დავბრუნდი იქ, სადაც, სიცარიელე, ნესტიანი კედლები და აუტანელი მარტოობა მელოდა…
სამარისებურ სიჩუმეს მხოლოდ წვიმის ხმა არღვევდა.
ქურთუკი შემოსასვლელში დავკიდე, ჩაიდანი წყლით ავავსე, ქურაზე დავდგი, ტანსაცმელი ზანტად გავიხადე და პიჟამა ჩავიცვი.
უჯრა გამოვაღე და დასანთლულ ყდიანი წიგნაკი ამოვიღე. სიძველის სუნი ასდიოდა. თვალწინ შუბლდაღარული სოლომონი წარმომიდგა კალმით ხელში, ლამპის შუქი უნათებდა სახეს. სევდამ მარწუხებივით მომიჭირა გულზე.
ჩაიდანის სტვენა გაისმა, ცეცხლი გამოვრთე, ფინჯანში ცხელი წყალი ჩავასხი, მერე ჩაის პაკეტი ჩავაგდე და რამდენიმე წამი წყლის დაფერვის პროცესს ინტერესით ვუკვირდებოდი.
საწერ მაგიდას მივაშურე, ნათურა ავანთე და კითხვა დავიწყე:
ჩვენგან 100 მეტრში სამანქანო გზა მოჩანდა, დავინახეთ ქალაქში მძიმე ტექნიკა როგორ შემოჰქონდათ. მე და რამაზმა ერთდროულად შევხედეთ ჯერ - საომარი აღჭურვილობის თავზე აფრიალებულ საქართველოს დროშას, შემდეგ - ერთმანეთს. თავზარი დაგვეცა.
აფხაზი მეგობრის თვალებში ჩაბუდებულმა შიშმა წამით დამაფრთხო, მაგრამ მალევე გავაანალიზე, რომ ჩემი გამომეტყველებაცა და ემოციაც იდენტური იყო.
ომი დაიწყო...
მაინც, რა არის ომი?!
ეს პრიმიტივიზმის ყველაზე ამორალური და გამანადგურებელი გამოვლინებაა!
ადამიანი - არსება რომელმაც გამოიგონა ელექტროენერგია, ტექნიკა, ათასნაირი სენისგან დამცავი პრეპარატი... არსება, რომელმაც შეძლო რეალობად ექცია საუკუნეების წინ ზღაპრებში გაჟღერებული ოცნებები... არსება, რომელმაც უდიდესი გზა განვლო გამოქვაბულიდან ვერტმფრენებამდე და კვლავ განაგრძობს სვლას ცივილიზაციისკენ, როგორ შეიძლება თავს უფლებას აძლევდეს ძალაუფლებისადმი ლტოლვით დაბრმავებულმა გაანადგუროს ყველაფერი?
ნუთუ ეს ყოვლად პერსპექტიული და გონიერი, ულიმიტო შესაძლებლობების მქონე ქმნილება უნდა გახდეს ის, ვინც მისსავე შექმნილსა და აშენებულს მიწასთან გაასწორებს?
რამაზს შევხედე და მასში კვლავ ჩემი ერთგული მეგობარი დავინახე... ჩვენ შეიძლება ერთმანეთის წინააღმდეგ ვისროლოთ ტყვია ჩვენივე შთამომავლის გარყვნილი ხელისუფლებისგან დასაცავად, მაგრამ მჯერა, სამუდამოდ ძმებად დავრჩებით...
***
ბავშვობა ყველაზე მისტიკური ეტაპია ცხოვრებაში. ბავშვობის მეგობარი ყოველთვის მზადაა გააღვივოს შენს გულში შემორჩენილი სიკეთის ნაპერწკალი, მიანიჭოს უკვდავება სულში მობინადრე ბავშვს. სწორედ ღრმა ბავშვობიდან ვმეგობრობდით მე და რამაზი.
ერთხელ, როცა ჯერ კიდევ ახალი წამოწვერილი გვქონდა ულვაში, კაკლის ხის ჩრდილში, ავტოფარეხის სახურავზე ვისხედით და მეზობლის ბაღიდან მოპარულ ვაშლს შევექცეოდით.
-მაქ რას აკეთებ, შე თავხედო ქურდო! - მოგვესმა ბაღის მეპატრონის ხმა. შევცბით, გვეგონა გამოგვიჭირეს, მაგრამ უკან მოხედვისას მოულოდნელი სურათი გადაგვეშალა თვალწინ - ანჩხლი მებაღე მესერთან, ხილის კრეფის პროცესში მანანას წასდგომოდა თავზე. გოგონა მოხუცის ხმის გაგონებაზე მოინუსხა, ადგილიდან ფეხი არ მოუცვლია, შეშინებული ერთ ადგილზე გაშეშდა.
-გამოგიჭირე, არა?! რამდენი ხანია ჩასაფრებული ვარ, და უხ, როგორც იქნა დადგა ეს სანატრელი დღე! - განრისხებული ქალი ფეხს ითრევდა, კოჭლობით ნელ-ნელა უახლოვდებოდა გოგონას. -პატრონი არა გყავს?? ცეცხლი ჭამა შენმა პირმა! - მებაღე ძირს დაიხარა, მოტეხილი ხის ტოტი აიღო და სვლა განაგრძო.
-გაიქეცი! - დაიყვირა რამაზმა და სახურავიდან ისკუპა. მოხუცსა და გოგონას შორის ათი-თერთმეტი ნაბიჯიღა იყო დარჩენილი. მებაღემ უკვე ჩვენც შეგვამჩნია და ამჯერად ჩვენს წყევლასა და გინებას მოჰყვა. მანანა რამაზის ხმის გაგონებაზე შეხტა, უკან მიიხედა და როცა ჯოხ მომართული ჟენია დაინახა შეშფოთებულს ცრემლები წასკდა, საცოდავად ასლუკუნდა. რამაზმა ხელი ჩაჰკიდა მანანას და აიძულა მასთან ერთად გაქცეულიყო. გაქცეულ თანატოლებს მალევე დავედევნე. რამაზს ბალღობიდან უყვრდა მანანა. იმის მიუხედავად, რომ ჟენიას ჩვენს დევნის ძალა აღარ შერჩენოდა, მაინც დიდ ხანს მივრბოდით, ძალიან დიდ ხანს...
იმ საღამოს მე და რამაზმა მზაკვრული იონი მოვიგონეთ. გადავწყვიტეთ, შური გვეძია ძუნწ დედაბერზე. შუა ღამისას პოლიეთილენის პარკებით მომარაგებულნი გადავძვერით მესერზე, ბაღში შევიპარეთ. იქ დაკრეფილი ხილი მეზობლების კარებთან დავაწყვეთ და კვლავ ბაღში დავბრუნდით, არ გვინდოდა რომელიმე ოჯახი უყურადღებოდ დაგვეტოვებია და როცა მთელი სამეზობლოსთვის სამყოფი მოვაგროვეთ, შინისაკენ კმაყოფილები გავეშურეთ…
უჰ, დიდი ამბავი მოყვა მზის ამოსვლას.
ჩემი მოგონებების სკივრი სავსეა ჩვენი ისტორიებით. ამ კაცთან წლობის მეგობრობა, უთვალავი თავგადასავალი და ყველაზე ძვირფასი - ბავშვობა მაკავშირებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ერთმანეთში ვხედავთ ზრდასრული ადამიანების სხეულს ამოფარებულ ონავარ ყმაწვილებს. ვიცნობთ ერთმანეთს ისეთებად, როგორებიც რეალურად ვართ... მაგრამ დღეს, დაიწყო ომი და, ვინ იცის, რა იქნება ხვალ? ისეთი განცდა დამეუფლა, თითქოს ყველაზე მეტად იმ მომენტში შევისისხლხორცე ეს ზრდასრული, მეტიც, მოხუცი კაცის სხეული...
რამაზის მეგობარი, ცელქი და მოუსვენარი, სიცოცხლით სავსე, თავდადებული, მეგობრის ერთგული სოსო, ჩემში სადღაც ყველაზე უკაცრიელ კუნჭულში მიიმალა.
***
16 აგვისტო, 1992 წელი
წუხელ ვერაფრით დავიძინე. ქვეყანაში გამეფებულმა ქაოსმა მოსვენება დამიკარგა.
სარკეში ვუყურებდი ჩემს თავს. დანაოჭებული, ბებერი სახისა და დაფერფლილი თმის ცქერა გულს მიმძიმებდა. უკვალოდ გაქრა ჯან-ღონითა და ენერგიით სავსე სოლომონი და მისი ადგილი დამჭკნარმა, უღონო ბერიკაცმა დაიკავა.
დღეები ერთმანეთს ისე მისდევენ, თითქოს არაფერი იცვლება, უკან მოიხედავ და აღარაფერია ისე, როგორც ოდესღაც იყო.
რისი გაკეთება შემიძლია ამ უმაქნისი სხეულით სამშობლოს, ოჯახის დასაცავად?
თურმე, რა უსუსური შეიძლება იყო ადამიანი...
გათენებისთანავე კომისარიატისკენ გავეშურე. კომისარი საწერ მაგიდასთან იჯდა, ცალ ხელში სიგარა ეჭირა, მეორე ხელით კი კალამს ათამაშებდა.
-მოგესალმებით! - წარმოვთქვი და შევაბიჯე.
-გამარჯობა! - მომესალმა და თავის მსუბუქი მოძრაობით მანიშნა, დაბრძანდიო.
-დიდ დროს არ წაგართმევთ, ჟურნალისტი სოლომონ შონია გახლავართ. - თავი წარვუდგინე და წინ დავუჯექი. გამომეტყველება შეეცვალა, მივხვდი ჩათვალა ინტერვიუ მსურდა, ამიტომ მალევე განვუმარტე, რომ ჯარში მსახურობის დროს თადარიგის ოფიცერი, არტილერიისტი ვიყავი და მსურდა უფლება მოეცათ მებრძოლა ქვეყნის დასაცავად.
-ა, გასაგებია. - თავი მაღლა ასწია, შემათვლიერა და მშვიდად გაიღიმა. - ბატონო სოლომონ, ვაფასებ თქვენს პატრიოტიზმსა და თავდადებას, მაგრამ ვგონებ უსაფუძვლოდ აღელვებულხართ. - დავიბენი, რა უნდა ყოფილიყო შფოთვისა და ღელვისთვის იმაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, ვიდრე ომია?
-როგორ... რას ბრძანებთ?
-საბრძოლო აღჭურვილობა ქალაქში მხოლოდ თავის დაზღვევის მიზნით იქნა შემოტანილი, მოსალოდნელი საფრთხისგან თავის დასაცავად... თუმცა, პანიკა უადგილოა.
-როგორ გეკადრებათ, ბატონო კომისარო, პანიკა რა კაცის საქმეა?! სწორედ მოსალოდნელი საფრთხისგან თავისა და ქვეყნის დასაცავად მსურს ავტომატის დაჭერა.
-ბატონო სოლომონ, მერწმუნეთ, არ ღირს აღელვება. მყისიერი საფრთხის არსებობის შემთხვევაში, სხვაგვარად წარიმართებოდა ჩვენი საუბარი, მაგრამ აჯობებს ამ ეტაპზე წერა განაგრძოთ.
როგორც მოველოდი, კომისარმა კატეგორიული უარით გამისტუმრა. ამ ფაქტმა კიდევ უფრო დამაღონა და შემაშფოთა. ის ვერ აანალიზებს ვითარების სიმძიმეს.
გავიგე ჩემი მეზობელი, ოთარი ერთ-ერთ დანაყოფში მსახურობს, ვთხოვე მეც მივეყვანე და უპრობლემოდ დამთანხმდა.
კაბინეტში ნიკოტინის სუნით იყო გაჟღენთილი ყველაფერი: ხის ავეჯი, მუქი, სისხლისფერი ფარდებიცა და ორნამენტებით მოქარგული ხალიჩაც. 34-35 წლის კაცი სავარძელში კომფორტულად მოკალათებულიყო, ფეხები სამუშაო მაგიდაზე შემოეწყო. ნამწვავებით დატვირთული საფერფლის გვერდით შპრიცები ეყარა. აბოლებდა და სახეზე უდარდელი ღიმილი დასთამაშებდა. მისი თანამოსაუბრის დანახვამ ძლიერ გამაოცა. პეტრე ხელაძე "აფხაზეთის არხის" ტელეწამყვანი იყო.
-გამარჯობა! - ვეცადე დამეფარა დაბნეულობა.
-გაუმარჯოს! - მომიგო ცინიკურად და ახარხარდა. კაიფში იყო. მისმა თავხედობამ გამაღიზიანა, მაგრამ თავი მოვთოკე. - ...აზრზე ხარ, ტო? ტიპებს ომობანა მოუნდათ - უთხრა გვერდით მჯდომს. პეტრემაც გაუცინა საპასუხოდ, თუმცა სახეზე დაძაბულობა აღბეჭვდოდა - ბაბუ, ბაბუ! - თავი გააქნია და მომიბრუნდა. - რამდენი წლის ხარ?
-37-იანი, 55 წლის ვარ. - მოკლედ ვუპასუხე.
-ამან, რა უნდა გამიკეთოს, ტო?! - ხმაში აგრესია შეერია.
-საინტერესო სახე გაქვთ, შესანიშნავი წერის სტილი, რას იტყვით, ჩემთან - ტელევიზიაში რომ წაგიყვანოთ? - სიტუაციის განმუხტვას შეეცადა პეტრე. ტელეწამყვანის თანაგრძნობამ გამაღიზიანა, მის ხმაში სიბრალული ვიგრძენი და მკვახედ ვუპასუხე.
-ჩემს ქვეყანაში ომია, ჩემი შვილის თანატოლები სისხლიან ბრძოლაში იხოცებიან და თქვენ მთავაზობთ ტელევიზიაში დავჯდე და კამერების წინ ცხელ ჩაისთან ერთად მაყურებელს ყურადღება სულელურ დებატებზე გადავატანინო?!
-ცხელ ჩაისთან ერთად - სულელურ დებატებზე? - დაბნეულმა გაიმეორა ჩემი სიტყვები. - მაოცებს ჟურნალისტისგან ასეთი მსოფლმხედველობა. გგონიათ ტელევიზიაში კომფორტი და სიმყუდროვე გვაქვს ომის დროს? ჩვენს კორესპოდენტებს პირდაპირ საბრძოლო ველზე უწევთ მუშაობა, სამსახურისთვის და ხალხისთვის თავიანთ სიცოცხლეს წირავენ...
მივხვდი ცუდად გამომივიდა.
-დიახ, როგორც თავად აღნიშნეთ, ჟურნალისტი ვარ და შესანიშნავად მესმის მედიის როლი თანამედროვე სამყაროში. ჩემი შეხედულება გაინტერესებთ ჟურნალისტებზე? იყო ჟურნალისტი, ნიშნავს მუდმივად იდგე სიმართლის სადარაჯოზე, როგორც გუშაგი. ეს იგივეა იყო გმირი. მაგრამ, ჩვენს ქვეყანაში, ჯერ კიდევ ცენზურის მარწუხებში მოქცეულებს, გასაქანი არ გვაქვს, ვერ ვასრულებთ ჭეშმარიტ მოვალეობებს და შესაბამისად უფუნქციო მექანიზმად იქცა მედიაც. როგორც სამხედროებს სჭირდებათ ავტომატი საომრად, ისე გვჭირდება ჟურნალისტებს - სიტყვის თავისუფლება საქმის საკეთებლად! ჩემი მსოფლმხედველობა გაოცებთ? თავად როგორ აღიქვამთ თანამედროვე მედიის როლს ჩვენს ეპოქაში? მედია უნდა იყოს ისეთი, როგორიც გგონიათ, რომ არის, მაგრამ ცდებით! - განვაგრძე აღელვებულმა - სწორედ ამიტომ, მე - კაცი, რომელიც მთელი ცხოვრება სიტყვას ემსახურა, კალამს ვღალატობ და მის ნაცვლად სიმართლის, სამშობლოსა და ოჯახის დასაცავად ვიმარჯვებ ავტომატს!
მომეცით დღეს ავტომატი, და თუ ოდესმე გახდება ჩვენი მედია აპოლიტიკური და ობიექტური, სიამოვნებით მოვიმარჯვებ მიკროფონს. როგორც მოგეხსენებათ, ბატონო პეტრე, სწორად შერჩეულ სიტყვას, ტყვიის შეცვლაც კი შეუძლია.
-ვა, ეს რა მაგარი ტიპი ყოფილა, ტო?! - თქვა ისე, ფეხები მაგიდიდან არ ჩამოუღია.
მეეჭვება ამ ხალხთან თანამშრომლობით დიდი საქმე გავაკეთო, თუმცა იმდენად მომნუსხა უმოქმედობამ, ამ ეტაპზე, ესეც მაკმაყოფილებს.
გვიან დავბრუნდი შინ. ვზივარ, ვუყურებ ოჯახის წევრებს: როგორ ლაპარაკობენ, ვახშმობენ, ხანდახან ხუმროენ ან იცინიან კიდეც და არ მესმის რას ამბობენ, ვერ ვხვდები, რა აცინებთ... არ მინდა წარმოვიდგინო, რომ ოდესმე ისინი აღარ იქნებიან ასეთი ლაღები და ბედნიერები. ნატალიას ვთხოვე, ნება მოეცა მუცელზე შევხებოდი. ვიგრძენი როგორ მომიბაკუნა პაწაწინა ფეხი, ან ხელი შვილიშვილმა და საოცარი ემოციებით აღვივსე.
სიცოცხლე ჩემთვის სიკვდილის შემდეგ შვილი და შვილიშვილები არიან. ოდესღაც წავალ ამ ქვეყნიდან, მაგრამ ბედნიერი წავალ, რადგან ვიცი, უკვალოდ არ ჩაივლის ჩემი არსებობა. სიცოცხლეს ჩემს შთამომავლობაში განვაგრძობ, ოღონდ არა ისე, როგორც მანამდე, არამედ - როგორღაც… სხვანაირად...
მგონია, ასაკის გამო დამჩემდა ყველასა და ყველაფრისადმი უნდობლობა, მაგრამ მაინც ვერაფრით ვიძინებ. კახამ დაიჟინა ვიცნობ ამ დოქტორს, თავისი საქმის პროფესიონალიაო, თორემ გადაწყვეტილი მქონდა სხვა კლინიკაში წამეყვანა რძალი.
ქალები უცნაური არსებები არიან, ნაზები, სათუთები, თითქოს მუდმივად დაცვას ითხოვენ და სინამდვილეში გამძლეობის უნარით ვერცერთი კაცი ვერ შეედრება მათ… “ - გულზე ვეება ლოდი დამაწვა, ცრემლები წამსკდა, წიგნაკი დავხურე და საწოლზე დავემხვე…
წვიმა არ წყდებოდა.
წარსულის გახსენება კოსმოსურ ვოიაჟს ჰგავს, მოგონებებიც ვარსკვლავებივითაა, ერთს მეორე მოსდევს, მეორეს - მესამე და ასე გრძელდება მოგზაურობის დასრულებამდე…
სამყაროში არ მეგულება ისეთი მყუდრო, ნათელი და მშვიდი ადგილი, როგორიც ჩემი ბავშვობის სახლი იყო. არასდროს დამავიწყდება ის ენით აუღწერელი არომატი, ეზოში სირბილით დაღლილს კარის გაღებისთანავე რომ შემეფეთებოდა, თითქოს წყალსაც კი სხვანაირი გემო ჰქონდა.
მზის ამოსვლისთანავე იწყებდნენ ნატალია და ნელი ბებო სამზარეულოში ფუსფუსს, საუზმეზე მე და ჩემი უფროსი ძმა - რეზი ერთმანეთის გვერდით ვსხდებოდით, დედ-მამა ჩვენს პირისპირ. ბებია ოჯახის ყველაზე პატარა წევრს, ინესას ართობდა სანამ ჩვენ დავიშლებოდით, ბაბუა კი ნელის ელოდებოდა, რომ მისთვის სუფრასთან კომპანიონობა გაეწია.
სკოლაში მამას დავყავდით. კახა პედიატრი იყო, სამსახურიდან დაბრუნებული ხანდახან პაციენტებს შინ იღებდა. კაბინეტი წიგნებით იყო გადაჭედილი. ჩვენი ოჯახის ბიბლიოთეკაში ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის მოიძებნებოდა წიგნები. ლიტერატურას ადიდებდნენ ოჯახში. დედას ფილოლოგის განათლება ჰქონდა, სოლომონი ჟურნალისტი იყო, ხანდახან მემუარებსა და ნოველებსაც წერდა. ნელიკო ხშირად ამბობდა, თუ თეორიული ცოდნა სიღრმისეული და მყარია - პრაქტიკას არაფრით ჩამოუვარდებაო. კულინარია სწორედ სიღრმისეულად და მყარად ჰქონდა შესწავლილი წიგნების დახმარებით, საოცარი მზარეული იყო.
დღესასწაულებზე ნათესავები ჩვენთან იყრიდნენ თავს, თუმცა სტუმრები არც სხვა დღეებში გვაკლდა. სასტუმრო ოთახში დიდი როიალი იდგა, ახლაც ჩამესმის ინსტრუმენტის ხმა. ოჯახში მხოლოდ დედა უკრავდა, ყველაზე ხშირად შოპენის გაზაფხულის ვალსს აჟღერებდა.
მაშინაც კი, როცა გარეთ ვიყავი ისეთი განცდა მქონდა, როგორიც სახლში.
მე და რეზი საღამოობით, როცა საშინაო დავალებების წერას მოვრჩებოდით ფანჯარას მივუსხდებოდით ხოლმე და მეზობლებს ვუთვალთვალებდით, შებინდებისას განათებული ფანჯრებიდან კარგად ჩანდა უცნობი აფხაზების სახლები. ვუცქერდით უცხო ოჯახებს და მათ შესახებ ისტორიებს ვთხზავდით. მაშინ რეზი 12 წლის იყო, მე - შვიდის. როცა საყვარელი თამაშით ვიყავით გართულები და თან შავ ქლიავს მივირთმევდით, რეზიმ ხელით დამანახა ერთ-ერთი ფანჯარა და მითხრა:
-ხედავ, იმ ქალს? რამდენი ხანია, ბავშვს აძინებს, ალბათ ჭირვეული შვილი ყავს, ან გაზები აწუხებს.
მე უფრო მკვეთრად განათებულ სახლებზე მქონდა ყურადღება გამახვილებული, დედა-შვილის სილუეტი მხოლოდ რეზის რეპლიკის შემდეგ შევამჩნიე.
-სახლში მარტო არიან, მამა ალბათ სამსახურშია! - დავასკვენი და სააკუთარი თავით კმაყოფილმა გემრიელად ჩავკბიჩე ქლიავი.
-დეტექტივებო, მეზობლებზე ჭორაობას აჯობებდა, ხვალისთვის საჭირო ნივთები ჩანთაში ჩაგელაგებიათ. - ჩაერია დედა, ხილის ნარჩენებით სავსე თეფში ფანჯრის რაფიდან აიღო და ურნაში ჩაცალა.
-დედიკო, რეზიკომ მითხრა ბავშვობაში გაზები გაწუხებდაო, - მოვუბრუნდი დედას - ეს რას ნიშნავს? - დედას არასდროს წყინდებოდა ჩვენს შეკითხვებზე პასუხის გაცემა. პირი გააღო, რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ რეზის აღტაცებულმა შეძახილმა შეაწყვეტინა.
-აქეთ მოდით, ამას შეხედეთ! ჩქარა, ჩქარა!
ცაში კაშკაშა სინათლე დავინახე, სინათლე ნელ-ნელა ძირს დაეშვა და ყველაფერი განათდა... სოხუმში ,,გათენდა.“
-ნატა, ნატა! ბავშვები ფანჯარას მოაშორე ნატა! - ყვირილით შემოვარდა ბებია სამზარეულოში, - მოშორდით! - ცალ ხელში ჩემი უნცროსი და, ინესა ეჭირა, მეორე ხელი ჯერ მე ჩამავლო მხარში და მიმიზიდა, მერე რეზის - მაისურში, ორივე კარისკენ გაგვყარა უხეში მოძრაობით და ფარდები ჩამოაფარა. ბებია ასეთი არასდროს მინახავს, შეძრწუნებული იყო, თვალები მღელვარებისგან გაფართოებული ჰქონდა, ღრმად სუნთქავდა, სახეზე ოფლი ასხამდა.
-ნატალია! - ფანჯრისკენ ზურგით დადგა, დედაჩემის სახელს ვედრებით იმეორებდა, თითქოს შველას სთხოვდა, -ნატალია, გვბომბავენ!…
გაგრძელება იქნება