ბორტგამცილებლის თავაზიანი ღიმილი, ღვედის შეკვრა, ოფლიანი ხელისგულები, გახშირებული სუნთქვა, მაგრად დახუჭული თვალები, თავბრუს ხვევა... ვწყდები მიწას, ვარღვევ ატმოსფეროს და ვიჭრები უსასრულო სივრცეში…
ბასების ექო დამქანცველი ღამის შემდეგ კვლავ ჩამესმის, გამოფიტული ძვლების ტკივილი მოსვენებას მაკარგვინებს, დახუჭული თვალებით მოციმციმე შუქებს ვხედავ… ვცდილობ, თანმიმდევრულად აღვიდგინო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ხმაურიანი ღამის მოგონებები:
ახალი ნაცნობები, მიწისქვეშეთი, უცნაური ქმნილებები, სიცივე, არაამქვეყნიური ხმა, პანიკა, ქაოსი, გაქცევა, დაუსრულებელი კიბე, ბნელი ლაბირინთები, ისევ კიბე, ვერცხლისფრად მოკაშკაშე მთვარე, დამრეცი ტალახიანი ბილიკები და უსწორმასწორო გზებზე გაქროლებული MITSUBISHI-ს ძველი მოდელი.
-ეს რა იყო? - საქარე მინიდან შემოღწეულ მთვარის სინათლეზეც ვარჩევ მადონას სახეზე აღბეჭდილ შიშს.
- მოკეტე! - უყვირის კესო წინა სავარძლიდან - შენი ხმის გაგონება არ მინდა! ისე მოიქეცი, თითქოს არც არსებობ! გესმის? კმარა!
- სად მივდივართ? - კოტე საჭეს მართავს.
- ვერ დაინახეთ? - მადონა ლაპარაკს არ წყვეტს - შენ ხომ დაინახე? ვერ დაინახე? ვიცი, შენც შეხედე! მიპასუხე! - ისტერიკულად უმეორებს ნანას.
- მე მარტო შენი მორიგი უნიჭო სპექტაკლი ვნახე!
- ზაზა?! - იმედიანი თვალებით შესციცინებს, ის კი ზედაც არ უყურებს.
- ჟამიტა, შენც ვერაფერი დაინახე? - იმედგაცრუებულ თვალებს დაბლა ხრის. მერე სახე უნათდება და განაგრძობს - ხმა ხომ გაიგონეთ?!
ეჭვნარევი დუმილი გამბედაობას მატებს.
- გეფიცებით, დავინახე, რაღაცამ თუ ვიღაცამ როგორ ჩაიარა.
- იმ ქილებში რა არსებები იყო? - ვეკითხები კონსტანტინეს, - აქამდეც გინახავს? რომ დაინახე, გავიგონე, რაღაც თქვი.
- ჩუპაკაბრა? - კითხულობს უემოციოდ. - რთული სათქმელია, რა იყო. მე უბრალოდ ვიზუალურად ლეგენდარულ არსებას მივამსგავსე, რომლის არსებობასაც ბიოლოგები და მკვლევარები არ ადასტურებენ. გადმოცემის თანახმად, ის ცხოველების სისხლით იკვებება. ამბობენ, რომ ძირითადად თხებზე ნადირობს. მისი სახელწოდებაც აქედან გამომდინარეობს. სიტყვა-სიტყვით, ჩუპაკაბრა ესპანურად “თხის მწოვს” ნიშნავს…
- ის საშინელი ხმა თქვენც გაიგეთ, ყველას შეგეშინდათ, ერთმანეთს ასწრებდით! - მადონა კვლავ პანიკაშია.
- ხმა გავიგეთ, ნამდვილად უცნაური იყო, მაგრამ სპეციფიკური აკუსტიკაც გასათვალისწინებელი ფაქტორია. - მშვიდად, თითქმის უემოციოდ საუბრობს კონსტანტინე. - შეიძლება ღამურა დაინახე, არ ვიცი… მაგრამ ყველაფერი, რაც გააკეთე, ალოგიკური, ბავშვური და გამაღიზიანებელი იყო. შეუმოწმებლად და შეუთანხმებლად არასდროს ვიღებთ გადაწყვეტილებებს, შენი იმპულსურობითა და წინდაუხედაობით საკუთარი თავის გარდა, ხუთი ადამიანი ჩაგვაგდე საფრთხეში. იმ ორმოში არასდროს ჩავსულვართ, არავინ იცის, იქნებ მართლაც დაინახე რამე ან ვინმე. ის ტერიტორია არაა შესწავლილი. წარმოდგენა არ გვაქვს, რამხელაა, სხვა შესასვლელი ან გამოსასვლელი თუ აქვს, გამორიცხული არაფერია! ნებისმიერ შემთხვევაში, კმაყოფილი უნდა იყო, რადგან შენი ჭირვეულობის მიუხედავად, ცოცხლები, უვნებლები და თავისუფლები ვართ!
ტალახიან გზას უკან ვტოვებთ, გზატკეცილზე გადავდივართ.
- არ აღვნიშნოთ? - სარკიდან ვხედავ, ცალი ულვაშის ბოლო ეპრიხება, იღიმის.
თვალებს ვახელ და ილუმინატორს მიღმა, ვცდილობ, უსასრულობას გავუსწორო მზერა. სინათლე თვალებს მიწვავს, მაგრამ ტკივილს არ ვეპუები. ვფიქრობ, ლურჯი ყველაზე კაშკაშა ფერია მთელ გალაქტიკაში. თეთრ ღრუბლებს ზემოდან დავცქერი და ცნობიერი კვლავ წინა ღამის თავგადასავლებს მახსენებს. გონებაში “მთვრალი თამაშები” ამოტივტივდა:
პატარა ბინის ფანჯრიდან მთვარით განათებული ქალაქი მოჩანს. დაბალი, მრგვალი მაგიდის გარშემო ვსხედვართ. ჩვენ წინ სავსე ჭიქები, კარტოფილის ჩიფსები, გადატვირთული საფერფლე და სასმელებია. მუსიკა დაბალ ხმაზეა ჩართული.
- მოწევ? - მეკითხება მადონა და მაწვდის ბოთლს. დეჟა ვუ. ამჯერად, როგორღაც არ მიბღვერს, მეტიც, მეჩვენება, რომ მიღიმის.
მხრებს ვიჩეჩავ, ვყოყმანობ.
- რა, არასდროს მოგიწევია?
- მე არასდროს მომიწევია მარიხუანა, - ვამბობ გამარჯვებული გამომეტყველებით. ყველა სვამს.
- ძალას არ დაგატან, თუმცა ვფიქრობ, უნდა სცადო… - თვალს მიკრავს.
მადონას ვართმევ ბოთლს. ნაფასი ყელს მიწვავს და ვახველებ.
-დალიე. - კონსტანტინე ჭიქას მაწვდის. არაყის გემო არ მომწონს და სახე ზიზღისგან მემანჭება.
- მე არასდროს მქონია ინტიმური ურთიერთობა ქალთან, - ამბობს მადონა და სხვები სვამენ. თავბრუ მეხვევა, სხეული მიბუჟდება.
- მე არასდროს მიკოცნია ზაზასთვის, - ნანა ეშმაკურად იღიმის. მე და მადონა ვსვამთ, ვუყურებთ ერთმანეთს, მერე - ზაზას. ვაცნობიერებ სიტუაციის პარადოქსულობას. ალბათ თავს უხერხულად უნდა ვგრძნობდე, მაგრამ ვიცინი, არა - ისტერიკულად ვიცინი! მერე სხვებიც მყვებიან და თავს ვეღარ ვაკონტროლებ. ეს უჩვეულო, ყველაზე ხანგრძლივი სიცილია ჩემს ცხოვრებაში.
- პირველი ფრენაა? - ფიქრებიდან მამაკაცის ხავერდოვანი ხმა მარკვევს.
- კი, აქამდე არასდროს ვყოფილვარ საზღვრებს გარეთ…
- დარწმუნებული ვარ, ეს დღე ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოგონებად იქცევა თქვენთვის.
- ვგრძნობ, არა მარტო ეს დღე, არამედ - ეს მოგზაურობა იქნება დაუვიწყარი.
- ნამდვილად. - მიღიმის - თუმცა მზად უნდა იყო სირთულეებისთვის…
წინა რიგიდან უცნობი ქალების დიალოგი ყურს მჭრის.
- …წაიბილწა ერი, წინასწარმეტყველება სრულდება, ბოლო ჟამი ახლოვდება! - ამბობს ერთი წვრილი, წკრიალა ხმით.
- ახლოვდება? განა რა უნდა მოხდეს ამაზე უარესი?! სტიქიური კატასტროფების შემაძრწუნებლად გაზრდილი რაოდენობა, ურწმუნოება, გაუტანლობა, განელებული სიყვარული, გარყვნილება! - პასუხობს მეორე, უფრო პათეტიკური ტონით.
- ყოველთვის ხდებოდა უბედური შემთხვევები, იყვნენ გარყვნილებიც და ნარკომანებიც, მაგრამ ასე უშიშრად, ასე თავხედურად მოქცევას ჩვენ დროს ვერ ბედავდნენ! მაშინ უფრო იყო სიყვარული, პატივისცემა, თავმდაბლობა… - გამეღიმა, მხოლოდ თავმდაბალ ადამიანს შეუძლია, კუთვნილებით ფორმაში მოიხსენიოს ისეთი აბსტრაქტული და ამოუცნობი ცნება, როგორიცაა დრო. - რას ჰგვანან, პატრონი არ ჰყავთ?! როგორ დავიჯერო, ოჯახში თითო საღად მოაზროვნე არა ჰყავთ, რომ გონს მოიყვანონ და დაუშალონ ეს უმსგავსობა.
- არ იშლიან - ერთი უბედურება, მაგრამ არც რიდი აქვთ და არც ნამუსი, გამოსულან ქუჩაში დღისით, მზისით და იმანჭებიან უშნოდ! "განმრავლებითა უსჯულოებისაჲთა განჴმესსიყუარული მრავალთაჲ”… - პირჯვარს იწერენ.
… უხერხულად ვიშმუშნები.
- დროულად წამოვედით, ქალაქში ისეთი ამბავია, კარგი არაფერი მოხდება… - ამბობს მარჯვენა რიგში მჯდომი ლაშა-გიორგი. თავს მისკენ ვაბრუნებ. გვანცა ქვევიდან დამცინავად უყურებს. ეს გოგო მომწონს.
წინა ღამით “მთვრალი თამაშების” შემდეგ კესოს სახლიდან ალკოჰოლით გაბრუებულები ღამის კლუბში წავედით. ელექტრონული მუსიკის მოყვარულთა რიგებში დიდხანს მოგვიწია ცდა. ხალხმრავლობაში ვერ შევნიშნე, ზაზა სად ან როდის წავიდა, თუმცა მალევე დაბრუნდა და ხელი ჩამჭიდა.
- მოიტანე? - ყურში ჩასძახა კესომ.
- კი.
- რა მოიტანე? - ვკითხე გაკვირვებულმა.
- ჩშშშ! - თავი გააქნია და ირგვლივ მიმოიხედა.
უკნიდან ვიღაც მთელი სხეულით ისე ძლიერად მაწვებოდა, ჩემ წინ რომ ორი “ახმახი” ყმაწვილი ერთმანეთზე მჭიდროდ მიკრული არ მდგარიყო, უთუოდ წავიქცეოდი. თავი ფრთხილად მოვაბრუნე და დაბალი, შავთმიანი ბიჭი დავინახე: ყბებს ისე უმოწყალოდ იქნევდა, წამით საღეჭი რეზინი შემებრალა. ჩემზე ზეწოლას ყოველგვარი რიდისა და დანაშაულის გრძნობის გარეშე განაგრძობდა, კისერი წაეგრძელებინა და მსხვერპლის დასაჭერად გარინდული, დამშეული ნადირის თვალებით იყურებოდა დაცვის თანამშრომლებისკენ. წინ მე ვედექი და როგორც უკვე აღვნიშნე, სიმაღლე არ აძლევდა საშუალებას, ვერ შევემჩნიე, თუმცა, ჩემდა გასაოცრად, ახერხებდა და არ მიმჩნევდა. ზაზას ხელს ვუჭერდი, მეშინოდა, ერთმანეთი არ დაგვეკარგა.
-კევი გაქ? - მკითხა ჩემგან მარცხნივ მდგომმა მომღიმარმა გოგონამ. წარბზე ვერცხლისფერი პირსინგი ეკეთა, ჩემსავით ხორბლისფერი თმა დაუვარცხნელად, მსუბუქად ჰქონდა დამაგრებული.
- როგორც მახსოვს, კი. - გავუღიმე და დიდი ძალისხმევის შედეგად, ჯიბიდან ამოვიღე საღეჭი რეზინის გახსნილი შეკვრა. - აიღე.
- აუ, მადლობაა! - ორი ბალიში დაიტოვა, დანარჩენი უკან დამიბრუნა და თავის მეგობრებს მიუბრუნდა. - აუ, ახლა გახსნილი მთელი ღამე აქ უნდა ვიდგე?
მაისურში მოულოდნელად წვიმის წვეთი შემიცურდა. არასასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. მალევე რამდენიმე უკმაყოფილო შეძახილი ჩამესმა წვიმასთან დაკავშირებით და ძლიერმა ბიძგმა წინ გამტყორცნა. ზაზას მოვწყდი, თავი ვერ შევიკავე და ზღურბლს გადავცდი.
- უკან დაიხიე! - მიბრძანა დაცვის თანამშრომელმა.
- მაპატიეთ, უკნიდან ძალიან მაწვებოდნენ და თავი ვერ შევიკავე. - მოვუბოდიშე და სანამ უკან, თავდავიწყებისადმი ლტოლვით გამძვინვარებულ ბრბოში შერევას უშედეგოდ ვცდილობდი, ქალის ენერგიული, გადაღლილი და ამავდროულად, მკაცრი ხმა მომესმა:
- გრძელთმიანი გოგო შემოუშვი!
დაბნეული გამომეტყველებით შემოვბრუნდი. ვარდისფერთმიანი ახალგაზრდა ქალი შესასვლელთან, შემაღლებული ადგილიდან აძლევდა მითითებებს ფორმიან მამაკაცს.
- ლურჯი ქურთუკით, სწრაფად! - მე მიყურებდნენ.
- მე?
- ხო შენ! დროულად, სანამ გადავიფიქრე!
- პირადობა მომაწოდე! - სწრაფად ხელი ჯიბეში ვიტაკე და დახეული, გახუნებული ყავისფერი საფულიდან სამარცხვინო სურათით დაუშნოებული იდენტიფიკაციის ბარათი ამოვიღე.
- შედი. - გზა დამითმო. არ ვიცოდი, თანხა სად ან რამდენი უნდა გადამეხადა და თან ვცდილობდი, დაბნეულობა არ შემემჩნია. გაუბედავად გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი ჯიხურისკენ, რომელიც მოკლე შესასვლელი კორიდორის ბოლოში იდგა. ზაზას გავხედე. ტუჩების მოძრაობით მივხვდი, შესასვლელთან დამელოდეო, მომაძახა.
- ის საქონელი არ შემოუშვა, შავი ჟაკეტი რომ აცვია! ნუ დაყოვნდებით, ვისაც თანხმობა გაქვთ, სწრაფად შედით! - ქოთქოთებდა ვარდისფერთმიანი. - რას ელოდები? დროულად, გადაიხადე ფული და შედი.
- მეგობარს დაველოდები, თუ შეიძლება, მალე შემოვა!
- არავის არ დაელოდები, რომ ვამბობ - შენ შედი, შედი და გაეცალე აქაურობას!
იღბალს მივენდე და მორჩილად გავეცალე იქაურობას. ჯიხურთან უკვე ისმოდა მუსიკის ხმა. შიგნით ახალგაზრდა, სუსტი ბიჭი იჯდა. ხელი გამომიწოდა და პირადობა მივეცი.
- ეს რა არის? არა, თანხა მომაწოდეთ. - გამიღიმა.
- ა, რამდენი?
- ერთად გადავიხდი. - ზაზას ხმის გაგონებაზე შვებით ამოვისუნთქე. გვერდით ამომიდგა, ქაღალდის კუპიურა სწრაფად მიაწოდა მოლარეს. ვერ დავინახე, რამდენი გადაიხადა, ხურდა არ დაუბრუნებიათ.
- მზად ხარ? - მხრებზე შემომხვია ხელები და შევედით.
აღმავალი კიბის 8 საფეხური უკან მოვიტოვეთ. გზას მივიკვლევდით ნიკოტინით გაჟღენთილ ბეტონზე ჩამომსხდარ მომღიმარ ახალგაზრდებს შორის და მუსიკის ხმა უფრო და უფრო მატულობდა. კიდევ ერთ კარს გავცდით, სიბნელეში დაბლა დავეშვით და მზის ამოსვლამდე უკვე მეორედ ვეწვიეთ მიწისქვეშეთს. ის, რასაც დინამიკების ღრიალში მოციმციმე სინათლეზე კლუბური ცხოვრების მოყვარულები აკეთებდნენ, დღის შუქზე უაზრო რხევად, უშინაარსო როკვად აღიქმებოდა. თუმცა, ამის გაფიქრება ვერ მოვასწარი, ისე შემოიჭრა ჩემში ბნელი ბგერები და გარემომ შემისისხლხორცა. რიტმს მხრები ერთი მსუბუქი მოძრაობით ავაყოლე თუ არა, მტკნარ წყალში დაგუბებული ბაქტერიებივით მიძინებული განცდები ამეშალა, შიგნიდან ძლიერი ტალღა წამოვიდა და ავინთე, ზუსტად ისე, როგორც პროჟექტორებმა გაანათა არემარე. ვერ მივხვდი, როდის დავტოვე სხეული, მაგრამ აშკარად ასტრალში ვიყავი. ჩემი ტანი ზუსტად ისე ჰყვებოდა უხეშ, გამომწვევ ჰანგებს, როგორც ხის ტოტებზე გამოკიდებულ მწვანე ფოთლებს არხევენ ქარები. გარშემო ყველაფერი ერთ მთლიანობად იქცა, რომლის ცენტრადაც საკუთარი თავი მესახებოდა.
კმაყოფილი, ღიმილით გაბადრული სახე წინ წამოსწია.
- მოგწონს?
- ცეკვა სხეულის ენაა. - ეს ვუთხარი უფრო მეტად ჩემს თავს, ვიდრე ზაზას. ახალი აღმოჩენით გაკვირვებულმა, არც მეტი, არც ნაკლები - ძალა ვიგრძენი.
- გავედით, - საიდანღაც მადონა გაჩნდა. ზაზამ ხელი ჩამჭიდა და უსიტყვოდ გავყევით.
- დანარჩენები სად არიან, ყველა შემოუშვეს? - ვკითხე ხმამაღლა.
- კოტეს გარდა, ყველა.
ტუალეტს კარი არ ჰქონდა. შიგნით წარმოუდგენელი სიბინძურე და ცხადია, საშინელი სუნი იდგა. ყველა კაბინა დაეკავებინათ და არც რიგებში იყო ნაკლები ხალხი.
მადონამ ბოლო კაბინაზე დააბრახუნა. კარი კესომ და ნანამ გაგვიღეს.
- შემოდით!
როგორღაც დავეტიეთ ყველა ერთად, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა, რატომ.
- კარგი, და აქ რას ვაკეთებთ?
პირველად შევამჩნიე ზაზას წელის ჩანთა. არ მახსოვდა, როდის გაიკეთა. როცა ელვაშესაკრავი გახსნა და ვარდისფერი აბები ამოიღო, მივხვდი, რატომ გაუჩინარდა გარეთ და რის მოტანაზე ელაპარაკებოდა კესო. არ ველოდი, შემეშინდა.
სამივეს დაურიგა, თითო აბი, ნანას წყლის ბოთლი გამოართვა, გადაყლაპა და მომიბრუნდა.
- გინდა?
- კი! - წამოვიძახე და ხელიდან გამოვგლიჯე. ჯანდაბა, ნუთუ ეს მე ვიყავი?!
ყოველგვარი ფაქტის შესწავლის, მოსალოდნელი საფრთხის გაანალიზებისა და ფიქრის გარეშე გადავყლაპე გაურკვეველი, უსუნო და უგემური ნივთიერება. ჩემივე უჩვეულო იმპულსურობით განცვიფრებულმა ბოთლი არ მახსოვს, ვის მივაჩეჩე. ინსტინქტურად მარჯვენა ხელი ტუჩებზე ავიფარე, საკეტი ელვის სისწრაფით გადავწიე და შეშინებული გავიქეცი. რთული სათქმელია, რომელ ჟამიტას გავურბოდი - რომელმაც საფრთხეში ჩამაგდო თუ რომელიც მიწყრებოდა, მაგრამ ფაქტი იყო ცალსახა და ნათელი - საკუთარი თავისგან გავრბოდი, ის კი ყველგან იყო. დროის შეგრძნება დავკარგე. ბოლოს, როცა სირბილი მომბეზრდა, შინაგანი ხმების ჩასახშობად ხმაურიან საცეკვაო მოედანს შევაფარე თავი. ვცეკვავდი მთელი არსებით, გაშმაგებული… შორიდან მესმოდა, როგორ ცდილობდა ზაზა გაერკვია, სად ვიყავი, თავს ცუდად ხომ არ ვგრძნობდი, მაგრამ კბილები ისე მაგრად მქონდა შეკრული, ლაპარაკს ვერ ვახერხებდი და საპასუხოდ სხეულის ენას ვიყენებდი, მგრძნობიარეს და მოქნილს. ზაზამ პირში საღეჭი რეზინი ჩამტენა და ყბებითაც ვიგრძენი რიტმი. მერე საიდანღაც კოტეც გამოჩნდა, ჩემ წინ იდგა. მის სახეზე ემოცია პირველად შევნიშნე, თითქოს ბედნიერი იყო. ვროკავდი დიდხანს, ჰორიზონტალურად, ვერტიკალურად, ღრმად, მძიმედ და მსუბუქად. ვიცლებოდი დალექილი ემოციებისგან და ნელ-ნელა მაღლა მივიწევდი.
მუსიკა შეწყდა.
საიდანღაც იარაღიანი და ფორმიანი კაცები შემოიჭრნენ.
გასროლის ხმას კივილი და გინება მოჰყვა.
დეჟა ვუ: მიწისქვეშეთში კვლავ ქაოსი გამეფდა.
ვერ გამეგო, გავქცეულიყავი თუ დავმორჩილებოდი თავდამსხმელებს, ან საერთოდ რას ითხოვდნენ?! ჩემკენ მომავალი ორი ნიღბიანი დავინახე. ტერორისტებს ნამდვილად არ ჰგავდნენ, მკლავზე რაღაც ნიშნები ჰქონდათ… მიახლოვდებოდნენ. ადგილზე გავიყინე. ერთ-ერთმა უხეშად მკრა ხელი და ძირს დავენარცხე. ზაზასკენ მივბრუნდი იმის იმედით, რომ წამოდგომაში დამეხმარებოდა, თუმცა მას თავად სჭირდებოდა შველა - ის ორი დაკუნთული პოლიციელი, რომლებმაც რამდენიმე წამის წინ წამაქციეს, ზაზას ბორკილებს ადებდნენ. მესამემ ჩანთა მოაგლიჯა წელიდან და დიდ გამჭირვალე პოლიეთილენის პარკში მოათავსა. მადონამ დაიყვირა და ერთ-ერთ მათგანს მხრებზე შემოახტა. ის ცალი ხელით ძირს ჩამოაგდეს და ზემოდან წიხლი ჩაარტყეს. ამის დანახვით შეძრწუნებულმა ზაზამ გაიბრძოლა, მაგრამ ვიღაცამ უკნიდან ხელკეტი ჩაარტყა და ის ტკივილისგან ჩაიკეცა. მადონას მივვარდი, წამოდგომაში მივეშველე. ფეხზე დგომა უჭირდა. მერე ზაზასკენ წავედი. ხელის ერთი მოძრაობით ჩამომიშორეს გზიდან და სადღაც წაათრიეს. არც რამის გაკეთება შემეძლო და არც უმოქმედობა, ავედევნე… ყველა სადღაც გარბოდა, მეც გავრბოდი, ვეცემოდი, ფეხზე ვდგებოდი და სვლას განვაგრძობდი. მალე ამბოხებულ ბრბოსთან ერთად გარეთ აღმოვჩნდი. ზაზას ვეძებდი, არსად ჩანდა. ჩემგან რამდენიმე ნაბიჯში კესო შევნიშნე. თვალი მის სასოწარკვეთილ მზერას გავაყოლე და დავინახე, ზაზას და ვიღაც შავთმიან გოგოს როგორ ტენიდნენ ავტომობილში. სულ მალე ეს მანქანა ალყაში მოექცა, მუსიკის ხმა გაისმა და ყველა აცეკვდა…
ცეკვავდნენ, მაგრამ არა მხიარულად, არამედ - მძიმედ, შეუპოვრად, მრისხანედ.
მანქანასთან მიახლოება ვცადე თუ არა, სროლა ატყდა. მოცეკვავეების ნაწილი მიმოიფანტა, ნაწილი კი პოლიციის მანქანამ მარტივად დაარბია და სიჩქარეს უმატა…
წაიყვანეს… დამარცხებული, იმედგაცრუებული, დანაშაულის გრძნობით გამსჭვალული გავყურებდი გაქროლებულ მანქანას და არაფერი შემეძლო.
უცებ სევდა ბრაზმა შეცვალა. მუსიკა ზუსტად გამოხატავდა ემოციურ მდგომარეობას. ბასების რიტმი იმდენად ორგანული იყო, თითქოს გული გამოსცემდა ამ ხმებს. მას შემდეგ, რაც პროტესტანტებს შევუერთდი, ისღა მახსოვს, რომ ვცეკვავდი. ვცეკვავდი გაშმაგებული და დამძიმებული, იქამდე, სანამ გაუცხოებული მზის სხივები სიბნელით დაქანცულ თვალებს ამიწვავდა და მიწაზე დამაბრუნებდა…
გაგრძელება იქნება