გავიდა ხანი... ნელ-ნელა თითქოს დავიწყებას მიეცა ნიაც და მასთან დაკავშირებული ტკივილიანი მოგონებებიც, თუმცა, რამდენჯერაც გაახსენდებოდა იგი გიგის, იმდენჯერ მწვავე ჩხვლეტას გრძნობდა მკერდში, თითქოს გულში ისარს უყრიანო.
რაც მართალია, მართალია, ბოლომდე მაინც ვერ შეძლო მისი დავიწყება... მაგრამ არც მოძებნა უცდია. ერთხელაც არ დაინტერესებულა, სად იყო, რით საზრდოობდა, დაუბრუნდა თუ არა კვლავ თავის სკოლას, თავის მეორადების მაღაზიას... რამდენჯერმე გადაწყვიტა, ზვიადისთვის ეკითხა, შენმა დიანამ ხომ არაფერი იცის ნიას შესახებო, მაგრამ სიამაყე არ აძლევდა ამის უფლებას. არადა, ზვიადის ცოლი და ნია ერთად მუშაობდნენ სკოლაში... ყოველ შემთხვევაში, მაშინ ასე იყო... ერთხელ მაინც სძლია ცნობისმოყვარეობამ და გადაწყვიტა, შეფარვით გამოეკითხა თავისი მენეჯერისთვის მისთვის საჭირო ინფორმაცია. ერთ საღამოს, როცა საქმეზე ლაპარაკს მორჩნენ, გიგიმ დიანა მოიკითხა... მისდა სამწუხაროდ, კოვზი ნაცარში ჩაუვარდა... დიკო დეკრეტულ შვებულებაშია და მთელი წელია, სამსახურში არ უვლიაო, მიიღო პასუხად. ის იყო და ის... მას მერე ერთხელაც არ უცდია, ნიას არსებობით დაინტერესებულიყო.
***
აგვისტოს ბოლოს, გიგის საქმიანმა პარტნიორმა და მეგობარმა ლაშა აბზიანიძემ თბილისში სასტუმროს ახალი კომპლექსი გახსნა და, რა თქმა უნდა, ახვლედიანიც მიიპატიჟა. ცხელი საღამო იყო. გიგი, როგორც ყოველთვის, დათქმულ დროზე გამოცხადდა ძმაკაცთან. სტუმრები ჯერჯერობით კანტიკუნტად ირეოდნენ.
- მოხვედი, გიგი? აბა, რას იტყვი? მთლად შენნაირი ვერ არის, მაგრამ არც ცუდია, არა? - ხელებგაშლილი მიეგება ლაშა მეგობარს.
- მაგარია, ძმაო, მიხარია, ეს რომ შეძელი, - ხელი მძლავრად ჩამოართვა გიგიმ, - გავიგე, რაღაცის მიმატებას აპირებსო, მართალია?
- ჰოოოოოო! ეგ ცოტა რთული საკითხია, მაგ საქმეში შენი დახმარების გარეშე ვერაფერს შევძლებ.
- აბა, მითხარი, რა ხდება?
- გოლფ-კლუბი მინდა მივამატო, ნახე, რამხელა ტერიტორიაა.
- ჰა-ჰა-ჰა, - გულიანად გაეცინა გიგის, - ეგ საქმე ჩემს სასტუმროში ორი თვის წინ დავიწყე უკვე. თუმცა, პრობლემა არ არის, ჯერ ვნახოთ, ჩემთან როგორ გაამართლებს და თუ კარგად წავიდა საქმე, შენთანაც გავაკეთოთ, მე თანახმა ვარ.
- გავიგე ეგ ამბავი და იმიტომაც გითხარი. ერთად თუ გავაკეთებთ, უკეთესადაც გამოგვივა.
- რა თქმა უნდა, აბა რა! - მხარზე ხელი მოუთათუნა გიგიმ პარტნიორს და თვალი ჩაუკრა.
ლაშამ ბოდიში მოუხადა ძმაკაცს, ხალხს უნდა მივხედოო და კმაყოფილი იერით დაგვიანებული სტუმრების მისაღებად გაემართა.
გიგიმ ბარს მიაშურა. ის იყო, სასმელი უნდა მოეთხოვა, რომ ნაცნობ კისკისს მოჰკრა ყური. გვერდზე გაიხედა და იქვე, მაღალ სკამზე მისკენ ზურგშექცევით მჯდარი მაღალი, თხელი ქალი შეამჩნია. მას ვიღაც მამაკაცის მუხლზე დაედო ხელი და გულიანად იცინოდა.
უცებ ქალმა უკან მოიხედა და... გიგი ადგილზე გაქვავდა!
მაკა! ეს მაკა იყო, ნიას დაქალი!
- ვააა, ამას ვის ვხედავ, გიგი ახვლედიანი! - წამოიძახა ქალმა, - მე კი მეგონა, მომეჩვენა-მეთქი, წეღან შეგამჩნიე ლაშასთან. მიხარია, რომ არ შევცდი!
გიგი თავდაჭერილად მიესალმა, ამის დანახვაღა აკლდა!
- გამარჯობა, მაკა, შენ როგორ მოხვდი აქ? - ირონიული ღიმილი აუთამაშდა მამაკაცს ტუჩებზე.
- მე როგორ მოვხვდი? ისევე, როგორც შენ! გახსოვს, ბოლოს რა მითხარი? მეც გავითვალისწინე შენი რჩევა და იმის ძებნა დავიწყე, რაც მართლა გულით მინდოდა. ვეძებე, ვეძებე და... შორეულ რუსეთში აღმოვაჩინე კიდეც. გაიცანი, ეს ჩემი მეუღლეა, ბორისი ჰქვია, წარმატებული ბიზნესმენი და არაჩვეულებრივი ქმარი... "პრელესტ", როგორც იქ იტყვიან, ოღონდ ქართული არ იცის ჯერ, მაგრამ ვასწავლი.
გიგიმ ხელი ჩამოართვა უცნობს და ძალიან სასიამოვნოაო, რუსულად უთხრა.
- იცი, სანამ მე გამიცნობდა, რა მოსაწყენი ცხოვრება ჰქონდა? ფულის კეთების მეტზე არაფერზე ფიქრობდა. ახლა კი მხოლოდ ჩემზე ფიქრობს, სხვა ყველაფერი გადაავიწყდა, - ისევ გემრიელად გადაიკისკისა მაკამ და ქმარს ლოყაზე მსუბუქად უჩქმიტა, - ნია სადღაა?
- ჩვენ... დავშორდით ერთმანეთს... რამდენიმე თვის წინ... - უხალისოდ ჩაილაპარაკა მამაკაცმა და ბარმენს "მარტინი" შეუკვეთა.
- რას ლაპარაკობ! - შეიცხადა მაკამ, - როგორ შემეცოდა... არადა, ძალიან მშურდა მისი. მერედა, როგორ მოხდა, რომ შეელიეთ ერთმანეთს?
- სხვათა შორის, არ დაგიმალავ და... შენი წყალობით. ჩემი რჩევა თუ გახსოვს, ის საღამოც გემახსოვრება, შენს მეგობარს რომ ვეჩხუბე.
- როგორ არ მახსოვს, მაგრამ მე რა შუაში ვარ? მისი ცხოვრების დანგრევა არასდროს მდომებია, რა სისულელეა, ღმერთმა დამიფაროს!
გიგის ცინიკურმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე.
- მჯერა, მაგრამ შენმა ნათქვამმა ბევრ რამეზე ამიხილა თვალები. მივხვდი, რომ მთლად ისეთი არ ყოფილა, როგორადაც თავს მაჩვენებდა, - მხრები აიჩეჩა.
- რას გულისხმობ? არაფერი მესმის...
- მართალია, მაშინ არ ვიცოდი, თქვენი ვალი თუ მართებდა ნიას, მაგრამ ბოლოს ესეც გავიგე და ყველაფერს მივხვდი.
მაკას თვალები გაუფართოვდა.
- ღმერთო, რა სულელი გოგოა... სულ ვეუბნებოდი, თავიდანვე ჩააყენე ეგ კაცი საქმის კურსში, მერე რომ გაიგოს, არ გაბრაზდეს-მეთქი და მაინც არ დამიჯერა! რა უბედური ვინმეა, როგორ არაფერში უმართლებს... რაც თავი მახსოვს, ასე იყო დაჩაგრული. ოღონდ ახლა არ მითხრა, რომ იძუნწე და ვალი არ გადაუხადე...
- გადახდით კი გადავუხადე, მაგრამ ტყუილი ვერ ვაპატიე... არ მიყვარს, როცა მატყუებენ...
- საცოდავი... რამდენი რამ გადაიტანა ცხოვრებაში! არადა, ისეთი კარგია, ნამდვილად იმსახურებდა ისეთ მამაკაცს, ყველა პრობლემას რომ მოუგვარებდა. თვითონ სხვისი გულისთვის შეუძლებელს შეძლებდა. როცა ერთად გნახეთ, შვებით ამოვისუნთქე, ვიფიქრე, ბოლოს და ბოლოს, გაუმართლა და იპოვა ისეთი, როგორსაც იმსახურებს-მეთქი. შენ კი... ასე უდიერად იხსენიებ. იცი კი, რა სიმწარე გამოიარა? ერთხელ მაინც მოგისმენია მისი ისტორია?
გიგიმ წარბები შეკრა.
- რა ისტორია? რამდენჯერ ვთხოვე და სიტყვა ვერ დავაცდევინე. არის რამე ისეთი, რაც მე არ ვიცი?
- ესე იგი, შენ მართლა არაფერი იცი? - მაკამ რაღაც გადაულაპარა ქმარს, ლოყაზე აკოცა, მერე სკამიდან ჩამოხტა, გიგის ხელი გაუყარა და ეზოში გავიდეთო, ხმადაბლა გადაულაპარაკა...
***
ნიამ ტილო ამორეცხა, გაწურა და იატაკის მოწმენდას შეუდგა. არა, ამ იატაკს არაფერი ეშველება, რაც უნდა ხეხო. ისეა გაშავებული, მოხვეწაც კი ვერ გაათეთრებს, თუმცა სადა აქვს ამის საშუალება. კიდევ კარგი, გამგეობა დაეხმარა, როგორც მარტოხელა დედას, თორემ ამ კედლებსაც ვერ შეათეთრებდა. ეჰ... რა კარგი დრო იყო, საკუთარი სახლი რომ ჰქონდათ, უზარმაზარი, ორსართულიანი... დედამ დაიჟინა, ჩემს შვილს სოფელში საცხოვრებლად ვერ გავიმეტებო, ადგა და გაყიდა. მერე ცოტაც დაამატა და თბილისში ერთოთახიანი ბინა შეიძინა ნიასთვის. თვითონ კორპუსის ბინაში გადავიდა საცხოვრებლად, რომელიც თავის დროზე სამსახურმა აჩუქა, როგორც საუკეთესო თანამშრომელს. ახლა სწორედ აქ ცხოვრობს ნია, ამ ერთოთახიანში, რომელიც დედის გარდაცვალების შემდეგ ცარიელი დარჩა. მაინც არ უჩივის ბედს. მისთვის ახლა თავზე ჭერი ნამდვილი საჩუქარია, ქირა რომ არ აქვს გადასახდელი, ცოტას ნიშნავს? მერე რა, რომ პატარა ფართია, უფრო მოსახერხებელიც კია, დალაგებასაც არ სჭირდება დიდი დრო და შრომა. ასეა თუ ისე, ახერხებს თავის გატანას. თბილისის ბინის შემოსავალი შეძლებისდაგვარად ჰყოფნის საოჯახო ხარჯებისთვის. არა, ნამდვილად არაფერი აქვს საწუწუნო, უფრო სავსე გახდა მისი ცხოვრება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ეს პატარა არსება მოევლინა ქვეყანას, მისი პაწაწუნელა ანუკი, ტუჩებს ბაჭიასავით რომ აცმაცუნებს ხოლმე ძილში.
აპარტამენტები... ხშირად ახსენდება გიგის უზარმაზარი სახლი, სასტუმრო და კაზინო. კარგი იყო მასთან, უზრუნველად ცხოვრობდა, არც არაფერი აკლდა, მაგრამ მისი ბედნიერება ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდა. დღეს ეს ყველაფერი წარსულშია, ამიტომ აჯობებს, ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყოს ის, რაც მაშინ იყო, თავიდან ამოიგდოს ახვლედიანზე ფიქრი. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცი დაუმსახურებლად მოექცა, მაინც აკლდა ნიას იგი. რამდენჯერ უტირია მის გამო ბალიშში თავჩარგულს...
მორჩა, ვერასდროს შეხვდება მას. ისიც კი არ იცის გიგიმ, მისგან შვილი რომ ჰყავს. ვერც ვერასდროს გაიგებს. ნია, ბოლოს და ბოლოს, უნდა მიეჩვიოს იმ აზრს, რომ ახვლედიანს მისი სახელის გაგონებაც კი ზარავს, ეზიზღება და ზნედაცემულ ქალად მიიჩნევს მას.
რატომ არ შეიძლება, სიყვარულიც კვდებოდეს? რატომ არ შეიძლება, ფერფლად გადაიქცეს და სამუდამოდ გაქრეს ადამიანის მეხსიერებიდან? არა, ასეთი გრძნობა არასდროს კვდება. გიგის სიყვარულმა ისე გაიდგა ნიას გულში ფესვები, ვერა ძალას მისი ამოგლეჯა ვერ ძალუძს...
მოულოდნელად კარზე ზარის ხმა გაისმა. ალბათ ჯული მოვიდა, ნიას კარის მეზობელი. ჩვევად ექცა უკვე, სამსახურიდან რომ დაბრუნდება, აუცილებლად შეიაროს მასთან, ფეხმორთხმით დაჯდეს დივანზე და ორი-სამი ჭიქა ყავა დალიოს. თან ხელცარიელი არასდროს მოდის, ყოველთვის რაღაც სასუსნავი მოაქვს, შოკოლადის ფილა ან ფხვიერი ნამცხვარი. ამასთან, ყოველ მოსვლაზე გაიძახის, ხვალიდან დიეტა უნდა დავიწყო, წონაში დავიკლო, თორემ ასეთი მსუქანი ვერასდროს გავთხოვდებიო.
ზარი განმეორდა. ნიამ ტილო იატაკზე მიაგდო, წელში გაიმართა და შემოსასვლელისკენ გაემართა. გასაღები გადაატრიალა და კარი იქამდე გამოაღო, სანამდეც ჯაჭვმა გაუშვა.
- ჯული, შენ ხარ? - დაიძახა, სანამ ჯაჭვს მოხსნიდა და ცალი თვალით გაიხედა სადარბაზოში.
არა, იქ სხვა ვიღაც იდგა... გულმა თითქოს ცემა შეწყვიტა, მუხლები მოეკვეთა... ერთიანად აცაცხაცებული კედელს მიეყრდნო, რომ არ ჩაკეცილიყო...
- ნია!.. გამიღე, გთხოვ! უნდა დაგელაპარაკო!
ქალმა თავს ძალა დაატანა, კარისკენ მიტრიალდა და კიდევ ერთხელ გაიხედა გარეთ, თვალი ხომ არ მატყუებსო... არა, ეს მოჩვენება არ იყო... ხელის კანკალით ჩამოხსნა ჯაჭვი და კარი გამოაღო...
მის წინ გიგი ახვლედიანი იდგა... ის ისეთივე მომნუსხველი იყო, როგორიც ბოლოს ნახა, იმ განსხვავებით, რომ ცოტათი გამხდარიყო.
- შეიძლება შემოვიდე? - მამაკაცი ცდილობდა, ნერვიულობა არ შეტყობოდა ხმაში.
ნია დამბლადაცემულივით უაზროდ იდგა...
- შეიძლება შემოვიდე? - გიგიმ კითხვა გაიმეორა.
ქალმა უარის ნიშნად თავი გადააქნია, მაგრამ კრინტი ვერ დაძრა, თითქოს მეტყველების უნარი წაერთვაო. იმდენად დააბნია მამაკაცის გამოჩენამ, ვერ ხვდებოდა, როგორ მოქცეულიყო. მხოლოდ ერთი რამ იცოდა მტკიცედ - გიგი არ უნდა შემოეშვა სახლში, მის ცხოვრებაში არ უნდა შემოეშვა ხელახლა...
ახვლედიანის მომნუსხველ თვალებში ტკივილით სავსე ნაპერწკალი გაკრთა. ასეთი მზერა ადამიანებს მაშინ გაუხდებათ ხოლმე, როცა ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასს კარგავენ.
- უნდა დაგელაპარაკო, - გიგი თვალს არ აშორებდა მისთვის ერთ დროს სანუკვარ ქალს.
- თუ ვალის თაობაზე ხარ... ტყუილად დაგიკარგავს დრო, - გაფითრებულმა ნიამ ნერწყვი ხმაურით გადააგორა, - სამწუხაროდ, ახლა არანაირი საშუალება არ მაქვს, ხუთ ლარსაც კი ვერ მოგცემ. მაგრამ აუცილებლად დაგიბრუნებ, არ დამვიწყებია, რომ შენი ფული მმართებს. დარწმუნებული იყავი, რომ იმ თანხას აუცილებლად მიიღებ.
გოგონამ შეამჩნია, როგორ შეკრთა მამაკაცი და ზღურბლს გადმოაბიჯა.
- მომისმინე... - ერთი ნაბიჯით უკან დაიხია ნიამ, - შენ ცუდ დროს მოხვედი... აჯობებს, წახვიდე, ბევრი საქმე მაქვს.
მოულოდნელად ოთახის სიღრმიდან კნავილის ხმა მოისმა.
გიგის თვალები გაუფართოვდა.
- შენ რა, კატა გყავს სახლში? - განცვიფრებული მიაჩერდა ქალს.
შეშფოთებულმა ნიამ თავი ოთახისკენ მიაბრუნა და ნაჩქარევად წარმოთქვა.
- ჰო... კატა მყავს... იცი, რა? უკვე გითხარი, ცუდ დროს მოხვედი-მეთქი... იქნებ წასულიყავი? სხვა დროს...
ქალმა წინადადების დამთავრება ვერ მოასწრო, რადგან კნავილის ხმა ჩვილის ტირილში გადაიზარდა.
მამაკაცმა გამჭოლი მზერა ესროლა ნიას, მერე გვერდი აუარა შეშინებულს და ოთახში ისეთი სისწრაფით შეიჭრა, თითქოს გრიგალი ყოფილიყო, რომელიც მზად არის, გაანადგუროს ყველაფერი, რაც წინ გადაეღობება.
- რას ნიშნავს ეს ყველაფერი!.. ღმერთო... - აღმოხდა ოთახში შესულს.
თავზარდაცემული ახვლედიანი ადგილზე გაშეშდა.
ნია მიხვდა, რომ ყველაფრის ახსნა მოუწევდა, ამის გარეშე მამაკაცს თავიდან ვერ მოიცილებდა. ამიტომ ნელი ნაბიჯებით აუარა გვერდი გიგის, ფანჯარასთან მდგარ ბავშვის საწოლს მიუახლოვდა და დაიხარა.
ტირილის ხმა კვლავ გაისმა.
- აქ ვარ, დედიკონა, ნუ ტირი, შვილო, - მიეფერა ჩვილს, ხელში აიყვანა, გულზე მიიკრა და დაარწია.
პატარა წამსვე გაჩუმდა. ქალმა ჯიქურ შეხედა მამაკაცს. ერთხანს მდუმარედ მისჩერებოდნენ ერთმანეთს. ბოლოს სიჩუმე ნიამ დაარღვია.
- ნუ გეშინია, სანერვიულო არაფერი გაქვს... ეს შენი შვილი არ არის. თბილისიდან მომავალი, გზად ერთ მდიდარ კაცს გადავეყარე და ბავშვის მამაც ის გახდა, შენ არაფერ შუაში ხარ, - ისე მშვიდად წარმოთქვა ქალმა, უცხო ადამიანს მის გულწრფელობაში წამითაც არ შეეპარებოდა ეჭვი.
- ასე ნუ ლაპარაკობ, - ხმა შეეცვალა გიგის.
- რატომაც არა? სრულიად შესაძლებელია, ასე მომხდარიყო. შენც ხომ იგივე მისურვე, დამაკვალიანე კიდეც, სანამ გამომაგდებდი.
- მე შენ არ გამომიგდიხარ... შენი ნებით წამოხვედი.
- მართლა? გგონია, სულელი ვიყავი, თავქარიანი, ქარაფშუტა და ვერაფერს მივხვდი? რა თქმა უნდა, პირდაპირ ვერ მითხარი, წადიო, მაგრამ ისე მომექეცი, თავად მიმეღო გაქცევის გადაწყვეტილება. მშვენივრად იცოდი, შენს წამოყენებულ პირობებს რომ არ დავთანხმდებოდი. მე მეძავი არ ვყოფილვარ, მით უმეტეს - ფასიანი მეძავი.
გიგი გაფითრდა, ოფლმა დაუცვარა შუბლი.
- ოდესმე აპირებდი, საქმის კურსში ჩაგეყენებინე? - დამნაშავის მზერით შეხედა ქალს, მერე მზერა ჩვილზე გადაიტანა, რომელიც პაწაწუნა ხელს მკერდზე უფათურებდა დედიკოს და თავის ენაზე რაღაცას ღუღუნებდა.
ნიამ თვალი თვალში თამამად გაუყარა გიგის.
- არა! - მტკიცედ წარმოთქვა და ისე ჩაიღიმა, თითქოს გამარჯვებას ზეიმობსო.
- რატომ?
- რატომ? მეკითხები კიდეც, რატომ?! ახლავე გიპასუხებ. შენ ისედაც ბევრი დამახარჯე, გიგი. ვინ იცის, რამდენი ათასი დოლარი თუ ევრო დაგიჯდა ჩემი შენახვა. ამას დევიძის ვალიც ზედ დაემატა ბოლოს. აბა, ახლა დათვალე, ახალშობილს რამდენი უნდა? იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე შენ იმეტებდი ჩემთვის. სხვათა შორის, ვაღიარებ, რომ საჭიროზე მეტად გულუხვი იყავი ბოლო დრომდე. მერე კი... სამი ათასი ევრო ვერ მაპატიე... ყველაზე ზნედაცემულ ქალად გამომიყვანე... და ამის შემდეგ მეკითხები, ბავშვის არსებობის შესახებ რატომ არ გამაგებინეო? უამრავი მიზეზი მქონდა ამისთვის. ჯერ ერთი, არც დამიჯერებდი ალბათ... მეორეც, თუკი დამიჯერებდი, აუცილებლად მის მოშორებას მიბრძანებდი...
- რატომ გგონია?..
- მგონია კი არა, დარწმუნებული ვარ. სადაც ის იფიქრე, რომ გიყენებდი და იმიტომ ვიწექი შენთან, იმასაც ადვილად დაიჯერებდი, რომ შენ დასათრევად დამჭირდა დაორსულება. ჩემნაირ "ზნედაცემულ" ქალს არც ბავშვით ვაჭრობა გაუჭირდებოდა სოლიდური თანხის მისაღებად. მართალი არ ვარ? ვიცოდი, რაც მოხდებოდა, ამიტომაც გამოგექეცი. მხოლოდ შენ კი არა, იმ გარემოს, იმ ტერიტორიასაც გამოვექეცი, სადაც შენ შეიძლებოდა გაგევლო და ფეხი დაგედგა. შემეშინდა შენი... ახლა კი... ახლა ყველაზე ძლიერი ქალი ვარ ქვეყანაზე, არც არაფრის მეშინია და არც არავისი, იმიტომ, რომ მე დედა ვარ! არ ინერვიულო, დაბადების მოწმობაში მამის გვარი არ არის მითითებული. ასე რომ, თავი ქუდში გაქვს, ალიმენტისთვის არავინ მოგაკითხავს... მე არაფერი მიჭირს, არც ჩემს შვილს. მალე მუშაობასაც დავიწყებ. ირგვლივ ყველა მეხმარება, მათ შორის ქალაქის გამგეობაც. ერთი სიტყვით, მშვიდი სინდისით შეგიძლია წახვიდე აქედან, ჩვენ უკვე არაფერში გვჭირდები!
***
გიგი დარეტიანებულივით იდგა შუა ოთახში და შერხევასაც ვერ ბედავდა. ნუთუ ცხადია ეს, თუ სიზმარი? მირაჟი თუ სინამდვილე? მას შვილი ჰყავს... უკვე თვეების გოგონა და დღემდე არაფერი იცოდა ამის შესახებ! ნუთუ მის თავს ხდება ეს ყველაფერი? უნდოდა, რაღაც ეთქვა, მაგრამ თითქოს ხმა წაერთვა, ვერც სიტყვებს პოულობდა საუბრის გასაგრძელებლად.
ნიამ ჩვილი ლოგინზე წამოაწვინა და საფენები გამოუცვალა. ღმერთო, პამპერსიც არა აქვს... თურმე როგორ უჭირს, მე კი... - გაიფიქრა სიხარულისა და ტკივილისგან ერთდროულად თავზარდაცემულმა მამაკაცმა და სიმწრისგან კბილს კბილი ისე დააჭირა, ყბები ეტკინა.
არავინ იცის, სანამ გაგრძელდებოდა გაუსაძლისი სიჩუმე, ანას კვლავ ტირილი რომ არ დაეწყო.
- ჭამის დრო აქვს, - თავისთვის ჩაილაპარაკა ნიამ, - უნდა მივხედო. თუ ჩემთან სხვა საქმე არაფერი გაქვს, შეგიძლია წახვიდე, არ დაგაკავებ... - ამ სიტყვებით მოტრიალდა და არაფრისმთქმელი მზერა ესროლა მოულოდნელ სტუმარს.
რადაც უნდა დაუჯდეს, ბოლომდე უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე. თუ ინერვიულებს, შეიძლება რძე გაუშრეს. არამც და არამც. ღვთის მადლით, ჯერჯერობით ყველაფერი რიგზეა, ბავშვს ხელოვნური კვება არ სჭირდება. რატომ უნდა გაირთულოს საქმე? გიგის გამო? რა სისულელეა, მისგან ისედაც არ აკლია პრობლემები. კიდევ კარგი, პრეტენზიებით არ მოვიდა, თორემ ვერც ნია მოითმენდა. აჯობებს, ნაკლებად მიიტანოს გულთან მისი გამოჩენა.
ქალმა ჩვილი მოხერხებულად გადაიწვინა მკლავებზე, ღილებიანი ზედატანი შეიხსნა, მკერდი გაიღეღა და პატარას მარცხენა ძუძუ პირში ჩაუდო. იმანაც კრუტუნით დაიწყო წოვა და მაშინვე დამშვიდდა. დედამ თავზე გადაუსვა ხელი შვილს და რაღაც ალერსიანად უჩურჩულა.
გიგი კვლავ გაუნძრევლად იდგა ერთ ადგილზე. ნია გრძნობდა, როგორ ევსებოდა მოთმინების ფიალა, მისი სიმშვიდე ნელ-ნელა სიბრაზეში გადადიოდა. მამაკაცი კი გაოგნებული სახით მისჩერებოდა დედა-შვილს, ჯერაც ვერ მოსულიყო გონს. ეს არც იყო გასაკვირი. სხვას რას შეიძლება გრძნობდეს ადამიანი, რომელიც სრულიად მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ ჰყავს შვილი, რომლის არსებობის შესახებ არაფერი იცოდა?
- შეგიძლია მშვიდად გაუდგე გზას, გიგი, - გულგრილად წარმოთქვა ნიამ, - შენ ხომ ამდენი თავისუფალი დრო არ გაქვს, საქმეები გელოდება. ნუ გეშინია, არანაირი პრეტენზიის წამოყენებას არ ვაპირებ. ალიმენტი რომ ალიმენტია, იმასაც კი არ მოგთხოვ. ანას უშენოდაც მშვენივრად გავზრდი, არაფერს გავუჭირვებ... და როგორც კი მუშაობას დავიწყებ, მაშინვე შევუდგები გარკვეული თანხის ცალკე გადადებას, რომ ვალი ეტაპობრივად დაგიბრუნო.
მამაკაცს სახეზე ჩრდილმა გადაურბინა.
- ძალიან ბევრი ვიწვალე შენ მოსაძებნად, ნი... ქვეყანა შევაწრიალე, - ჩუმი, დაძაბული ხმით წარმოთქვა.
ქალმა წარბები აზიდა.
- არ მეგონა, ასე ძალიან თუ გჭირდებოდა ის ფული, თუმცა მაინც ვერაფერს გავაწყობდი, ჯერ არ მაქვს მაგდენი საშუალება. კიდევ უნდა მაცალო ცოტა.
ახვლედიანს ნერვულად აუთამაშდა ძარღვი ყელზე. იმედგაცრუება გამოეხატა სახეზე, მაგრამ ნიას ნათქვამისთვის ყურადღება არ მიუქცევია, იმავე ტონით გააგრძელა.
- იცი, როგორ მოვახერხე შენი პოვნა? საქართველოს მოსახლეობის ლამის მთელი არქივი გადავქექე. ყველა ქალაქის და რაიონის სარეგისტრაციო ჩანაწერები მოვიძიე... დაბადება, ქორწინება, გარდაცვალება... ლამის კერძო დეტექტივებიც კი დავიქირავე, - მამაკაცს ტკივილისგან სახე მოეღრიცა, - რატომ?.. რატომ არაფერი მითხარი?
ქალმა კვლავ გადაუსვა ბავშვს თავზე ხელი და მისი პაწაწინა სხეული გულზე მიიხუტა.
- როგორ შემეძლო? - თქვა ბოლოს, მისი ხმა თითქოს შორიდან ისმოდა, - შენ არ მეუბნებოდი, თავის მოსაწყლების მიზნით ათასნაირ სულისშემძვრელ ისტორიას იგონებო?
გიგიმ ხელი მომუშტა და კედელს მთელი ძალით დაარტყა. მოულოდნელობისგან ნია ისე შეკრთა, მიტკლისფერი დაედო სახეზე. მამაკაცს ტკივილი და სინანული ერთდროულად გამოეხატა სახეზე.
ხმაურზე პატარა ანაც კი შეშინდა, ჭამა მიატოვა და თვალები დააჭყიტა.
- მე მეგონა, შენ თბილისში საყვარელთან ერთად ჩამოხვედი, თურქეთშიც მასთან ერთად იმოგზაურე, მერე კი მიგატოვა. ვიფიქრე, ბუნებრივია, კარგ ცხოვრებას მიჩვეულმა ვერ გაუძლო გაჭირვებას და ფულის სესხებასაც ამიტომ მიეჩვია-მეთქი. დარწმუნებულიც კი ვიყავი, სწორედ ამის გამო დაიწყე ჩემთან ურთიერთობა. მაპატიე... მე... მე სიმართლე არ ვიცოდი, არც შენ მეუბნებოდი არაფერს, - დახშული ხმით ძლივს ამოთქვა მამაკაცმა და რამდენიმე წუთით გაჩუმდა, შემდეგ კვლავ გააგრძელა.
- ახლა მაინც მომიყევი, რა ხდებოდა სინამდვილეში... ერთხელ და სამუდამოდ, ხომ უნდა ვიცოდე სიმართლე? იქნებ ამჯერად ვირწმუნო? შენც მოგეშვება გულზე...
ნია კარგა ხანს ხმას არ იღებდა, ჩვილს ეფერებოდა მხოლოდ, წამითაც არ შეუხედავს ახვლედიანისთვის.
- არ მეტყვი? - ძალიან ხმადაბლა იკითხა გიგიმ და ფრთხილი ნაბიჯებით ფანჯარას მიუახლოვდა, რომ გარეთ გაეხედა.
მოულოდნელად მისი ყურადღება ფანჯრის რაფაზე დადებულმა წითელმა ფეხსაცმელმა მიიქცია... ეს სწორედ ის ფეხსაცმელი იყო, რომელიც პირველად აჩუქა ნიას და რომელსაც გოგონა, როგორც ჩანს, აქამდე ვერ შეელია. ალბათ, მას შემდეგ არც სცმია, ისევ ისეთი იყო, როგორიც ბოლოს ნახა გიგიმ, თითქმის ახალი.
- ეს ფეხსაცმელი კიდევ ცოცხალია? - თავი მოაბრუნა და ღიმილით მიაჩერდა ქალს, თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს.
- ეს ჩემი სამუზეუმე ექსპონატია... ან აქ სად უნდა ჩავიცვა ასეთი? წვეულებებზე არ დავდივარ, დიდი ხანია...
- საერთოდ, სახლიდან გადიხარ კი?
- იშვიათად... ჯერ კიდევ ბურანში ვარ. რამდენიმე თვის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი, დედა რომ გავხდებოდი. ამისთვის არ ვიყავი მზად. როცა ფაქტის წინაშე დავდექი, ძალიან შემეშინდა. გავუძლებდი კი იმ გამოცდას, რაც ბედისწერამ მომიწყო? ან კი შევძლებდი, კარგი დედა ვყოფილიყავი? გარეთ კი არა, დათრგუნული ერთხანს ოთახიდან ოთახში ვერ გავდიოდი, ისე მეშინოდა...
- ახლა?
- ახლა არავისი და არაფრის მეშინია. ანას გულისთვის ყველა სიძნელეს გავუმკლავდები, რადაც უნდა დამიჯდეს ეს.
ამ სიტყვებზე მამაკაცმა თვალები დახუჭა და ამოიგმინა. რა დღეში ჩააგდო უდანაშაულო ქალი, როგორ გააუბედურა...
უცებ ნიამ თავი ასწია, უმისამართოდ გაიხედა წინ და ჩუმი ხმით მოყოლა დაიწყო.
- მამა არ მახსოვს... როცა დედა დაორსულდა და მამაჩემს ამის შესახებ უთხრა თურმე, მან არც კი მოუსმინა. ცოლად ვერ შეგირთავ, ამიტომ აჯობებს, ეგ ბავშვი მოიცილოო. დედას სასტიკი უარი განუცხადებია, მაგრამ რომ გამაჩინა, გაუჭირდა ჩემი რჩენა. ამიტომ კიდევ ერთხელ მიაკითხა თურმე მამას ოფისში, დამეხმარეო. უფროსებთანაც კი შესულა. კინწისკვრით გამოაგდეს იქიდან. ჯერ ის დაამტკიცე, რომ ბავშვი მართლა მისგან გყავსო... მას შემდეგ დედას მისკენ არ გაუხედავს...
დედა წელებზე ფეხს იდგამდა, ოღონდ მე არაფერი დამკლებოდა. მამაზე არასდროს სიტყვა არ დაუძრავს. ამიტომ დიდხანს არც არაფერი ვიცოდი მისი არსებობის შესახებ. როგორ ვნატრობდი ბავშვობაში, ჯადოსნური ჯოხი მქონოდა, რათა ყველა სურვილი ამსრულებოდა. ძალიან დიდხანს მჯეროდა, რომ ერთხელაც მოვიდოდა ჩვენთან თეთრ ცხენზე ამხედრებული რაინდი და მე და დედას ზღაპრულ ქვეყანაში გაგვაქანებდა, სადაც ბედნიერად ვიცხოვრებდით სამივე. მაგრამ წლები გადიოდა და ჩვენთან არავინ მოსულა... დედამ სამმართველოში დაიწყო მუშაობა ბუღალტრად. ერთხანს მეც თავისთან წამიყვანა და მდივნად მომაწყო, რომ სამუშაო სტაჟი დამეგროვებინა... ბევრი რამ გადავიტანეთ... ჩემი გულისთვის სახლი გაყიდა და თბილისში მიყიდა ბინა, ნაქირავებში რომ არ მეცხოვრა. თვითონ აქ გადმობარგდა, მაგრამ დროებით, რადგან მალე ავად გახდა და იძულებული გავხდი, ჩემთან წამეყვანა, თბილისში. მე მისთვის ერთადერთი იმედი ვიყავი, ამიტომ გაუჭირდა უჩემოდ, თან ავადმყოფობამაც დარია ხელი, ძველებურად აღარ მოსდევდა ჯანი. არც თბილისში გაჩერებულა უსაქმოდ, მარკეტში დაიწყო მუშაობა გამყიდველად...
რაც შეეხება სიყვარულს, იყო ერთი... პირველ კურსზე ვიყავი, რომ გავიცანი... ჩვენ გვერდით კორპუსში ცხოვრობდა, ავტოსალონში მუშაობდა... რა ვიცი, მგონი, ვუყვარდი, მაგრამ რატომღაც, ვერ გავუგე. რასაც ის ითხოვდა, ჩემთვის მიუღებელი იყო... თუმცა, მომწონდა მის გვერდით ყოფნა. საერთოდ, ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა, ბიჭები ჩემი გულისთვის თავ-პირს ამტვრევდნენ ერთმანეთს... მე კი ის ერთი ავირჩიე რატომღაც... ბევრად უფროსი იყო ჩემზე და ვიფიქრე, ოჯახის ფასი უკეთ ეცოდინება-მეთქი.
ამასობაში ოცი წლის გავხდი. რაც დღე გადიოდა, მით უფრო არ მასვენებდა იგი... გინდა თუ არა, ერთად ვიყოთ და თუ მოგვეწონება ერთმანეთი, მერე დავქორწინდეთო... როცა ვუთხარი, ქალიშვილი ვარ-მეთქი, სახე შეეცვალა, არ მოელოდა ამას. ერთხანს დაიკარგა, ახლოს აღარ მეკარებოდა. მერე ისევ გამოჩნდა... რუსეთში ვაპირებ წასვლას და იქ ბიზნესის წამოწყებას, მინდა, შენც თან წაგიყვანო, სწორედ ის ქალი ხარ, რომელიც ცოლად გამომადგებაო... აბა, დედას ხომ ვერ დავტოვებდი, ამიტომ უარი ვუთხარი. ჩემ გამო დროებით თვითონაც გადაიფიქრა წასვლა იმ იმედით, რომ ერთ მშვენიერ დღეს გადავიფიქრებდი და თან გავყვებოდი.
ამასობაში დედა ლოგინად ჩავარდა. იმ პერიოდში ისეთი უმწეო ვიყავი... აქეთ სწავლა, იქით სამსახური... მიჭირდა ყველაფრის ერთად მოსწრება... ექიმებში სიარულმა დაგვღალა... სიმსივნე აღმოაჩნდა... ფილტვების... გაჭირვებულმა ცხოვრებამ თავისი დაღი დაამჩნია საწყალ ქალს. არადა, დროზე რომ მიეხედა თავისთვის, იქნებ შველებოდა რამე... ჩემ გამო არ გააკეთა ეს, რათა მე არ დამკლებოდა არაფერი...
ქიმიოთერაპია საშინელი გამოცდა გამოდგა მისთვის. პროცედურები რამდენიმე თვეს გრძელდებოდა. ძალიან გახდა... ერთხელაც მკურნალმა ექიმმა გამომიცხადა, არაფერი ეშველება, მაქსიმუმ, ერთი წელი იცოცხლოსო... სწორედ მაშინ გამიელვა ერთმა აზრმა... მის განხორციელებაში მაკა დამეხმარა. ყველაფერი გავყიდე, რაც გამაჩნდა - ავეჯი, ჭურჭელი, ოქროულობა... ცოტაოდენი თანხა ბანკშიც მქონდა შენახული... მაკამაც მასესხა ფული და დედა თურქეთში წავიყვანე. ვიფიქრე, სანამ ცოცხალია, ბედნიერ დღეებს მაინც ვაჩუქებ-მეთქი. იმ პერიოდში ყველაზე მეტად მჭირდებოდა გვერდით საყვარელი მამაკაცი. როცა მას ამის შესახებ ვუთხარი, გაგიჟდა. რაში ყრი ამდენ ფულს, დედაშენს მაინც არაფერი ეშველებაო... ვერ გამიგო... მიუხედავად მისი პროტესტისა, მაინც ჩემი გავიტანე, მას კი სამუდამოდ დავშორდი...
ერთი თვე დავყავით თურქეთში, სამვარსკვლავიან სასტუმროში დავბინავდით. არაფერი დამიკლია დედაჩემისთვის, საუკეთესო დრო გავატარებინე... ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ თავი კომფორტულად ეგრძნო... ბოლოს ძალიან დაუმძიმდა მდგომარეობა. როცა თბილისში დავბრუნდით, უკვე ძალიან ცუდად იყო, სუნთქვა უჭირდა... ორი კვირა საავადმყოფოში გავატარეთ... ჩემს ხელში დალია სული... სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც არაფერს გიყვებოდი ჩემი წარსულის შესახებ. იმ დღეების გახსენება გაუსაძლის ტკივილს მაყენებს დღემდე... არა და არ განელდა ეს ტკივილი... თითქოს გუშინ მოხდა ყველაფერი... დედამ საკუთარი ჯანმრთელობა გაწირა ჩემი კეთილდღეობისთვის, მე კი ვერაფერი გავაკეთე მისთვის...
დედის გარდაცვალების შემდეგ დეპრესია დამემართა... რომ არა მაკა, არ ვიცი, რა დამემართებოდა. ის გვერდიდან არ მშორდებოდა, ყველაფერს აკეთებდა ჩემთვის. ამიტომაც ვთვლიდი თავს ვალდებულად, როცა გაუჭირდა, თავადაც დავხმარებოდი. ის იყო იმ პერიოდში ჩემი ერთადერთი დასაყრდენი, ჩემი იმედი. მის გარეშე ალბათ დავიღუპებოდი. მარტო სკოლის ხელფასი არაფერში მყოფნიდა, ვალის გადახდას ვერ ავუდიოდი. დიდი ხანი დამჭირდა, მაკასთვის სესხად აღებული თანხა დამებრუნებინა... მერე მირჩია, მცირე ბიზნესი წამოიწყეო... სწორედ მაშინ მასესხა ხელმეორედ ფული, ოღონდ ამჯერად კახასთვის უთხოვია. მე რა ვიცოდი? მომიტანა და მეც გამოვართვი. მეორადების მაღაზია გავხსენი... ბევრი არაფერი... ჩემი შემოსავალი დიდად არ გაზრდილა, ვალის დაბრუნება კი გამიჭირდა. სწორედ მაშინ იყო, შენ რომ შეგხვდი... სულ ეს არის ჩემი თავგადასავალი.
ახლა კი, რაც ანა გაჩნდა, სხვა აზრი მიეცა ჩემს ცხოვრებას. ვიცოდი, რომ წინ ბევრი წინააღმდეგობა მელოდა, მათ შორის, მატერიალურიც, მაგრამ არ ვნაღვლობდი, რადგან მისი გულისთვის ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი და უკან არაფერზე დავიხევდი. ახლა უკვე აღარაფერი მაშინებს. მერე რა, რომ ანას მამა არ ჰყავს, მეც ხომ უმამოდ გავიზარდე, დამაკლდა რამე? ერთადერთი, რასაც განვიცდი, ის არის, რომ დედა არ მყავს გვერდით. რა მოხდებოდა, შვილიშვილს მოსწრებოდა... - დაამთავრა ნიამ და თავი ჩაღუნა.
გიგი მიუახლოვდა, თავი აუწია და თვალებში შეხედა.
- ეს სახელი დედაჩემის პატივსაცემად დავარქვი, - ქალის თვალებში ცრემლი გაბრწყინებულიყო.
- როცა შენ გეძებდი, არქივში დედაშენის გარდაცვალების ცნობები მოვიძიე... იმ საავადმყოფოშიც ვიყავი, სადაც ბოლოს იწვა. ორივენი კარგად ახსოვხართ იქ... ბევრი რამ მიამბეს... მე ვამაყობ შენით, პატარავ, ასეთი რამის გაკეთება ბევრ ქალს არ შეუძლია, თუნდაც, დედის გულისთვის.
ნიას მწარე კვნესა აღმოხდა. გიგი უფრო ახლოს მივიდა მასთან და ბავშვისკენ დაიხარა.
- შეიძლება შევხედო?
ქალმა უხმოდ დაუქნია თავი. მამაკაცის თითები ფრთხილად შეეხო ჩვილის ჯერ კიდევ თოთო თავს, რომელიც რბილი, ბუმბულივით ღინღლით იყო დაფარული. ნიას მოეჩვენა, რომ გიგის ხელი უკანკალებდა. რაღაც მომენტში ახვლედიანი ქალის მკლავსაც შეეხო შემთხვევით. ნია დაიძაბა. ჟრუანტელმა დაუარა მთელ სხეულში. რაც მეტად ეწინააღმდეგებოდა თავის თავს, არ გაეღვიძებინა მიძინებული გრძნობები, მით მეტად უჭირდა ამის გაკეთება. გიგი კვლავ ჯიქურ მიიწევდა მისი გულისკენ. მამაკაცი თვალს არ აშორებდა ნიას. ამავდროულად, გული ეწურებოდა ტკივილისაგან...
მისი შვილი... პაწაწინა არსება, დედის მკერდს რომ მიხუტებია... ტკივილი, სიხარული, სიამაყე... სამივე გრძნობამ ერთად გაუთბო სული. უცებ ხელზე რაღაც დაეწვეთა. თავი ასწია და...
- ღმერთო ჩემო, ნია... ნუ ტირი... გთხოვ...
მამაკაცმა მკლავი მხარზე გადახვია ქალს და თავისკენ მიიზიდა.
- გთხოვ, არ იტირო... ოღონდ ეგ არა!.. გეხვეწები, არ დამანახვო შენი ცრემლები.
ამის თქმა და ნიას ქვითინი წასკდა. მთელი წელიწად-ნახევრის განმავლობაში დარდისგან დაგროვებულმა ცრემლებმა დრო იხელთეს და ნიაღვარივით მოასკდნენ მის ლურჯ თვალებს.
- ნუ, ნუ... - ჩურჩულით ანუგეშებდა გიგი ტირილისგან აცახცახებულს, - შეხედე, როგორ გიყურებს ანა, მგონი, მორჩა ჭამას...
მართლაც, ჩვილმა წოვა მიატოვა და გაფართოებული თვალებით მიაჩერდა დედას, მერე კი გიგის შეხედა. რამდენიმე წუთის განმავლობაში პატარა თითქოს ყურადღებით აკვირდებოდა მამას, მერე უცებ გაიღიმა და პაწაწინა თათუნა მისკენ გაიშვირა. დაბნეულმა გიგიმ საჩვენებელი თითი ხელისგულში ჩაუდო ბავშვს, იმანაც მსწრაფლ ჩაიჭირა თავის რბილ თითებში. მამაკაცმა აღფრთოვანება ვერ დამალა.
- გამაჯობა, ანუჩკი, - ენამოჩლექით მიესალმა მამა.
ბავშვი ცოტა ხანს კიდევ მისჩერებოდა უცხო ადამიანს, მერე მისი თითი პირისკენ გააქანა და ახლა მისი წოვა დაიწყო, მაგრამ როგორც კი მიხვდა, რომ იგი დედის რძესავით ტკბილი არ იყო, დაიჭყანა.
ნიამ ღიმილი ვერ შეიკავა.
- უნდა დავაწვინო, ძილი უწევს უკვე, - თქვა ქალმა და ბედნიერებით გაცისკროვნებული მზერა ესროლა გიგის.
მამაკაცი წელში გასწორდა და ოდნავ უკან დაიხია. ნია წამოდგა და ჩვილი ჰაერში ასწია.
- აი, ხედავ, სიხარულო, ჩვენ ისევ ბედნიერები და კმაყოფილები ვართ, - მხიარულად წამოიძახა და ბავშვი ლოგინზე მიაწვინა.
მისი ნათქვამი თითქოს ექოდ განმეორდა გიგის გონებაში... ქალმა შეუცნობლად წარმოთქვა იგი, თუმცა იმ მომენტში ეს უბრალო სიტყვები სწორედ რომ შექმნილ სიტუაციას ესადაგებოდა. ნიამ მამაკაცის მზერა დაიჭირა და იგრძნო, როგორ მოაწყდა ვნებისა და სიყვარულის ტალღა მის სულს... და მიხვდა, რომ უძლური იყო ამ ტალღის წინაშე, ვერაფერს გააწყობდა მასთან...
თითქოს დრო გაჩერდა. ახვლედიანი გახევებული იდგა და საყვარელ ადამიანს მისჩერებოდა. როგორც იქნა, კვლავ შეხვდა მას. ამიერიდან მის ცხოვრებაში არც დარდი იქნება, არც ტანჯვა და არც სიყვარულის დაკარგვით გამოწვეული წუხილი.
- ოდესმე შეძლებ პატიებას? როგორც უკანასკნელი არამზადა, ისე მოვიქეცი. გგონია, ვერ ვხვდები? ერთი ხელის მოსმით გაგაძევე ჩემი ცხოვრებიდან. მაგრამ... მაშინ გააზრების უნარი დაკარგული მქონდა. როცა შენი ვალების ამბავი გავიგე, ჭკუა გადამეკეტა. არაფრის გაგონება არ მსურდა, მეგონა, თამაშობდი და ანგარების გამო იყავი ჩემთან.
- არადა, წამითაც არ გამივლია გულში მსგავსი რამ. იმიტომ არ გეუბნებოდი იმ ფულის შესახებ, რომ ჩვენი ურთიერთობა არ გამეფუჭებინა. მაგრამ როცა გითხარი, შენ აღარ მომისმინე.
- რაც შენ წახვედი, მას მერე მოსვენება დავკარგე, - აღიარა გიგიმ, - თავიდან მეგონა, მალევე გამოჩნდებოდი, ამაში ღრმად ვიყავი დარწმუნებული, თვითონაც არ ვიცი, რატომ, მაგრამ შევცდი. შენ არც მეორე დღეს დაბრუნდი, არც მეორე თვეს და... საერთოდ, აღარასდროს დაბრუნდი. ბოლოს და ბოლოს, მივხვდი, რომ სამუდამოდ წახვედი ჩემგან და უკან დაბრუნებას აღარ აპირებდი. აი, მაშინ დამერხა... სწორედ მაშინ გავხდი ყველაზე ცუდად, რადგან მე თვითონ გაიძულე, მიგეტოვებინე... ერთი პერიოდი ვცდილობდი, ჩამეგონებინა ჩემი თავისთვის, რომ ასე ჯობდა, რომ შენი წასვლა ჩემთვის საუკეთესო გამოსავალი იყო, მაგრამ ვხვდებოდი, რომ თავს ვიტყუებდი. უშენობამ დამტანჯა, ნია, დღემდე მაკლიხარ... დღეც მენატრებოდი და ღამეც... ვერც ერთმა ქალმა ვერ შეძლო იმ სიცარიელის შევსება, რომელიც შენი წასვლის შემდეგ დარჩა ჩემს გულში... მითხარი, როდის მიხვდი, რომ ორსულად იყავი?
- სიმართლე გითხრა, ამაზე წარმოდგენაც არ მქონდა, იმ ღამეს ცუდად რომ არ გავმხდარიყავი და ექიმი არ გამოგეძახებინა, - ღრმად ამოიოხრა ნიამ, - როცა გამომკითხა და ვარაუდი გამოთქვა, შეიძლება ორსულად იყოო, არ დავიჯერე. მერე და მერე, თავბრუსხვევები და ღებინება რომ არ შემიწყდა, დავრწმუნდი, რომ მართლაც ასე იყო. ამიტომ მუშაობა მივატოვე, ბინა გავაქირავე და აქეთ წამოვედი. იქ თავი არ გამომეყოფოდა, რას იტყოდნენ მასწავლებლები და მოსწავლეები... გარდა ამისა, შენი რისხვისაც მეშინოდა. ჩემი დაორსულების ამბავი რომ გაგეგო, გაბრაზდებოდი. იფიქრებდი, რომ სპეციალურად გავაკეთე ეს.
- ნია, ნია... შენი მოძებნა რომ არ დამეწყო, რა მეშველებოდა? რა მოხდებოდა მაშინ? არამარტო შენ დაგკარგავდი, შვილსაც...
- მაპატიე, რომ ასე მოხდა, მაგრამ ხომ გესმის, ჩემი ბრალი არ არის...
- საპატიებელი რა გჭირს, სულელო, წამითაც არ გაივლო გულში ეგ. მესმის შენი, ძალიან კარგად მესმის. ჩემი უხეშობით მე თვითონ გკარი ხელი იმ დღეს. ძალიან გთხოვ, მეტჯერ აღარ იტირო. ისედაც ბევრი ტანჯვა გადაიტანე ჩემ გამო, მაგრამ ვეცდები, გამოვისყიდო დანაშაული. დღეიდან არაფერი მოგაკლდება არც შენ და არც ჩვენს შვილს, თუ, რა თქმა უნდა, ამის ნებას დამრთავ. ერთი ცრემლიც არასდროს ჩამოგორდება შენი ლამაზი თვალებიდან, გესმის? ერთიც კი... - მამაკაცი ოდნავ გადაიხარა და ქალს ნაზად აკოცა.
- მიყვარხარ, პატარავ, - ჩაიჩურჩულა, - ყოველთვის მიყვარდი, მაგრამ ბრმა ვიყავი და არ მინდოდა ამის აღიარება.
ნიამ თავი მკერდზე მიადო გიგის, მაგრამ თქმით არაფერი უთქვამს.
- იცი? მაკასგან მეც დიდად ვარ დავალებული... რომ არა ის, შენს ამბავს ვერასდროს გავიგებდი და არც შენს მოძებნას შევეცდებოდი, - თქვა უცებ მამაკაცმა.
- მაკასგან? - ნიამ მსწრაფლ ასწია თავი და გაოგნებული მიაჩერდა ახვლედიანს.
- ჯერ ყავა მომიდუღე და მერე მოგიყვები ყველაფერს, ცოტა აზრზე მოვიდე, კარგი? - თმაზე ხელი ჩამოაყოლა გიგიმ ქალს და თბილად გაუღიმა.
- ახლავე... წამო, სამზარეულოში გავიდეთ.
ჯერ კიდევ დაბნეული ნია ყავის მოდუღებას შეუდგა, გიგი კი იქვე სკამზე ჩამოჯდა და მოყოლა დაიწყო.
- სწორედ მან მითხრა დედაშენის შესახებ. არადა, მისი ნართაულების გამო უფრო დაგშორდი. მისი სიტყვები გონებიდან არ ამომდიოდა. გახსოვს, რესტორანში რომ ვეჩხუბე მაგის საყვარელს? მაშინ მელაპარაკა შენზე...
- მერე სადღა შეხვდი?
- ერთ მეგობართან. შენზე გამომკითხა, სად არისო. ვუთხარი, დავშორდი-მეთქი. გაუკვირდა. როცა მიზეზი ავუხსენი, ლამის გაგიჟდა და ყველაფერი მომიყვა... თავიდან ერთი სიტყვაც არ დავიჯერე. ვიფიქრე, ვინ იცის, იქნებ ნიამ და ამან ერთად გამოიგონეს კიდევ ერთი ისტორია ჩემ მოსატყუებლად-მეთქი... კარგად დაფიქრდიო, მითხრა... მაინც არ ვენდე, თუმცა, მალევე მივხვდი, რომ არ ტყუოდა. ჩვენ ხომ შემთხვევით მოვხვდით ერთად, მას ჩემი მოძებნა არ უცდია. დიდი ყოყმანის შემდეგ გადავწყვიტე, თავად გამერკვია სიმართლე... რა ხერხს არ მივმართე, სად არ ვიყავი... და მაინც დავადგინე, რომ მაკა არ მატყუებდა...
- ხომ არ იცი, სად არის, რას აკეთებს? ისევ იმ საშინელ კაცს ხვდება? - მაკას ხსენებამ ნიას დროებით გადაავიწყა პირადი პრობლემები.
- არა, იმას დიდი ხანია, დაშორდა. მერე რუსეთში წავიდა. იქ ვიღაც ბიზნესმენი გაუცნია და ცოლადაც გაჰყოლია... ამ ზაფხულს აქ იყვნენ, თბილისში. ლაშა გახსოვს, აბზიანიძე? მისი სასტუმროს გახსნაზე ერთად ვიყავით.
- როგორ გამიხარდა მაკას ამბავი...მისგან ბევრი სიკეთე მახსოვს, - დანანებით ჩაილაპარაკა ნიამ და ყავის ფინჯანი წინ დაუდგა.
- მეც, სხვათა შორის. რომ არა ის, შენ ვერასდროს გიპოვიდი... ამიტომ ჩვენს ქორწილში აუცილებლად უნდა დავპატიჟოთ.
ამის გაგონებაზე ქალი ადგილზე გახევდა, ტუჩები გაუფითრდა უცებ.
- ქორწილში?
გიგი წამოდგა, წინ დაუდგა ნიას, მხარზე ჩამოშლილი თმა უკან გადაუწია და გაღიმებული თვალებში ჯიქურ ჩააშტერდა.
- აბა?! ცოლად უნდა გამომყვე. ამხელა გზა, როგორ გგონია, რისთვის გამოვიარე? ჩემთან უნდა წაგიყვანოთ ორივე. სანამ გნახავდი, მეგონა, მარტო შენი წაყვანა მომიწევდა, აქ კი ისეთი განძი დამხვდა... გაორმაგებული... - მომნუსხველად იღიმოდა მამაკაცი, - მინდა ისევ ისე გიყვარდე, პატარავ...
- მე შენ მიყვარხარ, გიგი... ყოველთვის მიყვარდი... - ქალმა ფეხის წვერებზე აიწია და ოდნავ შეეხო მამაკაცს ტუჩებზე, - და ყოველთვის მეყვარები...
ახვლედიანმა ქალის მხრებს ჩამოაყოლა მკლავები და წელზე მოხვია ხელი. მერე ძლიერად მოუჭირა თითები ნიას, ისე ძლიერად, რომ ქალს სუნთქვა შეეკრა.
***
სასტუმრო "მირაჟის" რესტორნის დარბაზი სტუმრებით იყო გადაჭედილი... მხიარულ გადაძახილებსა და ჩოჩქოლზე მიხვდებოდით, რომ რაღაც ძალიან გრანდიოზული და ლამაზი საღამო უახლოვდებოდა დასასრულს.
გიგი ახვლედიანი ასეთი ბედნიერი არასდროს ყოფილა...
ნია? ნიაც დიდი ხანია, არ ყოფილა ასეთი ბედნიერი...
ყველა განსაკუთრებულ ხასიათზე იყო, ყველა, პატარა ანას გარდა. ის თვალებგაფართოებული მისჩერებოდა ყველა მათგანს, ვინც ხელში აიყვანდა და მიეფერებოდა. ვინც მოეწონებოდა, იმას გაუღიმებდა კიდეც... არადა, უკვე ძილის დრო უწევდა, თუმცა მისთვის არავის ეცალა, საყვარელ დედიკოსაც კი.
პატარძალი ყველასგან გამოირჩეოდა... არც სიძე ჩამორჩებოდა მას... კიდევ? კიდევ ერთი ატმისყვავილისფერ მოკლე კაბაში გამოწყობილი მაღალი, მოხდენილი ქალი მოგხვდებოდათ თვალში... ეს მაკა იყო, რომელიც თავის ქერათმიან მეუღლესთან ერთად კმაყოფილი ღიმილით დადიოდა სტუმრებს შორის.
- მიხარია, ასე რომ დამთავრდა ყველაფერი, - ჩურჩულით გადაულაპარაკა მაკამ მოახლოებულ მეგობარს და ლოყაზე ნაზად აკოცა.
- მეც ბედნიერი ვარ, შენც რომ აგეწყო ცხოვრება, მაკა, ახლა უფრო მშვიდად ვიქნები.
- მაგრამ მაინც მშურს შენი, - ეშმაკურად გაიღიმა მაკამ.
- გშურს? რა გჭირს ჩემი შესაშური, შვილი რომ მყავს? შენც გეყოლება მალე, - მიამიტურად გაუღიმა ნიამ.
- არა, ეგ არა... შენ ქართველი ქმარი გყავს, მე კი რუსი, - გადაიკისკისა დაქალმა.
- სამაგიეროდ, შენი ქმარი ჩემსაზე მდიდარია, - აჰყვა ნიაც.
ამ დროს გიგი მიუახლოვდა გამხიარულებულ ქალებს.
- რა გაცინებთ?
- მიხარია მაკას ამბავი, - თქვა ნიამ, - დღეს ყველას ყველაფერი მიხარია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, - დააყოლა ბოლოს.
- მე კი ეგოისტი ვარ და მხოლოდ ჩვენი ამბავი მიხარია... დღეს, - ხაზგასმით დააყოლა გიგიმ და ცოლს თვალი ჩაუკრა.
- ბავშვი სად არის? - მოულოდნელად შეშფოთება გამოეხატა ნიას თვალებში.
- დაწყნარდი, ძიძამ წაიყვანა დასაძინებლად. კარგა ხანია, ეძინება, ჭუჭყუნებდა უკვე.
- მიეჩვია მეგის, იცი?
- სად წავა, რომ არ მიეჩვევა...
ამ დროს ვალსის მელოდია გაისმა.
- არ გინდა, ვიცეკვოთ? სანამ ყველანი წასულან, ვუჩვენოთ დარჩენილებს კლასი, - მაცდურად გაუღიმა ცოლს გიგიმ და წელზე ხელი მძლავრად მოხვია.
თანხმობის ნიშნად ქალმა უკან გადააგდო თავი და ქმარს მხარზე შემოაჭდო მკლავები...
დატრიალდნენ. წყვილს ბედნიერი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე...
- მითხარი, რომელ საათზე უწევს ჩვენს პატარას მორიგი ჭამა? - გიგიმ თვალები მოხუჭა და მრავლისმთქმელი მზერა მიაპყრო ქალს.
- ამაღამ აღარ ვაჭმევ, მინდა გადაეჩვიოს, დილის რვამდე თავისუფალია, - კეკლუცად გაიღიმა ნიამ.
- მაშინ... იმაზე ვიფიქროთ, რა უფრო სასარგებლო საქმეში დავხარჯოთ დილის რვა საათამდე დარჩენილი დრო, - ყურში უჩურჩულა გიგიმ მეუღლეს და ვნებიანად აკოცა ყვრიმალზე.
ნიას ბედნიერებისგან თავბრუ ესხმოდა. მას ახლა ყველაფერი ჰქონდა, ყველაფერი, რაც მის გულს მოესურვებოდა.
შუა დარბაზში მხოლოდ ერთი წყვილი ცეკვავდა - სიძე და პატარძალი... გიგი და ნია... რესტორნის დარბაზში მყოფი ფხიზელი თუ არაფხიზელი სტუმრები აღტაცებულნი მისჩერებოდნენ მათ...
ყოველ დატრიალებაზე პატარძლის გრძელი, ბრილიანტებით გაწყობილი თეთრი კაბა ფართოდ იშლებოდა. ლალისთვლებიანი საყურე და ყელსაბამი თვალისმომჭრელად ელავდა გაბრდღვიალებული დარბაზის ფონზე...
ლალის თვლებს ჰარმონიულად ეხამებოდა წითელი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, რომელიც პატარძალს ეცვა... წითელი ფეხსაცმელი ნიას თილისმა იყო...
დასასრული
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>