ბურღულეულის განყოფილებაში ვიყავი, როცა ჩემ ზურგს უკან მსხვრევის ხმა გაისმა. თავზარდაცემული შევბრუნდი. ასაწონი, თხილიანი შოკოლადების გროვა, მინის ნამსხვრევებთან ერთად, იატაკზე დახვავებულიყო. ყურსასმენებგაჩრილი, მაღალი, ჭორფლიანი ბიჭი დაბნეული და შეშინებული გამომეტყველებით მიყურებდა. კისერზე უზარმაზარობიექტივიანი ფოტოაპარატი დაეკიდებინა და ურიკას ხელს მაგრად უჭერდა.
- ეს როგორ მოხდა? - ვიკითხე ყალბი თავაზიანობით და შვრიის ფანტელის ბოლო შეკვრა თაროზე მოვათავსე.
- უკაცრავად, მაპატიეთ… - ის გაწითლდა, სიტყვებს თავს ძლივს უყრიდა. შემთხვევით მოხდა! - წაილუღლუღა.
„ნუთუ მართლა?” - გავიფიქრე და ენას კბილი დავაჭირე, რომ არ წამომცდენოდა. ჰაჰ, კლიენტი ხომ არასდროს ტყუის...
- ისა... - ენა დაება, - წონასწორობა დავკარგე და შემთხვევით, ურიკით დავეჯახე… შემთხვევით. - გაიმეორა. მის ურიკას უფრო ყურადღებით დავხედე. კონსერვებითა და ძეხვეულით აევსო.
- გასაგებია… - ჩავილაპარაკე მოუთმენლად.
- წავალ, მაკას მოვიყვან. - ჩაერია ჩემი თანამშრომელი, ნოე. ვერც კი შევნიშნე, როდის მოგვიახლოვდა და მენეჯერთან წავიდა. მე კი ცოცხისა და აქანდაზისკენ გავემართე. ჟღალი ბიჭი იქ დამხვდა, სადაც დავტოვე. ადგილიდან არ იძვროდა.
- დაგეხმარებით! - წამოიძახა მოულოდნელად, დაიხარა და აქანდაზს დაავლო ხელი.
- არ არის საჭირო, თავს გავართმევ.
- ძალიან გთხოვთ, ჩემი ბრალია და მინდა გამოვასწორო! - არ მეშვებოდა და მოუხერხებლად იხრებოდა ხან მარჯვნიდან, ხან მარცხნიდან. ბოლოს მოთმინების ფიალა ამევსო, გავიმართე და თვალებში ბრაზით შევხედე.
- თუ რამის გამოსწორება გინდათ, შეგიძლიათ მენეჯერს გაესაუბროთ, მე კი საშუალება მომეცით, ჩემი საქმე გავაკეთო, ძალიან გთხოვთ!
- გამარჯობა. აქ რა ხდება? - ჩამესმა მაკას ხმა.
- გამარჯობა, ურიკით ვიტრინას დავეჯახე და გატყდა. ჩემი ბრალია, ძალიან ვწუხვარ. რით შემიძლია გამოვასწორო?
- ჟამიტა, წადი, დამლაგებელი მოიყვანე, - მთხოვა მენეჯერმა. შვებით ამოვისუნთქე. საცხობისკენ ჩქარი ნაბიჯით წავედი, თინას დავუძახე და ბოსტნეულის განყოფილებისკენ გავეშურე. თვალი მოვკარი, მაკა კვლავ იმ მოუხერხებელ ტიპს ესაუბრებოდა. ცდილობდა, თავაზიანი ყოფილიყო. საპირფარეშოში გასვლა მინდოდა, მაგრამ მოთმენა დიდხანს მომიწევდა.
- შეგცვლი, - ვუთხარი ნათიას. მანაც მადლიერების ნიშნად გამიღიმა და წავიდა. შევნიშნე, კარტოფილის დახლი თითქმის დაცარიელებულიყო... სპორტულ ტანსაცმელში გამოწყობილ გოგონას კიტრი და პომიდორი ავუწონე, ასაკოვან ქალს - 1 კილოგრამი სტაფილო, 680 გრამი ბროკოლი, თითო კონა ცერეცო და ქინძი; შემდეგი იყო დრედებიანი ტურისტი, თავისი ჯანჯაფილით და მოულოდნელად, კვლავ მოუხერხებელ კლიენტთან მომიწია შეხვედრა.
- რით შემიძლია დაგეხმაროთ?
- ჩემი სახელია ზაზა, - ადგილზე ირწეოდა, ხან ერთ ფეხს ეყრდნობოდა, ხან მეორეს, - სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, ჟამიტა… - ღრმად ჩაისუნთქა და განაგრძო - მოკლედ, რამდენიმე წუთის წინ თავად ნახეთ, როგორი მოუხერხებელი ვარ... ასე რომ, თავს არ შეგაწყენთ ბევრი ლაპარაკით. პირდაპირ გეტყვით, თქვენთან ერთად სიამოვნებით დავლევდი რამეს… თუ წინააღმდეგი არ იქნებით…დღეს საღამოს, რვის ნახევარზე კაფე „არტერიაში" ვიქნები. გამიხარდება, თუ კომპანიონობას გამიწევთ, - თქვა და ისე წავიდა, პასუხს არ დალოდებია. მე კი ვიდექი დაბნეული და ცოტათი გაოცებული. რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ შემობრუნდა და ხმამაღლა დამიძახა - „არტერია”, რვის ნახევარზე!
ზაზას დაბნეულობა თითქოს ვირუსივით გავრცელდა: რიგში მდგომ დაბალ, ქერათმიან გოგონას პარკი გაეხა და ბოსტნეული დაეყარა. ასაკრეფად რომ დაიხარა, შუახნის მამაკაცმა გადაასწრო და სასწორზე უსიტყვოდ დამიხვავა შეუფუთავი მწვანილი. მწვანილის კოდი დამავიწყდა და ორჯერ არასწორად ავკრიფე. საბედნიეროდ, ნოე ისევ არსაიდან გამოჩნდა და უხერხული სიტუაციიდან მიხსნა. არადა, პროდუქციის კოდები ზეპირად ვიცოდი, იდეაში, სხვა გზა არც მქონდა. უზარმაზარ სუპერმარკეტში არსებული თითოეული პროდუქტის კოდის ცოდნა არაა მარტივი, თუმცა ეს პერსონალის ვალდებულებების ,,დიადი სიიდან“ ყველაზე ლოგიკური და კეთილსინდისიერი პუნქტია.
ზაზა სულაც არ იყო ქარიზმატული, ვერც ვიზუალით მომხიბლა, თუმცა, იმდენად გულახდილი და გულუბრყვილო ტიპი ჩანდა, მასთან ერთად მართლაც სიამოვნებით დავლევდი ლატეს. ამის გაფიქრებაზე შარდის ბუშტმა თავი შემახსენა.
- მაკამ გადმოგცა, თევზი გარეცხოს, სოსისები წყალში ჩაალბოს და სამუშაო საათების მერე ჩემთან შემოვიდესო… - ფიქრები ნოეს ჩურჩულმა გამიფანტა.
კეთილსინდისიერება ვახსენე, გახსოვთ? თევზს მაშინ გვარეცხინებდნენ, როცა ლაბი მოედებოდა, დაძველებული სოსისები კი წყალში ჩალბობის შემდეგ ახალივით გამოიყურებოდა. ამრიგად, მარკეტს მეტი გასაღებული პროდუქტი და ნაკლები ზარალი ჰქონდა.
ნოემ შოკოლადებით სავსე შეკვრა სასწორზე შემოდო და კოდი აკრიფა.
- რას აკეთებ? - ვკითხე შეშინებულმა.
- მაპატიე… - სიტყვა გაუწყდა, მერე მეგობრულად შემომხედა და განმიმარტა, - თინიკოს ნამსხვრევებიდან შოკოლადები გამოარჩევინა, მე გამომატანა, აწონე და ჟამიტას გაატანეო.
- ხუმრობ? - გავბრაზდი. ამ სამსახურმა იმხელა გამოცდილება მომცა, აღარ მეგონა, კიდევ რამე თუ გამაოცებდა. - დიდი სიამოვნებით შევაყრიდი სახეში ამ შოკოლადებსაც და მინის ნამსხვრევებსაც!
- თოთხმეტი ლარის და ორმოცდაექვსი თეთრისაა.
,,კარგი, არა უშავს”, - თავი დავიმშვიდე და ვითომ სხვათა შორის ვიკითხე:
- ნათია ხომ არ გინახავს? - ტუალეტში მე და ნათია ერთად მივდიოდით ხოლმე. ისე ჟღერს, თითქოს ქალური ახირებაა, ხო? არა, უბრალოდ, ერთ-ერთი ჩვენგანი ტუალეტის კართან დგებოდა, რომ მეორესთვის ვინმეს უხერხულ პოზაში არ შეესწრო. სწორად მიხვდით, არც საპირფარეშოს კარი იკეტებოდა და არც დაცვა გვყავდა მარკეტში.
- ბოლოს რომ ვნახე, პიცის გასაკეთებლად მიდიოდა… - ,,აჰ, ლორიც გაფუჭებულა”, - გავიფიქრე და სარდაფისკენ ურიკა წავაგორე. ხანდახან, როცა სოკო ან ძეხვი არ გაიყიდება, მზარეულის მოვალეობებსაც ვითავსებთ. პურებსა და ფუნთუშებზე მცხობელები ნანა და ლია ზრუნავენ, მაგრამ საქმე ისედაც თავზესაყრელად აქვთ. ასე რომ, პიცისთვის დრო არ რჩებათ.
საათს დავხედე, შვიდის ნახევარი იყო.
ურიკა კიბესთან დავტოვე, სწრაფად ჩავირბინე, საწყობში შუქი ავანთე, ერთ-ერთი ტომრიდან ყველაზე მოთხოვნადი ბოსტნეული შედარებით პატარა ტომარაში გადმოვყარე და ტვირთი კიბემდე მივაჩოჩე. ძალა მოვიკრიბე, ტომარა მხარზე მოვიგდე, ორივე ხელი მაგრად ჩავჭიდე და მაღლა ავედი. ხელები და კისერი ამეწვა. ბოლოდან მეორე საფეხურზე ვიყავი, როცა ხერხემლის ქვემოთა ნაწილში ისეთი ძლიერი ტკივილი ვიგრძენი, გავიფიქრე, მეტი აღარ შემიძლია, ან კიბეზე დავგორდები და ეს ტომარა ზემოდან დამეცემა, ან ხელს გავუშვებ და ძირს დავყრი-მეთქი, მაგრამ თავს ვძლიე, ფეხი მაღლა შემოვდგი და დანიშნულების ადგილამდეც მივაღწიე. ურიკით კარტოფილი სწრაფად მივაგორე დახლამდე. ყუთი კარტოფილით შეივსო, დაახლოებით ორი კილოგრამი ტომარაში მორჩა და სარდაფში დავაბრუნე. როცა ჩავედი, აღმოვაჩინე, რომ შუქი ანთებული დამიტოვებია. ჩავაქრე და დავალებების შესასრულებლად გავემართე. დარბილებული, სუნიანი სოსისები ამოვიღე მაცივრიდან და დიდ, წყლით სავსე თასში ჩავაწყვე. გახრწნილ ვირთხაზე უფრო აუტანელი, საზიზღარი და მძაფრი სუნი ჰქონდა ლაბს. თევზები სუნთქვაშეკრულმა ნიჟარაში ჩავყარე, ჯერ ხელშეუხებლად, წყლის ნაკადით ჩამოვრეცხე ნადები, შემდეგ კი კარგად გავრეცხე და კვლავ გასაყიდად მოვათავსე. სოსისს მივუბრუნდი, ამღვრეული სითხე გადავღვარე და სანამ მაცივარში ჩავაწყობდი, ნაჭრით ოდნავ შევამშრალე, ისე, რომ წყლის წვეთები შეუმჩნევლად დარჩენილიყო აქა-იქ. ესეც კომერციას ეხება, გაყინული წყალი პროდუქტს წონას მატებს. ხელები კარგად დავიბანე და ნათიას მოსაძებნად წავედი, თან მყიდველებს გაფაციცებით ვათვალიერებდი, რომ ვინმე უყურადღებოდ არ დამეტოვებინა. ნათია არც საცხობში იყო, არც ხაზში იდგა. სამაგიეროდ, ნოეს გადავაწყდი ხორცის განყოფილებაში.
- კოკისპირულად მიჭირს! წამომყევი რა! - დაქანცული სახე ჰქონდა, მაგრამ მაინც მოახერხა გაღიმება და ლილეს თვალით ანიშნა, გავალო. ლილეს მხოლოდ ხაზში დგომა ევალებოდა, მაგრამ 11 საათიდან 8-მდე მუშაობდა. ამ დროის განმავლობაშიც ვეხმარებოდით კონსულტანტები, დანარჩენ დროს კი მის საქმესაც სრულად ვითავსებდით.
ის იყო, გასასვლელისკენ წავიდა ნოე, წითელთმიანმა ქალმა შეაჩერა და ფარშის ფასი ჰკითხა.
- 14 ლარი ღირს, - მიუგო სწრაფად, იმ იმედით, რომ ყიდვას არ მოისურვებდა.
- ნახევარი კილოგრამი ამიწონე, - უპასუხა მბრძანებლური ტონით კლიენტმა. ლილეს გავხედე, ხორცის სალათას წონიდა.
,,ამის დედაც” - დავიჩურჩულე იმედგაცრუებულმა. საათს დავხედე, რვას ხუთი წუთი აკლდა. ხუთ წუთში მუშაობას ვამთავრებდი. ნოემ თვალებით მომიბოდიშა და დიდი კოვზი მოიმარჯვა ხორცის ასაწონად.
ბოსტნეულის განყოფილებაში სასწორთან არავინ იყო, მყიდველი უკმაყოფილო გამომეტყველებით იდგა და კონსულტანტს ეძებდა. მაშინვე მისკენ გავეშურე და, შემომხედა თუ არა, რაღაც ჩაილაპარაკა.
- გამარჯობა, რით შემიძლია დაგეხმაროთ? - ძალდატანებით გავიღიმე.
- მადლობა ღმერთს, გამოჩნდით. როცა გჭირდება, არასდროს ჩანან ეს კონსულტანტები, არადა, ისე სულ თვალში გეჩხირებიან! - თქვა ქედმაღლურად და ყაბაყის, ბროკოლის, ბანანის, ფორთოხლის, ჯანჯაფილისა და ლიმონის პარკები დამიწყო მაგიდაზე.
არაფერი ვუპასუხე, სწრაფად ავწონე პროდუქტი და მარკები დავაკარი. საათს დავხედე, მხოლოდ ერთი წუთი გასულიყო. დრო უსასრულოდ გაიწელა. ორ მყიდველსაც ავუწონე ხილ-ბოსტნეული და, როგორც იქნა, ისარმა თორმეტამდე მიაღწია. წასასვლელად მოვემზადე თუ არა, სასწორთან რიგი დადგა. ნათია ისევ არსად ჩანდა, რა გაეწყობოდა? გავაგრძელე მუშაობა და როგორც კი ბოლო პარკს მარკა დავაკარი, ელვის სისწრაფით გავეცალე იქაურობას.
მენეჯერის კაბინეტის კარზე დავაკაკუნე.
- შემოდი - გამომძახა და მეც კარი შევაღე.
მონიტორი გვერდულად იდგა. როცა შევედი, თვალი მოვკარი, როგორ ჩახურა რაღაც და ვორდის ფაილი გახსნა.
-ჟამიტა, რაშია საქმე?
- ნოემ მითხრა, მორიგეობას რომ დაამთავრებ, მაკასთან შედიო... - განვუმარტე ცოტათი დაბნეულმა.
- ეგ ვიცი, ჰო… - სააათს დახედა, - დაამთავრე უკვე? - იკითხა რიტორიკულად. - მე მაინტერესებს, სად წავიდა შენი შემართება, მეჩვენება თუ საქმეს თავს ვეღარ ართმევ? კიდევ, დღეს ვიღაცას საწყობში შუქი დაუტოვებია ანთებული. როდის უნდა გაიაზროთ, რომ მაღაზიის ზარალი თქვენი ზარალია?
მოთმინების ფიალა ამევსო.
- მაკა, არაფერი დამიშავებია, ყველაფერს დროულად ვაკეთებ. ჩემი ბრალია, ვიღაც მოუხერხებელი თუ ურიკით ვიტრინას შეეჯახა? იცი, მე მართლა ვერ ვხვდები, რისი გაკეთება შეიძლება ასეთ დროს, თავად როგორ მოიქცეოდი? მირჩიე, შემდეგში გავითვალისწინებ. - ასე უხეშად არასდროს დავლაპარაკებივარ მენეჯერს, მაგრამ ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი, არა?
- საყვარელო, პერიოდი გაქვს თუ რა გჭირს, რა აღგზნებული ხარ? - ისევ თავს მესხმოდა, ამჯერად თავისი იაფფასიანი ირონიით. - მოკლედ, მე იმის თქმა მინდა, რომ ერთადერთი, რისი გაკეთებაც გევალებათ, კლიენტებთან მომსახურებაა. თუ თავს ვერ ართმევ, შეგიძლია მითხრა, ყოველდღე ახალ-ახალი სივები მოდის. რაც შეეხება დღევანდელ ინციდენტს, კონტრაქტი ხომ გაქვს წაკითხული? ხელფასიდან ჩამოგეჭრება შოკოლადის ღირებულება… გასაყიდი ფასი… მე რისი გაკეთებაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე, მინის ხარჯები თავიდან აგაცილე. ისედაც რა ხელფასები გაქვთ, კიდევ ეგ რომ ჩამოგეჭრას, რაღა იქნება. მოკლედ, ისევ შენ დაზარალდი შენივე დაუდევრობის გამო. ასე რომ, მეტი ყურადღება გამოიჩინე.
ცოტაც და, შარდის ბუშტი გამისკდებოდა. აღარ შევედავე.
- გასაგებია. კიდევ არის რამე?
- სულ ეს იყო, წადი, დაისვენე. - დამარიგა, ერთი ყალბი ალერსიანი ღიმილიც მტყორცნა და წამოვედი. გამოსაცვლელ ოთახში შევიარე, რომლის ფართობი მაქსიმუმ 3 კვადრატი იქნებოდა, უნიფორმა ზიზღით შევაგდე მომცრო კარადაში, რომელიც არ იკეტებოდა. ნოეს ჩემს თაროზე შოკოლადების პარკი შემოუდია, ხელი დავავლე და ჩანთაში ჩავტენე. მზად ვიყავი, პირველივე ბუჩქთან მომეშარდა, ოღონდ იქაურობას გავცლოდი და ასეც მოვიქეცი.
მეტრომდე დაახლოებით ათ წუთის სავალი იყო ფეხით. გზის ორივე მხარეს მაღაზიები და კაფე-ბარები ჩამწკრივებულიყო, ბუჩქები კი არსად ჩანდა. გადავწყვიტე, რომელიმე კაფეში შევსულიყავი და ტუალეტით მესარგებლა. ასეც მოვიქეცი. კარი შევაღე. აგურის კედლებისა და ხის კომბინაცია არც ისე მდიდრულად გამოიყურებოდა. დონ უილიამსის “say it again” არემარეს სპეციფიკურ რიტმს სძენდა. საკმაოდ ხალხმრავალი ადგილი იყო. ბართან ლუდს სვამდნენ. გზა მაგიდებს შორის სწრაფი ნაბიჯებით გავიკვლიე. მარჯვნივ ორი კიბის საფეხური იყო და საპირფარეშომდეც მივაღწიე. როგორც კი მარტო აღმოვჩნდი, ფეხები ერთმანეთს გადავაჭდე და გაჭირვებით შევიხსენი ელვა… ძალა მოვიკრიბე, გავსწორდი და კარი გავაღე. კაცების ტუალეტში აღმოვჩნდი, თანაც, მარტო არ ვიყავი.
“ეს ტუალეტი, აშკარად მხოლოდ კაცებისთვისაა” - გავიფიქრე კარის პირდაპირ განთავსებულ ბიდეებისა და ნიჟარების მსგავსი მოწყობილობის დანახვაზე. ჩემგან ზურგით მდგარმა ახალგაზრდა, მწვანეთვალება მამაკაცმა ინსტინქტურად თავი უკან მოაბრუნა. ჩემი დანახვით გაოცებულმა შარდვა შეწყვიტა და უმალ შარვალი შეიკრა. მისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია, მაშინვე კაბინაში შევიჭერი და მთელი დღის ნანატრი წამიც დადგა.
გაგრძელება იქნება
შვებით ამოვისუნთქე.
როცა გამოვედი, ის ტიპი აღარსად ჩანდა, ახალი სახეები დამხვდა. ერთი დაბალი, შავთმიანი ტიპი ხელს იბანდა, მეორე კი, შედარებით მაღალი და მსუქანი, “საქმიანობდა”. ორივემ გაოგნებულმა შემომხედა, ერთ-ერთმა, უფრო მსუქანმა ტიპმა თვალი თვალში გამიყარა და დაჟინებით მომაშტერდა. მომეჩვენა, თითქოს ფლირტაობას ცდილობდა. ამაზრზენი იყო. მაშინვე გარეთ გამოვედი, თუმცა, იმდენად მსუბუქად ვგრძნობდი თავს, მეგონა, ხასიათს ვეღარაფერი გამიფუჭებდა. მაგრამ როგორც კი ტუალეტის კარი გამოვიხურე, მივხვდი, თურმე, ვცდებოდი... ზაზა!