- კარგი, ეს გავიარეთ, - ბიბიმ რაღაც ჩაინიშნა ბლოკნოტში. - შემდეგი?
- შემდეგი კატოა, რომლის ქმარია დუდუ ბოლქვაძე. მასზეც გელაპარაკე, თუ გახსოვს.
- როგორ არ მახსოვს, სკლეროზი კი არ მჭირს, - თავმომწონედ მომიგო. - ასეთი მნიშვნელოვანი რამეები არ მავიწყდება. კომპიუტერებით რომ ვაჭრობს, არა?
- არამხოლოდ. საერთოდ, ციფრული ტექნიკა შემოაქვს, ტელევიზორები, ტელეფონები და რა ვიცი, ნაწილებიც...
- გასაგებია... წავიწიოთ წინ.
- მესამე დაქალს ლილი ჰქვია, ანტონ შუბლაძის ცოლია.
- ოქროულობის "ოქროკაცი", არა?
- მშვენივრად დაგიმახსოვრებია, ყოჩაღ!
- როცა კარიერის აწყობას აპირებ, ყველაფერი უნდა დაიმახსოვრო, ყველაფერი, ნებისმიერი წვრილმანიც კი, ლოკატორებივით უნდა გქონდეს ყურები, - მთელი სერიოზულობით გამომიცხადა.
- მაგაში გეთანხმები. რაც შეეხება ჩემს დაქალებს, სამივე საყვარელია, ლამაზი და მხიარული. "ქორწინების ფანატებს" ვეძახი. ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან.
- "ქორწინების ფანატებს"? - ბიბიმ ცალი წარბი მაღლა აზიდა, რამაც სასაცილო შესახედავი გახადა. ამწუთას პატარა ბიჭს ჰგავდა, რომელსაც ტყუილებით აკვირვებენ.
- პირველად ლილი გათხოვდა და ამის შემდეგ აიწყვიტეს სხვებმაც. ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო მდიდარ და სიმპათიურ საქმროს დაითრევდა. ყველას მეჯვარე მე ვიყავი. მადლობა ღმერთს, მეგი ბოლოა და დავისვენებ.
უეცრად ჩაფიქრებული გაუხდა გამოხედვა, თითქოს რაღაცას საზრობსო. ვერ მივხვდი, რამ შეაწუხა, მაგრამ იმწუთშივე თავად ამიხსნა ყველაფერი.
- ამერიკელებს აქვთ ასეთი გამოთქმა, ანდაზასავითაა... მაგრამ არ ვიცი, გითხრა თუ არა. მეშინია, არ გეწყინოს.
- თქვი, არ მეწყინება, - გავუღიმე, მაგრამ მაინც არ მესიამოვნა.
- სამჯერ მეჯვარე - არც ერთხელ პატარძალიო, ასე იციან თქმა, - მითხრა და მაშინვე გადაიტანა სხვა თემაზე საუბარი, იფიქრა, არ ეწყინოსო. - არ ვიცოდი, ასე თუ გეზარებოდა მეჯვარეობა.
- მეჯვარეობა კი არა, მათი ჩიჩინი მეზარება. აი, ჩვენ ყველანი დავთხოვდით, შენ კი ისევ მარტო ხარო.
- მერე, რა არის ამაში ცუდი? რახან საკუთარი თავისთვის ამდენი სცადეს, შენთვისაც გაირჯებიან.
დასტურის ნიშნად თავი დავუქნიე, მართლაც გამახსენდა რამდენიმე ეპიზოდი, რომელიც ლილიმ ვითომ შემთხვევით მომიწყო. ქორწილამდე რამდენიმე კვირით ადრე, ერთ-ერთ სადილზე შეგნებულად მოაწვევინა თავის საქმროს "შესაფერისი კანდიდატები", ოღონდ, არა საკუთარი ძმაკაცები, არამედ მისი შორეული ნათესავები, თვითონაც რომ არ იცოდნენ წესიერად, რას წარმოადგენდნენ. კინაღამ ვიჩხუბეთ ამის გამო. ცოტა არ იყოს, გავბრაზდი და ლამის წამომცდა, - ჩემი სიკეთე თუ გინდა, რატომ ანტონის ფულიან მეგობრებს არ გამაცნობ-მეთქი? ჩხუბი იმიტომ მოგვივიდა, რომ ერთ-ერთი მათგანი, ვისაც თავისი ჭკუით მირიგებდა, ლოთი აღმოჩნდა. ისე გამოტყვრა, შუა ქეიფში პერანგის გახდა დაიწყო და ლამის მაისურისამარა დარჩა სუფრასთან. მეორემ ზედ მაგიდაზე მოინდომა ცეკვა, რათა ჩემთვის თავი მოეწონებინა. იყო კიდევ ერთი შემთხვევა, მეგი ვიღაც მფრინავს რომ მაცნობდა, რომელსაც მისი დაჟინებული თხოვნით შევხვდი და კინაღამ გამარეკინა - მთელი საღამოს განმავლობაში პირი არ დაუხურავს, სულ ამთქნარებდა.
- ჩემს გოგოებს არ სურთ იმის გაგება, რომ უკაცოდაც მშვენივრად ვგრძნობ თავს და სრული ბედნიერებისთვის სამსახურიც მყოფნის, - შევჩივლე ბიბის.
- აი, თურმე სხვა რატომ არ აირჩიე ამ როლისთვის, - ღიმილით ჩამიკრა თვალი. - მე იმიტომ გამირიგდი, რომ დაქალები გააგიჟო, რა კაცი ჩაგიგდია ხელშიო, არა?
- თავში ნუ აგივარდა, - სიცილი ამიტყდა და მუქარის ნიშნად თითი დავუქნიე. - უბრალოდ, საჭირო მომენტში სწორედ შენ გამოჩნდი ჩემი კომპიუტერის მონიტორზე, ეგ იყო და ეგ.
- შენ რა, კანდიდატებს ინტერნეტში ეძებდი?
შევეცადე, შეცბუნება დამეფარა. ღაწვები ისე ამეწვა, მეგონა, ცეცხლი წამეკიდა, და თავი დავუქნიე.
- ვიფიქრე, ასე უფრო სწრაფად და ეფექტურად მოვაგვარებ საქმეს-მეთქი. შედიხარ "ფეისბუკზე", ეძებ საჭირო კანდიდატურას, დაუთქვამ შეხვედრას და - მორჩა, საქმე გაჩარხულია.
- და მერე? შედეგმა რა მოგცა?
"შენი თავი მომცა", - გავიფიქრე და კინაღამ ხმამაღლა წამომცდა ნაფიქრი.
შენ - გასაგიჟებელი ცისფერი თვალებით, საყვარელი ფოსოებით და დამმდუღვრელი ღიმილით, რომლითაც მონაზონის შეცდენასაც კი შეძლებ;
შენ - მხარბეჭიანი, სპორტული ფიგურით, რელიეფური კუნთებითა და ქარიზმით, რომელიც ფოტოზეც კი ადვილი შესამჩნევია და რეალურ ცხოვრებაში ხომ საერთოდ, თავბრუდამხვევი, - გავაგრძელე ფიქრი, მაგრამ ხმამაღლა მხოლოდ ეს აღმომხდა:
- სიმართლე თუ გინდა, რამდენჯერმე პაემანზეც კი ვიყავი. ისე გამოვიდა, თითქოს ყველა, ვისაც შევხვდი, დაპროგრამებული იყო, - ერთსა და იმავეს იმეორებდნენ, სიტყვასიტყვით, გეგონებოდა, დაზეპირებული აქვთო.
- ალბათ, ერთი სკოლა თუ გამოიარეს, - ახარხარდა ბიბი. - გინდა, გამოვიცნო, რას გეუბნებოდნენ? რომანტიკული გასეირნება წვიმაში, ვახშამი სანთლის შუქზე, ზღვის სანაპიროზე გასეირნება...
- შენ საიდან...
- ამერიკაში ყოფნის დროს სამსახურში გამოკითხვას ვატარებდით. შევდიოდით გასაცნობ საიტებზე და ცდებს ვატარებდით, მერე კი ვაჯამებდით და მცირე კვლევა გამოგვდიოდა.
სიცილი ვერ შევიკავე. მასთან საუბარმა ურთიერთობა გამიადვილა. გამახსენდა ის ერთადერთი და უკანასკნელი საღამოც, რომელიც წლების წინ ერთად გავატარეთ. რვა წელი მცირე დრო არ არის. არ ველოდი, ისევ ისეთი მოხიბლული თუ დავრჩებოდი. გარდა იმისა, რომ მოქმედების კონკრეტული გეგმა შევიმუშავეთ, სხვა ბევრ რამეზეც ვისაუბრეთ და დრო ჭკვიან და სასიამოვნო თანამოსაუბრესთან გავატარე, რომელმაც სითბოთი გამავსო.
ეჭვი აღარ მეპარებოდა, რომ ბიბი თავის მისიას ისე შეასრულებდა, როგორც მე მსურდა - ჩემს დაქალებს გააოგნებდა. მაგრამ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მე თვითონ ვერ გავუძელი მის მაგნეტიზმს? ასეთი ძლიერი მიზიდულობის ძალის მქონე მამაკაცი არსად არასდროს შემხვედრია.
იმიჯი, გეგმა, ზუსტი გათვლა...
ჩემი უზარმაზარი კარადის წინ ვიდექი, სარკეში ვიხედებოდი და ვიმეორებდი ერთ დროს სადღაც ამოკითხულ სიტყვებს, მგონი - რომელიღაც ამერიკელი ავტორის წიგნში, "სრულყოფილების გაკვეთილები" თუ რაღაც მსგავსი რომ ერქვა. ვინ იცის, მერამდენედ გადავქექე ჩემი გარდერობი, ჩასაცმელად რომ შესაფერისი კოსტიუმი ამერჩია!
იმისთვის, რომ წინასაქორწილო სადილზე, სადაც ბიბისთან ერთად გამოვცხადდები, სენსაცია მოვახდინო, მჭირდება გეგმა და ზუსტი გათვლა. თუმცა, ამის გარეშეც წავაწყდი წინააღმდეგობას - ჩემს გარდერობში არ აღმოჩნდა ისეთი კაბა, რომლითაც ბიბის მოვხიბლავდი, მასზე წარუშლელ შთაბეჭდილებას მოვახდენდი და თან, მეც უფრო თავდაჯერებულს გამომაჩენდა. კიდევ ერთხელ გადავათვალიერე ჩემი შესაშური დიზაინერული კოლექცია: ძვირად ღირებულები, ელეგანტურები, მოდურები, მაგრამ ისეთი, რომ ბიბის ჩემთვის თვალი ვერ მოეშორებინა, მათ შორის არ იყო. ვცადე, შანელისეული ვარიანტი მეცადა - საკიდიდან ჩამოვხსენი პატარა შავი კაბა, გვერდზე ოდნავ ჩახსნილი, რომელიც არაჩვეულებრივად მადგა ტანზე, ისედაც ჩამოსხმულ სხეულს უფრო გამოკვეთდა, მაგრამ თითქოს რაღაც აკლდა "გასაგიჟებლამდე". თავის ადგილას დავაბრუნე და უკმაყოფილების ოხვრა აღმომხდა.
საათს რომ დავხედე, მივხვდი, ბუტიკებში სირბილის დრო არ მრჩებოდა. აი, სად მაკლდა ახლა მეგი, რომელიც წამში შემირჩევდა ტანსაცმელს და თან ისეთი გემოვნებით, წამითაც არ შეგეპარებოდა ადამიანს ეჭვი. ეს ის იყო, რომელიც ყოველთვის მაკლდა ცხოვრების განმავლობაში, - მე ხომ უდედოდ გავიზარდე და მრჩეველი, ისიც ქალის სახით, არასდროს მყოლია. ამიტომ ყოველთვის მშურდა ჩემი თანაკლასელი გოგონების, დედები რომ მოაცილებდნენ ხოლმე დაბადების დღეზეა ან საღამოზე კოხტად გამოპრანჭულებს, თმადავარცხნილებს და სუნამოდაპკურებულებს... მაშინ მზად ვიყავი, ასეთი ურთიერთობისთვის ყველაფერი გამეღო...
თითქმის არ მახსოვს დედაჩემი: ძალიან პატარა ვიყავი, როცა გარდაიცვალა. საწყალი მამა ყველაფერს აკეთებდა, რომ მე და ტეტეს უდედობა არ დაგვტყობოდა, მაგრამ მაინც მგონია, რომ დედის გვერდით ბევრად თავდაჯერებული და გულღია გავიზრდებოდი...
გაღიზიანებულმა ზურგი ვაქციე ჩემს არაფრის მომცემ გარდერობს და სწორედ იმწუთას თავში გენიალური აზრი მომივიდა. "ფეისბუკზე" ხშირად წავწყდომივარ სხვადასხვა საიტიდან გამოწერილი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ნიმუშს, რომელსაც თბილისში კერძოდ ყიდდნენ. ეგრევე ვეცი ლეპტოპს და ძებნა დავიწყე. ჩემდა გასაოცრად, სულ რამდენიმე წუთში გადავაწყდი იმას, რასაც ასე გამწარებული დავეძებდი. ის კი არა, თვალებზე ხელები ავიფარე, ხომ არ მელანდება-მეთქი?.. მერე ნელ-ნელა გავშალე თითები და ფრთხილად გავხედე ეკრანზე მაცდუნებლად გამოფენილ კაბას. დიახაც, ეს ჩემი ოცნების სამოსი იყო. მონიტორზეც კი ისე ბრწყინავდა, თითქოს მიხმობდა, ხელი გამოიწვდინე და ჩამომხსენი, რაღას უცდიო! ერთი შევკივლე, წამოვხტი და რამდენჯერმე დავტრიალდი ოთახში. ამწუთას მისი ფასი არ მაინტერესებდა, რადგან ფულის პრობლემა არ მქონდა. ჩემი მუშაობით დამსახურებული მქონდა, თუნდაც ძალიან ძვირად ღირებული სამოსი შემეძინა. ამიტომ წამითაც არ მიყოყმანია. ეგრევე მივწერე კაბის პატრონს, რომელმაც, თითქოს მელოდაო, მაშინვე მიპასუხა. მოკლედ, ყველაფერი გავარკვიე, ფასზეც მოვილაპარაკეთ და შევთანხმდით, რომ ნახევარ საათში კაბას შინ მომიტანდნენ, მე კი ფულს ადგილზე გადავუხდიდი.
ესეც ასე. ნახევარ საათში მაგარი კაბა მექნება, ორ საათში კი განუმეორებელი კავალერი მომაკითხავს. მანამდე სალონს ვესტუმრები თმის დასავარცხნად, ჩაწერილი ვარ. ნეტავ მალე გავიდეს ორი საათი!..
- კიდევ ხომ არ გინდა რამის დამატება, სანამ შენს დაქალებს მეტყველების უნარს წავართმევ?
გაღიმებისას ტუჩები ამითრთოლდა, რადგან ჩემმა ნერვულმა დაძაბულობამ პიკს მიაღწია:
- მიხარია, რომ ასე ხარ შენს თავში დარწმუნებული, - მივუგე.
- როცა გვერდით ასეთი თვალისმომჭრელი ქალი გყავს, ადვილია, შენს თავში დარწმუნებული იყო, - იდუმალი ხმით მიჩურჩულა და იდაყვზე ხელი მომიჭირა.
ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ის როლში შედიოდა და იმიტომაც იქცეოდა ასე, მაგრამ მის შეხებაზე მაინც ჩემი დამემართა.
- ყველაფერი გახსოვს? როგორ შევხვდით ერთმანეთს, როგორ გავიცანით... და ასე შემდეგ...
- დამშვიდდი, მახსოვს, - ისევ იმავე ხმით მომიგო და თითის წვერები ჩემს ლოყას ჩამოაყოლა.
ათრთოლებულს გული ლამის მუცელში ჩამივარდა, ისე დავიშალე ნაწილებად.
დამშვიდდიო?.. დამცინის? როგორ უნდა დავმშვიდდე და მოვეშვა ასეთი მამაკაცის გვერდით, მით უფრო, როცა ისე მიყურებს, თითქოს მართლა ჩემზე იყოს შეყვარებული?!
- რაც უფრო მალე ვნახავთ შენს დაქალებს, მით უფრო მალე დაწყნარდები. მთავარია, თავი შეიკავო, ცოტა ხნით მაინც, რომ სიყალბე არ შეგატყონ, - სკოლის მასწავლებელივით მარიგებდა ჭკუას.
"არა მგონია, ამან მიშველოს", - გავიფიქრე, როცა ჩემი ხელი ხელში აიღო და ჩვენი თითები ერთმანეთში გადახლართა. ყველაფერი რეალურს ჰგავდა და რა მანერვიულებდა? ალბათ, სწორედ ის, რომ ყველაფერი ასე ჰგავდა რეალურს.
ეს შეგრძნება მაშინ გამიჩნდა, როცა ჩემი ახალი კაბა ჩავიცვი. ბიბიმ რომ დამინახა, ადგილზე გახევდა, თითქოს იატაკს მიალურსმნესო და მივხვდი, რომ ამხელა ფული ტყუილად არ გადამიყრია და ეს სიამოვნება ღირდა იმად, რამდენიც კაბაში გადავიხადე. ბიბი მალევე მოეგო გონს და განცვიფრებული გამომეტყველება სხვა, უფრო საშიშ გამომეტყველებად შეეცვალა. აუჩქარებლად ამათვალიერა ფეხებიდან თმის ძირამდე და მის მზერაში უშეცდომოდ ამოვიკითხე, რაც გაიფიქრა.
ამის გახსენებაზე ისე შევკრთი, რომ თითები ჩემდა უნებურად გავარხიე მის თითებში. უკვე ვნანობდი, ეს საბედისწერო თამაში რომ წამოვიწყე, მაგრამ გვიან იყო.
- გინდა, გაგიშვა ხელი? - ჩამესმა მოულოდნელად მისი ხმა.
მაგრამ მის მიერ წარმოთქმული ფრაზა შეკითხვას იმდენად არ შეიცავდა, რამდენადაც - დასტურს. უარესად მაცოფებდა მისი მიხვედრილობის ნიჭი, ასე ადვილად რომ კითხულობდა ჩემს აზრებს.
- გგონია, გავგიჟდი, ასეთი საშინელი თამაში რომ წამოვიწყე? - გაფითრებულმა ვუჩურჩულე.
ბიბიმ გაიღიმა, რამაც კიდევ უფრო შეარყია ჩემი თავდაჯერებულობა.
- სავსებით ნათელია, რომ საქმიან ქალს არ სცალია პაემანზე სასიარულოდ. სიმარტოვეში გულის შემაწუხებელი არაფერია, მაგრამ შენ ალბათ ამას ვერასდროს გაიგებ.
ბიბი უცებ შეჩერდა, ხელი შემიშვა, წინ დამიდგა, ნიკაპი ამიწია და ცერი ქვედა ტუჩზე ვნებიანად მომისვა.
სუნთქვა შემეკრა. ვიმედოვნებდი, რომ ის ვერ შეამჩნევდა ჩემს შეცბუნებას, რომელიც მისმა თითის შეხებამ გამოიწვია. ძალიან ახლოს ვიდექით ერთმანეთთან. ოდნავ რომ დაეხარა თავი, არაფერი დაუშლიდა, რომ...
- თუ შენ მაინც გინდა ეს საქორწინო გამოცდა ჩააბარო, იცოდე, რომ ბოლომდე შენს განკარგულებაში ვარ. გადაწყვიტე.
მართლაცდა, რას ვყოყმანობ? ან რა ეჭვები შემიჩნდა? რა დიდი ამბავია ერთი თვე? ამ ერთი თვის განმავლობაში მაინც ხომ იქნება ეს კაცი ჩემი? რაც მოხდება, მოხდება. თუ ჩემი ბედისწერის რომელიღაც გვერდზე ეს უკვე დიდი ხანია, ჩაწერილია, ისედაც ვერ ავიცილებ თავიდან, ამიტომ - მოეშვი, ელენე, და მიჰყევი დინებას.
თავი გადავაქნიე, ჩამოშლილი თმა მხრებს უკან გადავიყარე, ამაყად მოვიღერე ყელი, მიუხედავად იმისა, რომ მუხლები მიკანკალებდა და ნაბიჯი წინ გადავდგი:
- წავედით.
- ჩემი ჭკვიანი, - შემაქო ბიბიმ, კვლავ ჩახლართა თავისი თითები ჩემსაში და რესტორნის კარი ამერიკელ ჟიგოლოსავით შეაღო.
დარბაზში შევედით თუ არა, რამდენჯერმე ღრმად ამოვისუნთქე. კიდევ მქონდა რაღაც წუთები, სანამ ჩემი გოგოები შემამჩნევდნენ. და უეცრად, სრულიად მოულოდნელი რამ მოხდა - ამხელა დარბაზში წამიერად სრული სიჩუმე ჩამოვარდა. ყველა სტუმარმა, მოლაპარაკებულივით, ჩვენკენ შემოაბრუნა თავი. დავიფიცებ, რომ ყველას ერთხმად და ერთდროულად აღმოხდა "კოლექტიური ოხვრა". არა, ვერ დავიფიცებ, მაგრამ ასეთი შეგრძნება ნამდვილად დამეუფლა. პირველმა მეგიმ მოიხედა და ეგრევე გაჰკრა იდაყვი ლილის და კატოს.
- შეგვამჩნიეს, - ბიბის მთელი დარბაზისთვის სამყოფი ღიმილი იმაზე მეტყველებდა, რომ გათამაშებული სპექტაკლის ყოველი წამით ტკბებოდა, - გინდა, ახლავე გაკოცო? - დაიხარა და ზედ ყურის ბიბილოსთან მიჩურჩულა. - მხოლოდ იმისთვის, რომ უფრო დამაჯერებელი იყოს.
- გაგიჟდი? - შორს დავიჭირე და თვალები დავაფახულე.
ბიბიმ მოკუმული ბაგეებით ჩაიხითხითა.
ჩემი დაქალები უკვე მოიწევდნენ ჩვენკენ, სწრაფად უქცევდნენ გვერდს ყოველ შემხვედრ მაგიდას.
- წარმოდგენა დაიწყო! - ისევ მიჩურჩულა ბიბიმ, მაგრამ ამჯერად ჩემკენ არ გადმოხრილა.
- საყვარელო, რა ლამაზი ხარ, არაჩვეულებრივად გამოიყურები! - ხელებგაშლილი მომიახლოვდა მეგი, მაგრამ სანამ ამ ფრაზას წარმოთქვამდა, წამის მეასედში მოასწრო, შეეფასებინა ჩემი ოქროსფერი კაბა და როგორც კი ჩამეხუტა, ეგრევე ჩამჩურჩულა: "ვაუ!" მხოლოდ ამის შემდეგ გადაიტანა მზერა ბიბიზე. - ელოს ახალი მეგობარი ხართ? სასიამოვნოა თქვენი გაცნობა.
მეგის შემდეგ ლილიმ და კატომ გადამკოცნეს. ბიბის წამითაც არ უგრძნია უხერხულობა. მან სამივეს თამამად ჩამოართვა ხელი და განზე გადგა, რომ ჩემთან სიახლოვეში მათთვის ხელი არ შეეშალა.
- თავს მოვალედ ვცნობ, წარმოგიდგეთ - ბიბი კოკაია, - წარმოთქვა ჩვენი შეხვედრის ცერემონიალის დამთავრების შემდეგ. - მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით, - და მომაჯადოებელი ღიმილი შეაფრქვია სამივეს, - რომელია ამ სამ ულამაზესთაგან საპატარძლო?
ჩემი გოგოები ეგრევე ახმაურდნენ. თვალს აღარ აშორებდნენ მის "დაცემა" ღიმილს, რომელსაც ბიბი უანგაროდ აბნევდა ირგვლივ, მოურიდებლად ათვალიერებდნენ თავით ფეხამდე და მის კომპლიმენტებზე პატარა ბავშვებივით აცეტებულები ტკარცალებდნენ.
- ბიბი, გაიცანი ჩემი მეგობრები: კატო, მეგი და ლილი. - მერე კი თეატრალურად გავიქნიე ხელი ბიბისკენ და ხმამაღლა დავამატე: - გოგოებო, ეს კი ბიბია, ჩემი კაცი.
- ძალიან სასიამოვნოა, გვიხარია თქვენი გაცნობა, ბიბი, - ერთმანეთს ასწრებდნენ ჩემი დაქალები, თან დაუფარავად კეკლუცობდნენ.
ლამის გაოცების შეძახილი აღმომხდა და არც ვიცი, როგორ მოვახერხე თავის შეკავება, როცა მეგიმ დიასახლისივით ჩასჭიდა ბიბის ხელი და შინაურულად მიმართა:
- წამო, ჩვენს ქმრებს გაგაცნობ. სანამ ჩვენ ელოს რაღაც-რაღაცებს გამოვკითხავთ, შენ მათი გაცნობის დრო გექნება.
ვიდრე ბიბი მეგის გაჰყვებოდა, მოასწრო, ჩემთვის ხელზე ხელი მოეჭირა და ისეთი ვნებით სავსე მზერა მესროლა, რომ გულმა ბაგაბუგი ატეხა.
- იმედია, არაფერი მემუქრება, - გაიხუმრა მან, სანამ გაგვეცლებოდა.
- ვნახოთ, ვნახოთ, - ეშმაკურად გაუცინა მეგიმ.
ლილი და კატო ეგრევე შემომიბრუნდნენ.
- სერიოზული სალაპარაკო გვაქვს შენთან, - გოგონები აშკარად აღელვებულები ჩანდნენ, - რაღაც-რაღაცების ახსნა მოგიწევს, ელენე!
კინაღამ გული გამისკდა. ალბათ შეგვატყვეს, რომ ერთმანეთი არ გვიყვარს და ეს ყველაფერი თამაშია. სიმხურვალემ სახეში ამასხა, მაგრამ ისეთი უმწიკვლო გამომეტყველება მივიღე, თითქოს ვერ მივხვდი, რას მერჩოდნენ. გონება მექანიკურად ამუშავდა, რომ თავდაცვისთვის მომზადებული ვყოფილიყავი. არაფრით არ უნდა გავმტყდარიყავი, თუკი სიყალბეში დამდებდნენ ბრალს. შევძლებდი კი? ისინი ხომ აქამდე არასდროს მომიტყუებია!
წინ მწამებლური სამსჯავრო მელოდა...
გაგრძელება იქნება
ავტორი სვეტა კვარაცხელია