ნოველები

იისფერი ჰორტენზიები. თავი 5

იისფერი ჰორტენზიები. თავი 5
წინა თავი

ამ დროს გიგი და დუდუ რესტორანში "უბერავდნენ" უკრაინელ სტუმრებთან ერთად. დუდუ შინ კი მივიდა დროზე, მაგრამ ცოლი რომ არ დახვდა, ბევრი არ უფიქრია, გამოიცვალა, სოლიდურად გამოეწყო და აეროპორტისკენ გასწია კოლეგების დასახვედრად.


თუმცა ნათია რომც ყოფილიყო სახლში, მაინც არ ეტყოდა, უკრაინელები რომ ჩამოდიოდნენ. იცოდა ცოლის "ოფოფების" ამბავი. იგი მარიანაზე კარგა ხანია, ეჭვიანობდა. ჰქონდა კიდეც ამის საბაბი. ორი წელია მარიანა და დუდუ საყვარლებად ითვლებიან. უკრაინაში ეს ყველამ იცოდა. თბილისშიც ჭორაობდნენ ვიღაც "ნაშაზე", მაგრამ კონკრეტულად მარიანას
შესახებ მხოლოდ გიგიმ იცოდა.


ძმაკაცებმა სტუმრები ისე მოალხინეს, როგორც მათ ეკადრებოდათ. გვიან, ძალიან გვიან დაიშალნენ და სასტუმრომდე მიაცილეს სამივე. ვლასი და მიშა ერთ ნომერში დააბინავეს, ხოლო მარიანა დუდუმ თავისთვის "მოიტოვა". აბა, რისი დუდუ იყო, თავისი ფეხით მობრძანებული საყვარელი "უპატივცემულოდ" გაეშვა საქართველოდან. გიგიმ ეშმაკურად გაუღიმა მეგობარს, ტკბილი ღამე უსურვა და თავის გზას გაუყვა, დუდუ კი მარიანასთან ერთად დარჩა ნომერში. ყოველი შემთხვევისთვის დარეკა სახლში, ნათიას საყვედურებს რამდენიმე წუთი უსმინა, მერე უთხრა, სასწრაფოდ გორში მომიწია წასვლა და ხვალამდე ვერ ჩამოვალ და როცა ჩამოვალ, შენი პრეტენზიები მერე მომახსენეო. ბოლოს კმაყოფილმა დაკიდა ყურმილი და... ის ღამე ქერა ექიმთან ერთად გაატარა...


***

ოთხი დღე გიგი და დუდუ სტუმრებს გვერდიდან არ მოსცილებიან. ოთხი დღე ბობოქრობდა ნათია, მაგრამ ქმარი ვერაფერში გამოიჭირა, "ფაქტზე" ვერსად წაასწრო, რომ ჩხუბის საბაბი მისცემოდა. დუდუ სამსახურშიც კი არ ცხადდებოდა წესიერად - რამდენიმე წუთით შემოირბენდა, სალის თვალს ჩაუკრავდა, თანამშრომლებს ჩამოუქროლებდა, თვალს გადაავლებდა "სამუშაო პროცესს" და ისევ გაქრებოდა. თუმცა ერთი რამ არ ავიწყდებოდა - სალის მოდუღებული ყავა. სანამ ყავას არ დალევდა, ოფისიდან ფეხს არ გაადგამდა.

სამაგიეროდ, გიგი იცლიდა ყველასთვის. იგი მხოლოდ საღამოობით თუ შეუერთდებოდა დუდუს სტუმრების მოსალხენად, დღის განმავლობაში ოფისს არ სცილდებოდა. ყველაზე გასაკვირი ის იყო, რომ უმეტეს დროს სალის ოთახში ატარებდა. ეს არავის გამოჰპარვია.

- სალი, შენს მოდუღებულ ყავას ძალიან აქებენ, მართლა ასეა? - პირველად ასე დაიწყო დირექტორმა შეფის მდივანთან დაახლოება.

- არ ვიცი, ალბათ, - შეიშმუშნა სალი.

- მე ვერ მომიდუღებ, რამე რომ იყოს?

- როგორ არა, რა პრობლემაა, - დაფაცურდა ქალი და ყავა და შაქარი გამოიღო უჯრიდან.

- ვნახოთ ერთი, რა ყავა იცი ამისთანა, - გაიღიმა გიგიმ.

სალი გაწითლდა. ყავა რამდენიმე წუთში უკვე მზად იყო. იქამდე არც ერთს ხმა არ ამოუღია. მდივანმა ქაფის მოხდა რომ დაიწყო, შეამჩნია, რომ თითები უკანკალებდა. როგორი დაძაბული იყო, თითქოს გამოცდას აბარებდა. ვერ მიმხვდარიყო, რა ემართებოდა.

- ინებეთ, - მიაწოდა მამაკაცს ლამბაქზე დადებული ფინჯანი, თან შიშისგან გული ელეოდა, სერვიზი ხელიდან არ გავარდნოდა.

- ო-ო-ო! საოცარი სურნელი ტრიალებს. თუ ყავაც ასეთია, მაშინ... ნამდვილად გეკუთვნის ჯილდო, - შეაქო მამაკაცმა.

- გასინჯეთ, რა ვიცი, - უფრო აილეწა სალი.

გიგიმ ფინჯნიდან ამომავალი ოხშივარი დაყნოსა, სიამოვნებისგან თვალებმილულულმა თავი მაღლა ასწია, თითქოს დეგუსტაციას აკეთებსო, მერე კი ფრთხილად მოსვა ყავისფერი სითხე, ტუჩები რომ არ დასწვოდა.

- კარგია, მე ვიტყოდი - განსაკუთრებული, - ღიმილით თქვა. - დუდუს ყავის გემო არ ეშლება, მართალი უთქვამს, - და დაჟინებით მიაჩერდა ქალს.

- გმადლობთ, მაქსიმალურად ვცდილობ, გემრიელი გამომივიდეს, - ხმადაბლა ჩაილაპარაკა მდივანმა.

- სხვა რამეებიც ასე გემრიელად გამოგდის? - გამომცდელად იკითხა დირექტორმა.

- სხვა რამეები? გააჩნია, რას გულისხმობთ, - ალმურმა გადაუარა სალის სახეზე.

- რა ვიცი... მაგალითად, კერძები, - გიგიც დაიბნა.

- ყველაფერი არა, მაგრამ ზოგი რამ გამომდის.

- შენ შენი საფირმო რეცეპტებიც გეცოდინება.

- კი, რამდენიმე.

- მერე? არ გამასინჯებ? ძალიან დავინტერესდი.

სალის ოფლმა დაასხა. მიხვდა, საითაც უკაკუნებდა მამაკაცი.

- როცა შესაძლებლობა მომეცემა, აუცილებლად, არ დაგზარდებით.

- თქვენობით ნუ მომმართავ, ძალიან გთხოვ. ჩვენ უკვე ერთი ოჯახი ვართ, ამიტომ ოფიციალურობა არ გვჭირდება. ისე, თუ მომეწონება, ერთ კარგ ტრიუკს ჩავუტარებ დუდუს - შენს თავს წავართმევ და ჩემს მდივნად დაგნიშნავ. იმან სხვა მოიყვანოს, არ გაუჭირდება.

სალიმ შეურაცხყოფილად იგრძნო თავი.

- მე სათამაშო თოჯინა არა ვარ, ბატონო გიგი, - თქვა აფოფრილმა.

გიგი გაფითრდა.

- რა თქვი? რა შუაშია სათამაშო თოჯინა? ეს ვინ გაკადრა? მე მეგონა, კომპლიმენტი გითხარი, შენ კი... სხვანაირად რატომ მიიღე? - ნირი წაუხდა მამაკაცს.

ქალს პასუხი არ გაუცია. ცოტაც და, ცრემლები წასკდებოდა. ამ კაცებს რა ჰგონიათ, რადგან მდივნად მუშაობს, ყველაფრის უფლება აქვთ? ყველა მდივანი "იმნაირია"? ეს მხოლოდ გაიფიქრა, მაგრამ ხმამაღლა არაფერი უთქვამს.

- მაპატიე, თუ გაწყენინე, გულშიაც არ გამივლია ცუდი არაფერი. მე უბრალოდ... მაპატიე, უკაცრავად, - გიგის სახე მოეღუშა, ფინჯანი დადგა, ცივად წამოდგა და ოთახიდან გავიდა.

სალის გუნება გაუფუჭდა. ამ კაცის განაწყენება არც უფიქრია. როგორც ჩანს, სწორად ვერ გაიგო დირექტორის ნათქვამი. ფინჯანს გადახედა. დარჩა ყავა დაულეველი, მისი საფირმო ყავა, პრეზიდენტის ასე ნაქები ყავისფერი სითხე. მოწყვეტით დაჯდა სკამზე. რა ქნას, როგორ შემოირიგოს დირექტორი?

თუმცა გიგის წყენამ მალე გადაუარა, რადგან მეორე დღესაც ესტუმრა სალის, მესამე დღესაც და, საერთოდ, ყოველდღე შედიოდა მასთან ყავის დასალევად და არა ერთხელ, დღეში ორჯერ და სამჯერაც მოინახულებდა ხოლმე ქალს სხვადასხვა მიზეზით.

გიგი თავს ვეღარ ერეოდა. თვითონაც არ იცოდა, რითი მოხიბლა ამ პატარა გოგომ, დიდად რომ არ გამოირჩეოდა სხვა გოგოებისგან. რაღაც განსაკუთრებული ხიბლი მოდიოდა მისგან, იდუმალი, შეუცნობელი, რამაც პირველივე ნახვაზე დაახვია თავბრუ დირექტორს. მერე ქეთი? მისი მშვენიერი ქეთი? მას ხომ საოცარი ცოლი ჰყავს - ერთგული, მოსიყვარულე, ლამაზი, სალიზე ათი თავით უკეთესი... რას უპირებს მეუღლეს? ან რა აქვს სალის ისეთი განსაკუთრებული, რასაც ქეთი ვერ მისცემს? ამაზე გიგის პასუხი არ ჰქონდა. არა, არ უნდა იფიქროს ამ ქალზე, თორემ შეიძლება ყველაფერი ცუდად დამთავრდეს. როგორმე უნდა ამოიგდოს თავიდან. მერე რა, რომ ყოველდღე უწევს მისი ნახვა, მასთან დალაპარაკება? ეს სამსახურია, სხვა რა გზა აქვს. არც ყავას მოადუღებინებს ხვალიდან, ასე აჯობებს. რა მოხდა მერე, სალი სულ არ იყო, მაგრამ ყავის დალევას მაინც ახერხებდა. იამაც გემრიელი ყავის მოდუღება იცის, აქ არ არის? ბოლოს და ბოლოს, დუდუს ეტყვის და თვითონაც აიყვანს მდივანს, რა პრობლემაა? გიგი დიდხანს ებრძოდა საკუთარ თავს...



***

სალისადმი სიმპათიით მხოლოდ გიგი როდი იყო განწყობილი. თაყვანისმცემელთა რიცხვი დღითი დღე იზრდებოდა. მდივნის დანახვაზე გიაც ნერწყვებს ყლაპავდა, მერაბიც და ზაზაც, თუმცა ჯერჯერობით ამის ხმამაღლა აღიარებისგან ყველა მათგანი თავს იკავებდა. ერთადერთი იაკობი იქცეოდა "წესიერად". ჯერ ერთი, ებრაელი იყო და ქართველ ქალს ასე "ადვილად" არ შეხედავდა, მეორეც - ცოლი ახალი მოყვანილი ჰყავდა და მისთვის სხვა ქალი არ არსებობდა. მას მხოლოდ საქმე აინტერესებდა, საქმე, რომელიც კარგ ფულს მოუტანდა. ქალბატონ ნარგიზას არ გამოჰპარვია მამაკაცების "ერთობლივი აცუნდრუკება". მიზეზსაც მაშინვე მიხვდა. ამიტომ შეფარვით დაიწყო "მამრების" დამოძღვრა. ხშირ-ხშირად შეახსენებდა ყოველ მათგანს, რომ ისინი ცოლ-შვილის პატრონები იყვნენ, რომ ოჯახი წმიდათაწმიდა რამეა ქართველი კაცისთვის, რომ არ ღირს ამჩატება ლამაზი ქალის გულისთვის მხოლოდ იმიტომ, რომ იგი კოხტად იცვამს და უფროსის მდივანია. თუმცა... სალი დიდი ჩაცმულობით არ გამოირჩეოდა. სულ სამი ხელი ტანსაცმელი ჰქონდა, მაგრამ ისე კოხტად იცვლიდა სამოსს ყოველდღე და ისე უხამებდა ზედასა და ქვედაბოლოებს ერთმანეთს, დაუკვირვებელი თვალი ვერც მიხვდებოდა, როგორი მწირიც იყო მისი გარდერობი. უჭირდა სალის, ძალიან უჭირდა ეკონომიურად. ამიტომაც იყო, რომ... მაგრამ არა, მის ყველაზე დიდ საიდუმლოს არ გავცემთ, ისიც ეყოფა, ასე რომ დასაჯა განგებამ. გაჭირვება რას არ გააკეთებინებს ადამიანს...

გაგრძელება იქნება
სვეტა კვარაცხელია
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93