“…დიდი დომინანტი ალფა მამრი მეწყვილის მოსაპოვებლად თავის ძალას იყენებს, მაშინ, როდესაც პატარა მამრები იპარებიან ალფა მამრის ტერიტორიაზე და ფარულად ამყარებენ კავშირს მდედრებთან. ”
სიერანავადის მთებში, ლა-საბიკას ბორცვიდან მთელ ქალაქს ამაყად გადმოჰყურებს “წითელი სასახლე”. თითქოს აქ დროის დაუნდობელმა ბორბალმა შუა საუკუნეებში შეწყვიტა ბრუნვა. მავრიტანული პერიოდის ხელოვნების მწვერვალი შთანთქავს მისი სიდიადით თავბრუდახვეულ მნახველებს და შორეულ წარსულში, ანტიკურ ეპოქაში ახეტიალებს. დეკემბრის სუსხმოსილი მზით განათებული ცა კონუსისებურ სვეტად ჩამოგრძელებული შვერილების, “სტალაქტიდების” მსგავსმა თაღებმა შეცვალა, ლა-საბიკას ზღაპრული ხედები კი - რთული გეომეტრიული ფიგურების ფორმებად დაწყობილმა ფილებმა, მუქ ტონში გადაწყვეტილი მობათქაშებული კედლებისა და დაბლა, უფრო მკვეთრი ფერების კომბინაციამ… და როცა უკვე ლურჯი ცა კომარესის მოვარდისფრო-ოქროსფერი, 45 მეტრის სიმაღლის კოშკის ფონად წყალსატევის სარკისებური ზედაპირის ანარეკლიდან დავინახე, აქ თითქოს დედამიწამ ბრუნვა ჯერ შეწყვიტა, მერე კი უკუსვლით განაგრძო… უცნაური გარდატეხა მოხდა ჩემში. სამყარო ორ განზომილებად დაიყო - ალჰამბრა და ალჰამბრას მიღმა. წამით ყველა მოგონება გრანადამდე სიზმარივით გაუფერულდა. აწმყო მირტის ეზოს გახსნილ და განათებულ სივრცეს ჰგავდა, რომელთან შედარებითაც, მოპირდაპირე მხარეს კომარესის კოშკის თაღოვანი გასასვლელი, ისევე, როგორც ჩემი წარსული, დაჩრდილული და ნახევრად ბნელი იყო.
თვალწინ ესპანელებისა და არაბების წინაპართა აჩრდილებმა ჩამიქროლეს… რა დაუჯერებლად წარმოუდგენელია, რომ ოდესღაც, უამრავი საუკუნის წინ აქ უძველესი ეპოქის შვილები დააბიჯებდნენ. ისტორიის ნაწილი ვერასდროს გავხდები, მაგრამ ერთ დღეს მეც აუცილებლად წარსულად ვიქცევი, შესაძლოა, ვიღაცის მოგონებადაც კი…
კომარესის სასახლის გვერდით, მომცრო შადრევნის გარშემო განსაკუთრებული, ნახევრად ძვირფასი მარმარილოსგან გამოკვეთილი 12 ლომის ფიგურა სხივურად იყო განლაგებული.
- …როგორც ხედავთ, ალჰამბრა მთელ ქალაქს გადაჰყურებს, რაც მისი ლოკაციის სტრატეგიულობაზე მიუთითებს. ეს ფაქტი ამტკიცებს, რომ ამ ტერიტორიაზე მუსლიმთა მოსვლამდე იყო ნაგებობები. - გიდი ახალგაზრდა ქალი იყო, კარამელისფრად შეღებილი თმით, კაუჭივით ცხვირითა და მოგრძო თვალის ჭრილით. - ჯერ კიდევ რომის ეპოქამდე ააგეს სიმაგრე ილბირა (ესპანურად - ელვირა). XI საუკუნეში კი უკვე ნახევრად დანგრეული სიმაგრე შეაკეთა გრანადის ემირმა - ზირიდების დინასტიის წარმომადგენელმა ბადის იბნ ჰაბუსმა. თუმცა ნასრიდების დინასტიის გაბატონებამდე ალჰამბრა უბრალოდ გამაგრებულ კვარტალს წარმოადგენდა. - ხელოვნური თხრობის მანერა ჰქონდა, თუმცა შესანიშნავი ინგლისური აქცენტი, ყოველი შემთხვევისთვის, ბევრად უკეთესი, ვიდრე ადონსიას. - 1238 წელს მუჰამედ I იბნ ნასრმა, მეტსახელად ალ-ახმარმა, ანუ წითურმა, გრანადა მურსიის ემირს წაართვა. ალ-ახმარი ქალაქში ელვირას ალაყაფიდან შევიდა და ქალაქის მცხოვრებთა მისალმებაზე - “კეთილი იყოს შენი მობრძანება, ალაჰის წყალობით გამარჯვებულო!” - გამუდმებით პასუხობდა - “არ არს გამარჯვებული, ალაჰის გარდა”. ეს სიტყვები მის მიერ დაარსებული ნასრიდების დინასტიის დევიზად იქცა. ნასრიდების პირველმა ამირამ ლა-საბიკაზე სამთავრობო რეზიდენციის აგება 1239 წელს დაიწყო.
სასახლეთა კომპლექსის აგება განაგრძო ალ-ახმარის ვაჟმა და მემკვიდრემ, მუჰამედ II-მ. იუსუფ I-ის ეპოქაში აშენდა კომარესის სასახლის კოშკი, ხოლო მუჰამედ V-ს დროს აიგო ლომების ეზო, ცალკე გამოიყო ალკასაბას ციტადელი და მედინა - საცხოვრებელი უბანი ამირას სასახლით. მუჰამედი თავად ხელმძღვანელობდა მშენებლობებს, ესაუბრებოდა არქიტექტორებს, მხატვრებსა და მუშებსაც კი, მონაწილეობდა ბაღების დაგეგმარებაში. - ის წინ მიგვიძღოდა, თან საუბრობდა, ჩერდებოდა და კვლავ განაგრძობდა სვლას. - ლომების ეზოს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს “ორი დის სასახლე”. ლეგენდის მიხედვით, აქ ცხოვრობდნენ და აღესრულნენ პატიმარი ქრისტიანი დები, რომლებიც თავიანთ შეყვარებულებს დააშორეს.
-“უყურე წყალს და შენ ვერ გაარჩევ, წყალია წყნარი თუ მარმარილო მიედინება”, - ჩამჩურჩულა ამენადიელმა ქართულად. - წარწერა შადრევანზე ასე ითარგმნება. მავრები შადრევნებს, ხელოვნურ რუებსა თუ წყალვარდნილებს არქიტექტურის ბუნებრივ ნაწილად მიიჩნევდნენ. სიერა-ნევადის თოვლიანი მწვერვალებიდან უხვად მომდინარე წყალი უდიდესი ფუფუნება იყო უდაბნოს ცხელ ჰავას მიჩვეული ადამიანებისთვის.
- ლეგენდის თანახმად, სწორედ 12 ლომს ეჭირა სოლომონის ტახტი და ამის შესახებ სულთან მუჰამედ ალ-განის აცნობა მისივე ვეზირმა, წარმოშობით ებრაელმა იბნ ნაგრელამ. მანვე ურჩია შადრევნის გარშემო 12 ლომის ფიგურის დაყენება, რომლებიც აქ ალბუიეინის ძველი სასახლიდან გადმოიტანეს. ამ მოსაზრებას მეცნიერები არ ეთანხმებიან და მიიჩნევენ, რომ ლომები შადრევანთან გაჩნდნენ მხოლოდ XVI საუკუნეში, ანუ გრანადის დაცემის შემდეგ, თუმცა ისტორიკოსებიცა და ხელოვნებათმცოდნეები მიიჩნევენ, რომ მოჩუხჩუხე შადრევნის გარშემო განლაგებული ლომები მრავალ საიდუმლოს ინახავენ. - განაგრძობდა თხრობას ჩვენი წინამძღვარი.
- საშობაოდ მოიფიქრე, ვისთვის აპირებ საჩუქრის შერჩევას? - მკითხა ამენადიელმა.
- არა, ამაზე არ მიფიქრია…
- “ჩუქების სურვილი" (სული) უძველესი ტრადიციაა ესპანეთში. თითოეული ესპანელი თავს ვალდებულად თვლის, რომ ამოიცნოს იმ ადამიანის გუნება-განწყობილება, ვისაც უპირებს საშობაო საჩუქრის გაკეთებას.
- საინტერესო ტრადიციაა, აქამდე არასდროს მსმენია. - მომნუსხველი მზერა ჰქონდა. ისე ველაპარაკებოდი, თვალს ვერ ვუსწორებდი. - თუმცა ადამიანის გუნება-განწყობილების ამოსაცნობად ძალიან დიდი დროა საჭირო, რამდენიმე დღეში ეს, ვფიქრობ, შეუძლებელია.
- ცხადია, მაგრამ საჩუქრის ჩუქების ხიბლი ხომ შერჩევის სირთულეში მდგომარეობს? შეიძლება თავსატეხს თავი ვერ გაართვა, თუმცა მთავარია, სცადო.
- შენ ვისი სული უნდა ამოიცნო საშობაოდ, მოიფიქრე?
- მოვიფიქრე, მაგრამ ვერ გეტყვი. - თავი მარჯვნივ გადახარა და ცალყბად გამიღიმა. უცებ მისი განიერი მხრები უჩვეულოდ მიმზიდველი მომეჩვენა. ვერაფრით მოვიფიქრე, ხელები სად წამეღო. უხერხულად შევიშმუშნე.
უკნიდან ლაშა-გიორგის ხმა მომესმა.
- მაჰმადიანი დამპყრობლები ყოველი გამარჯვების შემდეგ ბაღებს აშენებდნენ. ისინი ბუნებას დიდ პატივს სცემდნენ. თანამედროვე თუ ძველ აღმოსავლურ ლიტერატურაში ხშირად გვხვდება ბუნება, როგორც სიწმინდის, ამაღლების სიმბოლო. - ვიღაცას ან ვიღაცებს ამაყად უზიარებდა ცოდნას. - იცოდით, რომ პირველად ზებუნებრივი არსება მუჰამედს მთის წვერზე გამოეცხადა?! მას მუჰამედისთვის უბრძანებია: "იკრა!", რაც პირდაპირ იკითხება, როგორც "წაიკითხე", თუმცა ამ სიტყვის არაერთი განსხვავებული ინტერპრეტაცია არსებობს. გერმანელი მეცნიერი შპრენგერი ვარაუდობდა, რომ სიტყვით - "იკრა'!" მუჰამადს იუდეველთა და ქრისტიანთა საღვთო წერილების წაკითხვა უბრძანეს…
- სამოთხეს ყურანი აღწერს, როგორც მშვენიერი ჰურიებით სავსე ბრწყინვალე სასახლის ირგვივ აყვავებული ხეების დიდებულ ბაღს, რომლებშიც მოედინება წყაროები, შადრევნებიდან კი მოსჩქეფს ღვინო, რძე და თაფლი. - გავიგონე, როგორ დაეთანხმა ადონსეა. მაღალი ხმის ტემბრითა და რაღაცნაირი, ბრძნული ლაპარაკის მანერით ვიცანი.
- გიორგი, შენ ყველაზე ღირსეული კონკურენტი ხარ, დანარჩენებთან შედარებით - ხმადაბლა, რუსულად უთხრა ნასტასიამ ლაშა-გიორგის - აი, ის ორი კი, არც კი მესმის, აქ საერთოდ რატომ არიან.
დე-ჟავუ, მსგავსი შინაარსის სიტყვები აქამდეც გამიგია, მაგრამ მაშინ მე პასიური თანამოსაუბრე, ანუ მსმენელი ვიყავი და არა ობიექტი, რომლის მიმართულებითაც იყო რეპლიკა მიმართული. ვერ გამიგია, კონკურენცია უბინდავს ადამიანებს გონებას თუ მორალური პრინციპები უქვეითებს ბრძოლისუნარიანობას? ან იქნებ ორივე და თუ ასეა, კონკურენტუნარიანი გამორიცხვის პრინციპების მიხედვით, განადგურდებიან ისინი, ვისაც ნაკლებად შესწევთ ბრძოლის უნარი, ადაპტირება კი ამორალური სტრატეგიით მებრძოლებს ხვდებათ წილად.
სანამ გიორგი უპასუხებდა, წარმოვიდგინე, რა უზადო თვითკმაყოფილებით გაბადრული გამომეტყველება ექნებოდა იმ წამს.
- იამოკო! იამოკო! მიშველეთ! წყალი! - გვანცას ყვირილზე ყველანი უკან მოვბრუნდით. ფერმკრთალი იამოკო ნახევრად უგონო მდგომარეობაში გვანცას მხარს ჩამოყრდნობოდა. შეშინებულმა სხარტად მოვიხსენი ზურგჩანთა, წყლის ბოთლი ამოვიღე და ოთახის მეზობლებისკენ გავიქეცი.
- რა ხდება? რა დაემართა? - კითხულობდა სალომე.
- იამოკო, კარგად ხარ? სადმე დავსვათ, იამოკო! - თვალები უკან გადაჰქონდა, თითქოს პასუხის გაცემას ცდილობდა და მეტყველების უნარი დაჰკარგვოდა. წყალი ხელზე გადავისხი და სველი მტევანი სახეზე მოვუსვი. ყველა ჩვენ ირგვლივ შემოიკრიბა. ჯეკ სმითი გვანცას შეეშველა. ბოთლი ბაგეებთან მივუტანე. წყალი გადმოიღვარა. იამოკომ იგრძნო სისველე და ცოტათი მოღონიერდა, ხელით ბოთლს მოებღაუჭა და წყალი დალია თუ არა, თვალები - მეტყველი, ღაწვები კი ჩვეულებისამებრ, აყვავებული ატმის ყვავილის ფერის გაუხდა. ნელ-ნელა ძალა მუხლებშიც დაუბრუნდა.
- იამოკო?!
- კარგად ვარ. - ამოილუღლუღა და ძალდატანებით გაგვიღიმა.
- რა დაგემართა? ადრეც მოგსვლია ასეთი რამ? შეძლებ სიარულს? - კითხვები მიაყარა გვანცამ.
- არ ვიცი, გულის რევის შეგრძნება მქონდა და… მერე უცებ ჩამობნელდა…
- შეიძლება გადაიღალე. ჯერ კიდევ აკლიმატიზაციის პროცესში ხარ. - განუმარტა სალომემ.
- არა უშავს, უკეთ ვარ. თქვენ განაგრძეთ დათვალიერება, მე სადმე ჩამოვჯდები, დავისვენებ და გარეთ დაგელოდებით.
- მარტო ვერ დარჩები.
- ჩვენც დავრჩებით იამოკოსთან. - ვუთხარი სალომეს და მეგობარს მარჯვნივ ამოვუდექი.
- კარგი, გოგონებთან მე დავრჩები, - ამენადიელიც შემოგვიერთდა. - დანარჩენებს შენ გაყევი და აბენსერჰავის დარბაზიდან როცა გამოხვალთ, ვფიქრობ, იამოკოც უკეთ იქნება, ხენერალიფის დასათვალიერებლად რომ წამოვიდეს...
- კარგი, მოგწერ, როცა გამოვალთ.
ცოტათი გული დამწყდა, მაგრამ თავი იმით ვინუგეშე, რომ ყველაფერი წინ იყო, უამრავი დრო მექნებოდა აქ დასაბრუნებლად და თუნდაც, თავიდან დასათვალიერებლად. მე და გვანცამ იამოკოს ხელ-მკლავი ამოვდეთ და ამენადიელს გავყევით. იქვე, სკამებზე ტურისტები ისხდნენ, ფოტოაპარატებსა და მობილურებს ჩასჩერებოდნენ, ღირსშესანიშნავ ადგილებზე გადაღებულ ფოტოებს ათვალიერებდნენ. გოგონები დასხდნენ, გვანცამაც ვირტუალურ სამყაროში გადაინაცვლა. ამენადიელი გვერდით მედგა, მე კი გარშემო ვაცეცებდი ცნობისმოყვარეობით წამონთებულ თვალებს.
- გადმოცემის თანახმად, “აბენსერჰავის დარბაზში” სისხლიანი მკვლელობები მოხდა 1482 წელს, როდესაც თავისი შვილისთვის ტახტის კონკურენტების ჩამოსაცილებლად, სასტიკმა მმართველმა სასახლეში ტახტის კიდევ 36 პრეტენდენტი მიიწვია. შეხვედრა “აბენსერჰავის დარბაზში” მიმდინარეობდა და ჯალათმა ყველას ყელი გამოსჭრა. - ამენადიელმა ქართულად უპასუხა ჩემს გაუჟღერებელ შეკითხვებს.
- ადამიანებს თავი ცხოველებზე უკეთესები ტყუილად ჰგონიათ. სამყარო ისე დაუნდობლადაა მოწყობილი, ყველა ცოცხალი არსება იბრძვის, დაწყებული ერთუჯრედიანი ორგანიზმებიდან, დამთავრებული მხეცებით. იძულებულნი ვართ, ვიბრძოლოთ, რადგან თუ ბრძოლას შევწყვეტთ, შევწყვეტთ სიცოცხლეს, არსებობას… სიცოცხლე ბრძოლაა გადარჩენისთვის!
მაგრამ გიფიქრია ოდესმე, რა არის გადარჩენა? ყველაზე უარესი ისაა, რომ ცხოველები საკვების მოსაპოვებლად, სიცოცხლის შესანარჩუნებლად იბრძვიან, ადამიანები კი - დიდებისთვის!
- შიგასახეობრივი ბრძოლა განსაკუთრებული სიმძაფრით გამოირჩევა. სამყარო ასეა მოწყობილი. მთავარი არ არის თავდაპირველი საფუძველი, საბოლოოდ მაინც ნებისმიერი სახეობა საერთო ინტერესების, მწირი რესურსებისთვის იბრძვის.
- ჰო, მაგრამ ჩვენ ხომ ინსტინქტებზე მაღლა უნდა ვიდგეთ? თავს განვითარების უმაღლეს საფეხურზე მდგომ არსებებად მივიჩნევთ და რატომ არ შეიძლება ჭიანჭველებივით, ფუტკრებივით, ლომებივით ან მაიმუნებივით ურთიერთდახმარებით ვიმოქმედოთ? არ მესმის, ხომ შეგვიძლია ერთობლივად ვიბრძოლოთ გადარჩენისთვის? ადამიანებს რომ თანადგომა და გუნდური მუშაობა შეეძლოთ, ალბათ, წინ ვერაფერი აღუდგებოდათ.
- ჭიანჭველების ბუდე საკვების მოპოვებაზეა ორიენტირებული, ლომების პრაიდი - მტრის დამარცხებასა და ნადავლის მონადირებაზე; ბევრი მაიმუნი ერთად ჯოგია, ადამიანების ჯგუფს კი რა ჰქვია? - ცალი წარბი მაღლა აზიდა და თავისსავე დასმულ შეკითხვას უპასუხა - ბრბო. ბრბო რასთან ასოცირდება შენთვის? ძალასთან? ერთობლიობასთან? თანადგომასთან?
- ქაოსთან…
- ზუსტად. ხალხს ყოველთვის სჭირდება ლიდერი. ლიდერობა უკვე თავისთავად პრივილეგიაა და აქედან იწყება ბრძოლა დიდებისთვის.
- დღეს კაცობრიობა დაუმარცხებელი და დიდებული იქნებოდა, ომი რომ არ ყოფილიყო.
- ჩვენს წინაპრებს რომ არ ეომათ, დღევანდელი დღე ალბათ საერთოდ აღარ იარსებებდა. ადამიანები გამრავლდებოდნენ, მათ მცირე მასშტაბის სტიქიები ვერ შეაჩერებდათ და დედამიწას ისე დაალპობდნენ, როგორც მატლები ვაშლს; ისე გაღრღიდნენ, როგორც მუმლი - მუხას და საბოლოოდ, უკანასკნელ თაობას ან შიმშილი და კანიბალიზმი მოუღებდა ბოლოს… ან განადგურებული პლანეტა იძიებდა შურს კაცობრიობაზე. აპოკალიფსი სიცოცხლეს ისე ააორთქლებდა მზის სისტემიდან, თითქოს არც არასდროს უარსებია.
ომი აბალანსებს!
- თუ ასეა, საერთოდ რისთვის ვიბრძვით?
- გადარჩენისთვის…
იამოკო გამოკეთდა, ჯგუფის დანარჩენ წევრებს შევუერთდით და მწვანე მცენარეებით გარე სამყაროსგან სრულიად იზოლირებული ბილიკები ხენერალიფის ბაღამდე ფეხით გავიარეთ. გზაში იმდენჯერ გავჩერდით, ფოტოაპარატების ჩხაკუნის ხმა უკვე მაღიზიანებდა. ნასტასია ყველა ფოტოს ლაშა-გიორგიზე მიხუტებულ პოზიციაში იღებდა, მაგრამ ზღაპრულად მყუდრო და ინტიმური გარემო ისეთ ჰარმონიულ განწყობას მიქმნიდა, ყველაფერი ნეგატიური გაფიქრებისთანავე მავიწყდებოდა.
- წარმომიდგენია, ზაფხულში და გაზაფხულზე რა თვალისმომჭრელი სილამაზე იქნება. - ამოვილაპარაკე აღტაცებულმა.
- ვერ წარმოიდგენ, შეუძლებელია! ეს უნდა ნახო. - მიპასუხა სალომემ. - გაზაფხულზე აქ ფერთა ზეიმია, ბუნების დღესასწაულია. ზაფხულის ცხელ დღეებში ხენერალიფის სიმწვანეში ხეტიალი ნამდვილი მედიტაციაა, შვებაა!
ხენერალიფის ბაღში შადრევნებიდან არ მოსჩქეფდა ღვინო, თაფლი და რძე, მაგრამ გარშემო ყველაფერი ზუსტად ისე გამოიყურებოდა, როგორც სამოთხე ჩემი ღრმა ბავშვობის წარმოდგენებიდან. მას შემდეგ, რაც დედამიწაზე ჯოჯოხეთი ვნახე, აღარ მჯერა ალტერნატიული სამყაროს არსებობისა. სამოთხე აქაა, ჯოჯოხეთიც, ჩვენს სიცოცხლეში, ჩვენს პლანეტაზე…
- ჟამიტა, აქ მოდი. - მითხრა გვანცამ ისე, თავი ტელეფონიდან არ ამოუწევია და თავად მოვიდა. - ნახე, …ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციების დღეს დაკავებულ პირებს 11 და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. პროკურატურის განცხადებით, სასამართლომ დაადგინა, რომ დაკავებულები უკანონოდ ასაღებდნენ სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ საშუალებას კლუბის ტერიტორიაზე… - რაღაც სიბრალულივით სევდიანი და თვითგვემასავით უხეში შემოიჭრა ჩემში და სმენა დამებინდა, მეტყველების უნარი დამეკარგა. - ორ პირს, გ.მ-სა და ა.ნ-ს 11 წლამდე, ხოლო ზ.ბ-ს 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ…
დავდუმდი.
***
ალბაისინის ქუჩებში ბნელოდა. ოთახში სიჩუმეს მხოლოდ გვანცასა და იამოკოს სუნთქვის ხმა არღვევდა.
სახლში მინდა…
საწოლიდან ფრთხილად წამოვდექი, ფეხის წვერებზე შემდგარმა გავიკვლიე გზა კარადამდე. გამოვაღე, დავიხარე და ბაბუას დღიური მოვიმარჯვე. გვანცამ მხარი იცვალა. ფანჯრის რაფაზე ჩამოვჯექი. სარკმლიდან მთვარის შუქი იღვრებოდა ოთახში. სქელყდიანი წიგნაკი წითელი ლენტის სანიშნით გადავშალე და კითხვა განვაგრძე:
“…ნელი დაბადებისთანავე დაობლდა, დედა მშობიარობას შეეწირა. მამამისი მარტოობას ვერ შეეგუა და მალევე მოიყვანა მეორე ცოლი. დედინაცვალმა შვილივით მიიღო პატარა ნელიკო და ცდილობდა, მისთვის უდედობით გამოწვეული სევდა შეემსუბუქებინა...
დანაშაულის შეგრძნებამ და სიცარიელემ დაისადგურა მისი გულის იმ უბანში, რომელშიც ჩვეულებრივ დედაშვილური სიყვარული საზრდოობს და სასიცოცხლოდ აუცილებელ ენერგიას გამოიმუშავებს. ყმაწვილქალობის პერიოდში, როცა თაყვანისმცემლები გარს შემოეხვივნენ ისე, როგორც ფუტკრები ყვავილის ნექტარს, საკუთარ თავში ჩაიკეტა და ახლოს აღარავის იკარებდა.
გაკვეთილზე ვიჯექი და ფანჯრიდან გავცქეროდი ხედს, როცა ნელი პირველად შევამჩნიე. ფიზკულტურის გაკვეთილი ჰქონდა. მისი ჯგუფელები დარბოდნენ, ზოგი ჩოგბურთს თამაშობდა, ზოგი კალათბურთს, თავად კი მოწყენილი იჯდა ხის მორზე და სახეს მზეს უშვერდა. წამით მომეჩვენა, თითქოს ირგვლივ ყველაფერი ბურუსმა მოიცვა. გამოიკვეთა მხოლოდ მის ყვრიმალებზე არეკლილი მზის სხივები და ვარდის ფურცლებივით ხასხასა, გლუვი ბაგეები... წარბები მაღლა აეზიდა, წამწამები კი დაბლა დაეშვა. ნეტავ როგორი თვალები აქვს-მეთქი, გავიფიქრე და ვეცადე, წარმომედგინა, თუმცა, ამაოდ... ყმაწვილურმა ჟინმა შემომიტია, დაუოკებელი სურვილი გამიჩნდა, მისი სახე ხელებში მომექცია და თვალებში ჩამეხედა...
დავინახე, როგორ მიუახლოვდა თანაკლასელი ბიჭი. არ ვიცი, მათ შორის რა დიალოგი წარიმართა, მაგრამ გოგონას გაბრაზება დაეტყო სახეზე და მხარი იცვალა. ვაჟი ჯგუფელებს შეერია, თუმცა თვალს არ აშორებდა ნელის. შემდეგ ბურთის კენკვით, უკუსვლით მიუახლოვდა გოგონას და თითქოს შემთხვევით ბურთი უკან, პირდაპირ ნელისკენ ისროლა. ნელის ცხვირიდან სისხლი წასკდა. მასწავლებელმა დაზარალებული ორ თანმხლებთან ერთად მედდასთან გაუშვა. გაკვეთილების დამთავრებას დაველოდე და ნოდარ ტყებუჩავას ჩავუსაფრდი. სკოლის ეზოდან გამოვიდა თუ არა, გვერდით ვიხმე და პასუხი მოვთხოვე მომხდარის გამო. განაცხადა, გამიზნულად არ მისვრია ბურთი, უბრალო შემთხვევითობის ბრალი იყოო. საბაბს ვეძებდი, რომ კარგად მიმებეგვა, მაგრამ თავი დაიძვრინა და მისი სიმხდალით გაწბილებული დავრჩი.
მეორე დღეს სკოლის დერეფანში მოვკარი თვალი. თმა უკან გადაეწია და მჭიდროდ შეეკრა. ისეთი ნაზი და ნატიფი მეჩვენა, მომინდა, მთელი ცხოვრება მის კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვაში გამეტარებინა. უკან გადავარცხნილ თმაში კარგად უჩანდა ოქროსფრად მოელვარე თვალები, რომელთა მსგავსი ჩემს სიცოცხლეში არ მენახა. მას შემდეგ ყოველდღე სკოლისკენ ბედნიერი მივეშურებოდი. ემოცია მარტომ ვეღარ დავიტიე და რამაზს გავანდე გულის ნადები. აღმოჩნდა, ისიც ჩემს დღეში ყოფილა. თავდავიწყებით შეყვარებოდა შორენა ვადაჭკორია. შორენა სუსტი, ჭორფლიანი, მწვანეთვალება გოგონა იყო. როგორც მოგვიანებით გავიგეთ, ნელის ჯგუფელი ყოფილა. თურმე ნელიკო შორენას გარდა არავისთან მეგობრობდა.
21 მარტი იყო, დათოს დაბადების დღეს აღვნიშნადით. შებინდდა. ჯგუფელები დაიშალნენ, მხოლოდ მე, რამაზი, ლაშა და დათოღა შემოვრჩით.
- მოდით ამ სასმისით... -წამოიწყო ტრადიციულად ლაშამ - იმ გრძნობას გაუმარჯოს, თავს რომ დაგაკარგვინებს და გაგაგიჟებს, ათასგვარ სისულელეს ჩაგადენინებს და გაგაბედნიერებს. - მთელი ეს პათეტიკა სხვა დროს სასაცილოდაც არ გვეყოფოდა, მაგრამ ალკოჰოლი მეტად რომანტიკულ განწყობაზე გვაყენებდა და სიმთვრალეში ბუნებრივიც კი იყო სენტიმენტალური ფილოსოფიები... ლაშამ ჭიქა მაღლა აღმართა - იმ გრძნობას გაუმარჯოს, ვარდისფერ ბურუსს რომ გადაგაკრავს თვალებზე და ცხრა ცით აგამაღლებს! - გაინაბა საკუთარი მჭევრმეტყველებით კმაყოფილი და დაამატა - ერთი შემთხვევითი შეხვედრისთვის ცხრა მთას რომ გადაგატარებს! - თვალწინ დამიდგა ნელიკოს სახე და გული ამიჩვილდა.
- ასეთ დღეში ვინ ჩაგაგდო, არ გვეტყვი? - გაეცინა დათოს.
- არავინ, დავით, არც არავინ და მაგიტომაც ვარ დარდიანი...
- შენ, მე მგონი, სიყვარული შეგყვარებია! - წამოიძახა რამაზმა და გადაიხარხარა.
- რაცაა და როგორცაა, ასიანში კი მოარტყი! - დაიმორცხვა რამაზმა...
- შორენა?! - ჩაეკითხა დათო.
თავი დაუქნია რამაზმა.
- აუ! დამთავრებული ამბავია! - წერტილი დაუსვა ლაშამ, ჭიქა მიიყუდა და ერთ ამოსუნთქვაზე გამოცალა. - მერხეულში წავიყვანოთ!
*
სკოლის ჭიშკართან გაჩერებულ მანქანაში ვისხედით და შორენას ვუთვალთვალებდით.
- მოდის, მოდის! - წამოიძახა რამაზმა.
- მარტოა? - ვკითხე გულის ფანცქალით.
- აუ, არა...
მივიხედე, ნელისთან ერთად მიუყვებოდა გზას.
- გაყევი... - ვთქვი თავდაჯერებულმა. ლაშამ მანქანა დაძრა.
- მარტო რომ არ დატოვოს, მერე რა უნდა ვქნათ? - იკითხა ლაშამ.
- ნელიკოც წავიყვანოთ. - მოკლედ მოვუჭერი.
- რაო? მერე უკან მივაბრუნოთ? - ნერვიულად გადაიხარხარა რამაზმა.
- არა, მე მომყავს ცოლად!
- მოიცა, მოიცა, აქ რა ხდება? - დაიბნა ლაშა.
- სოსოს ნელი უყვარს. - აუხსნა რამაზმა. ამ ლაპარაკში გართულები გოგონებს ისე დავეწიეთ, ვერც კი მივხვდით.
- მიდი! - დავიძახე და სუნთქვა შემეკრა.
- წავედით! - კარები გაიღო ორივე მხარეს, ავტომობილი გაჩერდა, თუმცა ძრავა არ გამორთულა. შორენა გვეწინააღმდეგებოდა, სახეზე დამკაწრა კიდეც. მე და დათოს გაგვიჭირდა მისი აწევა, მანქანაში ძლივს ჩავტენეთ. დაბნეული და გაფითრებული ნელიკო კი ერთი მარტივი მოძრაობით შემოსვა რამაზმა.
გოგონები შუაში მოვაქციეთ და მერხეულისკენ გავეშურეთ...
22 მარტი იყო...
*
შორენას გავლენიანი მშობლები ჰყავდა, მოძებნეს და უკან დააბრუნეს. მეგობრის სევდიანმა ამბავმა ჩემს ბედნიერებას სხივი დაუკარგა. თუმცა დავპირდი, რომ საყვარელი ქალის დაბრუნებაში დავეხმარებოდი. ქალის დაბრუნება რამდენად იყო ჩემი დამსახურება, ვერ ვიტყვი, თუმცა მართლაც მიმიძღვის წვლილი მათი ოჯახის შექმნაში - 2 წლის შემდეგ რამაზსა და შორენას ერთად გაპარვაში დავეხმარე.
ნელის მშობიარობის ძალიან ეშინოდა და ამის მიზეზიც ჰქონდა. სამზარეულოში მჭადებს აცხობდა, როცა მოულოდნელად მშობიარობა დაეწყო. გაზქურაც არ გამოგვირთავს, ისე გავიქეცით ექიმთან.
არაადამიანურ ხმებს გამოსცემდა, ტკივილისგან ყელ-კისერი დაძარღვოდა, ღაწვები გაფერმკრთალებოდა, ტუჩებს იჭამდა და თითებით ხან დალალებს იქაჩავდა, ხან მკერდს იხოკავდა. არასდროს მენახა ასეთი გატანჯული ადამიანი. როგორც კი ოდნავ მიწყნარდებოდა, მის ხელს მეც ზუსტად ისე ვიჭერდი, როგორც მოგვიანებით (დღეს საღამოს) კახა - ნატალისას. რას არ მივცემდი მაშინ, მის ნაცვლად მე რომ განმეცადა ის ტკივილები... ნეტავ, ასეთი უსუსური და სუსტი არსება როგორ უძლებდა ამხელა ტკივილს. ვუყურებდი და ღმერთს ვევედრებოდი, ჩემს ცოლს დედამისის ბედი არ გაეზიარებინა. აღარ მანაღვლებდა შვილი, არ მადარდებდა არავინ და არაფერი, ნელის გარდა, მაგრამ ჩემი კაეშანი არაფერს ცვლიდა. კახას დაბადებამდე გვერდიდან არ მოვშორებივარ... ექთნები ჩემზე ჩურჩულებდნენ, ექიმები გაკვირვებულები მიყურებდნენ. დიდი კრიტიკა დავიმსახურე ამის გამო, დიდხანს ლაპარაკობდნენ, რა კაცის საქმეა ამისთანა რამეების ყურებაო. ყველას გიჟი ვეგონე.
ყველაზე საოცარი დედის გარდასახვა იყო შვილთან შეხვედრის შემდეგ... ერთ წამს მეგონა, ვეღარასდროს ვნახავდი მის სახეზე ღიმილს და მოულოდნელად ისე დათბა და გაბედნიერდა, თვალებს ვერ დავუჯერე. რა უნდა იყოს ამაზე ჯადოსნური და მისტიკური სამყაროში?!
17 სექტემბერი, 1992 წელი
"გოგოა, გოგოა!!!", - ბავშვის დაბადება გვაუწყა ბებიაქალმა და შვებით ამოვისუნთქე.
დღეს მესამე შვილიშვილი შემეძინა. ისეთი პატარაა, ხელში დაჭერას ვერ ვბედავ.
ინესა შონია - ლამაზი, უმწეო გოგონა, ბედნიერების სურნელით.
მის დანახვაზე კახას ჩვილობა მომაგონდა, მერე რეზიკო და ბოლოს ჟამიტა. ღმერთო ჩემო, თითქოს გუშინ იყო... რა სწრაფად გადის დრო?!
მალე ინესაც დიდი გოგონა იქნება, ისიც წავა ბაღში, შემდეგ - სკოლაში, მერე მასაც ეყოლება შვილები, ასეთივე პატარები და ზღაპრულები. საოცარია სამყარო…”
კანკალმა ამიტანა. ცოტა ხნის წინ გაფერმკრთალებული მოგონებები კვლავ ჩამუქდა, გაბობოქრდა, აიზვირთა და შორს გამიტაცა… გინახავთ ჯოჯოხეთი დედამიწაზე? იცით, იქ რა ხდება?
ირგვლივ ყველგან სიკვდილია, ზღვა სისხლისფერია, ცა - ტკივილის… ალისფერი სეტყვა, შიშისფერი ტყვიები… ეს დასასრულია, სამყაროს დასასრული... მაგრამ ოდესღაც დასასრულიც მთავრდება და ყველაფერი თავიდან იწყება…
მამა ისე წავიდა, არც კი დავმშვიდობებივარ. ბოლოს რომ ვნახე, ლაბრაში ვიყავით, ბაბუდასთან, სოფელში. ხის სახლში, მეორე სართულზე “შუშაბანდებიან” ოთახში ვიწექით მე და რეზიკო. ის ოთახში მომღიმარი სახით შემოვიდა. მაშინ ვერ ვარჩევდი რეალურ და ყალბ ემოციებს. გვერდით მოგვიწვა, ბევრი გვეფერა, გვაცინა, ანეკდოტებს გვიყვებოდა. ჩვენც ვკისკისებდით და ვეთამაშებოდით. ბოლოს დასერიოზულდა, ორივე გულში ჩაგვიკრა და ჩვენთვის გასაგებ ენაზე დაგვარიგა:
- მინდა, ყველაზე ძლიერები იყოთ, ორივე. ერთმანეთს მოუარეთ, დედა არასდროს გააბრაზოთ და ინესა არავის დააჩაგვრინოთ. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ძალიან მიყვარხართ… გადაბრუნდით, თვალები დახუჭეთ და დაიძინეთ.
ეს გვითხრა და წავიდა…
მეორე დღეს სოფელშიც შემოიჭრნენ, ააოხრეს სახლები, დახოცეს ხალხი, გააუპატიურეს ქალები…
ბაბუდა ქვრივი იყო, თავის ერთადერთ ქალიშვილთან ერთად ცხოვრობდა. როცა გავიგეთ, რომ უსაფრთხოდ აღარ ვიყავით, გადავწყვიტეთ, თავი სარდაფისთვის შეგვეფარებინა. მე და რეზიკო ინესასთან და ბებოსთან ერთად სარდაფში დაგვსვეს და საჭმლის ჩაზიდვას შეუდგნენ.
- მოდი, გავეპაროთ ნელიკოს და რაც ხელში მოგვხვდება, საჭმელები, ტკბილეული, მაწონი, ყველაფერი ქვემოთ ჩამოვიტანოთ. - ჩამჩურჩულა რეზიკომ. ბებია ინესას აძინებდა. გმირობის სურვილით შეპყრობილები მას მარტივად დავუსხლტით ხელიდან და სამზარეულოში შევცვივდით. ჩვენმა დანახვამ დედას თავზარი დასცა.
- აქ რას აკეთებთ?! - დაგვიყვირა განრისხებულმა. სოლომონმა ორივეს ხელი ჩაგვავლო და სარდაფისკენ გაგვაქციეს. კიბე, რომლის გავლითაც გამოვიპარეთ და რომელიც უკან, თავშესაფარში მოსახვედრად უნდა გაგვევლო, სახლში შემოსასვლელი კარის ზღურბლთან იყო. მანანა და მისი შვილი - მაკა წინ მიგვიძღოდნენ. ძლიერი ბრუხუნის ხმა გაისმა. უცებ ორივე შედგა. სასოწარკვეთილი ხმით დაიყვირეს, გაიქეცითო, ქურთუკებისა და ფეხსაცმლის კარადას დაეტაკნენ, წააქციეს, სარდაფში ჩასასვლელი ჩახერგეს და აგვედევნენ. ბაბუამ სამივე ბუხრის ოთახში, უზარმაზარი ტახტის ქვეშ შეგვტენა და დის დასახმარებლად მიბრუნდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. გასროლის ხმა ამჯერად სახლში გაისმა.
- ბაბუ, არ წახვიდე! - დავიყვირე შეშინებულმა და ავტირდი.
სოლომონი მობრუნდა, ტახტი ცალი ხელით ასწია, იატაკზე გაწვა, ჩვენთან შემოძვრა და საწოლის კიდეები ხმაურით დაეცა.
მე და რეზიკოს პირზე აგვაფარეს ხელები. ზურგით დედის თბილ სხეულს ვეკვროდი.
მაკას და მანანას ყვირილი უფრო და უფრო ახლოდან გვესმოდა, ბოლოს ტახტსა და იატაკს შორის, ფეხების მხარეს პატარა ჭუჭრუტანიდან დავინახე, იატაკზე როგორ დააგდეს მაკა. არ ვიცი, რამდენი კაცი იყო, შეიძლება ორი ან სამი… რუსულად ლაპარაკობდნენ. მაკა ბღაოდა, ისიც რუსულად ამბობდა რაღაცას, მაგრამ არ მესმოდა, რას. ფეხზე წამოაგდეს, იატაკზე მისი კაბა დავარდა. მანანას ყვირილმა არემარე გააყრუა. ტახტზე ვიღაც მოწყვეტით დაეცა, სიმძიმემ ქვემოთა ნაწილი ჩამოზნიქა. სოლომონს ცრემლები წასკდა. დედა ხელს უფრო და უფრო ძლიერად მიჭერდა პირზე.
ავეჯი აჭრიალდა, საწოლმა რიტმულად რწევა დაიწყო. ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა, მაგრამ უცხო კაცების ისტერიკული სიცილი და ქალების ბღავილი ძალიან მაშინებდა. სოლომონი კანკალებდა, უხმოდ ქვითინებდა, ჩემს ძმას სახეზე ხელს მთელი ძალით უჭერდა. თვალებს ხან სიბნელეში ვაცეცებდი, ხან უფრო და უფრო სწრაფად რყევად საწოლის ფსკერს მივშტერებოდი, ვაი, არ ჩატყდეს და ყველა არ გაგვსრისოს-მეთქი. ხან - ჯარისკაცების ფეხსაცმელებს ვხედავდი გაჭირვებით, მაგრამ მაინც ვერ ვითვლიდი, რამდენნი იყვნენ, ხან ჩემს ძმას… უცებ შევამჩნიე, რომ რეზი ფართხალებდა და თვალებით რაღაცას მანიშნებდა. სახე მთლად გასწითლებოდა, შველას მთხოვდა. სოლომონის მოშორებას ცდილობდა, თვალები დაბერილი და შეშინებული ჰქონდა, ბაბუას ებრძოდა, ის კი უფრო და უფრო მაგრად უჭერდა. ვერ სუნთქავდა, მთელი ძალით იბრძოდა, მაგრამ სოლომონი მხეცს ჰგავდა, კბილები დაკრეჭოდა, სხეული უთრთოდა, უემოციოდ გაშეშებული თვალებიდან ცრემლები ნაკადულივით სდიოდა, ჩემი ძმა მთელი სხეულით მოემწყვდია და განძრევის საშუალებას არ აძლევდა. ყვირილი, კვნესა, გლოვა არ წყდებოდა…
რეზიკო იგუდებოდა, იხრჩობოდა! “რეზო, რეზო…”, - ვცდილობდი დამეყვირა, მაგრამ დედა არ მაძლევდა ხმის ამოღების საშუალებას.
მე ის მიყვარდა, მთელი გულით მიყვარდა! ვხედავდი, როგორ იბრძოდა გადარჩენისთვის და ვერაფერს ვაკეთებდი მის დასახმარებლად. ვყვიროდი, მაგრამ ჩემი ხმა არავის ესმოდა. დედას ფეხებს შორის მოვექციე და განძრევის საშუალებას არ მაძლევდა.
რეზიკომ ბრძოლა შეწყვიტა…
მაგრამ ბაბუა კვლავ მაგრად უჭერდა ხელებს.
დავინახე, მის თვალებში როგორ ჩაქრა სიცოცხლე. სახეზე სიბნელემ გადაურბინა…
სოლომონი კი გრძნობადაკარგული, გამძვინვარებული მხეცივით ჩაჰფრენოდა შვილიშვილის უსულო ცხედარს და ვერ ხვდებოდა. არ იცოდა, რა ჩაიდინა.
საწოლმა რყევა შეწყვიტა, ტყვიის გასროლის ხმას მანანას არაადამიანური, უიმედო, შემზარავი ყვირილი მოჰყვა. მეორე გასროლაც. ვიღაც ძირს დავარდა და დამთავრდა…
ყველა დასასრულს ხომ დასაწყისი მოსდევს და, ყველაფერი დასრულდა, მომდევნო დასაწყისამდე…
ჩვენ ვკარგავთ ადამიანებს, ვინც გვიყვარს და მათთან ერთად ვამთავრებთ ცხოვრებას… მაგრამ დილით მზე უწინდებურად აგრძელებს ამოსვლას, მთვარე ძველებურად გვინათებს დარდიან ღამეებს და სიცოცხლე გრძელდება, გრძელდება, გვინდა ეს თუ არა, რადგან ჩვენ ვიბრძვით არსებობისთვის…
ალბაისინის მთვარით განათებულ ოთახში, სევდიანი მოგონებებით დამძიმებულმა დავიძინე. სიზმრებში ხენერალიფის ზღაპრულ ბაღებში დავეხეტებოდი, რომლებიც ოდესღაც, ბრძოლაში გამარჯვების აღსანიშნავად გააშენეს… მოკვდავთა აგებულ სამოთხეში, რომელსაც, ვინ იცის, რამდენი ადამიანის არსებობისთვის ბრძოლაში დამარცხება უძღოდა წინ…
გაგრძელება იქნება