კარგა ხანს ვფიქრობდი, როგორ წარმემართა ჩემი და ბიბის საქმიანი სატელეფონო საუბარი ისე, რომ არც მწვადი დამეწვა და არც შამფური. ისე უნდა მოვაწყო საქმე, რომ დავაჯერო - ეს ხანმოკლე ურთიერთობა მხოლოდ საქმიანი გარიგება იქნება და სხვა არაფერი. შევძლებ კი? ცოტა სიგიჟედ მეჩვენება ეს გადაწყვეტილება, მაგრამ უნდა გავრისკო. ჯერ ერთი, კარგი ისაა, რომ ერთმანეთისთვის უცხოები არ ვართ და ჩემს დაქალებსაც ადვილად დავაჯერებ, რომ მართლა მომწონს და არ ვიტყუები; მეორეც - მასთან უფრო გამიადვილდება ყველაფრის ახსნა. უცხო როგორ მიიღებს ჩემს წინადადებას, ღმერთმა უწყის.
ისე ავნერვიულდი, მთელი შიგნეულობა ამიწრიალდა. კვლავ დავწვდი ტელეფონს და აცახცახებული თითებით ავკრიფე ბიბის სახლის ნომერი, რადგან მისი მობილური არ ვიცოდი.
- გისმენთ, - ქალის ხმამ მიპასუხა.
"ალბათ, დედამისია", - გამიელვა გონებაში და ხმაწართმეულმა, ბიბის სთხოვეთ-მეთქი, ამოვთქვი.
- მოითმინეთ, ახლავე დავუძახებ, - გავიგონე, როგორ დადო ქალმა ყურმილი და შვილს გასძახა.
სანამ ბიბი მიპასუხებდა, ჩემი დამემართა, ერთიანად გამეყინა ხელ-ფეხი.
- გისმენ, რომელი ხარ? - მომესმა ამ დროს ნაცნობი ხმა და ჟრუანტელმა დამიარა.
- გამარჯობა, ბიბი. ელენე ვარ, სვანიძე, ტეტეს და, თუ გახსოვარ.
დაზუსტება სრულიად ზედმეტი იყო. მან ტეტეს ხსენების გარეშეც კარგად იცოდა, ვინ იყო ელენე სვანიძე. უბრალოდ, ასე უფრო ოფიციალური სახე მივეცი ჩვენს საუბარს. არა მგონია, მას ჩემი ხმა აქამდე დავიწყებოდა, თუმცა ადრე ასე მელოდიურად როდი ჟღერდა იგი. ახლა მე სხვა ქალი ვიყავი, სრულიად სხვა. მართალია, ჩვენ ხანგრძლივად არასდროს გვისაუბრია ერთმანეთთან იმ ბოლო საღამოს გარდა, მაგრამ სწორედ ის ბოლო საღამო იყო იმდენად დასამახსოვრებელი, რომ წესით, არასდროს უნდა დავიწყებოდა.
- ვა, ელო? გაგიმარჯოს! როგორ ხარ? რამდენი წელია, არ მინახავხარ!
- გმადლობ, კარგად ვარ, არაჩვეულებრივად. შენ?
- მეც არა მიშავს. აი, ჩამოვედი და ნელ-ნელა ვეგუები აქაურობას, თუმცა, უნდა გამოგიტყდე, მთლად მოხიბლული არ ვარ. ხანდახან ვფიქრობ, ღირდა-მეთქი საერთოდ ჩამოსვლა?
პაუზა ჩამოვარდა.
არც ერთი ხმას არ ვიღებდით. ბიბი, ალბათ, ფიქრობდა, რა უნდა ნეტავ, ამ გოგოს ჩემგან, განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა ჩვენ შორის ყველაფერი ასე ცუდად დასრულდაო?
მე, რა თქმა უნდა, ამოვიკითხე მისი ფარული ფიქრი და აჩქარებული ტემპით ავლაპარაკდი:
- შენთან საქმიანი წინადადება მაქვს. შეგიძლია შემხვდე? დავსხდეთ, ყავა დავლიოთ სადმე და დავილაპარაკოთ, თუ გაქვს თავისუფალი დრო.
კვლავ პაუზა, ოღონდ - უფრო ხანმოკლე.
- სიმართლე გითხრა, ძალიან ვარ დაკავებული...
გაოცებისგან ჩუმი ოხვრა აღმომხდა. ამას არ ველოდი. რას ნიშნავდა მისი უარი? მერე რა, რომ ჩემთან აღარაფერი აკავშირებს, ერთი შეხვედრა რას გაუფუჭებს? ბოლოს და ბოლოს, სხვა თუ არაფერი, ჩემი ძმის განუყრელი მეგობარი იყო, სანამ ამერიკაში წავიდოდა. რვა წელია, არ მინახავს და უკვე თავს იფასებს თუ როგორაა მისი საქმე?
- ისე, ხვალ შემიძლია, თუ საჩქარო არ არის, - თქვა მოულოდნელად ისეთი ტონით, თითქოს ბოდიშს იხდის წეღანდელი უარისთვისო.
- იყოს ხვალ, ასე ძალიანაც არ მეჩქარება, - მივუგე და ჩემი ხმის ტემბრით მივხვდი, რომ ყოველთვის მშვიდი, გაწონასწორებული და თავშეკავებული ელენე ამჯერად სასოწარკვეთილებამ მოიცვა. აშკარად ვნანობდი, რომ დავურეკე. არ უნდა მოვქცეულიყავი ასე, რა ჯანდაბამ გადამაწყვეტინა მასთან დარეკვა?
- საქმიანი წინადადებაო, მითხარი, არა? ხომ არ ვცდები? - შეგნებულად დაუწია ბიბიმ ხმას და ბოლო ფრაზა აშკარად ორაზროვნად წარმოთქვა. მომეჩვენა, რომ ცოტაც და, გულიანად გადაიხარხარებდა.
ჰმ... როგორ ეტყობა, რომ არ მიცნობს. მე არ მივეკუთვნები ქალების იმ კატეგორიას, რომლებთანაც ფლირტის გაბმა ადვილია. ერთხელ სცადა მან ეს და რა მიიღო შედეგად?
- შენ ახლა ახალი კაცი ხარ თბილისში და დამიჯერე, შენსავე ინტერესში შედის, რომ შემხვდე და დამელაპარაკო, - რაც შეიძლებოდა საქმიანი ტონი დავიჭირე და ბოლოს იდუმალი ხმით დავამატე: - იმედი არ გაგიცრუვდება.
მოულოდნელად ტელეფონში რაღაც ხმაური გაისმა, რასაც ბიბის შეგინების ჩუმი ხმა მოჰყვა. როგორც ჩანს, ისე ეუცხოვა ჩემი დამაინტრიგებლად ნათქვამი "იმედი არ გაგიცრუვდება", რომ სახტად დარჩენილი წამოხტა და რაღაცას მიეჯახა. შეიძლება თავიც მიარტყა რამეს, რადგან შეიგინა. გამეღიმა. ის ასეთს არ მიცნობდა. მის თვალში ყოველთვის მორცხვი, მორიდებული გოგონა ვიყავი, ახლა კი უეცრად სხვა სინამდვილეს შეეჯახა.
- ბიბი, კარგად ხარ? - შევეკითხე, თან სიცილს ძლივს ვიკავებდი.
- დღეს საღამოს, ექვს საათზე შეხვედრა მაქვს დანიშნული სამსახურის საქმესთან დაკავშირებით... იქნებ შვიდისთვის შევხვედროდით?
- მშვენიერია, მაწყობს, - თვითკმაყოფილი ტონით მივუგე, - სად გაწყობს შეხვედრა?
მცირედი დაფიქრების შემდეგ შარდენზე, ერთ მყუდრო ბარში დამინიშნა შეხვედრა.
- კარგი, მაშინ შეხვედრამდე, - ხავერდოვანი ხმით დავემშვიდობე.
- მოიცა, როგორ გიცნო? - შეშფოთება შეეტყო ხმაში.
- მგონი, ადვილად გამიხსენებ, არც ისე ძალიან ვარ შეცვლილი, - ვუთხარი და ტელეფონი გავთიშე.
ვერ წარმოიდგენთ, როგორ გამახალისა მასთან საუბარმა. გიჟივით ხარხარი ამიტყდა, როგორც კი საუბარი დავამთავრე. წარმოვიდგინე, რა ყოფაში იქნებოდა ახლა. ზის ალბათ და თავს იმტვრევს, ამდენი წლის უნახავს რა საქმიანი წინადადება შეიძლება ჰქონდეს ჩემთანო? არა უშავს, იმტვრიოს თავი. შვიდ საათზე ყველაფერს გაიგებს.
ბიბის აშკარად შეეტყო, რომ მოვატყუე. ეგონა, მართლა არ ვიქნებოდი შეცვლილი. არადა, იმ ელენესგან, წარსულში რომ იცნობდა, ისეთივე განსხვავება იყო, როგორც ცასა და დედამიწას შორის. მაღალი, გრძელფეხება, ყელმოღერებული მივაბიჯებდი დარბაზში განლაგებულ მაგიდებს შორის. ელეგანტური მოძრაობით უკან გადავიყარე წინ ჩამოშლილი თმა და მომხიბვლელი ღიმილი მოვაფრქვიე ირგვლივ. ბიბი პირდაღებული მომჩერებოდა. ის ალბათ ისეთივეს მელოდა, როგორიც ვახსოვდი - დახეული ჯინსის შარვლითა და ფართხუნა მაისურით, ნაწნავითა და ცხვირზე დაკოსებული სათვალით. ძველი ელენეს კვალი მთლიანად წაშლილიყო. მის წინაშე ახლა სულ სხვა, თვალისმომჭრელად ლამაზი და ელეგანტური ქალი ვიდექი.
ბიბის ფრთხილად გადაჰქონდა მზერა ჩემი ტანსაცმლიდან ფეხსაცმელზე. ალბათ უკვირდა, ასე გემოვნებით როდის ვისწავლე ჩაცმა და ფერების შეხამება. კაბაში არასდროს ვყავდი ნანახი. იქნებ იმასაც ხვდება, რომ უბრალო, ბაზრობაზე შეძენილი იაფფასიანი ტანსაცმელი არ მაცვია? ამერიკაში დაკაცებულს, იმედია, ასეთი რამეები არ გამოეპარება. ბარში მყოფ მამაკაცთა უმრავლესობა ცნობისმოყვარე მზერით მაცილებდა, სანამ ბიბის მაგიდას მივუახლოვდებოდი.
- გამარჯობა, როგორ მიხარია შენი ნახვა! - გაღიმებულმა ხელი გავუწოდე.
ბიბი ძალიან დააბნია ჩემმა იმიჯმა. გაოგნებული ხმას ვერ იღებდა. ჩემს გამოწვდილ ხელს თავისი კი შეაგება, მაგრამ ვერ გადაწყვიტა, მერე რა უნდა მოემოქმედა. ფრთხილი მოძრაობით გავაშვებინე ხელი და დავჯექი. ბოლოს და ბოლოს, არც ისე უცხოები ვიყავით ერთმანეთისთვის იმ ღამის გულწრფელი საუბრის შემდეგ, როცა კინაღამ მაკოცა. სწორედ მისმა გულწრფელობამ მოახდინა მისი სიმხდალის პროვოცირება მაშინ. როცა მისმა ძმაკაცებმა დაინახეს, რომ ბიბი კოცნას მიპირებდა, ხითხითი დაიწყეს, დასცინეს მეგობარს. იმანაც ხელი შემიშვა, გატრიალდა, ძმაკაცების გვერდით დადგა და თავადაც ახითხითდა.
მოგონებებმა მივიწყებული ტკივილი გამიღვიძა. საერთოდ, ტკივილის დავიწყებაში არაფერი მშველის - არც ცეკვა, არც სიმღერა, არც არანაირი გართობა და მხიარულება. ალბათ იმიტომ, რომ ყველა ამ ქმედებას ფიქრი სჯაბნის. ფიქრი მოჭარბებულად ბევრ დროს იკავებს ჩემს გონებაში. ხანდახან მგონია, რომ მთელი ჩემი არსება მხოლოდ ფიქრია და სხვა არაფერი. ეს ოხერი ფიქრი კი, დაწყებისთანავე ტკივილს გადასწვდება ხოლმე და მერე ვეღარ ეშვება. არადა, ფიქრი მაშინაა სასიამოვნო, როცა ოცნებებით მომავალს იშენებ.
- მეც მიხარია, - ბიბის ხმამ გამომაფხიზლა, - არაჩვეულებრივად გამოიყურები.
- უცნაურია, ლინზებსა და ახალ ტანსაცმელს როგორ შეუძლია ქალის შეცვლა, არა? - შევნიშნე, რათა როგორმე გამემხნევებინა ჩემი თავი, რადგან მის დანახვაზე ჩემი თავდაჯერება მოულოდნელად სადღაც გაქრა.
მხოლოდ სამოსი როდი იყო მთავარი. წლების განმავლობაში ჩემი თავის რწმენა გამოვიმუშავე და საკუთარი ღირსების ამაღლებაზეც ვიზრუნე. ეს ის თვისებები იყო, რომელთა იმიტირებაც ძნელია. თუ შინაგანად არ გაქვს, ვერ ითამაშებ.
ბიბი ენაჩავარდნილი მომჩერებოდა. აშკარად დაინტრიგებული ჩანდა.
- სადაც უნდა შემხვედროდი, გიცნობდი, - თავისი საფირმო ღიმილი მომაგება და მზერა ამარიდა, - რვა წელი არც ისე დიდი დროა, - თქვა, მაგრამ მისი სიტყვების მიღმა აშკარად იგულისხმებოდა, რომ გაოცებული იყო, განა, რა უნდა მომხდარიყო რვა წლის განმავლობაში ისეთი, რომ ასე შევცვლილიყავი?
წარბები ავზიდე და ამრეზით გავხედე:
- ისევ ისეთი ლოველასი ხარ, როგორიც იყავი. აი, შენ კი სრულებით არ შეცვლილხარ.
ბიბი ჩემკენ გადმოიხარა და ღრმად ჩამხედა თვალებში:
- მოქმედებს?
პასუხად ხმადაბლა, მელოდიურად ჩავიცინე და თავხედური მზერა ვესროლე.
- მე აქ იმისთვის არ მოვსულვარ, რომ შენით მოვინუსხო. თუმცა ვაღიარებ, რომ ეს მართლა დამეხმარება იმ დავალების შესრულებაში, რომლის გადაწყვეტაც ერთად მოგვიწევს. გთავაზობ, განვიხილოთ ჩემი საქმიანი წინადადება.
- საქმიანი წინადადება?
გარდა იმისა, რომ ჩემი გარეგნობით მოვხიბლე და თავგზა ავუბნიე, საქმიანი წინადადების ხსენებამაც დააინტერესა. ყოველთვის ასე იყო. არაფერი ისე არ აღაგზნებდა ხოლმე, ვიდრე ვინმესთან მოგებიანი გარიგების დადება.
ამ დროს ჩვენს მაგიდას მიმტანი მოუახლოვდა, ამიტომ საუბარი შევწყვიტეთ. ახალგაზრდა მამაკაცი გაწითლდა და შეიშმუშნა, როცა მაცდურად გავუღიმე. მხოლოდ მინერალური წყალი შევუკვეთე, ბიბისთან ერთად სმა-ჭამასა და დროს ტარებას არ ვაპირებდი.
- რაზე შევჩერდით? - შევეკითხე, როგორც კი ოფიციანტი წავიდა და თვალებში ჩავხედე. ჩავხედე და წამით გადამავიწყდა ჩვენი სატელეფონო საუბარი, იდუმალი საქმიანი გარიგება. მზერა ბუნდოვანი გამიხდა, ყველაფერი გაორდა ირგვლივ. ბიბისაც იგივე დაემართა, თვალები აემღვრა და ისეთი მეოცნებე მზერა მესროლა, თითქოს ესაა და, სიყვარულის ახსნას მოჰყვებაო.
- მაგარი შეცვლილი ხარ, ელო, - თავი გააქნია და ჩაიცინა, - არ ველოდი, ასე თუ გარდაიქმნებოდი ამ წლების მანძილზე, - ვეღარ შეიკავა ბოლოს თავი და აღიარა.
პასუხი არ გავეცი, მხოლოდ გამარჯვებულის ღიმილით მივჩერებოდი, თითქოს ვეუბნებოდი, აბა, რა გეგონა, ახლა მაინც ხვდები, მაშინ როგორ ქალზე თქვი უარი-მეთქი?
- ჰო, მართლა... იმაზე შევჩერდით, რომ... რაღაც საქმიან გარიგებაზე იყო საუბარი, მგონი, ხომ არ ვცდები? - დაბნეულმა გამომხედა.
- მართალია. საქმე ორმხრივ სარგებელს ეხება, ანუ ამ გარიგებით, თუ იგი შედგება, ორივე ვიხეირებთ.
აშკარად მომარიდა თვალი, როგორც კი ყავა მოსვა. მივხვდი, აბნევდა ჩემი გამოუცნობი ღიმილი და ცდილობდა, ანკესს არ წამოგებოდა.
დიდი ხანია, მოძრაობებისა და ჟესტების ენა შევისწავლე - ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ მაიძულა. ამიტომ ჩემთვის უცხო არ იყო, მის ფიქრებს ადვილად ჩავწვდომოდი და მხიბლავდა, ასე რომ დავაბნიე.
- როგორც ვხვდები, გარიგება მთლად ბიზნესს არ უნდა ეხებოდეს, გამოვიცანი?
- ყველაფერი ძალიან მარტივია, - მისკენ გადავიხარე, აღარ ვიღიმოდი, გამოხედვაც მკაცრი და სერიოზული გამიხდა, - ჩემი წინადადება წმინდა საქმიან ხასიათს ატარებს. თუ გავითვალისწინებთ შექმნილ სიტუაციას, ვფიქრობ, შენთვის მისაღები უნდა იყოს ეს გარიგება.
- გისმენ, - ბიბი სკამის საზურგეზე გადაწვა და დაჟინებული მზერა მომაპყრო.
ხელსაწმენდს ხელი დავავლე და თითებში მოვჭმუჭნე, მაგრამ მივხვდი, ასეთი ქმედებით ჩემს აღელვებას გავცემდი. ამიტომ ხელსაწმენდი ისევ მაგიდაზე დავაბრუნე, სკამი ოდნავ უკან გავწიე და ხელები მუხლებზე დავიწყვე.
- გავიგე, რომ ამერიკიდან ახლახან დაბრუნდი და სამსახურს ეძებ...
- მართალია, მაგრამ ძებნის რა მოგახსენო. უკვე შემომთავაზა ერთმა სააგენტომ თანამშრომლობა. სწორედ ამ შეხვედრაზე ვიყავი წეღან.
- გილოცავ. სხვათა შორის, შენს "ფეისბუკის" სტატუსზე წავიკითხე, რომ მზად ხარ მსხვილი კონტრაქტის დასადებად. ასეა?
- სწორედ ასეა, არ შემცდარხარ.
- ძალიანაც კარგი. რას იტყვი იმაზე, რომ თავად წარგადგინო თბილისის ყველა ცნობილ სააგენტოში და გაგაცნო ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენები?
- მშვენიერია, - თითქოს მშვიდად თქვა, მაგრამ აშკარად შეეტყო აღელვება, სახეზე წამოწითლდა და სკამზე აწრიალდა.
- ვიცი, რომ მშვენიერია, - ისე გავიცინე, მიხვდა, რომ დავცინოდი.
- მაგრამ შენ რომ ასეთი სამსახური გამიწიო, რაღაც მეც უნდა გავაკეთო შენთვის, არა? სწორად მიგიხვდი?
- ეგრეა. ამისთვის მოგიწევს ჩემთვის რაღაცის გაკეთება.
- დამიკონკრეტე, რისი. იქნებ არ მიღირს?
პაუზა გავწელე, თან ქვედა ტუჩს ვიკვნეტდი. ის თვალს არ აშორებდა ჩემს ტუჩებს. იქნებ ფიქრობდა, რა ახლოს იყო ერთ დროს მათ საკოცნელად და როგორ არ გამოიყენა შანსი.
- მინდა, რომ ერთი თვის განმავლობაში ჩემი თანმხლები იყო, სადაც მომესურვება, ყველგან.
გაოცება აღებეჭდა სახეზე, თვალები გაუფართოვდა, ქვედა ყბა თითქოს ჩამოუვარდა. არ გამკვირვებია მისი რეაქცია. რა თქმა უნდა, ვერ მიხვდა, თანმხლებში რა ვიგულისხმე.
იდაყვებს დაეყრდნო და წინ გადმოიწია.
- ვერ გავიგე? თანმხლები რას ნიშნავს?
- მინდა, ჩემი კავალერი გახდე, ოღონდ - მხოლოდ ერთი თვით. ჩემი შეყვარებულის როლი უნდა ითამაშო.
გაოცება ახლა უნდა გენახათ. ლამის მოეღრიცა სახე. როგორც ჩანს, წლების განმავლობაში თვითონაც შეიცვალა. ადრე ასეთი რამეები მასზე არ მოქმედებდა. მას არასდროს არაფერი აკვირვებდა. ისე იყო თავის თავში დარწმუნებული, ისეთ მძლავრ იარაღად იყენებდა თავის მომნუსხველობას, ყოველთვის თვითონ აკვირვებდა სხვებს. ახლა კი იმდენად გააოცა ჩემმა შეთავაზებამ, რომ ამის დამალვა ვერ შეძლო. ასეთი დაბნეული პირველად ვიხილე. არადა, ადრე თვითონ მაბნევდა ხოლმე ყოველთვის. მაშინაც კი, როცა ტეტეს სანახავად ჩვენთან მოდიოდა, სახლში. ის ერთი წლით იყო ჩემზე უფროსი და ისე მექცეოდა, როგორც პატარა გოგოს, რომელიც მისი ძმაკაცის დაა და ყურადღება სჭირდება. გაკვრით გამომელაპარაკებოდა, ნაწნავზე მომქაჩავდა და ამით მთავრდებოდა ჩვენი ურთიერთობა. არათუ მე, არამედ სხვა გოგოებსაც არ მიიჩნევდა ყურადღების ღირსად, ვინც დაბალ კლასებში სწავლობდა. რატომღაც, თავისზე უფროსი ასაკის გოგოები უფრო საინტერესო იყო მისთვის.
ვერ ვიხსენებ, პირველად როდის ვიგრძენი, რომ შემიყვარდა. შეიძლება მეშვიდე ან მერვე კლასში. მახსოვს, როგორ დავუდარაჯდებოდი ხოლმე, როცა დერეფანში გამოჩნდებოდა, რომ შევემჩნიე და დამლაპარაკებოდა. ამასთან, თუ დამელაპარაკებოდა, ეგრევე გავურბოდი, ჩემს გრძნობებს არ ჩასწვდეს-მეთქი. რაც უფრო მეტ ყურადღებას მითმობდა, მით უფრო გავურბოდი, არ მინდოდა გაეგო, ყურებამდე რომ ვიყავი მასზე შეყვარებული. გარდა ამისა, დანამდვილებით ვიცოდი, რომ ისეთი ბიჭისთვის, როგორიც ის იყო, ჩემნაირი სათვალიანი და დამთხვეული გოგონა სულაც არ წარმოადგენდა ინტერესის საგანს. ამიტომ ასიდან ერთი შანსიც არ მქონდა, მოვწონებოდი.
ყველაფერი იმ დღეს შეიცვალა, როცა ტეტემ სკოლა დაამთავრა და დაბადების დღე გადაიხადა. აი, მაშინ ვცადე პირველად, მთელი გულით მომენდომებინა და გამომეცადა, შემეძლო თუ არა ჩემი ქალური ხიბლით მისი გულის მონადირება. ჩემდა გასაოცრად, მან გამოწვევა მიიღო. შამპანურის ბოკალი ხელიდან გამომართვა, იქვე მაგიდაზე დადგა და საცეკვაოდ გამიწვია. წარმოგიდგენიათ? მე გამიწვია საცეკვაოდ და არა სხვა, რომელიმე ჩემზე უფროსი ლამაზმანი, რომელიც არც ისე ცოტა ჰყავდა ტეტეს დაბადების დღეზე დაპატიჟებული. მერე ისე მოხდა, რომ მთელი საღამო თან მახლდა, თავს მევლებოდა, მეფლირტავებოდა. მეც ჭკუაზე არ ვიყავი. ყოველივე ამას აუცილებლად კოცნა უნდა მოჰყოლოდა, იქამდე მივიდა საქმე. თითქმის მაკოცა კიდევაც, მაგრამ ბოლოს მაინც არ მაკოცა. და ეს დღესაც მახსოვს, თანაც, ძალიან მწარედ მახსოვს. ისიც მახსოვს, როცა ამ ამბავმა ტეტეს ყურამდე მიაღწია, როგორ იჩხუბეს ძმაკაცებმა და ლამის ერთმანეთი დაკარგეს.
- ანუ, შენ გინდა, ჩემი შეყვარებული გახდე? - შემეკითხა ბიბი.
- არა, სულაც არ მინდა, შენი შეყვარებული გავხდე. უბრალოდ, არ ვიცი, როგორ აგიხსნა... ამერიკაში ცხოვრობდი და შენთვის უცხო არ იქნება იმის ახსნა, გათხოვებამდე როგორ ერთობიან იქ პატარძლები. ჩემი დაქალი თხოვდება და იძულებული ვარ, ქორწილამდე, როგორც მეჯვარემ, მის გვერდით ვიტრიალო. ამასთან, თან მეგობარი მამაკაცი უნდა მახლდეს, სხვანაირად, ტვინს გამიბურღავენ და ახლოს არ გამიკარებენ. მხოლოდ ერთი თვით მჭირდება კავალერი, მხოლოდ ერთი თვით და მორჩა. ეს მხოლოდ საქმიანი გარიგებაა, მეტი არაფერი.
ბიბის ტუჩებზე გამოსახული ღიმილი უფრო და უფრო უფართოვდებოდა.
- მაცდუნებლად ჟღერს, ვერაფერს იტყვი, - ჩაიცინა, - მადლობა, რომ ამ როლისთვის მე ამირჩიე.
- ოღონდ რამე ისეთი არ იფიქრო, ძალიან გთხოვ. ეს სუფთა საქმიანი გარიგებაა. შენ ერთი თვე ჩემ გვერდით იქნები ყველა სადღესასწაულო საღამოზე, მე კი თბილისში ყველა გავლენიან ბიზნესმენს გაგაცნობ. მათთან დაახლოება შენთვის ათმაგად მომგებიანი იქნება, ვიდრე ერთი თვე ჩემ გვერდით გატარება.
მინდოდა, რაც შეიძლება მეტი დამაჯერებლობა შემატებოდა ჩემს სიტყვებს, რადგან ვგრძნობდი, როგორი სექსუალური ღიმილით მომჩერებოდა. მაგრამ იმასაც ვგრძნობდი, რომ ეს ღიმილი ჩემთვის არ იყო განკუთვნილი. ის ისეთივე მოუხელთებელი იყო, როგორიც ყოველთვის. გოგონები ყელზე ეკიდებოდნენ, ყველაფერს აკეთებდნენ, ოღონდ მისი ყურადღების ღირსნი გამხდარიყვნენ და ახლა ხომ, საერთოდ... ახლა ის გახლდათ მამაკაცი გაფურჩქვნის ასაკში. წარმომედგინა, რა დღეში ჩაცვივდებოდნენ ქალები, რომლებთანაც მას ურთიერთობა მოუწევდა. სწორედ ასეთად შეიძლება წარმოიდგინო ოცნების მამაკაცი. ბიბი თავისი მომაჯადოებელი გამოხედვით, თვალის ფერით, გამოუცნობი ღიმილით ზუსტად მიესადაგებოდა იმ მომაკვდინებელი გარეგნობის მამაკაცის როლს, რომელსაც ამდენ ხანს ვეძებდი.
გაგრძელება იქნება
ავტორი სვეტა კვარაცხელია
წყარო: gza.kvirispalitra.ge