეში მისი ჩურჩულით ნათქვამი გაისმა.
- მე თანახმა ვარ შენს წინადადებაზე.
- რომელ წინადადებაზე? - მამაკაცმა თავი წამოსწია და სიბნელეში დაჟინებით დააშტერდა.
ნია წამოწითლდა.
- ხვალიდან შენთან ვრჩები. ხომ გინდოდა ეს? - გაუბედავად წარმოთქვა.
ახვლედიანი უსიტყვოდ მიესვენა ბალიშზე.
- ჰო, - ცივად წამოისროლა და გაჩუმდა.
ნიას ელდა ეცა. რატომ უპასუხა ასეთი ტონით? არ ესიამოვნა? მაგრამ ეს ხომ მისი სურვილი იყო?
- თუ გადაიფიქრე, პრობლემა არ არის, ჯერ ხომ არ გადმომიტანია ჩემი ნივთები, - ხმა შეუსუსტდა გოგონას.
- არა, არ გადამიფიქრებია. მე მეგონა, ჩემთან ერთად დასასვენებლად წამოსვლაზე იყავი თანახმა.
- ააა, ეგ... მაგაზე შეიძლება სხვა დროს ვილაპარაკოთ?
- რა თქმა უნდა, თუკი ძალიან შორს არ გადაიწევს ეგ "სხვა დრო". მე ახლა ვარ თავისუფალი, მერე ისევ მომეძალება საქმეები და შეიძლება ვეღარც შევძლო გამგზავრება.

- მერე რა, შენთან ერთად მე აქაც კარგად ვგრძნობ თავს, - ნია მისკენ შეტრიალდა და ლოყაზე აკოცა.
- მინდოდა, უფრო უკეთ გეგრძნო თავი, თან სხვა გარემოში... თუმცა, როგორც გინდა, მე არ გაძალებ. კარგია, რომ ეგ მაინც გადაწყვიტე. ხვალვე ვეტყვი ბიჭებს, გადმოიტანონ შენი ბარგი-ბარხანა. იმედია, ბევრი არ გექნება.
ნიამ ღიმილი ვერ შეიკავა.
- რაც მაქვს, ყველაფერი შენი ნაყიდია.
- ოჰ, ეგენი შეგიძლია იქვე დატოვო, ახალს გიყიდი, - გიგიმ მკლავები შემოხვია და მკერდზე მიიხუტა, - მთავარია, შენ იყო ჩემ გვერდით, სხვას ყველაფერს ჯანდაბამდის გზა ჰქონია.
სასიამოვნო ტალღამ გოგონას სხეული გაუხურა. არა, იგი არასდროს ყოფილა ასეთი ბედნიერი. ამ კაცის გვერდით საოცრად დაცულად გრძნობს თავს... თანაც... უყვარს იგი, ყველაზე და ყველაფერზე მეტად...
გარდა ამისა, იმ ავადსახსენებელი საღამოს შემდეგ, გიგის ერთხელაც არ უხსენებია მაკა, კახა და მისი პრობლემები. როგორც ჩანს, შეეგუა იმ ფაქტს, რომ ნიას თავის პირად ცხოვრებაზე საუბარი არ სურს და შეეშვა. სამაგიეროდ, არც ნია დარჩა ვალში. იგი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, მამაკაცს მაქსიმალური სიამოვნება მიანიჭოს. გამუდმებით ცდილობს, ახვლედიანის ცხოვრება რაც შეიძლება ლაღი და ხალისიანი გახადოს... საინტერესოც, რა თქმა უნდა.
თუმცა... მიუხედავად ამ ყველაფრისა, მათ ურთიერთობაში ძალიან მალე რაღაც მაინც შეიცვალა... უფრო სწორად, თავად ნიამ შეცვალა. გოგონა მშვენივრად ხვდებოდა, რატომაც მოხდა ეს. იმიტომ, რომ იგი შეყვარებული იყო. რა თქმა უნდა, ყოველ წუთს ცდილობდა, დაეფარა თავის გრძნობები, რადგან შიშობდა, რომ ახვლედიანს არ მოეწონებოდა ამის გაგება. მისთვის ხომ სიყვარული არ უთხოვიათ...


***
გიგი კაბინეტში შევიდა თუ არა, მდივანმა უშაქრო ყავა და კორესპონდენციების მთელი დასტა დაუდო მაგიდაზე.
ესეც ასე! სიცოცხლე მშვენიერია! კაზინოს საქმეები ბრწყინვალედ მიდის, სასტუმროსიც, რა თქმა უნდა! მისი ბიზნესი ყვავის, იზრდება და შემოსავალიც, თავისთავად, მატულობს. ახლა გოლფ-კლუბსაც გახსნის და...
ნიაც როგორ ჩაერთო მის საქმეებში? რამდენჯერმე ისეთი წინადადებით გამოვიდა, გიგის პირი ღია დარჩა. არ ელოდა, ამ პატარა გოგონას ასეთი ნათელი გონება თუ ჰქონდა.

ნია!.. მის გახსენებაზე ახვლედიანს ბურთულიანი კალამი ჰაერში გაუშეშდა. ეს კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც ცხოვრება უხარია. თუმცა, აქამდე ვერ აუხსნია, რა არის ამ ქალში ასეთი განსაკუთრებული და როგორ ახერხებს, რომ მამაკაცის ცხოვრება ასე ჰარმონიული და საინტერესო გახადოს. ნია... ნია... სხვა ბევრს სიკეთესთან ერთად, არაჩვეულებრივი მოსაუბრეა. მის გვერდით არ მოიწყენ. ამასთან, ნებისმიერ თემაზე შეიძლება მასთან ლაპარაკი. მერე საწოლში როგორია?! ფანტასტიკური! რაც მასთან გადმოვიდა საცხოვრებლად, ხომ საერთოდ... ძალიან მზრუნველი და მოსიყვარულე გახდა. ერთი სიტყვით, ნია არის ქალი, რომელიც ყველა ქალური ღირსებითაა დაჯილდოებული. ის ერთადერთია, რომელთანაც განშორება დღემდე არ სურს ახვლედიანს, რადგან პატარა ნია ბოლომდე ავსებს მის ცხოვრებას, მის სულს, მის არსებობას... ან კი რატომ უნდა დაშორდეს? ურთიერთობაში იდეალურია, მას ყველაფერი აქვს, რაც უნდა გიგის, დაინახოს ქალში...

მაგრამ სინამდვილეში ვინ არის ეს ქალი? რა იცის გიგიმ მასზე? თითქმის არაფერი. ნიას არ სიამოვნებს წარსულზე ლაპარაკი, ერთი სიტყვაც ვერ დააცდევინა. რატომ? რას მალავს? იქნებ სულაც არ იყო ქალწული, როცა პირველად დაწვა მასთან? იქნებ... ხომ შეიძლება, ხელოვნურად ყოფილიყო ქალიშვილი? რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ რაში სჭირდებოდა ამის გაკეთება? გიგი ცოლად ხომ არ უპირებდა შერთვას და ეს მან ძალიან კარგად იცოდა.
ვინ იყო ის მამაკაცი, ვისთან ერთადაც იმოგზაურა თურქეთში? რატომ არაფერს უყვება ამის შესახებ? იმ კაცმა მიატოვა, თუ ნიამ აქცია ზურგი? რა მოხდა მათ შორის? ეს კითხვები მოსვენებას არ აძლევდა.

არა, მაინც რატომ დაინტერესდა ასე ნიას პირადი ცხოვრებით? მერე რა, თუ ქალწული არ იყო? დიდი ხანია, წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა ამას ვინმე ყურადღებას აქცევდა. დავუშვათ, გიგიმდე ჰყავდა საყვარელი. რა დაშავდა ამითი? არ ჰქონდა უფლება, თუ? ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ამორალურ ცხოვრებას ეწეოდა. განა დანაშაულია, მარტოხელა ქალს საყვარელი ჰყავდეს? თანაც ასეთ ქალს? ან კი ვინ გააჩერებდა ისე? შეხედავ, ულამაზესია. ამას დამატებული - თბილი, მოსიყვარულე, დამყოლი, მომთმენი... მეტი რა სჭირდება კაცს? თანაც, ნია არ არის იმ კატეგორიის ქალი, ფულის გულისთვის რომ გააბამს მამაკაცთან რომანს. არ ეტყობა? ცხოვრებაში არ უთხოვია გიგისთვის, ეს მიყიდე, ის მომიტანე, აქ წამიყვანე... სრულიად უპრეტენზიოა, ყველგან და ყველაფერში. მას გიგის გვერდით მოსწონს ყოფნა და არა მისი ფული. ასეა ეს და ამაში ეჭვის შეტანა არ შეიძლება. ამიტომაც არ მოიშორებს გვერდიდან. ახვლედიანს სჭირდება იგი და ნია კიდევ დიდხანს დარჩება მასთან.

- ბატონო გიგი, - ამ დროს მდივანმა შემოყო თავი, - ვიღაც კაცია მოსული, მაგრამ თქვენთან შეხვედრა არ აქვს დანიშნული. რა ვუთხრა?
- ვინ არის?
- კახა დევიძე.
გიგი გაშეშდა. იმდენად მოულოდნელი იყო დევიძის ვიზიტი, თვალები გაუფართოვდა. რა უნდა უნდოდეს ნეტავ? სამაგიეროს გადახდა ხომ არ განიზრახა?
- შემოვიდეს, - ცივად თქვა და წამოდგა.
რამდენიმე წუთიც და კახა უკვე კაბინეტში იყო. ერთხანს მამაკაცები თვალებით ზომავდნენ ერთმანეთს, თითქოს დუელი ჰქონოდათ დანიშნული. გიგის ნაკვთი არ შერხევია სახეზე.
- დაბრძანდით, - დუმილი ახვლედიანმა დაარღვია და ხელით მიუთითა დევიძეს.
დაუპატიჟებელი სტუმარი უდიერად გადაწვა სკამზე და ფეხი ფეხზე შემოიდო.
- ერთი საქმე მაქვს თქვენთან მოსაგვარებელი, ამიტომაც მოვედი, - დაიწყო მოსულმა და ნიშნის მოგებით გადახედა მასპინძელს, - საქმე თქვენს... ქალს ეხება...
მამაკაცმა იგრძნო, როგორ დაეჭიმა სხეული.
- თქვენთან გასაყოფი არაფერი მაქვს, პატივცემულო გიორგი, არც ახსნა-განმარტებას ვითხოვ იმ ინციდენტის გამო და არც ბოდიშის მოხდას. მოგწონთ ის ქალი? ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ, მაგნაირების მეტი რა მყავს... ამის გამო ცხოვრებას ნამდვილად არ გაგირთულებთ, თუმცა... არის ერთი საქმე, რომელიც ერთად უნდა მოვაგვაროთ და ეს მას ეხება.
- მითხარით, რაშია საქმე, ბევრი დრო არ მაქვს, - უკმეხად წარმოთქვა ახვლედიანმა და თავადაც დაჯდა.
- ეს ქაღალდი გეტყვით ყველაფერს, - უდარდელად თქვა დევიძემ, ჯიბიდან ოთხად გაკეცილი ფურცელი ამოიღო, გაშალა და წინ დაუდო.
გიგი არ შერხეულა, მხოლოდ დახედა ბეჭედდასმულ თაბახს და ტექსტს სწრაფად გადაავლო თვალი... უცებ იგრძნო, როგორ მკვეთრად აიწია ადრენალინის დონემ სისხლში... სახე თანდათან მოექუფრა, ძარღვი დაებერა საფეთქელთან. რა სიამოვნებით უთავაზებდა ახლა ამ ვიგინდარას ერთ გემრიელ მუშტს, მაგრამ... არ გამოდიოდა აქ, ამ ვითარებაში.
დევიძემ ჩაიფხუკუნა.
- არ ელოდით, არა? არც იცოდით ამის შესახებ არაფერი, ხომ მართალია? აი, ასეთ ვალებშია ჩაფლული თქვენი ქალბატონი და მას ჩემი ფული მართებს, სხვათა შორის! - სტუმრის ხმა დამცინავად ჟღერდა.

- თუ ნებას დამრთავთ, რამდენიმე სიტყვას გეტყვით. არ შეიძლება ამათი ნდობა, ჩემო გიგი... ისე ნიჭიერად შეუძლიათ თავი წესიერ ქალად მოგაჩვენონ, ეჭვსაც ვერ შეიტან მათ საქციელში, მაგრამ სინამდვილეში ნადირობენ ჩვენნაირ კაცებზე, რომ მდიდრულად იცხოვრონ და რაც შეიძლება მეტი ფული გამოგვძალონ! ხანდახან ზედმეტიც მოსდით, როგორც, მაგალითად, ჩვენს საერთო ნაცნობს დაემართა. რამდენიმე ათასი ევროს კრედიტი აიღო და მერე გადახდა ვერ შეძლო. მე უყოყმანოდ მოვუგვარე მას ეს პრობლემა. ახლა მისი პრობლემა თქვენ უნდა მომიგვაროთ. რა თქმა უნდა, თქვენი გადასაწყვეტია, გიღირთ თუ არა მასთან ურთიერთობა ამხელა თანხად, თუმცა... შეიძლება რაღაც შეთანხმებამდეც მივიდეთ. ბოლოს და ბოლოს, თუ მის ვალს გადაიხდით, თქვენთან დარჩება ვალში. არა, არა, არ გეგონოთ, ჩვენ შორის რამე ხდებოდა. ის ჩემთან არასდროს წოლილა, არ არის ჩემი გემოვნების ქალი.
ახვლედიანმა უსიტყვოდ გამოაღო მაგიდის უჯრა და სეიფის გასაღები აიღო.
- თუ სწორად გავიგე, ნაღდ ფულს ამჯობინებთ, არა? - მექანიკურად იკითხა.
დევიძეს კმაყოფილი ღიმილი გადაეფინა სახეზე. მისი მისია შესრულებული იყო - თავისი ფული მიიღო და მოწინააღმდეგე დაამცირა. არადა, სწორედ ამ ქალის გამო მოუვიდათ ერთმანეთში ჩხუბი...
გიგი მძიმე ნაბიჯებით მივიდა კედელთან ჩაშენებულ სეიფთან, კოდი აკრიფა, გამოაღო, საჭირო რაოდენობის თანხა გადათვალა და მდუმარედ გაუწოდა.
- ძალიანაც კარგი, მეგობარო, - სარკასტულად წარმოთქვა კახამ, - შეგიძლიათ დატკბეთ თქვენი გოგონათი, უკვე გადახდილი გაქვთ. კარგად მეყოლეთ, - ამ სიტყვებით და დამცინავი ღიმილით კაბინეტი დატოვა.
გახევებული გიგი დიდხანს დაჰყურებდა მაგიდაზე გაშლილ თაბახის ფურცელს... თურმე ქაღალდის ერთმა პატარა ნაგლეჯმაც კი შეიძლება საშინელი ტკივილი მიაყენოს ადამიანს...


***
ნიამ შამპუნი ხელისგულზე დაისხა და წრიული მოძრაობით შეიზილა თმის ძირებში. არა, უნდა შეიჭრას თმა, თორემ ძალიან დაიტანჯა, რამდენ ხანს უნდება თავის დაბანას! ისედაც დაღალა ამ დაუსრულებელმა პროცედურებმა - სილამაზის სალონი, მანიკიური, პედიკიური, მასაჟი, კანის მოვლა... შეიძლება ეს პროცედურები აუცილებელიც არის ქალისთვის, მაგრამ ამავე დროს, მოსაბეზრებელიც. თან ძალიან ბევრ დროს ართმევს. არადა, ყველაფერს მხოლოდ ერთი ადამიანისთვის აკეთებს - გიგი ახვლედიანისთვის, რომელსაც სურს, მისი საყვარელი ყოველთვის თავბრუდამხვევად გამოიყურებოდეს. რა ქნას ნიამ, იძულებულია, თავს ძალა დაატანოს და ისე მოიქცეს, როგორც მის სასურველ მამაკაცს მოეწონება.
ნახევარი საათის შემდეგ გოგონა უკვე საძინებელში იჯდა, სარკის წინ და ფენით თმას იშრობდა. აი, ახლა ამ ჩალისფერ კაბას ჩაიცვამს, რომელიც გუშინწინ უყიდა გიგიმ და ასე გამოცხადდება მასთან, არაჩვეულებრივად კარგ ფორმაში.
ბოლო შტრიხი პომადის წასმა იყო. კიდევ ერთხელ ჩაიხედა სარკეში, გაღიმებული მსუბუქად დატრიალდა, მერე ტყავის ხელჩანთას დაავლო ხელი და კარისკენ გაემართა... მაგრამ კარი იქამდე გაიღო, სანამ თვითონ მიუახლოვდებოდა.
- გიგი! - გაკვირვებით შესძახა, - ნუთუ დავაგვიანე?
მამაკაცმა ზურგს უკან კარი მოიხურა და გოგონას დაჟინებით მიაშტერდა. ისე მოქუფროდა სახე, ნია მიხვდა, რომ რაღაც ცუდი ხდებოდა.
- რამე მოხდა? - ეჭვნარევი ხმით გაუბედავად ამოთქვა.
მამაკაცმა თვალები უსიამოვნოდ დააკვესა.
- შესაძლებელია... - რამდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ უპასუხა, - იმედია, არ გაგიჭირდება ახსნა, - მისი ხმაც ისეთივე ცივი და შორეული იყო, როგორც გამოხედვა.

ამ სიტყვებით მან ჯიბიდან ოთხად გაკეცილი ქაღალდი ამოიღო და ქალს გაუწოდა.
ნიამ გამოართვა ფურცელი, გახსნა და დახედა... ალმურმა აჰკრა სახეზე.
- აბა? რას იტყვი ამაზე? - მამაკაცის ხმა დაძაბულად ჟღერდა.
- როგორ... როგორ გაიგე ეს? - გაფითრებულ გოგონას ტუჩები აუკანკალდა.
- დღეს დილით ჩვენი საერთო ნაცნობი მესტუმრა, კახა დევიძე. ჩვენი ბოლო შეხვედრისგან განსხვავებით, საკმაოდ ცივილიზებულად იქცეოდა... ამჯერად საქმიანი წინადადებით მომადგა...
ნიას ცივმა ოფლმა დაასხა. თვალები დახარა და კვლავ ფურცელს ჩააშტერდა. აი ის, რისიც ასე ძალიან ეშინოდა. ქაღალდის პატარა ნაგლეჯი, რომელზეც შავით თეთრზე წერია, თუ რამდენი მართებს სხვისი ფული. თან ვისი? თვით კახა დევიძის.
- არ მინდოდა, შენ ეს გაგეგო, - საოცრად მშვიდად წარმოთქვა, მიუხედავად იმისა, რომ უკიდურესობამდე დაიძაბა.
გიგიმ მწარედ ჩაიცინა.
- მართლა? მაგრამ ახლო მომავალში მაინც მომიწევდა ამის გაგება, მართალი არ ვარ?
გოგონამ მსწრაფლ ასწია თავი და გამომცდელი მზერა მიაპყრო, რათა მიმხვდარიყო, თუ რა იგულისხმა მამაკაცმა. გიგის ისეთი დამცინავი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე, სიცივემ დაუარა სხეულში.
- შენ ალბათ, რესტორანში უკვე მიხვდი, რადგან კახამ ჩემი შენდამი ზრუნვის ამბავი გაიგო, აუცილებლად მოგაკითხავდა თავისი ფულის მისაღებად. ხოლო იქიდან გამომდინარე, რომ იმ საღამოს მე შენ დაგიცავი, უკვე გათვალე, ერთხელ და სამუდამოდ რომ გაგათავისუფლებდი მისგან, არა? - მის ხმაში ზიზღი გაისმა, - თუმცა ამას ახლა მნიშვნელობა არა აქვს, შეგიძლია შვებით ამოისუნთქო, ჩემო ლამაზო, მე მას გადავუხადე შენი საფასური, - ორაზროვნად თქვა და მხრები აიჩეჩა.
ნია შეკრთა. მისი სიტყვებით შეძრწუნებულმა, სასოწარკვეთილი ხმით იყვირა.
- არა, გიგი!..
ახვლედიანმა კვლავ ირონიულად ჩაიღიმა. ეს ღიმილი დანასავით სერავდა გოგონას.
- ძალიან გთხოვ, ასე ნუ მექცევი! მე ეს არ დამიმსახურებია! ვწუხვარ, რომ ასე მოხდა, მაგრამ... არ მინდოდა, ამ ამბავს რამე საერთო ჰქონოდა ჩვენს ურთიერთობასთან. ფიქრიც კი არ მინდოდა ამაზე!
- ნუთუ? საინტერესოა, როგორ აპირებდი ამხელა ვალის გადახდას? რომელი შემოსავლით? ერთადერთი გზა გრჩებოდა მხოლოდ, ხომ მართალია? ამიტომ თავიდანვე ისარგებლე ამით.

ეს ვალი მე უნდა გადამეხადა!
- არა! გთხოვ, დამიჯერო, მართლა არ მინდოდა, ეს ამბავი გაგეგო, ყველანაირად ვცდილობდი, დამემალა. მით უმეტეს, ჩემი ვალი გადაგეხადა? გულშიც არ გამივლია, გეფიცები!
ქალი მავედრებელი თვალებით მისჩერებოდა. თუმცა გიგის ნაკვთი არ შერხევია სახეზე, ისევ ისეთი შეუვალი რჩებოდა. თვალებში კი... თვალებში ყველაფერი იკითხებოდა...
- გიგი, ძალიან გთხოვ...
- ყურადღებით გისმენ... - მამაკაცი სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობდა, მაგრამ უჭირდა თავის შეკავება.
თანდათან ერეოდა ბრაზი. სულელივით გაება მახეში. ნამდვილი იდიოტია, როგორ იფიქრა, რომ ეს პატარა გოგონა გამორჩეული იყო სხვა ქალებისგან, რომ ის არავის ჰგავდა? იპოვა რა, იდეალური ქალის იდეალური ვარიანტი! ახლა ხომ მიხვდა, რომ ნიას მისი ფული სჭირდებოდა მხოლოდ და არა თავად ის! მიხვდა, მაგრამ ძალიან გვიან, თუმცა არასდროს არ არის გვიან, ახლავე გამოასწორებს ამ შეცდომას! მორჩა, კომედია დამთავრებულია! უკვე საკმარისია!
- მე მომწონს, ლამაზო, ძალიან მომწონს, რომ შენ ცდილობ, სიამოვნება მომანიჭო. სიმართლე გინდა? ახლავე გეტყვი. შენ საუკეთესო იყავი იმ ქალთა შორის, რომელსაც ჩემს ხელთ გაუვლია, ყველაზე ყურადღებიანი, თბილი, მოსიყვარულე, მზრუნველი და... ყველაზე ვნებიანი... სულ ვფიქრობდი, როგორ მოხდა ეს, რატომ არის ეს ქალი ასეთი ერთგული ჩემ მიმართ, რით დავიმსახურე-მეთქი... ლამის დავიჯერე, რომ მართლაც ძალიან კარგი ვიყავი და შენს ყურადღებას ამით ვიმსახურებდი. რესტორანში რომ ჩემსა და კახას შორის ჩხუბი მოხდა, შენ კიდევ ერთხელ შეეცადე დაგემტკიცებინა, რომ ფულის გამო არ ხარ ჩემთან. საჭირო არგუმენტების წამოყენებაც არ გაგძნელებია, მაგრამ მაკამ ლამის ჩაგიშალა მთელი გეგმები. იცი, რა მითხრა? ისეთი მამაკაცი, როგორიც შენ ხარ, ნიას ყველა პრობლემის გადაჭრის საშუალებააო, თუ რაღაც ამდაგვარი. შენ კი სასოწარკვეთილი საპირისპიროს მიმტკიცებდი იმ ღამეს... მხოლოდ მამაკაცი მჭირდებაო... ერთი სიტყვაც უნდა დაგემატებინა და მივხვდებოდი - შენ მდიდარი მამაკაცი გჭირდებოდა თურმე და არა მხოლოდ მე...
- შენ ვერაფერს მიხვდი, გიგი, მერწმუნე, სულაც არ იყო ასე!

- აბა, როგორ იყო? მაშინ რატომ გამოვიდა ასე? - ხმას აუწია გაღიზიანებულმა, - განა არ გიხაროდა, მდიდარი საყვარელი რომ გაიჩინე? თუ მეხსიერება არ მღალატობს, საწუწუნო არაფერი გქონდა, სანამ ჩემთან იყავი! ყველაფერი მიიღე, რაც გსურდა.
- ჰო, რა თქმა უნდა, მივიღე! - ნია ცდილობდა, მისი შეტევები მშვიდად მოეგერიებინა, მაგრამ გრძნობდა, მისი სიტყვები მხოლოდ კედლებს ეხეთქებოდა და მამაკაცის გულის მოლბობას ვერ ახერხებდა, - მაგრამ შენთან ამის გამო არ ვცხოვრობდი. მე შენ მჭირდებოდი მხოლოდ და არა შენი სიმდიდრე! ეს არის ერთადერთი მიზეზი, რისთვისაც შენ გვერდით ვიყავი! არაფერი მანიჭებდა სიამოვნებას - არც შენი ნაყიდი სამოსი, არც მდიდრული აპარტამენტები, არც გასეირნებები და არც შენი მეგობრების წრე! ეს არის სიმართლე!

- ჰო, როგორ არა, გასაგებია, - გიგიმ ღრმად ამოიხვნეშა, - ანუ, მხოლოდ სექსი გაკავებდა ჩემთან? ამის თქმა გინდოდა? ნუთუ ეს არის ყველაფერი, რაც ცხოვრებაში გჭირდება? მხოლოდ კარგი სექსი?

მისი მომნუსხველი თვალები დაჟინებით მისჩერებოდა გოგონას. ის კი ვერ ბედავდა, მზერა გაესწორებინა. ეშინოდა, მამაკაცს სიმართლე არ გაეგო, არ მიმხვდარიყო, როგორ უყვარდა ნიას იგი. მისთვის ხომ ასე უიმედო იყო ეს სიყვარული... მორჩა, ოცნებები იმაზე ადრე დაიმსხვრა, ვიდრე თავად მოელოდა ამას. ამწუთას ნიას სიყვარულიც კი უძლური იყო, შეეჩერებინა ახვლედიანის რისხვა.
გიგიც გრძნობდა, როგორ გაურბოდა გოგონა მის მზერას. ამით კიდევ უფრო რწმუნდებოდა იმაში, რომ ამდენი ხანი მოტყუებული დარჩა და სწორედ ამ ტყუილის დამალვას ცდილობდა მისი სანაქებო პატარა ქალი. განადგურებული იყო, მაგრამ არა იმით, რომ სიმართლე გაირკვა და ნიას ტყუილში გამოჭერა შეძლო, არამედ იმით, რატომ აყენებდა სიმართლის გაგება ამხელა ტკივილს? იმიტომ, რომ...

იმიტომ, რომ მას ძალიან უნდოდა, ნია მართლა სხვანაირი ყოფილიყო, ყველა სხვა ქალისგან გამორჩეული... მხოლოდ ამიტომ. ერთხელაც არ უფიქრია იმაზე, რას ნიშნავდა ეს გოგონა მისთვის, მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, თვითონ რას ნიშნავდა მისთვის და ამაზე აგებდა ფანტაზიებს...
და რა აღმოჩნდა? თურმე არც არაფერს წარმოადგენს ნიასთვის, მხოლოდ ფულის ტომარაა და მორჩა! ლაღი ცხოვრება მოუნდა და ეგ არის! არა, მაინც რატომ ბრაზდება? განა ეს პატარა მატყუარა იმსახურებს, მის გამო ამდენი ინერვიულოს? ჩვეულებრივი ქალია, რა, უზრუნველი ცხოვრების მაძიებელი იაფფასიანი... არა, არ უნდა ეს სიტყვა იხმაროს, მაინც ვერ იმეტებს ამისთვის.

- კარგი, მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს! - თქვა ბოლოს ცივად, - მე ოფისში გავდივარ და რვისთვის დავბრუნდები. მზად დამხვდი. არ დაგავიწყდეს, რომ დღეს სამხარაძეებთან ვართ მიპატიჟებულნი ვახშამზე! - გულგრილად დაასრულა სათქმელი და ოთახიდან ისე გავიდა, მისთვის ერთხელაც არ შეუხედავს.
ნიას თვალთ დაუბნელდა და მაგიდის კიდეს ხელით დაეყრდნო, რომ არ წაქცეულიყო.

გაგრძელება იქნება

ავტორი სვეტა კვარაცხელია
იხილეთ სხვა თავები
წყარო: gza.kvirispalitra.ge
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
თამო
აუუუ დადეთ რა მთელი დღეა ველოდები
16:18 / 10-04-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93