ნოველები

იისფერი ჰორტენზიები. თავი 12

იისფერი ჰორტენზიები. თავი 12
წინა თავი

სალი ადგილს ვერ პოულობდა. მთელი დღე ლუკმა არ უჭამია, თითქოს კრიჭა შეეკრა. მიხვდა, რომ ყველაფერი ერთდროულად დაკარგა, ხოლო გამოსავალი არსაიდან ჩანდა. გარდა ამისა, არც არავინ მოიკითხა სამსახურიდან, იაც კი არ გამოჩენილა.


ამან უარესად ჩააგდო საგონებელში. ნუთუ იამაც დაიჯერა, რომ... არა, რაღაც უნდა იღონოს. რაც ყველაზე მთავარია, ახლა რომ გაწყვიტოს დუდუსთან სატელეფონო კავშირი და მესიჯები არ გაუგზავნოს, ის ყველაფერს მიხვდება. ეს კი სალის არ აწყობს, მით უმეტეს - ამ ეტაპზე. სჯობს, ინტერნეტკაფეში წავიდეს და
მიწერ-მოწერა აღადგინოს. რა მისწეროს? ჰმ, რა სულელია! ქრიზანთემების ტექსტს შეცვლის. რა შეცდომა დაუშვა მაშინ. ქრიზანთემების მაგივრად დუდუს ჰორტენზიები აღუწერა. მერე რა, მოიფიქრებს რაღაცას. ეხსომება კი მას, რომელ ყვავილზე ესაუბრა მაშინ სალი? იმედია, არა. ახლავე წავა და ამ "შეცდომას" გამოასწორებს. ასეც მოიქცა. გზაში კარგად მოიფიქრა, რა შინაარსის წერილი უნდა გაეგზავნა მამაკაცისთვის და სახეზე კმაყოფილების ღიმილიც კი აუთამაშდა.


"მე გადავიფიქრე. ქრიზანთემები არ მინდა. ის ყველგანაა, ყოველი ფეხის ნაბიჯზე, კაპიკები ღირს, ადვილად ხელმისაწვდომია. ჰორტენზიები მირჩევნია - ნაზი, ძნელად მოსაპოვებელი, იშვიათი ყვავილი, რომელიც არ იყიდება, თუნდაც იმიტომ, რომ მოწყვეტისთანავე კვდება. ის ეულია, დაუცველი, მაგრამ თავისუფალი, ჩაკეტილ სივრცეს ვერ იტანს, მინდვრის ჰაერი, თავისუფლება ურჩევნია. ჰორტენზიები... იისფერი ჰორტენზიები... ეს მინდა... ხომ მომიტან? ვიცი, რომ მომიტან. ის დროც მოვა". მესიჯი გაგზავნა ზუსტად იმ დროს, როცა ყავა შეჰქონდა დუდუსთან. მართალია, "დილის წერილი" გამორჩა და დააგვიანა, მაგრამ არა უშავს, სამაგიეროდ, საღამოს არ გადააცილებს საჭირო დროს.

კვლავ სახლში აბრუნდა და ლოგინზე დაემხო. ცრემლი ვერ შეიშრო თვალზე. მკერდზე დუდუს თითების შეხებას ისევ და ისევ გრძნობდა, მისი სუნთქვაც თითქოს აქვე ისმოდა, გვერდით, ისევ ისე ახვევდა თავბრუს მამაკაცის სურნელი, ასე რომ იზიდავდა სალის პირველი შეხვედრიდანვე...

ჩამობნელდა. სალის ძილი არ გაკარებია. ის იყო, ინტერნეტკაფეში ჩასასვლელად მოემზადა, რომ კარზე ზარის ხმა გაისმა. გულმა ბაგაბუგი "ატეხა". ვინ უნდა იყოს? სალიმ სათვალთვალოში გაიხედა. ზღურბლთან ია იდგა. უსიამოვნოდ გააჟრჟოლა სხეულში. ახლა გაიგებს ყველაფერს, რა მოხდა მისი წამოსვლის შემდეგ, რა "ჯოჯოხეთი" დატრიალდა "დუგიში". კანკალმა აიტანა, ძლივს გადაატრიალა გასაღები...

- ტი დომა? - იას დაღლილი სახე ჰქონდა.

- ჰო, შემოდი, - გათანგული ხმით გასცა პასუხი დაქალს.

- ადნა?

- აბა, ვინ უნდა იყოს?

- რა ვიცი. მიდიოდი სადმე?

- ჩავალ, ყავას ამოვიტან. დამელოდე, ახლავე მოვალ, - სალიმ თვალები აარიდა იას და ჩანთაში საფულის ძებნა დაიწყო.

- საშინლად გამოიყურები, ნე სპალა, ჩტო ლი? - იამ ქურთუკი გაიხადა და საწოლზე ჩამოჯდა.

- არა, რა დამაძინებდა. არ მოიწყინო, ორ წუთში აქ ვარ, - სალიმ კარი გარედან ჩაკეტა და ლიფტის ღილაკს თითი მიაჭირა.

სირბილით დაუყვა ქუჩას, რომ დრო არ დაკარგვოდა. სიკვდილივით ეზარებოდა ინტერნეტკაფეში ხელმეორედ შესვლა, რადგან იქ გამუდმებით მამაკაცები ტრიალებდნენ, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. ფული გადაიხადა და სასწრაფოდ მიუჯდა თავისუფალ კომპიუტერს. "ჰორტენზიებს შენი სურნელი აქვს, ამიტომაც მაგონებს შენს თავს, ამიტომაც მოვიწევ შენკენ. მენატრები. როგორ ფიქრობ, არ დადგა დრო, ჩემი ნომერი გამოგიგზავნო? არ გაქვს სურვილი, შემომეხმიანო?.. ამაღამ შენზე ვიფიქრებ, თანაც მთელი ღამე. გჯეროდეს ამის"...

სალიმ მარკეტში შეიარა, ყავა იყიდა, კრუასანებიც მოაყოლა და მართლაც რამდენიმე წუთში აბრუნდა სახლში.

- ხომ დროზე მოვედი? - ნამტირალევი თვალები მიანათა დაქალს.

- კანეშნა, - იას ღიმილი გადაეფინა სახეზე.

სალიმ ყავა მოადუღა, კრუასანები თეფშზე დაალაგა და მეგობარი მაგიდასთან მოიწვია.

- რა ხდება იქ?

- და ტაკ, ვსიო ნარმალნა, - მხრები აიჩეჩა იამ და ქალს მორიდებით შეხედა.

- ახლა მხოლოდ ჩემზე ჭორაობენ, არა?

- არა, რას ამბობ, უკვე აღარავის ახსოვს. ვსე უსპაკოილის.

- ის გიჟი ქალი დაწყნარდა?

- ნავერნა, ნე ზნაიუ. სრაზუ უშლა.

- დუდუ რას ამბობს?

- გაგიჟებულია. გიგიმ გამომაგზავნა შენთან, - თქვა იამ.

- მაგას რაღა უნდა?

- ნე ვერნიოშსია?

- არა, გამორიცხულია, მე უკვე წამოვედი. აწი იქ მიმსვლელი არა ვარ.

- გიგი ტოჟე ტაკ დუმაეტ. ამიტომ...

- რა ამიტომ?

- არ ინერვიულოს, ახალ სამსახურს ვუშოვიო, სკაზალ.

- არ არის საჭირო, მე თვითონ მივხედავ ჩემს თავს. გუშინ რატომ არ მოხვედი?

- რა ვიცი, ვიფიქრე, მარტო დარჩენა უნდა-მეთქი.

- ჰო, ეგ მართალია, - ამოიოხრა სალიმ.

- ვოტ! ეტა ტებე, - თქვა იამ და ჩანთიდან მობილური ტელეფონი ამოიღო.

- ეს რა არის?

- გიგიმ გამოგიგზავნა, ქსელში ჩართულია. მეჟდუ პროჩემ, ხაროში უ ტებია ნომერ, პასმატრი! - იამ ეკრანზე ნომერი გამოაჩინა.

- რას ნიშნავს, გამომიგზავნა? - წარბები შეკრა სალიმ.

- საჩუქრად. შენ ხომ ტელეფონი არ გაქვს.

- მერე რა? გიგის საჩუქარი რაში მჭირდება?

- ნე ნადა, სალი, ტაკ ნელზია. კაცი ნერვიულობს შენზე, უნდა დაგეხმაროს, ა ტი...

- არავის დახმარება არ მჭირდება და არც არაფერზე ვნერვიულობ. თავი დამანებეთ სუყველამ, - გაღიზიანდა სალი.

- ხარაშო, უსპაკოისია, ყველაფერი მოგვარდება. ეს კი დაიტოვე, ამით არაფერი დაშავდება, სლიშიშ?!

სალიმ თავი გადააქნია, მაგრამ მეგობრისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. თუ საჩუქარია, საჩუქარი იყოს. ამით მაინც არაფერი შეიცვლება. გიგის ყველა გზა მოჭრილი აქვს მასთან. თუ უბრალო მეგობრობა უნდა, მიიღებს, თუ არადა, კარგად იყოს...



***

ია კარგა ხნის წასული იყო, მობილურმა რომ დარეკა. სალი მიხვდა, ვინც იქნებოდა. არც შემცდარა - გიგი ურეკავდა.

- როგორა ხარ, პატარავ? - თბილად გაისმა დირექტორის ხმა.

- არა მიშავს, ვარ. თავად? - სევდიანად გამოუვიდა.

- მეც ეგრე. რას აკეთებ?

- რა უნდა გავაკეთო?

- მარტო ხარ?

- ახლა კი.

- არ არის საჭირო ჩემი მოტყუება, მე ყველაფერი ვიცი.

- რა იცი? - სალიმ სმენა დაძაბა.

- რა და... იამ ყველაფერი მიამბო.

- ვერ გავიგე, რა ჰქონდა სათქმელი?

- აი, ქმარი რომ არ გყავს და ასე შემდეგ.

- ასე შემდეგ... "ასე შემდეგ" რა შინაარსს შეიცავდა, ვერ მეტყვი?

- არა, მეტი არაფერი უთქვამს. მომიყვა, ქმარს როგორ გაშორდი, ეგ იყო და ეგ.

"კიდევ კარგი", - გაიფიქრა სალიმ, - "იმედია, დაქალი მის მთავარ საიდუმლოს არ გასცემდა. იმედია, ცოტათი მაინც დაინდობდა"...

- შენი ნახვა მინდა, საქმე მაქვს, - გაისმა გიგის ხმა.

- ახლა არავის ნახვა არ მინდა, გიგი, მაპატიე.

- ხვალ იყოს, ზეგ, როცა მოისურვებ. მინდა დაგეხმარო.

- რაში უნდა დამეხმარო?

- მეგობარს ველაპარაკე შენი სამსახურის თაობაზე.

- ჰო-ო? საინტერესოა, ვის მდივნობას მიპირებ, - დამცინავად იკითხა სალიმ.

- მდივნობას სულაც არ გიპირებ, როგორც ჩანს, ცუდად მიცნობ. უკეთეს რამეს გთავაზობ.

- არ მინდა, ნუ შეწუხდები. ასე ძალიან არ მიჭირს.

- მე ვიცი, როგორც გიჭირს. მოკლედ, დაგირეკავ, გაიგე?

- გავიგე, - თქვა სალიმ, მაგრამ გიგიმ ამის თქმამდე გათიშა მობილური.

სამსახური როგორ არ უნდოდა, ძალიან უნდოდა და სჭირდებოდა, მაგრამ გიგის დახმარება არ ეპიტნავებოდა მაინცდამაინც. იცოდა, დირექტორის თანადგომას "ულტიმატუმებიც" მოჰყვებოდა. თუკი მისი დახმარებით აიწყობდა ცხოვრებას, ავტომატურად უნდა მიეღო მამაკაცის წინადადება და მისი საყვარელი გამხდარიყო. მერე დუდუ? სალი რომ მხოლოდ მასზე ფიქრობს? მხოლოდ ის ერთადერთი რომ უყვარს? ეს როგორ აუხსნას გიგის? ქალს დირექტორის განრისხებული სახე დაუდგა თვალწინ და მწარედ ჩაეცინა. წარმოუდგენია, რა სცენებს გაუმართავს, უმადურობაში დაადანაშაულებს პირველ რიგში და მართალიც იქნება. მაგრამ დუდუმდე მისასვლელი გზა რომ ჩაკეტილია? რა ჰგონია სალის, დუდუ მასზე დარდობს? ეს ხომ სისულელეა! ასე რომ იყოს, აქამდე მოძებნიდა, არ გაუჭირდებოდა. როგორი აწეწილი აქვს ცხოვრება, არასდროს არაფერში არ უმართლებს. ბავშვობიდან მოყოლებული, მხოლოდ უსიამოვნებები დასდევს თან. რა ფასი აქვს მის სიცოცხლეს! ერთი ადამიანიც არ მოიძებნება დედამიწის გულზე, დედამისის გარდა, სალის ბედი რომ აწუხებდეს. დედამ კიდევ რა ქნას? ხეიბარი ქალია, მოხუცი, რომელიც სოფელში ცხოვრობს და ღმერთმა იცის, რით გააქვს თავი. სალიც ვერ აქცევს ყურადღებას, ვერც ვერაფრით ეხმარება. ფაქტობრივად, მეზობლების იმედზე ჰყავს დატოვებული. არა, არა, ამ დღეებში აუცილებლად წავა და ინახულებს. ია შეჰპირდა, ხელფასი რაც დაგრჩა ასაღები, მე მოგიტანო. იმედია, ერთი თვისას სრულად მისცემენ და კაპიკებს აღარ გამოეკიდებიან. დუდუ ხომ სულგრძელი ადამიანია. ნეტავ რას ფიქრობს სალიზე? ქალი ნახევარ სიცოცხლეს დათმობდა, ოღონდ გაეგო, რას ამბობდა პრეზიდენტი მასზე, აინტერესებდა თუ არ მისი ამბავი. თუმცა ვინ ეტყოდა ამას? არავინ, რა თქმა უნდა. ვერც თვითონ იკითხავდა. ბოსი ის მამაკაცი არ არის, თავისი გულისნადები ვინმეს გაანდოს. არადა... თუ მოინდომებს, სალის მოძებნას რა უნდა. არა უშავს, ჯერ მესიჯებით გააგრძელებს მასთან კონტაქტს, მერე კი გაუშიფრავს თავის იდუმალ ნომერს, რომელიც სალიმ სპეციალურად ამ საქმისთვის შეიძინა და იქ გაირკვევა ყველაფერი. ჯერჯერობით ასე ჯობია, ცალმხრივად შეხმიანება. მიეჩვიოს მამაკაცი მის მესიჯებს, ჰქონდეს მოლოდინი, მერე კი მისცემს საშუალებას, პასუხიც გასცეს, თუ, რა თქმა უნდა, ამის სურვილი გაუჩნდება.

სვეტა კვარაცხელია
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93