ნოველები

იისფერი ჰორტენზიები. 2 თავი

იისფერი ჰორტენზიები. 2 თავი
დასაწყისი

მეორე დილით, თერთმეტი საათი ხდებოდა, დერეფანში დუდუ რომ გამოჩნდა გასაღებების ჩხრიალით. მისაღებში უცნობი გოგონა შეამჩნია, მორიდებულად რომ იჯდა სკამზე.


ერთი შეხედვით დიდად არ მიიქცევდა კაცის ყურადღებას. დუდუმ გაიფიქრა კიდეც: ეს ალბათ ის არის, კატორაია ჟივიოტ ვ გლდანი. ცივად მიესალმა უცნობს და კაბინეტში შევიდა. როგორც კი დაჯდა, ტელეფონი ახლოს მოიწია და "ისტერიკული" რეკვა დაიწყო.

ამ დროს კარი ოდნავ გაიღო და იამ შემოჰყო თავი.

- ბატონო დუდუ, მაია პადრუგა მოვიდა, იმ დღეს რომ გთხოვეთ... შემოვიყვანო, და?

პრეზიდენტს გაეღიმა. ყურმილი ცოტა შორს გასწია და ხელით ანიშნა იას, ერთ წუთს მაცალეო. მალევე დაამთავრა ლაპარაკი და იას მიუბრუნდა:

- მაიყვა, იაჩკა, ტვაია პადრუგა, ვნახოთ, რა ხილია.

ცოტა ხანში ია ოთახში საშუალო სიმაღლის, ასე, 25-26 წლის გოგოს შემოუძღვა. "არა უშავს, არც ისეთი "უჟასი" ყოფილა", გაიფიქრა დუდუმ თვალებდახრილი გოგონას დანახვაზე. უცნობი სასიამოვნო გარეგნობის იყო, გემოვნებით ჩაცმულს საკმაოდ კოხტა ტანი და ასხლეტილი ფეხები ჰქონდა, თუმცა არაფერი ისეთი განსაკუთრებული, კაცი რომ გადარეულიყო. პრეზიდენტი წამოდგა, მიუახლოვდა ახალმოსულს, ხელი ჩამოართვა და დაჯდომა შესთავაზა. და... გაოცებულს მოულონელობისგან ენა ჩაუვარდა. იაჩკას "პადრუგას" ულამაზესი თვალები ჰქონდა, ისეთი, როგორც შვლის ნუკრს - ლურჯი თუ შავი, დუდუმ ვერაფრით გაარკვია. დაბნეული თავის სავარძელს მიუბრუნდა, იას ანიშნა, მარტო დაგვტოვეო და დაიწყო პირველი "გასაუბრება" - სად მუშაობდი, რა განათლება გაქვს მიღებული, მდივნობის გამოცდილება თუ გაქვს, ოჯახური მდგომარეობა და ა.შ. როცა ზეპირი ანკეტის შევსება დაამთავრა, მხოლოდ მერე ჰკითხა.

- უკაცრავად, თქვენი სახელი?

- სალი, - გაუბედავად წარმოთქვა გოგონამ და თვალები კვლავ დახარა.

- სალი... ალბათ სალომე, არა? - გაუღიმა დუდუმ.

- დიახ... მაგრამ ყველა სალის მეძახის.

- ძალიან კარგი. ვფიქრობ, ჩვენ გავუგებთ ერთმანეთს. აქ სანერვიულო არაფერია, კომპიუტერიც, ასე თუ ისე, გცოდნიათ. დანარჩენს აითვისებთ. ჩვენი იაჩკა მაგ საქმეში "სპეცია" და დაგეხმარებათ, ეჭვი არ მეპარება. ახლა მეორე მხარეზე ვილაპარაკოთ. თქვენ თვითონ მითხარით, რამდენი დაგინიშნოთ მინიმალური ხელფასი, თქვენი აზრით, რამდენი დაგაკმაყოფილებთ? ოღონდ ისეთი ციფრი დაასახელეთ, რომ ადვილად შევთანხმდეთ, - გაიღიმა დუდუმ.

სალი გაწითლდა, მერე შეიშმუშნა, მხრები აიწურა მხოლოდ, თქმით არაფერი უთქვამს.

- მითხარით, მითხარით, ნუ გერიდებათ, ჩათვალეთ, რომ უცხოები აღარ ვართ უკვე.

- არ ვიცი, - უარესად აიწურა სალი.

- კარგი, მაშინ მე იას დაველაპარაკები და ერთად გადავწყვეტთ. რაც შეეხება სამუშაო დროს, დილის ათ საათზე უკვე აქ უნდა იყო, ყველა ზარს უპასუხო, ჩაინიშნო, თუ საქმიანი შეხვედრები ან მოლაპარაკებები იქნება, დროზე გამაფრთხილო და შემოსული წერილები გადაიკითხო, მერე კი კომპიუტერში გაატარო და საქაღალდეში დანომრილი ჩადო. ჯერჯერობით სულ ეს არის. ხომ არ არის ძნელი? - "შენობითზე" გადავიდა დუდუ.

- არა, ალბათ არა, - ხმადაბლა თქვა სალიმ და პრეზიდენტს მორცხვად ახედა.

მისმა თვალების სხივმა კიდევ ერთხელ დააბნია მამაკაცი. სასიამოვნო ტალღამ გაუთბო სხეული.

- ესე იგი, გათხოვილი ხართ...

- არა, უკვე აღარ.

- ეს როგორ გავიგოთ?

- ერთხელ ვიყავი, მაგრამ...

- მაგრამ?

- გავშორდი, ეჭვიანი იყო, - თავი ჩაღუნა სახეაჭარხლებულმა სალიმ.

- ეგ არაფერი, უკეთესი გამოჩნდება. ხომ იცი, ერთხელ გათხოვება ჭირს, თორემ მერე წავა ლიწინ-ლიწინით, - გაიცინა ახალმა უფროსმა.

- რაც შეეხება სამუშაო დროს, კარგია, რომ ათ საათზე ადრე არ მომიწევს მოსვლა, შორიდან უნდა ვიარო. რაც შეეხება ანაზღაურებას, ნებისმიერ თანხაზე თანახმა ვარ, ეს თქვენ გადაწყვიტეთ, - ცოტათი გათამამდა სალი.

პრეზიდენტს გაეღიმა. მიხვდა, რომ გოგონა უხერხულად გრძნობდა თავს და უფრო დაუტკბა.

- მე თერთმეტამდე ვერ მოვდივარ. ასე რომ, ამაზე არ იდარდო. მთავარია, ჩაერთო კოლექტივში, არ გაგვიფუჭო პურმარილი, იყავი ხალისიანი და შეძლებისდაგვარად დადექი ჩვენ გვერდით. უფრო სერიოზულად კი - მე უნდა მომიარო, პირველ რიგში. მომიდუღო ყავა, ამარიდო არასაჭირო ზარებს, ანუ დამმალო აბეზარ უცხოებს, თვითონ რომ არ იციან, რისთვის რეკავენ. ეგ არის და ეგ, დანარჩენი უკვე გითხარი. რაც შეეხება ხელფასს, - დუდუ ცოტა ხნით ჩაფიქრდა, - თავიდან იმდენი გექნება, რამდენიც იას. მერე ვნახოთ, ხანდახან პრემიებიც მეხერხება. ია კმაყოფილია, იმედია, არც შენ დარჩები ანაზღაურებით უკმაყოფილო. თუ გაწყობს ჩემი პირობები, ხვალიდან შეგიძლია საქმეს შეუდგე, - ღიმილით დაამთავრა დუდუმ და ზარი დარეკა, რომ ია შემოსულიყო.

ბუღალტერი იმწამსვე შემოვიდა. სალიმ მადლობა გადაუხადა ახალ უფროსს და კაბინეტიდან გავიდა. ია თან მიჰყვა, მაგრამ მალევე შემობრუნდა და ეჭვის თვალით მიაჩერდა პრეზიდენტს.

- მისტერ პრეზიდენტ, თქვენ თვალები ზაბლეტელი, ვ ჩემ დელა?

დუდუს გაეღიმა.

- არ დაგიმალავ, იაკო და, მან ჩემში სიმპათია გამოიწვია, მაგრამ სხვა კუთხით. შენ ხომ იცი, ზამუჟნიე ჟენშჩინი ჩემი გატაცება არ არის, - დუდუმ არ გაუმხილა ბუღალტერს, რომ სალის ოჯახური მდგომარეობა უკვე იცოდა, - არ მიყვარს სხვისი ოჯახის გაბინძურება ჩემი სისუსტის გამო. ქალების მეტი რა არის ამქვეყნად, გათხოვილ ქალს რომ არ გადავეკიდო? ნუ ნერვიულობ, ჩემო კარგო, რა გაშინებს? დავიჯერო, შენი დაქალი ასეთი სუსტია და ცდუნებას ვერ გაუძლებს?

- პრი ჩემ ტუტ სუსტი? კაცმა თუ მოინდომა, ვერაფერი გააჩერებს. თორემ არ გიცნობდეთ.

- კარგი, იაჩკა, შევთანხმდეთ. პირობას გაძლევ, სალის შებმას არ ვეცდები. აი, ხელფასი კი დროზე მიეცი ხოლმე, რომ არ მომწამლოს, თორემ ბეზ ბუკსირა დარჩები.

ორივეს გაეცინა.


მეორე დილით სალი ადრე გამოცხადდა სამსახურში. იფიქრა, პირველი დღეა და თავს გამოვიჩენო, თუმცა გულმოდგინების მცდელობა წყალში ჩაუვარდა. "დუგიში" კაციშვილი არ ჭაჭანებდა. კოპები შეკრა, ხომ არ მეჩვენებაო და რვავე კარს ჩამოუარა, იქნებ ერთი რომელიმე მაინც "შეცდა" და ჩემზე ადრე მოუცდა ფეხიო. იმედი გაუცრუვდა, ყველა კარი ჩაკეტილი დახვდა, გრძელ დერეფანში სრული სიჩუმე სუფევდა. რა უნდა ექნა, დაღონებული თავის სამუშაო მაგიდას მიუჯდა და კომპიუტერი ჩართო. მერე ჩანთიდან კომპაქტ-დისკი ამოიღო, სადაც თავისი საყვარელი თამაშები ჰქონდა ჩაწერილი, გახსნა პირადი დირექტორია და სრიალ-სრიალით გადაწერა. ესეც ასე, ერთი "მთავარი საქმე" გაკეთებულია, დანარჩენს მერე მიხედავს, როცა უბრძანებენ. რადგან მარტო იყო, თამაში დაიწყო. ისე გაერთო, რომ ოთახში შემოსული მამუკა არც შეუმჩნევია.

- გამარჯობა, "კრასავიცა", - გაიკრიჭა მამაკაცი.

- გაგიმარჯოთ, - შეცბა სალი და ფეხზე წამოიჭრა გაწითლებული.

- იჯექი, იჯექი. შენ ახალი ხარ, არა? - მამაკაცი უკითხავად მიეჭრა ქალს და ხელი ღონივრად ჩამოართვა, თან ხარბად შეათვალიერა, - რა გქვია?

- სალი, - უფრო დაიმორცხვა გოგონამ.

- მე მამუკას მეძახიან. ხომ არ გწყინს, შენობით რომ გელაპარაკები? არ გაგიკვირდეს, რომ გავშინაურდებით, მაინც ასე მოგვიწევს საუბარი და რა მნიშვნელობა აქვს, ერთი დღით ადრე თუ ერთი დღით გვიან?

- რა თქმა უნდა, სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, - სალი დააბნია უცნობის სითამამემ.

- ჩემთვის ათმაგად უფრო სასიამოვნოა. აქ ლამაზი ქალების სრულ დეფიციტს განვიცდით. ამიტომ...

- თქვენ რა თანამდებობა გიჭირავთ? - გააწყვეტინა სალიმ.

- მე-ე? ყველანაირი. როცა საჭიროა, დირექტორიც ვარ, პრეზიდენტიც, მძღოლიც და, შენ წარმოიდგინე, დამლაგებელიც, - თითი მაღლა აიშვირა მამუკამ.

ამ დროს გარეთ ხმამაღალი ლაპარაკი გაისმა.

- ე! მოვიდნენ სულთამხუთავები. ნარგიზას და იას ხმა მესმის. რაღაც ძალიან ადრე მოუვიდათ მოსვლა, როგორ დაემართათ? - მამუკა ღიმილით გაემართა კარისკენ და ის იყო, გამოაღო, რომ პირდაპირ ოთახში შემომავალ იას დაეჯახა.

- ჩამეხუტე, ჰო, ჩამეხუტე, სხვას აქ ვერავის ხედავ საშენოს და აბა, რა იქნება? - გაეხუმრა შეშინებულ ქალს და ხითხითი აუტყდა.

- გაგიხმეს თავი, როგორ შემაშინე. სალი, ტი უჟე ზდეს? - იამ დაქალს შეხედა სახეგაბრწყინებულმა.

- რამდენი ხანია, - სალისაც გაუხარდა მეგობრის დანახვა.

- ნუ კაკ, მოგწონს აქაურობა? - გოგონებმა ერთმანეთი გადაკოცნეს.

- ნეტა მე როდის გამიშინაურდება ისე, რომ მეც მაკოცოს? - მამუკამ საწყალი სახე მიიღო.

- ნიკაგდა ვ ჟიზნი, - წყალი გადაუწურა იამ მის ნატვრას, - წადი, შენს ცოლს მიხედე.

- აბა, ერთი დამანახვეთ ახალი თანამშრომელი, მართლა ასეთი კარგია? - ოთახში ნარგიზამ შემოყო თავი, - უი, მართლა რა ლამაზი ყოფილა, რა უცხო თვალები აქვს. ჩვენს კაცებს კიდევ ეს უნდოდათ? - სათნო ქალბატონი სალის თბილი ღიმილით გაეცნო და დამოძღვრა, - შუბლი არ გაუხსნა ამათ, თორემ თავზე უბოდიშოდ დაგაჯდებიან, შვილო. განსაკუთრებით, ყავა არ მოუდუღო არავითარ შემთხვევაში და სანთებელას თხოვებას არ მიაჩვიო.

- მე არ ვეწევი, - გაიღიმა მდივანმა.

- გაგახარა ღმერთმა. ჩაუვარდათ ზოგ-ზოგიერთებს კოვზი ნაცარში. მე ხომ იცი, გამატყავეს, განსაკუთრებით, ამან და გიამ, - მამუკასკენ გაიშვირა თითი ნარგიზამ, - იმდენი სანთებელა დამიკარგეს, ერთ მანქანას მიყიდდა, ის ფული რომ დამეზოგა.

ნარგიზას ნათქვამი მამუკამ რეპლიკებით გააპროტესტა. სალის ღიმილი არ შორდებოდა სახიდან, მათ დიალოგს რომ უსმენდა. მერე ორივენი გავიდნენ კაბინეტიდან და დაქალები მარტო დარჩნენ.

- აქ ყველას ჰგონია, რომ შენ ქმარი გყავს, - უჩურჩულა იაკომ სალის.

- მართლა? მე კი დუდუს ვუთხარი, განათხოვარი რომ ვარ.

- რას ამბობ! როდის მოასწარი, - შეიცხადა მეგობარმა, - რაში გჭირდებოდა, ვერ გავიგე. იცი, რა მექალთანეა? ხვალვე შეგიტყუებს ლოგინში და... შენნაირებს ცხვირსახოცებივით იცვლის, - დააყარა საყვედურები.

- არ გინდა, ია, ტყუილად ნუ მსაყვედურობ. ხომ იცი, კაცები არ მაინტერესებს, ხოლო ჩემი ლოგინში შეტყუება ასე ადვილი არ არის.

- ისიც უთხარი?

- არა, გაგიჟდი?! მაგას რა მათქმევინებდა. კრინტი არ დაძრა, იცოდე! - შეშფოთდა სალი.

- მე რა უნდა ვთქვა, შენ თვითონ დაგიფქვავს ყველაფერი და... ხომ გაგაფრთხილე, სტრანნაია ტი დევჩონკა, - თავი გადააქნია იამ.

უცებ კარი მოწყვეტით გაიღო და ოთახში დუდუ შემოიჭრა, - ვა, უკვე აქ ხართ, გოგოებო? პრივეტები! რა ლამაზები ხართ, თქვე ოხრებო! სალი, ერთი ყავა მომიდუღე, შენ გახარებას! - მიაძახა მდივანს, კაბინეტი შეაღო და როგორც გამოჩნდა, ისევე გაუჩინარდა.

- როგორი ყავა უყვარს? გვაქვს ყავა? - დაიბნა სალი და შეშინებულმა იას შეხედა.

- წამოდი, ჩემთანაა ყველაფერი, გამოგატან, - იაკომ ხელი ჩაავლო სალის და თან გაიყოლა.

ავტორი სვეტა კვარაცხელია
გაგრძელება იქნება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93