ნოველები

ბალანსის მცველი. VI თავი. უძილო ღამის კოშმარი

ბალანსის მცველი. VI თავი. უძილო ღამის კოშმარი
შავი, რკინის კარი გაიღო და სიბნელეში, ზღრუბლს მიღმა ზაზას სილუეტი გამოჩნდა.

-შემოდი!
შევაბიჯე. მარცხნივ, ძველი ხის პარკეტიდან ორნამენტებით მოხატულ ჭერამდე მუქი წაბლის ფერი კარადა გაჭიმულიყო, საკიდებზე რამდენიმე ქურთუკი ეკიდა, იატაკზე კი ფეხსაცმელები დახვავებულიყო. ის მარჯვნივ წავიდა, მეც გავყევი, კარი შეაღო და მის საძინებელში აღმოვჩნდით.
-არეულობისთვის ბოდიში, დალაგების დრო არ იყო, როგორც კი ჩანაწერები ვიხელთე, მაშინვე დაგირეკე.
-არაფერია, ნუ ღელავ. - გავუღიმე
და ჩანთა საწოლზე დავდე. ხელის გულები გამეოფლა, ვღელავდი.
ზაზა საწერ მაგიდასთან ჩამოჯდა, ლეპტოპი გახსნა და დისკი მოიმარჯვა.

პატარა საძინებელი ერთი უსწორმასწოროდ დალაგებული საწოლით, მომცრო ზომის კარადითა და თაროებით იყო გადატვირთული, რაც სივრცეს კიდევ უფრო ამცირებდა. საწერ მაგიდაზე გადაშლილმა წიგნაკმა, ფურცლებმა, ნაწერებმა და კალამმა მიიქცია ჩემი ყურადღება, მაგრამ იმ მომენტში მთავარ ინტერესის ობიექტზე ვიყავი კონცენტრირებული, ასე რომ ოთახის თვალიერება მალევე შევწყვიტე და საწოლის ქვეშ მიყრილი ორი წყვილი წინდა მაშინღა შევნიშნე, როცა ჩამოსაჯდომი ადგილის ძებნა დავიწყე.
-წავედიი! - ვიღაცამ გვერდით ოთახიდან დაიძახა და კარი გაიჯახუნა.
-მეგონა მარტო იყავი...

-არა, მეგობართან ერთად ვცხოვრობ, ახლა ეჩქარებოდა, მოგვიანებით გაგაცნობ. - მითხრა ისე, ნოუთბუქზე თვალი არ მოუწყვიტავს. კომპიუტერი ჩაირთო ეკრანზე ჩანაწერები სათვალთვალო კამერების ნუმერაციის მიხედვით იყო განლაგებული.
-კარგი, იმ დღეს მუშაობას რვის ნახევარზე ვამთავრებდი... - მაგიდას იდაყვით დავეყრდენი, წინ გადავიხარე, სახით ეკრანს მივუახლოვდი და ანგარიში დავიწყე. - ეს გახსენი, კადრში ტუალეტის კარი ჩანს.
-მეცხრე კამერა... - მაუსს თითით დააწვა.
-არა, რვის ნახევარზე აქ ვერ ვიქნებოდი, გადაახვიე...
დამემორჩილა.

-შეჩერდი! სადღაც აქ უნდა იყოს. - ჩავილაპარაკე და ყურადღება მოვიკრიბე. კარი იღებოდა, იკეტებოდა, ჩანდა როგორ შედიოდნენ და გამოდიოდნენ კაცები. ნაცნობ სილუეტს მოვკარი თვალი, საპირფარეშოში შევიდა... რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ კარი გაიღო, მაგრამ ის ტიპი არ გამოსულა, ეს ვიღაც სხვა იყო... და აი მეც! კართან მივვარდი, ირგვლივ მიმოვიხედე, როცა დავრწმუნდი არავინ მიყურებდა ფეხები გადავაჭდე ერთმანეთს, ელვა შევიხსენი და გახსნილი შარვლით კაცების ტუალეტში შევიჭერი.
-არ არსებობს! - ზაზამ გადაიხარხარა.
-მოკეტე! - ეკრანს თვალს არ ვწყვეტდი. კარი გაიღო და ის ნაცნობი ტიპი გამოვიდა, - დააპაუზე, დააპაუზე ახლავე! -ზაზამ მაშინვე გააშეშა გამოსახულება. თვალებს ვერ ვუჯერებდი, გაოგნებისგან პირი დავაღე. გონებაში ნელ-ნელა ამომიტივტივდა მოგონებები, შეხვედრა საპირფარეშოში, შემდეგ ბართან...

-რა, რახდება? იცანი ვინმე?
უცებ გამახსენდა რომ უნივერსიტეტისკენ მიმავალ გზაზე ეს მწვანეთვალება ტიპი ტრანსპორტშიც გადამეყარა. ნუთუ ეს შესაძლებელია? კი, ის ნამდვილად ამენადიელ ბაგრატიონი იყო! ნეტავ, ასეთ ფულიან ტიპს რა ესაქმებოდა ან მიკროავტობუსში, ან იმ "ქანთრი" ბარში?
-ეს იყო?
ვიგრძენი როგორ ამელეწა ღაწვები. რა უხერხულია, ნეტავ თვითონ თუ ახსოვს გახდილი რომ შევუვარდი ტუალეტში?!
-ჟამიტა! - ფიქრებიდან ზაზას ყვირილმა გამომარკვია. ვერ მივხვდი როდის მივუჯექი გვერდით, მაგრამ იმ მომენტში, როგორღაც ორივე ცალი დუნდულით ერთ სკამზე ვისხედით.
-არა, გააგრძელე. - ამენადიელის გამოსვლისთანავე, ტუალეტში თანმიმდევრობით მსუქანი და დაბალი ტიპები შემოვიდნენ. მალევე გამოჩნდა ზაზაც, ჩემი გამოსვლა და ჩვენი შეხვედრა.
-ბარი რომელი კამერიდან ჩანს ყველაზე კარგად?
-ამმ... - ზაზამ გამოსახულება ჩახურა და ახალი ფანჯარა გახსნა.
-გადაახვიე.
სკამზე ჩამოვჯექი თუ არა, თურმე ერთი სკამის მოშორებით ის მსუქანი ტიპი მომიჯდა და თვალს არ მწყვეტდა. მისგან ზურგით ვიჯექი, ამიტომ ბუნებრივიცაა,რომ ვერ შევამჩნიე. სამაგიეროდ მახსოვს, როცა ამენადიელი მეორედ შევნიშნე. რა უცნაურია, როცა ვუყურებდი, სხვაგან იხედებოდა, მაგრამ როგორც კი თავს გავაბრუნებდი, აშკარად მე მიყურებდა.
-ეს ტიპები, ორივე ხომ შეგხვდა ტუალეტში?
-მმ... როგორც ჩანს, კი. - ვუპასუხე ყალბი გულგრილობით.

მას შემდეგ, რაც გამოჩნდა როგორ მომაწოდა ზაზამ სასმელი და დავრწმუნდი, რომ არაფერი ჩაუყრია, საკმაოდ ხანგრძლივ მონაკვეთს გადახვევით ვუყურეთ. არც ამენადიელი და არც ის ღიპიანი ტიპი, ფეხს არ იცვლიდნენ...
ბოლოს, ჩანს როგორ ვემზადები წასასვლელად, აშკარად გაბრუებული ვარ, ამენადიელს ვეჯახები, ზაზა ბარიდან გამოდის და დახმარებას ცდილობს... სათვალთვალო კამერის მხედველობის არეალიდან ვქრები თუ არა, ამენადიელი მსუქან ტიპს დაჟინებით უმზერს, ისიც არ აყოვნებს და მომყვება. კი, აშკარად მე მომყვება... ამენადიელი თვალს აყოლებს, თავს აქნევს და ფეხზე დგება.
-გარეთ სათვალთვალო კამერა არის?
-კი, გარკვეული ტერიტორია უნდა ჩანდეს, როგორც ვიცი...- თქვა ეჭვით და გამოსახულება ჩახურა.
-ეგაა.
ზაზამ კვლავ გადაახვია კადრი. გამოჩნდა, კართან როგორ დავემშვიდობე და გზას გავუდექი არეული ნაბიჯით.
-მარტო არ უნდა გამეშვი! - გამოსცრა კბილებში.
კადრში ჩემი გამოსახულების გაუჩინარებიდან მალევე, კარი გაიღო მსუქანი ტიპი გამოვიდა, ირგვლივ მიმოიხედა და ჩქარი ნაბიჯით დამედევნა.
-ამის დედაც...
-არ გამორთო! - მაინტერესებდა, კიდევ ვინმე ხომ არ გამოჩნდებოდა, ჩემი ვარაუდი გამართლდა, ამენადიელი გამოვიდა, სიგარეტს მოუკიდა, ირგვლივ მიმოიხედა და ისიც ჩვენი მიმართულებით წამოვიდა, მაგრამ შედარებით ნელა...
რა უცნაურია... მეგონა ჩანაწერების ნახვა გაურკვეველი მდგომარეობით შექმნილი დისკომფორტისგან გამათავისუფლებდა, მაგრამ პირიქით - ყველაფერი ერთმანეთში აირია. ერთი რამ ნათელი იყო - უცნობს მოვეწონე, მთელი დღე თვალს არ მაშორებდა, როგორც კი მარტო და თან არაფხიზელ მდგომარეობაში მიხელთა, დამედევნა თავისი გარყვნილი ზრახვების განსახორციელებლად. მაგრამ ვერაფრით გამეგო რა აკავშირებდა ამ ყველაფერთან არქეოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარეს...

დიდხანს მდუმარედ ვიჯექი, კადრში ზაზას გამოჩენას ველოდი, მაგრამ ამაოდ.
-ვერაფერი გავიგე... - დავიჩურჩულე... იმ მომენტში გავაცნობიერე, რაოდენ უსუსური და მარტოსული ვიყავი, საკუთარი თავი შემებრალა. გულზე ვეება ლოდი დამაწვა, ყელში ბურთი გამეჩხირა, თავი დავხარე, სახეზე თმა ჩამომეყარა და ვიგრძენი როგორ დამისველდა წამწამები... პირველი ცრემლი გზას გაიკვალავს თუ არა სახეზე, ემოციების კონტროლის უნარს სრულად კარგავ ადამიანი. თავი ხელებში ჩავრგე და ავქვითინდი.

-ჟამიტა... - ჩემი სახელი ასეთი სიბრალულით აქამდე არავის წარმოუთქვამს, ახლა უკვე ორივეს გვეცოდებოდა ჟამიტა... თუმცა უნდა ვაღიარო, ეს სიბრალული, ნაწილობრივ თანაგრძნობაც იყო და მე არ უარვყავი...
მერე ყველაფერი სწრაფად მოხდა, ჯერ ნახევრად სკამზე მჯდომარე მის კალთაში აღმოვჩნდი, მერე მისი ბაგეები შემეხო, ამომავალ მზეს კი უკვე სხვისი საწოლიდან შევეგებე...

იცით, რა არის უცნაური? პირველი განცდა, რაც დამეუფლა სიმშვიდე იყო, თუმცა არა ის სიმშვიდე, სიყვარულით წამონთებბული, მონატრებით დატანჯული წყვილის ვნებათა შვებას რომ მოსდევს, არა! მსგავსი არაფერი ყოფილა. საქმე იმაშია, რომ ჩემი მღელვარება მცხუნვარე ასფალტზე დანარცხებული ნაყინივით დადნა, როცა ვიგრძენი ფეხები სისხლით როგორ დამისველდა. ამის გაცნობიერებას დანაშაულის გრძნობა და თვითგვემის ბობოქარი ტალღა მოჰყვა, ჰარმონიული სულიერი მდგომარეობა კვლავ მირაჟივით გაუჩინარდა.
ვუყურებდი ჩემს სარკმელთან მთვლემარე სხეულს და ძილი არ მეკარებოდა. აქამდე არასდროს შემიხედავს მისთვის ამ რაკურსით, პირველად მაშინ შევამჩნიე როგორ უელავდა დაისისფერი წვერი, მანამდე მართლა არასდროს შემინიშნავს რა მკაცრ იერს სძენდა მუქი ხშირი წარბები და რაოდენ ბავშვური, პაწაწინა ცხვირი ჰქონდა. თუმცა, მთავარი მის ვიზუალში, რაც ალბათ ყველაზე მეტად შემიყვარდებოდა ოდესმე რომ მყვარებოდა - ბრჭყვიალა, დაჭორფლილი კანია ცხვირზე და მის გარშემო...
საჩვენებელი თითით ცხვირზე ნაზად შევეხე, მინდოდა რამე მეგრძნო, თუმცა ვერაფერი...
იმედგაცრუებული თვალები ჭერს მივაპყარი...

…მაგრამ, კაცებს ხომ მეტწილად სწორედ უსიყვარულოდ აქვთ სექსი? ისინი ამის გამო, თითქმის არასდროს იდანაშაულებენ თავს... რატომ არ შემიძლია, მეც უბრალოდ მხარი ვიცვალო და ტკბილად დავიძინო? იქნებ, იმიტომ, რომ, თავად მინდა მიყვარდეს ის...
სიგარეტის კოლოფი, სანთებელა და ნამწვებით სავსე საფერფლე ფანჯრის რაფაზე იყო, საწოლიდან წამოვდექი პლედი მოვისხი და ფეხაკრეფით წავედი სარკმლისკენ.

-გღვიძავს? - მომესმა უკნიდან.
-როგორც ხედავ… - ფანჯარა გავაღე, სიგარეტს მოვუკიდე და მოვბრუნდი. გულდაღმა, თვალებდახუჭული იწვა, მარცხენა ხელი ბალიშის ქვეშ ამოედო. - მეგონა გეძინა…
-მეძინა. - გადაბრუნდა, თვალები მოისრისა და საწოლზე წამოჯდა.
-ფხიზელი ძილი გქონია.
-თავგადასავლებისადმი სიყვარულმა ბევრი უნარი შემძინა, ფხიზელი ძილიც ერთ-ერთი მათგანია.
-აჰ, კიდევ, რა უნარები გაქვს?
-სიბნელეში ხედვის, სწრაფი რეაგირების, მოსალოდნელი საფრთხის აღქმის უნარი…
-კარგი რა, - ხმამაღლა გამეცინა.
-რა გაცინებს?
-შენზე მოუხერხებელ ადამიანს, არასდროს შევხვედრივარ…
-ასე გგონია? - ფეხზე წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა.
-ნუთუ ასე მალე დაგავიწყდა, როგორ გავიცანით ერთმანეთი? - ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა და სიგარეტს მოუკიდა.
-არა, ეს სულ სხვა რამეა.
-ზებუნებრივი უნარების მქონე ტიპს მაშინ ნამდვილად არ ჰგავდი, ურიკით რომ ააოხრე მარკეტი - თვალწინ დამიდგა მისი შეშინებული, დაბნეული გამომეტყველება.
-ნათელი ღიმილი გაქვს… - უნებურად ფანჯარაში ჩემს მომღიმარ ანარეკლს შევხედე, უხერხულად შევიშმუშნე.
ანთებული სიგარეტი საფერფლეში ჩავაგდე და საწოლზე ჩამოვჯექი.
-ზაზა…
-გისმენ.
- თავს დამნაშავედ ვგრძნობ.
-რატომ? - მკითხა სერიოზულად, ხმის ტონში კატეგორიულობაც იგრძნობოდა.
-შენ ძალიან სასიამოვნო, საინტერესო ადამიანი ხარ, შესანიშნავად ვატარებთ დროს ერთად… მაგრამ, ვფიქრობ ეს არაა საკმარისი ამ ურთიერთობისთვის.

-ჟამიტა, რატომ ჩქარობ? ყველაფერს დრო გვიჩვენებს.
-დრო მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუმცა არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რასაც თანმიმდევრობა ჰქვია… - თვალს ვერ ვუსწორებდი, მაგრამ ვგრძნობდი მის მზერას, თითქოს ჩემი ფიქრების წაკითხვას ცდილობდა.
-ვფიქრობ, ჩვენ კარგი მეგობრები ვიქნებოდით… - ამოვილუღლუღე და როგორც იქნა, სახეზე შევხედე.
-ნანობ?
“ვნანობ?”, - გავუმეორე საკუთარ თავს.
-მცხვენია…
გვერდით მომიჯდა, ჩემი მტევანი ხელებში მოიქცია, სახესთან ახლოს მიიტანა, მუხლებს დაეყრდნო და ქვემოდან ამომხედა.
-უბრალოდ, არასდროს მიფიქრია, რომ ამას ოდესმე უსიყვარულოდ გავაკეთებდი… ჩვენ ერთმანეთს არც კი ვიცნობთ… გესმის? - წარბებაზიდული მისმენდა, თავს ვერტიკალურად ამოძრავებდა, თითქოს მანიშნებდა, რომ ჩემი ესმოდა. - რომ არ მომხდარიყო ის, რაც მოხდა, ვიცი კარგი მეგობრები ვიქნებოდით… რა იქნება ახლა? არვიცი შემიყვარდები თუ არა, შევძლებთ თუ არა ერთმანეთთან ურთიერთობას, როგორც წყვილი…

-სისულელეა, იდარდო იმაზე რა იქნებოდა ასე რომ არ ყოფილიყო, ან რა აღარ იქნება ისე, როგორც უნდა ყოფილიყო… - ხელზე მაკოცა. -გპირდები, როგორც არ უნდა განვითარდეს ჩვენი ურთიერთობა, ჩემი სახით, ყოველთვის გეყოლება ერთგული მეგობარი…
გავუღიმე.
ჩემს ბაგეებს მოწყვეტილი სიტყვები არაფრით ჰგავდა რეალურ განცდებს, ამიტომ აღარაფერი მითვამს, თავი კალთაში ჩავუდე და გავირინდე.
ჩამეძინა.
-რომელი საათია? - წამოვიძახე ჯერ კიდევ მძინარემ და თვალების გახელა ვცადე.
-თერთმეტის ნახევარია.
ნახევრად გახეილილი თვალებით დავინახე როგორ მომიახლოვდა სილუეტი, საწოლთან რაღაც დადო და საწერ მაგიდას მიუჯდა. თვალები მოვისრისე, ნელ-ნელა ბურუსი მიმოიფანტა და წამოვჯექი. გვერდით მოვიხედე, ფინჯანი რძიანი ყავისა და ორეოს ორცხობილების დანახვამ ღიმილი მომგვარა.
-სადმე გეჩქარება?
-თორმეტ საათზე საელჩოში უნდა ვიყო. - ორცხობილას ვუკბიჩე და ყავა მოვსვი. - მაგრამ ყავის დალევას მოვასწრებ… რას აკეთებ?
-ვწერდი, ვიფიქრე სანამ ძინავს, ცოტას ვიმუშავებთქო. - კალამი დადო და ჩემსკენ შემობრუნდა. - როგორ გეძინა?
-ღრმად… რაზე მუშაობ? - ვკითხე გაკვირვებულმა.
-მოდი, გაჩვენებ. - მითხრა და უჯრიდან ხელთათმანები ამოიღო. ავდექი, პერანგი მოვიცვი და მასთან მივედი.
-ეს რისთვის გჭირდება?
-გახსოვს, ჩერნობილზე რომ გიყვებოდი?
-მაგას რა დამავიწყებს?! თან, თხრობა ისეთ დაძაბულ მომენტში შეწყვიტე, მოვლენების განვითარების ყველა შესაძლო ვერსია განვიხილე გონებაში.
-მართლა? - გაეცინა. რეზინის ხელთათმანები მოირგო, სკამიდან წამოდგა და კარადიდან ლითონის სკივრი ამოიღო.
-აჯობებს ჩაიცვა. - მითხრა და სკივრი საწერ მაგიდაზე შემოდო.
დავემორჩილე, სწრაფად გადავიცვი ჯემპრი და მოვირგე შარვალი.
-როგორც კი გამეღვიძა საათს დავხედე, სარდაფში ბნელოდა, საათის ისრების მდგომარეობა გაჭირვებით გავარჩიე, უკვე დილა იყო, ყველა კუნთი მტკიოდა, ტერფები მეწვოდა.
-სერიოზულად? როგორ შეგეძლოთ დაგეძინათ, როცა რამდენიმე წუთის წინ, გამძვინვარებული მხეცი მოგსდევდათ უკაცრიელ ტყეში?
-ასე მარტივად არაა ყველაფერი. მაშინაც კი სარისკო იყო თავშესაფრის დატოვება, როცა მხეცის ხმა დიდი ხნის მიწყნარებული იყო. - გასაღები სკივრის კლიტეს მოარგო და გადაატრიალა. - ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვის, ემოციური გადაღლილობის შემდეგ უკუნით სიბნელესა და სამარისებურ სიჩუმეში საათობით უმოქმედო მდგომარეობაში ჯდომამ მოგვადუნა და ძილი მოგვგვარა…
ტერიტორიის შესამოწმებლად, პირველი ალექსეი ავიდა. რამდენიმე წუთში გვაუწყა რომ უსაფრთხოდ ვიყავით და ყველანი გავყევით.
წაქცეული ვიტრინის ნამსხვრევებს ფრთხილად გადავაბიჯე, ირგვლივ მიმოვიხედე, შეშის ღუმელთან პირქვე დამხობილი ხის მაგიდის ირგვლივ დახეული, ტყავის სავარძლები იდგა. იქვე “ეგდო” ვეება ხის კარადაც, აღმოსავლეთით, კედელზე რამდენიმე ხატი შემორჩენილიყო, დასავლეთით კი სასტუმრო ოთახს ორი კარი ესაზღვრებოდა, პირველის მიღმა, პაწაწინა სამზარეულო იყო, მეორეში კი - საძინებელი, სადაც ორ ადგილიან და ერთი ადამიანისთვის განკუთვნილ საწოლებს შორის ოჯახის ფოტოსურათებით გადატვირთული ტუმბოები და სარკე იდგა. - სკივრიდან ფრთხილად ამოიღო პოლიეთილენის პარკში გახვეული ვერცხლისფერ ჩარჩოებში ჩასმული ფოტოები. პირველ სურათზე ქერა თმიანი ქალი და შავგვრემანი მამაკაცი იდგნენ ფანჯარასთან, რომლის მიღმაც დასახლებული პუნტქი მოჩანდა. ზაზამ თითით ერთ-ერთ შენობაზე მანიშნა - აქ პრიპიატის საცურაო აუზია, ესენი ლუბა და მისი ქმარი არიან, - ლუბას მოგრძო სახეს დავუკვირდი, თხელ ტუჩებსა და მოკლე რუსულ ცხვირს შორის, ოდნავ მარჯვნივ, პაწაწინა ხალი განსაკუთრებულ ეშხს სძენდა. კამკამა თვალები და ღია ფერის წარბები ფერმკრთალ კანს კიდევ უფრო უნათებდა. თლილი, გრძელი კიდურები და სავსე მკერდი ჩვენი ეპოქის სილამაზის სტანდარტებს ზუსტად აკმაყოფილებდა. მამაკაცს სახეზე ალერსიანი ღიმილის მიუხედავად, როგორღაც, მკაცრი, მტაცებლური გამომეტყველება ჰქონდა. ცოლი დაკუნთულ მკლავებში მჭიდროდ მოექცია. მიწისფერ თვალებში წამონთებული ნაპერწკლების ჩრდილში სქელი წარბები, დაღარული შუბლი და დაბლა დაშვებული, წაგრძელებული ცხვირიც კი ქარიზმატულად გამოიყურებოდა.
- ამ ფოტოზე, მათი შვილი, სვეტლანკაა. - მომდევნო სურათიდან პატარა, გრძელ ნაწნავებიანი ჭრელთვალება სვეტა მომღიმარი სახით ნაყინს შეექცეოდა. გოგონას მზისფერი თმა და თოვლის ფანტელივით თეთრი კანი დედისგან გამოჰყოლოდა, წამწამები ლუბაზე ოდნავ მუქი და მამასავით გრძელი ჰქონდა, სქელი, ლამაზი ფორმის ტუჩები კი ზუსტად მამისა ჰქონდა. სვეტლანკას მიმართ თანაგრძობით განვიმსჭვალვე, იმ სურათის გადაღების დროს, მას წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ელოდა მის ოჯახს, მშობლიურ ქალაქს, თვალწინ ჩამიარა სოხუმში გატარებულმა უდარდელმა წლებმა, თავი შემახსენა მშობლიურ კერასთან განშორების ტკივილმა…
ხელი სურათისკენ წავიღე, ზაზამ გამაჩერა.
-სახიფათოა… ჩერნობილის ზონიდან წამოღებული ნივთები როგორც უკვე გითხარი, რადიაციის წყაროა. - ორი ფოტო კვლავ სკივრში მოათავსა და იქიდან სხვები ამოიღო. შედარებით წამოზრდილი სვეტა საცურაო კოსტიუმით, აუზზე იყო მეგობრებთან ერთად. მომდევნო ფოტოებზე კი მხოლოდ სვეტლანკა და ლუბა იყვნენ, ჩანდა, როგორ იზრდებოდა და იხვეწებოდა სვეტა, თუმცა მამის კვალი აღარსად იყო. - ლუბას მეუღლე, მამუკა ქართველია, როგორც აღმოჩნდა, საქართველოში ცოლ-შვილის მიტოვების შემდეგ დაქორწინდა ლუბაზე და ქალიშვილი შეეძინათ, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ უკრაინული ოჯახი მიატოვა და პირველ ცოლს დაუბრუნდა.
-რას ამბობ?! - გაოცებისგან პირი დავაღე. - ეს ყველაფერი საიდან იცი?
- სოფლის სახლიდან წამოვიღე ფოტოები, პრიპიატში საცურაო აუზთან გადაღებული ფოტო დამეხმარა მათი საცხოვრებელი სახლის მოძებნაში, იქ კი უამრავი რამ შევიტყვე ამ ოჯახზე. ვიპოვე საბუთები, ჩანაწერები, სვეტლანკას დღიურები, წერილები… ახლა, სწორედ ამ ჩანაწერებს ვთარგმნი.
-გენიალურია! აუცილებლად მიიყვანე ეს საქმე ბოლომდე, ნებისმიერი გამომცემლობა დაგიბეჭდავს წიგნად ამ ჩანაწერებს, ეს ხომ უდიდესი მნისვნელობის ისტორიული მოვლენაა?!
-კი, ასეა…
-რა ეტაპზე ხარ?
-თითქმის ყველა ჩანაწერი ვთარგმნე, ახლა ტექსტს საფუძვლიანად ვარედაქტირებ.
-მამუკა? მამუკაზე რა იცი? ხომ შეგიძლია აქ მისი მოძებნა?
-ვიპოვე, ის ახლა 61 წლისაა. რა თქმა უნდა, არ ისურვა წარსულის გახსენება… თურმე, მის ქართველ ცოლ-შვილს დღემდე არაფერი სცოდნია მისი უკრაინული სიყვარულის ისტორიის შესახებ. ეს ფაქტი, ბოროტად გამოვიყენე და ვაიძულე ჩემთან ეთანამშრომლა… ყველაზე დასაყრდენი და საინტერესო, რაც მისგან მივიღე ლუბას წერილები იყო…
-მთელი ეს დრო ინახავდა მის წერილებს?
-კი, გინდა წაგიკითხო?
-ნათარგმნი ვერსია წამიკითხე, თუ შეგიძლია…
-ახლავე. - წამონთებული თვალებით შეუდგა ფურცლების შრიალს, მე საწოლის ბოლოში ჩამოვჯექი და როცა როგორც იქნა, სასურველი მონაკვეთი იპოვა მაგიდაზე დაჯდა და კითხვას შეუდგა:
“ყოველ ჯერზე, როცა სარკმლიდან შემოსული მზის სხივები მორიგი უშენო დღის დადგომას მაუწყებს, თვალებს ვხუჭავ და ვიმედოვნებ, რომ ამ საზარელ რეალობას წყვდიადი შთანთქავს და განვლილი დღეები კოშმრად იქცევა, ღამის კოშმრად, რომელიც გაღვიძებიდან რამდენიმე წამში დავიწყებას მიეცემა, შენ მოხვალ ჩემთან, გულში ჩამიკრავ და სევდით დანამულ ქუთუთოებს დამიკოცნი… მოხვალ და ნაზად მეამბორები.
ყოველ ჯერზე, მარტოობის სუსხით გაჟღენთილ განთიადს იმედგაცრუებით გაფერმკრთალებული დაისი მოსდევს და შენ კვლავ შორს ხარ, კვლავ არ მოდიხარ, სხვას ეხვევი და ეამბორები…
გული მტკივა, რომ შენ ვერ ხედავ სვეტა ყოველ დღე როგორ იზრდება, იხვეწება, ლამაზდება…
გული მტკივა, რომ ვერ გხედავს, ენატრები, სჭირდები და მის ცნობიერებაში დღითი დღე უფერულდები…
გული მატკინა შენი ახალი ოჯახის ხილვამ,
გული მტკივა, რომ ვერ გავბედე ახლოს მოსვლა, თვალებში ჩახედვა და შეფურთხება…
გული მტკივა, რომ მთელი ეს დრო ტყუილში ვცხოვრობდით…
გული მტკივა, რომ იმ სიძულვილმა, რაც შენი “ახალი” ცოლის მიმართ ვიგრძენი, საკუთარი თავი შემაძულა.
გული მეტკინა, რადგან მიღალატე და ვიფიქრე თუ არა, ამაზე უარესი აღარაფერი მოხდებოდა,
გული მეტკინა, რადგან თურმე, ქალი, რომელთანაც შენს ცოლს ღალატობდი, მე ვყოფილვარ…
გული მტკივა, რადგან ჩემი სიყვარული გააცამტვერე,
გული მტკივა, რადგან მეზიზღები.
გული მტკივა, რადგან არაკაცი ხარ!
მაგრამ, მიმიფურთხებია ყველაფრისთვის, რადგან ყველაზე მეტად, შენი მონატრება მტკივა…
დამიბრუნდი,
სიყვარულით ლუბა”…

გაგრძელება იქნება
წაიკითხეთ წინა თავი
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
ეკა
ძალიან საინტერესოდ წერთ, საოცრად აღწერთ ყველა დეტალს, ყოჩაღ ავტორს, წარმატებები
12:34 / 09-09-2019
გამოხმაურება / 0 /
ნინიკო
ამ გოგოს დიდი მომავალი აქვს, როგორც მწერალს.
22:17 / 13-07-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93