თითქოს გაუხარდა ჩემი დანახვა, მაგრამ მერე კარზე მიკრულ ნიშანს შეხედა, რომელიც იუწყებოდა, რომ სივრცე კარს მიღმა მამაკაცებისთვის იყო განკუთვნილი. ისევ მე შემომხედა და ჩვეული, დაბნეული გამომეტყველება მიიღო.
-ჟანეტა, მეგონა, აღარ მოხვიდოდი.
-ჟამიტა. - შევუსწორე.
-რაა?
-ჟამიტა მქვია, ჟა-მი-ტა. - განვუმარტე.
-ჟამიტა? უცხო სახელია.
-სინამდვილეში, ძველი ქართული სახელია, თუმცა ვერავინ იმახსოვრებს. - ჩავილაპარაკე უკმაყოფილოდ.
-ჟამიტა, მგონი, სხვაგან მოხვდი, გოგონების ტუალეტი ზემოთაა, - ხელით კიბისკენ მიმანიშნა და გაეცინა. მეც გამეცინა, დაძაბული აურა უცებ მირაჟივით გაუჩინარდა.
-ბართან დამელოდე, მოიფიქრე, რას დალევ და ორ წუთში მოვალ. - მეგობრულად გამიღიმა და კარი შეაღო, საპირფარეშოდან დაბალი შავთმიანი ბიჭი გამოვიდა და შემათვალიერა.
-კარგი, ბართან დაგელოდები. - უცნობის მზერას თვალი ავარიდე და ბარისკენ წავედი.
ქურთუკი სკამზე გადავკიდე და მძიმედ დავჯექი, იდაყვები ბარზე შემოვდე და სახით გაშლილ მტევნებს დავეყრდენი. დამქანცველი სამუშაოს კვალი მთელი სხეულით შევიგრძენი. ასეთ დროს კადრებივით ჩამივლის ხოლმე დღის განმავლობაში მომხდარი მოვლენები. იმ დღესაც ჩვეულებრივად ვემსახურებოდი მყიდველებს, ვაკვირდებოდი ადამიანებს და ვფიქრობდი, თითოეული უფერული სახის მიღმა რამდენი განცდა და ისტორია იმალებოდა. ვასაღებდი უვარგის საქონელს და ვინ იცის, რამდენ ადამიანს ვურთულებდი ამით ცხოვრებას, თუმცა ამაზე ფიქრს კი მკაცრად ვუკრძალავდი საკუთარ თავს. ხშირად თავის გასამართლებლად მათ უტაქტო, გამაღიზიანებელ ქმედებებს ვიშველიებდი. განსაკუთრებული არაფერი ხდება, ყოველი დღე ჰგავს წინას, მაგრამ ყოველ ღამე იმედით ვიძინებ, რომ მომდევნო აისი რაღაცას ახალს, სასიამოვნოს და დასამახსოვრებელს მომიტანს. ერთადერთი უჩვეულო ფაქტი ის უპერსპექტივო პაემანი იყო, რომელზეც იმ მომენტში ვიყავი. არანაირად არ მომწონდა ეს ბიჭი, ჩემი ოცნების რომანტიკული პაემანი პეპლების გარეშე არასდროს წარმომედგინა, იმ დღეს კი ისინი არსად ჩანდნენ. უამრავი მიზეზის მოფიქრება შემეძლო ზაზასგან თავის დასაღწევად, მაგრამ ვერაფერი… უფრო სწორად, არაფერი მოვიფიქრე. იქნებ იმიტომ, რომ სწორედ ის შეხვედრა იყო ერთადერთი ჩემი რუტინის დამანგრეველი ტყვია იმ მომენტში, თუნდაც მხოლოდ რამდენიმე წუთით.
უცებ ვიღაცის დაჟინებული მზერა ვიგრძენი, გვერდით მოვიხედე და ორი დიდი, ჭაობისფერი ბურთი დავინახე, რომლებიც ამოუხსნელი ემოციით მიცქერდნენ. საპირფარეშოში რომ დავაფრთხე, ის ტიპი ვიცანი. თვალები გავუსწორე თუ არა, მზერა ბარში დაწყობილ ალკოჰოლურ სასმელებზე გადაიტანა. თავი ისე მომაჩვენა, თითქოს უბრალოდ, უმიზნოდ იყურებოდა, გარემოს ათვალიერებდა. ბოლოს თავის ლუდის ბოკალს დაუბრუნდა. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ტიპი ჩანდა, თუმცა კარგად თუ დაუკვირდებოდით, მისი სოლიდური მანერები გარემოსთან შეუფერებლად მოგეჩვენებოდათ.
- რას დალევ? - ჩამესმა ზაზას ხმა. ბარს შემოუარა და შიგნით შევიდა. მისი შესვლისთანავე ბარში მდგარმა ძვალმსხვილმა, მაღალმა გოგონამ უსიტყვოდ დატოვა ტერიტორია.
- აქ მუშაობ?
- საღამოობით. - მაგიდა მოასუფთავა და სმენად იქცა.
- რას შემომთავაზებ?
- ნებისმიერ რამეს: წვენს, ჩაის, ყავას, კოქტეილს, ენერგეტიკულ ან ალკოჰოლურ სასმელს… - ირგვლივ მიმოვიხედე. ეს არ იყო საუკეთესო ადგილი ლატეს დასალევად.
- რამე ენერგეტიკულზე და თან ალკოჰოლურზე არ ვიტყოდი უარს. - ზაზას ძალიან მსუბუქი, კომფორტული აურა ჰქონდა.
- კარგი. - გაიღიმა, წინ მაღალი ჭიქა დამიდგა, ყინულებით შეავსო, ერთი ხელით გამჭვირვალე ბოთლიდან უფერული სითხე, მეორე ხელით კი ლითონის ქილიდან მოყვითალო გაზიანი სასმელი ჩამოასხა, ჭიქას ლიმონი დაამაგრა, პლასტმასის სასმელი მილი ჩადო და წინ მომიწია.
- შენ არ დალევ? - პირდაპირ შენობით მივმართე.
- მუშაობის დროს დალევის უფლება არ მაქვს, მაგრამ ცოტა ხანში, როცა სიტუაცია მომცემს საშუალებას, სიამოვნებით შემოგიერთდები.
- გასაგებია. - მოვსვი. ვიგრძენი, როგორ ჩამეღვარა ყელში მოტკბო, ცივი, ლიმონის არომატით გაჟღენთილი სითხე.
- სასიამოვნოა. - შევაფასე მოკლედ.
- მიხარია, თუ მოგეწონა, ჟამიტა… ჟამიტა, ხო? ხომ სწორად ვამბობ?
- კი, ჟამიტა. - Chris Stapleton - Tennessee Whiskey ხმადაბლა იყო ჩართული, ერთმანეთის ხმა გარკვევით გვესმოდა.
- დღეს ერთმანეთს ორჯერ შევხვდით, - ხელები ჯვარედინად გადააჭდო ერთმანეთს, წინ წამოიწია და იდაყვებით ბარს დაეყრდნო - ორივე ჯერზე სამსახურში. ასე რომ, ერთმანეთის საქმიანობის შესახებ უკვე ვიცით. თავისუფალ დროს რას აკეთებ ხოლმე?
- მძინავს. - ვუპასუხე გულახდილად. გაეცინა, ალბათ ჩათვალა, რომ ზარმაცი ვარ.
- გიყვარს ძილი?
- უფრო სწორი ნათქვამი იქნება, თუ ვიტყოდი, რომ მჭირდება. თუმცა, მომწონს კიდეც - ძილი რომ არ არსებობდეს, სიზმრებს ვერასდროს ვნახავდით.
- სიზმრები არ მიყვარს, არც ძილი. ხანდახან ვფიქრობ, რამდენი რამის გაკეთებას შევძლებდი, ძილი რომ არ არსებობდეს… - ჩაფიქრდა.
- რეალურად, სწორედ იმიტომ მძინავს, რომ ბევრი რამის გაკეთება მოვასწრო, სწრაფად და ენერგიულად. შენ რის კეთებას ვერ ასწრებ ძილის გამო? - დამცხა, დაღლილობის შეგრძნებაც მომეხსნა. ჭიქას ჩავხედე. ისე გამინახევრებია, ვერაფერი გამეგო.
- ურბანული მკვლევარი და დიგერი ვარ. დავეხეტები მიტოვებულ, უკაცრიელ ადგილებში. კვირაში ერთ ღამეს კლუბში ვატარებ. ფოტოების გადაღება მიყვარს და ვცდილობ, ამ კუთხით განვვითარდე. ჩემი მშობლები ქუთაისში ცხოვრობენ. ამიტომ, დღესასწაულებზე დასავლეთით მივემგზავრები. არ მახსოვს, ბოლოს რა წავიკითხე, როდის ვიყავი თეატრში, როდის ვნახე კარგი ფილმი, როდის გავისეირნე სკვერში… - ისევ გაეცინა - ხანდახან მგონია, რომ ჩემში რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს, ერთმანეთისგან განსხვავებული მისწრაფებები და ინტერესები მაქვს. ერთი სიცოცხლე არ მყოფნის ყველა სურვილის ასასრულებლად. კიდევ დაგისხა? - ჭიქაში მხოლოდ ყინულებიღა იყო დარჩენილი.
- თუ არ შეწუხდები… - ჭიქა მივაწოდე, - სიზმრებში შეგიძლია აიხდინო ოცნებები, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში არ ხდება. თუ კარგად შეიგრძნობ, სიზმრების მართვასაც შეძლებ. საკმარისია გაიფიქრო, რომ ღრუბლებში დაფრინავ და მართლა გაფრინდები. შეგიძლია ჩაძვრე მიწის ქვეშ და დედამიწის გული ნახო. შეგიძლია შეხვდე ადამიანებს, რომლებსაც სიცოცხლეში ვერასდროს ნახავ. შეგიძლია იცეკვო ან იმღერო, ზუსტად ისე, როგორც მოგწონს და ეს ძალიან სასიამოვნოა. ადამიანის წარმოსახვის უნარს საზღვრები არ აქვს. - ვგრძნობდი, როგორ უჩინარდებოდა საზღვარი ჩემს ფიქრებსა და სიტყვებს შორის, თუმცა არ მადარდებდა, თავს შესანიშნავად ვგრძნობდი. ზაზამ დამისხა. ჭიქაზე დამაგრებული ლიმონის ნაჭერი გავშალე და გული ამოვჭამე. ლიმონის სიმჟავემ სასიამოვნო ჟრუანტელი მომგვარა.
- რას ამბობდი, როგორი მკვლევარი ვარო? - დავუბრუნდი მის სიტყვებს.
- ურბანული. - გაეცინა და როგორც იქნა, თავისთვისაც შეივსო ჭიქა.
- 50 გრამი “შივას რეგალი”, თუ შეიძლება. - ჩამესმა მამაკაცის ხმა. ზაზამ დაუსხა უცნობს და მე მომიბრუნდა. - ურბანული მკვლევარები დავდივართ მივიწყებულ ადგილებში, ვიღებთ ფოტოებს, ვიკვლევთ წარსულს და ვცდილობთ, ხალხს დავანახოთ, რომ ტიპური ტურისტული ღირსშესანიშნაობების გარდა, უამრავი სანახაობაა. “დიგერი” ინგლისური სიტყვაა და მთხრელს ნიშავს. - თვითონაც იმავეს სვამდა, რასაც მე. - მიწის ქვეშ არის მეორე სამყარო. მეტროს მოქმედი და ძველი, დაკონსერვებული გვირაბები, სარდაფები, სამხედრო თავშესაფრები… როცა ასფალტით დაფარულ მიწაზე ყოველდღიურად დავაბიჯებთ, არავინ ფიქრობს, რამდენი უცნაური, საინტერესო, მივიწყებული და მისტიკური ისტორიაა ქვემოთ…
- სიმართლე გითხრა, ყოველთვის ვფიქრობ ამაზე. ამიტომაც გადავწყვიტე არქეოლოგიის ფაკულტეტზე ჩამებარებინა.
- არქეოლოგია? მართლა? - გაუკვირდა.
- დიახ! გამოდის, ორივე წარსულის მკვლევარები ვართ. - მეგობრული ღიმილი გავცვალეთ.
- ასე გამოდის.
- ორი ბოკალი ლუდი! - ბართან ვიღაც დაჯდა. ყურადღება არ მიმიქცევია. ზაზა სტუმრებს უსიტყვოდ ემსახურებოდა, თან მელაპარაკებოდა - რამ შთაგაგონა ამ გადაწყვეტილების მიღება?
- იცი? როცა ამაზე პირველად დავფიქრდი, ავტობუსით ვმგზავრობდი. რადიოში საინტერესო აღმოჩენის შესახებ მოვისმინე. წამყვანი ჰყვებოდა აფეთქების შედეგად მილიონობით წლის წინათ დანადნობი ნივთიერების ნარჩენებზე, რომლებიც ზღვის ფსკერზე აღმოუჩენიათ. ყველაზე საინტერესო ფაქტი ამ აღმოჩენის შესახებ ის იყო, რომ ჩვენს დროში არსებულ არცერთ ატომურ იარაღს არ შეუძლია იმ ნივთიერების დნობა. უჩვეულო შემთხვევამ თურმე მეცნიერებს საფუძვლიანი ეჭვი გაუჩინა იმისა, რომ კაცობრიობა მილიონობით წლის წინ განვითარების ბევრად უფრო მაღალ საფეხურზე იყო, ვიდრე დღესაა. უამრავი კითხვა გამიჩნდა მაშინ. პასუხების ძებნა ინტერნეტში დავიწყე, მაგრამ უშედეგოდ. ვერაფრით გავიხსენე, რადიოში რომელ ზღვაზე ლაპარაკობდნენ და ვერც იმ ნივთიერების სახელწოდება დავადგინე. თითქოს ამ ინფორმაციას არასდროს არსად გაუჟღერებია, უკვალოდ გაქრა. მაშინ გადავწყვიტე, თავად გავმხდარიყავი წარსულის მკვლევარი. - წარბებშეყრილი, ჩაფიქრებული მისმენდა. - შენ რამ შთაგაგონა, გამხდარიყავი დიგერი? ან ურბანული მკვლევარი? ან თუნდაც, ბარმენი? - დავამატე სიცილით.
- ბარმენობაზე ფინანსურმა საჭიროებებმა დამაფიქრა, - გაეცინა.- ურბანული კვლევებით თუ დაინტერესდები, შემიძლია რამდენიმე ექსკურსია მოგიწყო. რაც შეეხება ევოლუციის ქრონოლოგიას, საინტერესო თეორიაა… სიმართლე გითხრა, ამაზე აქამდე არასდროს მიფიქრია.
- მართლა? არადა, რეალურად, ეს თეორია იმდენად გავიაზრე და შევისისხლხორცე, უკვე გონებაშიც აღარც ვუშვებ, რომ სხვანაირად შესაძლებელია.
- ფრთხილად იყავი, იდეებს ხშირად ფანატიზმამდე მივყავართ.
- ფანატიზმი ბრმა, უპირობო ერთგულებაა რწმენისადმი. ჩემს თეორიას კი უამრავი ცნობილი არქეოლოგიური თუ მეცნიერული აღმოჩენა ამტკიცებს. ფიგურები ნასკას ველზე მეორე საუკუნემდე ინკების ან ნასკას ცივილიზაციით თარიღდება. ფიგურების შემჩნევა, ამოცნობა მხოლოდ ასობით მეტრის სიმაღლიდანაა შესაძლებელი, არწივი სიგანით 120 მეტრია, ობობა, თუ არ ვცდები - 46-ის, ხვლიკი კი დაახლოებით… დაახლოებით 190 მეტრი. წარმოგიდგენია? - მისი გამომეტყველებით მივხვდი, არაფერი ესმოდა.
- გასული საუკუნის შუა პერიოდში ლათინო ამერიკის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოაჩინეს ინკების პერიოდის ოქროს სტატუეტი, რომელსაც კუდი და ფრთები ჰქონდა. მკვლევარებმა ჩათვალეს, რომ აღმოჩენა მწერებთან ან ფრინველებთან იყო დაკავშირებული. თუმცა მოგვიანებით, 1956 წელს ერთ-ერთ გამოფენაზე, როცა სტატუეტი ავიაკონსტრუქტორებმა ნახეს, აღმოაჩინეს, რომ დელტისებური ფრთებისა და ვერტიკალური კუდის წყალობით შესაძლებელია იდეალურად იფრინო მაღალი სიჩქარით. მაშინ ის ავიაკონსტრუქტორები პირველ რეაქტიულ თვითმფრინავს ქმნიდნენ. დელტისებური ფრთები და მაღალი ვერტიკალური კუდი დღემდე თვითმფრინავების განუყოფელი ნაწილი გახდა! თითქოს, პირველი რეაქტიული თვითმფრინავის შექმნამდე მილიონობით წლის წინ უკვე არსებობდა თვითმფრინავები.
1947 წელს რუმინეთში ექსპედიციაზე 10 მეტრის მიწის სიღრმეში პრეისტორიული ხანის, კონკრეტულად, 2,5 მილიონი წლით დათარიღებული სპილოს ძვლები ალუმინის სოლთან ერთად აღმოაჩინეს. - ჩუმად მისმენდა, მე კი ლაპარაკს არ ვწყვეტდი. - ალუმინი ძნელად მისაღები ლითონია, ყველა სტანდარტის შესაბამისად მეცხრამეტე საუკუნეში დახვეწეს. ნუთუ, მოაის ქანდაკებებზე ან წყალქვეშა პირამიდებზე მაინც არ გსმენია რამე?
- სამყაროში უამრავი ამოუხსნელი აღმოჩენაა…
- მიწის ქვეშ, გვირაბებში მარტო დადიხარ ხოლმე? - სასაუბრო თემა შევცვალე. ვგრძნობდი, როგორ ისრუტავდა დაღლილი ორგანიზმი ალკოჰოლს.
- არა, გარკვეული გუნდი ვართ, თუმცა მცირე ცვლილებები ყოველთვის გვაქვს, ვიღაც მიდის, ვიღაც მოდის. ვეცნობით და ვპოულობთ ერთმანეთს, ხშირად ინტერნეტში, ფორუმებზე ან სადმე, თემატურ შეკრებებზე. გვაქვს მკაცრად განსაზღვრული უსაფრთხოების წესები: არასდროს არ უნდა იარო მარტო; უნდა გქონდეს ორი ფარანი, სათადარიგო ელემენტებით; უნდა გეცვას სქელძირიანი ფეხსაცმელი და აუცილებელია იცოდეს ვინმემ, სად მიდიხარ და რამდენი ხნით. ასევე, მსგავს ადგილებში, ცხადია, უნდა იყო ფხიზლად და ყურადღებით. დაუშვებელია გაყვანილობებზე ხელის მოკიდება, ხელთათმანის გარეშე ხელში რაიმე ნივთის დაჭერა.
- რა საინტერესოა… - ვუცქერდი ინტერესით ანთებული თვალებით და ვუსმენდი გულისყურით, - საშუალოდ რა ხანგრძლივობისაა თქვენი ვოიაჟები?
- ყველაზე ხანგრძლივი მოგზაურობა, როგორც მახსოვს, 1 თვე გაგრძელდა. ეს იყო უკრაინასა და ბელორუსში.
- ძალიან მაგარია!
აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი. გული გამალებით მიძგერდა, თავბრუ მესხმოდა - დავთვერი.
- იცი რა, თუ დაინტერესდები, მართლა, შემიძლია დაგათვალიერებინო მიწისქვეშა თბილისი.
- სერიოზულად?
- კი, დიდი სიამოვნებით. დამიწერე შენი ნომერი, - პატარა ოთხკუთხედი ფურცელი და კალამი ამოიღო უჯრიდან და წინ დამიდო. - დაგიკავშირდები და როცა გეცლება, წავიდეთ.
- მარტო მე და შენ? - ცოტათი შემეშინდა. ვიცოდი, ფხიზელი ჟამიტა ახალ გაცნობილ ბიჭს მიწისქვეშ, ბნელ გვირაბებში სასეირნოდ მარტო არ გაჰყვებოდა, არადა, ძალიან მომწონდა ეს იდეა.
- არა… ჩემს მეგობრებს გაგაცნობ, ერთად წავიდეთ. - გამიხარდა. ფურცელს დავხედე და გამოსახულება გაორდა. კალამს მაგრად მოვუჭირე ხელი და დიდი ძალისხმევით, როგორც იქნა, შემოვხაზე ციფრები.
- აიღე. - ფურცელზე ვანიშნე.
- მგონი, დაისვარე, - მითხრა და თვალით ხელზე მანიშნა. თითები მელნით შემღებვოდა.
- როგორც ჩანს, კალამი გატეხილია. - ზაზამ კალამს ხელსახოცი შემოახვია და ნაგვის ურნაში ჩააგდო, რამდენიმე სუფთა ხელსახოცი ხელის გასაწმენდად მომაწოდა. მელანი შევიმშრალე, თუმცა ლაქები ვერაფრით მოვიშორე, თითები გალურჯებული მქონდა. საათს დავხედე, თერთმეტის ნახევარი იყო.
- ზაზა, უნდა წავიდე. მელანს სახლში საპნით ჩამოვიბან. თუ დამირეკავ, გამიხარდება.
- მოიცადე, თორმეტზე ვამთავრებ მუშაობას და გაგაცილებ.
- არა, ისედაც ძალიან დამაგვიანდა, მარტო წავალ. - სკამიდან ჩამოვედი და წონასწორობა ვერ შევინარჩუნე, ჩემ გვერდით, ცოტა მოშორებით მდგარ სკამს შევენარცხე. ვიღაცამ დამიჭირა. სახეზე არ შემიხედავს, გავსწორდი და ზაზას გავუღიმე, რომელიც არ მახსოვდა, როდის გამოვიდა ბარიდან და აღმოჩნდა ჩემ გვერდით.
- ჟამიტა, დარწმუნებული ხარ, რომ მარტო წახვალ?
- კი, კი, აბსოლუტურად.
- მგონი, ცოტა მთვრალი ხარ… - ჩაილაპარაკა და შეშინებულმა შემომხედა.
- ასე ფიქრობ? წონასწორობასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, არც შენ გაქვს საქმე იდეალურად. - გავბრაზდი.
- ჟამიტა, ერთი საათი დაიცადე, - მემუდარებოდა თვალებით - რამეს მოვახერხებ და ცოტა ადრე გამოვალ…
-არა! - დამთავრება არ ვაცადე. - კარგად ვარ! - ესღა ვუთხარი, ჩანთა ავიღე, ქურთუკი მომაწოდა და “არტერიის” კარამდე უსიტყვოდ გამაცილა.
- შეხვედრამდე. - ღიმილით დავემშვიდობე ზაზას და მეტროსკენ მიმავალ ლამპიონებით განათებულ გზას გავუყევი.
ცივი ჰაერი მეამა. თავბრუ მეხვეოდა, თუმცა გზას განვაგრძობდი. საკმაოდ ხალხმრავალი ცენტრალური გზიდან მალევე შევუხვიე ჩიხში, რომელიც ადრეც ბევრჯერ გადამიკვეთავს სამსახურიდან სახლისკენ მიმავალს, თუმცა ასეთი უკაცრიელი არასდროს ყოფილა. უცნაური გრძნობა დამეუფლა, მივაბიჯებდი სიბნელეში და თითქოს სიბნელე შემოდიოდა ჩემში. აქა-იქ ნაბიჯების ხმაც ჩამესმოდა შორიდან, მერე შედარებით ახლოდან, კიდევ უფრო ახლოდან და მოულოდნელად, ვიღაცამ მკლავში ჩამავლო ხელი… ელდა მეცა. სიბნელე უსასრულოდ გაიწელა, მთლიანად მომიცვა და შეშინებულმა უმწეოდ დავიყვირე. მეჩვენებოდა, თითქოს მიწა იძვროდა, ირგვლივ ყველაფერი მოძრაობდა, მე კი საკუთარ სხეულს ვერ ვაკონტროლებდი, ყველაფერი მითრთოდა, დასაკლავად დაჭერილი პირუტყვივით ვფართხალებდი. მივხვდი, რომ უნდა გავქცეულიყავი, მაგრამ უცნობი ვეება ხელებს ძლიერად მიჭერდა და მისკენ მიზიდავდა. ისე უსუსურად ვგრძნობდი თავს, თითქოს ასტრალში ვიყავი, კონტროლი მქონდა დაკარგული საკუთარ კიდურებზე. მთელი გულით მინდოდა, განწირული ხმით დამეყვირა, მაგრამ ჩემი ხმა ძალიან სუსტად, შორიდან მესმოდა. გული ხმაურით მიცემდა. სიბნელეში მოძალადის სახეს ვერ ვარჩევდი, თუმცა თვალი მოვკარი მის მსუქან სილუეტს… უცებ ხელი გამიშვა, მაგრამ გაქცევა ვერ მოვასწარი, ინერციით დამეჯახა და ორივე უგონოდ დავვარდით… გონების დაკარგვამდე დავინახე, რომ იქ კიდევ იყო ვიღაც, ვიღაც მესამე…
სიბნელე, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა. ვცდილობდი, თვალები გამეხილა, მაგრამ ქუთუთოები ლოდივით დამმძიმებოდა… და გაისმა ხმა, რომლის გაგებასაც ყველაზე ნაკლებად ველოდი იმ მომენტში - მაღვიძარას წკრიალი. როგორც იქნა, თვალები გავახილე. ვიცანი ჭერზე ეულად დაკიდებული ნათურა, ჩამოხეული შპალერი და ჩემი საწოლი.
საბანი გადავიხადე. ტანსაცმელი მეცვა, ზუსტად ის შავი სპორტული მაისური, ჯინსის შარვალი და ბოტასები, რომლებიც მარკეტის გამოსაცვლელში მოვირგე… შევეცადე, დავმშვიდებულიყავი და მოვლენები ქრონოლოგიურად დამელაგებინა: დავუშვათ, ეს ყველაფერი სიზმარი იყო… კარგი, ტანსაცმლით ადრეც დამძინებია დაღლილს, მაგრამ ფეხზე აუცილებლად გავიხდიდი. გარდა ამისა, ეს თუ სიზმარი იყო, ხომ უნდა მახსოვდეს, როდის დავიძინე?! გაოგნებული წამოვვარდი საწოლიდან და აბაზანაში შევედი. ხელებს დავხედე, მელნის კვალი მკვეთრი იყო. ონკანი მოვუშვი და ცივი წყალი შევისხი. სარკეში ჩემს ანარეკლს შევხედე. თმა აბურდული მქონდა, ქუთუთოები ჩაშავებული და ქვემოთ ჩამოწეული.
“მგონი, ჭკუიდან ვიშლები…”
ფეხსაცმელები გავიხადე და კუთხეში მივყარე. ჯერ მაისური გადავიძვრე, მერე შარვალი. მარცხენა მკლავზე წრიულად სილურჯე შევნიშნე. თითები მსუბუქად გადავუსვი, მეტკინა - აშკარად დაჟეჟილობა იყო. კარგად დავუკვირდი, ხელის კვალს ჰგავდა. საცვლები შეშინებულმა მოვიგლიჯე, ცხელი წყალი მოვუშვი და საშხაპეში შიშველი სხეულის ხეხვას შევუდექი. არ ვიცი, რა დრო დავყავი სააბაზანოში.
ვინ იყვნენ ის უცნობები? რა მოხდა მას შემდეგ, რაც გონება დავკარგე და როგორ აღმოვჩნდი სახლში? კითხვები ერთანეთს ენაცვლებოდა. მოსვენება დავკარგე. საწოლზე ჩამოვჯექი. ვეცადე, მოგონებები აღმედგინა. მსუქანი იყო, დიდი ხელები ჰქონდა… ვიღაცამ დაარტყა, აშკარად დაარტყა, მეც დავეცი და გავითიშე. პასუხებს ვერ ვპოულობდი, თუმცა თითოეულ კითხვას ახალი მოსდევდა. ძალიან ვინანე, რომ ზაზას ნომერი არ გამოვართვი. არც მისი გვარი ვიცოდი. იქნებ სასმელში რამე ჩამიყარა, ან სულაც მან გადამარჩინა? ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, ლექციების შემდეგ “არტერიაში” წავსულიყავი და ზაზა მენახა, ან მისი ნომერი გამეგო და გამერკვია, რა მოხდა წინა ღამეს.