რაც დრო გადიოდა, მით უფრო იძაბებოდა ურთიერთობა სალისა და ნინოს შორის. უცხო თვალისთვის ეს თითქოს შეუმჩნეველი რჩებოდა, მაგრამ სალი შინაგანად გრძნობდა ამას და ცდილობდა, შორს დაეჭირა მისგან თავი.
სამწუხაროდ, ნინიკო ამის საშუალებას არ აძლევდა. იგი მთელი დღის განმავლობაში თითქმის არ შორდებოდა გვერდიდან ახალ თანამშრომელს, უნდოდა, რაც შეიძლება ახლოს ყოფილიყო მასთან, თითქოს მის სულში ჩაძრომას ლამობდა, ყოველდღე მეტი და მეტი ინფორმაციის მოპოვებას ცდილობდა სალისგან მის პირად ცხოვრებაზე. სალი დაძაბული იყო, ინტუიცია კარნახობდა, რომ ასე დიდხანს არ გაგრძელდებოდა, რომ მალე რაღაც ისეთი მოხდებოდა, რაც ნინიკოს შენიღბულ თამაშს ფარდას ახდიდა.
ერთ დღესაც, როცა ქალებს ჩვეულებისამებრ მოშივდათ და "წასადილება" გადაწყვიტეს, ფული ააგროვეს და მცირე სანოვაგე ამოიტანეს მაღაზიიდან, თან ერთი ბოთლი კონიაკიც ამოაყოლეს, ცოტა ხასიათზე მოგვიყვანსო. ორი ჭიქის მერე "ჭიკჭიკის" ხასიათზე დადგნენ და როგორც ყოველთვის, მათი მსჯელობის საგანი სიყვარულის თემა გახდა.
- მე არასდროს მყვარებია, - ამოიკვნესა მედეამ და დამფრთხალი თვალებით გადახედა თანამშრომლებს.
- არ გყვარებია? რას ამბობ, მედი, ვერ დავიჯერებ, აბა როგორ გათხოვდი? - თვალები გაუფართოვდა ნინიკოს.
- გათხოვება მინდოდა და გავთხოვდი, სხვა რა უნდა მექნა ოცდათხუთმეტი წლის ქალს? შემეშინდა, მთლად შინაბერად არ დავრჩე-მეთქი.
- სულ არავინ გყვარებია? არასდროს? რატომ? - ახლა ირა დაინტერესდა.
- იმიტომ, რომ ჩემს ტოლად არავინ მიმაჩნდა. დედაჩემის ბრალია, ისე გამზარდა, სულ იმას ჩამჩიჩინებდა, არც ერთი მამაკაცი შენი ღირსი არ არისო. მეც ყველას ცხვირს ვუბზუებდი და შემოვრჩი და შემოვრჩი.
- რომ არ გეთქვა, ვერასდროს დავიჯერებდი. რა უცნაურია ეს ყველაფერი. მე კი იმდენჯერ მიყვარდა, ბოლოს სათვალავი ამერია და არჩევანი რომ ვერ გავაკეთე, დავრჩი კიდევაც გაუთხოვარი, - ახლა რუსიკომ გადაუშალა გული "თანამეინახეებს".
- ბევრი არაფერი წაგიგია, დამიჯერე, გავთხოვდი კიდევაც და გამოთხოვებაც მოვასწარი, თანაც სამჯერ. ქმარი გამოდგომაზეა, გენაცვალე, ისე კი არ არის, - დააფრქვია ნინიკომ სიბრძნე.
- რომელიმე თქვენგანმა იცის კი, სინამდვილეში რა არის სიყვარული? - ყველაზე ბოლოს ხმა მანანამ ამოიღო, - ამიხსენით მაინც, რისთვის ტანჯავთ საკუთარ გულებს, რატომ იტკიებთ აუტკივარ თავს?
- სიყვარული ნიშნავს ისეთი ადამიანით გაგიჟებას, რომლითაც ცოცხლობ, რომლითაც სუნთქავ, რომლითაც გაბრუებული დადიხარ, - თქვა ირამ.
- რაღაც ვერ გავიგე, ვინმე რომ გიყვარდეს, აუცილებლად უნდა გაგიჟდე? გაბრუებული რატომ უნდა დავდიოდე? მაპატიეთ, მაგრამ არასდროს არ მესმოდა შეყვარებული ქალების, - ტუჩი აიბზუა მედეამ.
- სალი, შენ რატომ არაფერს არ ამბობ? შემოგვიერთდი, ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა შეგვეჩვიო, რატომ გვერიდები? შენ რას იტყვი, როგორც გამოცდილი ქალი, რა არის სიყვარული? - ნინიკოს სიტყვები გველის სისინივით ჩაესმა სალის.
ქალი გაწითლდა. იფიქრა, საკადრის პასუხს გავცემო, მაგრამ თავი შეიკავა, არ უნდოდა კონფლიქტური სიტუაციის შექმნა.
- ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ყველა ისე ხსნის სიყვარულს, როგორც გამოსცადა. ვისთვის ის გატაცებაა, ვისთვის - თამაში, ზოგისთვის - ვნება, ზოგისთვის კი ავადმყოფობა, ტკივილი, - ჩუმად თქვა სალიმ და ისევ სიწითლემ გადაუარა სახეზე.
- აი, ეს მესმის! შენთვის როგორი განცდა იყო? - არ მოეშვა ნინიკო და დამცინავად შეხედა.
სალიმ გამჭოლი მზერა ესროლა "მეტოქეს" და ირონიული ღიმილით უპასუხა.
- როდის როგორ.
- კაბინეტში რომ "თომარობდი", ის როგორი იყო? - სარკასტულად შენიშნა ნინიკომ და გამარჯვებულის იერით შეხედა ქალს.
- ის უბრალო გატაცება იყო, ნინი, მაგრამ ვინც შენ ეს გიამბო, იმასთან ურთიერთობა იყო ყველაზე დიდი ვნება, - "სეტყვას" ქვა დაახვედრა სალიმ და კმაყოფილი ღიმილი გამოესახა სახეზე.
ნინოს თითქოს სილა გააწნესო, ფერი ეცვალა სახეზე, მიხვდა, რომ სალიმ "პირველი რაუნდი" მოუგო, მაგრამ უკან დახევა არც უფიქრია.
- არ გეშინია მერე, ყველაზე დიდი ვნება საბოლოოდ ყველაზე დიდი თამაში რომ აღმოჩნდეს?
- არა, არ მეშინია, იმიტომ, რომ ის თამაში მე არ წამომიწყია.
- აბა ვინ წამოიწყო?
- ვინც მახეში გაება, იმან, ჩემო კარგო, - თქვა სალიმ და ადგა, - მაპატიეთ, სამუშაო მაქვს, დაგტოვებთ.
ქალები დადუმდნენ. ყველა მიხვდა, რომ ამ ორს შორის ფარული ბრძოლა მიმდინარეობდა, მაგრამ ვის გამო - ეს არ იცოდნენ...
სალი კომპიუტერს მიუჯდა და მესიჯის აკრეფა დაიწყო. "როდის ჩამოდიხარ? დავიღალე ლოდინით. უსაშველოდ მენატრები. როგორც კი ჩამოხვალ, მაშინვე დაგიმესიჯებ ჩემს ნომერს, მეტის მოთმენა არ შემიძლია. ბოლოს და ბოლოს, ის მაინც მეცოდინება, შენთვის რამეს წარმოვადგენ თუ არა, გსიამოვნებს თუ არა ჩემი ტექსტების წაკითხვა. გელოდები".
ამ დროს ნინიკოს ხმა შემოესმა.
- გიგი, შენი შეპირებული რესტორანი როდის უნდა იკისრო?
მიხვდა, ქალი სპეციალურად ახდენდა გიგისთან მისი დამოკიდებულების დემონსტრირებას, ამიტომაც ლაპარაკობდა ხმამაღლა, რათა სალის სმენას მისწვდომოდა მისი საუბარი.
- კარგი, ხუთზე გამომიარე და წავიდეთ, მე მზად ვარ, გკოცნი, - და დასაკეცი მობილური აპარატის გატკაცუნების ხმა გაისმა.
სალი არ შერხეულა. ალბათ ნინიკოს დიდი იმედი ჰქონდა, რომ სალი მისკენ შეტრიალდებოდა და თვალებში შეხედავდა, მაგრამ მოლოდინი არ გაუმართლდა. ვერ მოისვენა, კარგა ხანს იწრიალა ერთ ადგილას, ბოლოს ვეღარ მოითმინა და სალის მიუახლოვდა.
- დიდი ხანია, გიგის ხვდები? - გაისმა ნინიკოს ხმა მის ზურგს უკან.
სალიმ მისი შეკითხვა უპასუხოდ დატოვა, თუმცა ცახცახმა აიტანა, საშინლად აღიზიანებდა ეს ქალი.
- ვერ გაიგე, რა გკითხე? - ნინომ წინიდან შემოუარა კომპიუტერის მაგიდას და მონიტორს ხელებით დაეყრდნო.
- რა მკითხე? - სალის მშვიდი ხმა ჰქონდა.
- შენ და გიგი დიდი ხანია საყვარლები ხართ? - პირდაპირ მიახალა ნინიკომ.
- ეგ ჩემი პირადი საქმეა, - ქალებმა თვალი თვალში მტრულად გაუყარეს ერთმანეთს.
- სხვათა შორის, ეს ჩემი საქმეცაა, - ნინოს ისტერიკა ეწყებოდა, სიმწრისგან ქვედა ყბა აუკანკალდა.
- რატომ შენი?
- ვერ ხვდები?
- ნამდვილად ვერ ვხვდები, გიგის ქალების სიაში შენი სახელი არასდროს შემხვედრია, - სალიმ იცოდა, რომ სახიფათო სვლას აკეთებდა, მაგრამ მტკიცედ გადაწყვიტა, ვირტუალური, მაგრამ მთავარი როლი ეთამაშა ამ ყალბ სპექტაკლში.
- იმიტომ, რომ ნამდვილ სიყვარულს მამაკაცები მალავენ, სააშკარაოზე არ გამოაქვთ, იაფფასიანი ქალების გვერდით არ აყენებენ მათთვის ძვირფასი ადამიანის სახელს, - ნიშნის მოგებით უპასუხა ნინიკომ და ამაყად გადახედა.
- გეთანხმები, ამას ნამდვილად არ აკეთებენ. თუმცა უნდა ითქვას, რომ გიგის ქალების სია მხოლოდ ერთი ქალით იწყება და ერთი ქალით მთავრდება და ის სულაც არ არის იაფფასიანი.
- არ მითხრა, რომ ის ქალი შენ ხარ, - ბოროტად ჩაიცინა ნინომ.
- არა, არ ვარ და არც არასდროს მქონია ამის სურვილი, არც პრეტენზია. იმ ქალს ქეთი ჰქვია და მასზე წინ ვერასდროს ვერავინ დადგება - ვერც შენ და ვერც მე. ეს დაიმახსოვრე.
- აბა მხოლოდ ვნება გაკავშირებს მასთან?
- ეგ მას ჰკითხე, მე მაგ კითხვას უპასუხოდ დავტოვებ.
- შენ გგონია, მეტყვის?
- არა, არ გეტყვის.
- რატომ?
- იმიტომ, რომ მამაკაცები ნამდვილ სიყვარულს მალავენ, - თქვა სალიმ და სიცილი ვერ შეიკავა.
- ეგ ჩემი სიტყვებია, - ისეთი ტონით წამოიძახა ნინიკომ, თითქოს სალი პლაგიატობაში გამოიჭირა.
- ახლა ჩემია, - სალი ღიმილით წამოდგა, წარბები მოხდენილად შეათამაშა და "მეტოქეს" გაერიდა.
გაფითრებული ნინო კარგა ხანს იდგა მონიტორზე ხელებდაყრდნობილი, შეურაცხყოფისაგან ერთიანად აძაგძაგებული. მან კარგად გაიგო, რომ მეორე რაუნდიც წააგო მასთან, რომ საკმაოდ ძლიერ მეტოქესთან ჰქონდა საქმე და ინტრიგის წესების შეცვლა გადაწყვიტა...
სვეტა კვარაცხელია
გაგრძელება იქნება